სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ქართული ეკლესიის ქონებისთვის

 

მართლმადიდებლობა და რელიგიური სექტები

 

ანუ როგორი ირონიით აცილებდა დასახვრეტად განწირულ შარაძეს ნოდარ ლომოური

 

14 ოქტომბრისთვის ხელმოსაწერად გამზადებულ საკონსტიტუციო ხელშეკრულებას, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთოერთობას ეხება და რომელზეც პარლამენტის ინტერფრაქციულო ჯგუფი წელიწადნახევრის განმავლობაში მუშაობდა, მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ნოდარ ლომოური ხელშეკრულების მე-12 მუხლს ეწინააღმდეგება და ხელმოწერის თარიღის გადატანის მოთხოვნით პრეზიდენტისთვის წერილის გაგზავნას აპირებს. ლომოურის განცხადებების წინააღმდეგ გამოდის პარლამენტარი გურამ შარაძე და მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

ყბადაღებული მე-12 მუხლი ეკლესიისა და სახელმწიფოს ქონების განკარგვას ეხება: “სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვის ქვეშ (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ მთელ საეკლესიო საგანძურს (პირად საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა)” – ნათქვამია ხელშეკრულების მე-12 მუხლში. ამ პუნქტს ლომოური არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ეს საკითხი სპეციალურმა კომისიამ უნდა შეისწავლოს.

ნოდარ ლომოური ხელშეკრულების ხელმოწერის შეჩერებასა და ტექსტის დამუშავება-სრულყოფას მოითხოვს. მისი თქმით, კულტურული ძეგლები კატეგორიებად უნდა დაიყოს და ის ძეგლები, რომელთაც ეროვნული მნიშვნელობა გააჩნიათ, ეკლესიას არ უნდა გადაეცეს. ლომოური აღნიშნავს, რომ ის ხელშეკრულების ხელმოწერის ფაქტს მხარს დაუჭერს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მის ამ მოსაზრებას გაიზიარებს.

ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოსაზრებებმა ყველაზე მეტად საქართველოს გადამრჩენი მრეწველი პარლამენტარი გურამ შარაძე აღაშფოთა. მან ნოდარ ლომოურის ამ განცხადებას მყისეულად პრესკონფერენცია მიუძღვნა, სადაც აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისა და საეკლესიო ქონების “მის კანონიერ მფლობელზე გადაცემის” აუცილებლობაზე ისაუბრა. ამას გარდა შარაძეს სასამართლოში სარჩელის შეტანასა და ლომოურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნას აპირებს… ზვიად გამსახურდიას მთავრობის დამხობაში შეიარაღებული მონაწილეობის ბრალდებით. თუმცა რა შუაშია განსვენებული პრეზიდენტი ეკლესიის ქონებასთან, გურამ შარაძე არ აკონკრეტებს.

“ლომოურის ამგვარი საქციელი იმის ბრალია, რომ ხელოვნების მუზეუმის დირექტორის წინააღმდეგ დღემდე არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე და ის პატიმრობაში არ იმყოფება. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, თუ როგორ ირიცხებოდა მწვანე ფარაჯაში გამოწყობილი ლომოური თენგიზ კიტოვანის გვარდიაში და როგორ იღებდა მონაწილეობას პირველი პრეზიდენტის დამხობაში.

მაშინ მე ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ვიყავი და როცა მუზეუმში გვარდიელები შემოიჭრნენ, დამაპატიმრეს და კიტოვანთან დასახვრეტად წამიყვანეს. გვარდიელებმა ჩემი ვინაობა არ იცოდნენ. გზად ლომოური შეგვხვდა, ვიფიქრე: ამან მაინც იცის, ვინ ვარ და გამომესარჩლება-მეთქი. მაგრამ ლომოურმა დასახვრეტად მიმავალი ირონიული ღიმილით გამაცილა. როცა გვარდიელებმა კიტოვანის კაბინეტში შემიყვანეს, მან მეტი კაცობა გამოიჩინა, ვიდრე ლომოურმა – ფეხზე წამოდგა და მკითხა: ბატონო გურამ, რამ შეგაწუხათო?

კაცი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ხელოვნებასთან და ხატს და ჯვარს ერთმანეთისაგან ვერ ანსხვავებს, პირველი პრეზიდენტის გაქცევის მეორე დღეს ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორად დანიშნეს. ამის შემდეგ მუზეუმი არაერთხელ გაიძარცვა”, – აღშფოთებულია შარაძე.

პარლამენტარი და მისი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კონსტიტუციური შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რელიგიის  კანონის მიღებასა და მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ბრძოლის დაწყებას აპირებენ. შარაძის თქმით, მისი მხარდამჭერი ორგანიზაცია დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მოთხოვნით.

“როგორც კი ხელი მოეწერება შეთანხმებას, მეორე დღესვე ჩემი მხარდამჭერი ორგანიზაცია იწყებს ბრძოლას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღდგენასთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვაცხადებთ სახალხო რეფერენდუმს.

ვერ ვენდობი იმ პარლამენტს, რომელსაც 10 წლის განმავლობაში “რელიგიის შესახებ კანონის” მიღება ვერ მოუხერხებია, რომელსაც ქართული ენა სახელმწიფო ენად ვერ გამოუცხადებია და ხალხს ეროვნება წაართვა.

23 სექტემბერს ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია სახელმწიფო რელიგიის შესახებ. მასში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ტრადიციული რელიგია. როცა ჩვენ ზოგიერთი ქართველი ევროსაბჭოთი გვაშინებს, თავად ევროპის ორგანიზაცია იღებს ამგვარ რეზოლუციას”, – აღნიშნავს შარაძე.

რაც შეეხება თავად სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციურ შეთანხმებას. მის საბოლოო ვარიანტს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებმა ხელი უკვე მოაწერეს. აღნიშნულ შეთანხმებას პრეზიდენტისა და პატრიარქის ხელმოწერის შემდეგ პარლამენტი და წმინდა სინოდი დაამტკიცებს. ეკლესიისა და სახელმწიფოს აღნიშნულ შეთანხმებას უკანასკნელ კონსტიტუციურ ნორმას უწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ჯონი ხეცურიანი. მისი თქმით, ეს იქნება ბოლო შეთანხმება რელიგიურ საკითხთან დაკავშირებით.

 

სოფო ქვლივიძე
“რეზონანსი”, 10 ოქტომბერი, 2002

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s