კანონი ქართული ენის შესახებ

 
  •  ,,ვინ ითხოვდა 6 მლნ დოლარს მეცნიერებათა აკადემიის გასაუქმებლად’’, ,,ახალი თაობა’’, 19 დეკემბერი, 2001
  •  ,,ეუთოს საქართველოს აღარ დავაუთოვებინებ’’, ,,ახალი თაობა’’, 25 დეკემბერი, 2001
  •  ,,ეუთო ჩვენს დაუთოებას ეწევა’’, ,,დილის გაზეთი’’, 25 დეკემბერი, 2001
  •  ,,გურამ შარაძე დეპუტატ გიგინეიშვილისა და კვარაცხელიას ქმედებებში
  • მასონობის ნიშნებს ხედავს’’, ,,რეზონანასი’’, 3 აპრილი, 2002
  • შარაძე პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს’’, ,,ახალი თაობა’’, 15 აპრილი, 2002
  •  ,,გურამ შარაძეს პოზიცია არ შეუცვლია’’, ,,დილის გაზეთი’’, 17 აპრილი, 2002
  • ,,შარაძე ეუთო-ს რეკომენდაციების წინააღმდეგ’’, ,,დილის გაზეთი’’, 26 ივნისი, 2002
  • შარაძე ღვინჯილიას პასუხისმგებლობის საკითხის დასმას აპირებს, “ახალი თაობა”, 23 სექტემბერი, 2002
  • ვინ არის საქართველოს მტერი? “ალია”, 24-25 სექტემბერი, 2002
 

***

ვინ ითხოვდა 6 მლნ დოლარს მეცნიერებათა
აკადემიის გასაუქმებლად

მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანა უმთავრობოდ დატოვა, ნახევარფაბრიკატ სახელმწიფოში ლევან ღვინჯილიამ სამი წევრი მაინც აღმოაჩინა მთავრობაში. ,,მთავრობაში დავრჩით მხოლოდ სამნი: მე, პრეზიდენტი და პატრიარქი’’ – თქვა ქართული ენისა და სახელმწიფო პალატის ხელმძღვანელმა, რითაც სიმბოლურად მიუთითა, რომ საქართველო იმჟამად მართლაც ღირებულ ფასეულობებზე იდგა, ანუ მთავარი პრინციპი ,,მამული, ენა, სარწმუნოება’’ ყველაზე ეფექტურად აისახა რეალობაში. უნდოდა ეს ვინმეს თუ არა, ჩრდილქვეშ მოქცეულმა ტრადიციულმა ჭეშმარიტებამ თავისი ისტორიული მისია გაამართლა და თავისთავად ამოიწია იმ ჟამს, როცა ქვეყანას მართლა სჭირდებოდა იმ ფორმულირებების შეხსენება, რომელიც ღირსებას უპირატეს აუცილებლობად ცნობდა.

ხსენებულ ფასეულობებზე მდგარი სახელმწიფო, ალბათ, არ უნდა კარგავდეს იმ შეგნებას, რომ მისი სახელმწიფოებრიობის განსაზღვრისთვის გარკვეული სიწმინდეები დასაცავი, ხელშეუხებელი და პატივსაცემია. ამიტომ ღვინჯილიას ხუმრობანარევ ფრაზაში რეალურად გამოჩნდა ის სარკაზმი, რომელიც იმ მდგომარეობას განსაზღვრავს, რაც თანამედროვე გაპოლიტიზირებულ ქართულ ცხოვრებაში ჩამოყალიბდა. აქედან გამომდინარე ხდებოდა სწორედ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოტანილი კანონ-პროექტი ,,სახელმწიფო ენის შესახებ’’ პარლამენტში, ანუ ე.წ. თანამედროვე ელიტაში არავის ახსოვდა და როცა გურამ შარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოითხოვა აღნიშნული კანონ-პროექტის მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში შეტანა და ამას ეუთოს მითითებაც მიაყოლა, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტში ქართული ენის აკრძალვას გულისხმობს, მანანა გიგინეიშვილმა ამას პროვოკაციული გამოხდომა უწოდა. კონსტიტუციური ნორმის თანახმად, ქართული ენა საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო ენად ითვლება, აფხაზური კი – აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართულ ენასთან ერთად. თუმცა, აღნიშნული კონსტიტუციური მოთხოვნა რეალობაში გატარებული არ არის. სწორედ, ამ მოტივით ხსნის შარაძე პრეზიდენტის მხრიდან საგანგებო კანონ-პროექტის შემოტანას. კანონ-პროექტის ერთ-ერთი მუხლი საქართველოს ყველა მოქალაქეს ავალდებულებს ქართული ენის ცოდნას, განსაკუთრებული ვალდებულებები ამ შემთხვევაში საჯარო მოხელეებზე მოდის. აღნიშნული საგანგებო კანონ-პროექტი დაურიგდათ პარლამენტის წევრებს. ამ უკანასკნელთა მხრიდან გარკვეული შენიშვნების წარდგენაც მოხდა. თუმცა, ძირითად შემთხვევაში კანონ-პროექტი მისაღები აღმოჩნდა, მაგრამ:
– იმ ხალხის მხრიდან, რომლებმაც წლების მანძილზე, წინა მოწვევის პარლამენტიდან მოყოლებული, ჯერ გააუქმეს ეროვნული რეკვიზიტი, შემდეგ კი კბილებით იცავდნენ ეროვნული რეკვიზიტის გაუქმებას, ახლა ამას მიემატა საქართველოს მოქალაქისთვის ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის ცოდნის არსაჭიროება, – აცხადებს გურამ შარაძე, რომლისთვისაც მოცემული ფაქტი დაუჯერებელი აღმოჩნდა მანამ, სანამ მისთვის ცნობილი არ გახდა, რომ პარლამენტის ზოგიერთი წვერი და პრეზიდენტთან დაახლოებული პირები პრეზიდენტს ამ კანონ-პროექტის უკან გატანას ურჩევენ გარკვეული ვადით, იმ პერიოდამდე, როცა ეროვნული უმცირესობები ქართულ ენას არ ისწავლიან. გურამ შარაძე ასეთ დეპუტატებს კონკრეტულად მიუთითებს და ასახელებს მანანა გიგინეიშვილისა და ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გელა კვარაცხელიას გვარებს.

