ჩემს მკვლელებს ნუ დასჯით!

 

ლაშა შარაძის მკვლელობა

 

გურამ შარაძე: ჩემს მკვლელებს ნუ დასჯით!

ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან ლაშა შარაძის მკვლელობამდე!

 …უსიამოვნო სიზმარივით დღესაც ცხადად მახსოვს: ბათუმის თეატრში მემედ აბაშიძის ძეგლის გახსნასთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონიალი გაიმართა… კონფერანსიემ საზოგადოებას გურამ შარაძის მემედ აბაშიძის პრემიის ლაურეატის ტიტულით დაჯილდოება ამცნო. დარბაზი ფეხზე წამოდგა… აპლოდისმენტები არც ედუარდ შევარდნაძეს დაუშურებია და არც ასლან აბაშიძეს. ზურაბ ჟვანია კი დასჯილი ბავშვივით, განმარტოებით იდგა… რატომღაც ვიფიქრე: თბილისელი და ბათუმელი “ბაბუები” გურამ შარაძის სიყვარულში ერთმანეთს ეცილებიან, რამეთუ… ორივემ კარგად უწყის, ხალხი შარაძეს დიდ პატივს რომ სცემს და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ბატონი გურამის გვერდით დაყენება არცერთს აწყენს-მეთქი. სხვათა შორის, იმხანად გურამ შარაძე ბათუმის სამეფო კარისთვის ჯერ კიდევ სასურველი სტუმარი იყო (!). ყოველ შემთხვევაში, ასლან აბაშიძესთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა… ცხადია, მაშინ აზრადაც კი არ მომსვლია, რამდენიმე თვის შემდეგ გურამ შარაძის უფროსი ვაჟი – ლაშა შარაძე სიცოცხლეს, ასე ვთქვათ, საიდუმლო ვითარებაში რომ დაასრულებდა, თუმცაღა…

ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე “აჭარის ლომს” ისევ “ჩემო ასლანო”, – ეძახის და ხანდახან მოღალატეებზეც ჩამოუგდებს ხოლმე სიტყვას! მეტიც, სამთავრობო კულუარებში ამბობენ, გურამ შარაძე აბაშიძის გარემოცვასთან შევარდნაძემ და ზურაბ ჟვანიამ დააპირისპირესო (!). რაღა თქმა უნდა, ძნელია მტკიცება. ის კი ფაქტია, ლაშა შარაძის გარდაცვალების მერე ასლან აბაშიძეს გურამ შარაძისთვის ერთხელაც არ დაურეკავს (!).

ვინ იცის, მემედ აბაშიძის მემკვიდრეს, იქნებ, მართლა სჯერა, შარაძე მოღალატეაო (!)…

*

…გურამ შარაძე ოთახში მტკიცე ნაბიჯებით შემოდის. ჩემდაუნებურად ფეხზე ვდგები და ვუსამძიმრებ… არამიწიერი სიჩუმე მაბნევს. საუბრის დაწყება ასე არასოდეს გამჭირვებია. სათქმელი კი ბევრი მაქვს… მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებთ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე სავარძელში მძიმედ ეშვება. მიკვირს, შვილის დაღუპვამ ბატონ გურამს აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობაზე ხელი რომ არ ააღებინა. ბევრისთვის მართლაც გაუგებარია, რატომ არ ჩუმდება გურამ შარაძე. ზოგი ორაზროვნად იმასაც კი ამბობს, შარაძეს კიდევ ორი შვილი ჰყავსო (!)…

ფიქრს თავს ვანებებ. უხერხულობის დასაფარავად სიგარეტს ვუკიდებ და მომქანცველ მყუდროებას ვარღვევ.

– ბატონო გურამ, ასლან აბაშიძე როდის გაიცანით?

– მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ასლანი თბილისში მოღვაწეობდა, 1992 წლამდე მას არ ვიცნობდი. ფიზიკურადაც კი არ მენახა, თუმცა… რომ გავიგე, ზვიად გამსახურდიამ აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ მემედ აბაშიძის შვილიშვილი დანიშნაო, მესიამოვნა. მეტიც, ზვიად გამსახურდიას მიერ გატარებულ საკადრო ცვლილებებში ეს დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო გადაწყვეტილებად მიმაჩნია (!).

სანამ ჩემი და ბატონი ასლანის გაცნობის შესახებ მოგითხრობდეთ, ერთს გეტყვით, მართალია, ბათუმში არ დავბადებულვარ, მაგრამ… ფაქტობრივად, იქ გავიზარდე. 5 თუ 6 წლის ვიყავი, გლანდები რომ  “აღმომაჩნდა”. ჩვენ ოზურგეთში ვცხოვრობდით და ცხონებულმა დედაჩემმა ბათუმში წამიყვანა ცნობილ ქირურგ მაქაცარიასთან. ამ ქალაქისთვის სისხლი პირველად მაშინ “დავღვარე”!.. ბათუმში ყოფნა მერე უკვე ხშირად მიხდებოდა. ასე რომ, ბათუმის სიყვარულსა და პატივისცემაზე რომ აღარაფერი ვთქვა, ნებისმიერ ბათუმელს შემიძლია ამ ქალაქში, ასე ვთქვათ, ყოფნის სტაჟით შევეჯიბრო!

– ასლან აბაშიძესაც?

–  არა, ასლან აბაშიძეს ვერ შევეჯიბრები. იმიტომ, რომ მისი წინაპრები ასეული წლების განმავლობაში ბათუმის სანჯაყ-ბეგები იყვნენ (!). ბათუმთან ასეთი გრძელი ისტორია მე ნამდვილად არ მაკავშირებს, თუმცა… ნიკო მარს თუ დავუჯერებთ, შარაძეები შავშები არიან, ეს გვარი იქ IX საუკუნიდან დასტურდება და დღესაც ცხოვრობენ იმერხევში-შავშეთში (ახლანდელ თურქეთის ტერიტორიაზე) და შარშანწინ მოვინახულე კიდეც ისინი!

სხვათა შორის, ჩემს დიდ პაპას – მაქსიმე შარაძეს 1880-იან წლებში გამოცხადება ჰქონია – ილია ჭავჭავაძეს მსახურად უნდა დაუდგეო. მაქსიმე შარაძე ღვთის ნებას დაჰყოლია, ოზურგეთის რაიონს სოფელ ეწრიდან თბილისში ილია ჭავჭავაძესთან ფეხით ჩამოსულა და… ხელზე მოსამსახურედ დასდგომია. მოგვიანებით ილია ჭავჭავაძის სტამბის პატრონი და “ივერიის” გამომცემელი გახდა. დიახ, ილიასდროინდელ “ივერიაზე” მხოლოდ ორი გვარი აწერია – რედაქტორი ილია ჭავჭავაძე; სტამბა და გამოცემა მაქსიმე შარაძისა.

