მეცნიერებათა აკადემია, უნივერსიტეტი, განათლება

 

  • ,,შარაძე მამა-შვილი ბუღაძეების წინააღმდეგ’’, კულტურის სამინისტროს შემდეგ მეცნიერებათა აკადემიის ჯერი დგება, “ტრიბუნა”, 16 დეკემბერი, 2003 
  • ,,გურამ შარაძე: მეცნიერებათა აკადემიას აკადემიკოსებს ანგრევინებენ!’’, “ასავალ-დასავალი”, 4-10 ოქტომბერი, 2004
  • ,,რატომ ვერ გაჩუმდება გურამ შარაძე’’, “რეიტინგი”, 11 ოქტომბერი, 2004
  • ,,გურამ შარაძე: ივანე ჯავახიშვილს მეორედ კლავენ!’’, “ასავალ-დასავალი”, 11-17 ოქტომბერი, 2004
  • ,,გურამ შარაძე: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი საბჭოს წევრებო, არ მოკლათ ხელმეორედ ივანე ჯავახიშვილი!’’, “ასავალ-დასავალი”, 1-7 ნოემბერი, 2004

 

 ***

შარაძე მამა-შვილი ბუღაძეების წინააღმდეგ

კულტურის სამინისტროს შემდეგ მეცნიერებათა აკადემიის ჯერი დგება

პარლამენტარი გურამ შარაძე კულტურის სამინისტროს გაუქმების მცდელობას აპროტესტებს და სახელმწიფო მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან სასწრაფო შეხვედრას ითხოვს. სახელმწიფო მინისტრი კი თავის მხრივ კულტურის ცნობილ სახეებს ხვდება და მათგან კულტურის სამინისტროს ლიკვიდაციის აუცილებლობას მშვიდად ისმენს.

კულტურის მესვეურები კულტურის სამინისტროს გაუქმების სურვილს ღიად და ნათლად აფიქსირებენ. სავარაუდო სქემა კი ასეთია: კულტურის სამინისტრო გაუქმების შემდეგ დეპარტამენტად გადაკეთდება და მინისტრის ნაცვლად მას დეპარტამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. მართალია, მისი ხელმძღვანელი ჯერჯერობით არ სახელდება, მაგრამ, გურამ შარაძის აზრით, ეს პიროვნება დათო მაღრაძე იქნება.

საგულისხმოა, რომ თავის დროზე შევარდნაძემ მშენებლობის სამინისტროს ლიკვიდაცია განიზრახა, მაგრამ სამინისტრო დღესაც ფუნქციონირებს და თავის მოვალეობას ასე თუ ისე ასრულებს.

შარაძე “ნამიოკებით” საუბრის სტილს ირჩევს და სამხატვრო აკადემიაში არსებულ ცვლილებებზე საუბრობს და საზოგადოებას აკადემიის ახალი რექტორის ვინაობასაც უმხელს. სავარაუდოდ კი ეს პიროვნება გია ბუღაძეა, რომელმაც ამ რამდენიმე ხნის წინ დატოვა სამხატვრო აკადემიის პრორექტორის პოსტი.

“კულტურის ღვაწლმოსილმა მესვეურებმა ჭკუის სწავლება დაგვიწყეს. მამა-შვილი “მოღვაწეები” საზოგადოებას გვმოძღვრავენ. მამამ პირდაპირ აგვიკლო. პარლამენტის სხდომათა დარბაზამდე რომ მიაღწიო, მთელი ჯურღმული უნდა გაიარო. შეგახსენებთ, რომ ეს “შედევრი” ახალი მთავრობის ინიციატივითა და ძალისხმევით შეიქმნა. მამა სამხატვრო აკადემიის რექტორობას უმიზნებს, ხოლო მისი პირმშო “ვარსკვლავთბიჭუნა”, როდესაც ქართული ლიტერატურის “შედევრებით გამდიდრებას” მორჩა, არაბულად წერა დაიწყო. “ვარსკვლავთბიჭუნამ” თამარ მეფე შეურაცხჰყო და აკაკი წერეთელს ივანე მაჩაბლის მკვლელობა დააბრალა. ახლა კი, ამ ვაი მწერალსაც კულტურის მიღვაწე ჰქვია და იმ ცნობილ მწერლებსაც, რომელთა ვინაობის გამხელას “ვარსკვლავთბიჭუნას” გვერდით შეგნებულად მოვერიდები.

სწორედ ასეთი მოღვაწეები ქადაგებენ, საქართველო საბჭოთა მწერლებისაგან გავწმინდოთო. რა ვქნა, ბატონო, ისეთ დროს დავიბადეთ, რომ საბჭოთა ეპოქას ვერ ავცდით. იმედია, ესეც ჩვენი ბრალი არა არის”, – აღნიშნა შარაძემ.

შარაძე შეშფოთებულია იმითაც, რომ გააჩნია ინფორმაცია მწერალთა კავშირის გაუქმების შესახებ. მისი აზრით, გარდამავალი ხელისუფლება თავს უფლებას აძლევს მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ახალი, კანონიერი პრეზიდენტის პრეროგატივა იქნება.

“მწერალთა კავშირს ვერ გააუქმებენ, შეიძლება მისი წევრები გადაახალისონ. ჩვენს ბრწყინვალე მწერლებს და საზოგადო მოღვაწეებს საკლუბო მწერლებად ვერ ვაქცევინებ”, – მიაჩნია პარლამენტარს.