პროვოკაციად შეფასებული განცხადებების საპასუხოდ, ასევე პროვოკატორად მონათლულმა გურამ შარაძემ, მისი საჯარო გამოსვლის ფონზე ერთმნიშვნელოვანი კატეგორიულობით განაცხადა, რომ ის პასუხს აგებს მის მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვასა თუ პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებზე, რომ მას სიტყვები ჰაერიდან არ მოაქვს. რაც შეეხება ეუთოს რეკომენდაციას, რომელიც უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლას კრძალავს, შარაძისთვის არგუმენტი ის კონფერენციაა, რომელიც ტაბახმელაში ჩატარდა. ამ საგანგებო კონფერენციაზე განხილულ იქნა ეუთოს პრეტენზიები და მოთხოვნები. ეუთოს კომისია, რომლის მორიგი ვიზიტი იანვარშია დაგეგმილი, დააყენებს საკითხს, რომ იმ დრომდე, სანამ ეროვნული უმცირესობები არ ისწავლიან ქართულ ენას, აღნიშნული ნორმა სახელმწიფო კანონში არ შევიდეს. შარაძისთვის ეუთოს პოზიციის მიუღებლობას ემატება ის ეჭვებიც, რომელიც პარლამენტის წევრს უჩნდება, რადგან, მისი აზრით, ეროვნული უმცირესობები ქართულ ენას არ ისწავლიან.

– რატომ ისწავლიან, თუ კანონი არ იქნა და სავალდებულო არ გახდა?

გურამ შარაძის პირიქითი პოზიცია გულისხმობს, პირველ რიგში, კანონის მიღებას და მის სავალდებულო ნორმად აღიარებას, ასეთი სავალდებულო მოთხოვნის შემდეგ კი დეპუტატს მიაჩნია, რომ ქართული ენის სწავლის ვალდებულება საკითხს ამ თვალსაზრისით შემოატრიალებს. აღნიშნულ საკითხში განსხვავებულ პრობლემად რჩება დაფინანსების სისტემა, რასაც მანანა გიგინეიშვილი ავითარებს, ანუ გიგინეიშვილის განმარტებით, რადგან ჩვენს ბიუჯეტს არა აქვს საჭირო თანხები ქართული ენის სწავლებისათვის, დამატებითი კურსების გახსნისათვის და ა.შ. ეუთო ამ პრობლემას ხსნის საქართველოსთვის თანხების გამოყოფით.

– ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის კანონად ქცევამდე ეროვნული უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლება არის ნონსენსი და ანაქრონიზმი. ჯერ უნდა მიიღო კანონი, რომ ქვეყნის ყველა მოქალაქემ სახელმწიფო ენა იცოდეს, – ბოლომდე კატეგორიულია გურამ შარაძე, რომელიც თავის მხრივ, გამოხდომას უწოდებს მანანა გიგინეიშვილის გამოსვლას.

– ეს იყო გამოხდომა. ვინ არის პროვოკატორი, ქართული ენისა და ეროვნების მტერი და მოყვარე, ეს მთელმა საქართველომ კარგად იცის, რაც კიდევ უფრო ნათელი გახდება და მოხდება ლუსტრაცია მაშინ, როცა ამ კანონის განხილვა იქნება პარლამენტში. ასე მწვავედ შეხვდა წინა პარლამენტში ზოგიერთი დეპუტატი ჩემს განცხადებას, რომ ტასისის გეგმით და საიდუმლოდ გამოყოფილი 6 მლნ დოლარით უნდა მომხდარიყო საქართველოს მენიერებათა აკადემიის გაუქმება. როცა მე ამის შესახებ პირდაპირი ეთერით განვაცხადე, დაუჯერებელი ეჩვენა ყველას, მაგრამ მაშინდელი სახელმწიფო მინისტრი მობრძანდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში, დაადასტურა ამ დოკუმენტის და განზრახვის არსებობა. მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძეს, რომელმაც ეს საიდუმლო გეგმა, ჩემი გამოაშკარავების შემდეგ, გააქარწყლა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გასაუქმებლად 6 მლნ დოლარი საქართველოში აღარ შემოსულა.

სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობაზე ნამდვილად არავინ დაობს და ეს ასეც უნდა იყოს, რომ ნებისმიერი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის ამ ენის ფლობა ერთ-ერთ საჭიროებას წარმოადგენს, მაგრამ ამ პრობლემის მანიპულირება არც ერთ შემთხვევაში, ლოზუნგების, პროვოცირების და სუბიექტური ინტერესების გათვალისწინებით არ უნდა ხდებოდეს, რადგან როცა საუბარია ამ ტიპის დელიკატურ პრობლემაზე, არ უნდა გვავიწყდებოდეს სახელმწიფოებრივი ტრადიცია, ქვეყნის ხასიათი და მოწყობა, არ უნდა გვავიწყდებოდეს ისიც, რომ საქართველო არც საფრანგეთია, არც გერმანია და არც ამერიკა, სადაც სახელმწიფო ენის შესახებ კანონი მოქმედებს. საქართველო ჯერჯერობით ევროპა არ არის და ის თავის თავში მრავალეროვანი სახელმწიფოს სტატუსს ინარჩუნებს. ერთ დღეში კი ასეთი მრავალეროვანი სახელმწიფოს მკაცრ ჩარჩოებში მოქცევა, უბრალოდ, არაკანონზმომიერია.

მაია გიგოლაშვილი
,,ახალი თაობა’’, 19 დეკემბერი, 2001

 

ეუთოს საქართველოს აღარ დავაუთოვებინებ

გუშინდელი დღე, როგორც ჩანს, ქართველ პოლიტიკოსებს საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ განაწყობდა. თუ ახალმა მემარჯვენეებმა გაეროს წარმომადგენელს გამოუცხადეს უნდობლობა, შარიანმა პოლიტიკოსმა გურამ შარაძემ ეუთოზე მიიტანა იერიში, რომელიც შარაძის თქმით, ბევრ რამეს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას ქართული ენა წაართვას.
დაახლოებით ასეთი ტიპის განცხადება გურამ შარაძემ გასულ კვირასაც გააკეთა პარლამენტის სხდომაზე, მაგრამ სახელმწიფო მინისტრის დამტკიცებით გართულ პარლამენტს ამ საკითხის მიმართ დიდი ყურადღება არ გამოუჩენია. მაგრამ შარაძეს ფარ-ხმალი არ დაუყრია და ამ თემაზე სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეუთოს გარდა მან რამდენიმე ქართველიც შეაჩვენა.

მიმდინარე წლის ივნისის თვეში პრეზიდენტმა პარლამენტში შემოიტანა კანონპროექტი სახელმწიფო ენის შესახებ, რომლის განხილვასაც საკანონმდებლო ორგანო რატომღაც არ ჩქარობს.

