მართლმადიდებლობა და რელიგიური სექტები

 

  • იმისთვის არ შევსულვართ ევროსაბჭოში, რომ რუსეთის დიქტატი სხვა ქვეყნის დიქტატით შეიცვალოს”, “კვირის პალიტრა”, 28 ივნისი – 4 ივლისი, 1999
  • ,,სკანდალი 60 მეტრიანი ჯვრის ირგვლივ’’, ,,კვირის პალიტრა’’, 21-27 აგვისტო, 2000
  • ,,შარაძის ახალი ბრალდებები სექტანტების და… სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ’’, ,,დილის გაზეთი’’, 23 აგვისტო, 2000
  • ,,ჯვარი თუ ჩვეულებრივი ანტენა?’’, ,,ახალი ეპოქა’’, 25-28 აგვისტო, 2000
  • ,,ვინ აშენებს ჯვარს ზედაზნის მთაზე?’’, ,,ალია’’, 28 აგვისტო, 2000
  • ,,ჯვარი მისი მშენებლობის ინიციატორებმა ააფეთქეს’’ – ამტკიცებს გურამ  შარაძე
  • ,,ღვთის კაცად წოდებული ბორია ზედაზენზე ქალებს წკეპლავს. ვისთან მივყავართ 60 მეტრიან ჯვარს?’’, ,,სარკე’’, 30 აგვისტო – 5 სექტემბერი, 2000
  • ,,ბორია არ ისვენებს’’, ,ალია’’, 25 სექტემბერი, 2000
  • ,,შარაძის მორიგი გამარჯვება’’, ,,ალია’’, 26 სექტემბერი, 2000
  • ,,ყველაზე სკანდალური ეს არის – შევარდნაძისადმი მიძღვნილი წიგნი მუსლიმების გადასაბირებლადაა გამოცემული!’’,,ქრონიკა’’, 11-17 თებერვალი, 2002
  • ,,პარლამენტი მართლმადიდებლებს ებრძვის’’, “ახალი თაობა”, 13 მარტი, 2002
  • ,,იეღოველთა ანგარიშები უნდა გაიყინოს’’, “ალია”, 31 აგვისტო – 2 სექტემბერი, 2002
  • ,,სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ქართული ეკლესიის ქონებისთვის’’, “რეზონანსი”, 10 ოქტომბერი, 2002
  • ,,დღეს საქართველოს განათლების მინისტრი არ ჰყავს’’, “ახალი თაობა”, 26 ნოემბერი, 2002
  • ,,მოვუწოდებ რელიგიურ უმცირესობებს, დამიდგნენ გვერდში’’, “ახალი თაობა”, 25 თებერვალი, 2003
  • ,,შარაძემ იეღოველთა კონგრესი ჩაშალა’’, “24 საათი”, 5 მაისი, 2003
  • ,,გურამ შარაძე საპატრიარქოსთვის პასუხის გაცემას არ აპირებს’’, “მთავარი გაზეთი”, 15 ივლისი, 2003
  • ,,გურამ შარაძის ახალი მტრები: ვახუშტი კოტეტიშვილი, მზექალა შანიძე, ელდარ შენგელაია და გურამ თევზაძე, დეპუტატი პატრიარქისადმი მიწერილმა ღია წერილმა აღაშფოთა’’,  “ტრიბუნა”, 29 ივლისი, 2003
  • ,,რატომ წვავს შარაძე პორნოგრაფიას?’’, “ტრიბუნა”, 26 აგვისტო, 2003
  • ,,ყველაფერს გავაკეთებ, რომ მკალავიშვილი დედა ეკლესიას დაუბრუნდეს’’, “ახალი თაობა”, 26 აგვისტო, 2003
  • ,,გუშინ გურამ შარაძემ პარლამენტის რესპუბლიკის დარბაზში ბასილ მკალავიშვილზე გამოცხადებული დევნა გააპროტესტა’’, “ალია”, 26-27 აგვისტო, 2003
  • ,,ვატიკან-საქართველოს ხელშეკრულების საიდუმლო. გურამ შარაძეს გაჩუმებაში 300.000 დოლარი შესთავაზეს’’, “ტრიბუნა”, 18 სექტემბერი, 2003
  • ,,შარაძე ხელშეკრულების ტექსტის გამოქვეყნებას მოითხოვს’’, “რეზონანსი”, 19 სექტემბერი, 2003
  • ,,ილია მართლის ხატს დევნიან’’, “ახალი თაობა”, 23 თებერავალი, 2006

 

***

 

***

“იმისთვის არ შევსულვართ ევროსაბჭოში, რომ რუსეთის დიქტატი  სხვა ქვეყნის დიქტატით შეიცვალოს”

(ქვეყნდება შემოკლებით)

სულ ახლახან სანდო წყაროდან გვაცნობეს, რომ დეპუტატ გურამ შარაძის მიერ წამოწყებული პროცესის მიმართ უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს როგორც აშშ-ს საელჩომ საქართველოში, ისე აშშ-ს შესაბამისმა სამსახურებმა. როგორც ცნობილია, 1998 წლის 6 ოქტომბერს აშშ-ს სენატმა მიიღო საერთაშორისო აქტი რელიგიური დისკრიმინაციის შესახებ. კანონი მოითხოვს სხვადასხვა სახის პროტესტის გამოვლინებას იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რელიგიურ სფეროში დისკრიმინაციულ პოლიტიკას ეწევიან. კანონი ითვალისწინებს არა მარტო დიპლომატიურ პროტესტს, არამედ ინვესტიციებისა და დახმარებების შეწყვეტასაც. აგრეთვე, სანდო წყაროს ცნობით, აშშ-ს წარმომადგენლები შეხვდნენ პრეზიდენტ შევარდნაძესაც, რომელსაც პროცესისადმი უარყოფითი დამოკიდებულება დაუფიქსირებია.

დეპუტატ შარაძის მიერ იეღოველების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესის ირგვლივ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მოსაზრებებია. ძირითადად, ეს ეხება პროცესის წამოწყების სამართლებრიობას. არის თუ არა ეს სარჩელი კანონიერი, შელახა თუ არა შარაძემ რელიგიურ უმცირესობათა უფლებები, იყო თუ არა “იეღოველთა მოწმეების” სასამართლოში რეგისტრაცია კონსტიტუციური, მართლა შეიცავს თუ არა მათი წიგნები ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებს?

ამ და სხვა საკითხებზე თავისი არგუმენტირებული მოსაზრებები გააჩნიათ როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, ისე სარჩელის ავტორს, შარაძეს და იმ ადვოკატსაც, რომელიც იეღოველთა მხარეს იცავს (შარაძემ ადვოკატი არ აიყვანა).

მართლია, შარაძემ სარჩელი შეიტანა, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის (,,საქართველო უპირველეს ყოვლისა”) ლიდერმა, მაგრამ მისმა სახელისუფლებო სტრუქტურაში მუშაობამ საკითხს ალბათ სხვაგვარი ჟღერადობა მისცა. თუმცა, კომპეტენტური პირების განმარტებით, შარაძის სარჩელი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს საქართველოს ხელისუფლების სარჩელსაც.

მოგვიანებით, “კვირის პალიტრამ” კომენტარი სთხოვა გურამ შარაძეს:

“ჩემამდე მოაღწია ხმებმა, რომ ამერიკის საელჩო და საერთაშორისო ორგანიზაციები აღშფოთებულნი არიან – თითქოს ჩემი ქმედებით რელიგიათა დისკრიმინაციას ვეწევი. ვფიქრობ, ეს არის საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა, რისი უფლებაც საქართველოში აკრედიტებულ არც ერთ დიპლომატიურ კორპუსს არა აქვს. ჩვენ იმისთვის არ შევსულვართ ევროსაბჭოში, რომ რუსეთის დიქტატი სხვა ქვეყნის დიქტატით შეიცვალოს. ამასთან, ძალიან მაინტერესებს, რა კომენტარს გაუკეთებენ ჭორის გამავრცელებლები იმ ფაქტს, რომ თავად საღად მოაზროვნე ამერიკელებიც ილაშქრებენ ე.წ. “იეღოვას მოწმეთა” სექტის წინააღმდეგ”, – გვითხრა გურამ შარაძემ. მას თურმე გააჩნია ის ლიტერატურა, სადაც ამერიკელები თავად ამხელენ იეღოველთა მწვალებლურ აზრებს.

საზოგადოებამ უკვე იცის, კონკრეტულად რას მოითხოვს შარაძე “იეღოვას მოწმეებისგან”. ამიტომ, ჩვენ მის პერიფრაზირებას აღარ შევეცდებით. ბატონ შარაძეს კიდევ ერთი კომენტარი ვთხოვეთ კონსტიტუციის მე-19 მუხლთან დაკავშირებით, სადაც წერია: “დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო”.

,,ამავე  მუხლის მესამე ნაწილშიც ვკითხულობთ: “დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს. ამდენად, თუ დამტკიცდა, რომ იეღოველების საქმიანობა სხვათა უფლებებს ლახავს, რისი დამადასტურებელი საბუთები მე მაქვს და სასამართლოში ვიტყვი, მე-19 მუხლის პირველი ნაწილი თავისთავად ბათილდება”, – ამბობს შარაძე.

დეპუტატ შარაძის აზრით, რომელიც იეღოველებს სექტად განიხილავს, ისნის სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, როცა რეგისტრაციაში გაატარა ორი საზოგადოება: “პენსილვანიის საგუშაგო კოშკი” და “იეღოვას  მოწმეთა კავშირი”. შარაძეს არგუმენტებად მოყავს სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლი. მუხლის ზუსტი ციტირება ასეთია: “ფონდის და კავშირის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინ, როცა წესდება შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და რეგისტრაციისთვის წარდგენილი იურიდიული პირის მიზნები არ ეწინააღმდეგება მოქმედ სასამართლოს, აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს და საქართველოს კონსტიტუციურ სამართლებრივ უფლებებს”.

ქეთი ბერეკაშვილი
“კვირის პალიტრა”, 28 ივნისი – 4 ივლისი, 1999
 

 

სკანდალი 60 მეტრიანი ჯვრის ირგვლივ

 ზედაზნის მთაზე მონასტრის მახლობლად მოქმედი კონსპირაციული დაჯგუფება, რომელსაც ვინმე ბორია ივანოვი ხელმძღვანელობს, შესაძლებელია მალე ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეს. ამის მიზეზი კი პარლამენტარ გურამ შარაძის მიერ რამდენიმე დღის წინ, მცხეთის სასამართლოში შეტანილი სარჩელი იქნება. საქმე ბატონმა გურამმა ზედაზნის მთაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით აღძრა, რომლის უკანაც, როგორც ირკვევა, აღნიშნული რელიგიური დაჯგუფება დგას. თუ რა სამშენებლო სამუშაოებზეა ლაპარაკი, ამაზე ცოტა ქვემოთ. მანამდე კი თვალი გადავავლოთ ამ რელიგიური დაჯგუფებისა და მისი ხელმძღვანელის, ბორია ივანოვის ისტორიას:

ყველაფერი 1992-93 წლებში დაიწყო, როცა ლესელიძის ქუჩაზე, სიონის მოპირდაპირე მხრეს მდებარე ჯვარის მამის ეკლესიის წინამძღვარი იყო მღვდელი ლავრენტი ბუზიაშვილი. მას სასულიერო აკადემია აქვს დამთავრებული და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სასულიერო სემინარიაშიც ასწავლიდა. ლავრენტი ბუზიაშვილი საკმაოდ განათლებულ მოძღვრად ითვლება და ჯვარის მამის ეკლესიაში მოღვაწეობისას დიდი მრევლიც ჰყავდა.

უფრო ადრე, 1978 წელს, საქართველოში გამოჩნდა ბუხრების ოსტატი, რომელიც სტავროპოლის მხარიდან ჩამოვიდა. დადიოდა თბილისში და ბუხრებს აშენებდა. როგორც კარგმა ოსტატმა მალე გაითქვა სახელი. თანაც, საკმაოდ ელიტარულ  ოჯახებში აქვს გაკეთებული ბუხრები. იგი ჯვარის მამის ეკლესიაში მივიდა, როგორც მრევლის რიგითი წევრი, ნელ-ნელა დამკვიდრდა და ცხოვრობდა კიდეც იქ. ეს მებუხრე გახლდათ სწორედ ის ბორია ივანოვი, რომელსაც უკავშირდება ამჟამად ზედაზენზე დამკვიდრებული რელიგიური დაჯგუფების შექმნა. თუმცა სჯობს, ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ:

ჯვარის მამის ეკლესიაში დამკვიდრებულმა ბორია ივანოვმა  (დაბადებულია 1939 წელს) ნელ-ნელა დაიწყო თავისებური აზრების გამოთქმა. მალე იმდენი მოახრეხა, რომ მრევლის ნაწილი თავის გავლენის ქვეშ მოაქცია და გადაიბირა. გაემიჯნა მღვდელ ლავრენტი ბუზიაშვილს და თავისი ლიტურგიის აღსრულება დაიწყო. ამბობდა – ლავრენტის თავის ლიტურგია აქვს, მე – ჩემიო. ბორია ივანოვი აცხადებდა – მე სასულიერო წოდება არ მჭირდება, თავად სულიწმიდა მელაპარაკებაო. თანდათან ძლიერდებოდა მისი გავლენა. ლავრენტი ბუზიაშვილი რატომღაც არ უწევდა წინააღმდეგომას მის ასეთ შემოქმედებას და იფარავდა კიდეც ეკლესიაში. მართალია, ხსირად დაობდნენ და კამათობდნენ გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ მერე მოხდა ისე, რომ ბორია ივანოვმა ისიც თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია. აქედან მოყოლებული, უკვე ლავრენტი ბუზიაშვილმაც დაიწყო ივანოვისეული აზრების გამოთქმა. ამის გამო ის რამოდენიმეჯერ გააფრთხილეს. შემდეგ კი ახალციხის ეპარქიაში გადაიყვანეს. ჯვარის მამის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნულ იქნა დეკანოზი ირაკლი კალანდაძე (ამჟამად ქვემო ბეთლემის ეკლესიის წინამძღვარი). ბუნებრივია, ამის შემდეგ ბორია ივანოვმა დატოვა ეკლესია, გაიყოლა თავისი გავლენის ქვეშ მყოფი ხალხი და 1994 წელს ზედაზნის მთაზე, მონასტრის მახლობლად, შსს-ის საიდუმლო რადიოსალოკაციო სადგურის შენობაში დამკვიდრდა, სადაც საკმაოდ ჩაკეტილ და კონსპირაციულ ცხოვრებას ეწეოდა.

