ქართული ემიგრაცია, არქივების დაბრუნება, ლევილი

 

  •   ,,უცნობმა ქართველმა საქართველოს 15 ხელნაწერი უძღვნა’’, “რეზონანსი”, 13 სექტემბერი, 1996
  • ,,ამბის მიმტანის, უცნაური წინასწარმეტყველებისა და ქართული არქივის შესახებ’’, “სამშობლო”, თებერვალი, 1997
  •  ,,სად გაუჩინარდა სალიას მილიონები? შარაძე შალვა თაყაიშვილს ემუქრება’’, “ალია”, 14-15 ივნისი, 1997         
  • ,,არქივი დროებით პარალამენტში დაბინავდება’’, “შანსი”, 8-9 ოქტომბერი, 1997
  • ,,საქართველოში პოლიტიკური არქივის ამერიკული ნაწილიც დაბრუნდა’’, “რეზონანსი”, 10 ოქტომბერი, 1997
  • ,,გურამ შარაძე ომს იწყებს საქართველოსთვის ლევილის დასაბრუნებლად’’, “დილის გაზეთი”, 10 ოქტომბერი, 1997
  •  “თუ ლევილს არ დავიბრუნებთ, დავკარგავთ მას”, “ახალი თაობა”, 10 ოქტომბერი, 1997
  • ,,არქივები გვიბრუნდება, არქივებს ვიბრუნებთ’’, “დილის გაზეთი”, 20 მაისი, 1998
  • ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე”, დამოუკიდებელი ელექტრონული გამოცემა  კვალი.ცომ, 27 ოქტომბერი, 2000
  • ,,საქართველო – სამანს იქით’’, ,,ჩვენი მწერლობა” (სალიტერატურო ჩანართი გაზეთისა “ახალი ეპოქა”), 8-14 ნოემბერი, 2002

 

 ***

 

უცნობმა ქართველმა საქართველოს 15 ხელნაწერი უძღვნა

 

საქართველოს პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ შარაძემ 12 სექტემბერს ჟურნალისტებს ძველი ქართული ხელნაწერები წარუდგინა, რომელთა ასაკიც 400-500 წელია. მათ შორის ყველაზე ძველია სასულიერო ლიტერატურის ნიმუში “სახარების საკითხავი”. თხუთმეტივე ხელნაწერი გურამ შარაძეს გადასცა საფრანგეთში დაბადებულმა ქართველმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, მას იგივე პირი დაჰპირდა კიდევ 50 ხელნაწერის გადაცემას.

როგორც გურამ შარაძემ აღნიშნა, ხელნაწერებს შორის უმეტესობა კათოლიკური ლიტერატურაა. ისინი შესრულებულია იტალიაში, საფრანგეთსა და თურქეთში არსებულ ქართულ კათოლიკურ ცენტრებში. აღნიშნულ წიგნებს შორისაა 1711 წელს დაბეჭდილი “დავითნი” და ვახტანგისეული “ვეფხისტყაოსანი”.

მიუხედავად იმისა, რომ ხელნაწერები კარგადაა შენახული, ის მაინც რესტავრაციას საჭიროებს. გურამ შარაძის თქმით, ხელნაწერები გადაეცემა ხელნაწერთა ინსტიტუტს, სადაც რესტავრაციის შემდეგ დაიდებს ბინას.

 გიორგი კალანდაძე
“რეზონანსი”, 13 სექტემბერი, 1996

 

 

ამბის მიმტანის, უცნაური წინასწარმეტყველებისა და ქართული არქივის შესახებ

 

როგორც ცნობილია, დეკემბრის დამლევს საქართველოში ჩამოიტანეს ქართული არქივის პარიზული ნაწილი. მოკლე ინფორმაცია ამის შესახებ უკვე მოგაწოდეთ ჩვენი გაზეთის იანვრის ნომერში (“გზა შინისკენ”). ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს ამ საქმის ერთ-ერთ სულისჩამდგმელთან, საქართველოს პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბატონ გურამ შარაძესთან. ბატონმა გურამმა ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიის მანამდე უცნობ ფაქტებზე ისაუბრა, მეტად უცნაური წინასწარმეტყველების ისტორიაც გვამცნო…

- ბატონო გურამ, ამ ბოლო დროს პრესაში გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ექვთიმე თაყაიშვილმა არა საკუთარი ინიციატივით, არამედ სახელმწიფო დავალებით წაიღო ქართული განძეულობა და მერე მთელი ცხოვრება შესწირა მის გადარჩენას.

