ეროვნების რეკვიზიტი

 

  • “არ გვინდა სავალალო განაჩენი”, “ალია”, 18 იანვარი, 1999
  • ინტერვიუ გურამ შარაძესთან, “დილის გაზეთი”, 27 იანვარი, 1999
  • გურამ შარაძე ეროვნების გრაფას მიუბრუნდა”, “ახალი თაობა”, 4 ივნისი, 1999
  • “პარლამენტი რეკვიზიტის საკითხს მიუბრუნდა”, “დილის გაზეთი”, 7 დეკემბერი, 2002
  • ,,არსებობს თუ არა შეთქმულება ეროვნების წინააღმდეგ’’, “რეიტინგი”, 12 მაისი, 2003

 

***

არ გვინდა სავალალო განაჩენი

 “თუ კანონები “ეროვნების რეკვიზიტის ამოღებასთან დაკავშირებით” და “საზოგადოებრივი აქტების შესახებ” ძალაში შევა, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ქართველმა ერმა, თავის თავს თვითონ გამოუტანა განაჩენი”, – განაცხადა პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ შარაძემ.

მისი თქმით, არ შეიძლება მივბაძოთ დასავლეთს, რადგან საქართველოს თავისი ტრადიციები აქვს, პასპორტებიდან ეროვნების გრაფის ამოღებამ შეიძლება მრავალი სირთულე გამოიწვიოს.

 
“კავკას-პრესი”
“ალია”, 18 იანვარი, 1999

  

ინტერვიუ გურამ შარაძესთან 

(იბეჭდება შემოკლებით)

 საქართველოს პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ შარაძე დღეს, ერთდროულად, რამდენიმე ფრონტზე ებრძვის თავის ოპონენტებს: პასპორტსა და პირადობის მოწმობაში ეროვნების მითითების წინააღმდეგი ხართ? მისგან დანდობას ნუღარ ელით.

– თქვენი დიდი სურვილი, რომ პასპორტში და პირადობის მოწმობაში აუცილებლად იყოს მინიშნებული მოქალაქის ეროვნება, პატრიოტული მოტივაციით იოლი ასახსნელია. მაგრამ, მოდით, საკითხს სხვა რაკურსით შევხედოთ: საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ბოლო პერიოდის დემოგრაფიული მონაცემები ქართველების სანუგეშოს ვერაფერს გვეუბნება – სტატისტიკის თანახმად, ყოველი სამი ახალშობილიდან ორი არაქართველია. ასეთ პირობებში, რამდენიმე ათეულის ან ორი-სამი თაობის შემდეგ, იმ რეგიონებში, სადაც ქართველობა უკვე დღეს არის უმცირესობაში, ხომ ძალზე დიდი იქნება ალბათობა, რომ დოკუმენტებში ეროვნების ხაზგასმით მითითება სწორედ არაქართველი მოსახლეობის ინტერესებს მოემსახურება და ის, რაც დღეს პატრიოტულად გვეჩვენება, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის რღვევას შეუწყობს ხელს?

– მე მგონია, კითხვა არასწორად არის დასმული ან გესმით შექმნილი მდგომარეობის ნამდვილი სურათი და ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზები. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ ქვეყანას, რომელიც მსოფლიოს გეოგრაფიულ და პოლიტიკურ რუკაზე არის აღნიშნული. ჰქვია საქართველო. ეროვნების წაშლით საფუძველს ვაცლით იმ იურიდიულ უფლებას, რომ ეს სახელმწიფო სწორედ ასე იწოდებოდეს, რადგან ჯერჯერობით და საბედნიეროდ, საქართველოში მცხოვრებ 80-ზე მეტი ერისა და ეროვნების წარმომადგენლებს შორის უმრავლესობა ქართველია – უძველესი აბორიგენი მოსახლეობა, რომელმაც რამდენიმე ათასი წლის წინათ შექმნა სახელმწიფო და იგი, იმ დროიდან მოყოლებული, სისხლით, შრომით და ოფლით შეინარჩუნა, გამოატარა და დღევანდლამდე მოიტანა.

