ლაშა შარაძის მკვლელობის უცნობი დეტალები

 

ლაშა შარაძის მკვლელობა

 

1998 წლის 17 ივნისს, დილის 10 საათზე, მცხეთის ქუჩა ფეხზე დააყენა შემზარავმა კივილმა. მცხეთის ქუჩა #8-ში საკუთარი სახლის საძინებელ ოთახში შარაძის ოჯახმა თავისი ვაჟის, 33 წლის ლაშა შარაძის, გვამი აღმოაჩინა. კარი დაკეტილი იყო. მშობლები ცალკე ცხოვრობდნენ. მეუღლე და შვილები მეუღლის მშობლების ოჯახში იყვნენ ორი დღით გასულები. ლაშა არ ჩანდა ორი დღის განმავლობაში. შარაძეების მძღოლი მეზობლის კიბის საშუალებით აივნიდან გადავიდა ჩაკეტილ ბინაში. აივნის კარი ღია იყო. რამდენიმე წამში ჯერ მძღოლის შემზარავი კივილი გაისმა: ლაშა! ლაშა! რამდენიმე წუთში კი ამ კივილს მძღოლის მიერ გაღებული კარიდან სახლში შეცვივნული მშობლებისა და მეუღლის ხმაც შეუერთდა, ხუთიოდე წუთში შემთხვევის ადგილას მივიდა ხელისუფლების მაღალი ეშელონების თითქმის მთელი შემადგენლობა, შინაგან საქმეთა მინისტრის, ბატონ კახა თარგამაძის, მეთაურობით. აქვე იყვნენ თბილისის პოლიციის შეფი და ვაკის რაიონის პოლიციის უფროსი. გვამის აღმოჩენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი ჯერ გარდაცვლილის მამის წინაშე აკეთებს განცხადებას იმის შესახებ, რომ ლაშა შარაძე საკუთარ ნარწყევშია დამხრჩვალი (მოგვიანებით მთავარი პოლიციელის, რბილად რომ ვთქვათ, ამ არაკომპეტენტური და დაუდევარი საქციელის გამოსწორებას საკუთარ თავზე აიღებს ვაკის რაიონის პოლიციის უფროსი და ოჯახის წინაშე ბოდიშს მოიხდის იმის გამო, რომ მინისტრი შეცდომაში მისმა ინფორმაციამ შეიყვანა. მაგრამ რა საფუძველზე შევიდა შეცდომაში თავად ვაკის რაიონის პოლიციის უფროსი, დღემდე არავის გაურკვევია); იმავე დღეს ვრცელდება სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ ლაშა შარაძის სიკვდილის მთავარ ვერსიად თვითმკვლელობა უნდა იყოს მიჩნეული. სიკვდილის დასახელებულ ვერსიას იმავე დღეს აიტაცებენ მასმედიის საშუალებები. ქალაქი ტრაგედიის გახმაურების დღესვე შეეგუება იმ აზრს, რომ ლაშა შარაძემ თავი მოიკლა. შეიქმნება ქალაქური ტიპის ინტერპრეტაციები იმის შესახებ, რატომ უნდა მოეკლა თავი ახალგაზრდა კაცს. ტრაგედიის დღესვე მრავალ საეჭვო საქმესთან დააკავშირებენ მიცვალებულის სახელს. საუბარი იქნება ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მშობლებთან ვითომ გართულებულ ურთიერთობაზე… და კიდევ მრავალ გაურკვეველ დეტალზე…

ბუნებრივია, იბადება კითხვა: იყო თუ არა შემთხვევითი სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომხდარი ფაქტის საზოგადოებისთვის ასეთი ტენდენციით მოწოდება? უნდა სცოდნოდათ თუ არა სამართალდამცავ ორგანოებს, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრს, ქალაქის პროკურორს, რესპუბლიკის პროკურატურას, რომ გვამის ექსპერტიზის ჩატარებამდე, შემთხვევის სრულ და დეტალურ შესწავლამდე, ძიების საწყისი მასალების მოპოვებამდე მაინც, რაიმე ვერსიებზე საუბარი ნაადრევი და დანაშაულებრივი იქნებოდა. მით უმეტეს, რომ როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები მიიჩნევენ, თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბარი, ტრაგედიის პირველ დღეს მიღებული შთაბეჭდილებით, ყველაზე ნაკლებად უნდა ყოფილიყო შესაძლებელი.

ჰქონდა თუ არა თვითმკვლელობის ნიშნები მიცვალებულს?

 გვამი საძინებელ ოთახში ნახეს. საკუთარ საწოლზე. მიცვალებულს ხელები თავის ქვეშ ჰქონდა ამოდებული. იწვა მარცხენა გვერდზე. ბალიშებს შორის იდო მარგოლანის ტიპის იარაღი.

ძნელი დასაჯერებელია, რომ კვალიფიციური პოლიციელების პირველი შთაბეჭდილება თვითმკვლელობის ვერსიისკენ წასულიყო – იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ადამიანი, რომელმაც თვითმკვლელობა ჩაიდინა, მიბჯენით მიიდო იარაღი შუბლზე და გაისროლა, თუნდაც სიკვდილის დაგვიანებულად მოსვლის შემთხვევაში, აუცილებელი შოკის პირობებში მაინც ვერ შეძლებდა ხელების თავის ქვეშ ამოდებას, იარაღის ბალიშებს შორის ჩადებას და გვერდზე დაწოლას – მძინარე კაცის პოზაში.

ძნელი დასაჯერებელია აგრეთვე ის, რომ პოლიციის მინისტრის ან თუნდაც რომელიმე მისი ხელქვეითის მზერას ვერ დაეფიქსირებინა რაიმე ნარწყევის კვალი გვამის სიახლოვეს.