მაქსიმე შარაძე მარტო “ივერიის” გამომცემელი კი არ იყო, არამედ… მიუნხენიდან საქართველოში სწორედ მან შემოიტანა მუსიკალური ნოტების ცოდნა და ბეჭდვის კულტურა. ასე რომ, დღევანდელი სახელმწიფო ჰიმნის ზოგიერთი მაძიებელი რომ ამბობს, გურამ შარაძეს მუსიკისა არაფერი გაეგებაო, სცდება. ამას სჯობს, მოიძიონ, მე-19 საუკუნეში რომელმა კეჭაყმაძემ შემოიტანა საქართველოში ნოტების ბეჭდვის კულტურა. მაქსიმე შარაძეს ფილიმონ ქორიძისთვის 1892 წელს ნოტების პირველი ქართული სახელმძღვანელო რომ არ დაებეჭდა, კეჭაყმაძეები ნოტებსაც ვერ ისწავლიდნენ!

– მჯერა, მაქსიმე შარაძისგან განსხვავებით, ასლან აბაშიძეს ზებუნებრივი ძალების, ასე ვთქვათ, მეშვეობით რომ არ დაუახლოვდით.

– თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ასეა. სრული დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ჩემი და ასლან აბაშიძის შეხვედრა მართლაც გამოცხადებით მოხდა (!).

მართლა?

– დიახ. თუ არ ვცდები, 1992 წელი იყო. ბათუმის ქუჩებში ვსეირნობდი. მაშინ ბატონ ასლანს კომუნისტების მიერ დატოვებულ საოლქო კომიტეტის შენობაში ჰქონდა რეზიდენცია. დღეს იქ მინისტრთა საბჭოა. ამ შენობის წინ ხალხი იყო თავმოყრილი. ცნობისმოყვარეობამ მძლია. შეკრებილთ მივუახლოვდი. მსურდა, გამეგო, რა ხდებოდა. მოულოდნელად ვიღაცამ ფერდებში მუშტი ისე მაგრად მითავაზა, სიმწრისაგან დავიკლაკნე. ცხოვრებაში ჩემთვის თითი არავის დაუკარებია და ვერ მივხვდი, უცნობმა ტკივილი რატომ მომაყენა და ატყდა აყალ-მაყალი. ამასობაში ხალხი ორად გაიყო და… ვიღაც ფრიად სიმპათიური, ცისფერთვალება, ევროპულად ჩაცმული, გაწკეპილი მამაკაცი ჩემკენ გამოემართა. მომიახლოვდა და მეუბნება: – ბატონო გურამ, როდის ჩამობრძანდით ჩვენს ქალაქში, რამ შეგაწუხათო. მივხვდი, ასლან აბაშიძე იყო. მუშტი კი მისმა დაცვამ მითავაზა. ასე რომ, ჩემი და ბატონი ასლანის ურთიერთობა ტკივილით დაიწყო (!).

და, ალბათ, ტკივილითვე დამთავრდება, არა?

– არა მგონია (!). შეიძლება ბევრს ასე სურს და ეჩვენება კიდეც, მაგრამ…

დამავიწყდა მეთქვა, 1991 წლის 31 დეკემბერს, ზვიად გამსახურდია ჯერ კიდევ საქართველოში რომ იყო, ტელევიზიით გამოვედი და ვთქვი: ვიაროთ ილია ჭავჭავაძის და მემედ აბაშიძის გზით, მემედ აბაშიძე სამუსლიმანო საქართველოს ილია ჭავჭავაძეა-მეთქი. ხაზს ვუსვამ: ეს ლოზუნგი რომ წამოვაყენე, ასლან აბაშიძეს არ ვიცნობდი!

როცა ასლან აბაშიძე გაიცანით, თბილისის და ბათუმის დაპირისპირება უკვე დაწყებული იყო?

– არა, თუმცა… ასლან აბაშიძე ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიამ მოიყვანა და ანტიზვიადისტური ძალები ამის მოლოდინში იყვნენ, მაგრამ… კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. საქართველოში ჩამოსვლის მერე ედუარდ შევარდნაძე პირველად ბათუმს ეწვია, ასლან აბაშიძეს გვერდით დაუდგა და მთელ საქართველოს აგრძნობინა, ასლან აბაშიძე გამსახურდიას ხელისუფლების ბედს რომ არ გაიზიარებდა!

ბატონო გურამ, გეცოდინებათ, შევარდნაძე და აბაშიძე ერთმანეთს მანამდე იცნობდნენ?

–  მათი ნაცნობობის შესახებ არაფერი ვიცოდი. ბატონმა ედუარდმა თავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, საქართველოში ვინ ჩამომიყვანა, ეს ყველამ კარგად იცის, ბევრი ამით ტრაბახობდა კიდეც; მთხოვნელთა შორის ერთ-ერთი პირველი ასლან აბაშიძე იყო და მიკვირს, ხმას რატომ არ იღებსო (!). ეს რომ გავიგე, სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა და… ამ ინფორმაციის დადასტურებას ან უარყოფას ბატონი ასლანისგან დღემდე ველოდები (!).

თუ არ ვცდები, ასლან აბაშიძისგან თქვენ ბევრ სხვა რამესაც ელოდებით (!). ასეა?

– ეს ცხოვრების დიალექტიკაა. მით უმეტეს, პოლიტიკაში… ადამიანი ხვალინდელი დღისგან მუდამ სიურპრიზს უნდა ელოდო (!).

ასლან აბაშიძემ თავის გუნდში გადასვლა პირველივე შეხვედრის დროს შემოგთავაზათ?

– არა. ასლან აბაშიძეს მეორედ ბატონი რეზო ჩხეიძის თანდასწრებით შევხვდი 1993 წელს. იმხანად ბატონმა რეზომ ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესი შექმნა და მეც მიმიწვია. ცნობისთვის: დღემდე ამ კონგრესის ვიცე-პრეზიდენტად ვითვლები…

კონგრესმა პირველი გასვლა თურქეთში დაგეგმა. მიკროავტობუსით წავედით. დაგვაღამდა და ბობოყვათის რეზიდენციაში ასლან აბაშიძეს მივადექით. ბატონი რეზო ბატონ ასლანს ახლოს იცნობდა, თორემ… ბატონ ასლანთან მე ჯერ ისე გაშინაურებული არ ვიყავი, ბობოყვათში შემევლო და მომენახულებინა (!). სხვათა შორის, მაშინ საქართველოს ხე-ტყისა და სპილენძისგან მთლად არ იყო დაცლილი. სარფის საბაჟოდან რიგები ლამის ბათუმამდე აღწევდა. ასლან აბაშიძე უფრო იმიტომ მოვინახულეთ, საზღვარზე დაუბრკოლებლად რომ გადავსულიყავით, მაგრამ… ბატონმა ასლანმა, როგორც იცის ხოლმე, თავი გაიგიჟა – არ გაგიშვებთო! ბობოყვათში მას ორი შესანიშნავი სასახლე აქვს, პატარ-პატარ სახლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ჰოდა… მოგვესიყვარულა, გვაქეიფა და… ორი დღის მერე გაგვისტუმრა თურქეთში, თან პირობა დაგვადებინა, აქეთობისას ისევ რომ მოვინახულებდით მას. სხვათა შორის, მჯერა, ასლან აბაშიძე სტუმართმოყვარეობის გენეტიკურ კოდს არასოდეს, ასე ვთქავთ, არ მოიშლის!