გურამ შარაძეს კი ეს საკმაოდ შემაშფოთებლად ეჩვენება და მიიჩნევს, რომ ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ამ კანონპროექტის განხილვა დაიბლოკოს. შარაძეს გააჩნია კულუარული ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტართა ნაწილი ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ პარლამენტმა ეს კანონი არ მიიღოს. იგივე ნაწილი, შარაძის კულუარული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტს ყურში ჩასჩურჩულებს იმის შესახებ, რომ მან ეს კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

,,ამ ყველაფერს კი იმით ამართლებენ, რომ თითქოს ეროვნული უმცირესობები განაწყენდებიანო. გამაგებინეთ, ვართ თუ არა ბოლო-ბოლო სახელმწიფო?! ჯერ იყო და ტერიტორიები წაგვართვეს, მერე ეროვნულობის რეკვიზიტი ამოიღეს პასპორტებიდან, ახლა კი ენას გვართმევენ ხალხო’’, – აღშფოთებას ვერ მალავს შარაძე.

შარაძისთვის უსუსური არგუმენტია ის, რომ თითქოს ამ კანონის მიღების შემთხვევაში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები განაწყენდებიან. შარაძის თქმით, ეროვნულმა უმცირესობებმა კარგად უწყიან იმის შესახებ, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა არის ქართული, რადგან ეს კონსტიტუციაში კარგად და გარკვევით წერია.

ქართული ენის მტრებად გურამ შარაძემ გუშინ ორი პარლამენტარი – მანანა გიგინეიშვილი და გელა კვარაცხელია დაასახელა. ამ უკანასკნელს შარაძემ ლევან მამალაძის მარჯვენა ხელი და პარლამენტში აზერბაიჯანელთა ხმებით მოსული უწოდა.

,,როდესაც პარლამენტში ლევან მამალაძის ფრაქცია შეიქმნა, ძალიან გამიკვირდა, როცა ამ ფრაქციის თავმჯდომარედ გოგავა აირჩიეს. მეგონა, რომ ეს გელა კვარაცხელია იქნებოდა, მაგრამ მერე, როცა კვარაცხელია ,,თანადგომის’’ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ ვიხილეთ, მივხვდი, რომ ლევან მამალაძე პარლამენტში ორ ფრაქციას აკონტროლებდა’’, – ამხილა მამალაძის ჩახლართული გეგმები შარაძემ.

განსაკუთრებული რისხვა კი მაინც გელა კვარაცხელიას დაატყდა, რომელიც, სხვათა შორის, შარაძის პრესკონფერენციაზეც შემოიჭრა. მართალია, კვარაცხელიას შემოჭრას მშვიდი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ შარაძეს მან აზრთა წყობა მაინც დაურღვია. თუმცა, შარაძემ სათქმელი მაინც თქვა.
მან სულ ქოქოლა აყარა ეუთოს, რომელიც ქართული ენის მტრებადაც შერაცხა. ,,თუ ამათ ეუთოსი ეშინიათ, მე წამიყვანონ და მე ვეტყვი სათქმელს. მორჩა, მე ეუთოს საქართველოს აღარ დავაუთოვებინებ’’, – დაიმუქრა შარაძე.

მისი თქმით, ეუთო მოითხოვს, რომ ეს კანონი მანამ არ იქნას მიღებული, სანამ საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები ქართულ ენას არ შეისწავლიან. ,,როგორ გინდა, ეს აიტანო, საქართველოში 80-მდე ეროვნება ცხოვრობს, როდის ისწავლიან ახლა ეგენი ქართულს და ამას უნდა ველოდოთ, სომხები, აზერბაიჯანელები აქ ლამის ათი საუკუნეა, რაც ცხოვრობენ, მაგრამ არ უსწავლიათ ენა, ვითომ ახლა ისწავლიან. კი, ორი-სამი მათგანი ლაპარაკობს ქართულად, მაგრამ სამუზეუმო ექსპონატები არ მჭირდება’’, – ამბობს შარაძე.

ის კვარაცხელიას სახალხოდ ემუქრება და ეკითხება, რა უფლებით იღებს ის პასუხისმგებლობას თურქი-მესხებთან დაკავშირებით, რომელთა დაბრუნებასაც ევროსაბჭო საქართველოს სთხოვს.

,,ერთი გამაგებინეთ, რატომ აწუხებს ვეროსაბჭოს საქართველოდან დეპორტირებული თურქი-მესხების ბედი და არ ადარდებს სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან გამოყრილი ქართველები, რომელთა ოდენობა 400 000 აღწევს’’, – უკვირს შარაძეს, რომელიც ევროსაბჭოში საქართველოს ელჩს, ლანა ღოღობერიძესაც ემუქრება. შარაძის თქმით, ამ უკანასკნელმა აიღო ვალდებულება, რომ საქართველოში ევროსაბჭოს მიღებიდან სამი წლის შემდეგ დაიწყებოდა თურქ-მესხების დაბრუნება. გურამ შარაძე ამ მიზეზებით ლანა ღოღობერიძეს სასამართლოში უჩივის.

სხვათა შორის, ძალიან მალე საქართველოს მკაცრად მოსთხოვენ პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ასრულებს ის თავის ნაკისრ ვალდებულებებს და არ აბრუნებს თურქ-მესხებს საქართველოში.

ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში აზრი ორად არის გაყოფილი. ერთნი მათ დაბრუნებას მოითხოვენ, მეორენი კი ეწინააღმდეგებიან. თავად დეპორტირებული თურქი-მესხები, რა თქმა უნდა, საქართველოში დაბრუნებას ითხოვენ.

ისინი ასეთი მოთხოვნებით სისტემატურად გამოდიან მას შემდეგ, რაც სტალინი გარდაიცვალა, მათ ასეთი თხოვნით ქართველების მოძულე ნიკიტა ხრუშჩოვსაც მიმართეს, რომელმაც სტალინის მიერ დეპორტირებული ყველა ერი დააბრუნა თავის საცხოვრებელ ადგილებში, თურქ-მესხების გარდა.

შარაძემ იეღოველებზე საუბარს ვერც გუშინ აუარა გვერდი და ისინი ქართული არმიის დაკნინებაში დაადანაშულა. მერე მამა ბასილსაც გამოესარჩლა და განაცხადა, რომ თურმე დიდი არაფერი შავდება თუ ვინმეს ქუჩაში შემოულაწუნებენ. ,,შემოლაწუნებით არაფერი შავდება, ,,ნატვრის ხე~ ხომ გაქვთ ნანახი, განა დაუშავდა რამე იმ ბიჭს, ვისაც შემოულაწუნეს. შემოლაწუნებულის როლის შემსრულებელი დავით აბაშიძე დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაშია’’, – ამის გახსენებამ ცოტა ხასიათზე მოიყვანა შარაძე.

მაგრამ ნანა დევდარიანმა ისევ გაუფუჭა გუნება. საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა უცხოური გრანტებით გამოსცა ჟურნალი ,,თქვენი უფლებები’’, სადაც წერია, რომ თითქოს საქართველოში ყველა რელიგიას ავიწროვებენ მართლმადიდებლები.