ათასწლეულების განმავლობაში, ქართველების შექმნილ და ქართველებით დასახლებულ სახელმწიფოში სხვადასხვა ისტორიული უბედურების გამო თავიანთი სამშობლოდან აყრილი და გამოძევებული (კლასიკურია ებრაელთა და სომეხთა მაგალითი) სხვა ერის შვილები ჩვენ შევიფარეთ და მათ მიმართ ტოლერანტობა გამოვიჩინეთ. ისინი დღეს ჩვენთან ისე გრძნობენ თავს, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ოღონდ, როგორც ქართველების და საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეებად.

ჩემი უარყოფითი პოზიციით მე მინდა თქვენი შეკითხვა გავაცამტვერო. ეროვნების ამოღების შემთხვევაში, ეს იქნება ქარის წისქვილებთან ბრძოლა და ახალი საფრთხობელების გამოგონება იმისთვის, რომ უარესი საფრთხის წინაშე დააყენონ საქართველო და ქართველი ერი. ეროვნების უარყოფის პირობებში, გაივლის რამდენიმე წელიწადი და აღარ გვეცოდინება, ჩვენთან მცხოვრებ 80 ერსა და ეროვნებას შორის ქართველობა კვლავ უმრავლესობა არის თუ არა. აქედან გამომდინარე, თუ არ გვეცოდინება, რომ უმრავლესობას წარმოვადგენთ, სახელმწიფოს სახელწოდების – საქართველოს – დატოვება, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, გვეტყვიან – თუ არა ხართ უმრავლესობა, რატომ უნდა ერქვას ამ ქვეყანას საქართველო?

ამას რომ წაგვართმევენ ჩვენი ქვეყნის მტრები, შემდეგ ისინი უკვე ეჭვის ქვეშ დააყენებენ საქართველოს კონსტიტუციის იმ მუხლს, რომლის ძალითაც სახელმწიფო ენად ქართული ენა არის გამოცხადებული. და ბოლოს, ქართველი ეროვნების, ქართული ენის როლის დაკნინების შემდეგ, ბუნებრივია, დადგება ალტერნატივა – რატომ უნდა იყოს მაინცდამაინც ქართველი ამ სახელმწიფოს პრეზიდენტი?

ამიტომ, თავად განსაჯეთ, საქართველოსთვის რომელი საფრთხე და უბედურება უფრო მეტია – ეროვნების ჩაწერის შემთხვევაში, ვიღაცა სეპარატისტის და საქართველოში შემოპარული რამდენიმე ერთეული ანტიქართულად განწყობილი პიროვნების მოთოკვა თუ ეროვნებაწართმეულ, ენაწართმეულ, ქართველპრეზიდენტწართმეულ მდგომარეობაში ყოფნა ? ასეთი იდეოლოგიის მქონე ხალხი განგებ გვაყრის თვალში ნაცარს, რათა მსგავსი ხრიკებითა და ინტრიგებით ის ერთი-ორი ანტიქართველი გაამრავლოს და ანტიქართული მოძრაობის მადა გაუღვიძოს.

– დაახლოებით ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ესპანეთის მაგალითი მინდა მოვიყვანო. ბასკები და კატალონიელები, რამდენადაც ცნობილია, ოფიციალური მადრიდისგან დაჟინებით ითხოვენ პასპორტში ეროვნულობის მითითებას, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს მათ ეროვნულ თვითმყოფადობას. მაგრამ მადრიდი სეპარატისტთა ამბიციების დაკმაყოფილებაზე, ჯერჯერობით, თავს იკავებს. განა ეს გასათვალისწინებელი პარალელი არ არის?

