“კოკა-კოლა” და “მაკდონალდსი”

 

  •  ,,გურამ შარაძე “კოკა-კოლას” საქართველოს დაქცევაში ადანაშაულებს’’, “7 დღე”, 2-3 თებერვალი, 1998      
  •  რუსთაველი და “მაკდონალდსი”?!,  “დილის გაზეთი”, 3 ნოემბერი, 1998         
  • გურამ შარაძე ახალი “კართაგენის” დანგრევას მოითხოვს, “ახალი თაობა”, 3 ნეომბერი, 1998      
  • “მაკდონალდსი” – ჭყონიას, “კოკა-კოლა” – ქართველებს’’, “ალია”, 3-4 ნოემბერი, 1998         
  • “მაკდონალდსის” სკანდალური ბედი დღეს პარლამენტში გადაწყდება?, “ალია”, 26-27 ნოემბერი, 1998
  •  ,,სად რუსთაველი და სად ჰამბურგერი?!’’, “ალია”, 2-3 თებერვალი, 1999
 

 ***

 

გურამ შარაძე “კოკა-კოლას” საქართველოს დაქცევაში ადანაშაულებს

 უშფოთველ და უწყინარ მეცნიერულ მოღვაწეობას გურამ შარაძემ ბობოქარი პოლიტიკა ამჯობინა. ბოლო დროს კი მის გარშემო, მართლაც, უცნაური “წრედი შეიკრა”, რომელიც მარტივად ასე გამოიყურება – პროფესორი შარაძე ყველას წინააღმდეგ. გასულ კვირას პარლამენტარმა სენსაციური განცხადება გაავრცელა: “ჩემი ფიზიკური განადგურება სურთო”. ინტერვიუს პირველი კითხვაც ამ საკითხს შეეხებოდა.

– აცხადებთ, რომ თქვენი ფიზიკური განადგურება მაღალ ეშელონებსა და მაფიოზულ კლანებს სურთ. დააზუსტეთ, რა ძალებზეა საუბარი?

– ეს ძალებია: ქალაქის მერია, რეკლამის გამავრცელებლები და წარმომადგენლები, ივანე მაჩაბლის სახლის მიმტაცებლები და თურქი-მესხების ჩამოსახლების მსურველთა ბანაკი.

– რაში სჭირდებათ თქვენზე თავდასხმა?

– მათ ხელს ვუშლი ივანე მაჩაბლის სახლის გაყიდვაში, თბილისის დამამახინჯებელი რეკლამის განთავსებასა და თურქი-მესხების შემოყვანაში.

– რამდენიმე ხნის წინათ თქვენ ნიკო ლეკიშვილის წინააღმდეგ გაილაშქრეთ და განაცხადეთ, რომ სახელმწიფო მინისტრმა “თავისი ლობი შექმნა კანცელარიასა და მერიაში. ამავე დროს “კოკა-კოლას” შხამს უწოდებთ, ხოლო მასთან დაკავშირებულ ბიზნესს არძინბას გაძლიერებად მიიჩნევთ…

– ჩემთვის მიუღებელია “კოკა-კოლას” ხარჯზე ქართული ლიმონათის, ღვინისა და სხვადასხვა სასმელების განადგურება.

“კოკა-კოლასა” და “სპრაიტის” წარმოება ღუპავს ქართულ სოფლის მეურნეობას და მასთან დაკავშირებული პიროვნებების პოლიტიკას.

– რა შუაშია არძინბა?

– კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ “კოკა-კოლას” პრეზიდენტის განცხადებისა, თითქოს ჩვენ “კოკა-კოლას” შეტანით აფხაზეთში ხელს შევუწყობთ სეპარატისტულ ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვას, დიპლომატიურ ენაზე საუბარს და მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენთვის სასარგებლო შედეგების მიღწევას.

– საკმაოდ გამძაფრდა თქვენი ურთიერთობა ემიგრანტული მთავრობის წარმომადგენლებთანაც. აცხადებთ, რომ ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილის შთამომავლები ხელს გვიშლიან ლევილის მამულის დაბრუნებაში.

– ისინი ვერ ეგუებიან საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას. პრეზიდენტ შევარდნაძეს ოპოზიციაში უდგანან და აცხადებენ, რომ “ლევილის მამულს შევარდნაძის საქართველოს არ გადასცემენ”. რატომ არის შევარდნაძის საქართველო?.. საქართველო საქართველოა. ნოე ჟორდანიას მთავრობამ ქართველ ხალხს დაუტოვა ლევილის მამული და არა საქართველოს რომელიმე ხელმძღვანელს ან პიროვნებას. ანდერძით იგი ქართველ ხალხს ეკუთვნის. რამიშვილისა და ჟორდანიას შთამომავლებმა კი კეთილი ინებონ და აღასრულონ მამათა ანდერძი.

– სასამართლომდე რატომ მივიდა საქმე?

– ახლოს არ გვიკარებენ. 2015 წლამდე ამ თემაზე არ დაგველაპარაკოთო. როცა ამას ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის მოწინააღმდეგე მხარე გეტყვის, შეიძლება გაჩუმდე? სასამართლოში დავიბარებთ, იქ შევხვდებით და გავაგებინებთ. ჩვენ მათ პირად ქონებაზე არაფერი გვაქვს სადავო. ქართველი ხალხის ქონების დაბრუნებას ვითხოვთ.