ამის გაგონებას შარაძე წყობილებიდან გამოჰყავს და ამის დამწერებს მოუწოდებს, კარგად მიიხედ-მოიხედონ და ნახონ, რამდენი კათოლიკური და გრიგორიანული ეკლესიაა საქართველოში.

შარაძემ შარი რის ვაი-ვაგლახით დამტკიცებულ განათლების მინისტრსაც მოსდო, რომელიც მან თურქული უნივერიტეტის მფარველობაში დაადანაშულა.

მაგრამ ახლა, თურმე, კარტოზიას და მის მოადგილეებს თურქებისთვის მიუციათ ქარელის რაიონში არსებული ერთ-ერთი ტექნიკუმის შენობა, სადაც თურქული უნივერსიტეტი უნდა გახსნილიყო. მაგრამ შარაძემ როცა ეს ამბავი შეიტყო, ეს ამბავი ჩაშალა, რითაც კმაყოფილია.

შარაძე ამაყობს იმით, რომ რომელი საქმეც წამოიწყო, ყველა მათგანი მოიგო. ასე რომ, შარაძის შერისხულებს – მანანა გიგინეიშვილს, გელა კვარაცხელიას, ლანა ღოღობერიძეს და ეუთოს სიფრთხილე მართებთ. გამოცდილება ცხადყოფს, რომ შარაძე შარიანია და მასთან ხუმრობა ცუდად მთავრდება ხოლმე, მეორე მხარისთვის, რასაკვირველია.

შორენა მარსაგიშვილი
,,ახალი თაობა’’, 25 დეკემბერი, 2001

 

,,ეუთო ჩვენს დაუთოებას ეწევა’

გურამ შარაძემ წინასაახალწლო განწყობისთვის ეროვნული რეკვიზიტისა და თურქი-მესხების ჩამოსახლების საკითხები ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების შესახებ კანონპროექტით განაახლა.

ეს კანონპროექტი პარლამენტში, პრეზიდენტის ინიციატივით, ნახევარი წელია, რაც შემოსულია და იხილება კიდეც. შარაძის მიერ მოპოვებული ინფორმაციების თანახმად კი, სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გელა კვარაცხელია და სახელმწიფო ენის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე – მანანა გიგინეიშვილი ამ კანონპროექტის წინააღმდეგნი არიან და პრეზიდენტს მისი გატანის თხოვნით მიმართავენ. ამის მიზეზად კი ეროვნული უმცირესობები სახელდება, თითქოს, სახელმწიფო ენად ქართულის გამოცხადება მათში გარკვეულ პროტესტს გამოიწვევს, თანაც საერთაშორისო ორგანიზაციებს, კონკრეტულად კი ეუთოს, ამ საკითხებისადმი მიძღვნილ სემინარზე ქართველებისთვის ურჩევიათ, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა ნაჩქარევად დაუშვებელია და რამდენიმე ხნით, ანუ სანამ არაქართული ეროვნების მოსახლეობა ქართულს არ ისწავლის, გადაედოთ. მანამდე კი, ქართული ენის სასწავლო პროგრამებზე აქტიურ მუშობას გვთავაზობენ. გურამ შარაძე კი პირობას დებს, რომ სანამ ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტია, არც ერთი სომეხი და აზერბაიჯანელი ქართულს არ ისწავლის. ამდენად, ეს საკითხი, სულ ცოტა ორი წლით მაინც გადადებულია, რაც, მისი აზრით, დაუშვებელია. ამიტომაც, შარაძე პრეზიდენტს და პარალამენტის თავმჯდომარეს საკითხის სასწრაფოდ, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირის დღის წესრიგში შეტანას სთხოვს.

მას გუშინდელ პრესკონფერენციაზე არც კარსმომდგარი თურქი-მესხების საკითხის განხილვა დავიწყებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროსაბჭოდან გარიცხვის საფრთხე გვემუქრება, რადგან ამ პრობლემის მოგვარება გაწევრიანების სანაცვლოდ აღებული ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულებაა. შარაძე, ამ საკითხთან დაკავშირებით, გურამ მამულიასა და ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ მიერ შემუშავებულ პროექტთაგან ორივეს აპროტესტებს. იმ შემთხვევაში თუ ევროსაბჭო რომელიმე მათგანს მოიწონებს, შარაძეს ამ ორგანიზაციაში ჩვენი წარმომადგენლის – ლანა ღოღობერიძის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს.

შარაძემ კბილი სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშსაც გაჰკრა. გაეროსა და ჰოლანდიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტებით მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე ბროშურის სახით გამოცემულ ანგარიშში საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა იეღოველთა და სხვა სექტების წარმომადგენელთა შევიწროებისა და დარბევის ფაქტებს. შარაძის აღშფოთებაც, გასაგებ მიზეზთა გამო, ამ ქვეთავებმა გამოიწვია. საპასუხოდ მან იეღოველთა წინააღმდეგ ბრძოლის არაერთი ცივილიზებული მეთოდი, მათ შორის, მოგებული სასამართლო პროცესი დაასახელა.

მაია შონია
,,დილის გაზეთი’’, 25 დეკემბერი, 2001

 

გურამ შარაძე დეპუტატ გიგინეიშვილისა და კვარაცხაელიას
ქმედებებში მასონობის ნიშნებს ხედავს

პარლამენტარი გურამ შარაძე კატეგორიულად მოითხოვს, მომავალი სასესიო კვირის დღის წესრიგში შევიდეს სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტი. წინააღმდეგ შემთხევაში, როგორც იგი აცხადებს, ფრაქცია ,,მრეწველები’’ პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს გამოუცხადებენ. შარაძე წინასწარმეტყველებს, რომ საქართველოში მასონური გლობალიზაციის ნიშნები შეიმჩნევა. ამ პროცესის დაწყების შესახებ თავის დროზე ვახტანგ გოგუაძეც იძლეოდა გამაფრთხილებელ სიგნალებს.

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გურამ შარაძემ პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გელა კვარაცხელია სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტის დაბლოკვაში დაადანაშაულა და მისი კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გათავისუფლება მოითხოვა. დეპუტატის აზრით, გელა კვარაცხელიას მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში ერთი წლის წინ შემოტანილი კანონპროექტის დაბლოკვა ანტიკონსტიტუციური ქმედებაა. კვარაცხელიასთან ერთად, კანონპროექტის დაბლოკვაში გურამ შარაძე სახელმწიფო ენის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს მანანა გიგინეიშვილსაც ადანაშაულებს.

დეპუტატი ასევე თვლის, რომ საქართველოს შიდა საქმეებში არ უნდა ერეოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები. ამ თვალსაზრისით მან პრეტენზია გამოთქვა ეუთოს მისამართით და გაიხსენა რამდენიმე ხნის წინ ტაბახმელაში ეუთოს ინიციატივით მოწყობილი სემინარი, სადაც ეუთოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს, რადგან შესაძლოა მან ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით გართულებები გამოიწვიოს.