თურქეთიდან უკან დაბრუნებულებს სარფის საბაჟოზე დაგვხვდნენ და ესკორტით აბაშიძის ბათუმურ რეზიდენციაში წამოგვიყვანეს, საღამოს კი – ბობოყვათში. ბატონმა ასლანმა დამიმარტოხელა და მთხოვა, იქნებ ჩემთან გადმოხვიდეთ სამუშაოდ, ვიცი, ბათუმი გიყვართ, თან თქვენს მოღვაწეობასაც თვალს ვადევნებთ. კატეგორიული უარი ვუთხარი, თბილისს ვერ დავტოვებ-მეთქი. თუ რამეს მოიფიქრებთ, მურმან ბერიძის საშუალებით შემატყობინეთო. მაშინ მურმან ბერიძე ასლან აბაშიძის თანაშემწე და მარჯვენა ხელი იყო… ორი თუ სამი თვის შემდეგ მურმანს დავურეკე, ვთხოვე, ბატონი ასლანისთვის გადაეცა, როდის შეგვეძლო შეწყვეტილი საუბრის გაგრძელება. როცა უნდაო, – იყო პასუხი.

ასლან აბაშიძემ ჩემთვის ასეთი შტატი გამოიგონა – აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი მეცნიერების, განათლებისა და კულტურის დარგში. საცხოვრებლად “ინტურისტის” ერთი ოთახი გამომიყვეს, კაბინეტი კი აბაშიძემ თავის რეზიდენციაში მომცა (ეს კაბინეტი დღემდე შემინარჩუნა!) და… ყოველთვე რამდენიმე დღით ჩავდიოდი ხოლმე ბათუმში.

– ამიხსენით, ასლან აბაშიძემ თქვენი გვერდით ამოყენება რატომ მოისურვა? ან თქვენ რატომ დათანხმდით “აჭარის ლომის” წინადადებას?

– ჩვენი შეთანხმება ასეთი იყო: აჭარის ისტორიასა და აჭარელ მამულიშვილთა ცხოვრება-მოღვაწეობაზე უნდა მემუშავა, თან ბატონი ასლანის მრჩევლობა გამეწია. მოგეხსენებათ, შევარდნაძე ხელისუფლებაში ანტიზვიადისტური ქართული ინტელიგენციის მხარდაჭერით მოვიდა, ინტელიგენციის ეს ნაწილი ასლან აბაშიძისადმი სიყვარულით არ იყო განწყობილი. ვცდილობდი, თბილისის ინტელიგენცია დამერწმუნებინა, ასლან აბაშიძე ნამდვილი მამულიშვილი, დიდი პატრიოტული გენისა და წარსულის მქონე ადამიანია-მეთქი. სწორედ ამიტომაც დავდექი ასლანის გვერდით. მგონი, ჩემი, ასე ვთქვათ, მისია შევასრულე კიდეც და… ზვიად გამსახურდიას დამამხობელმა ინტელიგენციამ გამსახურდიას მიერ ხელისუფლებაში მოყვანილი ასლან აბაშიძე ქართული კულტურის გადამრჩენლად გამოაცხადა, ბათუმი კი – მეორე დედაქალაქად. გითხარით და კიდევ გეუბნებით: ასლან აბაშიძის გვერდით სწორედ იმიტომ დავდექი, რომ მსურდა, თბილისსა და ბათუმს შორის გაჩენილი ბზარი ამოვსებულიყო. თბილისის ინტელიგენციას, სრულიად საქართველოს ასლან აბაშიძის ნამდვილი პორტრეტი დაენახა!

– მოკლედ, ბატონო გურამ, ასლან აბაშიძესა და თბილისის ინტელიგენციას შორის, ასე ვთქვათ, ხიდის ფუნქცია შეასრულეთ, არა?

– დიახ. ეს საიდუმლო არ არის. ამით არც ვტრაბახობ და არც… ვმორცხვობ!

– ამბობენ, აჭარაში “გადახვეწილ” გაღატაკებულ თბილისელებს ასლან აბაშიძე სოლიდურ თანხას უხდისო. არ დამიმალოთ, თქვენ რამდენს გიხდიდათ?

– ამ შეკითხვისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. შარშან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად რომ მირჩევდნენ, რამდენიმე “შავი” ხმა მივიღე, თუმცა… მაინც გავიმარჯვე. მერე ზოგიერთი “შაოსანი” აკადემიკოსი, ჩემ წინააღმდეგ რომ იბრძოდა და სხვებსაც ამას უქადაგებდა, გამომიტყდა, თბილისში მუსირებს აზრი, ასლან აბაშიძე გურამ შარაძეს ყოველ თვე რამდენიმე ათას დოლარს უხდის და… ახლა მეცნიერებათა აკადემიაც მოუნდაო და ამიტომაც მოგეცით “შავებიო” (!). სწორედ ამ მოარული ხმების გამო “დავისაჯე” (!).

ჯერ ერთი, ასლან აბაშიძე ისეთი მდიდარი არ მგონია, როგორც ამას ზოგიერთი ამტკიცებს, ვინმე გულუხვად რომ დააფინანსოს (!). თუმცა, ვცდები!. ბატონი ასლანი უმდიდრესი კაცია ქვეყანაზე: მას ჰყავს შესანიშნავი მეუღლე ქალბატონი მაგული გოგიტიძე. იშვიათად შემხვედრია ასეთი დარბაისელი, გაწონასწორებული, ბრძენი და პატრიოტი ქართველი მანდილოსანი! ამაზე მეტი სიმდიდრე რა უნდა ინატროს ქართველმა კაცმა, მით უმეტეს, პოლიტიკოსმა და სახელმწიფო მოღვაწემ! აღარაფერს ვამბობ მის შვილებსა და შვილიშვილზე!

… მეორეც, ისეთ ინტელიგენტს რა ვუთხრა, ფულზე რომ… ზოგს ჰგონია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩევლობა ის არის, ყურში იაგოსავით უჩუჩუნოს და საქართველო დაანგრევინოს! მთელი ჩემი უბედურება მხოლოდ ის გახლავთ, იაგოს როლში რომ არ გამოვედი!

– ვინმე მოღალატეობას გთავაზობდათ?

– დღევანდელი სიტუაციიდან ნათელი ხდება, რომ საქართველოში იაგოობა უფრო მომგებიანია!

– იაგო ასლან აბაშიძესთან უნდა ყოფილიყავით?

– არა, ოტელოებთან!