ძნელი დასაჯერებელია ისიც, არავის შეენიშნა შემთხვევის ადგილზე მისულთაგან, რომ საწოლი ოთახის შესასვლელში, ბინის ჰოლში, ჩამტვრეული იყო ჭაღის ორი მუშა ნათურა (დანარჩენი სამი გადამწვარი იყო), შუქი ამორთული იყო ერთი წრედიდან, სწორედ იქიდან, რომელიც სახლის იმ ნაწილს ემსახურებოდა, რომელშიც ლაშა შარაძის საძინებელი ოთახია. ძნელი სარწმუნოა, რაიმე ლოგიკას შეიცავდეს იმის დაშვება, რომ კაცმა, ვისაც თვითმკვლელობა აქვს განზრახული, ჩაამტვრია ნათურები, გამორთო შუქი მრიცხველიდან, გაიხადა ტანზე, გაეხვია ზეწარში და მხოლოდ ამის შემდეგ აღასრულა თვითმკვლელობის გადაწყვეტილება… და იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვითმკვლელობის ვერსიის დაშვება ფაქტის დაფიქსირების დღეს, გარკვეული დაბნეულობის, თუნდაც ემოციის, თუნდაც გარკვეული დაუდევრობის გამო, კიდევ შესაძლებელია, რატომ გრძელდებოდა ამავე ვერსიის დამკვიდრების მცდელობა საზოგადოებაში მომდევნო პერიოდშიც, კიდევ მრავალი ხნის  მანძილზე – საგამოძიებო ჯგუფის წევრების მიერ? რა საფუძველზე აძლევდნენ ისინი პრესის თანამშრომლებს თავდაპირველ, შეუცვლელ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თვითმკვლელობა გამორიცხული არ იყო? ნიშანდობლივია, რომ მათ მიერ მიწოდებულ არც ერთ მსგავს ინფორმაციას არ ერთვოდა არავითარი არგუმენტაცია. რა იყო ეს: პროფესიული დაუდევრობა თუ უფრო მეტი – მიზანდასახული ქმედება, ესე იგი, დანაშაული?

 ***

ლოგიკას ბუნებრივად მივყავართ იქით, გაირკვეს, შეინიშნება თუ არა ძიების საქმეში ტენდენციურობის სხვა ნიშნებიც?

ექსპერტთა ვარაუდით, ტენდენციური, დილეტანტური და, საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, დანაშაულებრივია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ლაშა შარაძის გვამის გამოკვლევის საფუძველზე შეიქმნა და რომელსაც ხელს აწერს 11 მაღალკვალიფიციური სპეციალისტი: მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე ამირან გამყრელიძე (სპეციალობით ალერგოლოგი), პათანატომები: დეკანოსიძე და ხარძიაშვილი; კვალიფიციური ექსპერტები: ოქრუაშვილი, მჟავანაძე, აგრეთვე ცინცაძე, ჯიბლაძე, ნაფეტვარიძე და ერისთავი.

მაია ნიკოლაიშვილის, პირველი კატეგორიის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის (12 წლის მუშაობის სტაჟით – სპეციალობაში), განმარტებით, ლაშა შარაძის გვამზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა მთლიანად ყალბია.

სიყალბეს ადასტურებს, პირველ რიგში, ის გარემოება, რომ ექსპერტიზის მიერ დადგენილი ჭრილობის ხვრელების მდებარეობა (იზომება ტერფიდან ათვლით) თითქმის აღემატებოდა ლაშა შარაძის სიმაღლის ზომას (!).

ქალბატონი მაია ნიკოლაიშვილი: “დასკვნა ამტკიცებს, რომ ნასროლი არის სხეულზე იარაღის მიბჯენით, მაგრამ არაფერია ნათქვამი ნაჭდევის რგოლზე, რომელიც, მიბჯენით სროლის შემთხვევაში, სხეულზე აუცილებლად წარმოიქმნებოდა. შესაბამისად, არ არსებობს მისი აღწერილობაც, რომელიც საქმეს გარკვეულ ნათელს მაინც მოჰფენდა. არაფერია ნათქვამი “მინუს ქსოვილზე” (ეს არის ჭრილობაში შეტანილი ქსოვილი), რომელიც, იარაღის მიბჯენით სროლის შემთხვევაში, წარმოიქმნებოდა. აბსოლუტურად არ არის აღწერილი სროლის დამატებითი ფაქტორები ჭრილობის არხის სიღრმეში: ჭვარტლი და თოფის წამლის დაუწვავი ნაწილები. დასკვნის ამ ნაწილში მხოლოდ ასეთი ჩანაწერია: “ჭრილობის სიღრმეში ქსოვილები დაფარულია მუქი მორუხო-მოშავო ფერის ნადებით”. ეს კი მხოლოდ ქსოვილის ლპობის გამომხატველია და არა სროლის დამატებითი ფაქტორი”.

ბუნებრივია, იბადება კითხვა: რას ან ვის ინტერესებს ემსახურებოდა ექსპერტთა ასეთი სოლიდური ჯგუფის მიერ აშკარად მიკერძოებულ და მათი პროფესიონალიზმისათვის სრულიად შეუფერებელ დასკვნაზე ხელის მოწერა? რატომ არ ჩატარდა გვამის ექსპერტიზა შესაბამის დონეზე? რატომ აღმოჩნდა, რომ გვამი ისე დაასაფლავეს (ოჯახს კატეგორიულად მოსთხოვეს, სასწრაფოდ ჩაესვენებინათ მიცვალებული თუთიის კუბოში, რადგან სხეული ხრწნას იწყებდა), რომ საექსპერტო ჯგუფმა ძიებას არ დაუტოვა არც ერთი ფოტოსურათი (იგულისხმება ჭრილობის შესავალ-გასავალი ხვრელის სურათები, ე.წ. ფოტოტაბულა) მაშინ, როცა მიცვალებულს სასწრაფოდ ჩაუტარეს ანალიზი შიდსზე, აგრეთვე ნარკოტიკთან და ალკოჰოლთან დამოკიდებულების დასადენად (სხვათა შორის, ამ ანალიზების ისტორიაც სასწრაფოდ აქციეს მასმედიის ინტერესის საგნად – რადგან ვიღაცას ამ შემთხვევაში ძალიან კარგად ჰქონდა გათვლილი, რომ საზოგადოება დაინტერესდებოდა არა უშუალოდ პასუხით, რომ მიცვალებულს არ დაუდასტურდა არც ერთი ზემოთ ნახსენები ანალიზის დადებითი პასუხი, რამდენადაც თავად სიტყვათა ეფექტით: “შიდსი”! ნარკოტიკები! ალკოჰოლი!)?