რაც შეეხება მღვდელ ლავრენტი ბუზიაშვილს, ახალციხის ეპარქიაში გადაყვანის შემდეგ, იქ რაღაც  კონფლიქტი მოუვიდა ეპისკოპოსთან და დაყენებულ იქნა პატრიარქისგან, რაც მისთვის ღვთისმსახურების აკრძალვას ნიშნავს გარკვეული დროით. ამის მერე იგი მიდის ზედაზენზე და უერთდება ბორის ივანოვის დაჯგუფებას. აღსანიშნავია, რომ ლავრენტი ბუზიაშვილი ეკლესიიდან განკვეთილი არ არის.

აღნიშნულ დაჯგუფებას, რომელიც თავს მართლმადიდებლად აცხადებს, მაგრამ, საპატრიარქოს განცხადებით, სექტას წარმოადგენს, ფინანსურად საქართველოს ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი ეხმარება, რომლის თავმჯდომარე, გიორგი კალანდაძე, ამ დაჯგუფების აქტიური წევრია. აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულება, საიდუმლო რადიოსალოკაციო სადგურის  დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ, მასა და შსს-ს მხრიდან, აწ გარდაცვლილ მარუაშვილს დაუდვია. სხვათა შორის, ამ ხელშეკრულებას ვადა 1997 წელს გაუვიდა. მიუხედავად ამისა, ბორია ივანოვის დაჯგუფება (დაახლოებით 25 ადამიანი, ყველაზე აქტიური წევრი) კვლავ ამ შენობაში იმყოფება და აგრძელებს თავის მოღვაწეობას.

ახლა კი იმ სამშენებლო სამუშაოების შესახებ, რომლის უკან, როგორც ირკვევა, ბორია ივანოვი დგას და რომლის შესახებაც მალე დაიწყება პროცესი მცხეთის სასამართლოში:

6 წლის წინ, ზედაზნის მთაზე, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პრეზიდენტის ნებართვით, რომელიც მან საქართველოს ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდაძეს მისცა, დაიწყო აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის და 60 მეტრიანი ჯვრის მშენებლობა. მალე გაირკვა, რომ ამ მშენებლობის უკან ბორია ივანოვი იდგა, რომელსაც, როგორც გურამ შარაძე აღნიშნავს, არც ძეგლთა დაცვის სამმართველოდან ჰქონია ნებართვა და არც საპატრიარქოდან. ხოლო პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანისთვის იგი პეტრე მამრაძეს და კობა იმედაშვილს ადანაშაულებს. მისი თქმით, პეტრე მამრაძეს დაუმალავს პრეზიდენტისთვის პატრიარქის ბრძანება (მშენებლობის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ, ანუ 1995 წელს, როდესაც პატრიარქისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ მშენებლობის უკან ბორია ივანოვის დაჯგუფება იდგა, მან გააუქმა პირველად გაცემული ნებართვა და გამოსცა ბრძანება მშენებლობის აკრძალვის შესახებ). საქმის არსი პრეზიდენტისთვის 2000 წლის 11 აგვისტოს გამხდარა ნათელი და განკარგულებისთვისაც მოუწერია ხელი, რომლის მიხედვით, ზედაზნის მონასტრის ინტერესების გათვალისწინებით, ყოველგვარი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოები, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან უნდა შეთანხმდეს. რაც შეეხება თავადYბორია ივანოვის დაჯგუფებას, საპატრიარქო მას, როგორც ანტიპროგრესულ და ანტიმართლმადიდებლურ მოვლენას და როგორც მსგავსი მოვლენების მიმართ, მისი დამოკიდებულება ამ დაჯგუფების მოღვაწეობის შესახებაც მკვეთრად უარყოფითია.

 მამუკა გიორგაძე
,,კვირის პალიტრა’’, 21-27 აგვისტო, 2000
 

 

 

შარაძის ახალი ბრალდებები სექტანტების და…

სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ

 ზედაზნის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფი მემორიალი – 60 მეტრიანი ჯვარი უნდა აიგოს. მშენებლობას აწარმოებს ვინმე ბორის ივანოვი და მისი სექტა. თავად ბორის ივანოვი თავს ,,მოციქულთა სწორს’’ უწოდებს და ამბობს, რომ მას ,,სულიწმინდა’’ უბიძგებს ამგვარი საქციელისკენ. ივანოვი სექტაში გაერთიანებულთ წკეპლის ცემით ესაუბრება. მისი სექტისა და ჯვრის აგების ინიციატივას ეწინააღმდეგება პარლამენტარი გურამ შარაძე. იგი ამტკიცებს, რომ სექტის წევრები, წარსულში საპატრიარქოსთან დაახლოებული, აწ კი ეკლესიიდან განკვეთილი მამა ლავრენტის, საქართველოს ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარის გიორგი კალანდაძის, შინაგან საქმეთა სამინისტროს კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსის ზ. მარუაშვილის, სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების განყოფილების უფროსის კობა იმედაშვილის, საქტელერადიო კორპორაციის პრეზიდენტის ზაზა შენგელიას, ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მერაბ ჩხენკელის, ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ნიკო ლეკიშვილის, თბილისის ყოფილი მერის ბადრი შოშიტაიშვილის, საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ზურაბ გაიპარაშვილის და სახელმწიფო კანცელარიის რეგიონალური პოლიტიკის და მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილის გია შერაძის ხელდასხმით ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კავშირგაბმულობის სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული რადიოსალოკაციო გადამცემების დანადაგარებისთვის არსებული შენობის მსგავსი ნაგებობის მშენებლობას.

გურამ შარაძე ასევე აცხადებს, რომ სადო-მაზოხისტური სექტის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო რადიოგადამცემი შენობის მეორე სართულზე ბინადრობენ. ამ ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა კახა თარგამაძემ განაცხადა, რომ ეს ამბავი მან გურამ შარაძის მიერ ატეხილი ხმაურის შემდეგ შეიტყო. თავის მხრივ კი პარლამენტარი სკანდალის გარშემო დღემდე საზოგადოებისთვის უცნობ დოკუმენტებს ამზეურებს. ერთ-ერთი მათგანია შინაგან საქმეთა სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საქართველოს ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის 1995 წლის 26 აგვისტოს ხელშეკრულება ზედაზნის მთაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რადიოსალოკაციო სისტემის უზრუნველყოფის შესახებ და არა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპულთა სახელების უკვდავსაყოფი მემორიალის აშენება. ხელშეკრულებით, თუ რადიოსადგურის მუშაობას დასჭირდება, შესაძლებელი იქნება რადიოგადამცემების პირდაპირ ზედ ჯვარზე დამონტაჟება. ასე რომ, შეიძლება მოხდეს უპრეცედენტო შემთხვევა, ანუ ჯვარი – მართლმადიდებლების უწმინდესი სიმბოლო – რადიოსადგურად გადაიქცეს. ჯვარი, ეგრეთ წოდებულ ,,დაღუპულთა მუზეუმზე’’ არის დაშენებული, რომელსაც სექტანტები სამლოცველოდ იყენებენ.

ამ ხელშეკრულების გამფორმებელი ერთ-ერთი პირი – მარუაშვილი გარდაიცვალა. ასე რომ, უცნობია მისი კომენტარი მშენებლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს როლთან დაკავშირებით. ხოლო, როგორც უკვე მოგახსენეთ, შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ გურამ შარაძის მიერ ატეხილ სკანდალამდე ამ ფაქტის შესახებ არაფერი იცოდა.

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ხელშეკრულების გაფორმებამდე, ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარემ გიორგი კალანდაძემ ხელთ იგდო პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II შუამდგომლობა, ზედაზნის მთაზე დაღუპულთა მემორიალის მშენებლობის შესახებ, რომელიც 1994 წლის 5 ივლისით თარიღდება. ამავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ იმავე შინაარსის #121 განკარგულება გამოსცა, მაგრამ მას მერე, რაც პატრიარქმა შეიტყო, რომ მშენებლობა უშუალოდ მონასტრის ტერიტორიაზე გაჩაღდა და ზედაზნის არქიტექტურული კომპლექსის სახეს არღვევდა, 1995 წლის 24 აგვისტოს გასცა მშენებლობის შეჩერების ბრძანება. ამის შემდეგ გიორგი კალანდაძემ, პატრიარქის ზემოთ ხსენებული ბრძანების გვერდის ავლით, კვლავ მოიპოვა პრეზიდენტის დასტური ამ საეჭვო მშენებლობის თაობაზე. რისთვის დასჭირდა გიორგი კალანდაძეს პრეზიდენტის მეორე (#201) განკარგულება? ცხადია, პატრიარქის ბრძანების გასაბათილებლად. ეს წერილები და შუამდგომლობები პრეზიდენტს შეუტანეს, ხოლო პატრიარქის საგანგებო ბრძანება, მშენებლობის შეჩერების შესახებ კი დაუმალეს. ამ ფარსისა თუ ფანდისათვის გურამ შარაძე კანცელარიის შეფს – პეტრე მამრაძეს სთხოვს პასუხს.

გურამ შარაძე: ,,მაინტერესებდა, ვის წინააღმდეგ იყო საქართველოს პრეზიდენტი: საკუთარი თავის, საკუთარი ხალხის თუ პატრიარქის? მაგრამ, როგორც გაირკვა, პრეზიდენტს დაუმალეს პატრიარქის ბრძანება მშენებლობის შეჩერების შესახებ და მეორედ მიაცემინეს დასტური. ამის მერე უკვე, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, 2000 წლის 11 აგვისტოს გაიცა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება #888, სადაც შავით თეთრზე წერია: ,,ზედაზნის მონასტრის ინტერესებიდან გამომდინარე, ყოველგვარი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოები შეთანხმდეს კათალიკოს-პატრიარქ ილია II’’.

ასე რომ, პრეზიდენტმა ამ საკითხის გადაწყვეტის პრეროგატივა მთლიანად პატრიარქს გადასცა, რამაც ინკვიზიტორების ეშმაკურ ფანდებს ძალა დაუკარგა. მიუხედავად ამისა, უკანონო მშენებლობა მაინც მიმდინარეობს და თანაც – საკმაოდ დიდი ენთუზიაზმით, შესაშური ტემპით. გაირკვა, აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ,,რასკოლნიკოვებს’’ ამ საქმისთვის ,,ინტელექტბანკში’’ აქვთ ანგარიში გახსნილი’’.

უკანონო მშენებლობაზე შარაძემ სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონის სასამართლოს (მოსამართლე ნინო გზირიშვილი). პროცესების დაწყებამდე კი შარაძე მოუწოდებს კახა თარგამაძეს, შეაჩეროს ,,სპეცსამსახურების და უცხოეთის რეზიდენტების მიერ გაჩაღებული უკანონო მშენებლობა’’.

ვფიქრობთ, რომ ინტერესმოკლებული არ იქნება, თუ სექტის მეთაური ბორის ივანოვის დოსიესაც გაგაცნობთ:

დაიბადა 1939 წელს, სტავროპოლის მხარეში. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ,,რასკოლნიკობისთვის’’ სამშობლოდან გააძევა. 1978 წლიდან ცხოვრობს საქართველოში. არა აქვს საქართველოს პირადობის დამადასტურბელი მოწმობა. შესაბამისად, არ არის საქართველოს მოქალაქე. თავს ირჩენდა მებუხრეობით. 90-იან წლებში გადაიბირა წარსულში საქართველოს პატრიარქთან დაახლოებული მღვდელი, ამჟამად ეკლესიიდან განკვეთილი მამა ლავრენტი ბუზიაშვილი და ვინმე თევდორე შედრიკი, რომელსაც ბორის ივანოვის მსგავსად, არა აქვს პირადობის დამადასურებელი მოწმობა. ისინი ზედაზენზე არიან დაბინავებულნი და მართლმადიდებლობის სახელით მოქმედებენ.

ჩვენთან საუბარში გურამ შარაძემ აღშფოთება ვერ დამალა:

,,როგორც საქმეში არსებული დოკუმენტური მასალებიდან ირკვევა, გიორგი კალანდაძე ჯვარს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად კი არ აშენებდა, არამედ ამ საიდუმლო რადიოსადისლოკაციო სადგურის ანტენის დასამონტაჟებლად. მკრეხელობა და შეურაცხყოფა ჯვრისა და მისი გამოყენება ჯაშუშური თუ აგენტურული რადიოსადგურის სალოკაციოდ, ჯერ არ მსმენია’’.

მოკლედ რომ ვთქვათ, 2000 წელს საქართველოში გარკვეული პირები, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, ქართული ეკლესიიდან განკვეთილი პირებისა და ქართველი თანამდებობისა და გავლენიანი პერსონების მეშვეობით ,,ქრისტეს ებრძვიან ქრისტეს სახელით!’’

 ნინო გერმესაშვილი
,,დილის გაზეთი’’, 23 აგვისტო, 2000

 

 

ჯვარი თუ ჩვეულებრივი ანტენა?

 ზედაზენზე გრანდიოზული ჯვრის მშენებლობის შეჩერების საკითხს მცხეთის სასამართლო გადაწყვეტს.

როგორც პარლამენტარმა გურამ შარაძემ განაცხადა, სასამართლო პროცესი ჯერჯერობით არ დანიშნულა. მოპასუხე უნდა გაეცნოს სარჩელს, რომელიც სასამართლოში გურამ შარაძემ 9 აგვისტოს შეიტანა და ამის შემდეგ თავად შეიტანოს შემაგებებელი სარჩელი.

გურამ შარაძის განცხადებით, მთავარი მოპასუხე მხარე სასამართლოზე ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი იქნება, რომლის უშუალო მონაწილებითაც მოხერხდა ჯვრის მშენებლობაზე თანხმობის მიღება საქართველოს პატრიარქისა და პრეზიდენტის დონეზე.

პირველ გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ჯვრის მშენებლობაში ჩართული სექტანტები რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ბორის ივანოვის ხელმძღვანელობით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაძევა თავისი კუთვნილი რადიოსალოკაციო სადგურის შენობიდან.

შარაძემ დაარწმუნა შსს-ის ხელმძღვანელობა, რომ სექტანტები ამ შენობაში უკანონოდ იყვნენ შესახლებულნი. მის ხელთ არსებული დოკუმენტებით, შსს-ის კავშირგაბმულობის სამსახურსა და ფონდს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ჯვრის მშენებლობის ორგანიზატორებს აღებული აქვთ ვალდებულება, ჯვრის თავზე დაამონტაჟონ გადამცემი ანტენები.

შსს-ის კავშირგაბმულობის სამსახურის ყოფილი შეფი მარუაშვილი, რომელსაც ხელშეკრულებაზე ხელი აქვს მოწერილი, გარდაცვლილია.