“5 წლის წინ ხელთ ვიგდე საიდუმლო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთმა “სახელგანთქმულმა” ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში სოსო ციხკარიშვილმა უცხოეთიდან გრანტის სახით 6 მილიონი დოლარი მიიღო, რათა ხელი შეეწყო და ბიძგი მიეცა მეცნიერებათა აკადემიის გაუქმებისათვის”.

“ვურჩევდი დღევანდელ ხელისუფლებას პოსტზე დააბრუნოს სესილი გოგიბერიძე. სესილიმ ხომ შევარდნაძესთან უკმაყოფილების გამო დატოვა თანამდებობა. ცხადია, გოგიბერიძე დამოუკიდებელი პიროვნებაა და მისი გადასაწყვეტია დაბრუნდება თუ არა პოსტზე”, – აცხადებს შარაძე.

მაია არაბიძე
“ტრიბუნა”, 16 დეკემბერი, 2003

  

გურამ შარაძე: მეცნიერებათა აკადემიას აკადემიკოსებს ანგრევინებენ!

მაშინდელმა დეპუტატმა გურამ შარაძემ ჯერ კიდევ 6-7 წლის წინათ ტასის-ის საიდუმლო გეგმის პარლამენტის ღია სხდომებზე გამოაშკარავებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემია დაშლასა და გაყიდვას გადაარჩინა. მისი განცხადებით, ორ ქართველ, ერთ დანიელ და ერთ გერმანელ პროფესორს მეცნიერებათა აკადემიის ლიკვიდაციისთვის შედგენილ საექსპერტო დასკვნაში 6 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადეს. დღეს ტასის-ის ეს პროექტი ისევ ძალაში რჩება, როგორც ჩანს, ხელისუფლება აკადემიკოსების გადაბირებით აპირებს ტასის-ის გეგმის განხორციელებასა და მეცნიერებათა აკადემიის დანგრევას, – აცხადებს გურამ შარაძე.

– რატომ დადგა მეცნიერებათა აკადემია დაშლის საფრთხის წინაშე რევოლუციის შემდეგ?

გურამ შარაძე: ნოემბრის რევოლუცია საქართველოში ტასის-ის, გაეროს, ევროსაბჭოს, მაილსისა და სოროსის დაფინანსებით მოაწყვეს, ამიტომ მე პარლამენტის სხდომაზე გავაკეთე განცხადება, რომ აკადემია კვლავ დაშლის საფრთხის წინაშე იდგა. ამასობაში უკვე გაპრემიერებულმა ზურაბ ჟვანიამ “დროებით პარლამენტში” შემოიტანა კანონპროექტი, რომელიც განათლების სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ გარდაქმნას, მის მინისტრად კი კახა ლომაიას დანიშვნას ითვალისწინებდა. მაშინ მე ღია სხდომაზე ვუთხარი ჟვანიას – ბატონო ზურაბ, მე ვხედავ ვერაგული და მზაკვრული გეგმის განხორციელების მცდელობას, რომელიც ითვალისწინებს, საქართველოში მეცნიერების მართვის სადავეები ჩამოერთვას აკადემიის პრეზიდიუმს და გადაეცეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კერძოდ, ახალ მინისტრს კახა ლომაიას, რომელიც არის სოროსის გამოზრდილი, მისივე სტიპენდიანტი და ამჟამად სოროსის ფონდის პრეზიდენტი საქართველოში. მას დავალება აქვს სოროსისგან: რომ გამოგზარდე, შვილო, კახა, და ამდენი მილიონი დავხარჯე თქვენს გამოზრდასა და ნოემბრის რევოლუციაში, ახლა კეთილი ინებეთ და რეალიზება გაუკეთეთ თქვენთვის დახარჯულ მილიონებსო. ამიტომ მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ კონკრეტულად კახა ლომაიას კანდიდატურის და იმისა, რომ მეცნიერება დაუქვემდებარონ განათლების სამინისტროს. დარბაზში მსხდომ პარლამენტარებს ხმა არ ამოუღით. ისინი, ვინც მაშინ გაჩუმდა, ახლა თავში ხელს იშენენ, ეს ვინ დაგვინიშნეს განათლების მინისტრადო, რაც უკან მიდევნებულ ლამპარს ჰგავს.

კახა ლომაიას დანიშვნით დაიწყო ახალი ლაშქრობა მეცნიერებათა აკადემიის წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით მოეწყო გრანდიოზული მიტინგი, შეხვედრები მეცნიერებათა აკადემიაში. ამის შემდეგ შეიქმნა, ჩემი აზრით აკადემიის ლიკვიდაციის კომისია, რომელიც ხელისუფლებამ რეფორმირების კომისიად მონათლა, თავმჯდომარედ კი დანიშნა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გია ჯაფარიძე, ერთი შეხედვით, ყველასათვის მისაღები პიროვნება. მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ამის შემდეგ გია ჯაფარიძისათვის კანონისა და წესდების დარღვევით, მისი გულის მოგების მიზნით სასწრაფოდ დაუშვეს მისთვის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის ახალი შტატი. მას დაავალეს რეფორმების კომისიის ხელმძღვანელობა, რომლის წევრები კი არ აირჩიეს, დანიშნეს. კომისია დააკომპლექტეს მორჩილი, ლოიალური აკადემიკოსებით, რომლებიც მათ ინტერესებს გაატარებდნენ ე.წ. რეფორმების დროს (რა თქმა უნდა, მე ამ კომისიაში არ შემიყვანეს), არ გამოვრიცხავ, რომ სანაცვლოდ გია ჯაფარიძეს რეფორმის შემდეგ განადგურებული 5-კაციანი აკადემიის პრეზიდენტობას ჰპირდებიან.

– რა მოხდა მეცნიერებათა აკადემიაში ამ კომისიის მიერ წარმოდგენილი მოხსენების განხილვის დროს?