–  ოტელო ვინღაა? ასლან აბაშიძე თუ…

– მართალია, გურული კი ვარ, მაგრამ მთლად აბდალი არ ვარ! პოლიტიკისგან შორს კი ვდგავარ, მაგრამ… არც მთლად გულუბრყვილო ვარ და არც – აბდალი. სხვათა შორის, აბდალი არაბული სიტყვაა და ღვთის გლახას ნიშნავს. დღეს მე ღვთის გლახაც გამოვედი და სულელიც, მაგრამ…

– მე კი მგონია, უფრო ტრაგიკული ადამიანი ხართ, ვიდრე… ამ ტრაგედიაში აჭარის ინტელიგენციის ზოგიერთ წარმომადგენელს ადანაშაულებთ. მათდამი წაყენებული ბრალდებების დამტკიცება თუ შეგიძლიათ? ხომ შეიძლება, აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ჯემალ ჯაყელმა და ფრაქცია “აღორძინების” თავმჯდომარე ჯემალ გოგიტიძემ სასამართლოში გიჩივლონ, მაშინ?

– ვნატრობ, ნეტავ, მიჩივლონ! რომ იცოდეთ, ამ ბედნიერ დღეს ველოდები!

თქვენ მე ტრაგიკულს მიწოდებთ. ერთმა თქვენმა კოლეგამ კი შვილმკვდარ მამად მომნათლა. მე არც ტრაგიკული ვარ და არც შვილმკვდარი მამა! მე ვიყავი, ვარ და ვიქნები ლაშა შარაძის მამა! ლაშა შარაძე კი ისევ ცოცხალია, უფრო სწორად, ლაშამ სხვანაირი სიცოცხლე დაიწყო და მის ასეთ სიცოცხლეს ბევრი ცოცხლად მკვდარი უნდა შენატროდეს! სხვათა შორის, მე არც დეპრესიაში ვარ ჩავარდნილი. ამიტომ ჯემალ ჯაყელი და ჯემალ გოგიტიძე ტყუილად ცდილობენ, საზოგადოება დააჯერონ, თითქოს მე დეპრესიაში ვარ, მაგრამ…

აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს – ჯემალ ჯაყელს მე ბრალს ვდებ, რომ სრულიად უსაფუძვლოდ შემიქმნა ანტიდემოკრატის, ასლან აბაშიძის მტრის, მისი პოლიტიკის დამანგრევლისა და ფაშისტის იმიჯი და… ამისთვის კიდევ მე უნდა მიჩივლოს სასამართლოში?

– გამაგებინეთ, რისთვის დასჭირდა ჯემალ ჯაყელს, თქვენთვის ფაშისტობა და ანტიდემოკრატობა რომ დაებრალებინა?

– ფაშისტობა იმიტომ დამაბრალა, 300 ათასი თურქი მესხის საქართველოში ერთბაშად ჩამოსახლების წინააღმდეგი რომ წავედი (!).

 

… მახსენდება, ლაშა შარაძის სიცოცხლეში გურამ შარაძე ასლან აბაშიძის გარემოცვას რომ არ უპირისპირდებოდა და მხოლოდ “თურქი მესხების” წინააღმდეგ ილაშქრებდა… გურამ შარაძეს, როგორც თვითონ აცხადებს, შვილის მკვლელობის რამდენიმე ვერსია აქვს. თუმცაღა… ჯერჯერობით არცერთს არ ამხელს. ვერსიების დაშვების უფლება, ვფიქრობ, თითოეულ ჩვენგანსაც აქვს. ამიტომ… რატომ გამოვრიცხავთ, ემიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარეს “თურქი მესხების”, ასე ვთქვათ, მხარდამჭერთა ქილერმა რომ მოუკლა შვილი? ყოველ შემთხვევაში, ეჭვის საფუძველი ნამდვილად არსებობს, რამეთუ… გურამ შარაძე ვაჟის თვითმკვლელობას კატეგორიულად უარყოფს. სიმართლე, როგორც ყოველთვის, ახლაც ბურუსითაა მოცული, თუმცაღა… ერთი რამ ფაქტია: მკვლელმა და მკვლელობის შემკვეთებმა მიზანს ვერ მიაღწიეს – გურამ შარაძე მაინც არ ჩუმდება!..

საუბრის თემას ვცვლი და მასპინძელს სასხვათაშორისოდ ვეკითხები:

– ცნობილია, ასლან აბაშიძე ძალიან დიდ პატივს რომ გცემდათ…

– მცემს კიდეც (!).

– ამაში დარწმუნებული ხართ?

– ვაი, იმ დღეს, ეს პატივისცემა წარსულს თუ ჩაბარდება… ვაი, პირველ რიგში, ასლან აბაშიძეს!

– სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რატომ გგონიათ, რომ ასლან აბაშიძე პატივს გცემთ? მართალია, მემედ აბაშიძის მემკვიდრემ შვილის გარდაცვალება დეპეშითა და გვირგვინით მოგისამძიმრათ, მაგრამ… “აღორძინების” ყრილობა არ გადადო.. სხვათა შორის, მანამდე უმნიშვნელო მიზეზით ყრილობა რამდენჯერმე გადაიდო. ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, ასლან აბაშიძე ვიღაც-ვიღაცეებმა თქვენს წინააღმდეგ განაწყვეს და…

– ეჭვი არ მეპარება, ბატონ ასლანს ჩემდამი პატივისცემა მართლაც თუ გაუნელდება, ამაში მისი გარემოცვა იქნება დამნაშავე!

– სხვათა შორის, ამბობენ, შარაძე აბაშიძის გუნდს შევარდნაძემ და ჟვანიამ დაუპირისპირესო…

– ეს ბოროტი ჭორი და ტყუილია. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ! ასეთ რამეს მე ვერავინ გამიბედავდა! ზურაბ ჟვანიაზე მაღლა მდგომი პრეზიდენტი და მამაღმერთია. პარლამენტის თავმჯდომარე ჟვანია და პრეზიდენტი კი არა, თვით მამაღმერთიც ვერ მკადრებს, ვინმეს წინააღმდეგ იარაღად გამომიყენოს. მით უმეტეს, გამორიცხულია, ასლან აბაშიძეს ავუმხედრდე!

– მას შემდეგ, რაც ასლანის გარემოცვას დაუპირისპირდით, შევარდნაძესა და ჟვანიას თუ შეხვდრიხართ?

– შევარდნაძესა და ჟვანიას ადრეც ვხვდებოდი, ახლაც და მომავალშიც შევხვდები. შეხვედრის სურვილი რომ არ მქონდეს, ვალდებული ვარ, რადგან… ამას სამსახურებრივი მოვალეობა მაიძულებს. მე ხომ კომიტეტის თავმჯდომარე და პარლამენტის ბიუროს წევრი ვარ.

ვიცი, ასლან აბაშიძის იაგოები პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრეზიდენტთან ჩემს შეხვედრებს სხვანაირად ნათლავდნენ და ბატონ ასლანთან ამბავი მიჰქონდათ, შარაძეს თქვენს წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში ჩათრევას უპირებენო.