 ,,პრაიმ-ნიუსი’’
,,ახალი ეპოქა’’, 25-28 აგვისტო, 2000

 

*** 

ვინ აშენებს ჯვარს ზედაზნის მთაზე?

***

 

,,ჯვარი მისი მშენებლობის ინიციატორებმა ააფეთქეს’’ –

ამტკიცებს გურამ  შარაძე

 პარლამენტის წევრი, პოლიტიკური მოძრაობის ,,საქართველო უპირველეს ყოვლისა’’ ლიდერი გურამ შარაძე მიიჩნევს, რომ ზედაზნის სამონასტრო კომპლექსთან უკანონოდ მშენებარე 50-მეტრიანი ჯვრის აფეთქება მისი მშენებლობის ინიციატორების მიერ არის ორგანიზებული.

რამდენიმე დღის წინ მცხეთის სასამართლომ, გურამ შარაძის სარჩელის საფუძველზე, აკრძალა ზედაზნის სამონასტრო კომპლექსზე ჯვრის მშენებლობა. ამჟამად ჟენევაში მყოფ გურამ შარაძის განცხადებით, ჯვრის მშენებლობის ინიციატორებს, ერთ-ერთი რელიგიური სექტის წევრებს, სურთ, ამ აფეთქებით ზეგავლენა მოახდინონ მცხეთის სასამართლოსა და ხელისუფლებაზე, რომ კვლავ განახლდეს მშენებლობა.

 

 ***

ღვთის კაცად წოდებული ბორია ზედაზენზე ქალებს წკეპლავს

ვისთან მივყავართ 60 მეტრიან ჯვარს?

***

 

ბორია არ ისვენებს

 ზედაზენზე სამშენებლო სამუშაოები კვლავ გრძელდება. მიუხედავად პატრიარქის, პრეზიდენტის, სასამართლო და სხვა უამრავი უწყების აკრძალვისა, ბორია ივანოვი ჯვრის ქვემოთ სამუზეუმო ნაგებობას ამაგრებს. ბეტონის დასხმის შემდეგ, მათ კარ-ფანჯარა ჩასვეს. მცხეთა-თიანეთის პოლიციის უფროსი ჯემალ ჯიქურაული ეთანხმება გოგა კალანდაძეს, რომელმაც მას აუხსნა, რომ ეს არ არის სამშენებლო სამუშაოები. ბეტონი იმიტომ დაასხეს, რომ წყალი ჩადიოდა, ხოლო კარ-ფანჯარა კი აფეთქების შემდეგ შეკეთებას საჭიროებდა.

– სასამართლოს ხომ ამ მშენებლობის საერთოდ აკრძალვაზე ჯერჯერობით განაჩენი არ გამოუტანია? – ამბობს ჯიქურაული. მაგრამ, ალბათ, ბატონ ჯემალს ავიწყდება, როგორც ივანოვისა და ბუზიაშვილის ხელმოწერილი სასამართლო ოქმი, რომლის თანახმადაც ნაგებობას არც ერთი აგური აღარ უნდა მიმატებოდა, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება, სადაც შავით თეთრზე წერია – ,,სამშენებლო და ყოველგვარი სხვა სამუშაოები შეთანხმდეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან’’. ყოველგვარ სხვა სამუშაოებში კი, ალბათ, ხეების დარგვიდან დაწყებული, კარ-ფანჯრის ჩასმით დამთავრებული, ყველაფერი იგულისხმება. როგორც ჩანს, ივანოვთან და კალანდაძესთან ერთად პრეზიდენტს არც ის უწყებები ეპუებიან, რომელთა პირდაპირი მოვალეობაც ზედაზენზე სიტუაციის კონტროლია. ასეთი განუკითხაობის გამო მონასტრის მრევლი და საგურამოს მცხოვრებნი მოითხოვენ, აღნიშნულმა სექტამ მთა დატოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გზას გადაკეტავენ.

“ალია’’, 25 სექტემბერი, 2000

 

 

შარაძის მორიგი გამარჯვება

 (გეა) საქართველოს პარლამენტის წევრმა, გურამ შარაძემ საქართველოდან ბორის ივანოვისა და თედორე შინდრიკის გაძევების საკითხი დასვა, რომელთაც სავიზო რეჟიმი დაარღვიეს და წლების მანძილზე საქართველოში უვიზოდ და უნებართვოდ ცხოვრობდნენ. შარაძის ამ გამოსვლას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს უფროსი გურამ ახალაია, რომელმაც სამართლიანად მიიჩნია შარაძის მოთხოვნა რუსეთის და უკრაინის მოქალაქეების, ბორის ივანოვისა და თედორე შინდრიკის საქართველოდან გაძევების შესახებ.

იუსტიციის სამინისტრომ გურამ შარაძის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, დღეიდან უპირობოდ უნდა დატოვოს საზღვარი თედორე შინდრიკმა, რომელიც 1995 წლიდან უვიზოდ და უკანონოდ ცხოვრობს საქართველოში და ბორია ივანოვთან ერთად ანტიმართლმადიდებლურ საქმიანობას ეწევა. რაც შეეხება ივანოვს, იუსტიციის სამინისტრომ გარკვეული ვადა ითხოვა, რომ დააზუსტოს ზოგიერთი სამართლებრივი საკითხი. ,,ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ივანოვს არ აღმოაჩნდება მფარველები უისტიციის სამინისტროში და სამართლიანობა, კანონიერება იზეიმებს და ქართული ეკლესიის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ქართველი მრევლის წინააღმდეგ წამოწყებული მოძრაობის ბელადი საქართველოს დატოვებს’’, – განაცხადა გურამ შარაძემ. 

,,ალია’’, 26 სექტემბერი, 2000

 

 

,,ყველაზე სკანდალური ეს არის – შევარდნაძისადმი მიძღვნილი წიგნი მუსლიმების გადასაბირებლადაა გამოცემული!’’

გურამ შარაძე განათლების მინისტრს ბრალს სდებს

 მამა ბასილის მრევლმა ვაშლიჯვრის დასახლებაში კიდევ ერთი ,,სადამსჯელო’’ აქცია მოაწყო და სექტანტური ლიტერატურა დაწვა. ტელედებატებში ბაპტისტი ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილის ოპონენტი ამჯერად სექტანტებთან ასევე დაუღალავი მებრძოლი, პარლამენტარი გურამ შარაძე გახლდათ.

– ბატონო გურამ, თქვენ, ალბათ, კითხულობთ ამ სექტანტურ ლიტერატურას. რა არის იქ ისეთი, რაც ქართველ მართლმადიდებელ მრევლს გადაიბირებს?

¬- ეს ლიტერატურა გამოცემულია უცხოეთში ქართულ ენაზე, რათა იეღოველთა სექტაში ქართველები ადვილად გადაიბირონ. ეს არის აშშ-ში გამოცემული ჟურნალები ,,საგუშაგო კოშკი’’ და ,,გამოიღვიძეთ!’’.

– მაინც, რა ინტერესი აქვთ მათ საქარველოში?

–  მაგათ მრევლი მთელს მსოფლიოში სჭირდებათ. მათი ლიტერატურა ასზე მეტ ენაზე გამოდის. ალბათ, მიხვდებით, რამდენი მილიონი და მილიარდი დოლარი იხარჯება ამ საქმისთვის.

აი, ეს ორი ჟურნალი… მხოლოდ გარეკანზე დაბეჭდილ რამდენიმე ფრაზას წაგიკითხავთ: ,,საშობაო წეს-ჩვეულებები – ქრისტიანულია ისინი ?’’ სტატია ამტკიცებს, რომ შობა წარმართულია. ანდა მეორე: ,,იესოს მკვდრეთით აღდგომა ფაქტია თუ ლეგენდა?’’ ამ ჟურნალებში იესო ქრისტე ღვთის ძედ კი არა, მთავარანგელოზად არის მოხსენიებული. ყველა ამ ჟურნალში წერია, რომ თარგმანი და რედაქტირება ეკითვნის მალხაზ სონღულაშვილს, ბაპტისტების ეპისკოპოსს. ასევე აქტიურად თანამშრომლობენ ამ ჟურნალებში თბილისის უნივერისტეტის პროფესორი ზურაბ კიკნაძე და მისი მეუღლე ლამარა გვარამაძე.

– მაგრამ ეს წიგნები და ჟურნალები უცხოელ ავტორებს ეკუთვნით. თარგმანი ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ავტორის მოსაზრებებს ეთანხმები?

– თარგმანისას არჩევანის საშუალება არსებობს. თან ჯილბერტ ბერნსის დასურათებულ ბიბლიას აწერია, რომ კიკნაძისა და გვარამაძის მიერ არის გამოცემული და ქართული სკოლებისთვის არის განკუთვნილი. კი მაგრამ, ჯილბერტ ბერნსმა ეს ქართული სკოლებისთვის დაწერა? დავანებოთ თავი თარგმანებს, არის ასეთი წიგნი ,,ბიბლიური მოთხრობები’’, რომელიც თავიდან ბოლომდე თავისი კომენტარებით ბაპტისტი ეპისკოპოსის, მალხაზ სონღულაშვილის მიერ არის შედგენილი. ეს არის ის სახელმძღვანელო, რომელიც, როგორც თავად განაცხადა, მოიწონა განათლების სამინისტრომ და მისი ტირაჟი 4000-დან ნახევარ მილიონამდე გაზარდა. ხედავთ, რა ხდება? ეს უკვე აუტანელია… მე მოვუწოდებ განათლების მინისტრს, ალეკო კარტოზიას, სასწრაფოდ გამოეხმაუროს ამ ინტერვიუს. სონღულაშვილის ამ განცხადებიდან უკვე ერთი კვირა გავიდა და მას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. თქვენივე გაზეთის ფურცლებიდან ბატონმა კარტოზიამ გვიპასუხოს, იქნებ შეცდომაში შეგვიგყვანა მალხაზ სონღულაშვილმა? მართლა მოიწონა განათლების სამინისტრომ ბაპტისტი ეპისკოპოსის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო და მართლა გაზარდა ტირაჟი ნახევარ მილიონამდე?

– ტელედებატებში განაცხადეთ, რომ ერთ-ერთი სექტანტური წიგნი ეძღვნება ედუარდ შევარდნაძეს…

– ეს წიგნი ახლა ჩამივარდა ხელში, თორემ ის 1994 წელს დაიბეჭდა და, რაც ყველაზე სკანდალურია, თბილისში გამოიცა. ეს არის დონ მაკ კურის ,,აბრაამის დაკარგული შთამომავლების მოძიება’’. მთარგმნელია ნინო ნაკურაშვილი. ზედ აწერია: ,,ავტორი ამ წიგნს უძღვნის ედუარდ შევარდნაძეს’’. რედაქტორი გახლავთ მალხაზ სონღულაშვილი. როგორ გავიგოთ ახლა, ჯონ მაკ კურიმ ეს წიგნი ედუარდ შევარდნაძისთვის დაწერა? თუ მთარგმნელი გულისხმობს თავის თავს და ამ წიგნს ედუარდ შევარდნაძეს უძღვნის? რამდენი წელია, რაც ეს წიგნია გამოსული და არავის არაფერი უთქვამს. მე საგანგებოდ დავინტერესდი ამ საკითხით და ერთი კვირაა, რაც პრეზიდენტის პრესსამსახურს მივმართე შესაბამისი კომენტარისთვის – რა ხდება? იცის პრეზიდენტმა ამის შესახებ? თუ არ იცის – უბედურებაა, თუ იცის – კიდევ უფრო უბედურება. ეს იმას ნიშნავს, რომ დააბეზღო შენი პრეზიდენტი მართლმადიდებელი ერის წინაშე და აჩვენო, რომ იგი ასეთი ლიტერატურის გავრცელებას უწყობს ხელს. პრეზიდენტის პრესმდივნისგან, კახა იმნაძისგან უკვე ერთი კვირაა პასუხს ველოდები. მეტს ვეღარ დაველოდები და ისევე, როგორც ალეკო კარტოზიამ, მოვითხოვ, რომ კახა იმნაძემაც თქვენი გაზეთის ფურცლებიდან გვიპასუხოს.

– ამ წიგნის გარეკანზე დახატული მეჩეთი რაღა შუაშია?

– ყველაზე სკანდალური სწორედ ეს არის, რომ ედუარდ შევარდნაძისადმი მიძღვნილი წიგნი მუსლიმების გადასაბირებლადაა გამოცემული. გესმით?! ასე რომ, შევერდნაძეს უჯანყებენ არა მარტო მართლმადიდებლებს, საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებსაც.

– ხომ არ ფიქრობთ, რომ სექტანტების ასეთი აქტიურობა საქართველოს საპატრიარქოს სისუსტის ბრალია?

– მე მესმის საპატრიარქოსი. იგი ლოიალური და შემწყნარებელია. საქართველოს ტრაგიკული ისტორიისა და მართლმადიდებლური ცოდნის არქონის გამოსწორება ძნელი აღმოჩნდა საპატრიარქოსთვის.

– არც იმ რადიკალური გზით, რომელსაც ბასილ მკალავიშვილი ადგას?

– რა თქმა უნდა, მკალავიშვილის რადიკალიზმი კიდევ მეორე უკიდურესობაა.

 

სხვათა შორის, გურამ შარაძის ინიციატივით იეღოველთა საზოგადოების ,,პენსილვანიის საგუშაგო კოშკის’’ მოღვაწეობა, უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 22 თებერვლის განჩინებით (რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება) საქართველოში აიკრძალა. თუმცა, ამ ორგანიზაციის ბეჭდითა და შტამპით საქართველოში სექტანტური ლიტერატურა მაინც შემოდის და მისი განბაჟებაც უმტკივნეულოდ ხდება. შარშან დეკემბერში ასეთი 80 ტონა ტვირთი შემოვიდა და ახლაც, 5 თებერვალს ფოთში 10 ტონა და 833 კგ ლიტერატურა შემოიტანეს, რომელიც განსაბაჟებელია. გასაოცარია, საბაჟომ არ იცოდეს, რომ ეს ტვირთი ჩვეულებრივი კონტრაბანდაა და კონფისკაციას ექვემდებარება. თუმცა, მამა ბასილი უკვე იმუქრება, რომ ამჯერად სასამართლოში ფოთის საბაჟოს უჩივლებს.

 თამარ დვალიშვილი
,,ქრონიკა’’, 11-17 თებერვალი, 2002

 

***

პარლამენტი მართლმადიდებლებს ებრძვის

***

 

იეღოველთა ანგარიშები უნდა გაიყინოს

 8 სექტემბერს პარლამენტარი გურამ შარაძე აეროპორტის მართლმადიდებელ მოსახლეობას შეხვდა, სადაც მისი რწმუნებით, გერმანიის რამდენიმე მოქალაქე ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ეწევა.