– კატეგორიული განცხადებები იმის შესახებ, რომ თურქი-მესხები საქართველოში არ უნდა დაბრუნდნენ, ვფიქრობთ, პრობლემას ვერ გადაჭრის. რა საშუალებები და გზები უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ მის მოსაგვარებლად?

– ჩვენ მე-20 საუკუნეში ვცხოვრობთ და პლანეტის შემადგენელი ნაწილი ვართ. აქედან გამომდინარე, ვალდებულნი ვართ, ანგარიში გავუწიოთ საერთაშორისო ვალდებულებებს და ცივილიზებული მეთოდებით, საპარლამენტო და იურიდიული ბაზით ვიხელმძღვანელოთ. ცალსახაა ჩემი აზრიც და მოვითხოვ, საქართველომ აიღოს საერთაშორისო ვალდებულება დეპორტირებული მოსახლეობის უკან დაბრუნებაზე. ამისათვის საჭიროა საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწეროს ასეთ საერთაშორისო ვალდებულებებს. მიმაჩნია, რომ მეორე ეტაპი ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულების ამსახველი ნორმატიული აქტი რატიფიცირებული უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში. ამის პარალელურად აუცილებელია, მოეწყოს მიმღები მხარის რეფერენდუმი. თუ ისინი მხოლოდ მესხეთში დაბრუნებას მოითხოვენ, მაშინ გაიმართოს მესხეთის მხარის რეფერენდუმი. თუ მთლიანად საქართველოში მოისურვებენ ჩასახლებას, მაშინ პლებისციტი ქვეყნის მასშტაბით უნდა გაიმართოს. ამ სამი აუცილებელი იურიდიული პროცესის გარეშე საუბარი თურქი-მესხების დაბრუნებაზე, სიყვარულ-სიძულვილის, ან სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით, მიიჩნევა პროვოკაციად და საერთაშორისო ნორმების უცოდინრობად.

ანგარიშგასაწევია, რომ მათი დეპორტაცია საქართველოს საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ სივრცეში ყოფნისას მოხდა. ეს, მართლაც, საზიზღარი აქცია ჩაიდინა არა საქართველომ, არამედ საბჭოთა კავშირის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ. რადგან მისი სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციაა, პასუხი მანვე უნდა აგოს ავზეც და კარგზეც. რუსები ამბობენ, საქართველო არ არის საბჭოთა კავშირის იურიდიული მემკვიდრე და არ ეკუთვნის არც იარაღი, არც ქონება, არც კომუნისტური პარტიის მილიონები… მაინცდამაინც თურქი-მესხების მიღება გვეკუთვნის? ჩვენ სისხლი არ დაგვიღვრია და უმისამართოდ არ გაგვიყრია. უზბეკეთს რატომ არ ვთხოვთ პასუხისმგებლობას?

– დაგვიანებული ხომ არ არის, პასუხი მოვთხოვოთ ნიშანოვის უზბეკეთს?

– ეს უზბეკეთი ნიშანოვის უზბეკეთის გაგრძელებაა. ჩვენ ვიცით, რატომ გაასახლა თურქი-მესხები საბჭოთა კავშირმა – თურქული ორიენტაციის გამო, მაგრამ არ ვიცით, რატომ გამოყარეს უზბეკებმა, რა ღალატი ჩაიდინეს? ვინ მოკლეს?! უზბეკებმა ამ აქციით არანაკლები დანაშაული ჩაიდინეს. ე.ი. ზემოაღნიშნულ პროცედურას აუცილებლად უნდა დაემატოს რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და უზბეკეთის ხელმძღვანელობის ოფიციალური პასუხი ფერღანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო. შემდეგ უნდა დასხდნენ მაგიდასთან რუსეთის ფედერაცია, უზბეკეთი, საქართველო და მივიდნენ საერთო შეთანხმებამდე.

– ანალოგიური პრობლემის წინაშე იდგა უკრაინა და რუსეთი, ყირიმელი თათრებისა და ინგუშების გადასახლებასთან დაკავშირებით, თუმცა მთავრობებმა ცალსახად აიღეს პასუხისმგებლობა მათ დაბრუნებაზე. დასავლეთის მხრიდანაც დადებითმა რეაქციამ არ დააყოვნა. ხომ არ ფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლების “ჭირვეულობა”, გარკვეულწილად, იმოქმედებს ქართულ იმიჯზე, ბოლოს და ბოლოს, ისინი ხომ უსამართლოდ გაასახლეს?

– რატომ უსამართლოდ? ვინ დაამტკიცა, რომ მათ არ ჩაიდინეს ღალატი, არ ჰქონდათ თურქული პოზიცია, არ შექმნეს პარტიზანული რაზმები და არ დაღვარეს სისხლი.