– 29 სექტემბერს აკადემიის სხდომათა დარბაზში გია ჯაფარიძის კომისიის მიერ ჩატარებული მუშაობის საანგარიშო მოხსენების მოსასმენად დაგვიბარეს. აღმოჩნდა, რომ შეხვედრას მასმედიის არცერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა. თავად მოხსენება რებუსს უფრო ჰგავდა, რომელსაც ვერც თავს გაუგებდი, ვერც – ბოლოს. რებუსს ჰგავს ის სქემაც, რომელიც გვიხსნის, როგორი უნდა იყოს აკადემია. გვითხრეს, ჩვენ გავეცანით ევროპულ გამოცდილებას და განსაკუთრებით ესტონეთისა და ჩეხეთის პროექტებით მოვიხიბლეთო. თანამომხსენებელმა ფინანსთა სამინისტროდან თამაზ ზაალიშვილმა კი ინგლისის მაგალითზე ისაუბრა. ისიც გვითხრეს, აკადემიის კომისის გარდა, უფრო მაღალი კომისია არსებობს, რომლის თავმჯდომარე და მისი მოადგილე ზურაბ ჟვანია და კახა ლომაია არიან, ისინი ტასის-ის პროექტის გატარებას გვთავაზობენო. მე დავინტერესდი, იცოდნენ თუ არა, რას ითვალისწინებდა ტასის-ის პროექტი. პასუხი უარყოფითი იყო.

ჩემი გამოსვლისას მომხსენებლებს განვუმარტე, რომ ესტონეთი სამეგრელოს ხელაც არ არის არც ტერიტორიით, არც მოსახლეობის რაოდენობით. სამეგრელომ მსოფლიოს გაუზარდა ილია ვეკუა, კონსტანტინე გამსახურდია, არნოლდ ჩიქობავა… დამისახელეთ ვინ მისცა მსოფლიოს ესტონეთმა ვეკუასა და გამსახურდიასხელა და რაც გააკეთა მარტო სამეგრელომ, ის თუ გაუკეთებია ესტონეთს. ასეთი ქვეყნის გამოცდილება რატომ უნდა გადმოვიღო მე, არ ჯობს, საქართველოს გამოცდილება გადაიღოს ესტონეთმა? მარიკა ლორთქიფანიძემ რეპლიკა მესროლა, ესტონეთში დღესაც თავში ირტყამენ ხელს, როგორ დავუშვით ეს და რატომ მივუერთეთ აკადემია უნივერსიტეტსო. ჩეხეთს თუ შევეხებით, კომენსკიზე ნაკლები იყო გოგებაშვილი? რატომ უნდა იყოს ჰაველისა და კომენსკის გამოცდილება ჩემთვის მაგალითი. თამაზ ზაალიშვილს კი მინდა შევახსენო, რომ არ არსებობს ინგლისი, არსებობს დიდი ბრიტანეთის იმპერია, რომლის შემადგენლობაში შედის ინგლისი, უელსი, შოტლანდია, ნაწილობრივ ირლანდია და ბევრი კოლონია. მათ ჰყავთ ბრიტანეთის უძლიერესი ფლოტი, ჩემს კოლეგებს კი ანაზღაურება თვეში 20.000 დოლარი აქვთ და პენსიაც შესაბამისად ენიშნებათ. რომ გავხდებით ასეთი ქვეყანა, მერე ვისაუბროთ ასაკობრივ ცენზზე და პენსიაში გაშვებაზე. მე და ელიზბარ ჯაველიძემ ეს სხდომა პროტესტის ნიშნად დავტოვეთ.

აკადემია, რომელიც ნიკო მუსხელიშვილის, ივანე ბერიტაშვილის, კორნელი კეკელიძის, აკაკი შანიძის, არნოლდ ჩიქობავას, ევგენი ხარაძის, დიმიტრი უზნაძის, ნიკო კეცხოველის, ილია ვეკუას, ვიქტორ კუპრაძის მსოფლიო მნიშვნელობის ავტორიტეტზე დგას, მაგათი დასანგრევი არ არის.

“რეფორმატორები” მეცნიერების ახალ დონეზე აყვანისთვის კი არ იბრძვიან, არამედ მათ უცხოური, მასონური, ანტიქართული და ანტიეროვნული ძალების დაკვეთილი გეგმების შესრულებას სთხოვენ. როგორც სოროსი ითხოვს მორჩილებას ნოემბრის რევოლუციის დაფინანსების საფასურად, ისე ითხოვს ტასის-იც – სად არის ის 6 მილიონი და რატომ არსებობს ჯერ კიდევ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაო…

მაქვს ინფორმაცია, რომ უკვე გადაბირებული აკადემიის შვიდი ინსტიტუტის დირექტორი ხვალ-ზეგ გამოვა და იტყვის, – გვირჩევნია, ვიყოთ ლომაიას სამინისტროში, ვიდრე ნიკო მუსხელიშვილისა და ევგენი ხარაძის აკადემიაშიო. გამოდის, რომ მეცნიერებათა აკადემიას ისევ აკადემიკოსების ხელით ანგრევენ, მაგრამ ხმამაღლა ვაცხადებ: თუ რეფორმატორები საკუთარი პროექტის რეალიზებას – აკადემიის დაშლასა და გაყიდვას შეეცდებიან, გაუგონარ, არნახულ გზებს და მეთოდებს გამოვიყენებ აკადემიის გადასარჩენად.