- დიახ, გავრცელებულია აზრი, რომ ექვთიმე თაყაიშვილმა ქართული სამუზეუმო განძეულობა წაიღო საზღვარგარეთ, მისი გადარჩენის მიზნით. საქმე კი სხვაგვარად იყო. თბილისში ბოლშევიკების შემოსვლა საფრთხეს უქმნიდა ქართული კულტურის ძეგლებს. ამიტომაც აუცილებელი გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში დაცული განძეულობის გადარჩენა. უნივერსიტეტის რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა დაიბარა ექვთიმე თაყაიშვილი და როგორც მეგობარსა და თანამშრომელს სთხოვა, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიასათვის განძეულობის გადარჩენის აუცილებლობა ეცნობებინა. მე-11 არმია სწრაფად მოიწევდა თბილისისკენ. მტერი კოჯორს უახლოვდებოდა, დრო არ ითმენდა. თქვენ, ალბათ, გაგიკვირდებათ, ივანე ჯავახიშვილმა თავად რატომ არ გადასცა თხოვნა ნოე ჟორდანიას? საქმე ისაა, რომ ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან. მას, როგორც ვიცე-სპიკერს, ადვილად შეეძლო ეს ინფორმაცია მთავრობის თავმჯდომარისთვის ეცნობებინა. იგი, როგორც ამბის მიმტანი, ეწვია ნოე ჟორდანიას. თავმჯდომარემ ყურადღებით მოუსმინა და მოულოდნელად უთხრა: მე თანახმა ვარ წავიღო სამუზეუმო განძეულობა იმ შემთხვევაში, თუ მას მცველად შენც გამოყვებიო. გაოცებულ ექვთიმეს უპასუხია: მე საქართველოს ვერ დავტოვებო, რაზეც მთავრობის თავმჯდომარეს უთქვამს: რომ ქვეყნის ხელისუფლება საზღვარგარეთ ბრძოლის გასაგრძელებლად, ძალადობით წართმეული თავისუფლების დასაბრუნებლად მიემგზავრებოდა. თაყაიშვილიც მოვალე იყო, მონაწილეობა მიეღო ამ ბრძოლაში.

ექვთიმემ ერთი დღე-ღამე მოითხოვა საქმეების მოსაგვარებლად და 1921 წლის 18 მარტს საქართველოს მთავრობასთან ერთად ბათუმიდან საფრანგეთს გაემგზავრა. ამ გემზე სამუზეუმო განძეულობის გვერდით საქართველოს პირველი მთავრობის არქივიც იყო. ასე გადაურჩა ბოლშევიკურ რეჟიმს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველწყაროები. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ საფრანგეთის ანტიფაშისტური მოძრაობის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი დე გოლი ჩამოვიდა მოსკოვში, სტალინთან საფრანგეთის მომავლის გასარკვევად. სტალინმა, როგორც ქართველმა, სთხოვა მას სამუზეუმო განძეულობის უკან დაბრუნება. იგი შეჰპირდა, რომ მოლაპარაკებას გამართავდა ნოე ჟორდანიასთან. დე გოლმა საფრანგეთში საქართველოს მთავრობის თავმჯდომარესა და მის თანამებრძოლებს ევგენი გეგეჭკორს, აკაკი ჩხენკელს, კონსტანტინე კანდელაკსა და სხვებს გადასცა სტალინის თხოვნა. ემიგრანტული ხელისუფლების წარმომადგენლები ლევილში ჩავიდნენ და ექვთიმე თაყაიშვილს დე გოლისა და სტალინის მოლაპარაკების შედეგები აუწყეს. ექვთიმემ სასტიკი უარი განაცხადა ქართული სამუზეუმო განძეულობის დაბრუნებაზე.