– დასავლეთისკენ, ამერიკისკენ ხელის გაშვერა ჩვენი პროვინციალიზმის, საკუთარი ეროვნული იდეოლოგიის არქონის და ყოელგვარი დასავლურის ბრმად და უხეშად გადმოღების მაჩვენებელია. ყველა ქვეყანას თავისი პრობლემები აწუხებს. ჩვენ ჩვენი თავსატეხი აუარებელი გვაქვს და სულაც არ არის აუცილებელი, სხვისი სადარდებელი გავითავისოთ. სჯობია, ის დავინახოთ, თუ როგორ იბრძვის საფრანგეთი ფრანგის უპირატესობისთვის და ფრანგული ეროვნების გადარჩენისთვის, იმაზე გავიშვიროთ ხელი, რომ გერმანიაში ყველას საბუთებში “გერმანელი”, ამერიკაში – “ამერიკელი”, ხოლო თურქეთში – “თურქი” უწერია.

საქართველო ოდითგანვე იყო ჰუმანური, დემოკრატიული ქვეყანა და სასწავლი, ამ თვალსაზრისით, არაფერი უნდა გვქონდეს ჩვენს შემდეგ რამდენიმე ათასწლეულის მოგვიანებით შექმნილი სახელმწიფოებისგან, მათ შორის – ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ამერიკის კონტინენტი პირველად ამერიკო დე ვესპუჩიმ აღმოაჩინა თუ ქრისტეფორე კოლუმბმა ამაზე, რომ არსი გაუთავებელი დავა, რატომ გვავიწყდება, რომ დავით აღმაშენებელი, თამარი და რუსთაველი ამ ამბამდე 300-400 წლის წინ მოევლინენ ქვეყანას? ჩვენ, ვისაც “ხელმწიფის კარის გარიგება” და “შუშანიკის წამება” გვაქვს და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და ორიგინალური ანბანის მქონე ქვეყანა ვართ, ხელს გვაშვერინებენ ჩვენს შემდეგ ათასი წლების მერე შექმნილი სახელმწიფოსკენ.

თავი უნდა დავანებოთ სხვებისგან ბრმად პრობლემების და მოდელების გადმოღებას. მათგან ვისწავლოთ და გადმოვიღოთ მხოლოდ ის, რაც აუცილებლად გვჭირდება.

– როგორ მიმდინარეობს თქვენი ვაჟიშვილის დაღუპვის საქმის გამოძიება. ხომ არ გამოიკვეთა რაიმე ისეთი დეტალები, რომლებიც ნათელს შეიტანენ ამ ბურუსით მოცულ საქმეში?

– ჩემი შვილის, ლაშა შარაძის მკვლელობა პოლიტიკური მკვლელობა იყო. ასეთი სახის დანაშაული კი, მოგეხსენებათ, ერთ-ორ დღეში არ იხსნება. თუმცა, კმაყოფილების გრძნობით მინდა აღვნიშნო, რომ მკვლელობის პირველივე დღეს ეგრეთ წოდებული ქართველი სამართალდამცავების მიერ გავრცელებული ყალბი ვერსია თვითმკვლელობის შესახებ, რომლითაც მეორედ მომიკლეს შვილი და მის ხსოვნას ჩირქი მოსცხეს, საბედნიეროდ, პროკურატურის ახალმა საგამოძიებო ჯგუფმა ნოდარ შაყულაშვილის ხელმძღვანელობით, მთლიანად გამორიცხა. ახლა, უშუალოდ, მკვლელობის ვერსიებზე მიმდინარეობს მუშაობა.ხოლო იმის გაგებას, ვინ მოკლა და რატომ მოკლა ლაშა შარაძე, მე და თქვენ ვერ მოვესწრებით, ამას ისტორია გაარკვევს. ჯონ კენედი რამდენიმე ათეული წლის წინათ მოკლეს, ლაშასავით არა ჩუმად, არა ღამის სამ საათზე, საკუთარ საწოლში, არამედ ქუჩაში, ათიათასობით თვითმხილველისა და მილიონობით ტელემაყურებლის თვალწინ, მაგრამ დღემდე ვერ დაუდგენიათ ამერიკის პრეზიდენტის მკვლელები და მკვლელობის სარჩული და ჩემი ლაშას მკვლელობას დაადგენენ?

