განგაში

 

  • ,,შარაძეზე თავდასხმა მზადდება’’, ,,საქართველო’’, 31 იანვარი – 3 თებერვალი, 1998
  • ,,გურამ შარაძე ბრალს დებს’’, ,,დილის გაზეთი’’, 31 იანვარი, 1998
  • საქართველოს პარლამენტის წევრის გურამ შარაძის მიმართვა საქართველოშო აკრედიტებულ ყველა ქვეყნის ელჩებს, 23 დეკემბერი, 2003
  • ,,თურქი მესხები შარაძეზე ტერაქტს გეგმავენ’’, ,,დილის გაზეთი’’, 5 ივნისი, 2002
  • ,,იეღოველები გურამ შარაძეს ემუქრებიან’’, “ახალი თაობა”, 23 მარტი, 2004
  • ,,შარაძე დაცვას ითხოვს’’, “ალია”, 15-16 აპრილი, 2004

 

 ***

 შარაძეზე თავდასხმა მზადდება

 პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე, გურამ შარაძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს გაუთავებელი შანტაჟი და მუქარა. მისვე თქმით, ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა იგი გააფრთხილა, რომ რამდენიმე დღეში შარაძეზე მოხდება თავდასხმა. შარაძეს, როგორც თავად აცხადებს, ბრალს სდებენ ემიგრანტებიდან ქრთამის აღებასა და ლევილის მემულის მეწილეობაში.

,,მაშინ, როცა მაქსიმალურად ვიბრძვი, რათა ლევილის მამული საქართველოს საკუთრება გახდეს, როგორც ეს საქართველოს ეროვნული მთავრობის ანდერძში წერია, ჩემი მოწინააღმდეგენი ბინძური მეთოდებით აქაც წყალს ამღვრევენ’’ – აცხადებს გურამ შარაძე. როგორც ირკვევა, შარაძემ მშვენივრად იცის, ვინ ცდილობს მის დისკრიმინაციას, მაგრამ კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს, რადგან თვლის, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს (,,გეა’’).

  ,,საქართველო’’, 31 იანვარი – 3 თებერვალი, 1998

 

 

 გურამ შარაძე ბრალს დებს

 

დეპუტატ გურამ შარაძის მიერ ,,პრაიმ-ნიუსით’’ გავრცელებულმა ინფორმაციამ მასზე მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ, ჟურნალისტები შეგვაშფოთა და ტერაქტის უშუალო ორგანიზატორის ვინაობის შეტყობის მიზნით, ბატონ გურამთან შეგვკრიბა. მან ,,ტერაქტების’’ მთელი ციკლი ჩამოგვითვალა. პირველად სიკვდილით 1990 წელს სამაჩაბლოში დამუქრებია ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის 80-კაციანი ჯგუფი (მოწმე მძღოლი რაულ ღამბაშიძე). სამაჩაბლოშივე, სოფელ თამარაშენში ყოფნისას, როცა ცხინვალის მიერ ჩაკეტილ ცხრა ქართულ სოფელს გზა გაუჭრა ივანე მაჩაბლის საზოგადოებამ, მას დაემუქრა სიკვდილი (მოწმე – სამაჩაბლოს მკვიდრი, პარლამენტის თანამშრომელი ავთანდილ გოგიძე). მეორე დღეს ექსტრემისტებს შარაძის და მისი გუნდის მეგზური მეტსახელად ,,ვირო’’ და მისი ახლო ნათესავი დაუწვავთ. ტერაქტის შემდეგი ცდა სამარცხვინო 1991 დეკემბერ-იანვრის ომში იყო, როცა იმჟამად ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი გურამ შარაძე არქივის გადასარჩენად გვარდიელებს შეება და მხოლოდ ,,ბატკამ’’ – თენგიზ კიტოვანმა იხსნა. შარაძის დახვრეტას ივანე მაჩაბლის საზოგადოებიდან გაგდებული, ყოფილი დეპუტატი ვაჟა ხაჭაპურიძეც ცდილა შუა რუსთაველზე (მოწმე – პოლიციის სამმართველოს მუშაკი დავით ჩაჩუა). კოლხური კოშკის გადარჩენისას მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ვახტანგ გვარამიას უხსნია სიგუას კლანჭებისგან.