“ისინი სარწმუნოების შეცვლის სანაცვლოდ, მართლმადიდებელ მოსახლეობას ფულს სთავაზობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ბინებიდან გამოსახლებით ემუქრებიან”, – განმარტავს შარაძე და გერმანიის აღნიშნულ მოქალაქეებს პერსონა ნონ-გრატად მიიჩნევს.

“არ მესმის, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერი ჩხეიძე თბილისის აეროპორტში რატომ აძლევს მათ დროებით, ერთთვიან ვიზებს და თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების განსახორციელებლად თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას”, – უკვირს პარლამენტარს. მისივე თქმით, გერმანიის აღნიშნული მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ბანკებში ანგარიშებს ფლობენ, რომლებიც აუცილებლად უნდა გაიყინოს.

 ,,მედია-ნიუსი”
“ალია”, 31 აგვისტო – 2 სექტემბერი, 2002

 

***

სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ქართული ეკლესიის ქონებისთვის

ანუ როგორი ირონიით აცილებდა დასახვრეტად განწირულ შარაძეს ნოდარ ლომოური

***

დღეს საქართველოს განათლების მინისტრი არ ჰყავს

***

 

მოვუწოდებ რელიგიურ უმცირესობებს, დამიდგნენ გვერდში

საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ხელები დაიკაპიწეს და ხელისუფლებისგან აქტიური მხარდაჭერა და კანონის შესაბამისი ქმედება ითხოვეს. მათ საქართველოს ხელისუფლებას შეახსენეს, რომ რელიგიის საკითხს ქვეყნის უმაღლესი კანონი – კონსტიტუცია აწესრიგებს და ამისთვის სულაც არ არის საჭირო რელიგიის შესახებ კანონის მიღება. სხვადასხვა ეკლესიის მიმდევრები მათი უფლებების დაცვას ითხოვენ და პოლიციას მათ მიმართ წარმოებულ დარბევებში ადანაშაულებენ. მათი თქმით, პოლიციის უმოქმედობის გამო ირბეოდა წირვები.

კონფესიების შეკრებაზე საკმაოდ გამოკვეთილად დაისვა დეპუტატ გურამ შარაძის საკითხიც, რომლის დევიზიც – “მამული, ენა, სარწმუნოება” განათლების მინისტრის მოადგილის მიერ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარდა. “თუკი ილიასეულ სიტყვებს ირჩევდა შარაძე, სიზუსტე მაინც დაეცვაო”, – აღინიშნა შეხვედრაზე.

ასე რომ, აქამდე დაბეჩავებულის ამპლუაში მყოფი სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები, რომელთაც არც დაფინანსება აკლიათ და არც სიმცირე აწუხებთ, აქტიურ ბრძოლაში იწვევენ მართლმადიდებლობის დამცველებს, მათ შორის გურამ შარაძესაც და დარწმუნებული არიან, რომ შარაძეზე მეტ მხარდამჭერებს მოაგროვებენ. კონფესიების წარმომადგენლები სპორტის სასახლეში ფართომასშტაბიან შეხვედრას გეგმავენ.

დეპუტატი გურამ შარაძე რელიგიური კონფესიების ამ გამოწვევას იღებს და გაჩერებას არ აპირებს.

დეპუტატი გურამ შარაძე:

– მე დიდი სიამოვნებით ვღებულობ ამ გამოწვევას ე.წ. რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისა და მათი დამცველებისაგან. პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი ვარ და სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ იმას, რომ მიღებულ იქნას კანონი “რელიგიის შესახებ”, რომლის საფუძველზეც საქართველოში რელიგიური ცხოვრების კულტურა დაინერგება. თუ ვინმე იტყვის, რომ გასულ წელს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება – კონკორდატი ამ საკანონმდებლო ვაკუუმს ავსებს, ძალიან ცდება, იმიტომ, რომ ეს კონკორდატი ვითომ აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფოს, ეკლესიასა და სხვა კონფესიებს შორის. თვითონ ეს კონკორდატიც ძალიან ხარვეზიანია. მაგრამ კონკორდატი უხარვეზოც რომ იყოს, მაინც ვერ მოაგვარებდა საკითხს, რასაც ჰქვია რელიგიის კანონის არსებობა. გეტყვით, რომ მეზობელმა სომხეთმა 1992 წელს მიიღო კანონი “რელიგიის შესახებ” და იქ გრეგორიანული სარწმუნოება დაცულიც არის და პრიორიტეტულიც. ყველა სექტა კი თავის ადგილზეა დასმული.

– ბატონო გურამ, როგორ აფასებთ რელიგიურ უმცირესობათა ქმედებას?

– მე მოვუწოდებ რელიგიურ უმცირესობებს, რომ პირველ რიგში  დამიდგნენ გვერდში, რათა მივიღოთ კანონი “რელიგიის შესახებ” და კანონის საფუძველზე მოვაწესრიგოთ ქვეყანაში რელიგიური ცხოვრება. მეორეც – მოვუწოდებ, რომ დანაშაული ჯერ საკუთარ თავში ეძებონ. მე არ ვაპირებ, უფასო ვექილი ვიყო მამა ბასილი მკალავიშვილის და მისი მრევლის. ვაცხადებ, კატეგორიულად ვემიჯნები მკალავიშვილს და მისი მრევლის ბრძოლის მეთოდებს მართლმადიდებლობის დასაცავად. არ შეიძლება ჯვრის თავში ჩარტყმით რელიგიური და სარწმუნოებრივი ბრძოლა. მინდა ვკითხო კონფესიების დამცველებს – საიდან მოდის მკალავიშვილისა და მისი მრევლის ,,დანაშაული’’. ეს პასუხია დანაშაულზე. დანაშაულს სჩადიან რელიგიური უმცირესობები და მასზე ხდება დანაშაულებრივი პასუხის გაცემა.

– ბატონო გურამ, თქვენ აცხადებთ, რომ რელიგიის საკითხები შესაბამისი კანონით უნდა დარეგულირდეს. კონფესიების წარმომადგენლები კი ამის დარეგულირებას კონსტიტუციის საფუძველზე ითხოვენ…

– გადაეცით, რომ თქვენ აყალბებთ საქართველოს კონსტიტუციას. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ საქართველოში აღიარებულია სიტყვის, სინდისის, რწმენის თავისუფლება. მომდევნო პუნქტებში კი წერია: ოღონდ ეს არ უნდა ლახავდეს ჩემი სიტყვის, ჩემი სინდისისა და ჩემი რწმენის თავისუფლებას. მე ხმამაღლა ვაცხადებ, რომ იეღოველები და სხვა სექტანტები მოურიდებლად, დანაშაულებრივად არღვევენ ჩემი, როგორც მართლმადიდებლის სინდისისა და რწმენის თავისუფლებას. იმიტომ, რომ ისინი მივარდებიან სახლში.

– ბატონო გურამ, როგორც ირკვევა, პრეზიდენტი შევარდნაძე აპირებს დაესწროს სხვადასხვა კონფესიათა ერთობლივ ლოცვას. როგორ აფასებთ ამ ფაქტს?

– ყველა თავისუფალია თავის მოქმედებაში, მათ შორის პრეზიდენტიც. პრეზიდენტს შეუძლია, სადაც უნდა, იქ ილოცოს. გახსოვთ, დავით აღმაშენებელი მეჩეთში შედიოდა, ფეხზე იხდიდა და ლოცულობდა. მაგრამ მთავარია კანონი გვქონდეს რელიგიის შესახებ და შორს რომ არ წავიდეთ, ისეთი მაინც, როგორიც არის სომხეთში. ასეთი პერსონალური და ასეთი იმპულსური გადაწყვეტილებები უფრო დაამძიმებს სიტუაციას და არ განმუხტავს. ეს კიდევ ერთი შეცდომაში შეყვანის მცდელობაა პრეზიდენტისა. არ ვიცი ვინ ურჩია ეს პრეზიდენტს, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი არასწორი რჩევა მისთვის. მე ვფიქრობ, პრეზიდენტის ამ ლოცვაზე დასწრება არ არის გამოსავალი.

– ბატონო გურამ, რელიგიური უმცირესობები მართლმადიდებლობის დამცველებს დაქირავებულებად მიიჩნევენ და თანაც დაფინანსებულად…

– არ ვიცი, ეს ვინ თქვა, მაგრამ მე ის ვიცი, რომ რელიგიური უმცირესობების დამცველი არის “თავისუფლების ინსტიტუტი”, კანცელარიაში – რუსუდან ბერიძე, პარლამენტში – ელენე თევდორაძე და ომბუდსმენი ნანა დევდარიანი. გიგა ბოკერიამ პირდაპირ განაცხადა, რომ იგი ფინანსდება უცხოეთიდან. ამ ბოლო დროს კი ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ ჩვენი გაძვალტყავებული ბიუჯეტის შემყურე რომ ვიყოთ, დღესვე უნდა დავიხუროთო. ჩვენ უცხოეთიდან ვფინანსდებითო. ეს რაც მათ აღიარეს. და რაც არ უღიარებიათ? ხმამაღლა ვაცხადებ: თუკი ვინმე აღმოაჩენს, რომ შარაძე ვინმესგან იმართება, ვინმესგან ფინანსდება, მზად ვარ, არა მარტო საპარლამენტო უფლებამოსილებაზე, არამედ საქართველოს მოქალაქეობაზე ვთქვა უარი. მაგ გამონათქვამებისთვის ერთი-ორი ნაძირალა სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. ვინც გაბედავს ჩემი მისამართით ასეთი ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებას, ის აღმოჩნდება გისოსებს მიღმა.

 შორენა კოწოწაშვილი
“ახალი თაობა”, 25 თებერვალი, 2003

 

***

გურამ შარაძე: შეთქმულები მეუფე დანიელს კათოლიკოს-პატრიარქობას ჰპირდებიან, სააკაშვილს კი – პრეზიდენტობას!

 გასულ კვირას პრეზიდენტმა სამართალდამცავ ორგანოებს მეტი სიფხიზლისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათ უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ ქართულ ეკლესიაში მიმდინარე პროცესები, რადგან დაუშვებელია, უმძიმესი დანაშაულისათვის რამდენჯერმე ნასამართლევი პირი ადამიანების სულიერი მოძღვარი იყოს. პრეზიდენტის განცხადებას პოლიტიკოსებისა და სასულიერო პირების არაეთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ვესაუბრებით პარლამენტარ გურამ შარაძეს.

– ბატონო გურამ, როგორ შეაფასებთ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის მიერ საპატრიარქოს მისამართით გაკეთებულ განცხადებას?

– პრეზიდენტის მიერ საპატრიარქოს მისამართით გაკეთებული მწვავე განცხადება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. არ ვიცი, ვინ იგულისხმა პრეზიდენტმა და რომელი სასულიერო პირი ამხილა, მაგრამ ეს საკითხი უფრო გლობალურად უნდა იქნას განხილული. პრეზიდენტმა სამართალდამცავებს სახელმწიფოში წესრიგის დაცვისაკენ მოუწოდა და სახელმწიფოში ეკლესიაც იგულისხმა. სწორედ ამიტომ ვიმეორებ წლების განმავლობაში, რომ აუცილებლად უნდა მივიღოთ კანონი რელიგიის შესახებ, რათა მართლმადიდებლური ეკლესიის რეგისტრაცია კანონის საფუძველზე მოხდეს. ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი სახელმწიფოსა და ეკლესიის ცალ-ცალკე არსებობის ფორმას, რადგან ეს დაპირისპირების საფუძველს ქმნის. გასული წლის 14 ოქტომბერს ხელმოწერილ კონკორდატში წერია, რომ “მართლმადიდებლობა მუდამ იყო საქართველოში სახელმწიფო რელიგია”. რა თქმა უნდა, ამან ჩემი აღშფოთება გამოიწვია. ჩემი ურყევი რწმენით, აქ უნდა ეწეროს: “მართლმადიდებლობა საქართველოში მუდამ იყო, არის და იქნება სახელმწიფო რელიგია”. მაშინ ეკლესიის უმაღლესმა პირებმა “ამიხსნეს”, – ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი უნდა იყოს, თორემ საპატრიარქო სახელმწიფოებრივი სტრუქტურა ან, საერთოდ, შესაძლოა, დეპარტამენტი გახდესო. ასე ეშინიათ ერთმანეთის სახელმწიფო მოხელეებსა და სასულიერო პირებს. საპატრიარქოს, ისევე როგორც სახელმწიფოს, სურს, მართვის სადავეები არ გაუშვას ხელიდან, ამასობაში კი ქვეყანა თავზე გვენგრევა. წარმომიდგენია, რაოდენ მტკივნეულად განიცდის საპატრიარქო პრეზიდენტის განცხადებას…

– ბატონო გურამ, არჩევნების წინა პერიოდში პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ მკაცრ განცხადებებს პოლიტიკური სარჩული ხომ არ უდევს?

– ეგრეთ წოდებული “ნაციონალური მოძრაობა” და მათი თანამოაზრეები გააფთრებით იბრძვიან, რომ მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დასავლურ-ამერიკულ ყაიდაზე ჩატარდეს და ხელისუფლებაში ანტიეროვნული და ანტიმართლმადიდებლური ძალები მოვიდნენ. ამიტომაც, “მსოფლიო” აზრის დასაშოშმინებლად საჭირო გახდა მართლმადიდებლობისთვის  “გალაწუნება’’. ასეთი პოლიტიკა კი საქართველოს არ გამოადგება…

– პრეზიდენტმა სამართალდამცავებს რელიგიურ უმცირესობათა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის აღმოფხვრისკენაც მოუწოდა…

– პრეზიდენტის განცხადებაში მისი “მრჩევლების” უზარმაზარი გავლენა იგრძნობა. ამერიკულ-ევროპულ გრანტიჭამიებს პრეზიდენტი შეგნებულად შეჰყვათ შეცდომაში. გრანტების სანაცვლოდ მათ ევალებათ, დააკნინონ საქართველოში მართლმადიდებლობა და ეროვნული თვითშეგნება. სააკაშვილის, დავითაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილის, თევდორაძისა და მათი მეგობრების ოცნებაა, საქართველო გახდეს უსაზღვრო, უეროვნებო, უენო, ურელიგიო, დაჩოქებული და ნამუსახდილი ქვეყანა. ამიტომაც გამოვთქვამ განსაკუთრებულ შეშფოთებას არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძოდ, “თავისუფლების ინსტიტუტის” აღვირახსნილი მოქმედების გამო. პრეზიდენტი ეკლესიაში რომ ეძებს დამნაშავეებს, რა პასუხი მოსთხოვა მან სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს თემურ მოსიაშვილს, რომელმაც სააკაშვილის დროშა აღმართა ბორჯომსა და მესხეთში? ნუთუ იმიტომ დათანხმდა პრეზიდენტი გუბერნატორის თანამდებობიდან გიგლა ბარამიძის წასვლას, რომ მოსიაშვილს სახელმწიფო გადატრიალება მოეხდინა? თქვენი გაზეთის საშუალებით მოვუწოდებ პრეზიდენტს: პასუხი მოსთხოვოს იმერეთის გუბერნატორს – ჭიათურაში, თეიმურაზ მოსიაშვილს – სამცხე-ჯავახეთში, ხოლო სააკაშვილს – თბილისის მერიის თავზე ანტისახელმწიფოებრივი დროშების აღმართვისათვის. ჩვენ იძულებული ვართ, მსოფლიო საზოგადოებას მივმართოთ თხოვნით: გვიშველეთ, რათა საქართველოში ქართველი ერი და მართლმადიდებლობა გადავარჩინოთ!

