ლაშა შარაძის მკვლელობა

 

  • ,,გურამ შარაძე: კახა თარგამაძემ მითხრა, შენი შვილი მთვრალი იყო და თავის ნარწყევში დაიხრჩოო’’, “დრო”, 2-5 ივლისი, 1998
  • არასდროს დაგვიკეტავს კარი და ფანჯრები, რადგან მოსაპარი არაფერი გვქონია და არც მოსაკლავი ჩაგვიდენია რამე”, “რეზონანსი”, 20 აგვისტო, 1998
  • ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ყალბად გამოძიება დავშალე და ჩემი შვილის გარდაცვალების ყალბ ვერსიას გავიზიარებ?”, “ახალი თაობა”, 28.07.1998, 29.07.1998
  • გურამ შარაძე: ჩემს მკვლელებს ნუ დასჯით! ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან ლაშა შარაძის მკვლელობამდე!, “ასავალ-დასავალი”, 17-23 აგვისტო, 1998
  • გურამ შარაძე: ჩემი შვილის მკვლელობა პოლიტიკური დაკვეთაა!, “ასავალ-დასავალი”, 17-23 სექტემბერი, 2001
  • ლაშა შარაძის მკვლელობის უცნობი დეტალები, “ახალი 7 დღე”, 25-31 მაისი, 2007

*** 

 გურამ შარაძე: კახა თარგამაძემ მითხრა, შენი შვილი მთვრალი იყო და თავის ნარწყევში დაიხრჩოო

 მე დამნაშავედ ვგრძნობ თავს, ვერ მოვუფრთხილდი, ვერ დავიცავი ჩემი ლაშას სიცოცხლე. საფრთხეს ვგრძნობდი და მზად ვიყავი დარტყმის მისაღებად, მაგრამ არა შვილების ხარჯზე, არა ჩემი ვაჟკაცის სიცოცხლის ხელყოფის ხარჯზე… მე თავს ვიკავებ ამ ეტაპზე კონკრეტული პიროვნებების თუ პოლიტიკური ძალების დასახელებიდან, მშიშარა კაცი არ ვარ, მაგრამ ამ ტრაგედიის შემდეგ უფლება არა მაქვს არ გავუფრთხილდე ჩემს თავზარდაცემულ ოჯახს, მით უმეტეს, რომ აღარაფრისგან აღარა ვარ გარანტირებული…

გაზეთმა “დრომ” პირველივე მძიმე დღეებში გამოიჩინა საოცარი გულისხმიერება, ყურადღება და ობიექტურობა. მან ეს გამოხატა არა მითქმა-მოთქმის დაფიქსირებით, არამედ აირჩია ყველაზე სწორი გზა, გაეცნო ლაშას კოლექტივს, ლაშას პაციენტები ნახა და საზოგადოებას შეუქმნა მიუკერძოებელი აზრი, რომელმაც მთლიანდ დაადასტურა ლაშა შარაძის პროფესიონალიზმი და მისი ერთგულება საქმისა და ქვეყნისადმი.

ლაშა იყო საოცრად ყურადღებიანი, მზრუნველი და ალერსიანი შვილი. ლაშა იყო შესანიშნავი მეუღლე, შესანიშნავი მამა. მთელი ოჯახის მკურნალი ექიმი და სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული…

ის უმძიმესი დღეები მე გადამატანინა ლაშას უკანასკნელი დღეების დეტალურმა დადგენამ, მე მისი ყოველი ფეხის ნაბიჯი დავაზუსტე და აღვადგინე ყველაფერი 11 ივნისიდან იმ საბედისწერო დღემდე.

მე დღეს პირველად ვყვები ამ დეტალებს… 

*

ჩემი დიდი ოჯახი მცხეთის ქუჩაზე ცხოვრობდა, 8 ნომერში… ორი წლის წინ ჩვენ გავიყავით – მე, ჩემი მეუღლე, ჩემი ვაჟი ოჯახით და ჩემი ქალიშვილი გადავედით საცხოვრებლად ჭავჭავაძის გამზირზე, 15 ნომერში. ლაშა კი თავისი ოჯახით დარჩა ძირ ოჯახში…

მე ჯანმრთელი კაცი ვარ, მაგრამ ამ ბოლო დროს მარილებმა შემაწუხა, ქუსლების ტკივილი დამჩემდა… როცა რენტგენი გადავიღე, ნისკარტისებური წანაზარდები აღმომაჩნდა მარცხენა ფეხის ქუსლში. ლაშამ სასტიკად ამიკრძალა მიმეღო სხივები. დოზების გადაჭარბება არ მოხდეს, შეიძლება აპარატი იყოს მოძველებული და არ მიიღო დასხივებაო…

11 ივნისს, ხუთშაბათს, სახლში ვიყავი. მე მეათე სართულზე ვცხოვრობ და ამ ტკივილით გაწამებული ვერ ჩავედი ქვემოთ. ლაშიკომ რომ დამირეკა, ვთხოვე, გაზეთები მიყიდე და ამომიტანე-მეთქი. იმდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ჩემი სათხოვარი, რომ ტანზეც არ გამოიცვალა, შორტებით წამოვიდა და წამოიყვანა ვაჟი, 2 წლის გურამ შარაძე.

ჩვენ ძალიან მომთხოვნი ვიყავით ერთმანეთის მიმართ, როგორც წესი, ჩემი ოჯახი ეტიკეტს მუდამ იცავდა და ვუსაყვედურე კიდევაც: შორტებით სახლიდან რატომ გამოხვედი ლაშა-მეთქი. რა მოხდა, მამაო, მითხრა, მთელი მსოფლიო შორტებით დადის, მე კი მცხეთის ქუჩიდან ჭავჭავაძეზე ჩამოვედი, სახლიდან სახლშიო… ამას ვაფიქსირებ იმიტომ, რომ მერე სამართალდამცავები განაცხადებენ, რომ ლაშა შარაძემ თავი მოიკლა ქვედა საცვლის ამარაო…

 *

12 ივნისს, პარასკვეს, ლაშა სამსახურში წავიდა. დილით, ჩვეულებისამებრ დარეკა, როგორა ხართო… იმ დღეს მე ,,მეტეხში’’ ვიყავი მიწვეული საბერძნეთის საელჩოს მიერ, საბერძნეთის კულტურის დღეებზე… ჩემმა მეუღლემ მითხრა საყვედური, შენ “მეტეხი-პალასში” მიდიხარ, მე კი ლაშასთან ვიყავი და დღეს მათ პურის ფული არ ჰქონდათო…

ლაშა ბრწყინვალე დასტაქარი იყო. მას არასოდეს არ აუღია ოპერაციაში ერთი თეთრიც კი. შეეძლო ოჯახი ჰყოლოდა მშიერი, არ შევეწუხებინე მეც კი და ეს ღირსეულად გადაეტანა…

მე არ ვაგრძნობინე ჩემს მეუღლეს, თუ რაოდენ დიდი ტკივილი მომაყენა მისმა საყვედურმა… საღამოს 8 საათი არ იყო, ლაშასთან რომ მივედი – პატარა გურამიკოს მივეცი ოცი ლარი, ჩემმა რძალმა – ადამ მითხრა: ბატონო გურამ. დახევსო… ჩემმა შვილიშვილმა, თითქოს გაიგოო, ფული დედამისს მიაწოდა… ლაშიკო სად არის-მეთქი, ვიკითხე, ძალიან დაღლილია და სძინავს, დღეს ოპერაციები ჰქონდაო. აღარ გავაღვიძე, ეძინოს-მეთქი, ვიფიქრე… იმ დღეს კი მე ხელიდან გავუშვი ჩემი შვილის ნახვის ბოლო შანსი. ამ დღის შემდეგ მე ლაშა ცოცხალი აღარ მინახავს… ჩემმა რძალმა და შვილიშვილმა გამომაცილეს და იქვე მდებარე სუპერმარკეტში შევიდნენ, მე მეტეხში წავედი…

 *

შაბათას, 13 ივნისს, ლაშას მორიგეობა არ უწევდა, მაგრამ საავადმყოფოს მთავარ ექიმს – დათო მაგრაქველიძეს მორიგეობა ჰქონდა და სთხოვა ლაშას, შემცვალეო… შაბათ საღამოს ზუგდიდელი ღვინჯილიების ოჯახმა 9 წლის ვაჟი მიიყვანა საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში. რაიონში წარუმატებლად გაუკეთებიათ ბრმა ნაწლავის ოპერაცია და შემდეგ თბილისში გადმოგზავნეს მაღალი სიცხეებით და მეორადი ოპერაციის აუცილებელი დიაგნოზით. ავადმყოფი ლაშამ მიიღო, გასინჯა და მიულოცა მშობლებს, არ არის საჭირო მეორადი ოპერცია, ინტენსიური მკურნალობით გადავარჩენო, მაგრამ კონსილიუმი მაინც მოუწვევია. ამას ადასტურებს ბატონი ლევან ასატუროვი, იმ კონსილიუმის წევრი. ღამის 3 საათზე ექიმებმა დაადასტურეს, რომ ლაშას დასმული დიაგნოზი სწორი იყო, ლაშა მთელი ღამე თავზე ადგა ბიჭუნას, ბავშვის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა კვირას 12 საათისთვის…

 *

კვირას იყო ლაშას მეგობრის მეუღლის დაბადების დღე, სადაც ლაშა და მისი მეუღლე აუცილებლად უნდა წასულიყვნენ. ლაშამ გადააბარა განყოფილება მორიგე ექიმს და პირველ საათზე მივიდა სახლში. ლაშას ოჯახში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, პარასკევიდან ორშაბათამდე მისი მეუღლე და ბავშვები მიდიოდნენ საბურთალოზე, ადას მშობლებს ეზოიანი სახლ-კარი აქვთ და ბავშვებს უყვართ იქ ყოფნა. მაგრამ პარაკევს რომ ლაშა გვიან დაბრუნდა, ვეღარ შეძლო წაეყვანა ოჯახი. ვანიკომ მოიწყინა თურმე. ვანიკო ჩემი რძლის უფროსი ვაჟია, პირველი ქორწინებიდან, 10 წლის არის, ლაშა ზრდიდა, ღვიძლი შვილივით უყვარდა, სიცოცხლე შეუნარჩუნა ბიჭუნას, როცა ავად იყო. სამი თვე დღე-ღამე არ მოცილებია მას, ამას ადასტურებს ბ-ნი პაატა გვეტაძე, ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი…

ლაშამ დაურეკა დედამისს და სთხოვა მანქანა, ვანიკოს საბურთალოზე უნდა წასვლაო, ჩემმა მეუღლემ დამირეკა, მე მძღოლი გავგზავნე, ადა კი დარჩა სახლში იმიტომ, რომ კვირას ამ წვეულებაზე უნდა წასულიყო. მაგრამ კვირას იყო საშინელი სიცხე, ადა უქეიფოდ გრძნობდა თავს და ვერ წავიდა, ლაშა კი, მივიდა თუ არა მეგობრის ოჯახში, მაშინვე საავადმყოფოში დაურეკავს და ღვინჯილიას ბავშვის ამბავი უკითხავს. მე ვესაუბრე ბავშვის დედას, რომელმაც მითხრა, ლაშამ დამირეკა მანამ, სანამ დაჯდებოდა სუფრასთან და მითხრა: თუ ბავშვის მდგომარეობა კარგია, დავრჩები აქ, მაგრამ თუ ამის უფლება არა მაქვს, მაშინ არ დავლევ და მოვალო, მაგრამ რახან უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა ბავშვს და მორიგე ექიმმაც დაადასტურა ეს, ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ლაშა ექიმს ყურადღებისთვისო… ლაშამ კი რატომღაც ვერ მოილხინა და სახლში მალევე დაბრუნდა, ალბათ, უგრძნობდა გული რაღაც ავს…

 *

გათენდა 15 ივნისი, ის არგასათენებელი ორშაბათი დღე… ლაშას მეზობლად VI სადარბაზოში ცხოვრობს ქ-ნი ლალი ვარდიაშვილი, მისი კოლეგა და მეგობარი. არც ლალის ჰყავდა მანქანა და არც დათო მაგრაქველიძეს. ტრადიციასავით იყო, ლაშა და ლალი გაუვლიდნენ დათოს მანქანით და ერთად მიდიოდნენ სამსახურში. იმ დილითაც ასე იყო. მივიდნენ საავადმყოფოში და ჩაატარეს დილის თათბირი. როგორც კოლეგები ამბობენ, ლაშა ამ თათბირზე აკადემიკოსის დონეზე გამოვიდა.

ჩემმა უფროსმა შვილიშვილმა ნიკამ, კუს ტბაზე ალერგიული დასხივება მიიღო და ტანზე გამოაყარა… გიორგიმ და მისმა მეუღლემ ბავშვი ორშაბათს ლაშას მიუყვანეს. ლაშამ გასინჯა ძმისშვილი, მალამო გამოუწერა და იქვე, საავადმყოფოს აფთიაქში შეუკვეთა ეს მალამო. იმ დღეს ლაშა სამსახურიდან წამოვიდა დღის 3 საათზე. დაიბარა, პარლამენტში მივდივარო… რვის ნახევრამდე მე პარლამენტში ვიყავი, მაგრამ ლაშა ჩემთან არ ამოსულა. იგი იმყოფებოდა მეათე პოლიკლინიკაში ჯანმრთელობის სამინისტროში საავადმყოფოსთვის საჭირო წამლების გადასაწყობად. პოლიკლინიკაში იგი ნახა მეუღლის მეგობრის დედამ, ხოლო ჯანმრთელობის სამინისტროში ექიმმა კორძაიამ. ჩემი მეუღლე მისულა მალამოს წამოსაღებად, იქ უთქვამთ, ლაშამ ფეხად გაგასწროთ, თვითონ წამოიღო მალამოო. ექვსის წუთებზე ლაშამ დაურეკა დედამისს, ჩამოდით, ნიკას მალამო მოვუტანე, მე დაღლილი ვარ, ვერ ამოვალო. დედამისი ჩამოსულა ქვემოთ, აი, მაშინ უთხრა ლაშამ, მეორე ბავშვს ველოდები, ადა ორი თვის ფეხმძიმე არისო. საკოცნელად რომ გაიწია დედამისმა, ლაშას უთქვამს, ოფლიანი ვარ და მტვრიანი, ნუ მაკოცებო.

 *

დედას მიახარა, რომ მეორე შვილს ელოდა, ლაშა თავს არ მოიკლავდა. მას შეგნებული ჰქონდა თავისი მოვალეობა ოჯახისა და ქვეყნის წინაშე. თან უთქვამს, კიდევ ბიჭი რომ გაჩნდესო… თუნდაც ტყუპები გაჩნდნენ, მთავარია ჯანმრთელები დაიბადონ და ჩვენ აგერ ვართო – უპასუხა დედამ…

ლაშა სახლში წავიდა. ადამ ჰკითხა, მშობლებთან თუ წამიყვან დღესო. ლაშას უთქვამს, წაგიყვან, მაგრამ ძალიან დაღლილი ვარ, ცოტას დავიძინებ და მერე ერთად წავიდეთო. პარასკევს მუშაობდა ჩემი შვილი, შაბათს მორიგე იყო, კვირას, შუადღემდე ავადმყოფ ბავშვს ადგა თავზე. ორშაბათს, ექვს საათამდე ირბინა საწყობებში, წამლები ეძება საავადმყოფოსთვის, გადაღლილს ღრმად ჩაეძინა. შვიდი საათისთვის ადას შეუღვიძებია, ლაშიკო, დაგელოდო თუ არაო. ლაშას უთქვამს, ძალიან დაღლილი ვარ, მეძინება, სვეტის დაურეკე, მანქანით გაგიშვებო.