ბატონი გურამი ახლაც ელის ტერაქტს. ამის დასტურად მიიჩნევს სატელეფონო მუქარა-ზარებს, პარლამენტის შენობაში დეპორტირებულ მესხთა საკითხზე მასთან დაპირისპირებული გურამ მამულიას ყოფილი მდივნის, ამჟამად ,,კავკასიური სახლის’’ თანამშრომლის ალექსანდრა თევზაძის მიერ ,,ფაშისტის’’ ეპითეტით შემკობას. ტერაქტის მოწყობისთვის საფუძველი ბევრია – მიიჩნევს შარაძე. რად ღირს ლეკიშვილთან, შოშიტაიშვილთან, კვიციანთან დაპირისპირება ივანე მაჩაბლის სახლის გაყიდვის გამო. ამ საქმეში ხომ ქალაქის მთავარი პროკურორიც არის ჩართული. შარაძის გალაშქრება უცხოური რეკლამების წინააღმდეგ და კატეგორიული მოთხოვნა, რომ რეკლამის ნებართვის გაცემის უფლება ჰქონდეს ძეგლთა დაცვის სამმართველოს, ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს და მთავარ არქიტექტორს, მისი აზრით, მხოლოდ გაუმრავლებდა მტერს. ,,განაწყენებულების’’ სიაში ისინიც შეიტანა, ვინც ლევილის მამულის დაკანონებაში უშლის ხელს, ინფორმაციულ ომს უცხადებს, ემიგრანტების მიღებაში მექრთამეობას სწამებს.

მთავარი სათქმელი კი ის იყო, რომ ,,ერთ-ერთი დიდი სახელმწიფო ორგანო და მისი ხელმძღვანელი ებრძვიან მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარეს. ანუ ,,მისტერ X-ის’’ გასაგონად ითქვა ყოველივე. დირიჟორის დასახელებას შარაძემ თავი აარიდა – ,,ზოგჯერ თქმითაც დაშავდების’’ მოტივით. დაველოდოთ ,,მისტერ X-ის’’ რეაქციას, თუ ასეთი საერთოდ ექნება ,,რი ატამი, რა ატამის’’ ანეგდოტივით.

 მანანა ცხადაია
,,დილის გაზეთი’’, 31 იანვარი, 1998

 

 

თურქი მესხები შარაძეზე ტერაქტს გეგმავენ

 გურამ შარაძის მორიგი სკანდალური განცხადება მის წინააღმდეგ დაგეგმილ ტერაქტს შეეხება. ბატონი გურამის ინფორმაციით, ორგანიზატორებად თურქი-მესხები სახელდებიან. თუ შარაძე კვლავ გააგრძელებს საქართველოში 400 ათასი თურქმი-მესხის ჩამოსახლების წინააღმდეგ კამპანიას, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. შარაძე 1998 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც იხსენებს, რომლებსაც მაშინ არავინ მიაქცია ყურადღება. საბოლოოდ კი, ყველაფერი მისი ვაჟის მკვლელობით დასრულდა.

გუშინდელი პრესკონფერენციის კიდევ ერთი მთავარი თემა თურქეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული ძეგლების ჩაძირვის საფრთხეს შეეხებოდა. საუბარია დერინერის კაშხალზე, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე, მდინარე ჭოროხზე შენდება და მშენებლობის დასრულების შემდეგ მოსალოდნელია ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე X საუკუნის ქართული სამონასტრო კომპლექსის ჩაძირვა. გურამ  შარაძის ინფორმაციით, ამ საკითხით ამერიკელებიც კი დაინტერესებულან და უნიკალური ისტორიული ძეგლის ჩაძირვის შესახებ სტატია ,,ნიუ-იორკ ტაიმსის’’ მაისის ერთ-ერთ ნომერში დაიბეჭდა, მაშინ როცა, ქართველები ჩუმად არიან. უფრო მეტიც, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, თავის დროზე ქართული მხარე დათანხმდა ამ კაშხლის მშენებლობაზე. შეთანხმების დოკუმენტს გარემოს დაცვის მინისტრმა ნინო ჩხობაძემ მოაწერა ხელი. შარაძე აცხადებს, რომ მაშინ ეს ყველაფერი მისი გვერდის ავლით მოხდა. ახლა იგი ამ დოკუმენტის გადასინჯვას მოითხოვს.