– ბატონო გურამ, როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტის განცხადება მრევლზე უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს?

– პრეზიდენტმა საპატრიარქოში მიმდინარე იმ შიდა პროცესებზე უნდა ატეხოს განგაში, რაც იქ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ იგეგმება. მეუფე დანიელი, მეუფე ნიკოლოზი და საპარლამენტო მდივანი გიორგი ანდრიაძე კათოლიკებისა და იეღოველების მოძმე პოლიტიკურ პარტიებთან არიან შეკრული. ეს ძალები მეუფე დანიელს კათოლიკოს-პატრიარქობას ჰპირდებიან, სააკაშვილს კი – პრეზიდენტობას. ამიტომაც ეახლა საპატრიარქოს წარმომადგენელი სააკაშვილს მერიაში და “უკურთხა” ჯვაროსნული დროშა. დღეს იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი რომ ჩამოვიდეს თბილისში, შეხვდეს კათოლიკოს-პატრიარქს და იქ თვალი მოკრას იერუსალიმში განთავსებულ კათოლიკე ფრანცისკანელთა ორდენის ოფისზე აღმართულ ხუთჯვრიან დროშას, იმ წუთში შეაფურთხებს მას და საპატრიარქოში ფეხს აღარ შედგამს. ასე რომ, საპატრიარქოში შეთქმულთა მოღვაწეობა ძალიან სახიფათოა და ამაზე თვალის დახუჭვა დანაშაულის ტოლფასია.

– ესე იგი, პრეზიდენტმა შეიტყო, რომ საპატრიარქოში შეთქმულება იგეგმება და ამიტომ გააკეთა ასეთი მკაცრი განცხადება?

– არ ვიცი, ამ დასკვნამდე თავადვე რატომ მიხვედით და ეს შეკითხვა დამისვით… მაგრამ აქ დავასრულოთ ჩვენი საუბარი…

 მაია მარგველანი
“ასავალ-დასავალი”, 3-9 მარტი, 2003

 

 

შარაძემ იეღოველთა კონგრესი ჩაშალა

 კვირას, გორის რაიონის სოფელ ორთაშენში დაგეგმილი იეღოველთა კონგრესი არ შედგა. ამისათვის პარლამენტარი გურამ შარაძე შაბათ საღამოს ჩამოვიდა გორში. მან რეგიონული ტელევიზიით განცხადება გააკეთა და მოსახლეობა გააფრთხილა მოსალოდნელი კონგრესის თაობაზე. მან მოუწოდა “შემცდარ და-ძმებს”, დაუბრუნდნენ მართლმადიდებლობას, რათა ერთად დაძლიონ სექტების თარეში.

კვირას ორთაშენთან დილიდანვე მივიდნენ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცავები, ასევე გურამ შარაძეც. სოფლის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ბასილ მკალავიშვილის მრევლის წარმომადგენლებიც. ორთაშენის მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა სოფელში იეღოველთა თავყრილობების შესახებ და ითხოვდა, მშვიდობიანად დაეტოვებინათ სოფელი.

“მე ხელთ  მაქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, – განუცხადა შეკრებილებს გურამ შარაძემ, – ჩემი სარჩელი დაკმაყოფილდა და იეღოველების აგრესიული, ქრთამით სასამართლოში რეგისტრირებული ორი ორგანიაზაცია – “იეღოვას მოწმეთა კავშირი” და “პენსილვანიის საგუშაგო კოშკი” გაუქმდა. საქართველოში მოწყობილი ყოველი კონგრესი, ყოველი შეკრება არის უკანონო და პოლიციას უფლება აქვს დაშალოს”.

გურამ შარაძემ იეღოველებს დეზერტირობის და სიკვდილის მქადაგებლები უწოდა და ერთ-ერთი კონკრეტული ფაქტიც დაასახელა, როდესაც საჩხერეში იეღოველმა ცოლმა მართლმადიდებელი ქმარი ნაჯახით მოკლა.

მან საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელიც დაადანაშაულა: “საქართველოს პარლამენტში ანტიმართლმადიდებლური, ანტიქართული ძალები არიან მოკალათებულნი, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ საგადასახადო კოდექსი 800-ჯერ განიხილონ, რელიგიის კანონი კი არ მიიღონ. არ უნდა მივცეთ უფლება იმ ე.წ. ადამიანის უფლებათა დამცველებს და ე.წ. პარლამენტარებს, კანცელარიიდან რუსუდან ბერიძეს, ომბუდსმენ ნანა დევდარიანს, პარლამენტის წევრ ელენე თევდორაძეს, რომ უარი თქვან სასამართლოზე, კონსტიტუციაზე და დააბეზღონ საქართველო მსოფლიოს წინაშე, ვითომ ჩვენ ვებრძვით რელიგიურ უმცირესობებს. პირიქით, ეს უმცირესობები ებრძვიან ოცსაუკუნოვან მართლმადიდებლობას. ჩვენ ამას არ დავუშვებთ.

შარაძემ არც სააკაშვილი დაივიწყა და მის ქმედებებს ანტიქართული ძალების მიერ დაპროგრამებული უწოდა. შემდეგ კი აღნიშნა, რომ ე.წ. ,,თურქ-მესხებთან” დაკავშირებით პასუხი უნდა მოეთხოვოს მას და ლანა ღოღობერიძეს, რომელიც ევროსაბჭოდან უნდა გამოიწვიონ.

საბოლოოდ, იეღოველთა კონგრესი არ გაიმართა. როგორც შარაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ეს აბსოლუტურად კანონიერია. “იეღოველებს ებრძვიან საფრანგეთში, რუსეთში, საბერძნეთში… ეს არის დამყარებული სასამართლოს განჩინებაზე, ჩვენს კონსტიტუციაზე. ჩვენ აგრესიულ სექტებს საქართველოში არ ვაბოგინებთ!” იმ შენობას კი, სადაც იეღოველები იკრიბებოდნენ და “ეშმაკები დაეპატრონნენ”, როგორც შარაძე ამბობს, სოფლის მოსახლეობა სასამართლოს ძალით დაიბრუნებს და სოფლის სკოლას გადაეცემა.

 ვასილ გულეური
“24 საათი”, 5 მაისი, 2003

 

გურამ შარაძე საპატრიარქოსთვის პასუხის გაცემას არ აპირებს

 (მედია-ნიუსი) პარლამენტარ გურამ შარაძეს არ სურს, გამოეხმაუროს საპატრიარქოს განცხადებას, რომელიც ბოლო დროს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებსა და შარაძის მიერ რამდენიმე სასულიერო პირის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა.

“მე ჩემი სათქმელი ვთქვი, ძალიან მწარედაც არ მინდა, ახლა ამაზე გავამახვილო ყურადღება. არ მინდა გავახარო ჩვენი მტრები”, – აცხადებს შარაძე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში მისი სახელი მოხსენიებული არ არის, ე.ი. მისი “ეშინიათ და ერიდებათ”. “მეც მერიდება”, – აცხადებს შარაძე, რომელიც ამ მორიდებით ხსნის საკუთარ პოზიციას.

გასულ კვირას გამართული პრესკონფერენცია პარლამენტარმა გურამ შარაძემ “ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულების მომზადების” საკითხს მიუძღვნა და განაცხადა, რომ “მეუფე დანიელი არის სულიერი მოძღვარი იმ პოლიტიკოსებისა, რომელთა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იგი ილია II-ის ჩანაცვლებას აპირებს”.

 “მთავარი გაზეთი”, 15 ივლისი, 2003

 

 

 გურამ შარაძის ახალი მტრები: ვახუშტი კოტეტიშვილი,

მზექალა შანიძე, ელდარ შენგელაია და გურამ თევზაძე

 დეპუტატი პატრიარქისადმი მიწერილმა ღია წერილმა აღაშფოთა

 დღეს პარლამენტში სტამბულიდან ახლად დაბრუნებული დეპუტატი გურამ შარაძე პრესკონფერენციას გამართავს. “ტრიბუნა” გურამ შარაძეს ესაუბრა:

– რატომ იმყოფებოდით სტამბულში?

– სტამბულში სპეციალური მიწვევით ჩავედი, სადაც მიწვევა ქართული კათოლიკური მონასტრის, ბიბლიოთეკის და სტამბის მეურვისაგან, თურქეთის მოქალაქე სიმონ ზაზაძისაგან მივიღე. ბატონი სიმონი წარმოშობით ახალციხიდან გახლავთ. ის საკმაოდ ხანდაზმული ადამიანია და გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს ფასდაუდებელი განძი თავის შვილს გადაულოცოს. ბატონი სიმონი თურქეთში ძალიან დაფასებული ადამიანი გახლავთ, მისი შვილი პავლე ზაზაძე ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და მას დოქტორის ხარისხი აქვს. სტამბულში მე დავესწარი ზაზაძეების კუთვნილი არქივის აღწერას, სადაც უამრავი უნიკალური წიგნი და 16 ენაზე შექმნილი ხელნაწერი ინახება.

– ვიდრე თქვენ თურქეთში იმყოფებოდით აქ ბევრი რამ შეიცვალა…

– ზოგიერთებმა ჩემი საქართველოში არ ყოფნა სათავისოდ გამოიყენეს და პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო უკვე ჩავარდნილი კანონი ეროვნული რეკვიზიტის შესახებ. მინდა გითხრათ, რომ ეს კანონი პროცედურის სრული დარღვევით გააპარეს. დღეს ამის შესახებ მე გავაკეთებ განცხადებას პარლამენტში. ასევე ვაპირებ მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, რათა მან ვეტო დაადოს ამ გაყალბებით მიღებულ კანონს.

– დღეს პარლამენტში თქვენი პრეს-კონფერენციაც იგეგმება…

– დიახ, ჩემი არყოფნით ისარგებლეს ჩემმა ოპონენტებმა და ყოვლად აღმაშფოთებელი, ეგრეთ წოდებული ღია წერილით მიმართეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს.

– ვინ მიმართა ღია წერილით პატრიარქს?

– ეგრეთ წოდებულმა ინტელიგენციამ. სინამდვილეში ეს ურწმუნო ხალხია.

– კონკრეტულად ვინ აწერს წერილს ხელს?

– წერილის ავტორებიდან მხოლოდ ოთხის ვინაობა და საქმიანობაა ჩემთვის ცნობილი. მე ვფიქრობ, კარისკაცებს და ასეთ ხალხს მოაწერინეს ხელი ამ აღმაშფოთებელ წერილზე. ყოველ შემთხვევაში, წერილის ავტორებიდან მხოლოდ ოთხი ადამიანის შესახებ მსმენია. დანარჩენების სახელები და გვარები პირველად მესმის.

– ვინ არის ის ოთხი ადამიანი?

– ვახუშტი კოტეტიშვილი, მზექალა შანიძე, ელდარ შენგელაია და გურამ თევზაძე. ეს უკანასკნელი ეგეთ წოდებული “თავისუფლების ინსტიტუტის” ლობისტის, გიგი თევზაძის მამა გახლავთ.

– რა მისწერეს პატრიარქს?

– მეუხერხეულება კიდეც იმ მკრეხელობის გამეორება, რაც წერილში წერია. ამის გამეორება უზარმაზარი ცოდვაა. ასეთი უტაქტობა, ბოლშევიკები რომ ბატონობდნენ, მაშინაც კი არ ხდებოდა. არ მინდა ამ ურწმუნო განცხადებების გამეორება და მით უმეტეს თქვენი გაზეთის საშუალებით კიდევ ერთხელ გაჟღერება.

– და მაინც რა წერია წერილში, რომელმაც თქვენ ეგზომ აღგაშფოთათ?

– ეგრეთ წოდებული ინტელიგენციის არამართლმადიდებლური და ურწმუნო წარმომადგენლები წერენ, რომ საქართველოში იჩაგრებიან რელიგიური უმცირესობები, რომ საპატრიარქო გამოხატავს აგრესიას მათ მიმართ და რომ საქართველოში ბატონობს ფაშიზმი და ნაცისტური მოძრაობა. ეს ხალხი პატრიარქს მოუწოდებს ხმა აღიმაღლოს ჩაგრულთა დასაცავად. უნდა მოგახსენოთ, რომ საქართველოში დღეს თუ ვინმე იჩაგრება, ეს ჩვენ, მართლმადიდებლები ვართ.

 ქეთი ლომაია
“ტრიბუნა”, 29 ივლისი, 2003

 

 

რატომ წვავს შარაძე პორნოგრაფიას?

 დეპუტატმა გურამ შარაძემ გუშინ ჯერ პარლამენტში, შემდეგ კი გენერალური პროკურატურის წინ ნუგზარ გაბრიჩიძის დასანახად დაწვა იეღოვური ლიტერატურა. აღნიშნული საპროტესტო აქცია დეპუტატმა გლდანის ეპარქიის მღვდელ ბასილ მკალავიშვილისათვის სოლიდარობის ნიშნად ჩაატარა.

წიგნების დაწვის აქციას წინ უძღოდა ჟურნალისტებთან შეხვედრა, რომელსაც ფონად გასდევდა ბასილ მკალავიშვილის მრევლის მიერ ორგანიზებული მიტინგი პარლამენტის შენობის წინ. შარაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ვაკე-საბურთალოს სასამართლომ, მოგვიანებით კი საოლქო სასამართლომაც პატიმრობა შეუფარდა ბასილ მკალავიშვილს, მამაო შინაპატიმრობაში იმყოფება, მრევლი კი მოკლებულია მასთან შეხვედრის შესაძლებლობას. უწინამძღოლო მრევლი ვერ მართავს იმგვარ აქციებს, როგორსაც მართავდა მკალავიშვილთან ერთად. ბასილ მკალავიშვილის წინააღმდეგ შარაძის თქმით, მოქმედებს პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი, რომელიც დეპუტატ ნოდარ გრიგალაშვილის ღვიძლი ძმაა.