სვეტის ლაშა დედამისს ეძახდა, ჩემს მეუღლეს სვეტლანა ჰქვია, არა იმიტომ, რომ იგი რუსია, სვეტლანა კოლხი ქალია, ჩვენ ორივენი 1940 წელს ვართ დაბადებულნი, ეს სახელი მას დაარქვეს სტალინის ქალიშვილის საპატივსაცემოდ. ამას ხაზგასმით ვამბობ იმიტომ, რომ თბილისში აგორდა ჭორი, თითქოს მე მყავს რუსი მეუღლე და ლაშამ დედინაცვალთან გამძაფრებული ურთიერთობის გამო თავო მოიკლა(?!) და ეს ითქვა მის მშობელ დედაზე…

ადას უთქვამს, ბარგი არა მაქვს, ნუღარ შევაწუხებთ დედას, ტაქსით წავალო. ლაშას მიუცია სამი ლარი. ადამ წაიყვანა პატარა გურამი, გაიკეტა კარები და წავიდა საბურთალოზე. ეს იყო ორშაბათს, საღამოს შვიდ საათზე.

 *

ორშაბათს მე მთელი დღე პარლამენტში ვიყავი, საღამოს რვის ნახევარზე მოვიდა ჩემთან ჩემი ბიძაშვილი, გურამ ქუტიძე და წავედით დოცენტ მათიაშვილის კერძო კლინიკაში, ფალიაშვილის ქუჩაზე. კლინიკაში პაციენტების რიგი დაგხვდა, მათიაშვილი მელოდა, მან ბოდიში მოუხადა პაციენტებს და ურიგოდ გამატარა. მარცხენა ფეხზე ნემსოთერაპია უნდა ჩამეტარებინა, იგი გამოცდილი ექიმია, მაგრამ ნემსი გამიკეთა თუ არა, ვიგრძენი რომ ფეხი მისივდებოდა. ალბათ, შემთხვევით წარუმატებლად ჩატარდა ეს თერაპია. მაგრამ მე ჩემს ბიძაშვილს აღარაფერი ვუთხარი, ის სახლში წავიდა, მე სახლისკენ გავემართე. ფეხი საგრძნობლად გამისივდა და იძულებული გავხდი, ფეხსაცმელი შემეხსნა. წვიმდა ძალიან და გულმა გამიწია ლაშასკენ. მომენატრა უცებ, მომენატრა საშინლად. მანქანა გავაჩერე გზის აქეთა მხარეს, კოჭლობა-კოჭლობით გადავედი, მაგრამ სახლში არავინ იყო. არც მანქანა იდგა ჩვეულებისამებრ, ფანჯრებთან. ეს იყო ორშაბათს, საღამოს ცხრის ნახევარზე. მაგრამ მე ხომ ამ დროს არ ვიცი, რომ ლაშას ცოლ-შვილი საბურთალოზეა წასული და რომ ლაშამ თავის სათაყვანებელ ოჯახს უარი უთხრა მომსახურებოდა მანქანით, რადგან ის საშინლად დაღლილი იყო.

მაგრამ მე ამას ვამბობ ხაზგასმით იმიტომ, რომ ლაშა სახლიდან არ გავიდოდა, ესე იგი, ის ვინც დაურეკა და სახლიდან გაიყვანა, იყო ძალიან ახლობელი.

 *

კიბეებზე ჩემი მძღოლის დახმარებით ავედი, ლიფტი არ მუშაობდა. ფეხი რუმბივით მქონდა. ათის თხუთმეტ წუთზე დამირეკა ჩემმა მეგობარმა, რომელსაც ვუთხარი, მარილებს გადავურჩი, მაგრამ, მგონი ფეხის ამპუტირება მელოდება, მგრძნობელობა აღარ მაქვს-მეთქი. ჩემმა მეუღლემ იოდის ბადე გამიკეთა, ტელეფონი გამორთო ჩემს ოთახში და მალე ჩამეძინა კიდევაც.

ლაშიკოს დაურეკავს ღამის 11-ის 10 წუთზე. სადა ხარო, დედამისს უკითხავს, ტელეფონს რატომ არ იღებდიო. აქა ვარო, უპასუხია. აქ სადო, სამსახურშიო. – ეს არის ლაშასგან ერთადერთი არასწორი ინფორმაცია. ის საავადმყოფოში არავის უნახავს ორშაბათის შემდეგ.

ჩემს მეუღლეს, შვილები ჩეკისტს ეძახდნენ, ბიჭები საყვედურობდნენ კიდევაც, უკვე ოჯახები გვყავს, რა ამბავია ამდენი დევნა, სად უნდა წავიდეთ ამხელა ხალხიო. მე ცოტათი წინ გავუსწრებ მოვლენებს და ასე ავხსნი ამ ფაქტს: მან, ვინც ლაშა მოტყუებით გაიყვანა სახლიდან, მერე ლაშასთან ერთად მიბრუნდა სახლში და დედამისს რომ განგაში არ აეტეხა, დასამშვიდებლად ათქმევინა, რომ სამსახურში იყო.

 *

ორშაბათს, ღამის 11 საათზე ლაშა სუპერმარკეტში ნახეს, იგი შორტებით იყო და ახლდა თეთრპერანგიანი, მაღალი, ჩაფსკვნილი მამაკაცი. ეს არის სწორედ ის კაცი, რომელმაც გამოიყვანა იგი სახლიდან…

გათენდა სამშაბათი, საერთოდ, ლაშა ყოველ დილით დარეკავდა და მოგვიკითხავდა, როგორ ხართ, რას შვრებითო. დილით რომ აღარ დარეკა, დედამისმა დაურეკა, მაგრამ ლაშა ტელეფონს არ იღებდა. ჩემი მეუღლე მცხეთის ქუჩაზე ავიდა, მანქანა იქვე იდგა ფანჯრებთან, მაგრამ კარებს არავინ აღებდა.

წინღამით, 11-ის წუთებზე დაურეკა დედამისს, 11 საათზე სუპერმარკეტში ნახეს, მისი იქ ყოფნა დააფიქსირა გამყიდველმაც და ჩვენმა უახლოესმა მეზობელმა და მეგობრის ამირან ბუაძის მეუღლემ, ნელი შენგელიამ.

11-ს რომ 15 წუთი აკლდა, ნელი სიგარეტის საყიდლად გადასულა სუპერმარკეტში, თან ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია და სიჩქარეში კარებიც კი არ დაკეტა, რომ დრო არ დაეკარგა. სიგარეტი რომ იყიდა, აი, მაშინ დაინახა ლაშა. მაგრამ რახან ჩქარობდა, “პრივეტ ლაშიკოო”, დაუძახა და გამოიქცა. ტრაგედიის დღეს, კივილი რომ ატყდა, იმ სუპერმარკეტოდან მოირბინეს თანამშრომლებმა, აი, მაშინ თქვა გამყიდველმა ქალმა, რომ ლაშა შორტებით იყო შემოსული მარკეტში, იყიდა ორი ბოთლი ლუდი და ახლდა ახალგაზრდა, მაღალი, თეთრპერანგიანი მამაკაცი.

ჩემმა მეუღლემ იფიქრა, ლაშა მანქანით ჰყავდათ წაყვანილი ავადმყოფის სანახავად, მერე ისევ დაურეკა შვილს, ისევ არავინ არ პასუხობდა, მერე ისევ მიაკითხა სახლში, იგივე სურათი დახვდა: მანქანა იდგა, კარებს არავინ არ აღებდა. ადა ჯერ კიდევ საბურთალოზე იყო, არც მას არ შეხმიანებია ლაშა, მაგრამ ადას გული ცუდს არაფერს უგრძნობდა, მან იცოდა, როგორი ყურადღებიანი იყო ლაშას დედა.

სამშაბათ დღეს მე გვიანობამდე პარლამენტში ვიყავი და დიდი ივანე მაჩაბლის ნეშტის ნაწილების ძვალთშესალაგის მომზადებაზე ვმუშაობდი. შემდეგ ისევ დოცენტ მათიაშვილთან მივედი კლინიკაში, ნემსოტერაპია ჩავიტარე ისევ და ძალიან გადაღლილი დავბრუნდი სახლში. ამ დროს ტელეფონზე დარეკა ჩემმა რძალმა, ლაშა არ გამოჩნდაო? ჩემმა მეუღლემ უთხრა, არაო. როგორ, ლაშა არ გამოჩენილა-მეთქი, ვიყვირე. წუხელ დამირეკა სამსახურიდანო, მითხრა სვეტლანამ და ალბათ, მორიგეობა ახლაც გადააბაო. ვიფიქრე, რომ ასეც იქნებოდა…

 *

ოთხშაბათს უკვე ადრე დილით ცუდი წინათგრძნობა მქონდა, მეუღლეს კი ვუთხარი, სამსახურში მივდივარ, მანქანას გამოგიგზავნი და მოძებნე ლაშა-მეთქი. ვგრძნობდი, რომ ჩემს თავს კარგი არაფერი ტრიალებდა და არ მინდოდა, ჩემი მეუღლე მხლებოდა თან. მარტო მივედი მცხეთის ქუჩაზე, მანქანა ისევ იდგა, კარს კი ისევ არავინ არ აღებდა, ლაშას გვერდით, პოეტ აკადემიკოს ირაკლი აბაშიძის ქალიშვილი, ირინა აბაშიძე ცხოვრობს. იქ შევედი და დავრეკე სახლში იმის გასაგებად, ადას მიჰქონდა თუ არა გასაღები თან, როცა საბურთალოზე მიდიოდა. ჩემი მეუღლე შეშფოთდა, გასაღები მიაქვს ხოლმე, მაგრამ შენ საიდან რეკავო. აი, მაშინ უკვე ჩავვარდი ისტერიკაში და დავუხეთქე ტელეფონი, რომ აღარაფერი ეკითხა, რადგან ვგრძნობდი, რომ იგი უბედური დედა იყო უკვე. საბურთალოზე მივდიოდი და იმედს ვებღაუჭებოდი, იქნებ, ცოლ-შვილთან წავიდა და იქ დარჩა-მეთქი.

ლაშა იქ არ დამხვედრია, ადამ მითხრა, მე გასაღები არ წამომიღია, კარები გამოვიკეტე და ისე გამოვედიო. დათო მაგრაქველიძეს დაურეკე-მეთქი, ვთხოვე. ერთი ბედნიერი შემთხვევა გამახსენდა უცებ, როცა ლაშა არ იღებდა ტელეფონს, მანქანა სახლთან იდგა, ჩვენ მაშინ ძალიან შევშფოთდით და ღამის პირველ საათზე დათო გავაღვიძეთ. დათომ გვითხრა, ლაშას ველაპარაკე, სახლშია, ალბათ ტელეფონი გამორთო და დაიძინაო…

მეორე დღეს, ლაშამ გვისაყვედურა, რა დაგემართათ, ცოლ-შვილი საბურთალოზე მყავდა, ტელეფონი გამოვრთე, რომ მშვიდად დამეძინა, ძილის უფლებასაც აღარ მაძლევთო?! რატომღაც იმედი გამიჩნდა, რომ ეს ბედნიერი შემთხვევა ისევ განმეორდებოდა… დათომ კი მითხრა, რომ ორშაბათის შემდეგ მე ლაშა აღარ მინახავს, სამშაბათს რომ მოვიკითხე სამსახურში და რომ მითხრეს, არ მოსულაო, ვიფიქრე, ალბათ, რახან ჩემს მაგივრად იმორიგევა, გადაიღალა და აღარ მოვიდა-თქო. მერე ღვინჯილიას მშობელმაც მითხრა, ძალიან გამიკვირდა, რომ ეს ყურადღებიანი ექიმი მთელი დღის მანძილზე არ გამოჩნდაო.

 *

ამ საუბრის შემდეგ, ადას დავარეკინე ჩემს მეუღლესთან, რომ ჩამოსულიყო სახლთან და ერთად ავსულიყავით მცხეთის ქუჩაზე. მანქანა ისევ იქ იდგა, შუქი იყო, მაგრამ ზარს რომ ვრეკავდი, ზარის ხმა არ ისმოდა. ჩემი მეუღლე მაქსიმალურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა ჩემს დასანახად, ავიდა ნელისთან და გამოართვა კიბე. ჩემმა მძღოლმა აივანზე მიაყუდა ეს კიბე, სპორტსმენი კაცია, ადვილად გადახტა აივანზე და კარებს მიაწვა. კარებს გარედან რკინის ხარიხები ჰქონდა, ჩვეულებისამებრ, ლაშა შიდა კარებს ღიას ტოვებდა, ხარიხები ყოველთვის ჩაკეტილი ჰქონდა. აი, როდესაც ეს რკინის ხარიხები ხელის მიწოლისთანავე გაიღო, მე მივხვდი, რომ ლაშა მოკლული იყო…

 *

ამ კარებთან დაკავშირებით, ადრე ასეთი ისტორია მოხდა. ზამთარში ლაშას “დვიჟოკი” მოპარეს. კი, განვაცხადეთ პოლიციაში, მაგრამ არავითარი შედეგი ამას არ მოჰყოლია. მომერიდა კიდევაც, სამართალდამცავებისთვის შემეხსენებინა ეს ისტორია და ვუთხარი ლაშას, როგორღაც უნდა გაატარო ეს ზამთარი-მეთქი.

მარტში საშინელი ტრაგედია დამატყდა თავს, გარდამეცვალა უმცროსი ძმა. იგი გურიაში ცხოვრობდა. ჩამოვიდა თბილისში, გული აწუხებდა, სამმა პროფესორმა ნახა, რომელთა გვარებს მე შეგნებულად არ ვასახელებ ახლა და სამივემ უთხრა, რომ საშიში არაფერი იყო. იმათგან მობრუნებული, ხელებში ჩააკვდა უფროს ძმას. მე მძიმედ განვიცადე მისი გარდაცვალება. 23 აპრილს მისი ორმოცი სრულდებოდა. ორმოცამდე დეიდაჩემი დარდაიცვალა, მე და ჩემი მეუღლე წავედით დეიდის დაკრძალვაზე. ლაშა თბილისში დარჩა, იგი შაბათს უნდა ჩამოსულიყო სიმამრთან და ძმასთან ერთად. მხოლოდ ახლობლების წრემ იცოდა, რომ ყოველ პარასკევს ლაშას ოჯახი საბურთალოზე მიდიოდა. რახან უფროსი ვაჟი 10 წლის იყო და უმცროსი ორის. მეუღლეებმა არ ჩათვალეს საჭიროდ ერთ საძინებელში ყოფნა და ჩემმა შვილმა იმ ოთახში მოიწყო საძინებელი, რომელსაც ადრე ჩვენ “ბიჭების ოთახს” ვეძახდით. ესეც მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იცოდნენ… რახან ლაშა შაბათს გურიაში უნდა წამოსულიყო, ოჯახი მასთან დარჩა…

*

ლაშა მარტო იწვა საძინებელ ოთახში, რომლის კარები გადიოდა აივანზე და კარები იყო ღია. გათენებისას, ოთხ საათზე რაღაც ძალამ გამოაღვიძა ჩემი შვილი, იგი წამოხტა ფეხზე და ოთახში მაღალი კაცის სილუეტი დალანდა.