თქვენ არაფერი გსმენიათ მათ სამართლიანობასა თუ უსამართლობაზე? დაგისახელებთ თვითმხილველების ასობით მაგალითს, თუ რა უბედურება დაატრიალეს მაშინ მესხეთში. გიჩვენებთ რეზოლუციას, რომელიც მიიღეს მოსკოვში. 295 ათასმა კაცმა მოაწერა ხელი, რომ ჩვენ ვართ თურქები, ჩვენი სამშობლო არის მესხეთი და დაგვაბრუნეთ იქ. თუ თურქები არიან, როდიდან იქცა მესხეთი თურქეთად? ასე ჩვენ თურქეთის თანამედროვე სახელმწიფოში დატოვებული გვაქვს ტაო-კლარჯეთი, შავშეთი, ლაზისტანი, მაშინ ჩვენც დაგვიბრუნონ ისინი. ტერიტორიების ხელახალი გადანაწილება არ ხდება. უნდა ვიცხოვროთ იმ საზღვრებში, როგორც საერთაშორისო შეთანხმებით ხდება, რაღა საქართველომ დაიყაროს ნაცარი. მათი აქედან გაყრის მიზეზებზე ვარდისფერი წარმოდგენა გვაქვს.

 

გიორგი ჯალაბაძე
“7 დღე”, 2-3 თებერვალი, 1998

 

 

რუსთაველი და “მაკდონალდსი”?!

გვესაუბრება საქართველოს პარლამენტის წევრი

პროფესორი გურამ შარაძე

 

– ბატონო გურამ, პარლამენტის ამასწინდელ სხდომაზე გამოსვლისას თქვენ კიდევ ერთხელ ახსენეთ რუსთაველის ძეგლისა და იქვე მშენებარე “მაკდონალდსის” რესტორნის შეუთავსებლობის საკითხი. როგორც პარლამენტარს, თუ მიგიმართავთ ამის შესახებ დედაქალაქის ხელმძღვანელობისათვის.

– ვიდრე ამ საკითხზე საუბარს დავიწყებდე, უპირველესად მინდა მადლობა ვუთხრა “დილის გაზეთს” და ქალბატონ ნანა ნემსაძეს, პრობლემის საჯაროდ გამოტანისათვის. სხვათა შორის, მეგონა, გაზეთი გაივსებოდა გამოხმაურებებით. მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი რამ ვერ ვნახე. იმიტომ, რომ ხალხი დამუნათებულია, დამუნჯებულია…

საქართველო, მისი დედაქალაქი ამაყობდა რუსთაველის სახელით და რუსთაველის პროსპექტით, დღეს კი ამასაც გვართმევენ, ამ სიტყვის პირდაპირი და არა გადატანითი  მნიშვნელობით. რუსთაველის გამზირზე არ გვაქვს რუსთაველის მუზეუმი. არ გამოიძებნა არც ძველი შენობა, არც დანგრეულის ადგილზე ასაშენებელი და ისე კი, რაც გვინდა, სულო და გულო, ყველაფერია ამ გამზირზე…

გვქონდა ერთადერთი ძეგლი და ისიც, ფაქტობრივად ჩაყლაპეს. ვინ? – “მაკდონალდსმა”! ამაზე სამარცხვინო რა შეიძლება იყოს, რომ საქართველოში რუსთაველზე მაღლა “მაკდონალდს” აყენებენ.

სამარცხვინო სამოქალაქო, ძმათამკვლელ ომში რუსთაველი დავწვით და გავანადგურეთ. მათ შორის, ეგრეთ წოდებული “მხატვრის სახლიც”. გუშინწინ ყური მოვკარი, რომ იქ “ვოლში” (ყოფილა ასეთი ფირმა თუ მეპატრონე) აპირებს “მაკდონალდსის” ტიპის სავაჭრო ცენტრის გახსნას, ეს იმ დროს, როცა რუსთაველის მუზეუმი არ გვაქვს…

ივანე ჯავახიშვილის ოცნება იყო, გახსნილიყო მუზეუმი. ჯერ კიდევ 1937 წელს, როცა “ვეფხისტყაოსნის” დაწერის 700 წლის იუბილე აღინიშნა და რუსთაველის სახელიც მაშინ პირველად გადასცილდა კავკასიონს, ივანე ჯავახიშვილმა იოცნება, რომ დედაქალაქში გახსნილიყო მუზეუმი. საწუხაროდ, ეს დღემდე მიუწვდომელ ოცნებად დარჩა.

როდესაც ეროვნული მოძრაობა ფეხზე დადგა და კომუნისტებს ასე თუ ისე ესმოდათ ჩვენი, მე დავსვი საკითხი, რომ გამოთავისუფლებულ “კადეტთა კორპუსში” რუსთაველის მუზეუმი გახსნილიყო. ამის ნაცვლად იქ “ივერთბანკი” გაიხსნა. ამ ბანკმა როგორ დაასრულა არსებობა, ყველამ კარგად იცის. ახლა ისევ გაჩაღებულია მოძრაობა ეს შენობა დაიკანონონ. კაციშვილს თავში აზრად არ მოსდის, რომ ივანე ჯავახიშვილის იდეა იქნებ, ახლა მაინც გაგვეცოცხლებინა. ორად გაყოფილი რუსთაველის საზოგადოება რომ ხოცავს ერთმანეთს, ჯობია, ასე რუსთაველის მუზეუმისთვის იბრძოლონ…