ასეა თუ ისე, ჩემი შვილი უკვე ზეციურ საქართველოს ეკუთვნის. ის საქართველოსთვის შეწირულია და მე ვამაყობ ამით. ბედნიერი ვარ იმით, რომ ღმერთმა ბედობის დღეს, 15 იანვარს მომივლინა ახალი ლაშა შარაძე, რომელმაც უკვე გადაარჩინა საქართველოში ეროვნების აღნიშვნა. ქართველობის და ეროვნების დამკარგავი კანონის პრეზიდენტის მიერ შეჩერების შემდეგ გაცემულ პირველ დაბადების მოწმობაში შეტანილია ახალშობილის მამის სახელიც და ეროვნებაც: ლაშა შარაძე, ეროვნება – ქართველი!!!

 გიორგი ასანიშვილი
“დილის გაზეთი”, 27 იანვარი, 1999

 

 გურამ შარაძე ეროვნების გრაფას მიუბრუნდა

 პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ შარაძე მომავალ კვირას პარლამენტის სხდომაზე პირადობის დამადასტურებელ მოწმობებში და სარეგისტრაციო ჩანაწერებში ეროვნების რეკვიზიტის აღდგენის შესახებ კანონპროექტის საკითხს დააყენებს.

როგორც პრაიმ-ნიუსს უთხრა შარაძემ, ამ კვირის ბოლომდე იგი პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრას აპირებს, რათა ეს საკითხი ჯერ ბიუროს სხდომაზე, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე იქნეს გატანილი.

შარაძის თქმით, თვით პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ 29 იანვარს ხელმოწერილი კანონპროექტი ეროვნების გრაფის აღდგენის შესახებ, რომელსაც იუსტიციის მინისტრ ლადო ჭანტურიას ვიზირებაც აქვს, პარლამენტის იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს სხდომებზე განსახილველად არ გამოაქვს.

შარაძის ინფორმაციით, პარლამენტის ბიუროს ორშაბათს გამართულ სხდომაზე ზურაბ ჟვანიამ მას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ საკითხის განხილვა.

შარაძის ინფორმაციით, მან წერილი მიიღო აშშ-ში მცხოვრები ქართველი სტუდენტებისა და მათი ამერიკელი მეგობრების ხელმოწერით, რომელშიც ისინი საქართველოს მთავრობისგან მოითხოვენ, აღდგეს პირადობის დამადასტურებელ მოწმობებში ეროვნების აღმნიშვნელი გრაფა.

პირადობის მოწმობებში ეროვნების გრაფის აღდგენის მოთხოვნით გურამ შარაძე იანვარში გამოვიდა. ამასთან დაკავშირებით მან რამდენიმე საპროტესტო აქციაც გამართა.

 

“პრაიმ-ნიუსი”
“ახალი თაობა”, 4 ივნისი, 1999
 

 

პარლამენტი რეკვიზიტის საკითხს მიუბრუნდა

შარაძე უმცირესობაშია

(იბეჭდება შემოკლებით)

 გუშინ პარლამენტი ყველაზე მტკივნეულ და წლების მანძილზე გადაუწყვეტელ თემას – ეროვნული რეკვიზიტის საკითხის განხილვას დაუბრუნდა. სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით შემოსული კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას განსაკუთრებული ხმაური არ მოჰყოლია. ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში დაწყებული დავით დეპუტატები, როგორც ჩანს, დაიღალნენ. დაუღალავი ისევ და ისევ გურამ შარაძე აღმოჩნდა. თუმცა ოპონენტებმა საკითხი ინტენსიურად მიმდინარე კონსულტაციების შედეგად გამოიტანეს და იმედიც აქვთ, რომ შარაძე ამჯერად აშკარა უმცირესობაში აღმოჩნდება. “ნაციონალური მოძრაობა”, “გაერთიანებული დემოკრატები”, “XXI საუკუნე”, სახელისუფლებო ფრაქციები და თვით რეზო მიშველაძეც კი, პროექტის ინიციატორთა აზრით, ეროვნება/მოქალაქეობა – ქართულს (და არავითარ შემთხვევაში – ქართველს) დაუჭერს მხარს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კი, ცხადია მხოლოდ, რომ ორი რადიკალურად განსხვავებული პოზიცია კვლავ არსებობს.