– ვინ ხარ, რა გინდა, ცოლ-შვილი არ შემიშინოო, უთქვამს. მომხვდურს კრინტი არ დაუძრავს. აქ ორი ვარიანტია: მან ან ქართული არ იცოდა და ვერ გაიგო, ლაშა რას ეუბნებოდა, ან ხმა არ ამოიღო, რომ ლაშას ხმაზე არ ეცნო. მომხვდური აივნიდან გადახტა და ფეხი იღრძო. ეს შეამჩნია ლაშამ მაშინ, როცა სახლის წინ გაჩერებულმა მანქანამ ფარები აანთო და უცნობი კოჭლობით ჩაჯდა მანქანაში. ლაშამ გააღვიძა მეუღლე და სახლი დაათვალიერა. იმის შიშით, ვინმე კიდევ ხომ არ არისო, მაგრამ სახლში აღარავინ იყო. პოლიციაში ამის შესახებ არ განუცხადებია… როცა მე გამოვთქვი შეშფოთება მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ, ზოგიერთმა გამაქილიკა კიდევაც. ალბათ, ამიტომ დამიმალა ჩემმა ოჯახმა ეს. ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩემს რძალს წამოსცდა საუბარში: “აი, იმ ღამეს ლაშიკოსთან რომ ვიღაც კაცი შემოვიდა საძინებელში” და რომ შემამჩნია, გავოცდი, მითხრა, ბოქლომებიანი ხარიხები დავაყენეთო. აი, ამიტომ იყო, რომ ლაშა შიდა კარებს აღებდა და ამ ბოქლომებზე კეტავდა ხარიხებს.

 *

როდესაც ჩემმა მძღოლმა შეიხედა ოთახში, იბღავლა – ლაშაო. მე მეგონა, რომ მან მძინარე ლაშა დაინახა და გაუხარდა, მაგრამ ჩემი მძღოლი აივანზე გამოვარდა და ძირს დავარდა. მე ეს არ დამინახავს, რადგან აივანი მწვანე პლასტიკატით არის დაფარული და დავუძახე: ჯემალ, კარები გააღე, კიბეებზე ჩამოდი-თქო. როცა მის სახეს შევხედე, მივხვდი, რომ შვილი მომიკლეს. უბედურება ტრიალებდა, ცოლი და რძალი მე მყავდა გაკავებული. ადას გული წაუვიდა, მაშინ გავიგე, რომ იგი ფეხმძიმედ ყოფილა. შემდეგ მეც აღარაფერი მახსოვს, გონს რომ მოვედი, სასწრაფოს მიკროავტობუსში ვიწექი, თავზე ექიმი მადგა. მიკროავტობუსთან იდგნენ: გენერალური პროკურორი ჯამლეთ ბაბილაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე, ჯანმრთელობის მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, უშიშროების მინისტრი ჯემალ გახოკიძე, ქალაქის პროკურორი ნუგზარ გაბრიჭიძე, პოლიციის სამმართველოს უფროსი სოსო ალავიძე. ზღვა ხალხმა მოიყარა თავი. მოგვიანებით გავიგე, რომ პრეზიდენტს დაუვალებია უშუალოდ მათთვის ეს. ბატონმა ზურაბ ჟვანიამ მითხრა მერე, პრეზიდენტმა რომ დამირეკა, ისეთი არაადამიანური ხმა ჰქონდა, ვიფიქრე, ომი დაიწყოო.

 *

კახა თარგამაძე დავინახე თუ არა, შევყვირე: კახა, მომიკლეს მძინარე შვილი-მეთქი? არაო, მითხრა, ბ-ნო გურამ, თქვენი შვილი ნასვამი ყოფილა და მისსავე ნარწყევში დამხრჩვალაო… იქვე მისამძიმრებდნენ შვილის სიკვდილს, რატომ არ მაჩვენებთ შვილს-მეთქი, ვკითხე თარგამაძეს. მან მითხრა, ბ-ნო გურამ, ექსპერტიზა მიდის და ხელს ნუ შევუშლითო. ორი საათის შემდეგ მითხრეს, შეგიძლიათ გამობრძანდეთო. თურმე ეს მანქანა სჭირდებათ ლაშას ცხედრის წასაღებად, ეზოში გასასვლელთან დაუყენებიათ მანქანა და ლაშას ცხედარი ჩემთან შეუთანხმებლად გაუპარებიათ უკანა კარებიდან. მე კი ბუაძეების სახლში ამიყვანეს, სადაც ჩემი მეგობრები მოვიდნენ და მითხრეს, გამაგრდი, გურამ ლაშა დამხრჩვალი კი არ არის, ლაშა მოკლულიაო. მეზობლის სიძემ კი მითხრა, რომ სამშაბათს, დღის პირველ საათზე, იგი კიბეებზე მოაცილებდა სტუმარს და შენიშნა, თუ როგორ აწვალებდა ლაშას სახლის კარებს მაღალი, თეთრპერანგიანი მამაკაცი, რომელიც ფეხის ხმაზე ადგილიდან მოწყდა და გაიქცა…

 *

სასწრაფოდ მოვითხოვე პროზექტურაში წაყვანა. იქ დამხვდნენ: ბ-ნი ავთანდილ ჯორბენაძე და 8-10 კაცი, მათ შორის, ქ-ნი თამარ დეკანოსიძე და მთავარი ექსპერტი, ბ-ნი ზაზა ოქრუაშვილი. ავთო ჯორბენაძემ მამცნო, რომ მისი თავმჯდომარეობით შექმნილია რვაკაციანი საექსპერტო კომისია და ცხედარზე მუშაობა დამთავრებულია. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მოვითხოვე რომ პროკურატურის გამომძიებელს გაეცა თანხმობა ცხედარის დაკრძალვაზე, რომ შემდეგ პრეტენზია არ ჰქონოდათ, ექსპერტიზა ვერ ჩავატარეთო.

 *

ლაშა ორშაბათს მოკლეს გათენებისას, ოთხ საათზე. ზუსტად იმ დროს, როცა 24 აპრილს მას შეუვარდნენ საძინებელში, ალბათ, მოსაკლავად.

ოთხშაბათს 11 საათამდე აღმოვაჩინეთ ჩემი უბედური შვილის ცხედარი.

სასწრაფოდ უნდა დამეკრძალა, დაკრძალვა შაბათს დაინიშნა. ქ-ნი თამარი და ბ-ნი ზაზა თავად მოდიოდნენ და კუბოზე გაკეთებულ საჰაეროებს ამოწმებდნენ, რომ უბედურება არ მომხდარიყო და არ გამსკდარიყო კუბო. პატრიარქმა მომისამძიმრა, მისი პირველი კითხვა იყო, ხომ ნამდვილად აუგებს წესს მამა კონსტანტინეო. მე დავუდასტურე და ვუთხარი, რომ ლაშა მისი სულიერი შვილი იყო და ყველაზე კარგად მამა კონსტანტინემ იცოდა, რომ ლაშა თავს არ მოიკლავდა. ლაშას წესი მისმა სულიერმა მოძღვარმა მამა კონსტანტიმე აუგო…

 *

პრეზიდენტმა დამირეკა და მითხრა, გითანაგრძნობთ და ვღვრი ცრემლებს თქვენთან ერთადო. პრეზიდენტს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ლაშამ თავი მოიკლა…

 *

ლაშა მოკლულია… მე ვფიქრობ, რომ მკვლელი ის თეთრპერანგიანი კაცია, მან ძალიან დიდი თანხა აიღო ლაშას მკვლელობაში…

ლუდი დალიეს ერთად, უყურეს ფეხბურთს, შემდეგ ლაშამ გააცილა იგი, თვითონ კი დაწვა და დაიძინა. რას მოიფიქრებდა ჩემი შვილი, რომ სტუმარმა მას გასაღებების ასხმიდან ხარიხების გასაღები მოპარა. 4 საათზე ის შემოვიდა სახლში, გამორთო ელექტროგაყვანილობა, მოკლა მძინარე ლაშა და აივნიდან გადახტა. სამშაბათს კი, ალბათ, მიბრუნდა იმიტომ, რომ მისდა გასაოცრად ქალაქში არ გახმაურებულა ლაშას სიკვდილი, ალბათ, შემოწმება უნდოდა, ნამდვილად მოკლა თუ არა ჩემი შვილი…

 *

29 ივნისს მაცნობეს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ს 105-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს განზრახ მკვლელობას. ლაშას გახვრეტილი აქვს შუბლი. იგი ნაპოვნია მწოლიარე მდგომარეობაში.

 *

მე არ მოვითხოვ ვინმეს დახვრეტას, მე მჭირდება სიმართლე, რომ ჩემი შვილი ხელახლა არ მომიკლან ტყუილით. თუ თავი მოიკლა და ამაში დამარწმუნებენ, დამარწმუნონ. ტყუილში კი, ვერავინ ვერასოდეს ვერ დამარწმუნებს და ამის იმედი ნუ ექნებათ, ნურც პროკურორებს, ნურც მინისტრებს და ნურც გამომძიებლებს. და თუ მე სიმართლე ვერ დავადგინე, მაშინ რაღა კაცი ვარ, ან რაღა მამა ვარ…

 შორენა დარჩია
“დრო”, 2-5 ივლისი, 1998

 

 

 “არასდროს დაგვიკეტავს კარი და ფანჯრები, რადგან მოსაპარი არაფერი გვქონია და არც მოსაკლავი ჩაგვიდენია რამე”

 საუკუნის შემდეგ ილიას მკვლელობის ფარდისამხდელი, მწერალი და აკადემიკოსი, პარლამენტარი გურამ შარაძე დღეს შვილის მკვლელის ვინაობას არკვევს. “ჩემი შვილი სიცოცხლეში ვერ დავიცავი და სიკვდილშიც აღარ დავიცვა?” – ამბობს ლაშა შარაძის მამა.

ამავე დროს პარლამენტარი აცხადებს, რომ “უცნობი პირები” მას ტელეფონით ურეკავენ და ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან.

“რეზონანსი”: ბატონო გურამ, ვინ გემუქრებათ, ეჭვი ხომ არავისზე გაქვთ?

გურამ შარაძე: ქართველებს გვაქვს ერთი ასეთი ბრძნული გამონათქვამი: დამნაშავემ ერთი ცოდვა ჩაიდინა, დამბრალებელმა – ასი თუ ათასიო. ჯერ ერთი, ამ ხალხური გამონათქვამიდან, და საერთოდ, ქართული ზნიდან გამომდინარე, მე, როგორც ქართველს, არა მაქვს უფლება, ამ შეკითხვას ვუპასუხო რაიმე ჭორებით, შეუმოწმებელი მოსაზრებებით ან მოგონილი ბრალდებებით.

ამასთან, მე არ ვარ რიგითი მოქალაქე, მე ვარ სახელმწიფო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი და, მით უმეტეს, ვალდებული ვარ ვილაპარაკო მხოლოდ დადასტურებული ფაქტებით.

მე გული მტკივა, ზოგიერთი პოლიტიკოსი ჭორებით რომ იქმნის იმიჯს და საარჩევნო ქულებს იწერს. ქართველი ხალხი ბრძენია და იგი ამას ხედავს. მე ვერ მივბაძავ მათ და ვერ დავიწყებ ჭორაობას. სახელმწიფოში იმიტომ არსებობს გენერალური პროკურატურა, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები, რომ მათგან მოვითხოვო სიმართლის დადგენა, რაც არ უნდა მწარე იყოს იგი. იმის გამო გამოვთქვი პროტესტი, ვეფხია ლომიძემ რომ დაიწყო კეკლუცობა და ყალბი საგამოძიებო ვერსიების გამომზეურება და ჩემი შვილის სულის შეწუხება, თუ არა, ახლაც არ ამოვიღებდი ხმას.

მაგრამ როდესაც ჩემს შვილს საფლავშიც არ ასვენებენ, მე რომ გავჩუმდე, ამის უფლება არა მაქვს. ასეთ “გამოძიებას” მირჩევნია, საერთოდ არ იყოს გამოძიება, რათა ხალხიც არ დაიბნეს და, რაც მთავარია, ჩემი შვილის სულიც შეწუხებისაგან დავიცვა.

“რ”: თქვენ ამტკიცებთ, რომ ადრეც იყო ლაშას მკვლელობის მცდელობა…

გ.შ.: დიახ. ალავიძე და ლომიძე ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობას რომ ასახელებენ, რატომ არ მცემენ პასუხს იმაზე, რომ 23 აპრილს, ღამის 3 საათზე რატომ მოადგა ალუმინის გასაშლელი კიბით ლაშას ბინის აივანს მკვლელი? ჩვენ არასდროს დაგვიკეტავს კარი და ფანჯრები, რადგან მოსაპარი არაფერი გვქონდა და მოსაკლავიც არაფერი გაგვიკეთებია.

ეს ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის, მაგრამ მაშინ არ გამიმხილა ჩემმა შვილმა, დამიმალა, მამა ინერვიულებსო.

მკვლელი შეიპარა იმავე ოთახში და ლაშას იმავე საწოლზე დაადგა თავს. წამოხტა ლაშიკო და გაწევ-გამოწევა სცადა. ძიძგილაობაში ეხვეწებოდა: მოსაპარი არაფერი მაქვს და ცოლ-შვილი არ შემიშინოო. დამფრთხალი მკვლელი ფანჯრიდან გადახტა.

ლაშამ იქვე მდგომი მანქანის შუქზე დაინახა, როგორ მოიტეხა მან ფეხი. იმავე კიბით ხომ არ ჩავიდოდა, ნარნარად ხომ არ დაეშვებოდა?! ვეკითხები ჩვენს სამართალდამცავებს, რატომ შემოვიდა 23 აპრილს, ღამის 3 საათზე, ლაშას ბინაში საკუთარი კიბით ვიღაც ახმახი კაცი, იმისთვის, რომ ლაშამ თავი არ მოიკლას და “დავიცვა” იგი “თვითმკვლელობისაგანო”?

იარაღი თუ ჰქონდაო, ამას რომ იძიებენ, ვეკითხები ძველს, ახალს და მომავალ გამომძიებლებს – ლაშამ მკვლელი უიარაღოდ რომ მოიგერია, რატომ არ ესროლა, აბა, რისთვის ჰქონდა იარაღი?! მკვლელის გაქცევის შემდეგ მან ცოლი გააღვიძა და კიდევ ვინმე რომ არ ყოფილიყო სახლში, ფარნით დაიწყეს დათვალიერება.

იარაღი რომ ჰქონოდა, რაღა ცოლს გააღვიძებდა, იარაღის ასაღებად არ გაიქცეოდა?! სად არის ლოგიკა?!

ამ ფაქტის მოწმეა ჩვენი ერთი მეზობელი, და რაც მთავარია, არსებობს ნივთმტკიცება – ალუმინის გასაშლელი კიბე, რომლითაც მკვლელი სახლში შეიპარა და რომელიც ჩვენთან დევს სახლში. მისი ნახვით მხოლოდ ახლა დაინტერესდა ახლადშექმნილი საგამოძიებო ჯგუფი…

“რ”: ბატონო გურამ, მხოლოდ გემუქრებიან და თანაგრძნობას არავინ გიცხადებთ?