– და, ალბათ, აბაშიძემაც დაიჯერა, რომ…

– დიახ, დაიჯერა! ისიც ვიცი, როგორ მოახერხეს ბატონი ასლანის დარწმუნება! სხვათა შორის, მხოლოდ მე გავბედე და ასლან აბაშიძეს პირდაპირ ვუთხარი, გატყუებენ და გარწმუნებენ, ურეკის შეთქმულება ზურაბ ჟვანიამ როსტომ დოლიძესთან ერთად მოაწყოო (!). ზურაბ ჟვანიას ასლან აბაშიძის დამხობა რომ სდომებოდა, შეთქმულებას ასე ბრიყვულად, საჯაროდ არ მოაწყობდა. პარლამენტის მთელი ბიურო, რომელიც მაშინ გამსვლელ სხდომას ფოთში ატარებდა, დაადასტურებს, რომ ზურაბ ჟვანია ფოთიდან ურეკში ცოლ-შვილთან ერთად ჩადიოდა ხოლმე. ესეც რომ არა, შეთქმულებები ასე მარტივად არ ეწყობა. ასლან აბაშიძეს ისიც ვუთხარი, ჟვანიას წინააღმდეგ ტყუილად გაჯანყებენ-მეთქი.

გულახდილად გეტყვით: ზურაბ ჟვანია და ედუარდ შევარდნაძე თავიდან უფრო ასლან აბაშიძემ შემაყვარა. 1995 წლის 5 ნოემბრის არჩევნებისას ბატონი ასლანი შევარდნაძესა და ჟვანიასთან ძმურად, მეგობრულად იყო. მეტიც, მე შევარდნაძე-ჟვანია-აბაშიძის ალიანსის მომსწრე ვარ (!). ასლან აბაშიძის გარემოცვამ ანტიშარაძისტული მოძრაობა სწორედ იმ დღიდან დაიწყო, ბატონმა ასლანმა “აღორძინების” საარჩევნო სიაში მეორე ნომრად რომ შემიყვანა. ვერ აიტანეს, აბაშიძემ ეს უპარტიო შარაძე თავზე რატომ დაგვასვაო და… აი, ეს არის ჩემი უბედურების სათავე.

სხვათა შორის, ისიც ვიცი, ზოგიერთი “მოქალაქე” ასლან აბაშიძეს თბილისიდან დღედაღამ რომ უჩიჩინებდა, შარაძე ზვიადის მომხრეა, კოლხური კოშკი გადაარჩინა და ჩამოიცილეო (!). ამ “მოქალაქეების” ვინაობას ჯერჯერობით არ გავთქვამ, მაგრამ… ასლან აბაშიძის ვაჟკაცობად მიმაჩნია, “მოქალაქეთა კავშირის” წნეხსა და თავისი გარემოცვის გულისწყრომას რომ გაუძლო და… საქართველოს პარლამენტში გამიყვანა!

ასე რომ, ასლან აბაშიძე მე ვერც “მოქკავშირის” სიყვარულს დამაბრალებს და ვერც მოსყიდვას, რადგან… “მოქალაქეების” პირველი მეგობარი და თაყვანისმცემელი თვითონ იყო!..

ერთხელ მამია ბერიშვილი ჩამოვიდა საქართველოში. ჩვენმა კომიტეტმა კერამიკის კომბინატის საბანკეტო დარბაზში პურობა გამართა. “აღორძინების” ფრაქციის ხელმძღვანელობასთან ერთად სხვებიც მოვიწვიე, მათ შორის – აკადემიკოსი გიორგი ციციშვილი, რომელიც ბატონ მამია ბერიშვილთან დიდი ხნიდან მეგობრობდა. სუფრა უკვე მთავრდებოდა, ბატონმა გიორგიმ ჩემი სადღეგრძელო რომ დალია; მითხრა, საქართველოში ეროვნული განძის ჩამოტანასთან ერთად იმაშიც დიდ როლს ასრულებთ, ასლან აბაშიძეს გვერდით რომ დაუდექით და აჭარაში ამდენ სასიკეთო საქმეს აკეთებთო (!). ფრაქცია “აღორძინების” თავმჯდომარემ – ჯემალ გოგიტიძემ ბატონ ასლანს ამბავი ჩაუტანა, შარაძე თბილისში ხმებს ავრცელებს, აბაშიძესთან რომ არ ვიყო, არ ვიცი, აჭარაში რა მოხდებოდაო (!)… მოგვიანებით, ასლან აბაშიძეს რომ შევხვდი, მან ჩვეული გულწრფელობით მითხრა, გურამ აჭარის გადამრჩენელი თურმე შენ ყოფილხარ და უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ მე რა მინდაო (!).

თავიდან ბატონი ასლანი მასთან ჩემზე მიტანილ თითქმის ყველა ჭორს მიამბობდა. იმიტომ, რომ… ჩემზე გული შესტკიოდა.

– ესე იგი, უყვარდით!

– მგონი ახლაც ვუყვარვარ! შეიძლება, ხვალ ასლან აბაშიძემ განაცხადოს, შარაძე მოვიკვეთე და რაღას მეკვეხებაო, მაგრამ… მერწმუნეთ, ასლან აბაშიძემ ტყვიაც რომ მესროლოს, მაინც მის მეგობრად დავრჩები, რადგან… მე მემედ აბაშიძეზე მონოგრაფიის ავტორი და მისი სახელობის პრემიის პირველი ლაურეატთაგანი ვარ! ასლანი მემედის შვილიშვილი და მისი პოლიტიკის გამგრძელებელია. ამიტომ… ასლანს რომც არ ვუყვარდე, მემედის გზას ვერ ვუღალატებ! თანაც, პოლიტიკაში სიყვარული მაინცდამაინც სავალდებულო არ არის, მთავარი იდეის ერთგულებაა…

– მომიტევეთ და, აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეობას მართლაც ხომ არ აპირებდით?

– როგორ გეკადრებათ, ეს მკრეხელობაა! ჯერ ერთი, ამის არც უფლება მაქვს და არც… ჩემო ვანო, მე იმას ვნანობ, პოლიტიკაში საერთოდ რომ მოვედი! ასე რომ არ ყოფილიყო, დღეს ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა! პოლიტიკით ზოგმა სავარძელი იშოვა, ზოგმა – უზარმაზარი ფული. მე კი… შვილი დავკარგე!

– ესე იგი, აჭარაში რომ არ წასულიყავით, ლაშა შარაძე ცოცხალი იქნებოდა?

– (ფიქრობს) პოლიტიკას საერთოდ რომ არ გავკარებოდი, მაინც ასე ვიმუშავებდი და ვიბრძოლებდი!

– და მაინც, როგორ ფიქრობთ, ასლან აბაშიძეს თქვენი მოღალატეობისა სჯერა?

– ეს რომ დავიჯერო, მაშინ… ასლან აბაშიძესთან ურთიერთობის ყველა ხიდი უნდა გადავწვა. სხვათა შორის, ამ ოთხი წლის განმავლობაში ბევრი მოღალატე მინახავს, ასლან აბაშიძის კაბინეტიდან თუ პოლიტიკური მფარველობიდან თავწაცლილი რომ გამოსულა (!).