ხალხს ჰგონია, რომ “მაკდონალდსი” საუკეთესო რესტორანია. ეს არის მსოფლიოში ყველაზე იაფფასიანი რესტორანი და როგორც “კოკა-კოლა” და “ფანტა” ვერასოდეს შეცვლის ქართულ ლიმონათს, “ლაღიძეს”, ისევე “მაკდონალდსის” სამზარეულოში დამზადებული საკვები – ჩვენს ეროვნულ სამზარეულოს. ეს არის ყოვლად გამოფიტული, უკალორიო საკვები. უცხოეთში მაგის მეტი რა მიჭამია, ვინაიდან ჩემი ჯიბის გადამკიდე იქაურ ძვირადღირებულ რესტორანში ვერ შევდივარ…

იმაზე მეტი ამაზრზენი რა შეიძლება მოხდეს, რომ “მაკდონალდსმა” არა მარტო მიწა იყიდა და რუსთაველის გამზირისა და ძეგლის შეურაცხმყოფელ შენობას აგებს, არამედ იყიდა მოსახლეობაც, თავად თბილისელი იყიდა! მან იყიდა ნებართვა მოსახლეობისგან. ეს ძალზე საშიში ტენდენციაა. საქართველოს მოსახლეობას დღეს ისე უჭირს, რომ ასეთ ნაბიჯს დგამს, ეს ბრალი ქალაქის მთავარი არქიტექტორის დეპარტამენტის კისერზეა. სწორედ მათ გააკეთებინეს მოსახლეობას ნებართვები. ეს არის ხალხის გაჭირვებით სპეკულაცია…

მე გამოვითხოვე პროექტი და დოკუმენტაცია, სადაც, ჯერ ერთი, ძეგლთა დაცვის სამმართველოს ნებართვა ვერ აღმოვაჩინე. მათ გარეშე კი, არა თუ რუსთაველზე შენობის აშენება, სარეკლამო აბრის გაკეთებაც არ შეიძლება (სწორედ ამ ნებართვაზე ვიკლავდი თავს, როცა სარეკლამო კანონში ცვლილება შევიტანე, არადა, მაშინდელ კანონპროექტში ყველას ნებართვები ეწერა, პოლიციისაც და … რკინიგზის დეპარტამენტისაც. რუსთაველზე რა უნდა რკინიგზას…)

სხვათა შორის, არსებობდა “მაკდონალდსის” რესტორნის უფრო უარესი პროექტიც, რომ ეს შენობა აღმართზე გაგრძელებულიყო და ფარდასავით აფარებოდა რუსთაველის ძეგლს. ეს კიდევ ძალაშია და, ალბათ, ხვალ და ზეგ კიდევ გააგრძელებენ ამ “ფარდას”… მანამდე კი ეს გუმბათოვანი შენობა მთლიანად ჩაკეტავს რუსთაველის ძეგლს და გამორიყავს მთაწმინდის ლანდშაფტიდან.

ეჭვი მაქვს, რომ პროექტიც იცვლება გზადაგზა და მოცულობაც თვითნებურად გაზარდეს. ასეთი გუმბათები აბასთუმნის სახელგანთქმულ ობსერვატორიას არ ადგას…

– ამბობენ, მეორე რესტორანი თავისუფლების მოედანზე უნდა აშენდეს…

– მართლაც, ძალიან საეჭვოდ არის იქ თავისუფალი ადგილი დარჩენილი (სადაც ძველად სასტუმრო “კავკაზი” იყო და ილია ჭავჭავაძის გამოსვენების დროს აკაკი წერეთელმა ის გენიალური სიტყვა წარმოთქვა…). ალბათ, იქაც, ერთ “შენობა-ფარდას” ჩადგამენ. “ვოლში” ხომ უკვე თითქმის აღწევს მიზანს… იმის ნაცვლად, რომ ქართველი ბიზნესმენები უცხოელ ინვესტორებს ქართულ, ეროვნულ საქმეში აბანდებინებდნენ ფულს…

საქართველოს დედაქალაქში რომ გაივლი, თუ არსებობს ქართული ცივილიზაცია, ქართული კულტურა, ქართული ანბანი, ვერც იფიქრებ. ჩვენ ხომ მსოფლიოს იმ 14 ერს შორის ვართ, ვისაც საუკეთესო დამწერლობა აქვს. არადა თბილისი, ინგლისურენოვანი დამწერლობით გაივსო. ადრე რუსული ხალხმა იცოდა მაინც, და კითხულობდა, ინგლისური კი ასში ერთმა თუ იცის…

ჩემი მცდელობით ნარიყალას კლდიდან ჩამოვაგდებინე “ბრიტიშ ეარვეიზის” უზარმაზარი სარეკლამო დაფა. ასევე, რუსთაველის გამზირის დასაწყისში უცხოური საქონლის სარეკლამო აბრაც. მაგრამ მთელ რუსთაველის გამზირზე ის პატარა დაფები მაინც ჩამომწკრივებულია.

მერაბ ბერძენიშვილს, როგორც დიდ მოქანდაკეს, პატივს ვცემ და მიხაროდა, რომ მისი სახელოსნო და ქანდაკებები ვაკის პარკში ბუნებრივ გარემოს ერწყმოდა. ახლა იმ  სახელოსნოს წინ შენობა აშენდა და სივრცეც ჩაკეტა და სიმწვანეც…

კიდევ ვიმეორებ, თბილისის მთავარმა არქიტექტორმა, ძეგლთა დაცვის სამმართველომ ამ საკითხებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ.