გ.შ.: მადლობელი ვარ ჩემი ხალხის, რომელმაც გულთან ასე ახლოს მიიტანა ჩემი ტრაგედია და ჭირისუფლად დამიდგა. ჩემთვის უცნობმა ერთ-ერთმა ქალბატონმა, დამსახურებულმა ექიმმა მერი ინაშვილმა წერილი გამომიგზავნა.

ერთ ფრაზას მოვიყვან მხოლოდ: “ბატონო გურამ, ილია ჭავჭავაძეს რომ შვილი ჰყოლოდა, ილიას კი არ მოკლავდნენ, შვილს მოუკლავდნენ. თქვენ იმიტომ არ მოგკლეს, რომ ლაშა გყავდათ. გამაგრდით, ჩვენი ქვეყნისთვის იცოცხლეთ!” მარტო ამ სიტყვებისთვის ვარ მოვალე, ჯერ კიდევ ვიცოცხლო ჩემი ქვეყნისა და შვილების საკეთილდღეოდ.

“რ”: სატელეფონო მუქარები კვლავ გრძელდება?

გ.შ.: რა თქმა უნდა, დღემდე გრძელდება ეს. წეღან მკითხეთ და რა მოხდება, ერთხელ მაინც არ გიპასუხოთ გულწრფელად?..

მე ილია ჭავჭავაძის მკვლელობა გამოვიძიე ერთი საუკუნის შემდეგ და ამისთვის პოსტკომუნისტურ საქართველოში პირველი ეროვნული პრემია მომენიჭა.

ასევე, მინდა გავუმჟღავნო თქვენი გაზეთის მკითხველებს, როგორ გამომიგზავნა ალექსი ინაურმა 80-იან წლებში “კაგებეს” ერთ-ერთი ძველი თანამშრომელი, რომელიც ახლა მწერლობს და პატრიოტობს (თუ საჭირო გახდება, მოვიყვან მოწმედ) და მითხრა: ბატონო გურამ, დავალებული მაქვს, გადმოგცეთ ინაურის ბრძანება – ჩვენ ვხედავთ, რომ გურამ შარაძე ადგას ილიას მკვლელობის გამოძიების სწორ გზას (მაშინ კომუნისტური რეჟიმი მძვინვარებდა), ილიას მკვლელობა სოციალ-დემოკრატების ბოლშევიკური ფრთის ნამოქმედარია. ამიტომ ვუბრძანებთ, დადოს კალამიო.

ბატონმა ოთარ იოსელიანმა, გაზეთ “თბილისის” მაშინდელმა რედაქტორმა, გაწირა თავი და დაბეჭდა ილიას მკვლელობის ჩემეული ისტორია, რის გამოც, შემდეგ მოხსნეს კიდეც სამსახურიდან.

ჰკითხეთ ყოფილ სამხედრო პრიოკურორს, ამჟამად იურიდულ მეცნიერებათა დოქტორს, ბატონ ალექსანდრე შუშანაშვილს, რომელმაც სადოქტორო დისერტაცია ჩემი მონოგრაფიის გამოცემიდან 10 წლის შემდეგ დაიცვა, თუ გადაუხვია რაიმეში ჩემს მთავარ დასკვნას.

მაშინ ვერ გამაჩერა ინაურმა და მისმა დამქაშებმა და დღეს რა უფლება მაქვს, გავჩუმდე ჩემი შვილის მკვლელობის ყალბ ვერსიებზე? იმისთვის, რომ პარლამენტის წევრისა და კომიტეტის თავმჯდომარის თბილი სავარძელი შევინარჩუნო და ის “სიკეთეები”, რომელიც ახლავს თან, მომავალ პარლამენტშიც გავიკაფო გზა და ჩემი შვილის სული ასე დაუცველი დავტოვო? ის არ მეყოფა ცოდვად, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე ვერ დავიცავი და სულიც აღარ დავიცვა?

“რ”: რა თანამდებობაზე მუშაობდა ლაშა პარლამენტში?

გ.შ.: ლაშა ბავარიის მთავრობის სტიპენდიანტი იყო და მუშაობდა მიუნხენში, 7 თვე იქ გადიოდა კვალიფიკაციის ამაღლების კურსს.

შეგიძლათ დაუკავშირდეთ მიუნხენში მის პროფესორს, შნურს, როგორ მაღალ შეფასებას აძლევდა ის და მიუნხენის კლინიკა ლაშას მუშაობას. მის ჩატარებულ ოპერაციებს გერმანელი პროფესორები ტაშს უკრავდნენ, მაგრამ ლაშამ შეწყვიტა სამოთხისებური ცხოვრება მიუნხენში და დაბრუნდა ალმოდებულ საქართველოში, როდესაც თბილისი იწვოდა, სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, კომენდანტის საათი იყო, შიმშილი, სიცივე, უშუქობა და მომადგა სახლში. მითხრა: მამიკო, დავტოვე მიუნხენი, ჩამოვედი აქ, ჩემი სამშობლო ჯოჯოხეთშია. მას უფრო სჭირდება ჩემი ცოდნა და გამოცდილება, ვიდრე გერმანიასო.

მან შესანიშნავი განათლება მიიღო ჯერ 23-ე სკოლაში, მერე სამედიცინო ინსტიტუტში. ამას დაადასტურებს სკოლის ყველა მასწავლებელი. ის იყო ვუნდერკინდი. ამასვე იტყვის მთელი სამედიცინო ინსტიტუტისა და მიუნხენის კლინიკის პროფესურა. როდესაც ახალი საპარლამენტო კომიტეტები შეიქმნა, ლაშამ პარლამენტში დაიწყო  მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტში ბატონ დავით აბაშიძესთან. იკითხეთ, რა სახელი და ავტორიტეტი შეიქმნა მან მთელ პარლამენტში.

ერთი მხრივ, მეამაყება, მაგრამ, მეორე მხრივ, ჭრილობას მიხსნის და მარილს მაყრის პარლამენტის ყველა თანამშრომელი, ყოველდღე ლაშას ცრემლებით რომ იხსენიებს. ბატონი კოტე კოკოევი ლაშას სიცოცხლეში ხუმრობით მეუბნებოდა, გურამ, არ მჯერა, ლაშა თუ შენი შვილიაო.

მე ეს მეამაყებოდა და მიხაროდა, რომ ჩემი შვილი ასე უყვარდათ და ჩემზე მაღლა აყენებდნენ.

…როდესაც ლაშას იღებდნენ პარლამენტში, სავალდებულო იყო ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნა. ვუთხარი პარლამენტის აპარატის უფროსს, ხათუნა გოგორიშვილს – ლაშამ ინგლისური არ იცის-მეთქვი. მან ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, გამონაკლისს ვერ დავუშვებთო.

მართალია, ინგლისური არ იცის, მაგრამ რა დააშავა გერმანიამ და საფრანგეთმა, რომ გერმანული და ფრანგული ენები არ სჭირდება საქართველოს პარლამენტს-მეთქი, – ვეხუმრე. კარგიო, მაგრამ საკონკურსო გამოცდებზე ამ ენების მცოდნეს მხოლოდ ლაშასთვის მოვიპატიჟებო, – მითხრა ქალბატონმა ხათუნამ.

ჩემი შვილისთვის არც სკოლაში “ჩამიწყვია საქმე”, არც უმაღლესში და არც სამსახურში. ის კი არადა, ჩემი შვილების მოსაფერებლად არ მეცალა არასდროს. ლაშას მოფერებაც ვერ მოვასწარი. არც ვიცოდი, როდის იყო გამოცდა, ისე ჩემი შვილი ცხონდეს და. თუ ვტყუოდე, მისი საფლავის გზა დამბნეოდეს.

გამოცდის შემდეგ, დერეფანში ვხვდები ხათუნას. მეუბნება: ბატონო გურამ, თქვენ მე დამცინით? ეს სიტყვა დიდად არ მომეწონა და ვკითხე, ქალბატონო ხათუნა, რას ნიშნავს ეგ სიტყვა და რატომ მკადრებთ-მეთქი? აბა, თქვენ არ მიმტკიცებდით, ლაშამ ინგლისური არ იცისო? მან ისევე აიღო ტესტები, როგორც ყველამ. სხვები ჩაიჭრნენ, მან კი გაიმარჯვა. ფრანგულის და გერმანული სპეციალისტები მეკითხებოდნენ, ჩვენ აბა, რისთვის მოგვიყვანეთო?

ამით იმის თქმა მსურს, რომ ზოგიერთი ტრაბახობს თავისი შვილებით, ეს იცის და ის იცისო. ჩემს შვილს თურმე ინგლისურიც სცოდნია, მე კი ეს ხათუნა გოგორიშვილისგან გავიგე. გავიდა წელიწადნახევარი და ლაშიკო მეუბნება, არ შემიძლია პარლამენტში მუშაობა, მე მოწოდებით ექიმი ვარ, ავადმყოფებს უნდა ვუშველო, კანონპროექტებზე მუშაობა ჩემი საქმე არ არისო და პარლამენტიდან წავიდა.

სულ ორი თვე იმუშავა ბავშვთა I რესპუბლიკურ საავადმყოფოში. სანამ სულს წაართმევდნენ ჯალათები, ორი დღით ადრე სიცოცხლე აჩუქა ზუგდიდიდან უმძიმესი დიაგნოზით გამოწერილ ღვინჯილიების 9 თუ 10 წლის ყმაწვილს.

“რ”: შვილი ხომ ჰყავს ლაშას?

გ.შ.: შვილი ჰყავს – პატარა გურამ შარაძე. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე დედას ახარა მეორე შვილის მოლოდინი. ზოგიერთს ჰყოფნის სინდისი და ლაშას თვითმკვლელად აცხადებს. რამდენიმე საათით ადრე დედას მეორე შვილის მოლოდინის სიხარული გაუმჟღავნა და მერე თავი მოიკლა? არ რცხვენიათ?

“რ”: რამდენი წლის იყო ლაშა?

გ.შ.: 33 წლის და 33 დღის. სხვათა შორის, სანამ გაჩნდებოდა, რამდენიმე თვით ადრე დედამისს გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა: მე ვარ კაბენის ღვთისმშობელი, შეგეძინებათ ვაჟი და თამარის შვილის სახელი დაარქვითო. არასდროს გაგვეგო, რა იყო კაბენი.

აღმოჩნდა, რომ იგი მართლაც თამარის მიერ აშენებული ღვთისმშობლის ეკლესია იყო კოჯორთან. მაშინ დამიმალა ჩემმა მეუღლემ, ახლა კი გამიმჟღავნა, რომ ღვთისმშობელი შავებში ყოფილა ჩაცმული. ღვთისმშობელმა გვაჩუქა შვილი, თან ძაძებით მოსილმა გვაუწყა, რომ ჩვენი შვილიც იმდენ წელს იცოცხლებდა, რამდენიც იცოცხლა კაცობრიობის მხსნელმა და ჩვენმა მაცხოვარმა.

“რ”:კიდევ რამდენი შვილი გყავთ?

გ.შ.: კიდევ მყავს გიორგი და რუსუდანი. გიორგისგან მყავს შვილიშვილი ნიკოლოზი. ლაშასგან, როგორც გითხარით, მყავს შვილიშვილი გურამ შარაძე და ველოდებით მეორეს. რუსუდანი ჯერჯერობით დაოჯახებული არ არის.

ერთი რამ მინდა გთხოვოთ, ზოგიერთი თქვენი კოლეგა და ჩემი მეგობარი თანაგრძნობის ნიშნად შვილმკვდარ მამად მომიხსენიებს. უმორჩილესად გთხოვთ, ასე არ დაწეროთ. მე არ ვარ შვილმკვდარი მამა. მე ლაშა შარაძის მამა ვარ. ლაშა კი ჩემთვის ისევ ცოცხალია, ის არ მომკვდარა!..

 ზაირა მიქატაძე
“რეზონანსი”, 20 აგვისტო, 1998

 

 

“ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ყალბად გამოძიება დავშალე და ჩემი შვილის გარდაცვალების ყალბ ვერსიას გავიზიარებ?”

 დღეს, 27 ივლისს, 40 დღე შესრულდა მას შემდეგ, რაც საკუთარ სახლში, თავისსავე საწოლ ოთახში, ტრაგიკულად აღესრულა გურამ შარაძის ვაჟი – ლაშა შარაძე. გურამ შარაძე დარწმუნებულია, რომ შვილი მოუკლეს და გამოძიება თავიდანვე არასწორი გზით წარიმართა.

– ბატონო გურამ, უპირველესად მსურს ღრმა სამძიმარი გამოგიცხადოთ ვაჟიშვილის დაღუპვის გამო. როგორც შვილმკვდარი მამა, რას გვეტყვით ამ შემზარავი ფაქტის შესახებ? გამოძიებამ გაარკვია თუ არა ყველაფერი? თუ გამოძიებას არაფერი გამოურკვევია, თქვენთვის მაინც თუ არის გარკვეული მომხდარი საშინელების ყველა ნიუანსი?

– პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენი გაზეთის რედაქციას ჩემდამი გამოჩენილი მუდმივი ყურადღებისათვის, განსაკუთრებით უმძიმესი დღეების დროს. ნუ გეწყინებათ, მაგრამ ნუ მიწოდებთ შვილმკვდარ მამას – მე ვარ ლაშა შარაძის მამა. ლაშა ჩემთვის არ მომკვდარა, ლაშა ცოცხალია და მისი ნამდვილი სიცოცხლე ახლა იწყება. თქვენ იმდენი შეკითხვა დამისვით, რომ მერჩივნა ყველასთვის ცალ-ცალკე გამეცა პასუხი. ლაშას ამქვეყნიდან წასვლიდან 40 დღე გავიდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი (სხვათა შორის, უფრო ღრმად) იმაში, რაც მე პირველივე წუთებში, იმ შემზარავ დღეს, ჩემი სახლის წინ ტროტუარზე მდგარმა განვაცხადე, როცა გავიგე, რომ ჩემი შვილი ცოცხალი აღარ იყო. მე მაშინ ვთქვი: “მომიკლეს!” ეს არის პოლიტიკური მკვლელობა. სამართალდამცავი ორგანოების ზოგიერთ წარმომადგენელს აინტერესებს, რომ გამოძიება სხვა გზით წარიმართოს. სიტყვას, “თვითმკვლელობა”. ერთხელ ვიტყვი და მეტს აღარ გავიმეორებ, რადგან ადამიანის სიცოცხლის შეწყვეტის ეს ხარისხი იმდენად შეურაცხმყოფელია ჩემი შვილის სულისთვის, რომ ამის გაფიქრებაც კი არ მინდა. გამოძიებას ყალბი დასკვნებით სურს ეს უმძიმესი აქტი ჩემს შვილს გადააბრალოს, ნამდვილი მკვლელის ვინაობა, მკვლელობის მოტივები მიჩქმალოს, შემთხვევა მიაფუჩეჩოს და ჩაფარცხოს, ეს არ გამოუვათ. მე არაფერი მაქვს აკვიატებული, პრეზიდენტმა პირველივე დღეს დამირეკა და მითხრა: “გურამ, შენს გვერდით ვარ, გითანაგრძნობ და შენთან ერთად ვტირი!” ამ სიტყვებს სტენოგრაფიული სიზუსტით გეუბნებით. პრეზიდენტმა ეს სიტყვები მითხრა ტელეფონით და გამიმეორა იმ დღესაც, როცა მეუღლესთან ერთად პანაშვიდზე სამძიმრის გამოსაცხადებლად მობრძანდა. მე პრეზიდენტს ვუპასუხე, რომ სიმართლის და მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის გარდა, არაფერი მაინტერესებდა. ჩემი შვილისთვის არც დაფნის და არც ეკლიანი, წამებულის გვირგვინი არ მაინტერესებს. ახლავე მინდა ვთქვა, რომ ვერავინ მომატყუებს და თავსაც არ მოვიტყუებ. ვინც დამარწმუნებს სიმართლეში, რაც არ უნდა მწარე იყოს ის, მე იმის გვერდით ვიქნები. ერთი რამეც მინდა მოვიგონო. ამ 15 წლის წინ, როცა ილია ჭავჭავაძეზე დიდი მონოგრაფიის წერას შევუდექი და ილიას მკვლელობას ვიკვლევი, დოკუმენტურად დავასაბუთე, რომ ილია სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკური ფრთის წარმომადგენლებმა მოკლეს. მაშინ ალექსი ინაურმა გამომიგზავნა კგბ-ს ერთ-ერთი თანამშრომელი, ეს უკანასკნელი დღეს მწერლობს და შემომითვალა: “ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ილიაზე დიდ ნაშრომს წერთ. ისიც ვიცით, რომ ილიას მკვლელობის გამოსამზეურებლად სწორ გზას დაადექით და ეს გზა თქვენ კომუნისტებამდე მიგიყვანთ. კატეგორიულად გიკრძალავთ მუშაობის გაგრძელებას!” ამის მთქმელი კაცი დღესაც ცოცხალია. მე მაინც არ დავიშალე და ჩემი პატარა რეზიუმე გაზეთ “თბილისში” გამოვაქვეყნე. თუ რა უქნეს “თბილისის” რედაქტორ ოთარ იოსელიანს ამ წერილის გამოქვეყნებისთვის, შეგიძლიათ მას ჰკითხოთ. ის საბოლოდ ემსხვერპლა ამ საქმეს. ამ მონოგრაფიისთვის შემდეგ სახელმწიფო პრემიით დამაჯილდოვეს. ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე ამასწინათ ალექსანდრე შუშანაშვილმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. შეიძლება რაღაც ახალი მასალებით შეავსო ეს პრობლემა, მაგრამ ჩემი გამოძიება არსად შერყეულა. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ყალბად გამოძიება დავშალე და ჩემი შვილის გარდაცვალების ყალბ ვერსიას გავიზიარებ? დამარწმუნონ და, კი ბატონო! მე ჩემი შვილის სიცოცხლე ვერ დავიცავი და სიკვდილის შემდეგაც ვეღარ უნდა დავიცვა მისი სიმართლე? 17 ივნისს, დილის 11 საათზე, მას შემდეგ, რაც ჩემი მძღოლი კიბით ლაშას სახლის ფანჯარაში გადავაძვრინე და შვილის მკვლელობა გავიგე, ცუდად გავხდი. სასწრაფო დახმარების მანქანაში ვიყავი კარგა ხანს. პრეზიდენტის განკარგულებით შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მოვიდნენ: გახოკიძე, თარგამაძე, ბაბილაშვილი, ალავიძე, გაბრიჩიძე, ჯორბენაძე. გონს რომ მოვედი, სასწრაფო დახმარების მანქანის სალონში პირველმა კახა თარგამაძემ შემოყო თავი და მომისამძიმრა. მე ვკითხე: “კახა, მომიკლეს, ხომ შვილი?!” – “არა, ბატონო გურამ, თქვენი შვილი თავის ნაღებინებშია დამხრჩვალი”. ახლა კი იძახის – ბატონო გურამ, შეცდომაში შემიყვანეს, ვიღაცეები ასე ამბობდნენო და ა.შ. მე ვინმეს რაიმეს კი არ ვაბრალებ, მაგრამ ფაქტია, რომ შს მინისტრისგან პირველივე ინფორმაცია ყალბი მივიღე. თარგამაძე მძღოლს და მეზობლებს აბრალებს, ასე მითხრესო. ბიჭო, ორი საათის მანძილზე, მას შემდეგ, რაც გონზე მოვედი, ჩემი შვილის ბინაში რომ არ მიშვებ და მეუბნები, არ შეიძლება, ბატონო გურამ, იქ ექსპერტი მუშაობს და მე მგონია, რომ შვილი მართლა ნაღებინებშია დამხრჩვალი, ესაა საქმე? მინისტრი სხვების ნალაპარაკევს უნდა იმეორებდეს? 2-საათიანი დამქანცველი მოლოდინის შემდეგ, როცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ახლა მაინც მაჩვენებდნენ შვილს, ჩემგან მალულად, უნებართვოდ, ლაშას ცხედარი გააპარეს უკანა კარიდან და გააქანეს პროზექტურაში. რატომ?

– თქვენ ამ კითხვებზე პასუხი გაგცეს?

– არა, არა, პასუხს არავინ არ მცემს.

ბატონო გურამ, თავად თუ გაეცით პასუხი თქვენსავე შეკითხვებს?

– ყველაფერს მოგახსენებთ. როცა შვილის ცხედარი გააპარეს, შემდეგ დამრთეს ლაშას ნახვის ნება, მაგრამ სახლში მაინც არ შემიყვანეს. “ბატონო გურამ, აქ ძალიან მძიმე ჰაერია”, – მითხრეს და მეზობელთან, ჩემს უსაყვარლეს მსახიობ ამირან ბუაძესთან ამიყვანეს. მე ვჩქარობდი სახლში ჩასვლას, რადგან არ მსურდა მეზობლის ოჯახისთვის ჩემი უბედურება მომეხვია თავს. ამასობაში მოვარდნენ ჩემი მეგობრები: დევის ბეჭვაია და ოლეგ ნიშნიანიძე და მითხრეს: “გურამ, უნდა გამაგრდე, ნამდვილი ამბავი უნდა გითხრათ!”. მთლად გავგიჟდი, შვილი მომიკვდა და ამაზე მეტი უბედურება რაღა უნდა მითხრან-მეთქი! – “შენი შვილი მოკლულია, ლაშა მოგიკლეს და ისე არაა, როგორც გეუბნებიან”, – მოვისმინე მეგობრებისგან. “სადაა ჩემი შვილი, მაჩვენეთ!” – ვიძახდი და ლაშას სახლისკენ ვიწევდი. “არა, ლაშა პროზექტურაშია!” – ამიხსნეს მეგობრებმა. წარმოგიდგენიათ? მკვდარი შვილიც კი საძებნელი გამიხდა. მივვარდი პროზექტურაში, ვხედავ, რომ ჯორბენაძის მეთაურობით კომისია მუშაობს. “ბატონო გურამ, იმის გამო, რომ თქვენი შვილი დაგვიანებით აღმოაჩინეს, გვამს ხრწნა აქვს დაწყებული და სასწრაფოდ უნდა დაასაფლაოთ”, – მითხრეს ექსპერტებმა. ოთხშაბათი იყო. მე მივუგე: “როგორ, ხვალ დავკრძალო ჩემი შვილი?” – “არა, შაბათს მაინც!” – მიპასუხეს. ექსპერტებმა განმიცხადეს, რომ ლაშას გვამი სასწრაფოდ გადამესვენებინა თუთიის კუბოში. ჯორბენაძეს ამაზე უარი ვუთხარი და კარგი გამომძიებელივით, იმ უმძიმეს წუთებში მოვითხოვე პროკურატურის თანამშრომლების აუცილებელი დასწრება. მართლაც მომიყვანეს პროკურატურის საგამომძიებლო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, გვარად წითური, რომელსაც მივმართე: “ექსპერტები საჭიროდ თვლიან ჩემი შვილის გადასვენებას თუთიის კუბოში. შემდეგ, რომ პროკურატურამ კუბოს გახსნა მოითხოვოს, ამის თავი არ მაქვს. თქვენ ყველაფერს მორჩით?” გამომძიებელმა მითხრა, რომ მათ დაამთავრეს გვამზე მუშაობა და გამოსაკვლევი აღარაფერი დარჩათ. მხოლოდ ამის შემდეგ დავრთე ნება, რომ ცხედარი თუთიის კუბოში გადაესვენებინათ. ამის შემდეგ დიდ ხანს არ გაუვლია, საღამოს ვგებულობ, რომ თურმე ალავიძეს და გაბრიჩიძეს პრესკონფერენცია გაუმართავთ და ლაშას სიკვდილის “ერთ-ერთ” მიზეზად “თვითმკვლელობა” დაუსახელებიათ. ვინ კითხულობს “ერთ-ერთს?” გადაშლიდი პრესას და ყველგან “თვითმკვლელობა” ეწერა. მე ვეკითხები ნუგზარ გაბრიჩიძეს, პარლამენტარ შალვა ნათელაშვილის ძმაკაცს (საიდან ვიცი მათი მეგობრობის შესახებ, ამას ახლა ნუ მათქმევინებთ), რომ პრეზიდენტმა გენერალურ პროკურატურას დაავალა საქმის გამოძიება და ვინ ჰკითხავს მათ პროკურორის პრესკონფერენციის გამართვას? მე თვითონ ძლივს ვიპოვე ჩემი შვილის ცხედარი პროზექტურაში და გაბრიჩიძემ სად ნახა ლაშა და რა გამოიკვლია? ეს იყო დეზინფორმაციის შეგნებულად გავრცელების მცდელობა გაბრიჩიძისა და ალავიძის მხრიდან. მე მათზე ძალიან გულნატკენი ვარ.

ბატონო გურამ, მაინც რატომ მიდის გამოძიება არასწორი გზით?

– ჰკითხეთ გენერალურ პროკურატურას. მან საქმე 105-ე მუხლით აღძრა. ეს მუხლი ძალადობით მკვლელობას ეხება და ამ დროს იგივე სტრუქტურა, გაბრიჩიძე და ალავიძე ავრცელებენ ხმებს თვითმკვლელობის შესახებ. ერთი სიტყვით, მარჯვენამ არ იცის, რას აკეთებს მარცხენა. წეღან საუბრისას გამომრჩა და ახლა დავამატებ: გამომძიებელ წითურს მაშინ ვკითხე, იპოვნეს თუ არა ტყვია. მან მიპასუხა, რომ ტყვია იპოვნეს. საღამოს შუამავლად გამომიგზავნეს ჩემი ძმისშვილი, რომელიც ორგანოში მუშაობს და გადმომცეს: “ბოდიშს გიხდით, რომ გითხარით, ტყვია ვიპოვნეთ. თურმე კენჭი ყოფილაო”. მე ჩემი შვილი მკვდარი არ მინახავს და იგი დღესაც ცოცხალი მგონია. როგორ არ რცხვენიათ, ან როგორ მაკადრებენ, რომ თურმე გურამ შარაძის შვილს ბალიშში ბამბის ნაცვლად კენჭები ეწყო. რა არის ეს? ესაა გამოძიება? ესაა სინდისი? ტყვია საგანგებოდ დაკარგეს, რომ არიონ გამოძიება.

– ბატონო გურამ, მსჯელობის ლოგიკას მივყავარ იქეთკენ, რომ მაღალი თანამდებობის პირები თქვენი შვილის მკვლელობით დაინტერესებულნი იყვნენ?

– არა, მე მაგის თქმა არ მინდა. მაღალი თანამდებობის პირები დაინტერესებულნი არიან, რომ ამ მკვლელობას არ მიეცეს პოლიტიკური ჟღერადობა, რადგან მაშინ ყველაფერი გართულდება, სხვა არხებზე მოგვიწევს გასვლა. აქედან გამომდინარე, მათ ურჩევნიათ, რომ მომხდარი დააკვალიფიცირონ როგორც “თვითმკვლელობა”.

– ბატონო გურამ, თუ არ ვცდები, ლაშას ტრაგიკული აღსასრული “აღორძინების კავშირის” ყრილობას დაემთხვა. ეს შემთხვევითია თუ…

– შეკითხვა, ჩემი აზრით, ხელოვნურია და ძალიან გთხოვთ, მეორედ აღარ გაიმეოროთ. ერთ რამეში ნამდვილად უნდა დაგეთანხმოთ. სამწუხაროდ, ეს ამბავი რამდენჯერმე გადადებული “აღორძინების კავშირის” ყრილობის მოსამზადებელ დღეებს დაემთხვა. აღორძინების კავშირის ყრილობა 6 მაისს იყო დანიშნული და სამჯერ გადაიტანეს. თუ ამდენხანს გადაიდო ეს ყრილობა, მით უმეტეს, შეიძლებოდა მისი გადადება საპატიო მიზეზის გამო. ერთ რამეზე ნამდვილად მწყდება გული, თუკი ყრილობამ შეძლო და პანტელეიმონ გიორგაძეს საათობით გაუმართა ტაშისცემა, რა გაუჭირდა ჯემალ გოგიტიძეს ისეთი, რომ ნახევარი წუთი ვერ გამონახა და ჩემი შვილის ხსოვნას არ მიაგო პატივი, მით უმეტეს, მე კავშირის ერთ-ერთი წევრი ვარ. ჩემი სატკივარი გოგიტიძეს მე პირადად მოვახსენე.

– ბატონო გურამ, თქვენ ჩემთან საუბარში არაერთხელ გითქვამთ, რომ პოლიტიკაში ასლან აბაშიძემ მოგიყვანათ. თქვენმა გულისწყვეტამ ამ მხრივ გარკვეული კორექტირება ხომ არ განაპირობა?

– მე ვაცხადებდი და დღესაც ვაცხადებ: ვიყავი და ვრჩები ასლან აბაშიძის გუნდის წევრად. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკაში მოსვლას, ყოველ შემთხვევაში, ჯემალ გოგიტიძე არ გახლავთ ის პიროვნება, ვინც მე პარლამენტში მომიყვანა.

– ბატონო გურამ, როგორც მკვლევარსა და მეცნიერს, ანალიზი თუ გაქვთ გაკეთებული თქვენი შვილის ტრაგიკული აღსასრულის შესახებ. როგორია თქვენი ვერსია, მაინც როგორ მოკლეს ლაშა შარაძე?

– მე ყველაფერი აბსოლუტური სიზუსტით მაქვს გააზრებული. წუთი-წუთზე მაქვს გამოანგარიშებული რა მოხდა 15-16 ივნისის ღამეს.

– შეიძლება ეს თქვენთვის მძიმე გასახსენებელი იყოს, მაგრამ ბრძანეთ თქვენი ვერსიის შესახებ!

– ეს ცოტა შორს წაგვიყვანს, თორემ კი, ბატონო!

მაინც ბრძანეთ!