ნოე ჟორდანიას კარგად ესმოდა, რომ საქართველოში სიტუაცია შეიცვალა, რომ იგი დამოუკიდებლობას დიდხანს ვერ დაიბრუნებდა, ამიტომაც ქართული ხალხისათვის უნდა დაებრუნებინა მისი კუთვნილება. ექვთიმე თაყაიშვილი, როგორც მეგობარს, არ ეთანხმებოდა ნოე ჟორდანიას. მაგრამ როგორც პრეზიდენტს, იძულებული იყო დამორჩილებოდა. 1946 წელს ქართული სამუზეუმო განძეულობა ექვთიმე თაყაიშვილმა თბილისში ჩამოიტანა. დღეს იგი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება.

ვფიქრობ, ეს ფაქტი ღირსებას არ აკლებს ექვთიმე თაყაიშვილის სახელს. პირიქით, პატივს სძენს. იგი იძულებული გახდა განძეულობის გადარჩენის მიზნით, წასულიყო ქვეყნიდან და ათასი დაბრკოლება გადაელახა.

ჩვენთვის მანამდე უცნობი მასალა პარიზის ერთ-ერთ არქივში აღმოვაჩინე.

- რა ბედი ეწია დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის არქივს?

- არქივი ანტისაბჭოთა, ანტიკომუნისტური იყო, ამიტომაც მისი დაბრუნება ქართულ განძეულობასთან ერთად შეუძლებელი იყო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იგი საფრანგეთის ეროვნულ არქივს გადასცეს. შეიქმნა არქივის შემნახველი სამთავრობო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, კონსტანტინე კანდელაკი, ევგენი გეგეჭკორი და სხვები. ამ კომისიის თავმჯდომარე იყო ყოფილი შრომის მინისტრი გიორგი ერაძე. მისი სიკვდილის შემდეგ კი ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი, სოციალ-დემოკრატი მამია ბერიშვილი ხელმძღვანელობს ამ კომისიას.

50-იან წლებში წყალდიდობამ დააზიანა ქართული არქივი, რომელიც მდინარე სენის სანაპიროზე ინახებოდა. უსახსრობის გამო, საქართველოს მთავრობამ არქივი რესტავრირებისათვის ჰარვარდის უნივერსიტეტს გადასცა, რადგანაც ამ დროს იქ მოღვაწეობდა ცნობილი სოვეტოლოგი რიჩარდ პაიპსი. იგი, ბუნებრივია, დაინტერესებული იყო ანტიბოლშევიკური დოკუმენტაციით.

არქივი დღემდე ჰარვარდში ინახება. თუ საქართველო 2004 წლამდე არ დაიბრუნებს მას, იგი აშშ-ის მფლობელობაში გადავა. სამთავრობო კომისიის ანდერძის თანახმად, არქივის დაბრუნება მხოლოდ დამოუკიდებელ საქართველოში შეიძლება, თვითმფრინავი მოსკოვის ავლით, პირდაპირ თბილისში უნდა ჩამოფრენილიყო ძვირფასი განძით.

ამ არქივის საქართველოში ჩამოსატანად ორი ათეული წელიწადია ვიბრძვი. პირველად 1981 წლის ოქტომბერში ვეწვიე საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ-ს I მდივანს ედუარდ შევარდნაძეს და მოვახსენე, რომ 2004 წლამდე ამ არქივის იურიდიულ მეპატრონედ ითვლება საქართველო, მერე კი იგი აშშ-ის მფლობელობაში გადავა. მის მიერ ახლად აშენებულ ცენტრალური კომიტეტის შენობაში, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატმა ედუარდ შევარდნაძემ მითხრა: ნუ სწუხხარ, გურამ, 2004 წლისათვის ბოლშევიკების სახსენებელიც არ იქნება და მენშევიკები თავად ჩამოიტანენ საკუთარ არქივსო. მე გაოცებისგან თვალი გამიშტერდა, მიმოვიხედე, ხომ ნამდვილად ცკ-ს პირველი მდივნის ოთახში ვარ-მეთქი.