პრესკონფერენციაზე გურამ შარაძემ განაცხადა, რომ ამ დღეებში გელა კვარაცხელია და მანანა გიგინეიშვილი ეუთოს დაფინანსებით, ერთი კვირით ჰააგაში მიემგზავრებიან, სადაც სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავენ. გურამ შარაძის აზრით, მათი გამგზავრება ჰააგაში უკანონოა.

,,საქართველოში საოცრებები ხდება. ილია ჭავჭავაძის ტრიადა – ენა, მამული, სარწმუნოება – კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ტერიტორიები წართმეული გვაქვს, ხელყოფილია სარწმუნოება, მართლმადიდებლობა ეჭვის ქვეშ დგას მოძალებული სექტების მხრიდან. ეროვნულობა დაკარგული გავქვს არა ოკუპაციითა და სამხედრო ინტერვენციით, არამედ ჩვენივე პარლამენტის მიერ. მეტი რა არის მასონების მიერ დაწყებული გლობალიზაციის პროცესი, შეიქმნას უეროვნებო, ურელიგიო, უსაზღვრებო, კოსმოპოლიტური სახელმწიფო’’, – აცახდებს გურამ შარაძე და იქვე დასძენს: – ,,დაგვრჩა ერთი აპრობირებული მეთოდი – ბოიკოტი. თუ 14 აპრილამდე არ მოხდება სახელმწიფო ენის შესახებ კანონის განხილვა, ფრაქცია ,,მრეწველები~ ბოიკოტს გამოვაცხადებთ’’.
თავის მხრივ, კვარაცხელია და გიგინეიშვილი კატეგორიულად არ იზიარებენ გურამ შარაძის მოსაზრებებს და აცხადებენ, რომ პარლამენტარის განცხადება სინამდვილეს არ შეეფერება. მათი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები არ დასრულებულა.

ია აბულაშვილი
,,რეზონანასი’’, 3 აპრილი, 2002

 

შარაძე პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს

გუშინ ამოიწურა ვადა, რომელიც დეპუტატმა გურამ შარაძემ წაუყენა პარლამენტის ხელმძღვანელობას. გურამ შარაძემ და მრეწველებმა საკანონმდებლო ორგანო გააფრთხილეს, რომ თუ 14 აპრილამდე არ დაიწყებოდა მსჯელობა ,,სახელმწიფო ენის შესახებ’’ კანონპროექტის გარშემო, ისინი პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს გამოუცხადებდნენ.

14 აპრილი გუშინ გახლდათ, საქართველოს პარლამენტს კი ჯერაც არ დაუწყია მსჯელობა ამ კანონპროექტის გარშემო, რომლის განხილვასაც ასე დაჟინებით მოითხოვს შარიანი პარლამენტარი.
როგორც ჩანს, 14 აპრილი შარაძემ იმიტომ აირჩია, რომ ეს დღე ქართული ენის დღედ ითვლება, მაგრამ მის გეგმებს არც ამან უშველა რამე. პარლამენტი კვლავ თავს იკავებს კანონპროექტის განხილვაზე.

შეგახსენებთ, რომ შარაძის მიერ საჯილდაო ქვად ქცეული კანონპროექტი პარლამენტში პრეზიდენტმა გასული წლის ივნისში შემოიტანა. მისი განხილვა გასული წლის შემოდგომაზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ რიგ მიზეზთა გამო ეს კანონპროექტი დღემდე არ არის განხილული. შარაძის აზრით, ამ კანონპროექტის განხილვას ხელს გარკვეული ძალები უშლიან.

გარკვეული ძალები კი, რომლებშიც შარაძე დეპუტატებს – მანანა გიგინეიშვილსა და გელა კვარაცხელიას მოიაზრებს – აცხადებენ, რომ კანონპროექტის განხილვის დაგვიანება მათი ბრალი არ არის. მართალია, ისინიც აღიარებენ, რომ კანონპროექტის განხილვა გასული წლის შემოდგომაზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ იმის გამო, რომ მთელი შარშანდელი ზაფხული პარლამენტმა საარჩევნო კოდექსზე მსჯელობას მოანდომა, სახელმწიფო ენისთვის ვერავინ მოიცალა. ამდენად, საშემოდგომოდ მოუმზადებელი კანონპროექტი არავის განუხილავს. შემდეგ აფხაზეთის ტერიტორიაზე დაიძაბა ვითარება, მერე სტუდენტთა აქციები დაიწყო, მერე მთავრობა გადადგა და პარლამენტმა მთელი თავისი ძვირფასი დრო ძველი და ახალი მინისტრების დამტკიცებას მოანდომა.

ქართული ენის შესახებ კანონპროექტის განხილვას არც ახლა ჩქარობენ. ამიტომაც გურამ შარაძე დღე გამოშვებით საპარლამენტო სხდომაზე ვაი-უშველებელს ტეხს და კატეგორიულად მოითხოვს კანონპროექტის განხილვის დაწყებას. მოვლენები რომ უფრო დაეჩქარებინა, შარაძემ ის ულტიმატუმიც კი წამოაყენა, რომლის შესახებ თავში გესაუბრეთ. მაგრამ ეს დავა ისე გავიდა, კანონპროექტზე მსჯელობა არავის დაუწყია. დაპირებისამებრ, შარაძემ და მისმა მშობლიურმა მრეწველებმა ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ საპარლამენტო სხდომებს, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ვითარებას, რაც გასულ კვირას საქართველოში დატრიალდა, შესაძლოა შარაძემ და მრეწველებმა ცოტა ხანი კიდევ გააგრძელონ ულტიმატუმი. და თუ ეს ასე მოხდა, პარლამენტი რუს ცისფერჩაფხუტიანებს უნდა უმადლოდეს იმას, რომ შარაძე და კომპანია ბოიკოტს არ აცხადებს. მაგრამ უმჯობესია, თუ დაველოდებით მოვლენებს. შარაძე არ არის ის პიროვნება, ვინც თავის მიერ წამოწეულ საკითხზე უარს იტყვის. მაგრამ გაიტანს თუ არა ლელოს დეპუტატი, საკითხავი აი, ესეც არის, რადგანაც რამდენიმე წლის წინ ის მეტად ხალხმრავალ მიტინგებს ატარებდა რუსთაველის ძეგლის უკან მშენებარე მაკდონალდსის წინააღმდეგ, მაგრამ ამის მიუხედავად, ის შენობა მაინც აშენდა.