ჯემალ ჯაყელმა და ჯემალ გოგიტიძემ ჯერჯერობით მოკრძალებული განცხადება გააკეთეს, გურამ შარაძე დეპრესიაშიაო, შეიძლება, მოლანდებებიც აქვსო. ჯემალ ჯაყელი გენერალურ პროკუროთან მყავს დაბარებული. ვურჩევ: როცა მოვა, თან ყოფილი საბჭოთა კავშირის საგიჟეთში მკურნალობის მოწმობები იქონიოს და დაამტკიცოს, განიკურნა თუ არა! სხვა შემთხვევაში, მასთან საუბარს არ დავიწყებ!.

– თუ არ ვცდები, იმის თქმა გსურთ, ჯემალ ჯაყელი ფსიქიატრულშიაო ნაწოლი. ასეა?

– რას ჰქვია, ნაწოლი! მთელი აჭარა და ქართველი მწერლები დაადასტურებენ, ჯემალ ჯაყელი ერთ-ორ დღეს კი არა, თვეობითა და წლობით ფსიქიატრულში რომ მკურნალობდა. ჯემალ ჯაყელი გურამ ფანჯიკიძესა და სხვა ქართველ მწერლებს მარტო “ფსიქიატრულში ნაწოლობისთვის” კი არ ჰყავდათ მოკვეთილი, არამედ სეპარატიზმისთვისაც: მოვიგონოთ 70-იან წლებში მოსკოვში გამოცემული მისი წიგნი “Перевод с Аджарского”. მაინტერესებს, ვინ აიძულა ჯემალ ჯაყელი და ვისი დავალებით გამომაცხადა ასლან აბაშიძის პოლიტიკის წინააღმდეგ მებრძოლად? გამაგებინოს, ეს დავალება “თურქი მესხების” მფარველებმა მისცეს, თუ… აჭარის ზოგიერთმა პოლიტიკურმა მოღვაწემ!

როგორც ერთ-ერთი გაზეთიდან გავიგე, ჯემალ გოგიტიძე ფრაქციის სხდომაზე, თურმე, ჩემი საკითხის განხილვას აპირებს. ალბათ, იმიტომ, პარლამენტის პლენარულ სხდომებს რომ ვესწრები. ჯემალ გოგიტიძეს მინდა ავუხსნა, რომ ასლან აბაშიძეს საჭირო შემთხვევაში პარლამენტის სხდომაზე დასწრება არ აუკრძალავს ჩვენთვის! ჯემალ გოგიტიძე კი ჩემი პოლიტიკური ლიდერი არ არის, რომ მის ჭკუაზე ვიარო! ჩემი საკითხის განხილვა მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, ფრაქციის სხდომა ასლან აბაშიძის თავმჯდომარეობით რომ გაიმართება. ისე კი… სანამ ჯემალ გოგიტიძე ჩემი საკითხის განხილვას დააპირებს, სჯობს, იმ ბრალდების გასამართლებელი საბუთები წარმოადგინოს, ქობულეთელი შვილმკვდარი მშობლები – მოწყობილები რომ აცხადებენ: ჯემალ გოგიტიძემ 5 ათასი დოლარი მოგვთხოვა, ეს თანხა რომ ვერ ვიშოვეთ, ნატურით (ფუტკრის ოჯახებით) აგვანაზღაურებინაო (!). მრცხვენია, ჩემი ფრაქციის წევრსა და ასლან აბაშიძის პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელს ასეთ რამეს რომ აბრალებენ თავისი კუთხის წარმომადგენლები!

ოთხი თვის წინ, როცა ეს ხმები პირველად გავრცელდა, ჯემალ გოგიტიძეს ვუთხარი, ეს რა ხდება-მეთქი? მოგცლია, წერონ და იკითხონო (!).

ჯერჯერობით სამ გვარს ვასახელებ: ჯემალ ჯაყელი, ჯემალ გოგიტიძე და გიორგი თარგამაძე ყველაფერს აკეთებდნენ, აკეთებენ და გააკეთებენ, ჩემსა და ასლან აბაშიძეს შორის განხეთქილება რომ ჩამოვარდეს!

– ნუ მიწყენთ, ბატონო გურამ, და, მგონია, შვილის სიკვდილმა გაგაბოროტათ

– რას ბრძანებთ? მე ილია ჭავჭავაძეზე მონოგრაფია დავწერე… ალბათ, ისიც იცით, ილიას მეუღლემ – ოლღა გურამიშვილმა რომ მოითხოვა, მკვლელები სიკვდილით არ დაესაჯათ. მე სწორედ მისი მიმდევარი ვარ და შურისძიება არ მალაპარაკებს. მით უმეტეს, რომ პარლამენტში გამოვედი და სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ კანონს დავუჭირე მხარი.

მეტიც, ჩემს ცოლს ანდერძი დავუტოვე, მე თუ მომკლავენ, მკვლელს მადლობა უთხარით, რადგან… ჩემს შვილთან მისასვლელ გზას შემიმოკლებს. პასუხი იმას მოსთხოვეთ, ვინც ჩემი და ჩემი შვილის მოკვლა დაავალა. ოღონდ… სიკვდილით არც ის დასაჯოთ. მკვლელებისთვის ყველაზე დიდი სასჯელი ის იქნება, ლაშა და გურამ შარაძეების სისხლით რომ ექნებათ ხელები შეღებილი!

როგორ, ვინმე თქვენს მოკვლასაც ფიქრობს? ვინ?!

– მეც ეგ მაინტერესებს – ვინ? ქალაქის პროკურორს – გაბრიჩიძესა და ქალაქის პოლიციის შეფს – სოსო ალავიძეს სწორედ ამიტომ ვადანაშაულებ. მათ ყალბი ვერსია გაავრცელეს და ლაშას თვითმკვლელობა დააბრალეს! ჩემი შვილი სიცოცხლეში ვერ დავიცავი და ახლა ამიტომ ვიბრძვი, მკვდარი მაინც დავიცვა. ჩემს შვილს თავი არ მოუკლავს! მკვლელს რომ დაიჭერენ, ის იტყვის, მკვლელობა ვინ შეუკვეთა!

– ლაშა შარაძის მოკვლა რაში სჭირდებოდათ?

– ჯამლეთ ბაბილაშვილსა და კახა თარგამაძეს ვუთხარი: მართალია, იურისტი არა ვარ, მაგრამ… ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამომძიებელი ვარ-მეთქი (!).

ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით: ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიება რომ დავიწყე, უშიშროების კომიტეტში დამიბარეს. მაშინვე წავედი. სიმართლე გითხრათ, ოფლი მასხამდა. პირველ სკოლასთან რომ მივედი, ილიასა და აკაკის ძეგლთან ახალგაზრდა კაცი დავლანდე. არ ვიცი, ამ ღმერთკაცებთან რატომ იდგა. ეს “კაგებეშნიკი” თავის დროზე ინაურის მარჯვენა ხელად ითვლებოდა, დღეს კი… მწერლობს (!). მომიახლოვდა და მითხრა, ჩვენს შენობაში შეყვანას ვერ გაკადრებთ და… ინაურის დანაბარებს აქ გადმოგცემთ: გენერალმა შემოგითვალათ, ილია ჭაჭავაძის მკვლელობის გამოძიების სწორ გზას ადგახართ, ჭავჭავაძე სოციალ-დემოკრატების ბოლშევიკურმა ფრთამ მოკლა, მაგრამ გირჩევთ, ყველაფერი ახლავე დაივიწყოთ და კალამი ხელიდან გააგდოთო (!). მაშინვე ოთარ იოსელიანთან წავედი და ეს ისტორია გაზეთ “თბილისში” დავბეჭდე. ამის გამო შემდეგში ოთარ იოსელიანი მოხსნეს გაზეთ “თბილისის” რედაქტორობიდან..

ასე რომ, ინაურმა ვერ მაიძულა, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიებაზე ხელი ამეღო და ესენი მაიძულებენ, ჩემი შვილის მკვლელობის ნამდვილ მიზეზებზე უარი ვთქვა?! მე არც თბილი სკამი მინდა და არც მომავალ პარლამენტში მოხვედრის სურვილი მაქვს. ესენი ვერ მომატყუებენ! ჩემი შვილის საფლავს არ შევარცხვენ, ლაშას ვერ დავაბრალებ, თავი მოიკლა-მეთქი (!).

 

… ისევ ფიქრი მიყოლიებს. უფრო სწორად, მახსენდება, რომ ამტკიცებენ, ხელისუფლებაში ილიას მკვლელების შთამომავლები არიანო (!). თუ მართლა ასეა, მაშინ… არც ის უნდა გამოვრიცხოთ, გურამ შარაძეზე ქართველთა უგვირგვინო მეფის მკვლელობის, ასე ვთქვათ, გახსნისათვის რომ იძიეს შური (!). ყოველ შემთხვევაში, ამ ვერსიას თუ გავიზიარებთ, გამოდის: ილია ჭავჭავაძისა და ლაშა შარაძის მკვლელობა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია! ილიას მკვლელთა მემკვიდრეები არ ისვენებენ და… საუკუნის დასაწყისში ჩადენილი საშინელი ბოროტების დასაფარავად დღესაც ათას სიბინძურეს სჩადიან!

უხილავის ხმა მონოტონურად ჩამესმის: ლაშა შარაძე ილიას მკვლელობის გახსნას შეეწირა (!), წიწამურთან გასროლილი ტყვია კიდევ ბევრს იმსხვერპლებს, სიფრთხილეაო საჭირო (!)… უდავოა, ილია ჭავჭავაძის სისხლი ვიღაც-ვიღაცეებს მოსვენებას უკარგავს და წინაპრების ცოდვის დაფარვას ისევ სისხლით ცდილობენ!

უხილავი არ მტოვებს: ლაშა შარაძის მკვლელობით ილია ჭავჭავაძე კიდევ ერთხელ მოკლეს! საქართველო ისევ მოღალატეებით, რენეგატებითა და ბოროტი სულებით არისო სავსე (!).

ჭირის ოფლი მასხამს. ვაპირებ, გურამ შარაძეს მემკვიდრის გარდაცვალების ჩემეული ვერსია გავაცნო, მაგრამ…

 

გურამ შარაძე: 70 წლის ექიმმა ინაშვილმა ლაშას სიკვდილის მერე წერილი მომწერა. უცნობი მანდილოსანი მეუბნება: ილია ჭავჭავაძე წიწამურთან იმიტომ მოჰკლეს, შვილი რომ არ ჰყავდა, შვილი რომ ჰყოლოდა, მას მოუკლავდნენ და… უფრო მეტად ატკენდნენ გულს; თქვენც იმიტომ არ მოგკლეს, რომ ლაშა გყავდათო (!).

– ბატონო გურამ, თქვენ კიდევ ორი შვილი გყავთ. არ გეშინიათ?

– მეშინია, როგორ არა… სწორედ ამიტომ არის, რომ…

ლაშას გარდაცვალების მერე ასლან აბაშიძე არ გინახავთ?

– არა. სიმართლე გითხრათ, მასთან საუბარი მიჭირს. დღეს ის ჩემზე ნაკლებ ტრაგიკულ მდგომარეობაშია და… თვითონ უნდა დამირეკოს (!).

– დაგირეკავთ კი?

– არ ვიცი, თუმცა… დრო ყველაფრის მკურნალია; ბევრ რამესაც გამოაჩენს!.. უბრალოდ, მიკვირს, ბატონი ასლანი ზოგჯერ ღამის 3 საათზე მაღვიძებდა, შენი ხმა მომენატრაო. დღეს კი…

– როგორ ფიქრობთ, ბათუმში თავისუფლად ჩასვლა შეგიძლიათ?

– ვინ ამიკრძალავს? და საერთოდ, საიდან მოგდით ასეთი აზრი? გითხარით, ნეტავი ვინმემ მომკლას-მეთქი, მაგრამ… მეშინია, ისევ შვილებზე არ იძიონ შური და არ გამამწარონ! პრეზიდენტმა დაცვა დამინიშნა. უარი ვთქვი… მაგრამ არ გამივიდა…

– ბატონი ედუარდი ლაშას გასვენებაში იყო?

– პრეზიდენტმა იმ საღამოსვე დამირეკა. მის სიტყვებს სტენოგრაფიული სიზუსტით გეტყვით: ჩემო გურამ, გითანაგრძნობ, შენს გვერდით ვარ და შენთან ერთად ვტირიო (!). ლაშას დასაფლავების შაბათ დღეს ბატონი ედუარდი ლიკანში ჩიბიროვს ხვდებოდა. ეს შეხვედრა კარგა ხნით ადრე იყო დანიშნული. ამიტომ… პანაშვიდზე მეუღლესთან ერთად პარასკევს მოვიდა. უფრო სწორად, ჯერ ქალბატონმა ნანულიმ მომისამძიმრა და ჭირისუფლადაც იჯდა, ნახევარი საათის შემდეგ კი ბატონმა ედუარდმა გამომიცხადა თანაგრძნობა.

ზურაბ ჟვანია, ნიკო ლეკიშვილი და პრეზიდენტის გარემოცვის სხვა წევრებიც თითქმის ყოველდღე დადიოდნენ. “აღორძინებამ” თავი ამ მხრივაც შეირცხვინა (!) და საფლავამდე არ მომყოლიან.

ლაშას სიცოცხლის ბოლო საათებზე თუ იცით რამე?

– მხოლოდ ერთი მეზობელი ქალი და “სუპერმარკეტის” გამყიდველი ამბობენ, იმ ღამეს ლაშასთან მაღალი, გამხდარი, “თეთრსაროჩკიანი” ახალგაზრდა იყოო. მათგან ვიცი: ლაშას სუპერმარკეტში ორი ბოთლი ლუდი უყიდია. მერე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს უყურეს. ლაშას ჩაეძინა… უცნობმა ჩემი რძლის გასაღები მოიპარა… მოკლედ, ლაშას მკვლელობაში მისი ნაცნობია გარეული (!).