 

ციალა გოგოჭური
“დილის გაზეთი”, 3 ნოემბერი, 1998

 

 

გურამ შარაძე ახალი “კართაგენის” დანგრევას მოითხოვს

 

“გაიხსენეთ, რა უყო ფხვნილით გაკეთებულმა “კოკა-კოლამ” ეროვნულ “ლიმონათს”. “კართაგენი” ამ ეტაპზე თბილისში, რუსთაველის ძეგლის წინ მშენებარე რესტორანი “მაკდონალდსი” გახლავთ.

– ჩვენმა თანამემამულემ ქრისტეფორე კირკიტაძემ, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, 4 ათას 300 დოლარი გადმომცა რუსთაველის თეატრის აღსადგენად. ამ დროს თბილისში მცხოვრები ზოგიერთი მოღვაწე რუსთაველის გამზირის იერსახეს მთლიანად ანგრევს, – განაცხადა შარაძემ, რომელიც სულაც არ არის შორს იმ აზრისგან, რომ ზემოაღნიშნული რესტორანი, რომელიც კატასტროფული სისწრაფით შენდება, უნდა დაინგრეს, რადგან მას სრულიად არაბუნებრივი მდებარეობა აქვს.

– მსოფლიო მოვლილი მაქვს, მაგრამ მსგავსი ფორმის არათუ მაკდონალდსის რესტორანი, სხვა შენობაც არ მინახავს. იგი საოცრად ჰგავს ობსერვატორიას. მრავალ ობსერვატორიაში ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი წარმატებული შენობა არც ერთს ჰქონია. ტენდერი რომ გამოცხადდეს, ობსერვატორიისთვის იყიდის ვინმე. რაც მთავარია, ეს რესტორანი მთლიანად ფარავს მთაწმინდას და რუსთაველის ძეგლს. საქართველოში რეკლამას უკეთებენ მაკდონალდს. ქართველებიდან არავის უსარგებლია ამ რესტორნით უცხოეთში იმდენჯერ, რამდენჯერაც მე, რადგან ყველაზე მეტად მიჭირდა. მაკდონალდსი ყველაზე იაფფასიანი და საძაგელი საჭმელია. ერთადერთი სალათის ფურცელია ნორმალური და მეც იმას ვჭამდი. ამ სალათის ფურცლისთვის ღირს რუსთაველის ძეგლის დაფარვა? – ამბობს შარაძე, რომელიც იმაშიც არის დარწმუნებული, რომ მაკდონალდსი ეროვნულ სამზარეულოს დაღუპავს.

– გაიხსენეთ, რა უყო ფხვნილით გაკეთებულმა კოკა-კოლამ ეროვნულ ლიმონათს. ერთადერთი ჭურჭლის სარეცხად გამოიყენება ეგ სითხე. სხვათა შორის, ყველა ქვეყანაში, სადაც კი “კოკა-კოლა” შედის, ქარხნები შენდება. თბილისში პირიქით მოხდა, “კოკა-კოლამ” ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ლიმონათის ძველისძველი ქარხანა ჩაეგდო ხელთ. რათა ამერიკელებს ზედმეტი არ დახარჯვოდათ ახალი ქარხნის ასაშენებლად. ამან ლიმონათის ქარხნის მუშათა მთელი არმია შეიწირა”, – განაცხადა გურამ შარაძემ.

– მისი თქმით, მაკდონალდსის საქმეში ძეგლთა დაცვის სამმართველოცაა ჩარეული, ხოლო მაკდონალდსის უკან “კოკა-კოლასა” და ჭყონიას გარდა, თბილისის მერიის ძველი ხელმძღვანელობა და არქიტექტურის დეპარტამენტის ძველი და ახალი ხელმძღვანელობა დგას.

გურამ შარაძის მტკიცებით, ამ უბედურებას ისიც ემატება, რომ მაკდონალდს შენობების მთელი ფარდა მოჰყვება.

– ადგილობრივ მცხოვრებლებს კიდევ ბევრი დოლარები ელით, მაკდონალდსის მშენებლობისას ხომ სამ-სამი ათასი დოლარი დაურიგდა თითოეულ ოჯახს, რათა გაჩუმებულიყვნენ. როგორც ირკვევა, “კოკა-კოლამ” არა მარტო მოსახლეობა, ძეგლთა დაცვის სამმართველო, მერია და სხვებიც კარგად გააჩუმა, – ამბობს შარაძე.

პარლამენტარ შარაძეს სხვა ინფორმაციაც აქვს. პარლამენტთან, იქ, სადაც ადრე მხატვართა კავშირი იყო, ერთ-ერთ უცხოურ ფირმას მრავალსართულიანი სავაჭრო სახლის აშენება სურს.