- ბატონო გურამ, თუ შეიძლება, დაწვრილებით გვიამბეთ, არქივის რა ნაწილი ჩამოიტანეთ საქართველოში და როგორ შეძელით ამ საშვილიშვილო საქმის განხორციელება?

- წყალდიდობისას გადარჩენილი, შედარებით დაუზიანებელი ნაწილი ქართული არქივისა პარიზში დარჩა. მას მამია ბერიშვილი პატრონობდა წლების მანძილზე. 90-იან წლებამდე მისი საქართველოში ჩამოტანა შეუძლებელი იყო. საჭირო გახლდათ საკმაოდ სოლიდური თანხაც, რომელიც ქართველ ემიგრანტებს არ გააჩნდათ.

ბოლო წლებში ხელსაყრელი პირობები შეიქმნა მისი დაბრუნებისთვის. ამიტომ მე ინტენსიურ მოღვაწეობას შევუდექი. რამდენჯერმე გახლდით პარიზში, დავუახლოვდი მამია ბერიშვილს. დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ საქმეში მის ძმას, აწ განსვენებულ შალვა ბერიშვილს. სულ ბოლოს, გასული წლის ზაფხულში ზურაბ ჟვანიასთან ერთად გახლდით პარიზში. ვისარგებლე შემთხვევით და იქ შევხვდი ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებს მამია ბერიშვილს, კარლო ინასარიძესა და სხვებს. სწორედ ამ შეხვედრაზე დაიგეგმა ქართული არქივის პარიზული ნაწილის დაბრუნება, დეკემბერში მე და დილარ ხაბულიანი ჩავედით პარიზში და ბევრი წვალებისა და დაბრკოლების მიუხედავად (ამის შესახებ საუბარს არ ვაპირებ, მომავალში საგანგებოდ შევეხები ამ ფაქტს, იმას, თუ ვინ გვიშლიდა ხელს არქივის პარიზული ნაწილის უკან დაბრუნების საქმეში) განძი საქართველოს დავუბრუნეთ.

18 დეკემბერს პარიზი-თბილისის სარეისო თვითმფრინავით არქივის პარიზული ნაწილი საქართველოში ჩამოვიტანეთ. ბინა არქივმა მისი სამართალმემკვიდრის საქართველოს პარლამენტის შენობაში დაიდო. საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 1996 წლის 22 დეკემბრის ბრძანებულებით, მე დავინიშნე არქივის შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარედ. კომისია უკვე შეუდგა თავისი საქმიანობის განხორციელებას. იგი ძირითადად ჩემს მიერ დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმის თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული. ისინი წლების მანძილზე ჩემი თანამბრძოლები არიან.

- რა დოკუმენტებისგან შედგება ქართული არქივის პარიზული ნაწილი?

- არქივის დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო და ქიმიური სამუშაოების ჩატარების გარეშე შეუძლებელია. იგი ძალიან დაზიანებულია. ამიტომაც მოვიწვიეთ საქართველოს არქივის გამოცდილი სპეციალისტი ქალბატონი თამარ სახოკია, საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომელი, ქალბატონი ლალი მესხიშვილი. აქამდე ხელს გვიშლიდა შესაბამისი მედიკამენტებისა და წამლების უქონლობა. საქართველოს ჯანმრთელობის მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის ძალისხმევით მედიკამენტები უსასყიდლოდ გადმოგვეცა, უკვე შევუდექით პირველი რიგის სამუშაოების შესრულებას. მერე დავიწყებთ არქივის აღწერილობას, ჯერჯერობით კი არავინ იცის, რა არის შიგ.

მე დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩამოვიტანეთ ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენლის ვიკტორ ნოზაძის პირადი არქივი. ანდერძით ეს არქივი მე დამიტოვეს მწერლის ძმამ და რძალმა, ლევილში მცხოვრებმა გიორგი და ლიდა ნოზაძეებმა. არქივის დამუშავებისას აღმოვაჩინეთ ბევრი გამოუქვეყნებელი რუსთველოლოგიური და ისტორიული ნაშრომი, მწერლის მიმოწერა – ეპისტოლარული მემკვიდრეობა. ფოტოდოკუმენტები, რომელსაც დიდი ინტერესით გაეცნობა ქართველი ხალხი.