მზია ჯოხიძე
“ასავალ-დასავალი”, 4-10 ოქტომბერი, 2004
 

  

რატომ ვერ გაჩუმდება გურამ შარაძე

მიუხედავად იმისა, რომ გურამ შარაძე დღეს პარლამენტში მოღვაწეობის ნაცვლად, უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმს ხელმძღვანელობს, აქტიურ პოლიტიკას, როგორც თავად აცხადებს, არ ჩამოშორებია. ამის დამადასტურებელია გასულ კვირას მის მიერ მოწყობილი პრესკონფერენცია, რომელზეც უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე წარდგენილი უნივერსიტეტის პრორექტორი ქალბატონ რუსუდან ლორთქიფანიძე გააკრიტიკა. ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენებზე სასაუბროდ ყოფილ პარლამენტარს “რეიტინგი” უნივერსიტეტის მერვე კორპუსში ეწვია.

გურამ შარაძე: პარლამენტარობის დროსაც არ ჩამოვშორებივარ მეცნიერებას, მწერლობას და არც პარლამენტიდან წამოსვლის შემდეგ მიმიტოვებია პოლიტიკა.

– თქვენ ახლად არჩეული უნივერსიტეტის პრორექტორის წინააღმდეგ გამოდიხართ, რომელიც რექტორობის კანდიდატია…

– ქალბატონი რუსუდანი რექტორად არ გამოდგება. ჯერ ერთი, ამ კორპუსში მოვიდა, სადაც გვერდიგვერდ არის ქართული ემიგრაციის მუზეუმი და ბერძნული კულტურის მუზეუმი და მხოლოდ ეს უკანასკნელი მოინახულა. ამ მუზეუმის ხელმძღვანელს, რისმაგ გორდეზიანსაც შეხვდა, რადგან მისი მხარდაჭერა სჭირდება. გურამ შარაძე კი ხმას რომ არ მისცემს, იცის, და ამიტომაც არაფრად ჩააგდო. იგი ყურადღებას მხოლოდ მათ მიმართ იჩენს, ვინც გამოადგება. მომავალ რექტორს არ უნდა აინტერესებდეს ქართული ემიგრაციის მუზეუმი, რომელიც მე უნივერსიტეტს ვაჩუქე? ან ის ეპატიება პრეზიდენტს, უნივერსიტეტის პროფესორ-ლექტორებს შეურაცხყოფა რომ მიაყენა და სულ მარქსისტ-ლენინისტები და საბჭოთა კავშირის დროინდელი კორუმპირებული პროფესორები უძახა? მეორე დღეს კი უნივერსიტეტში დიდი საბჭოს სხდომაზე გამოვიდა და რუსუდან ლორთქიფანიძის კანდიდატურა წამოაყენა. იგი ინჟინერ-მშენებელია და არა ხელოვნებათმცოდნე, რატომ გვატყუებს და თვალში ნაცარს გვაყრის. პრეზიდენტი თუ ერთმანეთისგან ხელოვნებათმცოდნეობასა და არქიტექტურას ვერ ასხვავებს, ეს ჩვენი უბედურებაცაა და, პირველ რიგში, მისი პრობლემა.

– როგორ ფიქრობთ, გახდება რუსუდან ლორთქიფანიძე უნივერსიტეტის რექტორი?

– თუკი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა, რა გასაკვირია, რუსუდან ლორთქიფანიძე რომ რექტორი გახდეს. დღეს ხომ ცოდნას, გამოცდილებასა და ავტორიტეტს ფასი არა აქვს. მთავარია, სოროსისა და მაილსისგან იყო დაფინანსებული. არა აქვს მნიშვნელობა, აკადემიკოსი იქნები თუ პროფესორი.

– ბატონო გურამ, ვინ არის თქვენთვის მისაღები კანდიდატი?

– ვინ და თამაზ გამყრელიძე. უნივერსიტეტში და საქართველოში მასზე დიდი ავტორიტეტის მქონე მეცნიერი არ არსებობს, იგი მკვდარი და ცოცხალი ენების სპეციალისტია. პრეზიდენტი მას მარქსისტ-ლენინისტად ვერ აცხადებს და ამიტომ მოხუცად გამოჰყავს, სხდომაზე ამბობს, აგერ თამაზ გამყრელიძე 75 წელს გადაცილებულიაო. თქვა ბატონმა თამაზმა – არა ვარ, ბატონო, 75 წლისო. კაი, კაცო, დავანებოთ შენს ასაკს თავი, “მის საქართველო” ხომ არ მყავხარ და პოდიუმზე კი არ უნდა გამოგიყვანოო. კაციშვილი ვერ ადგა და პასუხი ვერ გასცა, რაებს ბედავო. თქვენი მეშვეობით ვეუბნები პრეზიდენტს, არ გაბედოს მეორედ ამის თქმა!

– რას იტყვით ევროსაბჭოს დარბაზში რუსეთ-საქართველოს შორის გამართულ დებატებზე და თქვენი აზრით, რა შედეგი მოჰყვება მას?

– მრცხვენოდა, როცა ვუყურებდი, ვინ იყო დელეგაციაში და ვინ იყო მთავარი მომხსენებელი. სირცხვილი იყო, რომ საქართველოს დელეგაციას მეთაურობდა ის კაცი, რომლის ლაპარაკსაც ვერავინ ვერ გაიგებდა. კინაღამ სისხლი ჩამექცა, როდესაც რუსეთის წარმომადგენელი ადგა და თქვა, ჩვენ მეზობლები ვართ და ჯერ სამეზობლოში გავარკვიოთ ურთიერთობა, აქ სტრასბურგში რომ მორბიხართო. მეზობელს არ ირჩევ, მას ღმერთი გისჯის და იმასთან საერთო ენა უნდა გამონახო. დარბაზში სამი კაცი იჯდა, ხოლო დანარჩენები მაღაზიებში სავაჭროდ დარბოდნენ, რომ მერე პარლამენტში სტრასბურგში შეძენილი ტანსაცმლით მოიწონონ თავი. ამის შემდეგ რუსეთიც მოგერევა და ჭიანჭველას ოდენა ძალის  მქონე სახელმწიფოც. იქ მე ცხადად დავინახე ქართული საქმის ღალატი, არაპროფესიონალიზმი და უპასუხისმგებლობა.