საგამოძიებო ჯგუფიდან გამოტანილი კონფიდენციალური ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის ადგილას ნაპოვნ იარაღზე ისე ჩატარდა სასროლი გასროლები (ბალისტიკური ექსპერტიზა), რომ არ მოხდა ლულის შიგნით სისხლის ბიოლოგიური გამოკვლევა (სისხლის არსებობის დაშვება ლულაში შესაძლებელი იყო, რადგან სროლა სხეულზე მიბჯენით მოხდა), ამით მკვლელობის სახეობა თუ არა (მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა), ის მაინც გაირკვეოდა, ამ იარაღიდან გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა ლაშა შარაძე თუ არა.

რაც შეეხება თავად ტყვიას, უკვე ყველასთვის არის ცნობილი, რომ შემთხვევის ადგილას ტყვია არ აღმოჩნდა, იმის მიუხედავად, რომ დათვალიერება სხვადასხვა ჯგუფების მიერ რამდენჯერმე ჩატარდა.

დილეტანტის გონიც უნდა ყოფნიდეს იმის გარკვევას, რომ, როცა მკვლელობის ადგილას არ არის ტყვია, პირველ რიგში, სწორედ, თვითმკვლელობა უნდა გამოირიცხოს… რადგან ტყვიას ვერც მიცვალებული გააქრობს და ვერც თავად გაქრება. მისი შემთხვევის ადგილიდან წაღება მხოლოდ მკვლელს შეუძლია.

საგამოძიებო ჯგუფს არ შეუქმნია ოქმი, რომელიც დაადასტურებდა, რომ შემთხვევის ადგილას ტყვია ვერ ინახა. ცხადია, ასეთი ოქმიც ვიღაცას ძალიან არ სჭირდებოდა, რადგან ეს იქნებოდა ოფიციალური გზის მოჭრა თვითმკვლელობის ვერსიის გარშემო უაზრო ბრუნვისკენ.

 

სხვა საეჭვო გარემოებები

 ლაშა შარაძე უკანასკნელად ორმა ადამიანმა ნახა. ეს იყო 15 ივნისს, ორშაბათს, ღამის 11 საათზე. ერთი მათგანი მისი უახლოესი მეზობელი ქალბატონი იყო, ხოლო მეორე – მისი სახლის პირველ სართულზე მდებარე მაღაზიის (სუპერმარკეტის) გამყიდველი. მეზობელს საეჭვო არაფერი შეუნიშნავს. ლაშა და იგი გულთბილად მიესალმნენ ერთმანეთს და ქალბატონი სახლისკენ გაემართა. სუპერმარკეტის გამყიდველი კი ლაშას სიკვდილის გახმაურების დღეს (ოთხშაბათს), მოწმეების თანდასწრებით, ასე გაიხსენებს ლაშასთან უკანასკნელ შეხვედრას:

“მაღაზიაში ორნი შემოვიდნენ. ახლდა მაღალი, გამხდარი, თეთრპერანგიანი ახალგაზრდა ვაჟი. შინაურულად საუბრობდნენ. ლაშა საშინაო ფორმაში იყო, შორტებში გამოწყობილი. იყიდა ორი ბოთლი ლუდი და თანმხლებთან ერთად სახლისკენ გაემართა…” (რამდენიმე დღის შემდეგ გამყიდველი უკან წაიღებს ნათქვამს, თუმცა მოწმეები მოსმენილს ბოლომდე დაადასტურებენ).

ასე რომ, თორმეტის წუთებზე ლაშას თეთრპერანგიან ახალგაზრდასთან ერთად სახლში შესულს ხედავენ, ლუდის ბოთლებით ხელში. იწყება მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი მატჩი. ლაშას მატჩის საყურებლად მიეჩქარება (ყველა ადასტურებს მის ჩვეულებას: როცა მეუღლე სახლში არ იყო, ტელევიზორთან დაჯდომამდე ლაშას სახლში აჰქონდა ლუდი, პატიჟებდა რომელიმე მეგობარს და გვიანობამდე უყურებდნენ ფეხბურთს).

გვამის აღმოჩენის წუთებშივე დაფიქსირდა, რომ ლუდის ბოთლები და აგრეთვე ორი ჭიქა (ოჯახური სამზარეულოდან დაკარგული ორი ჭიქა სავარაუდოს ხდის, რომ ლუდს ისინი ჭიქებიდან სვამდნენ) შარაძის ბინიდან გამქრალია. ვის შეეძლო ბოთლებისა და ჭიქების სახლიდან გატანა? თვითმკვლელობის დაშვების შემთხვევაში, როგორ უნდა აიხსნას მომხდარი? რატომ უნდა გაეტანა ლუდის ბოთლები სახლიდან ლაშა შარაძეს?

გვამის აღმოჩენის წინა დღეს (მისი უკანასკნელი ნახვიდან კი მეორე დღეს), სამშაბათს, მეზობელი, რომელიც სტუმარს აცილებს სახლიდან, ნახულობს, რომ შარაძეების კართან დგას გასაღებით – თეთრპერანგიანი ახალგაზრდა, მაღალი, გამხდარი კაცი. უეცრად გამოჩენილი ადამიანის დანახვაზე იგი კართან ცოტა ხანს ყოვნდება (ალბათ ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კარზე რეკავს) და მერე მიდის…

ასე რომ, მაღაზიის გამყიდველის მიერ ნანახი ახალგაზრდა კაცი მეორე დღესაც დაფიქსირებულია შარაძეების ბინის კართან. ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო თეთრპერანგიანი?