“მინდა მოვუწოდო ნოდარ გრიგალაშვილს, დაანებოს თავი სააკაშვილის მიმდევრობას და გააგრძელოს ილია ჭავჭავაძის მიმდევრობა. ჩნდება ეჭვი, რომ მოხდა სააკაშვილის და ვალერი გრიგალაშვილის შეხვედრა, რის შემდეგ დაიწყო მამა ბასილის დევნა”, – აცხადებს გურამ შარაძე. მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე იეღოვური ლიტერატურის კონტრაბანდული გზით შემოტანაზე და დადგინდეს ამ ლიტერატურის მფლობელის და შემომტანის ვინაობა, დევნიან მღვდელს. შარაძის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ფოთის საბაჟოდან შემოიტანეს 40 ტონა იეღოვური ლიტერატურა.

“მე დავწვავ თქვენს წინაშე ამ ლიტერატურას და გაბრიჩიძემ დამაპატიმროს სხვისი ქონების დაწვის გამო”, – ამ სიტყვებით მიმათა შარაძემ ჟურნალისტებს და ტელეკამერების წინ ცეცხლი წაუკიდა იეღოვურ ლიტერატურასა და სხვა აკრძალულ წიგნებს. მისი თქმით, აკრძალულ წიგნებს შორის არის გამომცემლობა “დიოგენეს” მიერ ნათარგმნი წიგნი სექსუალური აღზრდის შესახებ, რომლის ავტორი ამერიკელი ქალი საკმაოდ ღიად წერს იმაზე, რასაც არ უნდა კითხულობდნენ ქართველი მოზარდები.

გურამ შარაძე მოუწოდებს ბასილ მკალავიშვილს და საპატრიარქოს შერიგებისკენ. საკუთრივ საპატრიარქომ დიდი ხანია განკვეთა ბასილ მკალავიშვილი დედა ეკლესიისგან და აკრძალა მისთვის მამაოს წოდება. თუმცა, ეს გურამ შარაძისთვის არ წარმოადგენს პრობლემას მკალავიშვილის დასაცავად, პირიქით, ის აცხადებს, რომ ბასილ მკალავიშვილი უნდა დაბრუნდეს დედა ეკლესიის წიაღში და ერთობლივად უნდა გამოეცხადოს ბრძოლა მართლმადიდებლობის მტრებს. მართალია, შარაძე აღიარებს, რომ გმობს ძალადობას, მაგრამ მკალავიშვილს მაინც იცავს და მიაჩნია, რომ იეღოველებთან საჭიროა შეურიგებელი ბრძოლა.

 თამარ ნინიძე
“ტრიბუნა”, 26 აგვისტო, 2003

  

 

ყველაფერს გავაკეთებ, რომ მკალავიშვილი დედა ეკლესიას დაუბრუნდეს

 დეპუტატი გურამ შარაძე აცხადებს, რომ მიუხედავად ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების მიერ კონტრაბანდის წინააღმდეგ გააქტიურებული ბრძოლისა, ფოთის პორტიდან დასავლეთ საქართველოში მაინც მოხვდა იეღოვური ლიტერატურა. შარაძე აცხადებს, რომ 40 ტონა სექტანტური ლიტერატურა ფოთის საბაჟოდან ქუთაისამდე დაიცალა ორი კამაზით.

– ალბათ იმის შიშით, რომ შარაძეს ეს ლიტერატურა აღმოსავლეთ საქართველოში არ “განებაჟებინა”, დასავლეთ საქართველოში დააბანდეს, – განაცხადა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გურამ შარაძემ. მან მოუწოდა გენერალურ პროკურორ ნუგზარ გაბრიჩიძეს და საგანგებო ლეგიონის ხელმძღვანელ ნუგზარ კახნიაურს გაერკვნენ კონტრაბანდული ლიტერატურის ვინაობაში და კანონის შესაბამისად იქნენ დასჯილნი. შარაძე მოითხოვს, რომ გაბრიჩიძემ გამოიძიოს, როგორ შემოვიდა ქვეყანაში 40 ტონა კონტრაბანდული ლიტერატურა, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ განბაჟდა, რაც საბაჟოს უფროსად დავით თარხან-მოურავი მოვიდა.

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, იეღოვური ლიტერატურა ფოთში გერმანიიდან მარტის თვეში შემოვიდა, მაგრამ მის განბაჟებას ვერ ახერხებდნენ, სანამ შესაბამის ორგანოებში საკადრო ცვლილებები არ განხორციელდა. შარაძე ითხოვს, თარხან-მოურავმა ბოლომდე გამოიკვლიოს ამ წიგნების განბაჟების საკითხი.

დეპუტატი გურამ შარაძე გამოდის რა ადამიანის უფლებების დამცველი და ამჯერად კონკრეტულად გლდანის მართლმადიდებელი ეპარქიის წინამძღვრის, ბასილ მკალავიშვილის უდანაშაულობის დამცველი, აცხადებს, რომ მას პროკურატურის მიერ უკანონოდ აქვს ბრალი წარდგენილი. მისი თქმით, მკალავიშვილი ფაქტობრივად რამდენიმე თვის მანძილზე შინაპატიმრობაში იმყოფება და მრევლს მოძღვართან ურთიერთობის საშუალება არ აქვს.

შარაძის თქმით, არცერთი დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბასილ მკალავიშვილმა დაწვა იეღოვური ლიტერატურა. გლდანის ეკლესიის მრევლი, 900 კაცზე მეტი აცხადებს, რომ ლიტერატურა მათ დაწვეს. შარაძე მოუწოდებს გამომძიებელ ვალერი გრიგალაშვილს, გაერკვეს ობიექტურობაში.

– ამდენი ხანია ვალერი გრიგალაშვილი იძიებს საქმეს და ვერ დაამტკიცა, მკალავიშვილმა დაწვა თუ არა იეღოვური წიგნები. საქმის გამოძიება რომ “გავუადვილო” გრიგალაშვილს, ახლა დავწვავ იეღოვურ წიგნებს და დამიჭირონ სხვისი ქონების განადგურებისთვის, – განაცხადა შარაძემ. მისი თქმით, გრიგალაშვილმა მკალავიშვილი კი არ უნდა დასაჯოს, ის ორი მძღოლი უნდა დააკავოს და გაარკვიოს, ვის დავალებას ასრულებდნენ. აღსანიშნავია, რომ შარაძე მზად არის დეპუტატის იმუნიტეტიც კი მოიხსნას, რათა მის მიერ იეღოვური ლიტერატურის დაწვის შემდეგ ხელი არ შეეშალოს გამოძიებას.

შარაძემ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ყოველთვის გმობდა მკალავიშვილის ბრძოლის მეთოდებს და არა იდეებს. იგი გლდანის ეპარქიის წინამძღვარს მხარს უჭერდა იეღოველთა წინააღმდეგ ბრძოლაში. “ყველაფერი გავაკეთე, რომ უეკლესიოდ დარჩენილი მრევლისთვის ეკლესიის აშენების უფლება მიეცათ”, – აღნიშნა შარაძემ და იქვე დასძინა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა მკალავიშვილი და მისი მრევლი გამოვიდეს ბერძენი ეპისკოპოსის მფარველობიდან და დედა ეკლესიას დაუბრუნდნენ.

რაც შეეხება გამომძიებლის ძმას, დეპუტატ ნოდარ გრიგალაშვილს, გურამ შარაძე თვლის, რომ გრიგალაშვილმა ზურგი შეაქცია ილია ჭავჭავაძის ნაციონალურ მოძრაობას და არჩია სააკაშვილის ე.წ. ნაციონალური მოძრაობა. “ის დღეს მე მებრძვის. სააკაშვილის ზურგს უკან მდგარი ადამიანები იჭერენ მართლმადიდებლებს”, – აღნიშნა შარაძემ.

შარაძე პრესკონფერენციაზე შეეხო აგრეთვე სექსუალური და აკრძალული ლიტერატურის საკითხსაც და საბოლოოდ დემონსტრაციულად დაწვა გამომცემლობა “დიოგენეს” მიერ გამოცემული წიგნის “ცვლილებები სხეულში, ცვლილებები ცხოვრებაში” ქსეროასლი. მისი თქმით, პარლამენტში არის ლობი, რომელიც ყველანაირად ეწინააღმდეგება და ბლოკავს ასეთი აკრძალული ლიტერატურის აკრძალვის საკითხს.

– “დიოგენემ” ქართველი ახალგაზრდობის წინაშე დანაშაული ჩაიდინა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, – აცხადებს შარაძე. მისი თქმით, ზემოაღნიშნული წიგნი ამზადებს საქართველოში იმის ნიადაგს, რომ მოხდეს სექსუალური რევოლუცია, უფრო სწორად, სექსუალური ძალადობის დანერგვა. შარაძის თქმით, გამომცემლობა “დიოგენემ” აქამდეც ბევრჯერ გარყვნა ახალგაზრდობა, ეს გამომცემლობა ხალხის გარყვნის ხარჯზე მდიდრდება.

პრესკონფერენციის ბოლოს კი, როგორც აღვნიშნეთ, შარაძემ დემონსტრაციულად დაწვა იეღოვური და სექსუალური ლიტერატურის ნიმუშები და გადაინაცვლა გენერალურ პროკურატურასთან, სადაც მსგავსი ქმედება გაიმეორა. ამით დეპუტატმა ორი საბაბი მისცა გამოძიებას იმისათვის, რომ დააპატიმრონ სხვისი ქონების ხელყოფისა და განადგურებისთვის.

– არ მეშინია, თუ დაპატიმრებას ვიმსახურებ, დამაპატიმრონ, – აღნიშნა შარაძემ.

 

შორენა კოწოწაშვილი
“ახალი თაობა”, 26 აგვისტო, 2003

 

 გუშინ გურამ შარაძემ პარლამენტის რესპუბლიკის დარბაზში ბასილ მკალავიშვილზე გამოცხადებული დევნა გააპროტესტა

 “ეს არის სააკაშვილისა და ნოდარ გრიგალაშვილის შეკვეთა, რომ იეღოველები დაიცვან მართლმადიდებლებისგან. მათ დაკვეთას ასრულებს ვალერი გრიგალაშვილი. ბასილ მკალავიშვილს არ დაუწვავს იეღოვური ლიტერატურა, ეს არცერთ არქივში არ არის, ამიტომ რომ “გავუადვილო” ცხოვრება და გამოძიება სამართალდამცავებს, მე დავწვავ ამ წიგნებს” – განაცხადა მან და სექტანტური ლიტერატურის რამდენიმე ეგზემპლარი ცეცხლს მისცა. მოგვიანებით პარლამენტარი ბასილ მკალავიშვილის მრევლს გენერალურ პროკურატურასთან შეუერთდა და აქცია იქ განაგრძო. მანამდე კი ტელეფონით ვალერი გრიგალაშვილს დაუკავშირდა – აქციაზე მოდით და თქვენი თვალით ნახეთ, როგორც დავწვავ სხვის ქონებასო, მაგრამ გრიგალაშვილმა უდროობა მოიმიზეზა. გლდანის ეკლესიის სტიქაროსნის – პეტრე ივანიძის თქმით, მართლმადიდებელი ეკლესია სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას ხელს უშლის და ამიტომ დევნიან ბასილ მკალავიშვილს. თუკი გრიგალაშვილი საქმეს ნორმალურად არ გამოიძიებს, 2 კვირის შემდეგ მრევლი გრანდიოზულ საპროტესტო აქციას მოაწყობს.

 ნინო ხარშილაძე
“ალია”, 26-27 აგვისტო, 2003

 

 

ვატიკან-საქართველოს ხელშეკრულების საიდუმლო

გურამ შარაძეს გაჩუმებაში 300.000 დოლარი შესთავაზეს

 დღეს ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ხელისუფლებასთან ქართული ეკლესიისა და პარლამენტისათვის გასაიდუმლოებული ხელშეკრულებისათვის უნდა მოეწერა ხელი, მაგრამ ამ საიდუმლო დოკუმენტის არსებობის შესახებ საქართველოს საპატრიარქომ ორი დღით ადრე შეიტყო და დახმარებისათვის პარლამენტარ გურამ შარაძეს მიმართა. გურამ შარაძე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ღირსების დასაცავად ქართულ საზოგადოებას განგაშისაკენ მოუწოდებს.

საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულების გაფორმების ინიციატივა ვატიკანისაგან მოდის. ხელშეკრულებამ ექსპერტიზა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიარა და “დადებითი შეფასებაც” მიიღო. ვატიკანთან ხელშეკრულების გაფორმებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კურირებს, “არაფერი კანონსაწინააღმდეგო ვატიკანთან ხელშეკრულების გაფორმებაში არ არის, მისი ყველა პუნქტი საქართველოს კონსტიტუციას შეესაბამება”, – აღნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა სიხარულიძე. ვატიკანთან გასაფორმებელი ხელშეკრულების “საქართველოს კანონთა შესაბამისობაზე” კი განსხვავებული მოსაზრება საქართველოს საპატრიარქოს გააჩნია.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ვატიკანთან გასაფორმებელი ხელშეკრულების წინააღმდეგ გამოდის. როგორც საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანი, გიორგი ანდრიაძე აცხადებს, ამ გასაიდუმლოებული ხელშეკრულების უკან ვატიკანის ფარული მისწრაფებები დევს, “ვატიკანს სურს მიაღწიოს გარკვეულ ფსიქოლოგიურ რეზულტატს, თითქოსდა მართლმადიდებლურ საქართველოში კათოლიკური ეკლესია განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს”.