– საინტერესოა თქვენი პოზიცია დევნილის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით…

– იმის ნაცვლად, ხელისუფლება დროშასავით აფრიალებდეს, რომ ამდენი დაუბრუნებელი დევნილი ჰყავს თავის ისტორიულ მიწა-წყალზე, ფულს აძლევს მათ, რომ სადღაც ფონიჭალასა და პერიფერიებში დაიმალონ, შეიყუჟონ, თბილისელები გახდნენ და აფხაზეთი დაივიწყონ. უნდათ, მსოფლიოს დაუმალონ, რომ ერთმა მუჭა აფხაზმა სეპარატისტებმა რუსების დახმარებით ხუთასი ათასი ქართველი გამოაძევა საკუთარი მიწა-წყლიდან. ან ის რა იყო, ორთაჭალაში რომ მიუხტნენ ხალხს ბულდოზერებით. უნდათ, იქიდანაც აყარონ და ცათამბრჯენები ააშენონ. ეგეც “ივერია” ხომ არ არის, რომ ამბობდნენ, შუა პროსპექტზე საცვლებია გამოფენილი და ეს საქართველოს ღირსებას შეურაცხყოფსო. მათ ორთაჭალის გაყიდვით ფულის შოვნა უნდათ, რომ ახალი უღელი დაადგან ქართველ ხალხს. სურთ, რომ იქაურები ან საერთოდ გაყარონ, ან ხელზე მოსამსახურედ ჰყავდეთ სასტუმროებში, რომლებსაც იქ ააშენებენ. თან ფიროსმანს დასცინიან, როცა იმ პროექტს “ორთაჭალის ტურფა” დაარქვეს… ამის შემდეგ ჰყავს ამ ქვეყანას პატრონი და მე გავჩუმდე?! ვერ გავჩუმდები!

მაკა ქობალია, სალომე გოგოხია
“რეიტინგი”, 11 ოქტომბერი, 2004
 

  

გურამ შარაძე: ივანე ჯავახიშვილს მეორედ კლავენ!

“მარქსიზმ-ლენინიზმზე გაზრდილი პროფესორები აცხადებდნენ, რომ ყველა გართიანდება და იქნება დიდი რუსული ენა. ეს ხალხი ეწინააღმდეგება განათლების რეფორმას? სინდისი არა აქვს ამ ხალხს და არც არასოდეს ჰქონია!” – პრეზიდენტი სააკაშვილი ამ სიტყვების ადრესატ პროფესორ-მასწავლებლებს მეორე დღესვე ეწვია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა, უსინდისო, მარქსისტ-ლენინელებად მონათლულმა პროფესორებმა მიხეილ სააკაშვილის ამ შეურაცხმყოფელ განცხადებას დუმილით უპასუხეს და უნებურად გაგვახსენეს ის ავბედითი ჟამი, როდესაც ივანე ჯავახიშვილს უნივერსიტეტის საპროფესოროში შესვლა აუკრძალეს… დღეს უკვე ეჭვი აღარვის ეპარება, რომ ორ კვირაში უნივერსიტეტის დიდი საბჭო პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ ერთადერთ კანდიდატურას რექტორის სკამზე დასვამს, თუმცა, ამ გადაწყვეტილების გამოტანამდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, პროფესორი გურამ შარაძე “ასავალ-დასავალის” ფურცლებიდან თავის კოლეგებს უნივერსიტეტის ისტორიას შეახსენებს და მიანიშნებს, რომ საბედისწერო შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ავისმომასწავებელმა დუმილმა.

გურამ შარაძე: უპირველესად, უნდა მოგახსენოთ, რომ მე არ გახლავართ დიდი საბჭოს წევრი, თორემ ჩემს სათქმელს ბატონ პრეზიდენტსა და მომავალ რექტორს უნივერსიტეტში იმ სამარცხვინო შეკრებაზე ვეტყოდი.

– კერძოდ, რისი თქმა გსურთ, ბატონო გურამ?

– დღეს უნივერსიტეტში ის ეპოქა ბრუნდება, როდესაც რექტორის პოსტზე ცეკას ნომენკლატურა – თედო ღლონტი და კარლო ორაგველიძე მოვიდნენ. ივანე ჯავახიშვილს მეორედ კლავენ!