– მე მინდა, რომ უპირველესად ჩემი შვილის ცხოვრების წესზე გესაუბროთ. ლაშა შაბათ-კვირას თავის მეუღლესა და ბავშვებს სიმამრთან და სიდედრთან უშვებდა. ამ უკანასკნელთ საბურთალოზე ეზოიანი სახლი აქვთ და ბავშვები იქ სუფთა ჰაერზე თამაშობდნენ. ეს ყველამ იცოდა. ერთი სიტყვით, შაბათ-კვირას ლაშა სახლში მარტო რჩებოდა. იმ კვირას ლაშას ახლობლის ქორწილი იყო დანიშნული და ამის გამო, მეუღლე და პატარა გურამი საბურთალოზე არ გაუშვა, ხოლო ვანიკო, შედარებით დიდია და ბებია-ბაუასთან წასვლის ნება მისცეს. ასე რომ, პარასკევ საღამოს ლაშა, ჩემი რძალი ადა და პატარა გურამი თავიანთ სახლში, მცხეთის ქუჩაზე დარჩნენ. 13 ივნისს, შაბათს, ლაშას არ უნდა ემუშავა, მაგრამ მთავარი ექიმის, დავით მაგრაქველიძის თხოვნით იმორიგევა, რადგან დავითი თავის ახლობლის ქორწილში მიდიოდა. შაბათს, ლაშას მორიგეობის დროს, ზუგდიდიდან ჩამოიყვანეს ღვინჯილიების მომაკვდავი ბავშვი, რომელსაც ჩემმა შვილმა უმკურნალა და გადაარჩინა. ასე რომ, მთელი შაბათი ლაშამ საავადმყოფოში გაატარა. კვირა დილით მან ბავშვი მაინც არ მიატოვა და დილის 12 საათამდე იქ დარჩა. 12 საათის შემდეგ ლაშა ბრუნდება სახლში, მთელი ღამის ნათევი, გადაღლილი, საქორწილო განწყობილება არა აქვს, ქორწილში აღარ მიჰყავს მეუღლე და პატარა გურამი და ცოლს ეუბნება: “საშინლად დავიღალე, სახლში დარჩით, მე ქორწილში წავალ და მალე მოვირბენ. თუ ბავშვის მდგომარეობა გაუარესდება, ისევ საავადმყოფოში უნდა წავიდე!” ლაშა მიდის ქორწილში და სანამ დაჯდებოდა სუფრასთან, დაახლოებით 3 სთ-ზე რეკავს საავადმყოფოში, იძახებს ღვინჯილიას მშობლებს და ეკითხება ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ. ამას ღვინჯილიებიც დაადასტურებენ. მიუხედავად იმისა, რომ საშიში არაფერი იყო და ლაშას შეეძლო ქორწილში დარჩენა, რაკი დაღლილობას გრძნობდა, თურმე, ერთი ჭიქა ღვინო დაულევია და სახლში მობრუნებულა. კვირა საღამოს ლაშა საკუთარ სახლში, თავის ცოლ-შვილთან დარჩა. დაირღვა მისი ცხოვრების რიტმი. შაბათ-კვირას ხომ მარტო რჩებოდა? გათენდა ორშაბათი და ლაშა საავადმყოფოში წავიდა. იგი მთავარი ექიმის მოადგილე იყო და ტრადიციული კონფერენცია უნდა გაემართა. ჩვენს სახლში ცხოვრობს იმ საავადმყოფოს ექიმი ლალი ვარდიაშვილი, რომელსაც, როგორც მეგობარს, მთავარ ექიმ დავით მაგრაქველიძესთან ერთად სამსახურისკენ მიმავალი, მანქანით გაუვლიდა.

ბატონო გურამ, დეტალურად გვიამბეთ, რა მოხდა ორშაბათს, 15 ივნისს?

– მოგახსენებთ. ამასობაში, ე.ი. ორშაბათს, დაახლოებით დილის 11 საათზე, ჩემს მეორე შვილიშვილს, გიორგის ვაჟს, ალერგია მისცა და სხეულზე გამოაყარა. შვილსა და რძალს პატარა ნიკა ალერგოლოგთან, ექიმთან წაუყვანიათ, მაგრამ ექიმი ვერ უნახავთ და სახლში დაბრუნებულან. ჩემი მეუღლის რჩევით, მშობლებმა ნიკა ბიძამისთან, ლაშასთან წაიყვანეს საავადმყოფოში. დაახლოებით 11-დან 12 საათამდე ლაშამ თავისი ძმისშვილი ალერგოლოგს აჩვენა და ბავშვისთვის სპეციალური წამალიც შეუკვეთა აფთიაქში, რომელიც 15 საათისთვის მზად უნდა ყოფილიყო და თავად ლაშას უნდა მოეტანა სახლში. 15 საათზე ლაშა სახლში არ დაბრუნდა და ჩემი მეუღლე წავიდა მის სანახავად. დედა-შვილი თურმე ერთმანეთს გზაში ასცდნენ. საავადმყოფოში მეუღლეს უთხრეს, რომ ლაშამ მას ფეხზე გაასწრო და დაიბარა, რომ პარლამენტში მიდიოდა. მე ის დღე პარლამენტში გავატარე. ჩემს ბიძაშვილს ექიმთან უნდა წავეყვანე, მაგრამ ლაშა არ მინახავს. ყოველ შემთხვევაში, ლაშას მნახველი იმ დღეს პარლამენტში არავინ არ არის. უკვე დადგენილი მაქვს, რომ ორშაბათს 15-დან 17 საათამდე ჩემი შვილი უნახავთ მეათე პოლიკლინიკაში და ასევე ჯანდაცვის სამინისტროში ექიმ კორძაიას. 17 საათის შემდეგ ლაშა მოდის ჩემს სახლში და სადარბაზოს წინ მდგომი დედამისს ურეკავს: “დედა, ვერ ამოვალ, დაღლილი ვარ, ჩამოდი და ნიკას მალამო წაუღე!” ჩამოირბინა ჩემმა ცოლმა, შვილიშვილისთვის მალამო გამოართვა და თან ლაშასგან სასიხარულო ამბავი გაიგო, თურმე იგი ბავშვს ელოდებოდა. ამის შემდეგ, კერძოდ, დაახლოებით 18 საათზე, დედა-შვილი ერთმანეთს დაშორდნენ და ლაშა სახლში დაბრუნდა. მან მეუღლეს უთხრა, რომ ძალიან გადაღლილი იყო და ცოტა ხანს დაისვენებდა. 19 საათზე ლაშას ღრმად ჩაეძინა, ცოლ-შვილი ელოდა, რომ იგი მალე გამოიღვიძებდა, მაგრამ როცა კარგა ხანმა განვლო და ჩემს შვილს ისევ ეძინა, მეუღლემ ლაშა შეაღვიძა და ჰკითხა: “წავიდეთ თუ დაგელოდოთ და შენ წაგვიყვან?” – “ბოდიშს გიხდით, მაგრამ სამი ღამის ნათევი, ისეთ დღეში ვარ, მანქანის მართვის თავი არა მაქვს. მამაჩემს დაურეკე და მანქანას ის გამოგიგზავნისო!” ჩემმა რძალმა მე არ შემაწუხა, მაშინ ლაშამ ცოლს 3 ლარი მისცა ტაქსისთვის და იგი ბავშვთან ერთად დედ-მამასთან გაისტუმრა, ე.ი. დაახლოებით 19 საათზე ლაშამ საკუთარ სახლში მარტო მყოფმა გააგრძელა ძილი და ცოლ-შვილი საბურთალოზე სიდედრ-სიმამრთან გაუშვა.

ბატონო გურამ, სახლის კარი ლაშამ დაკეტა?

– არა. კარი ჩემმა რძალმა მიიხურა და ავტომატურად ჩაიკეტა. მან გასაღები ადვილად მისაგნებ ადგილას ჩამოკიდა და ბავშვთან ერთად წავიდა. 20 საათზე ამ დღეს მე პარლამენტიდან გავედი და ბიძაშვილთან ერთად ბაქრაძის ქუჩაზე ექიმთან წავედი. იქ ურიგოდ მიმიღეს. ნახევარ საათში ექიმი მორჩა ნემსების ჩხვლეტას. წარმოიდგინეთ თქვენ, იცით რა მოხდა? საშინელი წინათგრძნობა მქონდა. ჯერ იყო და, ექიმმა ერთი ნემსი არასწორად ჩაარჭო და მარცხენა ფეხი რუმბად გადამექცა. ამის შესახებ ბიძაშვილისთვის არაფერი მითქვამს, ვიფიქრე, შეეშინდება-მეთქი, მანქანით მარტო წამოვედი სახლში. მრგვალ ბაღთან რომ მოვედი, გულმა ვერ მომითმინა, ლაშას და ბავშვის ნახვა მომინდა – “არა, არ ჩახვიდე ჭავჭავაძის ქუჩაზე, მცხეთის ქუჩაზე წადი, ლაშა მომენატრა!” – ვუთხარი მძღოლს და ჩემი შვილის სახლისკენ ავიღეთ გეზი. ორშაბათს, 20 საათიდან 20.30 საათამდე, მივედი ლაშას სახლთან და დავინახე, რომ ლაშას მანქანა კორპუსის წინ არ იდგა, ე.ი. 19 საათზე რომ ლაშამ თავისი მანქანით ცოლ-შვილი დაღლილობის გამო ვერ წაიყვანა, 20.30 საათზე ჩემი შვილი უკვე სახლში აღარ იყო. კარზე დავაკაკუნე, ზარი მივეცი და არავინ პასუხი არ გამცა. მე ამ დროს ხომ არ ვიცოდი, რომ ჩემმა რძალმა და შვილიშვილმა ლაშა სახლში მარტო დატოვეს? ჩავთვალე, რომ ყველანი საბურთალოზე იყვნენ წასულები და სახლში დავბრუნდი. ცოლს ვუთხარი, ფეხზე რაც მჭირდა. დაღლილობისგან მალე ჩამეძინა. 22.15 საათზე, როგორც ჩემი ცოლი ამბობს, ლაშამ სახლში დარეკა. დედამისს უკითხავს, თუ სად იყო. ლაშას უპასუხია: “აქა ვარ!” – “აქ, სად?” – ისევ უკითხავს დედას, – “საავადმყოფოში”, – იყო პასუხი. ლაშამ დედამისი ტელეფონით დაამშვიდა, უთხრა, რომ ორშაბათს ღამე საავადმყოფოში კი არა, სახლში რჩებოდა და დედას სთხოვა, დაეძინა. ე.ი. ღამის 22.30 საათზე ლაშა ცოცხალია, იგი ტელეფონით დედამისს ელაპარაკება.

– ბატონო გურამ, გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია, იქნებ ლაშა საავადმყოფოდან არ რეკავდა, იქნებ მას იარაღით ადგნენ თავზე და აიძულეს, რომ ასეთი რამ ეთქვა?

– ახლავე გეტყვით. როგორც საავადმყოფოს მთავარი ექიმი ამბობს, ლაშა ამ დროს საავადმყოფოში არ ყოფილა. ჩემი მეზობელი, ამირან ბუაძის მეუღლე, ნელი შენგელია, 23 საათზე მაღაზიის გამყიდველთან ერთად ლაშიკოს ნახულობს ჩვენი სახლის I სართულზე მდებარე სუპერმარკეტში. როცა ჩემი შვილი მოკლეს და ეს ამბავი ყველამ გაიგი, სუპერმარკეტის გამყიდველმა ქალმაც მოირბინა და თქვა: “ვაიმე, ლაშა გუშინწინ, ორშაბათს ღამით ჩვენთან იყო ვიღაც მაღალ, გამხდარ, “თეთრსაროჩკიან” ახალგაზრდა კაცთან ერთად!” იმ საღამოს ლაშას თურმე 2 ბოთლი ლუდი უყიდია, რათა იმ “თეთრსაროჩკიანთან” ერთად სახლში ასულიყო და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ეყურებინა. ლაშა რომ ორშაბათ ღამეს სუპერმარკეტში ვიღაც გამხდარ “თეთრსაროჩკიან”, მაღალ, გამხდარ ახლაგაზრდა კაცთან იყო, ამას ადასტურებს სუპერმარკეტის გამყიდველი, ასევე ამის მოწმეა ნელი შენგელია. საზარელი მკვლელობა, როგორც მოგეხსენებათ, 15-16 ივლისის ღამეს მოხდა. მკვლელობის მეორე დღეს, ე.ი. სამშაბათს, დაახლოებით 13 საათზე, ჩემს სადარბაზოში ლორთქიფანიძეების სიძე სტუმარ ქალს აცილებდა და კიბეებზე ჩამოდიოდა, შეამჩნია, რომ ზუსტად იგივე, მაღალი, გამხდარი, “თეთრსაროჩკიანი” ახალგაზრდა კაცი ჩვენი სახლის კარს აღებდა. როცა “თეთრსაროჩკიანმა” ქალი დაინახა, იგი გაიქცა და მიიმალა. ლორთქიფანიძეების სტუმარმა ქალმა, სუპერმარკეტის გამყიდველისაგან დამოუკიდებლად, დაასახელა ზუსტად ის პიროვნება, რომელიც ორშაბათს, ღამის 23 საათზე, ჩემს შვილთან ერთად ნახეს. სამშაბათი, 16 ივნისი, ე.ი. მკვლელობის მეორე დღე, ჩვენ ყურადღების მიღმა დაგვრჩა, რადგან ჩემმა მეუღლემ ლაშასგან ტელეფონით შეიტყო, რომ ჩემი შვილი ორშაბათ ღამე საკუთარ სახლში რჩებოდა. ოთხშაბათს, დილით, როცა ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ ლაშიკო არ ჩანს და მცხეთის ქუჩაზე წამიყვანეო, მე მოვიტყუე და ვთქვი, რომ დრო არ მქონდა. სინამდვილეში გული რაღაც საშინელებას მიგრძნობდა და ვფიქრობდი, რომ მეუღლის გარეშე, მარტო დამეწყო ჩემი შვილის ძებნა. რა თქმა უნდა, მაშინვე მცხეთის ქუჩაზე გავვარდი. კორპუსის წინ ლაშას მანქანა იდგა, მაგრამ სახლის კარი კვლავ არავინ გამიღო. წავედი საბურთალოზე ჩემს რძალთან და ვთხოვე, რომ სახლის გასაღები მოეცა. რძალმა მითხრა – ლაშა სახლში დავტოვე, გასაღები თან არ წამომიღიაო. კიდევ ერთხელ მივიღე გულში მძიმე დარტყმა, დავრწმუნდი, რომ ჩემი საქმე ცუდად იყო. საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა მაგრაქველიძემ დამიდასტურა, რომ ორშაბათს, დილის 11 საათის შემდეგ, მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში კონფერენცია მორჩა, ლაშა მას თვალით არ უნახავს, ე.ი. ლაშას ნათქვამი დედამისისთვის, როცა მან ორშაბათს, 23.15 საათზე, ჩემს მეუღლეს დაურეკა და უთხრა, საავადმყოფოში ვარო, არასწორია. ეს იმდენად არასწორია, რომ ღვინჯილიების ოჯახიც სამართლიანად შენიშნავდა: “კვირას ლაშა გვერდიდან არ მოგვშორებია და ორშაბათს რომ არ გამოჩნდა, ნამდვილად გაგვიკვირდაო”. აქ ერთი რამ და უმთავრესიც უნდა ითქვას – ასეთ ინფორმაციებს ვფლობ მე ჩემი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და გამოძიება ფაქტობრივად არაფერს აკეთებს. მაპატიეთ და, როგორც იტყვიან, გამოძიება ჩემი შვილის თვითმკვლელობას “აწვება”. 26 ივლისს ძლივს მოვახერხე, რომ ვეფხია ლომიძეს ის ორი-სამი ქალი ერთმანეთისათვის დაეპირისპირებინა. ლომიძე გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო ჯგუფის უფროსია. სუპერმარკეტის გამყიდველი ქალი, რომელმაც ორშაბათს, მკვლელობის ღამეს, ლაშა ვიღაც “თეთრსაროჩკიანთან” ერთად ნახა, დააშინეს და ახლა აცხადებს, რომ ჩემს შვილს ორშაბათს კი არა, პარასკევს შეხვდა. ამიტომ აუცილებელი იყო დაპირისპირება, კერძოდ, იმასთან, ვისი თანდასწრებითაც ამ ქალმა 17 ივნისს ეს ამბავი თქვა. სუპერმარკეტის გამყიდველი ქალი, ჩემს მეზობელ, შვილმკვდარ დედას, პოლიციის პოლკოვნიკ ნათელა თინიკაშვილს დავაპირისპირე. ქალბატონმა ნათელამ სუპერმარკეტის გამყიდველ ქალს უთხრა: “მე თქვენ ახლოს არ გიცნობთ, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ 17 ივნისს, როცა ლაშას სიკვდილის ამბავი ყველამ შეიტყო, თქვენ მოირბინეთ და თქვით, რომ ლაშა ვიღაც მაღალ, გამხდარ, “თეთრსაროჩკიან” ახალგაზრდა კაცთან ერთად ორშაბათს საღამოს სუპერმარკეტში ნახეთ. ასე რომ, ჩვენ უკვე გზაზე დამდგარნი ვართ. ის “თეთრსაროჩკიანი” თუ ჩემთან მოირბენდა და მეტყოდა, ვაიმე, ბატონო გურამ, ეს რა მოგსვლიათ, მე და ლაშა იმ საღამოს ერთად ვიყავითო, მაშინ ყოველგვარი ეჭვები გამიქრებოდა, მაგრამ ის კაცი არ ჩანს, გაქრა. ძალზე საინტერესოა ის მომენტიც, რომ ლაშას ბინაში ვერ აღმოვაჩინეთ ვერც ლუდის ბოთლები.