– აქ მხატვრებს გალერეის ან რაიმე სხვა სახის კულტურული დაწესებულება სურთ. ახლა თუ არ ავხმაურდით, მაკდონალდსივით ჩუმად დაამტკიცებენ და ააშენებენ კიდეც. ხომ ხედავთ, რა ტემპებით აშენებენ რესტორანს, იმედი აქვთ, რომ აშენებულს ვეღარ დაანგრევინებენ. კართაგენი უნდა დაინგრეს. გაუმარჯოს იმ თაობას, რომელიც მათ დაანგრევს, – აღნიშნა გურამ შარაძემ.

– ვიდრე მაკდონალდსის თავზე ტელესკოპებს დადგამენ და მხატვართა კავშირის ადგილზე “ვოლში” თუ რაღაც ფირმა აუშენებიათ, ხმა უნდა ამოვიღოთ, – დასძინა მან.

როგორც ჩანს, პარლამენტის წინ “ბატას” ფირმის სარეკლამო დაფის ჩამოხსნით მიღწეულმა წარმატებამ გაათამამა ბატონი გურამ შარაძე. ყოველ შემთხვევაში, იგი კატეგორიულად მოითხოვს, მართლაც ყოვლად უადგილო ადგილას ჩადგმული რესტორნის დანგრევას, რომელიც მართლა ისეთი ტემპებით შენდება, რომ თბილისს კი არა, მთელს საქართველოს რომ არ მოსწრებია.

 

თამარ ასლანიკაშვილი
“ახალი თაობა”, 3 ნეომბერი, 1998

 

 

“მაკდონალდსი” – ჭყონიას, “კოკა-კოლა” – ქართველებს

 

რუსთაველის პროსპექტზე, რუსთაველის ძეგლის პირდაპირ “მაკდონალდსი” შენდება. გურამ შარაძის ინფორმაციით, მისი მესვეურია ფირმა “კოკა-კოლა” და თემურ ჭყონია.

თუ პარლამენტარი შარაძე ადრე ამ მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგი იყო თბილისის ფასადის დამახინჯების მოტივით, დღეს მას უკვე მიაჩნია, რომ სამაგიეროდ, “კოკა-კოლა” იხეირებს, ქართველი კაციც დასაქმდება და მისთვის უცხო ხილი “მაკდონალდსი” ორ კაპიკს აშოვნინებს. არც იმის იმედი დაუკარგავს, რომ უახლოეს მომავალში ამ შენობას, რომელიც თავდაპირველად ობსერვატორია ეგონა, რუსთაველის მუზეუმად აქცევს.

შარაძის აზრით, “კოკა-კოლას” ისიც ეყოფა, 100-წლიანი ტრადიციების მქონე ქართული ლიმონათი რომ “გააჩანაგა” და სანუკვარი ამერიკული სასმელით შეცვალა, რომელსაც, მისივე თქმით, ბრწყინვალედ ძალუძს საოჯახო სარეცხის რეცხვა შესანიშნავი ქიმიური ელემენტების ზეგავლენით.

შარაძემ მოიპოვა ინფორმაცია, რომ “მაკდონალდსის” ინიციატორებმა მცხოვრებლებს 3 ათასი დოლარი მისცეს, რათა მშენებელობის გამო დებოში არ აეტეხათ. – “მე არ ვიცი ეს მთავრობა რას აპირებს და ვის ხელში ვართ”, – კითხულობს იგი. პარლამენტარის შიშით, “მაკდონალდსი” ეროვნული კერძების მივიწყების წინაპირობა იქნება. მისივე ლოგიკით, ერთი ასეთი საზკვების კვალდაკვალ ამერიკული “ლანჩის” მიმდევრები კიდევ ათასობით გაჩნდებიან და ისინიც ასეთ შენობებს წამოჭიმავენ.

მშენებლობის თემას მოჰყვა და შარაძემ იმ მომავალი მშენებლობის “საიდუმლოც” გაამხილა, რომელიც პარლამენტის შენობის პირდაპირ ქაშუეთის ეკლესიის გვერდით იგეგმება, არც თუ ცნობილი ფირმა “ვოლში” სავაჭრო ცენტრის მაღლივი კორპუსის აშენებას აპირებს. შარაძეს კვლავ ჟურნალისტების იმედი აქვს…

 

ზურაბ თვაური
“ალია”, 3-4 ნოემბერი, 1998

 

 

“მაკდონალდსის” სკანდალური ბედი დღეს პარლამენტში გადაწყდება?

 (ქვეყნდება შემოკლებით)

 

დღეს პარლამენტში სამთავრობო საათზე გურამ შარაძე გახმაურებული “მაკდონალდსის” მშენებლობის კანონიერების საკითხს დააყენებს. სულ ახლახან კი სააქციო საზოგადოება “ავია სერვისის” პრეზიდენტმა, ნოდარ ხრიკაძემ, მთაწმინდის სასამართლოში “მაკდონალდსის” ე.წ. უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა, მოსამართლე ზვიად ესებუამ კი მშენებლობის უკანონობისა და შეჩერების შესახებ განჩინება გამოიტანა. თუმცა, როგორც ამბობენ, ხუთდღიანი ტაიმ-აუტის შემდეგ მშენებლობა კვლავ გაგრძელდა. გურამ შარაძემ “ალიას” დოკუმენტების ნუსხა წარუდგინა, რის საფუძველზეც “მაკდონალდსის” უკანონო მშენებლობას ამტკიცებს.