1918 წელს, როდესაც უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე ერთადერთ კანდიდატურად ივანე ჯავახიშვილი დაასახელეს, მან უარი თქვა. კაცმა, რომელმაც უნივერსიტეტი დააარსა და უკვე დაწერილი ჰქონდა “ქართველი ერის ისტორია”, განაცხადა: ჩემი უნივერსიტეტის რექტორობა არ შეიძლება. არ ვარ ის პიროვნება, რომელიც უნივერსიტეტს ავტორიტეტს შესძენს, უმჯობესია, ეს თანამდებობა საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, ოდესის უნივერსიტეტის დამსახურებულ პროფესორს, ქიმიკოს პეტრე მელიქიშვილს ჩავაბაროთ, მას იცნობენ, როგორც რუსეთის იმპერიაში, ასევე ევროპაშიო. ივანე ჯავახიშვილი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაითანხმეს, რომ ეს პოსტი დაეკავებინა, თუმცა, მალევე მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სავარძელში წითელი პროფესორები ჩასხდნენ. დიახ, ივანე ჯავახიშვილის სავარძელში თედო ღლონტი, კარლო ორაგველიძე და მისთანები მოკალათდნენ, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის სათაყვანებელი მოღვაწე შინაპატიმრობაში აიყვანეს. წითელი პროფესურა ივანე ჯავახიშვილს საპროფესოროში შესვლის უფლებას არ აძლევდა. იგი ლექციებს შორის ფანჯრის რაფას მიეყრდნობოდა ხოლმე და ისე ისვენებდა. ბატონ პრეზიდენტს, როგორც ჩანს, მისამართი შეეშალა!.. მას ჰყოფნის იმის გამბედაობა, რომ დიდი საბჭოს სხდომაზე ნიკო კეცხოველს ტირანი და დიქტატორი უწოდოს და რუსუდან ლორთქიფანიძეს ამ ცუდი ტრადიციების აღმოფხვრისკენ მოუწოდოს.

ბატონო მიხეილ და ჩემო ძვირფასო კოლეგებო! შეგახსენებთ, რომ ნიკო კეცხოველმა, როგორც იუნკერმა, მარჯვენა ხელი კოჯორთან ბოლშევიკური ურდოების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიზიანა! ან იქნებ გრიგოლ კიკნაძე იგულისხმეთ წითელ პროფესორებში, რომელმაც ვაჟა-ფშაველაზე დაწერილ სადოქტორო დისერტაციას მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგია არ დაუდო საფუძვლად, რის გამოც იგი “გააშავეს”, ხოლო უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი, ქართული გეოლოგიური სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი ალექსანდრე ჯანელიძე რექტორობიდან პროტესტის ნიშნად გადადგა…

– იქნებ უცნობია პრეზიდენტისთვის ეს ისტორია?

– მით უარესი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მიზანმიმართული პოლიტიკაა. პრეზიდენტმა, რომელმაც პროფესორების თვალწინ მიაყენა თამაზ გამყრელიძეს შეურაცხყოფა – “მის საქართველოს” კონკურსზე არ ვაპირებთ თქვენს გაყვანასო, რა გასაკვირია, ჩვენი ქვეყნის სათაყვანებელი კორიფე რექტორები – ივანე ჯავახიშვილი, ნიკო კეცხოველი, ალექსანდრე ჯანელიძე, ვიქტორ კუპრაძე, ევგენი ხარაძე, ილია ვეკუა და სხვები საფლავშიც არ დაასვენონ?! კი, ბატონო, კარლო ორაგველიძე და თედო ღლონტები ყოველთვის იყვნენ და დღესაც არიან უნივერსიტეტში. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც ხმალამოღებული ვიბრძოდი და საკუთარ თავზე გამოვცადე კორუფციის სიმწარე, მაგრამ უნივერსიტეტში რუსუდან ლორთქიფანიძის მოსვლით ეს პრობლემა არ გადაწყდება. ეს არ არის ის პიროვნება, რომელმაც ივანე ჯავახიშვილის ან ალექსანდრე ჯანელიძის სავარძელი უნდა დაიკავოს. ამ ქალბატონს ეროვნულობის არაფერი სცხია! იგი ორიოდე დღის წინათ უნივერსიტეტის მერვე კორპუსში გახლდათ მოსული და სურვილიც კი არ გასჩენია, ქართული ემიგრაციის მუზეუმში ზრდილობის გამო მაინც შემოედგა ფეხი. ქალბატონმა, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობაზე აქვს პრეტენზია, ქართული ემიგრაციის მუზეუმს გვერდი აუარა და უცხო კულტურის შემსწავლელი ინსტიტუტით დაინტერესდა, რომლის ხელმძღვანელიც რისმაგ გორდეზიანი გახლავთ და რომელიც საბერძნეთიდან ფინანსდება. საქმე ის არის, რომ მას რისმაგ გორდეზიანის ხმა სჭირდება. უბრალოდ, გულსატკენია, რომ ჩემმა თანაკურსელმა დუმილი არჩია, როდესაც პრეზიდენტმა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მარქსისტ-ლენინელები უწოდა.

– როგორ ფიქრობთ, რატომ შეაჩერა პრეზიდენტმა არჩევანი რუსუდან ლორთქიფანიძეზე?