– ლაშა სიზმარში თუ გინახავთ?

– ლაშა ახლაც ჩემთან არის (!). მუდამ მიღიმის, მამხნევებს და მამშვიდებს. ლაშა ჩემთვის ყოველთვის ცოცხალი იქნება!

– ბატონო გურამ, ისევ ასლანისტი ხართ?

– არასოდეს არც ზვიადისტი ვყოფილვარ, არც – შევარდნაძისტი და არც ასლანისტი! ჩემთვის ყველაზე მაღლა ყოველთვის საქართველო იდგა!

– ამასწინათ განაცხადეთ, ჩემს კაბინეტში მოსასმენი აპარატურა აღმოვაჩინეო. დღესაც გისმენენ?

– რა თქმა უნდა, მისმენენ. მეტიც, ზოგიერთ ჯაშუშ პარლამენტარს, რომ მელაპარაკება, გულისჯიბეში ქინძისთავისხელა ჩამწერი და გადამცემი აპარატი უდევს!

ეს “ჯაშუში” პარლამენტარები ვინ არიან?

– ამის თქმის დროც მალე დადგება!

თქვენი გარემოცვა სანდოა?

– მგონი, შესანიშნავი კომიტეტი გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. საერთოდ, ეჭვიანი არა ვარ, მაგრამ… ხომ ხედავთ, ჩემი გულუბრყვილობა რადაც დამიჯდა (!).

ახლახან გავიგე: “ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ნოდარ კობერიძე “აღორძინების” ახალ წევრად და დამამშვენებლად მიუღიათ. ეს ინფორმაცია ასლან აბაშიძის პრეს-მდივანმა გიორგი თარგამაძემ დიდი ამბით გაავრცელა. ნუ მაიძულებენ, ვთქვა, ამ “ცნობილ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს საქართველოსა და ქართული მწერლობის წინაშე რა დამსახურებაც “მიუძღვის” და რისთვისაც მიიღეს ასეთი პატივით “აღორძინების” კავშირში!

– ბატონო გურამ, ბევრი რამ იცით?

– საკმაოდ. ზოგს ვამბობ, ზოგს – არა. თუმცა, ყველაფერი რომ ვიცოდე, მაშინ… ჯაშუში პარლამენტარებივით ჯიბეში მეც მოსასმენი აპარატი უნდა მედოს. ასეთ რამეს არასოდეს ვიკადრებ!

სხვათა შორის, ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა ადვილიცაა და ძნელიც. ადვილია იმიტომ, რომ… დაუცველი ვარ (!). ჩემთვის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა ის იქნება, თავის მართლება რომ დავიწყო, მოღალატე არ ვარ-მეთქი. ის კი, ვინც სიყვარულისა და ერთგულების მტკიცებას იწყებს, კაცი არ არის!

 

გურამ შარაძეს ვემშვიდობები. პარლამენტიდან გამოსულს კომუნისტებისდროინდელი ერთი ფრთიანი გამონათქვამი მახსენდება – ყველა შინაური ინაურიაო (!). როგორც ჩანს, ინაურები ასლან აბაშიძის გარემოცვაშიც ბლომად არიან და ედუარდ შევარდნაძის ზურაბ ჟვანიასა და გურამ შარაძის წრეშიც უხვად იპოვებიან…

 *

საეჭვო მკვლელობების ციკლს ბოლო არ უჩანს. სხვა რომ არაფერი, დღემდე გაუხსნელია ქალაქის პროკურორის – მიხეილ ქურდაძის საქმე, ლაშა შარაძის სიკვდილის საიდუმლო… შეიძლება ვინმეს ხმამაღლა ნათქვამად მოეჩვენოს, მაგრამ… ფაქტია, ქართული პოლიტიკა სისხლით იკვებება! უფრო სწორად, კარიერის მაძიებელი ქართველი პოლიტიკოსები ერთმანეთს შვილებისა თუ ოჯახის სხვა წევრების ფიზიკური განადგურებით უსწორდებიან. მთავრობა და სამართალდამცავები კი ჯიუტად სდუმან! საეჭვოა მათი დუმილი…

კმარა, ბატონებო! ხმა ამოიღეთ, თორემ… გამწარებული ხალხს მოთმინების ფიალა აევსება და… აკი, ვინც მახვილით კლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება!!! უაზრო ქართველთჟლეტას ბოლო უნდა მოეღოს. ის მაინც გაგვაგებინეთ, უახლოეს მომავალში კიდევ ვის მოკვლას აპირებთ?!

ერთსაც ნუ დაივიწყებთ: “არა არს ქვეყნად, რაც არ გაცხადდეს”!

 P.S. შაბათ საღამოს გურამ შარაძეს შევეხმიანე და სიტყვა ემიგრაციაში წასვლაზე ჩამოვუგდე. მოსაუბრემ რიტორიკულად განმიცხადა, ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას რა აზრი აქვს, პარლამენტი თავის წევრს რომ ვერ დაიცავსო (!). ბატონ გურამს ჩემდაუნებურად დავეთანხმე… მოგვიანებით ისიც გავიგე, სიკვდილამდე ორიოდე დღით ადრე, შაბათს, ლაშა შარაძეს ზუგდიდელი ღვინჯილიების ავადმყოფი შვილი სიკვდილისგან რომ გადაურჩენია. ორშაბათს მომაკვდავი პაციენტის სიცოცხლისათვის ბრძოლაში დაღლილს ჩასძინებოდა… ქილერმაც ამ დროს მოიხელთა…

სხვათა შორის: შვილის სიკვდილის მერე ორი თვის განმავლობაში გურამ შარაძე მემედ აბაშიძის 700-გვერდიანი კრებულის გამოცემაზე მაინც ენერგიულად მუშაობდა და… 25 აგვისტოს, აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 120-ე წლისთავის დღეს, ქართველი საზოგადოების წინაშე “უცნობი მემედ აბაშიძე” წარსდგება.

ეს ღირსშესანიშნავი თარიღი თბილისში ზეიმით აღინიშნება. აჭარის სამეფო კართან დაახლოებულთა თქმით, მემედ აბაშიძის მემკვიდრე არც ამჯერად ეწვევა დედაქალაქს. აჭარის ლომს, ალბათ, მომაკვდინებელი ფოტოაპარატისა ეშინია, ანდა… ასლან ბატონისაგან განსხვავებით კი ქართველ-ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობის აღსანიშნავ დღესასწაულზე საქართველოში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ჩამოვა სტუმრად. მანამდე კი… ავყიები არ ისვენებენ და ამტკიცებენ: გურამ შარაძე და ასლან აბაშიძე იმათ დაუპირისპირეს, ვისაც ერთიანი საქართველო არ სურთ (!). ლაშა შარაძეც ერთიანი საქართველოს იდეას შეეწირაო (!)…

 ვანო პავლიაშვილი
“ასავალ-დასავალი”, 17-23 აგვისტო, 1998

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s