ბატონო გურამ, თქვენ მართლა მშვენივრად აღადგინეთ იმ საშინელი დღეების ქრონიკა, მაგრამ, ჩემი აზრით, აქ მაინცაა ერთი წინააღმდეგობა. კერძოდ, თუ ლაშას საავადმყოფოდან დედასთან ძალით დაარეკინეს 22:15 საათზე, მაშინ რატომ ხდება, რომ იგივე ლაშა, როგორც თქვენ ბრძანეთ, შორტებში გამოწყობილი, ვიღაც “თეთრსაროჩკიანთან” ერთად სუპერმარკეტში ლუდის საყიდლად თავისუფლად შედის, ნაცნობებს ესალმება, ყოველ შემთხვევისათვის, არ ამჟღავნებს, რომ უჭირს და საშველად არავის უხმობს?

– დიახ, ლაშამ ჩემს მეუღლეს ალბათ იმიტომ დაურეკა, რომ დაემშვიდებინა. ჩემი ცოლი შვილებზე თანგადაყოლილი დედაა, ზოგს მობილურით დაეძებს, ზოგს ტელეფონით, ვინ რას აკეთებს, სად მიდის. თქვენ ძალიან კარგად იცით, რა ძნელია თბილისში და საქართველოში ბავშვის აღზრდა. არ გამოვრიცხავ, რომ ორშაბათს, 22:15 საათზე, ლაშამ მართლაც საავადმყოფოდან დარეკა და ის სამსახურში, უბრალოდ, ვერ შეამჩნიეს, ვერ ნახეს, მაგრამ აქ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტიც უნდა მოგახსენოთ. საქმე ის გახლავთ, რომ ადრეც ყოფილა თავდასხმის მცდელობა. კერძოდ, 1998 წლის 23 აპრილს ლაშას ბინაში გერმანული გასაშლელი კიბით, იმავე ოთახში, სადაც ჩემი შვილი მოკლეს, ამოცოცდა თავდამსხმელი და ლაშას გვიან ღამით თავზე დაადგა. ლაშა უცნობს ეუბნება: “წაიღეთ რაც გნებავთ, ოღონდ ცოლ-შვილი არ შემიშინოთ!” უცნობი ამ დროს ხმას არ იღებს, დუმს, უკან იხევს, აივანზე გადის, ხტება და ფეხს იტეხს. როგორც ჩანს, თავდამსხმელმა არ იცოდა ქართული და იმიტომ დუმდა, ვერ გაიგო ჩემი შვილის ლაპარაკი. ამ ფაქტს დაადასტურებს ჩემი მეზობლის ამირან ბუაძის ვაჟი, 20 წლის შოთიკო ბუაძე. ამასვე ადასტურებს ჩვენი ალუმინის კიბე, რომელიც მეორე დღეს ლაშამ სახლში ამოიტანა. მაშინ ეს ამბავი ჩემთვის არავის უთქვამს, მოგვიანებით ჩემი რძლისგან გავიგე, ისიც შემთხვევით და საკმაოდ შერბილებული ფორმით. ახლა მე ვეკითხები “თვითმკვლელობის” ვერსიის გამომგონებელ-გამომძიებლებს, ქილერი თუ დაქირავებული მკვლელი იმიტომ შეიპარა ლაშას სახლში და იმიტომ დაადგა ლაშას თავზე, რომ ჩემს შვილს თავი არ მოეკლა? ახლა კიდევ ამბობენ, რომ იარაღი ლაშასი იყოო. ამაზედაც მოგახსენებთ, 23 აპრილს ლაშამ სახლიდან გააქცია ერთი თავდამსხმელი. ამის შემდეგ ჩემს შვილს ეგონა, რომ სახლში კიდევ იყო ვინმე, იგი პირველად ცოლ-შვილთან გაიქცა, რაიმე უბედურება ხომ არ დაატრიალესო, მან გააღვიძა მეუღლე და ღამის ფარნით დაათვალიერეს მთელი ბინა. მე თქვენ გეკითხებით, ლაშას რომ იარაღი ჰქონოდა, ცოლს გააღვიძებდა და ფარნით დაუწყებდა მკვლელებსა და ბანდიტებს ძებნას? განა ის იარაღით არ შევიდოდა ცოლ-შვილის ოთახში იმის მომლოდინე, რომ იქ რაღაც უბედურება ტრიალებდა? აი, რამდენი რამეა! მე და თქვენ ვართ გამომძიებლები თუ ე.წ. საგანგებო გამოძიების ჯგუფი, ვეღარ გავიგე.

– ბატონო გურამ, იმედი გაქვთ, რომ მკვლელობას ნათელი მოეფინება?

– მე, პირადად, ჩემთვის ყველაფერი გამოძიებული მაქვს. რაც შეეხება გენერალური პროკურორის საგანგებო გამოძიების ჯგუფს, მე მას თქვენი გაზეთის მეშვეობით უნდობლობას ვუცხადებ. ჩემი შვილის სულის შეწუხებასა და ამ ე.წ. გამოძიებას მირჩევნია, საერთოდ შეწყდეს გამოძიება.

 – ბატონო გურამ, კარგა ხნის წინ თქვენ გახმაურებული პრესკონფერენცია გამართეთ და ბრძანეთ, რომ თქვენს ფიზიკურ ლიკვიდაციას ცდილობდნენ. ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ თქვენი ეს განცხადება სასაცილო საგნად აქცია. სამწუხაროდ, თქვენი წინასწარმეტყველება ახდა. ლაშას მკვლელობამდე გემუქრებოდნენ?

– მე ჯერ კიდევ იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში ვთქვი ამის შესახებ. მე მაფრთხილებდნენ ბევრნაირი გზით, ძალიან გთხოვთ, ამას ნუ დამაკონკრეტებინებთ. ერთი წუთით ვერ წარმოვიდგინე ის ვერაგობა, რომ ამას გააკეთებდნენ ჩემი შვილის სიცოცხლის ხარჯზე. თუ ჩემს ქვეყანას სჭირდება, ყველაფრისთვის მზად ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოღონდ მე ვიყო ცოცხალი და ჩემი ქმედებებისა და პოლიტიკური ნაბიჯების გამო შვილები შევწირო! ეს რა ვაჟკაცობაა? ეს რა ქართველობაა? ეს ვერაგობა ვერ გავთვალე და ვერ მომინელებია. თქვენ შემახსენეთ და მე გეტყვით, რომ ჩემი განცხადებების შემდეგ ზოგიერთმა თქვენმა კოლეგამ დაწერა: “ბატონო გურამ, თქვენც ტერაქტი გელანდებათ?” ჩავთვალე, რომ თუ ჩემი განცხადება ვიღაცას შეიძლება ასე მოეჩვენოს, იქნებ სჯობს, გავჩუმდე-მეთქი. ყურადღება მოვადუნე. ჩემი დუმილი ერთმა რამემაც განაპირობა. 23 აპრილამდე თვენახევრით ადრე, ვიდრე ჩემს შვილს პირველად დაესხმოდნენ, ლაშას სახლის მოძრავი გისოსები გაჭრეს და გენერატორი მოიპარეს. ლაშა ჩემთან მოვიდა და მითხრა: “მამიკო, რა ვქნათ, ბავშვები სიბნელეში მყავს, გენერატორი მომპარეს!” მე ვუპასუხე: “შვილო, მეორე გენერატორს ნამდვილად ვერ გიყიდი!” იმ გენერატორის ყიდვას ორი ოჯახი მოვუნდით. განვაცხადეთ ვაკის პოლიციაში ამის შესახებ. როგორც თქვენ არ დაგიკარებიათ თითი თითზე, არც იმათ არაფერი გაუკეთებიათ, პირიქით, დასცინეს: “მამაშენმა ერთი გენერატორი ვეღარ გიყიდა?” დავურეკე კახა თარგამაძეს, სოსო ალავიძეს და ავუხსენი: “ბატონო კახა, ბატონო, სოსო, ასეთი მდგომარეობაა და შვილს ეუბნებიან, მამაშენმა ერთი გენერატორი ვეღარ გიყიდაო? ერთი სიტყვით, 23 აპრილს ლაშას ეგონა, რომ ოჯახში კვლავ გაძარცვის მიზნით შემოვიდნენ და ამიტომ უთხრა მკვლელს: “წაიღეთ, რაც გინდათ, ოღონდ ცოლ-შვილი არ შემიშინოთ”. მობრძანდით და თქვენი თვალით ნახეთ, თუ არის ლაშას სახლში რაიმე წასაღები. ლაშას ჩემთვის არაფერი არ უთქვამს 23 აპრილის შესახებ. იმიტომ, რომ იცოდა, პოლიციაში განვაცხადებდი და ისიც იცოდა, რომ ამას არავითარი შედეგი არ მოჰყვებოდა, ყველაფერი ისე წარიმართებოდა, როგორც გენერატორის მოპარვის შემთხვევაში. ამანაც მოადუნა ჩემი ყურადღება.

P.S. ბატონმა გურამმა ჩემთან საუბრისას ისიც განაცხადა, რომ ლაშა შარაძის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე პარლამენტის შენობაში უცნობმა პირებმა გატეხეს მისი კაბინეტის კარი. ოთახიდან არაფერი წაუღიათ. შარაძის თქმით, როგორც ეტყობა, მომხვდურებმა ოთახიდან წაიღეს მოსასმენი აპარატი. ლაშას მკვლელობის შემდეგაც შეჭრილან უცნობი პირები შარაძის კაბინეტში, რესპონდენტის განცხადებით, მათ დამლაგებელს მოპარეს გასაღები და მოიპარეს კომპიუტერის დისკეტა. ალბათ, იმ მიზნით, თუ რაზე მუშაობდა, რას წერდა გურამ შარაძე. დაუპატიჟებელ სტუმრებს მოშვებული დაუტოვებიათ წყლის ონკანი, რასაც დანოტიოებული და ამობურცული პარკეტიც მოწმობს. გურამ შარაძის თქმით, თავისი და ლაშა შარაძის ოჯახი დღესაც დაუცველია, მის ნაბიჯებს უთვალთვალებენ, იგი ყურადღების ცენტრშია.

 დიტო ჩუბინიძე
“ახალი თაობა”, 28.07.1998, 29.07.1998

 

***

გურამ შარაძე: ჩემს მკვლელებს ნუ დასჯით!

ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან ლაშა შარაძის მკვლელობამდე!

***

                    

 გურამ შარაძე: ჩემი შვილის მკვლელობა პოლიტიკური დაკვეთაა!

 ბატონ გურამ შარაძეს პარლამენტში შევხვდი. მანამდე, რა თქმა უნდა, ტელეფონით შევეხმიანე, ოღონდ ცოტაოდენი დრო მთხოვა ძალების მოსაკრებად, რათა ვერაგულად მოკლულ შვილზე ეამბნა. გულწრფელად გეტყვით: ქართველი მამაკაცის თვალზე ასეთი ტკივილიანი ცრემლი არასდროს მინახავს…

– ბატონო გურამ, მოდით, ვიდრე იმ საბედისწერო დღეს გაიხსენებთ, თქვენი შვილის ბავშვობაზე მომიყევით, ვფიქრობ, ეს ოდნავ მაინც დაგამშვიდებთ.

– ლაშა მეორე სამშობიარო სახლში დაიბადა, 1965 წლის 12 მაისს. პირველ შვილს ველოდი და მღელვარებაც ახლდა ამ განცდას. რომ მითხრეს – ბიჭიაო, ვეღარ გავჩერდი. დილის 6 საათი იყო, მივუყვებოდი მარჯანიშვილს და ჩემთვის უსასრულოდ გავიძახოდი: მე უკვე მამა ვარ-მეთქი.

ლაშას დაბადებამდე ორი თვით ადრე ჩემს მეუღლეს ღამით უეცრად გაეღვიძა, მეც გამაღვიძა და მითხრა: კაბენი არ დაგავიწყდესო. ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა. თურმე, კაბენის ღვთისმშობელი გამოეცხადა – თამარის შვილების სახელები დაარქვი შვილებსო. კაბენის ღვთისმშობლის ეკლესია თეთრი წყაროშია; შემდგომში ჩავედით კიდეც მოსალოცავად. ასე დავარქვით შვილებს ლაშა, გიორგი და რუსუდანი. შვილები არასოდეს გამირჩევია, მაგრამ ლაშა განსაკუთრებულად მოწესრიგებული იყო, 23-ე საშუალო სკოლა ისე დაამთავრა, ოთხიანი არ მიუღია. მერე მცხეთის ქუჩაზე გადავედით საცხოვრებლად და ახალმა მეზობლებმა ხუთი წლის შემდეგ გაიგეს, სამი შვილი რომ მყავდა, რადგან ეზოში სათამაშოდ ჩასვლისთვის ვერ იცლიდა. ბეჯითი ბიჭი იყო, ფრანგული შესანიშნავად იცოდა. სამედიცინოზე მისაღები გამოცდებიც ფრიადზე ჩააბარა. ბავარიის მთავრობის მიწვევით გერმანიაში როცა წავიდა, გერმანულიც ისწავლა.

ერთხანობას პარლამენტში მუშაობდა. ჯანდაცვის კომიტეტის აპარატის დაკომპლექტება რომ დაიწყო, ხათუნა გოგორიშვილს ვუთხარი: გერმანული და ფრანგული იცის, ინგლისურს ვერ ჩააბარებს-მეთქი. მან საგანგებოდ მოიწვია ფრანგულენოვანი კომისია. მერე კი დერეფანში შემხვდა და… გახუმრება თუ გინდოდა, სხვა ფორმა ვერ მოძებნეო? – მითხრა. არადა, წარმოდგენა არ მქონდა, ინგლისურიც თუ იცოდა ჩემმა ლაშამ.