ძიებამ ლაშა შარაძის სიკვდილის სავარაუდო დრო მიცვალებულის გვამის გამოკვლევის დროსთან შეფარდებით განსაზღვრა და დაადგინა: “სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევის მომენტისთვის გასული უნდა იყოს არა უმეტეს 48 საათი”.

ესე იგი, თავს თუ დავანებებთ იმის მტკიცებას, რომ, პრინციპში, ძიება არ შეიძლება, ასეთი კატეგორიული იყოს სიკვდილის დროის განსაზღვრისას, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სამედიცინო ექსპერტიზაში დღემდე არ არსებობს არავითარი ინსტრუმენტი, რომელიც ობიექტურად დაადგენს სიკვდილის ხანდაზმულობას, ლაშა შარაძის სიკვდილის დროდ 15 ივნისის ღამე უნდა მივიჩნიოთ. ეს ის ღამეა, როცა ლაშა უკანასკნელად ნახეს საკუთარი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე სუპერმარკეტში – მეგობართან, უკიდურეს შემთხვევაში, ძალზე ახლობელ ადამიანთან ერთად, რასაც, მოწმეთა ჩვენებით, მათი საუბარი და ურთიერთობის ფორმა ადასტურებდა. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მოწმის ჩვენება: “ისინი მაღაზიაში შემოვიდნენ მეგობრული საუბრით, ლაშამ ორი ბოთლი ლუდი შეიძინა, საუბარს აგრძელებდნენ. შემდეგ ერთად გავიდნენ მაღაზიიდან და გეზი ლაშას სახლისკენ აიღეს…”

სწორედ იმ სახლისკენ, სადაც რამდენიმე ხნის შემდეგ ტყვიით შუბლგახვრეტილი ლაშა შარაძის გვამს აღმოაჩენენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უცნობი მეგობრის გარეგნული ნიშნებია: მაღალი, გამხდარი, თეთრპერანგიანი ახალგაზრდა.

შარაძეების ოჯახი კითხვაზე, ჰყავს თუ არა ლაშას ასეთი აღწერილობის მეგობარი, პასუხობს, რომ ამ კითხვამ შეიძლება შეურაცხყოს ლაშას ბევრი მეგობარი, რადგან მაღალი და გამხდარი მათ შორის ბევრია და თეთრ პერანგსაც ივნისის თვეში, შესაძლებელია, თითოეული მათგანი ატარებდა. ოჯახი ფიქრობს, რომ ამ კითხვამ არ შეიძლება ძიებას რაიმე არსებითი მისცეს. მაგრამ საინტერესოა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რას ფიქრობს თავად ძიება, რომლისთვისაც, ოჯახისგან განსხვავებით (და მისი პრაქტიკიდან გამომდინარეც), თითოეული დეტალი არა მხოლოდ მორალის, არამედ საგამოძიებო კვლევის საგანს უნდა წარმოადგენდეს. ჩვენს გაოცებას იწვევს ის, რომ როგორც თავად ლაშას მეგობრებისგან გახდა ცნობილი, ძიებას დღემდე არ აქვს გადამოწმებული არც ერთი ზემოთ მოყვანილი აღწერილობის მეგობრის ალიბი 15 ივნისს, ე.ი. ლაშას სიკვდილის ღამეს – რაც თითოეული მათგანის შეურაცხყოფაზე მეტად, ჩვენი აზრით, თითოეული მათგანის (ერთის გამოკლებით) ლოგიკური ეჭვიდან გამორიცხვას მოემსახურებოდა.

მით უმეტეს, რომ თეთრპერანგიანი მეგობრის ლაშას სიკვდილთან აშკარა კავშირის ვარაუდის საფუძველს სხვა მნიშვნელოვანი გარემოებებიც იძლევა: პირველ რიგში, ის, რომ მას (ასეთი აღწერილობის კაცს) ლაშას ბინის დაკეტილ კართან გასაღებით ხელში (როგორც უკვე აღვნიშნეთ) ლაშას გაუჩინარებიდან (ექსპერტის მიერ დადგენილი სიკვდილის ღამის) მეორე დღესაც ხედავენ.

ის, რომ მეგობარს, რომელიც ნამდვილად არის დაფიქსირებული ლაშა შარაძის გვერდით მის სიკვდილამდე, თუ მას არანაირი კავშირი არ აქვს ლაშას მკვლელობასთან, თუ მხოლოდ შემთხვევით აღმოჩნდა ტრაგედიის ღამეს ფეხბურთის მატჩის საყურებლად მის ბინაში და ყველაფერი მისი წასვლის შემდეგ მის გარეშე მოხდა, ყველა შემთხვევაში უნდა გაემჟღავნებინა ლაშასთან უკანასკნელი შეხვედრის ამბავი ისე, როგორც გაამჟღავნეს იმ ღამეს ლაშა შარაძის სხვა მნახველებმა: მეზობელმა და სუპერმარკეტის გამყიდველმა ქალბატონებმა.

და, რაც მთავარია, ოჯახმა გვამის აღმოჩენის დღესვე აღმოაჩინა, რომ სახლიდან დაკარგულია რგოლზე ასხმული გასაღებების ერთი ეგზემპლარი. ლაშა შარაძის მეუღლე, ქალბატონი ადა, ზუსტად იხსენებს, რომ სახლიდან გასვლისას (იგი ორშაბათს საღამოს, დაახლოებით 7 საათზე, ე.ი. ლაშას სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, გავიდა) მან საკუთარი ხელით ჩამოკიდა გასაღებების ასხმა ჰოლში – ტანსაცმლის საკიდზე.