– არსებობს სერიოზული ინფორმაცია, რომ ქალბატონი რუსიკო არის სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას ახლო მეგობარი, რომელიც ადრე გაეროში საბჭოთა კავშირის ინტერესებს იცავდა, დღეს კი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელია, ხოლო რექტორობის კანდიდატის სიძე (დის ქმარი) ცნობილი რუსი საბჭოთა დიპლომატი! მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ჩირქსა სცხებს უნივერსიტეტის პროფესორებს, მე ვეკითხები მიხეილ სააკაშვილს – რატომ ნიშნავს უნივერსიტეტის რექტორად ადამიანს, რომელმაც საბჭოთა კავშირის დროს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და “გეპეიში” სამშენებლო-არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა (პრეზიდენტმა იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ იგი ხელოვნებათმცოდნეა)? ამ ქალბატონს თბილისში, როგორც იტალიური მოდის დამამკვიდრებელს, ისე იცნობენ… ავად მენიშნა ის ფაქტი, უნივერსიტეტში რუსუდან ლორთქიფანიძის მოსვლიდან მეორე დღესვე რომ მოხდა. ვგულისხმობ აშშ-ის ელჩის რიჩარდ მაილსის უნივერსიტეტში მობრძანებას. იგი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეჰპირდა ამერიკაში წასვლის დაფინანსებას. როგორც ჩანს, ბატონ მაილსს საქართველოში ,,ვარდების რევოლუციის” მოხდენის შემდეგ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში “დოლარების რევოლუციის” მოწყობა აქვს ჩაფიქრებული. სტუდენტები, რომლებიც ამერიკულ ფასეულობებზე გაიზრდებიან, ვერ შეიყვარებენ ილია ჭავჭავაძეს და არ გაჰყვებიან ივანე ჯავახიშვილის გზას! რუსუდან ლორთქიფანიძეს იმიტომ ნიშნავენ რექტორის თანამდებობაზე, რომ ეს ანტიეროვნული პოლიტიკა გაატაროს!.. უცხო ქვეყნისკენ გახედვა თავის დროზე ივანე ჯავახიშვილმა თავის სათაყვანებელ მასწავლებელს, აკადემიკოს ნიკო მარს არ აპატია და თბილისის ეროვნულ უნივერსიტეტში პროფესორად არ მოიწვია. საქართველოს უკანასკნელ წმინდა კერასაც გვართმევენ!..

ჩემს კოლეგებს გონიერებისკენ მოვუწოდებ! თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ ისტორიული შანსი, პირნათლად წარსდგეთ ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე. საქართველოს მოსახლეობას კი ვპირდები, რომ აუცილებლად გამოვითხოვ და სააშკარაოზე გამოვიტან უნივერსიტეტის დიდი საბჭოს იმ წევრთა სიას, რომლებიც მეორედ უპირებენ მოკვლას ივანე ჯავახიშვილს!

ეს უნდა იცოდეს შთამომავლობამ!

ნატო ფოცხიშვილი
“ასავალ-დასავალი”, 11-17 ოქტომბერი, 2004

 

გურამ შარაძე: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი საბჭოს წევრებო,

არ მოკლათ ხელმეორედ ივანე ჯავახიშვილი!

 1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა საგანგებო და ავადსახსენებელი მანიფესტი გამოსცა, რომლის ძალითაც ქართლ-კახეთის სამეფო, პატივაყრილი და მტერთა მიერ ათასგზის მოთარეშებული, რუსეთის გუბერნიად გამოცხადდა!..

პეტერბურგის საიმპერატორო კარი მთელი 7 თვე ასაიდუმლოებდა ამ მტაცებლურ დოკუმენტს; ზუსტად 7 თვის შემდეგ, 1802 წლის 12 აპრილს თბილისში, სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში, გენერალ-გუბერნატორ კნორინგის ბრძანებით, ქართველი დიდებულები შეჰყარეს, ხალხს რუსული ზარბაზნები დაუმიზნეს, თოფიან-ხიშტიანი რუსი სალდათებით ალყა შემოარტყეს და ასე წაიკითხეს იმპერატორის მანიფესტი!..

ერეკლე II-ის სამეფო, ფაქტობრივად, პატრონთან ერთად მიიცვალა!..

ისტორიას უყვარს თამაში, ისტორია ხშირად მეორდება მთელი თავისი ტრაგედიებით, ადამიანური სულის დაცემითა თუ სასწაულებრივი გაბრწყინებით.!.

203 წელი გასულა იმ დაწყევლილი დღიდან და ისტორია კვლავ თავს გვახსენებს!..

2004 წლის 13 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი რექტორი უნდა აირჩიოს.

როგორი იქნება ეს არჩევნები და არჩევანი, არავინ უწყის!.. ალექსანდრე I ტაგანროგში მიიცვალა, მისი ზანზალაკებიანი ჯარისკაცებიც გადაშენების პირას მისულან თითქოს, მაგრამ რუსული ზარბაზნებისა და ხიშტების დამღუპველ და დამანგრეველ მისიას არა სიონის, აწ უკვე უნივერიტეტის ეზოში “კმარელთა” ის მუშტიანი დროშები იტვირთებს, რომლებსაც 13 დეკემბერს, რექტორის არჩევის დღეს, ალბათ, ქართველი კნორინგები გაშლიან!..

ღმერთმა ქნას, ეს არ მოხდეს!..

ღმერთმა ქნას, უნივერსიტეტის პატივცემული პროფესურა მუშტიანმა დროშებმა არ შეაკრთოს!..

პროფესორი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სახელმწიფო პრემიების ლაურეატი გურამ შარაძე ამ იმედით ცოცხლობს!..

– ბატონო გურამ, რატომ გადაიტანეს უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 13 დეკემბერს?

– ხელისუფლებას “ბლიც-კრიგი” არ გამოუვიდა!.. ივანე ჯავახიშვილის სავარძელში რუსუდან ლორთქიფანიძის ერთბაშად მოკალათება ვერ გაბედეს და “ბლიც-კრიგის” ნაცვლად აირჩიეს ორთვიანი “ტაიმ-აუტი”, რათა ამ ხნის განმავლობაში როგორმე მოახერხონ უნივერსიტეტის დიდი საბჭოს ორასკაციანი წარმომადგენლობის “დამუშავება”, ქალბატონი რუსუდანის “ადაპტაცია”, მისი კარდაკარ ჩამოვლა კათედრებზე და ხალხისთვის “თავის შეყვარება”. სწორედ ამიტომ გაჭიმეს ორი კვირის ნაცვლად დრო ორ თვემდე!..

– ბატონო გურამ, თქვენ ბრძანდებით უნივერსიტეტის დიდი საბჭოს წევრი?