– საიდუმლოს თუ გიმხელდათ ხოლმე?

– ვაღიარებ, რომ არასოდეს მეცალა ოჯახისთვის. მეგობრის ფუნქციას უფრო ვასრულებდი, მამის “თანამდებობა” შვილებთან არასოდეს გამომიყენებია, შინ მკაცრი არ ვარ, მაგრამ რიდს ყოველთვის ვამჩნევდი სამივეს.

მუხრან მაჭავარიანის ბიჭი და ლაშა კლასელები იყვნენ. მე და მუხრანი ერთად მივსულვართ მშობელთა კრებაზე. ბედნიერი მამა ვიყავი, შვილს რომ მიქებდნენ. ლაშამ მუსიკალური სკოლაც დაამთავრა. ძალიან გვიჭირდა, ფორტეპიანოზე სწავლა ფასიანი იყო, ვიოლინოზე – უფასო და ვიოლინოს კლასში შევიყვანე.

ძლიერ მორიდებული იყო: ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ჩემი თანდასწრებით სიგარეტიც არ მოუწევია.

ლაშა 27 წლისა დაქორწინდა. სამივე შვილმა საკუთარი არჩევანი თვითონ გააკეთა ცხოვრებაში და რადგან ლაშაზე ვსაუბრობთ, იმასაც გეტყვით, რომ როცა დაქორწინდა, ძალიან ბედნიერი იყო, ყველაფერს მის თვალებში ვხედავდი და მეც მსიამოვნებდა.

და-ძმასთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?

– არაჩვეულებრივი. თანაც უფროსი იყო და განსაკუთრებული სიყვარულითა და მზრუნველობით ექცეოდა და-ძმას. თბილისის ომის დროს ჩემი ქალიშვილი რუსუდანი საკონცერტო დარბაზთან ავტოავარიაში მოყვა. ტაქსით მგზავრობდა მეგობარ გოგონასთან ერთად. შეჯახებისას წინა საქარე მინა ისე ჩაიმტვრა, რომ შუბლზე ჭრილობა მიიღო. სრულიად ჩაბნელებული იყო თბილისი. ლოდინი აღარ შეიძლებოდა და ლაშამ საკუთარ დას კარტოფილის სანთლის შუქზე გაუკეთა ოპერაცია. მოგვიანებით რუსუდანი მაინც წავიყვანე გერმანიაში. იქაურმა ექიმებმა ნაოპერაციევი რომ ნახეს, არ დაიჯერეს, სანთლის შუქზე თუ იყო გაკეთებული. ოქროს ხელები ჰქონიაო, – აღნიშნეს და ხელი აღარ უხლიათ ჩემი ქალიშვილისთვის. ერთ-ერთი ოპერაცია კი, რომელიც ლაშამ მიუნხენში ჩაატარა, მთელმა პროფესურამ აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

ერთხელ პროფესორი ილია ტაბაღუა შემხვდა, მადლობა გადამიხადა ასეთი შვილის გაზრდისათვის. ჩემს შვილიშვილს ურთულესი ჭრილობა ჰქონდა სახეზე, ლამის მეხი დაგვეცა, მაგრამ ეს რა გააკეთა ლაშამ, აღარაფერი ეტყობაო, მითხრა…

ქართული პოეზია უყვარდა ძალიან და ბრწყინვალედაც იცოდა. სპორტსაც მისდევდა – კარატეზე დადიოდა.

თეთრი ფერი უყვარდა, ხოლო ექიმის თეთრი ხალათი განსაკუთრებით ძვირფასი იყო მისთვის… იცით, ვიოლინო ვერ ვუყიდე თავის დროზე, მაგრამ პირველი ფონენდოსკოპი მე ვუსახსოვრე. ლაშა ხატვითაც კარგად ხატავდა. გურიაში, სოფელში რომ ჩავიყვანდი, ზეთის საღებავები მიჰქონდა და პეიზაჟებს ქმნიდა. მისი ნახატები ძალზე ძვირფასია ჩემთვის…

პირველი შვილიშვილი ლაშამ გაჩუქათ?

– არა, ლაშა გერმანიაში რომ იყო, გიორგი იმ პერიოდში დაქორწინდა. პირველი ბიჭი გიორგის შეეძინა, მაგრამ თავის ბიჭს გურამი ლაშამ დაარქვა. გიორგიმ უფროს ძმას დაუთმო ბაბუის სახელი. ლაშა თავისი ცოლ-შვილით ცალკე ცხოვრობდა. ეჰ, ნეტავ ისევ ერთად ვყოფილიყავით, იქნებ არ დავღუპულიყავი.

– ბატონო გურამ! ლაშას მკვლელობის დეტალების გასახსენებლად მზად ხართ?

– …მკვლელობამდე სამი დღე და ღამე არ ეძინა. ძალიან მძიმე ავადმყოფი ჩამოიყვანეს ზუგდიდიდან, 10 წლის ბიჭს გვერდიდან არ მოშორებია, სიკვდილს გადაარჩინა და სამი დღის შემდეგ იმ ბავშვის მშობლებმა (ღვინჯილიები იყვნენ გვარად), რომ იტყვიან, ძალით გამოაგდეს საავადმყოფოდან – ცოტა მაინც დაისვენეთო, – უთქვამთ.

ეს იყო 1998 წლის 15 ივნისი. სხვათა შორის, ლაშას მკვლელობის შემდეგ გავიგე, რომ მისი მოკვლის მცდელობა ორი თვით ადრეც ყოფილა, იქამდე კი აივნიდან გენერატორი მოჰპარეს. რა თქმა უნდა, არ გვიპოვია, ვაკის პოლიციაში განვაცხადეთ, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია, რა დროს გენერატორიაო, – ასეთი პასუხი გაგვცეს. ლაშა ხვდებოდა, შეურაცხყოფილი რომ ვიყავი სამართალდამცავების მხრიდან და მეორე შემთხვევა ამიტომაც დამიმალა.

კიბით გადამძვრალა ბოროტი დაქირავებული მკვლელი. უგრძვნია ჩემს შვილს და წამომხტარა, ვიღაც აყლაყუდა კაცი დაუნახავს და – ოღონდ ცოლ-შვილი არ შემიშინო და რაც გინდა, მთხოვეო, – უთქვამს. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ უეცრად მიტრიალებულა მომხვდური, აივანზე გავარდნილა და ძირს გადამხტარა. ალუმინის კიბე, რომელიც იმ ღამეს მკვლელმა მოიტანა და სიჩქარეში ვეღარ წაიღო, დღესაც ჩვენთან არის.

ბოლოს… ბოლოს მაინც მომიკლეს ლაშიკო… 33 წლის იყო მაშინ… სამი ღამის უძინარს მოერივნენ…

– თქვენ როდის შეიტყვეთ მომხდარის შესახებ?

– 15 ივნისი ხომ დაღამდა, მაგრამ წინათგრძნობა არ მასვენებდა. თან მარცხენა ფეხი დამისივდა. სერიოზულად არასოდეს არაფერი მტკენია და ვერ გავიგე, რა დამემართა. ჩემმა ბიძაშვილმა ჩინური ნემსების სეანსზე წამიყვანა. სეანსის შემდეგ რეაქცია მომცა, უფრო დამისივდა და იცით, უეცრად ვიგრძენი, როგორ მომინდა ლაშას ნახვა… სიტყვით ვერ აღვწერ, ისეთნაირი მონატრება დამეუფლა. მანქანით მივედი კიდეც, მაგრამ არ დამხვდა. რომ დამხვედროდა და ენახა, ფეხი რა დღეში მქონდა, არ დამტოვებდა, აუცილებლად წამომყვებოდა…

შაბათ-კვირას რძალი ბავშვით მშობლებთან მიდიოდა ხოლმე. მკვლელმა კი ეს, ვფიქრობ, კარგად იცოდა. სართულით ზევით მარჯანიშილის თეატრის მსახიობი ამირან ბუაძე ცხოვრობს. მისი მეუღლე – ნელი მაღაზიაში ჩასულა და იქ უნახავს ლაშა უცნობ, მაღალ, თეთრპერანგიან ახალგაზრდასთან ერთად. კობა იმედაშვილის ბიჭსაც უნახავს, გამყიდველებმაც დაადასტურეს, რომ ნამდვილად იყო სასურსათო მაღაზიაში და ლუდი შეიძინა. ღამის 11 საათზე ჩვენთან დარეკა, დედამისს ესაუბრა, ფეხის ტკივილისგან გაწამებულს ჩამძინებოდა და აღარ გამაღვიძა. როგორც წესი, ყოველ დილა-საღამოს გვეხმიანებოდა. მეორე დილით კი არ დარეკა. როცა დაღამდა და ისევ არ გამოჩნდა, ვიფიქრე, დილით ადრე წავალ და ვნახავ, რაშია საქმე-მეთქი. მივედი და ვხედავ, მისი მანქანა სახლთან დგას. ვაკაკუნე, ზარი ვრეკე, მაგრამ ჩამიჩუმი არ ისმოდა. სასწრაფოდ რძალთან წავედი საბურთალოზე. მის მეგობრებსაც დავურეკე, არ გვინახავსო, – მითხრეს. წამოვიყვანე რძალი, დავურეკე ჩემს მუეღლეს და მივედით მცხეთის ქუჩაზე. ჩემს რძალს გასაღები არ ჰქონდა წაღებული, რადგან შაბათ-კვირა იყო. მუდამ შესასვლელში ეკიდა და სხვათა შორის, ვეღარსად მივაკვლიეთ – გაქრა. ერთი სიტყვით, ჩემი მძღოლი აძვრა აივანზე და ვაიმე, ლაშიკოო, რომ გავიგონე, ტროტუარზე ჩავიკეცე. მეტი არაფერი მახსოვს. გონს სასწრაფო დახმარების მანქანაში მოვედი. ამასობაში შეუტყობინებიათ და მოვიდნენ ჯამლეთ ბაბილაშვილი, ვახტანგ ქუთათელაძე, ავთო ჯორბენაძე, კახა თარგამაძე, სოსო ალავიძე… ბინაში არ მიშვებდნენ – უცხო ადამიანი არ უნდა შევიდესო. უცხო ვიყავი ჩემი შვილისთვის?! ქუჩაც გადაკეტილი იყო. ბევრს ვეცადე, მაგრამ მაინც არ დამთანხმდნენ. მერე ამირან ბუაძის ბინაში შემიყვანეს. ამ დროს ჩემი მეგობრები დევის ბეჭვაია და ოლეგ ნიშნიანიძე მოცვივდნენ – შენი შვილი შინ აღარ არის, მორგში გაიტაცესო, ჩემს უკითხავად, რასაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ…

მოვიკრიბე ძალა და მორგში მივედი. უკვე ყველაფერი მოეთავებინათ, თუთიის სასახლეც კი შეეკვეთათ, რადგან ზაფხული იყო და ჩემი ლაშიკოს უსულო სხეული ხრწნას იწყებდა. მერე კი ორდე ბებიამ ჩემი ძმისშვილი ნიკა შარაძე გამომიგზავნა – გაბანვის დროს ტყვია დაიკარგაო, – მაცნობა.

ისე დავასაფლავე ჩემი ლაშა, კუბოში არც მინახავს… მას თავში ესროლეს… არ ვნახე, რადგან ჩემთვის ცოცხლად მინდა დარჩეს… გენერალურმა პროკურორმა გამომძიებლად ვინმე ლომიძე დანიშნა. პირველი ვერსიით თვითმკვლელობაზე ატეხეს ერთი ამბავი. მე აცილება მივეცი ლომიძეს, როგორც ტენდენციურს. ახალმა გამომძიებელმა ნოდარ შაყულაშვილმა კი განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა სისხლის სამართლის საქმე. მაგრამ სრული გულგრილობა გამოიჩინა. არადა, “კარგი გამომძიებლობისათვის” ნოდარ შაყულაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.

მე, გურამ შარაძე, პირდაპირ ვაცხადებ, რომ ჩემი შვილის მკვლელობა პოლიტიკური მკვლელობაა და იქამდე არ გაიხსნება, ვიდრე ჩემი შვილის მკვლელობის დამკვეთი ხელისუფლებაში იქნება!

მთელი საქართველოს გასაგონად მინდა ვთქვა: ძალიან მრცხვენია, ძალოვან სტრუქტურებში ასეთი წარმომადგენლები რომ გვყავს, რომლებმაც უკვე სამი წელია ამ მკვლელობის საიდუმლოების გასახსნელად თითი თითზე არ დააკარეს!

იმ ტრაგიკულ დღემდე, თებერვალში პრესკონფერენცია მოვაწყვე და განვაცხადე: ჩემი პოლიტიკური მკვლელობის მოახლოებას ვგრძნობ, ტერაქტს მიმზადებენ-მეთქი, თუმცა… ჩემი შვილის მკვლელობის დამკვეთმა უკვე ორმაგად მომკლა! ღმერთმა განსაჯოს მისი ავკაცობა, ჩემი შვილის გარდა უამრავი ადამიანის სისხლით რომ აქვს ხელები დასვრილი!

რატომ მომიკლეს შვილი?! უბრალოდ, – ჩემი სიმართლისთვის დამსაჯეს. აი, ასეთი “განაჩენი” გამომიტანა სატანამ!

 *

– როდესაც ლაშა მომიკლეს, სწორედ იმ დღეს გავიგე ჩემი რძლის ფეხმძიმობის ამბავი. ლაშას დედამისისთვისაც უთქვამს: მალე მეორე ბიჭი შეგვეძინებაო, მაგრამ არ დააცალეს მეორე ვაჟის მამობა. შვიდი თვის შემდეგ, 1999 წლის 15 იანვარს ლაშა ლაშას ძე შარაძე მოევლინა ქვეყანას. ჩემი შვილიშვილის დაბადების მოწმობა რომ ავიღე, რომელშიც არც ეროვნება ეწერა და არც მამის სახელი, მაშინვე პრეზიდენტს ვეახელი და იმას მაინც მოვაღწიე, რომ ჩემი შვილიშვილის დაბადების მოწმობაში ეროვნებაც ჩავაწერინე და მამის სახელიც. მამა ხომ წაართვეს, მამის სახელს მაინც არ წავართმევინებ-მეთქი!!!

და ბოლოს: ახალ გენერალურ პროკურორს მინდა ვთხოვო, რომ დროა, ჩემი შვილის ჩაფარცხული მკვლელობის ასავალ-დასავალში გაერკვეს…

 მაია კახიძე
“ასავალ-დასავალი”, 17-23 სექტემბერი, 2001

 

***

ლაშა შარაძის მკვლელობის უცნობი დეტალები

***

 

4 Responses to ლაშა შარაძის მკვლელობა

  1. Chia Winham ამბობს:

    I saw a lot of website but I believe this one has got something special

  2. Neil Sepeda ამბობს:

    This really is this kind of a great webblog publish and that i concur with everything.

  3. Roleta ამბობს:

    Thanks, I have recently been searching for details about this subject matter for ages and yours is the best I’ve located so far.

  4. Cam ამბობს:

    Great site!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s