სავარაუდოა, რომ ჰოლიდან გასაღების აღებაც მხოლოდ იმ კაცს შეეძლო, რომელიც რაღაც გზით ლაშა შარაძის სახლში მოხვდებოდა. ასეთი კი ორი გზა შეიძლებოდა ყოფილიყო: პირველი – ლაშასთან ერთად სახლში შესვლა (რომელიც საეჭვოდ ემთხვევა თეთრპერანგიანის შესვლას ლაშას სახლში და მეორე – პირველ სართულზე მდებარე შარაძეების ბინის აივანი. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ არსებობდა მიზეზი, რის გამოც ლაშა შარაძე ღამით (და, თავისთავად, იმ ღამესაც) აივნის კარს ღიად არ ტოვებდა, მაშინ სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება ლაშა შარაძის საიდუმლოებით მოცული სიკვდილის საქმის გასახსნელად მისი დაუდგენელი თეთრპერანგიანი მეგობრის ძიება.

 ***

15 ივნისს მარხვა იწყებოდა, ძიების დასკვნით, ლაშა შარაძის სიკვდილის დღე სწორედ პეტრე-პავლობის მარხვის პირველსავე დღეს ემთხვევა. ლაშა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიის მრევლის აქტიური წევრი იყო. მოგვიანებით მისი სულიერი მოძღვარი, მამა კონსტანტინე, მიიღებს ქრისტიანული საზოგადოებისთვის, ერთი შეხედვით, ძალზე მოულოდნელ გადაწყვეტილებას და იმ დღეებში, როცა მთელი ქალაქი ლაპარაკობს ლაშა შარაძის თვითმკვლელობაზე, როცა სამართალდამცავი ორგანოები: ქალაქის პროკურორი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგამოძიებო ჯგუფის წევრები პრესკონფერენციას მართავენ ლაშა შარაძის თვითმკვლელობის თემაზე, მამა კონსტანტინე მიცვალებულს წესს აუგებს 33 წლის “თვითმკვლელს”.

მამა კონსტანტინე: “ლაშა ჩემთან სიკვდილამდე ორი კვირით ადრე იყო. მოძღვართან ყველა ქრისტიანი გულახდილია. მას არაფერი დასცდენია თავისი განსაკუთრებულად მძიმე სულიერი მდგომარეობის შესახებ. მეც არაფერი შემიტყვია. სიკვდილამდე ერთი თვით ადრე ეზიარა. სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე  მაკურთხებინა ოჯახი, სახლი, სადაც ახალგაზრდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა, კაბინეტი საავადმყოფოში, სადაც მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მე, როგორც მისი სულიერი მამა, აბსოლუტურად გამოვრიცხავ ლაშას მხრიდან არა მხოლოდ თვითმკვლელობას, არამედ ამ საშინელ ქმედებაზე ფიქრსაც კი”.

დედა, ქალბატონი სვეტლანა გახარია-შარაძე: “კვირას, 14 ივნისს, ლაშამ საავადმყოფოდან დამირეკა. მითხრა, ორ საათამდე ვერ წავალ სახლში, რადგან წუხელ მძიმე ავადმყოფი ჩამოიყავნეს ზუგდიდიდანო. დაახლოებით 2-3 საათზე ის, მართლაც, სახლში იყო, ისევ დამირეკა და მითხრა, რომ ცოტას დავიძინებ, შემდეგ კი მე, ადა და ბავშვი ბესო ნაცვლიშვილის ქორწილში წავალთო. ბავშვი თან უნდა წაეყვანათ, რადგან უდედოდ არავისთან რჩებოდა, ძიძის გარდა, რომელიც იმ დღეს ისვენებდა”.

ირაკლი ხუნდაძე, ლაშა შარაძის მეგობარი: “ჩვენ, მე და ჩემი მეუღლე ქორწილში წასვლამდე ლაშას მრგვალ ბაღთან შევხვდით. ლაშა მარტო იყო. არც ბავშვი ახლდა და არც მეუღლე. მითხრა, ადა აქვეა, ბაღში, ბავშვს ასეირნებს, ცოტა უგუნებოდ არის და წამოსვლაზე უარი თქვაო. იქვე გვითხრა ახალი ამბავი: ის და ადა მეორე ბავშვს ელოდებოდნენ. ქორწილში ერთად მივედით, იქიდანაც ერთად წამოვედით – ასე, 1-ლი საათი იქნებოდა. როგორც ყოველთვის, მხიარულობდა, განსაკუთრებით უყვარდა ცეკვა. ბესოს მეგობრები აღაფრთოვანა მისმა მოლხენამ. მადლობაც კი გადაუხადეს ლაშას ასეთი ლამაზი საღამოს ჩუქებისთვის”.

დედა, ქალბატონი სვეტლანა: “ღამე შევეხმიანე ლაშას ტელეფონით. მითხრა, რომ ქორწილიდან ადრე წამოვიდა, რადგან ფიქრობდა საავადმოყოფოში გავლას ზუგდიდიდან ჩამოყვანილი ბავშვის დასახედად, მაგრამ გადაუფიქრებია, რადგან ტელეფონით ბავშვის მდგომარეობა საიმედოდ აუწერეს. მერე მთხოვა, ამაღამ, 12-ის მერე მარხვა იწყება 12 ივლისის ჩათვლით და შენ და ადამ სამარხვო საჭმელი მომიმზადეთ ხოლმეო. ასე დაღამდა კვირა, 14 ივნისი”.

სიკვდილამდე დარჩენილია ზუსტად ერთი დღე. ძიების დასკვნით, ლაშას შუბლზე მიდებული იარაღიდან სასიკვდილო გასროლა, თავდაპირველი ვერსიით – თვითმკვლელობა, ზუსტად ერთი დღის შემდეგ, 15 ივნისს, ღამით, მოხდა.