გურამ შარაძე:

– ეს არის შეთქმულება, წინა პარლამენტიდან მომდინარე პრობლემის ჩუმად, კულისებში გადაწყვეტის მცდელობა. შემოტანილია ჯერაც გაუგონარი ცნება, ეროვნება/მოქალაქეობა – ქართული. არ მესმის, რა გრამატიკული და იურიდიული ნორმებით შეიძლება ამის გამართლება. ერის საფუძველთა საფუძველი ასე არის გამასხარავებული. დღემდე ვიყავი ქართველი, დღეიდან უნდა გავხდე ქართული. აქამდე თუ ვამბობდი – “მე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი”, ახლა უნდა ვთქვა: “მე პატარა ქართული ვარ, კავკასიის მთების შვილი”.

– რამდენი წელია დავა მიდის, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გადაწყდეს ეს ყველაფერი?

– პროცესი არ დასრულდება მანამ, ვიდრე ბოლომდე არ გაიშიფრებიან შეთქმულების მონაწილეები. დავის დასრულების ელემენტარული გზა არსებობს – აღდგეს ეროვნების აღმნიშვნელი რეკვიზიტი, როგორც პირადობის, ისე დაბადების მოწმობებში. მარტოც რომ დავრჩე 235 კოლეგას შორის, მე ერთი არ შევალ საქართველოს ისტორიაში, რომელმაც “ქართველი” ქართული გახადა. წარმოდგენილი კანონპროექტი იდეალურიც რომ იყოს, მას მხარს მაინც ვერ დავუჭერ, რადგან პროცედურული ნორმების დარღვევით არის შემოტანილი. მასზე არ არის წარმოდგენილი საფინანსო, იურიდიული, საგარეო, გადასახადების კომიტეტების დასკვნები. პარლამენტში თუ არ იქნება მხარდაჭერა, ყოველთვის ეს პარლამენტი ხომ არ იქნება. მოდის საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ ისეთი უმრავლესობით მოვალთ ახალ პარლამენტში, რომ ეს პრობლემა აღარ გვექნება.

– ვინ თქვენ, ბატონო გურამ, “მრეწველები”?

– “მრეწველებიც” და მთელი ქართველი ხალხი.

მაია შონია
“დილის გაზეთი”, 7 დეკემბერი, 2002

 

 

არსებობს თუ არა შეთქმულება ეროვნების წინააღმდეგ

წინა კვირას პარლამენტმა სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს უყარა კენჭი, რომელიც პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში ეროვნული რეკვიზიტის აღდგენის საკითხს ითვალისწინებდა. დეპუტატებმა თითქმის ერთხმად დაუჭირეს მხარი მოქმედ კანონში ამ ცვლილების შეტანას, რომლის შესაბამისად, დაბადების მოწმობასა თუ პასპორტში აღდგება ეროვნების მაჩვენებელი გრაფა. “ეროვნება/მოქალაქეობა – ქართული” – ასეთია ახალი ფორმულირება, რომელიც პარლამენტის წევრების უმრავლესობისთვის მისაღები აღმოჩნდა. შესაბამისად, 80-მა დეპუტატმა სწორედ მას დაუჭირა მხარი. სხდომათა დარბაზში კანონში ცვლილების აღნიშნული სახით შეტანის წინააღმდეგი მხოლოდ პარლამენტარი გურამ შარაძე აღმოჩნდა. მან პარლამენტი ეროვნების წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა, რადგან პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში არ იქნება მითითებული საქართველოს ამა თუ მოქალაქის ეროვნება. თითოეულ მათგანს ჩაეწერება  “ეროვნება/მოქალაქეობა – ქართული”, რაც ბატონი გურამის თქმით, ხელიდან გამოგვაცლის დემოგრაფიული მართვის სადავეებს.