- ბატონო გურამ, როდის დაუბრუნდება ქართველ ხალხს, ნამდვილ მეპატრონეს სამთავრობო არქივის ჰარვარდული ნაწილი?

- წელს არის დაგეგმილი მისი ჩამოტანა. ამ საქმეში მამია ბერიშვილთან ერთად დიდ დახმარებას გვიწევს ამერიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე გივი ზალდასტანიშვილი. ცნობილმა მოღვაწემ გიორგი ნაკაშიძემ შეადგინა ჰარვარდის ქართული კატალოგის ხელნაწერი კატალოგი. ამიტომ მისი შემადგენლობა ჩვენთვის ცნობილია.

- რას გვეტყოდით ქართული არქივის ე.წ. “საიდუმლო ნაწილზე”?

- ეს საიდუმლო ნაწილი ინახება პარიზელ ნოტარიუსთან. მისი ადგილსამყოფელი მარტო მამია ბერიშვილმა იცის. ამ არქივში არ არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი დოკუმენტაცია. ეს არის პოლიტიკურ მოღვაწეთა პირადი არქივი, რომლის გამოქვეყნებასაც ჯერჯერობით ერიდებიან.

 

მარინე ტურავა
“სამშობლო”, თებერვალი, 1997

 

 

სად გაუჩინარდა სალიას მილიონები?

შარაძე შალვა თაყაიშვილს ემუქრება

 

საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოს ორ ცარიელ საფლავში ქართველი ემიგრანტების – კალისტრატე და ნინო სალიების ნეშტები უნდა დაეკრძალათ. მაგრამ მოხდა ისე, რომ კალისტრატე სალია საქართველოში გადმოასვენეს და დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. მისმა მოხუცმა ქვრივმაც, პარიზში მცხოვრებმა ნინო სალიამ ანდერძით მეუღლის გვერდით, დიდუბის პანთეონში დაკრძალვა ისურვა. მაგრამ მისი ფერფლი დღეს საფრანგეთის ერთ-ერთ კრემატორიუმშია გადამალული.

- ას წელს მიტანებულ ნინო სალიას მეურვედ ქართველი ემიგრანტი, შალვა თაყაიშვილი დაუდგა. მან მოხუც ქალს პარიზში, საბჭოთა კავშირის საელჩოს გვერდით მდგარი ვილა გააყიდინა და ეიფელის კოშკთან ექვსოთახიან ბინაში გადაიყვანა. კალისტრატე სალიას დანაზოგიდან სამი მილიონი ფრანკი ამ ემიგრანტის ხელში მოხვდა. როცა პარიზში მოხუცი ნინო სალიას მონახულება დავაპირე, მასთან შესვლა ძლივს მოვასწარი. მეურვე ამ შეხვედრის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

შალვა თაყაიშვილს საქართველოსთან ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი აქვს და ამბობს, დღევანდელ ხელისუფლებას არ ვცნობო. ეს არცნობა მას აწყობს და ამით ხელოვნურ ბარიერს ქმნის – ამბობს მიგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გურამ შარაძე.

სალიების იურიდიულ მემკვიდრედ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი ითვლება. მეურვე გაუჩინარებულია. შალვა თაყაიშვილმა გაყიდა პარიზის ბინა, ლევილში აღარ ჩადის, პარიზის ქართულ ეკლესიაში, სადაც გალობდა კიდეც, აღარ ჩნდება. კვირაობით წირვასაც კი აღარ ესწრება.