 ***

საინტერესოდ გვესახება ერთი ფაქტი ტრაგედიის წინა დღეებიდან:

ლაშას საავადმყოფოში მორიგეობა (იგი ზუბალაშვილების ქუჩაზე მდებარე ბავშვთა საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე გახლდათ) სამშაბათს, 16 ივნისს, უწევდა. სწორედ თავისი სიკვდილის წინა დღეს (მკვდარია 15 ივნისის ღამეს), მაგრამ მორიგეობა თანამშრომელმა გაუცვალა. ლაშამ მორიგე ექიმის მოვალეობა შაბათს ღამით შეასრულა. თუ ძიებამ გამორიცხა თვითმკვლელობა, მაშინ აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი ერთ არსებით კითხვას: რატომ დაემთხვა ასე საეჭვოდ მოვლენათა შემდეგი მსვლელობა? ლაშა, წესით, სახლში მარტო რჩებოდა ხოლმე პარასკევის საღამოდან კვირის ჩათვლით, როცა მეუღლე და შვილები საბურთალოზე, მეუღლის ოჯახში, გადიოდნენ. იმ შაბათ-კვირის განრიგი კი შეიცვალა მეგობრის ქორწილის გამო: ადას და ლაშას კვირას ქორწილში ერთად წასვლა აქვთ გადაწყვეტილი და დიდი შანსია, რომ მეუღლე პარასკევს მშობლებთან აღარ გავიდეს, ე.ი. ლაშა მარტო აღარ დარჩეს. შეეძლო თუ არა ვიღაცას განესაზღვრა, რომ მეუღლე და შვილები საბურთალოზე შემდეგ დღეებში მაინც აუცილებლად წავიდოდნენ (რადგან ზაფხულში ბავშვი ჩაკეტილ ბინაში ჭირვეულობს, იქ კი სახლს ეზო აქვს და ოჯახსაც ამიტომ აქვს ტრადიციად დამკვიდრებული კვირაში ერთხელ საბურთალოზე გასვლა), რომ ლაშა სახლში მარტო, პარასკევის ნაცვლად, კვირა დღის შემდეგ დარჩებოდა? დაინტერესებულ პირს, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეეძლო. ორშაბათს და სამშაბათს ლაშას სახლში (და არა სამსახურში) ხელოვნური გაწვევაც და საავადმყოფოს ნებისმიერი თანამშრომლისგან ინფორმაციის მიღებაც ასეთი ფაქტის შესახებ.

 ***

ბავშვთა საავადმყოფო, რომელშიც ლაშა შარაძე მუშაობს, ზუსტად ასი წლის წინ ააგეს, როგორც უპოვართა სახლი – ნიკოლოზ ზუბალაშვილის ანდერძით.

ჩვენი აზრით, საინტერესოდ და დამაინტრიგებლად გამოიყურება ამ საავადმყოფოსთან ლაშა შარაძის ურთიერთობის მთელი ისტორია: საავადმყოფოს მთავარი ექიმის გარდაცვალების შემდეგ ვაკანტური ადგილისთვის რამდენიმე კანდიდატურა იბრძოდა. თუ შეიძლება ასე ითქვას, ფინალში მხოლოდ ორი მათგანი დარჩა ერთმანეთის პირისპირ. ესენი იყვნენ ლაშა შარაძე და ბატონი ცხომელიძე. ორივეს უკან იდგა ინტერესთა გარკვეული ჯგუფები. ლაშა შარაძის კანდიდატურას მხარს უჭერდა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა დაცვის კომიტეტი, რომლის წევრი თავად ლაშაც გახლდათ. ჯანდაცვის სამინისტრომ ლაშა შარაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა ერთადერთი და, პრინციპში, გასაგები მიზეზით: თავად საავადმყოფოს თანამშრომლები უარს ამბობდნენ გარედან მოსულ კანდიდატზე. ისინი პრიორიტეტს საავადმყოფოს კადრს ანიჭებდნენ. ცხომელიძეც და შარაძეც გარედან მოსულები იყვნენ. გამოიძებნა კომპრომისული ვარიანტი: მთავარ ექიმად საავადმყოფოს თანამშრომელი ბატონი დავით მაგრაქველიძე დაინიშნა, ხოლო ლაშა შარაძე – მის მოადგილედ. ცხომელიძეს საავადმყოფოს ხელმძღვანელობაში ადგილი არ ერგო. ლაშა შარაძის ინტერესი კი ნაწილობრივ განხორციელდა – იგი საავადმყოფოს მართვაში, პრაქტიკულად, ძალზე დიდ მონაწილეობას იღებდა. ასე რომ, შეიძლება ითქვას: ორთა შორის გამარჯვება მაინც ლაშა შარაძეს დარჩა.

საავადმყოფოს მომსახურე პერსონალის მთავარი არგუმენტი მთავარი ექიმის თანამდებობაზე გარედან მოსული კადრის წინააღმდეგ იყო შემდეგი: საუბარი მიდიოდა საავადმყოფოს პრივატიზების დღის წესრიგში დაყენებაზე, რაც მიუღებელი იყო თანამშრომლებისთვის და უცხო ადამიანის მოსვლაში ისინი ამ საშიშროებას ხედავდნენ.

ლაშა საავადმყოფოში მოსვლის დღიდან მათ შორის აღმოჩნდა, ვინც არა მხოლოდ საავადმყოფოს პრივატიზების წინააღმდეგ იბრძოდა, არამედ თავად გახდა ინიციატორი საავადმყოფოს სახელმწიფო ბიუჯეტზე გადაყვანის ყველა მცდელობისა.

ბატონი იაკობ ახუაშვილი: “ლაშამ ერთხელ ჩემთან პირად საუბარში თქვა: ბატონო იაკობ, როგორ მიხარია, რომ თქვენნაირი გულშემატკივარი გვყავს. წარმოიდგინეთ, ლამის შეგვჭამონ, ვიღაცეები ბავშვებს არად დაგიდევენ, შენობის წაღებაც კი უნდათ. მთავარ ექიმთან შევთანხმდით, რომ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ საქმეებს მოილევდნენ და სექტემბრიდან შევეხმიანებოდით პარლამენტს, რათა აღნიშნული საკითხი განეხილა… ფულით მოღონიერებულნი, რომლებიც ყველაფერს ყიდულობენ: მიწას, სახლს, სიცოცხლის წართმევასაც კი, ლამობდნენ ბავშვთა საავადმყოფოს ხელში ჩაგდებას, რისი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ლაშა”.

ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციით, ლაშა შარაძემ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირადი კავშირების წყალობით, აგრეთვე მამის, პარლამენტარ გურამ შარაძის დახმარებით, თითქმის მიაღწია გამარჯვებას – საავადმყოფოს პრივატიზაციის საქმე თითქმის ჩაიშალა. თანამშრომლები ლაშაში უკვე ერთპიროვნულ ლიდერს ხედავდნენ. სამაგიეროდ ვიღაცის (თუ ვიღაცეების) ფინანსურ მიზნებს წერტილი დაესვა. საქართველო კი ის ქვეყანაა, სადაც ტყვიას, სწორედ, ფინანსური ინტერესების გადაკვეთაზე ისვრიან. ძიებას, ალბათ, უნდა აინტერესებდეს, ვისი ფინანსური ინტერესები გადაკვეთა ლაშა შარაძის პოზიციამ – არ გაყიდულიყო საავადმყოფო? მოარული ხმების თანახმად, ინტერესთა ამ ჯგუფის დადგენას გარკვეული მიზეზების გამო ძიება არასდროს შეეცდება.

 ***

ლაშა შარაძეს თვითმკვლელობა არ ჰქონდა გადაწყვეტილი. მას ამის გაკეთება იარაღის დახმარებით არც შეეძლო უბრალო მიზეზის გამო: ლაშას ყველა მეგობრის კატეგორიული მტკიცებით, ლაშას არასდროს ჰქონდა იარაღი.

მნიშვნელოვანი ფაქტი – ზემოთ მოყვანილი მტკიცების და აგრეთვე იმის დასადასტურებლად, რატომ არ დატოვებდა ლაშა ღიად აივნის კარს და რატომ ვერ შეაღწევდა მკვლელი ბინაში ამ გზით?

23 აპრილს ახალგაზრდა ცოლ-ქმრის აქამდე უშფოთველ ცხოვრებაში ერთი მოულოდნელი შემთხვევა მოხდა: ღამე, როცა ყველას ეძინა…

ლაშას მონათხრობიდან დედის, ქალბატონი სვეტლანას, წინაშე: “მოულოდნელად გამაღვიძა ვიღაცის დაჟინებულმა მზერამ. ჯერ კიდევ არ ვიყავი გამოფხიზლებული. საწოლიდან წამოვხტი, ვცადე, არ მეხმაურა, რომ არ შემეშინებინა ბავშვი… უცნობი ზურგით წავიდა აივნისკენ… უკან მივყევი… იგი აივნის ღია კარიდან გადახტა…”.

ლაშას მეუღლის მონათხრობიდან: “ხმაურზე გამეღვიძა. ლაშა აივანთან იყო. მივვარდი. იგი უკან, სახლში, შემობრუნდა, ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, კარადას მივარდა: ადა, სად არის ფანარი? ვეძებდით ფანარს… მივხვდი, რომ ლაშას იმის ეშინოდა, კიდევ ვინმე არ ყოფილიყო სახლში დარჩენილი…”.

ლოგიკური კითხვა: რატომ დაუწყებდა ძებნას ლაშა შარაძე ღამის ინციდენტის დროს მაინცდამაინც ფანარს და არა იარაღს, თუკი ეს უკანასკნელი მას ნამდვილად ჰქონდა?

ლოგიკურია კიდევ ერთი დასკვნის გაკეთებაც: ლაშა შარაძე ამ შემთხვევის შემდეგ განსაკუთრებით ფრთხილი უნდა გამხდარიყო და, პირველ რიგში, სწორედ იმ აივნის კარის მიმართ, საიდანაც აპრილში უცნობი მამაკაცი გადმოვიდა. მართლაც, ოჯახის წევრების მტკიცებით, ლაშა აივნის კარს ღიად არასოდეს ტოვებდა. თუმცა ოჯახმა გვამის აღმოჩენის მომენტში ეს კარი მაინც ღია ნახა. რით უნდა აიხსნას ეს? იმით ხომ არა, რომ სწორედ მან, ვინც ლაშასთან ერთად ტრაგედიის ღამეს შევიდა სახლში, კვალის დაფარვის მიზნით, აივნის კარი სპეციალურად დატოვა ღია? მკვლელი რომ შარაძის სახლიდან აივნით არ არის გამოსული, ამას დაკარგული გასაღებიც ამტკიცებს. ასე რომ, სახლში აივნის გზით შეღწევის შემთხვევაშიც ეს კარი მას მაინც უნდა დაეკეტა, რადგან მსხვერპლისთვის ყველა გზა წინასწარ უნდა ყოფილიყო მოჭრილი, ხოლო თავად მას გამოსასვლელად საკიდზე დაკიდებული გასაღებიც გამოადგებოდა.

 ***

ლაშა შარაძეს თვითმკვლელობა არ ჰქონდა გადაწყვეტილი. იგი დედას სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ნახულობს: 15 ივნისს, ორშაბათს, დაახლოებით 4-დან 5-ის ნახევრამდე. რადგან მშობლები მრავალსართულიანი სახლის მეათე სართულზე ცხოვრობდნენ, დედა, სამსახურიდან მომავალი შვილი რომ არ ეწვალებინა, თავად ჩამოვიდა ძირს მასთან შესახვედრად და საადმყოფოდან მოტანილი წამლის გამოსართმევად. ლაშა და დედამისი ერთმანეთს კიბეებზე შეხვდნენ, მეორე სართულზე. დედა მანქანამდე ჩაჰყვა ლაშას. გზაში მისი შვილი, რომელსაც თურმე რამდენიმე საათის შემდეგ თვითმკვლელობა უნდა ჩაედინა, შეუჩერებლად საუბრობდა მომავალ გეგმებზე: “… ხუთშაბათს ბაზრობაზე გამომყევი, თეთრი ხალათი და შავი შარვალი მაყიდინე… ბავშვებს რომ სურამში წავიყვან, მე და შენ სამზარეულოში მეტლახი დავაგებინოთ… მარხვაზე ვარ და დეიდას გაკეთებული ბადრიჯანი მომენატრა, იქნებ გამიკეთოს… აქვე მაცნობა, მე და ადა ახალ ბაჭიას ველოდებითო… საოცრად ბედნიერი იყო…”.