გურამ შარაძე:

– 1998 წელს საქართველოს პარლამენტმა განიხილა კანონპროექტი, რომელშიც აუცილებლად მიიჩნიეს ეროვნული გრაფის აღნიშვნა. უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ამავე წლის 11-12 ოქტომბერს ერთხმად დაუჭირა მხარი პირადობის დამადასტურებელ მოწმობებში ეროვნული გრაფის არსებობას. ბუნებრივია, მხარდამჭერთა შორის მეც ვიყავი. თუმცა, 13 ოქტომბერს, ღამით იურიდიულმა კომიტეტმა კანონიდან ჩუმად ამოიღო ეროვნული გრაფის აღმნიშვნელი პუნქტი და ისე, რომ დეპუტატებისთვის ამ ცვლილების შესახებ არაფერი უცნობებია, მესამე მოსმენით დასამტკიცებლად გამოიტანა. ეს ვერაგობა ჩაიდინა მაშინდელმა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ და ახლანდელმა პარლამენტის სპიკერმა ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ. ეს ამბავი კარგა ხანს ჩემთვისაც გაუგებარი დარჩებოდა, მალე შვილიშვილი რომ არ შემძენოდა, რომელსაც დაბადების მოწმობაში ეროვნება არ ჩაუწერეს. როცა პროტესტი გამოვთქვი, ექიმებს გაუკვირდათ, დეპუტატი პარლამენტის მიღებულ გადაწვეტილებაზე ჩვენ გვედავებაო. როცა პრეზიდენტისგანაც იგივე პასუხი მოვისმინე, მაშინღა გაირკვა სიმართლე, თუ როგორ შეიყვანეს პარლამენტი შეცდომაში. იმ დროიდან მოყოლებული, ვიბრძვი პირადობის მოწმობაში ეროვნული გრაფის აღსადგენად.

– ბატონო გურამ, კონკრეტულად რა არის მიუღებელი იმ ცვლილებაში, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი?

– საქართველო არც გერმანიაა და არც საფრანგეთი. ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო. ამიტომ ეროვნულობა არის ის საყრდენი, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა და ამის შემდეგაც უნდა გადაგვარჩინოს. აღნიშნული კანონპროექტით კი იშლება ეროვნული ფუნდამენტი, ავტოქტონური სახელწოდება და ხელიდან გვეცლება დემოგრაფიული მართვის სადავეები. ნუთუ ასე ძნელია, ჩვენსავე ქვეყანაში ქართველს პასპორტში ქართველი ჩავუწეროთ, სხვა ერს კი მისი ეროვნული წარმოშობის აღმნიშვნელი სახელი? ჩემი აზრით, რადგან ამგვარი ფუნდამენტური საკითხის მოგვარება შეუძლებელი ხდება, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პარლამენტში არის შეთქმულება ქართველი ეროვნების წინააღმდეგ. რაც შეეხება პირველი მოსმენით კენჭისყრის შედეგებს, მას კანონის ძალა არ მიეცემა, რადგან 8 ხმა გააყალბეს. ეს საკითხი საპროცედურო კომიტეტმა უნდა განიხილოს და, თუ მისგან ობიექტურ პასუხს ვერ მივიღებ, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტან სარჩელს, რათა გამოვააშკარაო ის ხალხი, ვინც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

 

ხათუნა მაღრაძე
 ”რეიტინგი”, 12 მაისი, 2003
 

2 Responses to ეროვნების რეკვიზიტი

  1. Concetta Wojner ამბობს:

    Very Nice website. I built mine and i was looking for some design ideas and you gave me a few. Did you develop the website alone?

    Thanks

  2. Lakeesha ამბობს:

    ყველაფერში ვეთანხმები.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s