- კაცმა არ იცის, სად წავიდა კალისტრატე სალიას დანაზოგი. სამი მილიონიც გაუჩინარებულია და ის დარჩენილი თანხაც, რომელიც სალიას ანგარიშზე იყო და დღეს საქართველოს კუთვნილებაა – ამბობს გურამ შარაძე, რომელიც საერთაშორისო სასამართლოს წესით ამ ქართველი ემიგრანტის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას აპირებს:

- რა შუაშია პოლიტიკა და ხელისუფლების ცნობა, როცა საქმე ქრისტიანულ მორალს ეხება: როდემდე უნდა იყოს ნინო სალია დაუსაფლავებელი?

 

მაია თაბაგარი
“ალია”, 14-15 ივნისი, 1997

 

 

 

არქივი დროებით პარლამენტში დაბინავდება

 

8 ოქტომბერს, გვიან ღამით, თბილისის აეროპორტში, რეისით ფრანკფურტი-თბილისი, სამოცდაათწლიანი ემიგრაციის შემდეგ საქართველოს დაუბრუნდა 1918-1921 წლების ეროვნული მთავრობის არქივი, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტში ინახებოდა. სააგენტო “გეორგიას” კორესპონდენტს აეროპორტშივე ესაუბრა არქივის მოვლისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე გურამ შარაძე.

- არქივთან ერთად ერს დაუბრუნდა თავისი ისტორიული მეხსიერებაც, რომელიც დაკარგული ჰქონდა 70-წლიანი კომუნისტური რეჟიმის დროს, – როცა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია საგანგებოდ იჩქმალებოდა, XX საუკუნის კომუნისტური პოლიტიკური ისტორია კი წარსულს ჩაბარდა. პარიზიდან შარშან ჩამოტანილი ეროვნული არქივის ნაწილი და დღეს ჰარვარდიდან ჩამოტანილი უფრო დიდი ნაწილი, – ანუ მთლიანი არქივი, იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩვენი ისტორიკოსები XX საუკუნის პოლიტიკურ ისტორიას რეალური ისტორიის სახეს მისცემენ.

- თუ შეიძლება, მოკლედ ამ არქივის ისტორიის შესახებ…

- მენშევიკურმა მთავრობამ, რათა არქივი წითელი, ბოლშევიკური ოკუპაციის მსხვერპლი არ გამხდარიყო, ეს ანტიკომუნისტური არქივი, ეროვნულ სამუზეუმო განძთან ერთად, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი მეთვალყურეობდა, 1921 წლის 18 მარტს ბათუმიდან საზღვარგარეთ წაიღო. 1956 წლამდე იგი საფრანგეთის ეროვნული არქივის შენობაში ინახებოდა. სამწუხაროდ, მოხდა კატასტროფა, – წყალდიდობა, რომელმაც საფრანგეთის ეროვნულ არქივთან ერთად იმსხვერპლა ჩვენი არქივიც. ქართველმა ემიგრანტებმა გადარჩენის მიზნით, დაზიანებული ნაწილი ლევილში წაიღეს და ძალზედ პრიმიტიული წესით მზეზე გააშრეს. რაც წყალდიდობას გადაურჩა ის ნაწილი კი პარიზში დარჩა. 1974 წელს ლევილში დარჩენილ არქივს მშველელი გამოუჩნდა. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის რიჩარდ პაიპსის რეკომენდაციით იგი ჰარვარდის უნივერსიტეტში გადაიტანეს – 30 წლით შენახვის პირობით. თუ 2004 წლამდე არქივს საქართველოში არ ჩამოიტანდნენ, სამუდამოდ გვეკარგებოდა. როცა მე ამის შესახებ შევიტყვე, ჯერ კიდევ 1981 წელს ვუთხარი შევარდნაძეს, რომელიც მაშინ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი და პოლიტბიუროს წევრი იყო. შევარდნაძემ მითხრა, – ნუ ღელავ, 2004 წლამდე საქართველოში კომუნისტების სახსენებელი აღარ იქნება და მენშევიკები თვითონ ჩამოიტანენ თავიანთ არქივსო.

- არქივი სად განთავსდება?