ვატიკანთან გასაიდუმლოებულ ხელშეკრულებას ქართველ პოლიტიკოსთაგან პირველი გურამ შარაძე გაეცნო, რომელსაც ამ საქმეში პარლამენტის წევრისათვის მინიჭებული უფლება დაეხმარა. საგარეო საქმეთა სამინისტროს გურამ შარაძე გუშინ დილის 11 საათზე ესტუმრა და გასაიდუმლოებულ დოკუმენტში საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და ერის ინტერესების შემლახავი ლაფსუსები აღმოაჩინა:

– ვატიკანთან გასაფორმებელი საიდუმლო დოკუმენტის შესახებ მე საქართველოს საპატრიარქოდან მიღებული ფაქსით შევიტყვე, საიდუმლო დოკუმენტის გამომჟღავნების გამო კი ვატიკანის ელჩმა საქართველოში პროტესტი გამოთქვა. ასეთი განცხადება დიპლომატისაგან და მით უმეტეს, ვატიკანის წარმომადგენლისაგან პირდაპირ შემაშფოთებელია, როგორ შეიძლება რელიგიურ საკითხებზე ორ სახელმწიფოს შორის ხელშეკრულება საიდუმლოდ გაფორმდეს?! ამ შემაშფოთებელი ფაქტის კონტრარგუმენტად მე მოვიყვან იმას, რომ საქართველოს მთავრობასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების მიღწევას ჩვენ ამდენი წელი მოვანდომეთ, ამ შეთანხმების ტექსტი ათასჯერ იყო გამოქვეყნებული და განხილული სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა მონაწილეობით. ამბობენ, რომ ეს დოკუმენტი ვატიკანსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის რელიგიური შეთანხმებების მიღწევას არ ეხება, მითხარით ერთი, ვატიკანს რელიგიის გარდა სხვა რა აინტერესებს, რომელი ქარხნები, მეურნეობა მაგას აქვს, რომ საქართველოს სახელმწიფომ ბაზარი გაუხსნას?! მე თვალებს არ ვუჯერებდი, როცა საპატრიარქოსაგან ფაქსი მივიღე, ამის შემდეგ პირადად ვეახელი საგარეო საქმეთა სამინისტროს, შევხვდი კახა სიხარულიძეს და დოკუმენტს გავეცანი.

– ვატიკან-საქართველოს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაში საქართველოსათვის მოსალოდნელ რა საფრთხეზეა საუბარი?

– ხელშეკრულების მეორე პუნქტის მეორე მუხლი აბსოლუტურ შეუსაბამობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. აქ საუბარია, რომ საქართველოს სახელმწიფო კათოლიკურ ეკლესიას რეგისტრაციაში გაატარებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ესაა აბსურდი, რადგან ჩვენთან არ მოქმედებს კანონი რელიგიის შესახებ და თანაც საქართველოში დღემდე არაა გატარებული რეგისტრაციაში ჩვენი მრავალსუკუნოვანი მართლმადიდებლური ეკლესია. მართალია, რეგისტრაციაში გაატარეს იეღოველები, მაგრამ მე დავასაბუთე, რომ მათ თავიანთ სექტას სტატუსი შეუცვალეს და რეგისტრაციაში როგორც საქველმოქმედო, კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციად გაატარეს, ამ ტრიუკით კი საზღვარგარეთიდან ფინანსურ დახმარებას ღებულობენ, მარტო ერთ ქართულ ბანკში ჰელსინკიდან იეღოველთათვის გამოგზავნილი 780.000 ამერიკული დოლარი აღმოვაჩინე. ახლა იგივეს აკეთებენ კათოლიკები. ხელშეკრულებაში არის მუხლი, რომ კათოლიკე მოსწავლეებს ქართულ სკოლებში კათოლიკური რელიგია ვასწავლოთ, მე ის მადარდებს, რომ ესაა გამოძახილი კათოლიკების დიდი ხნის სურვილისა, რომ საქართველოში მართლმადიდებლობის ნაცვლად სახელმწიფო რელიგიად კათოლიკობა გამოცხადდეს. ამბობენ, ევროპისკენ გზებს გამოვძებნით თუ კათოლიკობას მივიღებთ და კათოლიკური ევროპა ჩვენი პროტექტორი იქნება რუსების წინააღმდეგ. მათ სურთ ისარგებლონ საქართველოს მართლმადიდებლური მრევლის გაჭირვებით, ჩვენი სოციალური გაჭირვებით, ეროვნული იდეოლოგიის არქონით და ამ საიდუმლო ხელშეკრულებით მართლმადიდებლურ ეკლესიაზე კათოლიკობის ამაღლება მოხდეს.

– თუ დღეს ხელისუფლება ვატიკანთან ამ ხელშეკრულებას გააფორმებს, ბრძოლას შეწყვეტთ? რა გზას მიმართავთ მათ საწინააღმდეგოდ?

– მე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დებატები არ გამიმართავს, ჩემთან დებატებში ჩართვას არავინ აპირებს, კახა სიხარულიძემ მადლობა მითხრა კონსულტაციისათვის, ასე რომ, ვატიკანთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უნდა ვისაუბროთ არა პატრიოტული ფრაზებით, არამედ წმინდა პოლიტიკური და იურიდიული ენით. ჩემი მთავარი მოთხოვნაა, რომ ეს ხელშეკრულება გახდეს საჯარო და მოხდეს მისი რატიფიცირება საქართველოს პარლამენტში. ასე ჩუმად, ერთი ხელის მოსმით მისი ხელმოწერა არ შეიძლება და თუ ვატიკანთან ხელშეკრულებას ხელს დღეს მოაწერენ, ჩვენ მის გასაუქმებლად ვიბრძოლებთ, საერთაშორისო სამართლის პრაქტიკაში დასაშვებია ერისა და სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ხელშეკრულების გაუქმება, ჩვენ საპარლამენტო ბრძოლის ფორმას მივმართავთ.

– კათოლიკებმა თქვენ ატეხილი განგაშისათვის გაჩუმება შემოგთავაზეს?

– იყო ასეთი შემთხვევა, ოღონდ რასთან დაკავშირებით არ ვიტყვი. ერთხელ პარლამენტში, ჩემს კაბინეტში საქართველოში მოღვაწე ერთი კათოლიკე მღვდელი, ერთი ქართველი კათოლიკე ქალბატონის თანდასწრებით მობრძანდა და დუმილის, ბრძოლის შეწყვეტის სანაცვლოდ 300.000 დოლარი შემომთავაზა. მე ვუთხარი, რომ ამგვარი რამ ჩემთვის მაფიოზს არ გაუბედია, არათუ ეკლესიის მსახურს… თუ მართალი ვარ, არ გავჩუმდები და თუ ჩემი არგაჩუმება საქვეყნო საქმეს ზიანს აყენებს, დაამტკიცონ!

 მარიამ მაჭავარიანი
“ტრიბუნა”, 18 სექტემბერი, 2003

 

 

 შარაძე ხელშეკრულების ტექსტის გამოქვეყნებას მოითხოვს

 “რეზონანსი” ვატიკანსა და საქართველოს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების თაობაზე პარლამენტარ გურამ შარაძეს ესაუბრა.

გურამ შარაძე: ვატიკანი არის რელიგიური სახელმწიფო და, გარდა კათოლიკური რელიგიის დაცვისა, სხვა ფუნქცია არ აქვს. საქართველო არის საერო სახელმწიფო და როცა ამტკიცებენ, რომ ორ სახელმწიფოს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაში თითქოს არ არის საუბარი რელიგიაზე, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. საუბარია საქართველოს სახელმწიფოში კათოლიკური ეკლესიისა და კათოლიკური რელიგიისათვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებაზე. ვატიკანს არა აქვს არც სამხედრო ტექნიკა, არც სოფლის მეურნეობა და ეკონომიკა გააჩნია და შესაბამისად, მას საქართველოს ბაზარი არ აინტერესებს. ხელშეკრულებაში საუბარია კათოლიკურ რელიგიაზე და გამაოცა ვატიკანის ელჩის პროტესტმა: როგორ გაბედეს და ხელშეკრულების შინაარსი როგორ გაახმაურესო.

როცა უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის, ანუ იხილებოდა საქართველოს შიდა რელიგიური საკითხი, ის გამოტანილი იყო ფართო საზოგადოების სამსჯავროზე და, როგორც საზოგადოებამ, ისე ყველა კონფესიის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო მისი შემუშავების პროცესში. საბოლოოდ, მას 2002 წელს ხელი მოეწერა სვეტიცხოვლის ტაძარში და ამის შემდეგ რატიფიკაცია გაუკეთა საქართველოს პარლამენტმა. როცა ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებას საქართველოს პარლამენტის რატიფიკაცია სჭირდება, რატომ უნდა წარმოადგენდეს ეს ხელშეკრულება გამონაკლისს?

“რ”: ანუ თქვენ აპროტესტებთ იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ტექსტი გასაიდუმლოებულია?

გ.შ.: გაუგებარია, რატომ უნდა იყოს გასაიდუმლოებული ამ ხელშეკრულების ტექსტი. საზოგადოების უარყოფითი პოზიციის გამძაფრებას სწორედ ეს იწვევს. მე ვურჩევდი როგორც ვატიკანს, ისე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოქვეყნდეს აღნიშნული ხელშეკრულება და გახდეს ფართო საზოგადოების მსჯელობის საგანი.

ამასთან, იურიდიული ნონსენსია, ხელშეკრულების I მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულია, რომ კათოლიკურ ეკლესიას უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს კომპეტენტურ უწყებაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეს ტყუილია, რადგან საქართველოში მოქმედ კანონმდებლობაში არ არის დარეგულირებული რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის საკითხი და არ არსებობს თავად “რელიგიის შესახებ კანონი”.

“რ”: დეკანოზი ბასილ კობახიძე არ ეთანხმება იმ აზრს, რომ დაუშვებელია აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება და იმასაც ამბობს, რომ სასულიერო პირების უმრავლესობა მის აზრს ეთანხმება. თქვენ თუ ფლობთ ინფორმაციას ამის შესახებ?

გ.შ.: სასულიერო პირები გულში რას ფიქრობენ, მე ეს არ ვიცი, მაგრამ საპატრიარქომ გუშინწინ გაავრცელა ოფიციალური განცხადება და კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს გამართა საგანგებო ბრიფინგი, რომლის დროსაც კატეგორიულად გაილაშქრა აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების წინააღმდეგ. ბასილ კობახიძის განცხადებებში ახალი არაფერია და ის მორიგი დემაგოგიური განცხადებაა.

რ”: დეკანოზი ბასილ კობახიძე იმასაც აცხადებს, რომ “პატრიარქი არის მძევალი ბიუროკრატი თანამშრომლებისა და ფანატიკოსი სასულიერო პირების”. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?

გ.შ.: ბასილ კობახიძის განცხადებები არის ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი. მართალი გითხრათ, მასში არაფერია ახალი. წყლის ორი წვეთივით ჰგავს მისი ორი თვის წინანდელი განცხადებები ახლანდელს, რომლის დროსაც მე მას გავეცი საკადრისი პასუხი, ხოლო წმინდა სინოდმა მას უკანასკნელი გაფრთხილება მისცა. ის მოსაკვეთად არის განწირული და, თუ გააგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს, აღსრულებაში მოვა და გამძაფრდება სინოდის პოზიცია, რაც მის მოკვეთაში გამოიხატება. ბასილ კობახიძე მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს.

“რ”: თქვენი აზრით, რამდენად გამართლებულია, რომ საპატრიარქო ან სასულიერო პირები მრევლს იყენებენ ხელშეკრულების საწინააღმდეგო საზოგადოებრივი აზრის გამოსახატად?

გ.შ.: მრევლი შედგება ადამიანებისაგან. მე თუ გამოვთქვი პროტესტი, როგორც პარლამენტარმა, მრევლმაც პროტესტი თავისებურად გამოხატა. სტუდენტებმა გაილაშქრეს საიდუმლო ხელშეკრულების წინააღმდეგ. რა ქნას მართლმადიდებელმა მოქალაქემ, რომელიც არ არის პარლამენტის წევრი და პრესკონფერენციას ვერ მოაწყობს? მრევლი წინააღმდეგია დაფარულად და საიდუმლოდ მოხდეს რაღაც ხელშეკრულების გაფორმება.

“რ”: იმ ფაქტს როგორ შეაფასებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უარი განაცხადა ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებაზე?

გ.შ.: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეუდარებლად შემწყნარებელი და სულგრძელია ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი სახელმწიფოს პატრიარქისაგან განსხვავებით. როგორც იცით, ალექსი მეორემ რომის პაპი არ შეუშვა რუსეთში როგორც სექტანტი. ანუ რომის პაპი გაუთანაბრა სექტანტებს და ამისათვის რუსეთის პატრიარქი ანათემისთვის არავის გადაუცია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კი პირიქით, დიდი პატივით მიიღო რომის პაპი და მასთან ერთად მესასაც დაესწრო. ამისათვის ზოგ-ზოგიერთებმა კინაღამ ჯვარს აცვეს.

ვერ გავიგე, აღარ არის სამართალი ამ ქვეყანაში და ღმერთი არ სწამთ? თუ პატრიარქი მიიჩნევს, რომ ვატიკანი მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ნაბიჯებს გადადგამს, მას სრული უფლება აქვს, რომ პროტესტის ნიშნად ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი არ მიიღოს. ეს მისი უფლებაა.

 სოფო ქვლივიძე
“რეზონანსი”, 19 სექტემბერი, 2003

 

***

გურამ შარაძე: ყურადღება, ყურადღება!

23 ნოემბერს, გიორგობა დღეს, საქართველოს პატრიარქი უნდა დაამხონ!

 “ვარდების რევოლუციის” წლისთავზე საქართველოში მორიგი რევოლუცია მზადდება! ამჯერად “საიდუმლო სერობა” საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კარზე იმართება და შესაძლოა, ყველაფერი იმით დასრულდეს, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა, 2004 წლის ნოემბრის ერთ “მშვენიერ” დღეს ამ უზენაეს ტიტულზე საკუთარი სურვილით განაცხადოს უარი. მეთოდები და ტაქტიკა ნაცნობია! რევოლუციის სამომავლო პერიპეტიებს კი საზოგადოება სულ მალე შეიტყობს. პროფესორი გურამ შარაძე, რომელიც მოსალოდნელ საფრთხეზე გვესაუბრება, გასაგები მიზეზების გამო არ ამხელს ინფორმაციის წყაროს, თუმცა, მისი უტყუარობის შესახებ ირწმუნება და “ასავალ-დასავალს” შეთქმულების დეტალებზე ესაუბრება.