ლაშა შარაძის მეუღლე: “… სახლში მოსულმა წყალი გადაივლო ტანზე, ისადილა (სამარხვო საჭმელი მქონდა გამზადებული), წამოწვა თავის ლოგინზე, ჩართო ტელევიზორი და მიეძინა. ამასობაში ძიძამ ბავშვი მოიყვანა. მის ხმაზე გაეღვიძა, ბევრი ეთამაშა. მე მივხვდი, რომ ძალიან იყო დაღლილი, მაგრამ ბავშვიც ჭირვეულობდა… ვთხოვე, საბურთალოზე გაგვიყვანე-მეთქი. მიპასუხა, ძალიან ვარ დაღლილი, დედაჩემს დაურეკეთ და ის წაგიყვანთო. მე მომერიდა დედას შეწუხება და ტაქსით წავედი. სახლიდან გასვლის წინ ლაშას ვკითხე, გასაღები წავიღო თუ არა-მეთქი. როგორც გინდა, უკან მაინც მე გამოგიყვანთო. ამიტომ გასაღების აცმა შემოსასვლელში, ტანსაცმლის საკიდზე დავტოვე…”.

მამა, ბატონი გურამ შარაძე: “ექიმისგან ვბრუნდებოდი. არ ვიცი, რატომ, ლაშასთან შევლა გადავწყვიტე. იქნებოდა დაახლოებით 9-ის ნახევრიდან 9 საათამდე. გარეთ ლაშას მანქანა არ იდგა. კარზე დავრეკე, არც კარი გააღო ვინმემ. ვიფიქრე, ახალგაზრდებმა საღამოს სადმე გაისეირნეს-მეთქი და სახლში წავედი…”.

დედა, ქალბატონი სვეტლანა: “ჩვევად გვქონდა – ძილის წინ ერთმანეთს ვურეკავდით. იმ საღამოსაც დამირეკა. ეს იყო, დაახლოებით 11-ის წუთებზე – პროგრამა “ვესტის” დაწყებისთანავე. ჩვეულებრივი ხმა ჰქონდა. ლაშა, სად ხარ-მეთქი? აქ ვარო. სად აქ, საავადმყოფოში-მეთქი? კიო. რჩები თუ მიდიხარ სახლში-მეთქი? არ ვრჩები, სახლში მივდივარო. აბა, დავიძინებ მშვიდად ამაღამ-მეთქი. დაიძინე, აბა, რა უნდა ქნაო…”.

დედას ლაშასთვის ხმაზე განსაკუთრებული არაფერი შეუმჩნევია. დავიმახსოვროთ: თერთმეტის წუთებზე ლაშა დედას ეუბნება, რომ საავადმყოფოშია. ოთხშაბათს, დილით, როცა ოჯახი უკვე  შეშფოთებული ეძებს გაუჩინარებულ შვილს, საავადმყოფოს მთავარი ექიმი იტყვის, რომ ლაშა ორშაბათს საღამოს საავადმყოფოში არ ყოფილა. ვინ იცრუა – ლაშა შარაძემ თუ სხვამ? საიდან იცოდნენ ასე კატეგორიულად საავადმყოფოს ხელმძღვანელებმა, რომ ტრაგედიის ღამეს ლაშა საავადმოყოფოში არ ყოფილა? თავად ისინი იყვნენ იმ ღამეს საავადმყოფოში? სად იყო ლაშა თერთმეტის წუთებზე, თუ იგი ამ დროს საავადმყოფოში ნამდვილად არ იყო? ცხრა საათზე მამა აფიქსირებს, რომ იგი მანქანით, მართლაც, სადღაც არის გასული. რა იყო ის მნიშვნელოვანი საქმე, რომლის გამოც ლაშა შარაძე, რომელმაც ცოტა ხნით ადრე უარი უთხრა მეუღლეს და შვილს საბურთალოზე გასაყვანად მანქანით მომსახურებაზე, რამდენიმე საათის (შეიძლება წუთის) შემდეგ სახლიდან გავიდა? რატომ ფიგურირებს ისევ საავადმყოფო? ვის შეხვდა ლაშა შვიდი საათის მერე – თერთმეტ საათამდე? არის თუ არა სახლიდან გასვლა იმ პირთან დაკავშირებული, რომელთანაც იგი სიკვდილის წინ სუპერმარკეტში ნახეს?

ეს ის კითხვებია, რომლებზეც გამოძიებას ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია, რომლებშიც ნამდვილად დევს ლაშა შარაძის მკვლელობის საქმის გასაღები და რომლებიც – თუ კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს ძიების აშკარა ტენდენციურობას – თვითმკვლელობის ვერსიისკენ: ექსპერტის უსაფუძვლო და არაკომპეტენტურ დასკვნას, მავანთა  მიერ საზოგადოებრივ აზრზე მიზანმიმართულ ზემოქმედებას – ვიღაცის ძალზე ძლიერ და უჩინარ ხელს უჭირავს… და, შესაძლებელია, არა მხოლოდ ერთს.

 ლია ტოკლიკიშვილი
“ახალი 7 დღე”, 25-31 მაისი, 2007

3 Responses to ლაშა შარაძის მკვლელობის უცნობი დეტალები

  1. Tuyet Bearup ამბობს:

    Most of the blogs online are pretty much the same but i think that your blog can be an exception. Grats !

  2. Darras ამბობს:

    just wanted to say thank for this great content!

  3. Barbra Kivioja ამბობს:

    I truly appreciate this post. I’ve been looking everywhere for this! Thank goodness I found it on Bing. You have made my day! Thx again!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s