– არა, დიდი საბჭოს წევრი არ ვარ და სწორედ ამიტომ ამოვიღე ხმა თქვენი გაზეთის “ასავალ-დასავალის” მეშვეობით. მე უნივერსიტეტის პროფესორი ვარ, ქართული ემიგრაციის მუზეუმს ვხელმძღვანელობ უნივერსიტეტში, მაგრამ დიდი საბჭოს წევრი არ გახლავართ. იმ სამარცხვინო სხდომის შემდეგ, როცა პრეზიდენტმა რუსუდან ლორთქიფანიძე მოიყვანა და პროფესურის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა, ბევრი მეკითხება, – ბატონო გურამ, თქვენ მაინც რატომ არ ამოიღეთ ხმა, “ნუთუ თქვენც, ბრუტუს?”… ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მე არ ვიყავი დიდი საბჭოს წევრი. ყველას ვერ ჩამოვუარე, ყველას ვერ ავუხსენი და ამიტომ იძულებული ვარ, თქვენი გაზეთის საშუალებით კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს საზოგადოებას!

– იმ 200 კაციდან, ალბათ, თქვენ ბევრს ხვდებით, ესაუბრებით!.. როგორ ფიქრობთ, დაუჭერენ ისინი მხარს რუსუდან ლორთქიფანიძის კანდიდატურას უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე?

– შეიძლება პარადოქსად მიიჩნიოთ, მაგრამ ამ 200 კაციდან ამ თემაზე არც არავის ველაპარაკები; არც ოფიციალური შეხვედრები მაქვს მათთან, არც არაოფიციალური და არც ინტიმური!..

– ე.ი. თქვენ არ იცით, რას ფიქრობს დიდი საბჭო?

– ჰოდა, გეუბნებით, მე შეგნებულად არ ვსაუბრობ მათთან (მათ შორის, არც ჩემს უფროს ძმასთან – ფიზიკის პროფესორ ზურაბ შარაძესთან, რომელიც დიდი საბჭოს წევრია!), რომ ვინმემ ეს მათ “დამუშავებასა” და აგიტაციაში არ ჩამითვალოს; ეს არც მაინტერესებს და არც ხელს მაძლევს, მაგრამ ისე კი მსიამოვნებს, რომ იმ დუმილიანი სამარცხვინო სხდომისა და “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებული პუბლიკაციების შემდეგ უნივერსიტეტი ამოძრავდა და ფიზიკის, ქიმიის და სხვა ფაკულტეტებმა რექტორის თანამდებობაზე წამოაყენეს ღირსეული ალტერნატიული კანდიდატურები. “ერთადერთი და განუმეორებელი” კანდიდატი უკვე აღარ არსებობს, მიუხედავად ხელისუფლების სურვილისა… დიდი იმედი მაქვს, რომ დიდი საბჭოს წევრებს ეყოფათ მოქალაქეობრივი გმირობაც, პასუხიმგებლობის მაღალი შეგრძნებაც, რათა არ დაუშვან უნივერსიტეტის რექტორის სამარცხვინო არჩევნები!.. კენჭისყრა, როგორც მოგეხსენებათ, ფარულია და მერე ნურავინ იმართლებს თავს – იმ 200 კაციდან ყუთში აღმოჩენილი ერთი-ორი “შავი” კენჭი მაინცდამაინც ჩემი ჩაგდებულიაო!.. 200 კაცი ერთი “შავი” კენჭის იმედად ნუ იქნება!.. ფარული კენჭისყრის დროს მათ ვერც პრეზიდენტი დაადგება თავზე და ვერც ვერავინ. ამიტომ მოიქცნენ კეთილსინდისიერად, საკუთარი სინდისის კარნახით.

– ბატონო გურამ, ე.ი. თქვენ ფიქრობთ, რომ 13 დეკემბერს, რექტორის არჩევნების დღეს, უნივერსიტეტის დიდი საბჭო თვითლუსტრაციას მოახდენს?

– მეც ზუსტად აქეთ მიმყავს საუბარი! არც ძველმა და არც ახალმა ხელისუფლებამ არ შეისმინა ჩემი ვედრება და არ მიიღო ლუსტრაციის კანონი იმიტომ, რომ ყველას ეშინია, მაგრამ დიდი სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ თქვენმა გაზეთმა – “ასავალ-დასავალმა” იმდენნაირი ბრწყინვალე რუბრიკა შემოიღო და შექმნა, ფაქტობრივად, ისეთი ახალი “ქართლის ცხოვრება”, რომ ლუსტრაციის კანონის შემოღების აუცილებლობასაც ვეღარ ვხედავ.

13 დეკემბერი იქნება უნივერსიტეტის ორასკაციანი დიდი საბჭოს თვითლუსტრაციის დღე, რომელსაც ვერცერთი სახელმწიფო კანონი ლუსტრაციის შესახებ ვერ შეედრება და ვერ შეეჯიბრება. ასე რომ, ფრთხილად იყავით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო, თქვენ 13 დეკემბერს საკუთარ თავს ლუსტრაციას უწყობთ!

დიტო ჩუბინიძე
“ასავალ-დასავალი”, 1-7 ნოემბერი, 2004

 

 

2 Responses to მეცნიერებათა აკადემია, უნივერსიტეტი, განათლება

  1. Ernestine Ahlheim ამბობს:

    I am developing a blog and I was thinking of changing the template.Yours looks pretty decent! Feel free to visit my blog and suggest things!

  2. Chano st. ამბობს:

    მადლობა ამ სტატიებისთვის! ძალზე სასარგებლოა. იმედი მაქვს, რომ გაგრძელდებთ განთავსებას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s