შორენა მარსაგიშვილი
,,ახალი თაობა’’, 15 აპრილი, 2002

 

გურამ შარაძეს პოზიცია არ შეუცვლია

საჯაროდ უამრავჯერ გამოხატული უკმაყოფილების შემდეგ გურამ შარაძემ, როგორც იქნა, მიაღწია იმას, რომ 15 აპრილს კანცელარიაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან სახელმწიფო ენის კანონპროექტზე სამსჯელოდ მიიწვიეს. მარიამ ცაცანაშვილი იმ დღეს ჰააგიდან დაბრუნებულ ჯგუფს (მანანა გიგინეიშვილი, ლევან ღვინჯილია, გელა კვარაცხელია, ასევე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაია) ხვდებოდა, რომელიც ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ, კანონპროექტის საბოლოო ვარიანტზე შეჩერდა. როგორც შევიტყვეთ, გურამ შარაძე სხდომაზე თავს არც ისე უცხო ელემენტად გრძნობდა, მეტიც, – თითქოს მან გაიზიარა კიდეც ის მოსაზრებები, რომელთაც ადრე პრინციპულად არ ეთანხმებოდა, თუმცა, იქვე დაიტოვა უფლება, რომ საკუთარ პოზიციას კანონპროექტის განხილვისას (რომელიც, სავარაუდოდ, პარლამენტში მომავალ კვირაში უნდა დაიწყოს) მაინც გამოხატავდა. გურამ შარაძემ ეს განხილვამდე, ანუ ,,დილის გაზეთთან’’ საუბარში გააკეთა:

– თუ კანცელარიაში გამართულ სხდომას გულისხმობთ, მაშინ ეს ინფორმაცია ყურით არის მოთრეული. ეუთოს არც ერთი პრინციპული ხასიათის შენიშვნა არ გამიზიარებია. პირიქით, მე ვამაყობ, რომ მათ ჩემი მოთხოვნა გაიზიარეს.

– რა მოთხოვნას გულისხმობთ?

– ახლავე გეტყვით: კანონპროექტში ეწერა, რომ საჯარო მოსამსახურე ვალდებულია იცოდეს სახელმწიფო ენა. იქვე იყო ეუთოს მითითება, რომ არაქართველებმა ქართული გარკვეული დოზით უნდა იცოდნენ. საჯარო მოსამსახურეში ითვლება მინისტრიც და დამლაგებელიც; მე კითხვა დავუსვი ამ ,,გენიალური’’ შენიშვნის ავტორებს და მის ქართველ დეპუტატებს (ხვდებით, ალბათ, ,,კოლმეურნეობის თავმჯდომარეში~ ვის ვგულისხმობ): ,,ესე იგი, დამლაგებელმა ქართულად მხოლოდ ცოცხის სახელი უნდა იცოდეს, ხოლო ეკონომიკის დარგში მინისტრმა თუ მისმა მოადგილემ – ბუღალტრული ,,ჩოთქი’’-მეთქი?!

– ,,ჩოთქი’’ ქართული სიტყვა არ არის…

– სასაცილოა პირდაპირ: ვინ უნდა გაარკვიოს, ვის უნდა დამლაგებლობა და ვის – მინისტრობა! მოკლედ, იძულებულნი გახდნენ, ჩემი ეს შენიშვნა ერთხმად გაეზიარებინათ. მგონი, თქვენ კიდევ რაღაც შეკითხვა შემომაპარეთ…

– დიახ, ბატონო გურამ: სხვათა შორის, ბევრი მიიჩნევს, რომ საქართველოში მცხოვრებ არაქართველთა აღელვებას თქვენი მოთხოვნა – რომ ნებისმიერი მოქალაქე უნდა დავავალდებულოთ, იცოდეს ქართული – უფრო გამოიწვევს, ვიდრე ამ ვალდებულების მხოლოდ საჯარო მოსამსახურეებით შემოფარგვლა.

– სხვათა შორის, ქართული ენის ცოდნას ეუთო არც საჯარო მოსამსახურისგან ითხოვდა, ის უფრო დიფერენცირების პრინციპისკენ იხრებოდა. ერთი, შემფასებელი მითხარით, ვინც ნიშნებს დაწერს! მანანა გიგინეიშვილს ,,შევახსენე~, რომ წინა მოწვევის პარლამენტიდან მოყოლებული, იგი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საქართველოში ეროვნება დაკარგულიყო და ამას მიაღწიეს კიდეც. როცა საქმე საქართველოს საზიანოდ უნდა გადაწყდეს, მაშინ თითს ევროპისკენ იშვერენ; ახლა კი ამბობენ, რომ საფრანგეთის გამოცდილება არ გამოგვადგება, საფრანგეთი საქართველო არ არის. კი ბატონო, მაგრამ საფრანგეთის სახელმწიფო როდის შეიქმნა, ჩვენ კი ¬ ოცდაათსაუკუნოვანი ისტორია და ტრადიციები გვაქვს?!

– კი, მაგრამ თუ ეს ისტორია საქართველოს სიმყარეს ვერ უზრუნველყოფს, მაშინ რა უნდა ვქნათ?

– აი, სწორედ იმან დაგვღუპა, რომ საქართველო ქართველების არ გვგონია! მაშინ, როცა პარლამენტში არაქართული წარმოშობის დეპუტატები სხედან, ქართული არ იციან და წინ რომ კანონპროექტს უდებენ, ვერ კითხულობენ, არც იმაზე აქვთ წარმოდგენა, რაზე საუბრობენ მათი ქართველი კოლეგები – ეს სადიზმის და ჩვენი უთავმოყვარეობის გაუგონარი ფორმაა. ამის შედეგია ის, რომ პარლამენტს კანონის შექმნის თავი არა აქვს.

– ბატონო გურამ, კანცელარიის შეხვედრაზე რაიმე საკითზე მაინც თუ მიაღწიეთ კონსენსუსს დაპირისპირებულ მხარესთან? თუ არა, მაშინ რატომ გამოჟონა ინფორმაციამ, რომ იქ საკმაოდ თბილი განწყობა სუფევდა?

– მე ვკითხე მარიამ ცაცანაშვილს: ,,ქალბატონო მარიამ, ჩვენ რომ აქ სკანდალს არ ვაწყობთ, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ამ ოთახიდან გაჟონავს ინფორმაცია (აი, გულმა როდის მიგრძნო), თითქოს კონსენსუსი შედგა, ხოლო პარლამენტის სხდომაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვისას არ დამაყვედრით, თუ სათქმელი გქონდა, იმ შეხვედრაზე რატომ არ თქვითო?!~ ყველა დამეთანხმა, რომ ჩემს პოზიციაზე დარჩენის ნება მქონდა. ჩემი მთავარი ამოცანა იყო (ამას მივაღწიე კიდეც), რომ მკვდრადშობილი კანონი ადგილიდან დავძარი და პარლამენტში შევიტანე განსახილველად.

– ესე იგი, უნდა მივიჩნიოთ, რომ გურამ შარაძეს პოზიცია არ შეუცვლია, არა?