– “მაკდონალდსის” მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტები ჩემი თხოვნით მშენებლობის და ურბანიზაციის მინისტრმა, მერაბ ჩხენკელმა და თბილისის მერიის ახლად ჩამოყალიბებულმა არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ლოლაშვილმა გადმომცა.

– და ამ დოკუმენტებით რა ირკვევა?

– “კოკა-კოლას” გენერალურ მენეჯერს, თემურ ჭყონიას, 1997 წლის 6 იანვრამდე მიუმართავს წერილით, რომ თბილისში “მაკდონალდსისთვის”  ტერიტორია გამოეყოთ. ამ დოკუმენტს მაშინდელი მერის, ბადრი შოშიტაიშვილის 1997 წლის 6 იანვრის რეზოლუცია ადევს: “ბატონ დავით ახვლედიანს, გთხოვთ, სასწრაფოდ გადაწყვიტოთ”. როგორ მოგწონთ ენერგიული რეზოლუცია? ახვლედიანი ქალაქის მთავარი არქიტექტორია. უკვე 1997 წლის 13 იანვარს ახვლედიანი ცანავას სწერს: “გთხოვთ, მომელაპარაკოთ…”. ამის შემდეგ ამავე წლის 18 აპრილს ქალაქის მუნიციპალიტეტის კაბინეტს დადგენილება გამოაქვს “კოკა-კოლასთვის” რესტორნების მოსაწყობად მიწის ნაკვეთების დამაგრების შესახებ”. მართლაც გამოუყვეს ორი მიწის ნაკვეთი – მარჯანიშვილის ქუჩაზე, ძმები კაკაბაძეებისა და ზანდუკელის ქუჩებს შორის ტერიტორია. მერე რომ აღარ დამაბრალონ, სად იყო გურამ შარაძეო, მიაქციეთ ყურადღება, რომ მარჯანიშვილზეც “მაკდონალდსის” მშენებლობაა დაგეგმილი.

– თუ იცით, მარჯანიშვილზე ეს შენობა სად არის დაგეგმილი?

-არ ვიცი, მარჯანიშვილი ელბაქიძის ხიდიდან იწყება და ყოფილი საბჭოს ქუჩის გადაკვეთამდე გრძელდება. სხვათა შორის, დოკუმენტში რომ დაეწერათ რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ძმები კაკაბაძეებისა და ზანდუკელის ქუჩების ნაცვლად, მაშინ ეს ფაქტი სკანდალური იქნებოდა, ამით შენიღბეს ეს მშენებლობა. შემდეგ კი, რა ხდება თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის იმავე წლის 18 აპრილის დადგენილების საფუძველზე? დამაგრებული მიწის ნაკვეთის გეგმა დგება და პროექტებს ბატონი ახვლედიანი ამტკიცებს. 1997 წლის 14 დეკემბერს ბატონი ახვლედიანივე ამტკიცებს სამშენებლო პასპორტს #2018, რომელსაც ხელს აწერენ: ქალაქდაგეგმარების სამმართველოს უფროსი თამაზ ცანავა, მიწის ნაკვეთების გამოყოფის განყოფილების უფროსი ირაკლი ჭიაბრიშვილი, სამშენებლო პასპორტების და მიწების გაცემის სექტორის უფროსი თამაზ კავრელაშვილი. 1998 წლის 5 თებერვალს ჭყონია ექს-მერს განცხადებით მიმართავს, რომ მშენებლობა განახორციელოს შპს “თ-ენ-კ რესტორნებმა”. ეს ფირმა თენგიზ კაკაბაძის არის, თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მშენებლობას სინამდვილეში კავკასიის გვირაბმშენის სამმართველო და მისი უფროსი, ავთანდილ ჩალაძე ახორციელებს. არ ვიცი რატომ, თურმე, ამ საქმეში რომელიღაც თურქული ფირმაც ყოფილა გარეული. 1998 წლის 12 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტს ისევ გამოაქვს დადგენილება, სადაც შპს კაპანაძის ფირმას უკვე ავალებს მშენებლობას. ამის შემდეგ ახვლედიანი 1998 წლის 21 აპრილს ბრძანებულებას წერს, რომ ეს პროექტი დამტკიცდეს. შენობის არქიტექტორი გახლავთ მამა-შვილი ორბელაძეები და ექსპერტი გეგელია. “მაკდონალდსი” უზარმაზარი გუმბათიანი შენობა იქნება, რომელიც მთელი მთაწმინდის კალთას ჩამოფარავს. მინახავს პულკოვოს, მიუნჰენის, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიები, მაგრამ მსოფლიოში არსად მინახავს, რომ “მაკდონალდსს” ამხელა გუმბათიანი შენობა ჰქონდეს.

– რაშია ამ დოკუმენტების უკანონობის არსი?