გურამ შარაძე: საქართველოს დღემდე ოთხი ბურჯი ამაგრებდა – მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, მწერალთა კავშირი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. მოდით, დღეიდან დავამკვიდროთ და მას ნიკო მუსხელიშვილის აკადემია ვუწოდოთ! დღეს ოთხივე ბურჯი მორყეული კი არა, წაქცევის პირასაა. ჩემთვის აბსოლუტურად სანდო წყაროდან გახდა ცნობილი, რომ პატრიარქის კარზე სერიოზული შეთქმულება მზადდება. 23 ნოემბერს, როდესაც ფაქტობრივი ხელისუფლება პომპეზურად აკურთხებს სამების საკათედრო ტაძარს და საკუთარ დამსახურებად მიიწერს ამ უზარმაზარი ტაძრის აშენებას ისევე, როგორც მიიწერეს სამაჩაბლოში ჩემ მიერ 15 წლის წინათ გაყვანილი შემოვლითი გზა ერედვიდან თამარაშენამდე, რითაც გადავარჩინეთ 10 ქართული სოფელი დაცლისგან. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადადგომის შესახებ გააკეთებს განცხადებას. მას ხელისუფლება ზეწოლის შედეგად აიძულებს, საქვეყნოდ განაცხადოს: შეუძლოდ ვარ, ფიზიკურად არ ძალმიძს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ვიყო და თანამდებობას ვტოვებო. რეალურად სამების ტაძრის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის! ხელისუფლება მის გახსნას ორი მიზეზის გამო ესწრაფვის: მას სურს, სამების ტაძრის მშენებლობით ხალხის თვალში ქულები მოიპოვოს, და მეორეც – კათოლიკოს-პატრიარქის, როგორც ადამიანის, პიროვნული ამბიცია დააკმაყოფილოს. ცნობისათვის: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიცოცხლის ბოლომდე გადაყენების უფლება არავის აქვს. ამიტომაც აირჩიეს ეს ფორმა. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკების სულიერი მამა რომის პაპი იოანე-პავლე მეორე ფეხზე ვეღარც კი დადის, ვეღარც თავს აბრუნებს და წესიერად ვეღარც მეტყველებს, მისი გადაყენების იდეა თავში აზრადაც არავის მოსვლია და ხელში აყვანილი შემოატარეს მთელი მსოფლიო! გესმით, რას ნიშნავს ყოველივე ეს? სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ახლა საეკლესიო გადატრიალებას აწყობენ! ამას უკვე სახელიც აღარ აქვს. ვაგლახ, თაღლითი სოროსის თაღლითური გზით ნაშოვნმა მილიონებმა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაშიც შეაღწია! აბა, რას უნდა ნიშნავდეს სასულიერო აკადემიის ე.წ. სტუდენტების საქციელი,, რომლებმაც “კმარელებსაც” კი აჯობეს!

– “ვარდების რევოლუციის” ინიციატორთა სახელი ასე თუ ისე ცნობილია. ვინ აწყობს რევოლუციას საპატრიარქოში?

– ეს პროცესი კარგა ხნის წინათ დაიწყო. თანდათანობით გატეხეს ეკლესიის ციხე-სიმაგრე და გადაიბირეს სამღვდელო პირები – ეგრეთ წოდებულები მეუფე დანიელი, დეკანოზი ბასილ კობახიძე, მამა გიორგი ჩაჩავა, მამა ზაზა თევზაძე და სხვები, რომლებიც დროდადრო საქართველოს პატრიარქს ისრებს ესროდნენ და საზოგადოებას ამ დღისთვის ამზადებდნენ. ბასილ კობახიძე ჩემს ხელშია გაზრდილი. ჩემი გარდაცვლილი შვილის ლაშიკოს კლასელი იყო. მას ოჯახური ტრაგედია შეემთხვა, ერთდროულად დაეღუპა დედ-მამა და ხელისგულზე გაზრდილი ბავშვი დეპრესიაში ჩავარდა. ბასილ კობახიძე სწორედ ილია მეორემ იხსნა ფიზიკური განადგურებისაგან. უწმინდესმა და უნეტარესმა გაუმართა ხელი და გაუშვა ევროპაში სასწავლებლად. თუ როგორ გადაუხადა ამაგი იქიდან ჩამოსულმა, ყველა კარგად ვხედავთ.

ილია მეორეს, რომელიც ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის გენერალურ ხაზს მიჰყვება, ე.წ. მამაოები აიძულებდნენ, დაეთმო ეს პოზიციები. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ილია II-ის ყოფნა იმიტომ არ სურთ, რომ იგი ვერ ჩართეს, მეტიც, ვერ გამოიყენეს გლობალიზაციის და სოროსიზაციის პროცესში. მოგახსენებთ, სწორედ საქართველოს პატრიარქმა გამოიყვანა ქართული ეკლესია მსოფლიო საეკლესიო საბჭოდან და ეკუმენიზმისგან გვიხსნა… მათ სურთ, მართლმადიდებლობა ათასი რჯულის სექტანტებს გაუთანაბრონ! სხვათა შორის, ამ საეკლესიო გადატრიალების ერთ-ერთი წინაპირობა იყო ინტელიგენციის ე.წ. წარმომადგენლების ღია წერილი, რომელიც ერთი წლის წინათ გაეგზავნა ილია მეორეს და კინაღამ გული გაუხეთქეს.

– თქვენი ინფორმაციით, არის თუ არა წინასწარ ცნობილი მომავალი პატრიარქის კანდიდატურა?

– მომავალ კათოლიკოს-პატრიარქად მეუფედ წოდებულ დანიელს ამზადებენ, რომელიც ზურაბ ჟვანიას, ნინო ბურჯანაძისა და გიგი წერეთლის პირადი მოძღვარია და, რა თქმა უნდა, მის მიმართ სიმპათია მიხეილ სააკაშვილსაც აქვს. აქვე განვუმარტავ ქართველ ხალხს, რომ დანიელმა მეუფეობა აფხაზეთის საეპისკოპოსოს მეთაურობით მიიღო, რომელიც დღეს პრაქტიკულად არ არსებობს. იქიდან ყველანი გამოძევებულნი არიან, აქ კი იგი ერთხელაც არ შეხვედრია თავის მრევლს. ისიც ისეთივე აფხაზეთის მეუფეა, როგორც ქალაქ სოხუმის მერი თბილისში! მე იგი რამდენიმე წლის წინათ ვამხილე და შარშან, უწმინდესი სინოდის გამსვლელ სხდომაზე გორში სასწრაფოდ შეუთავსეს ჭიათურა-საჩხერის მეუფეობა. იმ ჭიათურა-საჩხერის, რომელიც იეღოველებმა წალეკეს და მართლმადიდებელი ქრისტიანები დახმარებას მე მთხოვენ. ჟვანია, ბურჯანაძე და წერეთელი ამ ადამიანს უმზადებენ პატრიარქის სავარძელს?!

– ბატონო გურამ, როგორ ირწმუნოს მკითხველმა, რომ თქვენ მიერ განცხადებული ინფორმაცია სარწმუნო და სანდოა?

– ჩემს სიტყვებზე თავად ვაგებ პასუხს. როდესაც გაზეთში ეს ინტერვიუ დაიბეჭდება, გამოვიდეს ზურაბ ჟვანია ან ნინო ბურჯანაძე, ან გიგი წერეთელი და საჯაროდ განაცხადონ, რომ ხელს არ ახლებენ ილია მეორეს და შეწყვეტენ ბინძურ ცილისმწამებლურ მოქმედებას საპატრიარქოსა და კათოლიკოსის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში მე საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს და ამით გადავარჩენ პატრიარქს დამხობისაგან!

– არის თუ არა ეს ფაქტი კათოლიკოს-პატრიარქისთვის ცნობილი?

– ნება მიბოძეთ, თქვენი ეს შეკითხვა უკომენტაროდ დავტოვო.

კათოლიკოს-პატრიარქს კი უმორჩილესად, მუხლმოდრეკილი ვთხოვ, რომ არ გატყდეს, გამოიჩინოს სულიერი სიმტკიცე და ახსოვდეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები: კირიონი, ამბროსი და კალისტრატე, რომლებმაც მტრების ზეწოლას არაერთხელ გაუძლეს!

ხოლო სრულიად საქართველოს, ქართულ მართლმადიდებელ 20-საუკუნოვან მრავალმილიონიან მრევლს მოვუწოდებ, რომ დავდგეთ პატრიარქის გვერდით და ერთად გადავარჩინოთ დედა-ეკლესია და სრულიად საქართველო.

 ნატო ფოცხიშვილი
“ასავალ-დასავალი”, 15-21 ნოემბერი, 2004
 

 

ილია მართლის ხატს დევნიან

 გურამ შარაძემ პრესკონფერენცია გამართა და ისაუბრა ეკლესიაში არსებულ მდგომარეობაზე.

– ღვთის მადლით, ვერაფერს რომ გახდნენ და ვერაფერი ავნეს პატრიარქს, ქართული ეკლესიის და მართლმადიდებლობის მტრები გადავიდნენ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ავტორიტეტის შერყევაზე სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი მრევლის თვალში. უწმინდესს აიძულებენ, რომ სიონის და სამების საკათედრო ტაძრიდან გაასვენონ კრიმინალები და საეჭვო ბიოგრაფიის მქონე გარდაცვლილები, მაშინ, როდესაც მხოლოდ ილია ჭავჭავაძეს ერგო პატივი სიონიდან გასვენებისა. თვით აკაკის, ვაჟას და იაკობ გოგებაშვილს ეს პატივი არ ერგოთ. ასე ჩათვალა მაშინ ეკლესიამ საჭიროდ. რომაული ანდაზის – მიცვალებულებზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერიო – თანახმად, არაფერს ვიტყვი იმ ადამიანებზე და არ ჩამოვთვლი მათ, ყველა მიმიხვდება, ვის ვგულისხმობ კრიმინალებში და საეჭვო ბიოგრაფიის მქონე მიცვალებულებში, – აცხადებს გურამ შარაძე. ასევე შარაძე ამბობს, რომ პატრიარქი აიძულეს, სამების საკათედრო ტაძარში გამოფინონ საეკლესიო დროშების გვერდით პოლიტიკურ-პარტიულ-სახელმწიფოებრივი დროშები.

მრევლის აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ სამების ტაძარში გამოფენილია “ნაცმოძრაობის” ყოფილი პოლიტიკური დროშები, ძალადობით მოსულმა ხელისუფლებამ ძალადობით მოგვახვია თავს ახალი სახელმწიფო დროშა. მათ დაამხეს ქართული ეროვნული სახელმწიფო დროშა, – აცხადებს შარაძე. პატრიარქი ვერ აიძულეს, მაგრამ პატრიარქს არ ემორჩილებიან. მისი და წმინდა სინოდის არაერთგზის გამოტანილ დადგენილებას, რომ საქართველოში აიკრძალოს ერთხმიანი ბერძნულ-ბიზანტიური გალობა, ზოგი ეკლესიის მოძღვარი ბედავს პატრიარქის წესების წინააღმდეგ მოქმედებას. უწმინდესის არაერთგზის თხოვნისა და მოწოდების მიუხედავად, სასულიერო პირები ხელისუფლებისგან და არამართლმადიდებლური ძალებისგან ზურგგამაგრებულები დღესაც წირვა-ლოცვას აღავლენენ ბერძნული ერთხმიანი გალობის თანხლებით, – განაცხადა პრესკონფერენციაზე გურამ შარაძემ და იქვე დასძინა, რომ უმთავრესი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოს ეკლესიაშია, ეს არის ორი წმინდანის დევნა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიიდან.

– საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხატს დევნიან სიონის ტაძარში ანტიმართლმადიდებლური ძალები და ასევე დევნიან ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის) ხატს, – აცხადებს შარაძე.

გურამ შარაძე შეეცადა, რომ ჟურნალისტებისთვის ფოტო-მასალა წარმოედგინა. ფოტოებში წმინდა ილია მართლის ხატის დასასვენებელი ცარიელი იყო, ხოლო ხატი ტაძრის გასასვლელ კართან არსებულ კედელზე იყო დაკიდებული. შარაძე დასძენს, რომ ხატის წინ არავითარი შანდალი არ დგას.

– წაგვართვეს საშუალება მორწმუნე მრევლს, რომ ილია ჭავჭავაძეს, როგორც წმინდანს, ვემთხვიოთ და სანთლები დავუნთოთ. ეკლესია ღვთის სახლია და მისი ყველა კუთხე წმინდა ადგილია, მაგრამ ძალიან საეჭვოდ წაგვართვეს მორწმუნეებს ილიას ხატი და მაღლა კედელზე დაკიდეს. ასე უნდათ რომ შეგვაჩვიონ საქართველოს ყველაზე მთავარი ტაძრის მესვეურებმა ილია მართლის ხატის განდევნას, – ამბობს შარაძე. მისი თქმით, მხილების უფლებას თავად უფალი გვაძლევს, მაგრამ როგორც შარაძე აცხადებს, ის არ აპირებდა მხილებას.

– ერთი თვეა ვინახავ ამ სამარცხვინო საიდუმლო ფაქტს, მაგრამ ჩემი გაჩუმება ვიღაცა წინამძღვრის და მღვდლის ახირების გამო იქნება მართალი?! ჩვენი უდიდესი წმინდანი ილია ჭავჭავაძე გვაპატიებს მის დევნას, გაძევებას საქართველოს ეკლესიიდან?! უნდათ დააჯერონ მრევლი, რომ კათოლიკოს-პატრიარქი, რომელმაც წმინდანად შერაცხა ილია ჭავჭავაძე, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას აღავლენს წირვა-ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში, არავითარ ყურადღებას არ აქცევს ილიას ხატის გადაადგილებას. მინდა ღრმად მჯეროდეს, რომ მსგავსი მოქმედება წმინდანის წინაშე ჯერ კიდევ არ იცის პატრიარქმა.

როგორც შარაძე ამბობს, ამ ინფორმაციის სააშკარაოზე გამოტანა არ იყო მხოლოდ მისი ინიციატივა, არამედ მართლმორწმუნე სასულიერო პირების თხოვნაც. შარაძე ფიქრობს, რომ მოვა დრო, როდესაც საერთოდ გაიტანენ ტაძრიდან ილია მართლის ხატს. ის მიმართავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, თუ არ დაუბრუნდება ჭავჭავაძის ხატი თავის ადგილს, კათოლიკოს-პატრიარქი არ გამოიძიებს ამ საქმეს და ეკლესიური წესით არ დასჯის ამ საქმის ჩამდენს, მაშინ ჩვენ არა მარტო მე, მოვალთ პროტესტის გამოსახატავად სიონის ტაძართან.

შარაძე არ აკონკრეტებს, თუ ვინ იბრძვის ილია მართლის და ექვთიმე ღვთისკაცის ხატების წინააღმდეგ, მაგრამ აკეთებს ასეთ მინიშნებას:

– ეთნიკურად არაქართველი რუსულ-ებრაული წარმოშობის სასულიერო პირები უცხადებენ მიზეზთა გამო ბრძოლას ქართველ წმინდანებს. არც ერთი ხატი ექვთიმე ღვთისკაცისა არ არსებობს ქართულ ტაძარში. სამი წელია დამზადდა ექვთიმე ღვთისკაცის ხატი და მოწონებულია პატრიარქის მიერ, მაგრამ საგანგებოდ ებრძვიან, რადგან იციან საქართველოს მტრებმა, რომ დღევანდელი საქართველოს დედაბოძი არის ილია და ექვთიმე, – აცხადებს გურამ შარაძე.

 ნათია ხურცილავა
“ახალი თაობა”, 23 თებერავალი, 2006
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s