– რა თქმა უნდა!

– არც ერთ საკითხში?

– დიახ, და ამას დაინახავთ თქვენც და მთელი საქართველოც!

– და ბოლოს, ბატონო გურამ, თქვენ შესაძლებლად მიგაჩნიათ, ისეთი ვარიანტის მიღება, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება ყველა მხარისთვის?


– პირადად გაძლევთ პირობას: სიჯიუტე რეგვენებს სჩვევიათ; პარლამენტში დისკუსიის, ბჭობის, კამათის შედეგად მიღებული დოკუმენტი ყველასთვის სავალდებულო იქნება!

ნათია ონიანი
,,დილის გაზეთი’’, 17 აპრილი, 2002

 

შარაძე ეუთო-ს რეკომენდაციების წინააღმდეგ

პარლამენტმა სახელმწიფო ენის კანონი ივლისის პირველ რიცხვებში დანიშნულ საგანგებო სესიაზე უნდა განიხილოს. განხილვას, ალბათ, საკმაოდ დიდი ხმაური მოჰყვება. ამის პირობას გურამ შარაძისა და მის თანამოაზრე დეპუტატთა განცხადებები იძლევა.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის მიერ პარლამენტში ჯერ კიდევ 2001 წელს შემოტანილი სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტი ეუთო-ს რეკომენდაციების გარეშე არ განხილულა. ჰააგაში ჩასულმა ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ, რომლის შემდაგენლობაში მანანა გიგინეიშვილისა და გელა კვარაცხელიას გარდა, ლევან ღვინჯილიაც იყო, რეკომენდაციები მიიღო, გაიზიარა და კანონპროექტში გაითვალისწინა კიდეც. თუმცა, ეუთო-ს წინადადებები იმის შესახებ, რომ ქართული ენის ცოდნა, შესაძლოა, სავალდებულო არ იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და, შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, კერძოდ, საკრებულოებმა, შესაძლოა, საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებისამებრ, საქმის საწარმოებლად მათთვის სასურველი ენა აირჩიონ, სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა დეპუტატთა გარკვეული ნაწილისთვის. ფრაქცია ,,XXI საუკუნის’’ წევრი ელიზბარ ჯაველიძე ფიქრობს, რომ ამ რეკომენდაციების დაკანონებას მეორე დღესვე მოჰყვება მარნეულისა და სამცხე-ჯავახეთის ავტონომიების ჩამოყალიებება. ამიტომაც, დეპუტატთა ამგვარად მოაზროვნე ნაწილმა გურამ შარაძის მეთაურობით, მართალია, ვერაფერი ,,შეაგნებინეს’’ პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს – გელა კვარაცხელიას და სახელმწიფო ენის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს – მანანა გიგინეიშვილს, მაგრამ გაცილებით ადვილად გამონახეს საერთო ენა სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ახალ თავმჯდომარესთან – ბესო ლაგვილავასთან და კანონპროექტის შიდასაკომიტეტო განხილვაზე დაიყოლიეს. შედეგად, პროექტიდან ეუთო-ს ყველა რეკომენდაცია ამოიღეს და სახელმწიფო ენის ცოდნა, კვლავ ყველასათვის სავალდებულო გახადეს. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიც დაავალდებულეს, რომ საქმე ქართულ ენაზე ეწარმოებინათ. კომიტეტმა კანონპროექტი სწორედ ამ სახით ჩააბარა პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტს, რომელმაც პარლამენტის წევრებს უახლოეს ხანებში უნდა დაურიგოს პროექტი. თუმცა, გურამ შარაძე არკვევს, რომ იურიდიული დეპარტამენტი ისევ ეუთო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით შედგენილი პროექტის გავრცელებას აპირებს, ანუ, სამოქალაქო ინტეგრაციისა და დეპუტატთა ჯგუფის მცდელობა, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულო გახდეს და ყველა არაქართველმა ისწავლოს ქართული, ფაქტობრივად, ჩაიშალა. მაგრამ, შარაძე საკუთარი პოზიციის ასე ადვილად დათმობას არ აპირებს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ,,პარლამენტის უწყებანში” დეპუტატი ვან ბაიბურთი აცხადებს, რომ ქართული ენის ცოდნა არ არის რეკომენდირებული. თუ ეს ასე მოხდება, ბაიბურთი არაქართველების მიერ საპროტესტო აქციების მოწყობასაც არ გამორიცხავს. შარაძე კი ამგვარი ,,მუქარების~ ატანას არ აპირებს.

შარაძე ამჯერად მხოლოდ ამ თემით შემოიფარგლება და კიდევ ერთ უმწვავეს თემაზე, რელიგიის კანონზე საუბრისგან თავს იკავებს, რადგან ფიქრობს, რომ იუსტიციის სამინისტრომ იმდენად ამაზრზენი პროექტი შექმნა, მისი გამომზეურაბა დაუშევებელია.

გურამ შარაძეს არც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის – როსტომ დოლიძის გემოვნებით შექმნილი პარლამენტარის სამკერდე ნიშანი მოსწონს და მის შეცვლას მოითხოვს, ხოლო გაწეული ხარჯების ანაზღაურებას დოლიძეს აკისრებს.

მაია შონია
,,დილის გაზეთი’’, 26 ივნისი, 2002

 


 

 შარაძე ღვინჯილიას პასუხისმგებლობის საკითხის დასმას აპირებს

 

სახელმწიფო ენის კანონპროექტის შემთანხმებელი ჯგუფის წევრი, დეპუტატი გურამ შარაძე სახელმწიფო ენის პალატის თავმჯდომარის ლევან ღვინჯილიას და იმ პირთა თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებს, ვინც პრეზიდენტის მიერ 2001 წლის 19 ივნისს ხელმოწერილი სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტი ჰააგისა და ეუთოს კონფერენციებზე მალულად დაამახინჯა და პარლამენტში გაყალბებული სახით შემოაპარა. “ღვინჯილიას პასუხისმგებლობიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს, იქნება თუ არა იგი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ პროექტზე მომხსენებელი” – განაცხადამედიანიუსთანსაუბრისას შარაძემ. მისი თქმით, ხვალ, 23 სექტემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უნდა გადაწყდეს სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანის საკითხი. “ჩემთვის უცნობია ის სამუშაოები, რომლებიც სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განხორციელდა. დაინტერესებულმა პირებმა ღვინჯილიასთან ერთად პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ის კანონპროექტი დაამახინჯეს, სადაც წერია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია ფლობდეს სახელმწიფო ენას, – თქვა შარაძემ.

 

მედიანიუსი
ახალი თაობა”, 23 სექტემბერი, 2002

 

  

ვინ არის საქართველოს მტერი?