– მომითმინეთ, რომ ამბობენ, კანონიერიაო, მიჩვენონ, სად აქვთ არასასოფლო დანიშნულების მიწის კანონის მიხედვით, კულტურის ძეგლებთან მიმდებარე მიწებზე ახალი მშენებლობის დაწყებისთვის კულტურის სამინისტროს აუცილებელი ნებართვა, ან ძეგლთა დაცვის სამმართველოს გარეშე რომელ კანონიერებაზეა ლაპარაკი? ახლა აგიხსნით: მთავარი არქიტექტორის, ბატონი ახვლედიანის ბრძანება, მშენებლობის პროექტის დამტკიცების შესახებ, 1998 წლის 21 აპრილსაა გაცემული, რის საფუძველზეც ამ უზარმაზარი ობიექტის მშენებლობა დაიწყო. ძეგლთა დაცვის სამმართველომ კი ძველი პროექტი (რომელიც ჩვენს ხელთ უკვე აღარ არის, გამქრალია) განიხილა 1997 წლის 16 თებერვალს. მათ არ განუხილავთ ის პროექტი, რომლის საფუძველზეც “მაკდონალდსი” შენდება, რადგან ეს ადგილი ძეგლთა დაცვის სამმართველოს კომპეტენციაში შედის. მათი ნებართვის გარეშე ის პროექტი, რომლითაც მშენებლობა ამ ადგილზე დაიწყეს, უკანონოა. წამყვანი არქიტექტორები, როგორიც ლერი მეძმარიაშვილი, აბრამიშვილი, დიმიტრი თუმანიშვილი და თამაზ ნათინაძეა, იმ გამქრალ პროექტზე ჯერ კიდევ 1997 წელს ამბობდნენ, რომ ჩვენ მის აშენებას ვერ შევურიგდებითო. ბოლო პროექტი კი არც ყოფილა ძეგლთა დაცვის სამმართველოში განხილული. მაგალითად, თუმანიშვილი წერს, რომ რუსთაველის ძეგლის გვერდით “მაკდონალდსი” ცოტა უხერხულია. მოკლედ, ძეგლთა დაცვის სამმართველოს არქიტექტორები ორჭოფობენ და მაინც ბედავენ რაღაცის თქმას. ბატონი ჭყონია კი გვიმტკიცებს, რომ ეს კანონიერი მშენებლობააო.

ქალაქის მერი, ბატონი ვანო ზოდელავა რომ ბრძანებს, აღნიშნული პროექტი პარლამენტმა მოიწონაო, არ ვიცი, აქ ვის გულისხმობს. ვიცი მხოლოდ ის, რომ ხელთ მაქვს ცნობილი არქიტექტორისა და პარლამენტარის, ურბანიზაციისა და მშენებლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, პროფესორ გია შაიშმელაშვილის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც იგი მიზანშეუწონლად მიიჩნევს ამ ადგილზე “მაკდონალდსის” მშენებლობის დაწყებას.

საინტერესოა, რას უწოდებთ კანონიერს?

-კანონიერს, იცით, რას ვუწოდებ? როცა შეიკრიბება კანონიერი და სამართლიანი სახელმწიფო მოხელეები და ორგანიზაციები და კანონიერ დადგენილებას გამოსცემენ. თუ შეიკრიბება ხალხი, ვისაც არად უღირს რუსთაველი, მათ მიერ შექმნილი დოკუმენტი კანონიერად არ მიმაჩნია! კანონიერად მაშინ ჩავთვლი, როცა პროექტს ბატონი ვახტანგ ბერიძე მოაწერს ხელს, როცა ძეგლთა დაცვის სამმართველო და კულტურის სამინისტრო დაადასტურებს და მოიწონებს. მხოლოდ მაშინ დაუჭერს მხარს ჩვენი საზოგადოება. მაშინ ბატონ ჭყონიას ბოდიშს მოვუხდი.

 

 

ნინო სამხარაძე
“ალია”, 26-27 ნოემბერი, 1998

 

 

სად რუსთაველი და სად ჰამბურგერი?!

 

“მაკდონალდსის” გახსნის პრეზენტაციაზე, მის მესვეურებს არ დაეზარათ და, მოსაწვევი ბარათი სახლში, მე-10 სართულზე  მომართვეს. მე მათ იმედი უნდა გავუცრუო, პრეზენტაციაზე ვერ მივალ, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ შარაძე.

მისი თქმით, ამ ფაქტით მთელი საქართველო დარწმუნდა, თუ რა ძლიერად იდგამს ჩვენში ფესვებს “უცხოური” და, სამწუხაროდ, კარგავს “ეროვნული”. მისივე აზრით, შოთა რუსთაველის ძეგლს უკეთესი ინტერიერი ეკუთვნის, ვიდრე “მაკდონალდსია”, სადაც ჰამბურგერები გაიყიდება.

“მე თავს გამარჯვებულად ვთვლი, რადგან ყველას დავანახე, რომ აღნიშნული ფაქტი შეცდომა იყო, რომლის მსგავსიც მომავალში აღარ უნდა გავიმეოროთ”, – დასძენს იგი.

 

,,გეა”
“ალია”, 2-3 თებერვალი, 1999

 

 

2 Responses to “კოკა-კოლა” და “მაკდონალდსი”

  1. Izolda Fureliani ამბობს:

    უკვდავი ხართ ჭეშმარიტ მამულიშვილთა გულებში. უკვდავი ქ ა რ თ ვ ე ლ ი!

  2. Lenda Gedevanishvili ამბობს:

    დიდი მადლობა. გაიხარეთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s