 მაია შონია
,,დილის გაზეთი’’, 5 ივნისი, 2002

 

 

საქართველოში აკრედიტებულ ყველა ქვეყნის ელჩებს

 საქართველოს პარლამენტის წევრის გურამ შარაძის

 მიმართვა

 მე, საქართველოს პარლამენტის წევრი, მწერალი, პროფესორი, აკადემიკოსი გურამ შარაძე მოგმართავთ თხოვნით, ყურადღებით მოეკიდოთ ჩემს შემდეგ განცხადებას:

ე.წ. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოში მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ გააჩაღა ჩემს წინააღმდეგ მორალური და პოლიტიკური ტერორი. ადგილი აქვს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების დაშინების მცდელობას, როგორც ტელეფონით, ისე პირად საუბრებში და თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთი სატელევიზიო არხითაც კი. მოითხოვენ, სასწრაფოდ დავტოვო საქართველო, წინააღმდეგ შემთხვევაში შურს იძიებენ ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე. ხოლო მოსალოდნელი ტერაქტის განხორციელების პასუხისმგებლობაზე თავის არიდების მიზნით, რამდენიმე დღის წინ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ხელისუფლებამ მომიხსნა ჩემს ოჯახში დატრიალებული საშინელი ტრაგედიის შემდეგ 1998 წლიდან პრეზიდენტის ბრძანებით ჩემთვის დანიშნული სახელმწიფო დაცვა, რითაც უხეშად დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის მე-5-6 პუნქტები.

ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ უზრუნველყოს კონსტიტუციური უფლებით მონიჭებული ჩემი და ჩემი ოჯახის წევრთა სიცოცხლის უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში მე იძულებული გავხდები გთხოვოთ პოლიტიკური თავშესაფარი.

 ღრმა პატივისცემით,

გურამ შარაძე
23 დეკემბერი, 2003
 

  

იეღოველები გურამ შარაძეს ემუქრებიან

 იეღოველები გურამ შარაძეს სიკვდილით ემუქრებიან. როგორც სააგენტო ,,მედია-ნიუსს” თავად პარლამენტარმა განუცხადა. მას ე.წ. იეღოვას მოწმეები აშანტაჟებენ და სატელეფონო მუქარის მესიჯებს უგზავნიან.

გურამ შარაძის თქმით, იეღოველების გააქტიურება გამოწვეულია იმით, რომ უკვე რამდენიმე წელია, მათ წინააღმდეგ ღიად იბრძვის. კერძოდ, მან 2001 წელს უზენაეს სასამართლოში მოიგო პროცესი იეღოველთა სექტის “პენსილვანიის საგუშაგო კოშკის” რეგისტრაციაში გატარების თაობაზე, თუმცა ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ სექტა რეგისტრაციაში მაინც გაატარა.

გარდა ამისა, ერთი წელია, რაც იეღოველთა 12 ტონა რელიგიური ლიტერატურა შარაძის მეცადინეობით ლილოს საბაჟო ტერმინალშია დაყადაღებული. ორი დღის წინათ, იეღოველთა მიერ ისან-სამგორის სასამართლოში შეტანილი სარჩელი ყადაღის მოხსნის თაობაზე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. შარაძის თქმით, სწორედ ამ და სხვა მიზეზთა გამო, იეღოველები მას სიკვდილით ემუქრებიან. “სიკვდილი ექსტრემისტ შარაძეს”, “ძირს მართლმადიდებლობა და მისი დამქაში შარაძე” – ასეთია ის მუქარის მესიჯები, რომელსაც, შარაძის თქმით, მას ყოველდღე უგზავნიან.

,,მედიანიუსი”
“ახალი თაობა”, 23 მარტი, 2004

 

 

შარაძე დაცვას ითხოვს

 გურამ შარაძის თქმით, გარკვეული ძალები მის ფიზიკურ ლიკვიდაციას გეგმავენ. ამის დასტურად მან მის მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი “ესემეს”-შეტყობინებები დაასახელა. მათი ავტორი შარაძისგან საქართველოს ტერიტორიის უპირობო დატოვებას მოითხოვს.

შარაძის ვარაუდით, ეს “მესიჯები” სოროსის ფონდიდან მოდის. მან უკვე შეიტანა განცხადება ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციაში.

შარაძე მიმართავს მიხეილ სააკაშვილს, სასწრაფოდ აღუდგინოს სახელმწიფო დაცვა. მისი მტკიცებით, მან იცის იმ პიროვნების გვარიც, ვინც მას ამ “მესიჯებს” უგზავნის, თუმცა, ჯერჯერობით მისი ვინაობა არ დაუსახელებია.

 ,,ინტერ-პრესი”
“ალია”, 15-16 აპრილი, 2004
 

2 Responses to განგაში

  1. Marcela ამბობს:

    გილოცავთ ახალ წელს, მადლობთ პოსტისთვის.

  2. Omari ამბობს:

    I come across your web site from twitter and it’s amazing. Thnkx for discussing such an amazing blog post!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s