(იბეჭდება შემოკლებით)

 

 

სახელმწიფო ენის კანონპროქეტზე ისეთი სკანდალი ატყდა, გურამ შარაძე კი არა, ათი იოანე ზოსიმე რომ ადგეს, დამარხულ ქართულს ჩვენი ხელისუფლების ხელში საშველი არ დაადგება.. კაცი, რომელიც მთელ საზოგადოებას ტვინს უბურღავდა, სად რომელ დუქანს რანაირი აბრა ეკიდა და, სხვათა შორის, ენის პალატა აბარია, დღეს სწორედ ქართული ენის წინააღმდეგ გამოდის და მოტივად იურისპრუდენციას და ეუთოს რეკომენდაციებს იშველიებს.

 

გუშინ პარლამენტის ბიურომ, შარაძის დაჟინებული მოთხოვნით, კანონპროექტი სახელმწიფო ენის შესახებ უკან დაუბრუნა კანცელარიას.

გურამ შარაძე:

პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი პირველი ვარიანტი დამახინჯებული და გაყალბებულია. რაც მთავარია, აბსოლუტურად მიუღებელია ქართველი ერისთვის და სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის. მოვითხოვ, რომ გაწვეულ იქნას მომხსენებელიც, ლევან ღვინჯილია და დაისვას საკითხი მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის შესახებ. პროკურატურასაც მივმართავ და მოვითხოვ, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.

2001 წლის 19 ივნისს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ვარიანტში მე-10 მუხლი საქართველოს ყველა მოქალაქეს ავალდებულებდა სახელმწიფო ენის ცოდნას. შემდეგ, ეუთომ დააფინანსა სემინარი ტაბახმელაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მანანა გიგინეიშვილმა, გელა კვარაცხელიამ და სხვებმა. რომლებმაც დაასკვნეს, რომ ამ კანონის მიღება გამოიწვევდა ეთნოკონფლიქტებსა და დაძაბულობას და ერჩიათ პრეზიდენტისთვის, რომ უკან გაეტანა. ამას მოჰყვა გიგინეიშვილკვარაცხელიაღვინჯილიას მიწვევა ჰააგაში, ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა კომისარიატში და ღვინჯილია, რომელიც მე მიჭერდა მხარს, სრულიად სახეშეცვლილი დაბრუნდა ჰააგიდან. საქართველოს პრეზიდენტის ვარიანტი ისე გადაკეთდა, რომ არც პრეზიდენტთან შეთანხმებულა და არც საქართველოს პარლამენტის დაინტერესებულ წევრებთან. და ნახეთ, რა ჩაწერეს: “საქართველოს მოქალაქე ვალდებულია სახელმწიფო ორგანოებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა დაამყაროს სახელმწიფო ენაზე”. ნახეთ, რა ვერაგობაა: თუ მე სახელმწიფო ენა არ მეცოდინება, ამ ურთიერთობას დავამყარებ თარჯიმნის მეშვეობით

ბატონო გურამ, მანანა გიგინეიშვილი ურყევად შევარდნაძისაა. როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღებდა მონაწილეობას ამ შეთქმულებაში თუ ეს თავად პრეზიდენტს არ სურდა?

ის თავის ჭკუაში გაუფრთხილდა იმ ხმებს, რომელსაც შევარდნაძეს სტაბილურად აძლევს ქვემო ქართლისა და სამცხეჯავახეთის სომხურაზერბაიჯანული მოსახლეობა. მანანა გიგინეიშვილი, როგორცმოქალაქეთა კავშირისძველი დაქალი, იდეოლოგი და ტვინი, ასე მუშაობს: თუ არაქართველ მოსახლეობას არ დავავალდებულებთ ქართული ენის სწავლას, ისინი მოემადლიერებიან შევარდნაძეს. ერთი სიტყვით, გიგინეიშვილმა პრეზიდენტსგაუსწორადა ჩაუსწორა. გარდა ამისა, საგანგაშოა ადრინდელი მე-14 მუხლი, რომელიც გახდა მე-12, სადაც წერია ასეთი რამ: “სამცხეჯავახეთისა და ქვემო ქართლის მოსახლეობას შეუძლიათ, სახელმწიფო ენის უცოდინრობის გამო, გამოიყენონ მშობლიური ენა”. გესმით? ამ რეგიონში ქართულის ნაცვლად სომხურსა და აზერბაიჯანულს აკანონებენ!

როგორც შარაძე აცხადებს, პრეზიდენტმა მას უთხრა, რომ შეტანილი შესწორების შესახებ არაფერი იცის და პასუხს არ აგებს. მისი საპარლამენტო მდივანი, მარიამ ცაცანაშვილი კი აცხადებს, რომ პრეზიდენტს შეტანილი ცვლილებების შესახებ აცნობა და შევარდნაძე საქმის კურსშია. რომელი ტყუისშარაძე თუ შევარდნაძის საპარლამენტო მდივანი? ან რომელი მოატყუა თავად შევარდნაძემ? მოკლედ, მონაწილეობდა თუ არა შევარდნაძის წინააღმდეგ მოწყობილ ამ შეთქმულებაში თავად შევარდნაძე? პრეზიდენტის ვარიანტში ცვლილებები საპარლამენტო მდივანთან შეთანხმებით და მისი მონაწილეობით შევიდა, მარიამ ცაცანაშვილიც შევარდნაძის ერთგულებაზე დებს თავს, გელა კვარაცხელიამ მთელი ზაფხული გაიმწარა, რომ ჟვანიასთან ომით შევარდნაძის გული მოეგო. რა ხდება, რამდენ ერთგულს უნდა უთხრას შევარდნაძემშენცა ბრუტუს?” თუ შარაძეს რამსები აერია და ქართული ენის წინააღმდეგ შეთქმულება შევარდნაძის წინააღმდეგ შეთქმულება ეჩვენება?

 

რეზო შატაკიშვილი

ალია”, 24-25 სექტემბერი, 2002

  

4 Responses to კანონი ქართული ენის შესახებ

  1. Scotty Long ამბობს:

    very good put up, i actually love this website, carry on it

  2. MARI ამბობს:

    აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
    მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი…
    აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
    მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი…
    მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
    რადგან ერთი რაღაც დამრჩა…

  3. MARI ამბობს:

    ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?!
    – ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით…
    მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები,
    გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით.
    გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს,
    რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები…
    მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის
    და ჩუმდებიან პირამიდები…
    ოჰ, მატყუარა პირამიდები
    – ჩემსა და ზეცას შორის ხიდები..

  4. MARI ამბობს:

    не осталос сердце, печень,
    но, все равно, все равно борюсь,
    не остался нерв, волосинки
    но, все равно, все равно пою
    но, все равно, все равно тяну,
    потому, что-то одно остался

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s