- იგი დროებით საქართველოს პარლამენტში დაიდებს ბინას. სამწუხაროდ, საერთოდ არ არის აღწერილი, თუმცა, არსებობს პარიზული ნაწილის ერთგვარი ნუსხა, რომელიც ცნობილმა ემიგრანტმა გიორგი ნაკაშიძემ შეადგინა და რომელიც, თავისებურად ალბათ, სამსახურსაც გაგვიწევს. რადგან ჩვენს კომისიას ენდო პრეზიდენტი, პარლამენტი და რაც მთავარია, ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, რომელიც 70 წლის მანძილზე ერთ ფურცელსაც კი არავის აჩვენებდა, ნდობა უნდა გავამართლოთ: არქივს მუდმივ ადგილსამყოფელს მივუჩენთ. ის მითქმა-მოთქმა კი, რომ პარლამენტს ამ არქივზე მონოპოლიის გამოცხადება უნდაო, რბილად რომ ვთქვათ, ზოგიერთების გართობის სფერო უფროა, ვიდრე საქმისადმი ინტერესი. როცა არქივი აღიწერება და მოწესრიგდება, იგი, რა თქმა უნდა, გახდება მთელი ერის საკუთრება, მხოლოდ არა ისე, რომ ყველამ ხელი ურიოს. იქ ერთი ფურცელიც რომ დაიკარგოს, შევრცხვებით ჩვენი შთამომავლობის წინაშე. და რაც მთავარია, აღსანიშნავია, რომ თუ საქართველოში ამ არქივის დედნები შეინახება, ჰარვარდსა და პარიზში ჩვენ დავტოვეთ არქივის მიკროფირები.

 

თეა ინასარიძე
“შანსი”, 8-9 ოქტომბერი, 1997

 

 

 

საქართველოში პოლიტიკური არქივის ამერიკული ნაწილიც დაბრუნდა

 

გუშინწინ თბილისი-ფრანკფურტის რეისით საქართველოს დაუბრუნდა პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური არქივის ამერიკული ნაწილი. არქივის ფრანგული ნაწილი სულ ცოტა ხნის წინათ დაბრუნდა სამშობლოში. ახლა დაკარგვის საფრთხე ლევილს ემუქრება. იძებნება ემიგრანტი შალვა თაყაიშვილიც, რომელმაც კონსტანტინე და ნინო სალიების მიერ საქართველოსთვის დატოვებული მილიონები მიითვისა და რომელიღაც სოფელში იმალება.

საფრანგეთში ემიგრირებულმა საქართველოს მთავრობამ საგანძური ექვთიმე თაყაიშვილს ჩააბარა. მიუხედავად მრავალი გაჭირვებისა, 1946 წელს თაყაიშვილმა საგანძური სამშობლოში უკლებლივ დააბრუნა. იგი ამჟამად ხელოვნების მუზეუმის საცავებში ინახება.

რაც შეეხება პოლიტიკურ არქივს, ნოე ჟორდანია და მისი მთავრობის წევრები დარწმუნებულები იყვნენ, რომ სტალინი მას გაანადგურებდა და ამიტომ დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. არქივი ხელუხლებლივ პარიზში ინახებოდა, ვიდრე 1956 წელს იგი წყალდიდობამ არ დააზიანა. ხელმოკლეობის გამო, ქართველმა ემიგრანტებმა იგი სათანადოდ ვერ აღადგინეს და პრიმიტიულად მზის სხივებზე გააშრეს. ამით მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულად დაზიანდა.

1974 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, რიჩარდ პაიპსმა ამერიკის მთავრობა დაარწმუნა არქივის მნიშვნელობაში და მათ აღსადგენად რამდენიმე ასეული ათასი დოლარი გადაარიცხვინა. ამის შემდეგ, არქივი ჰარვარდის ბიბლიოთეკაში ინახებოდა. მას ზედამხედველობას გივი ზალდასტანიშვილი უწევდა. ემიგრანტულ მთავრობასა და ჰარვარდს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, თუ არქივი 2004 წლამდე არ დაბრუნდებოდა სამშობლოში, იგი ჰარვარდის უნივერსიტეტის საკუთრება ხდებოდა.

უმტკივნეულოდ დაბრუნდა ფრანგული არქივი. ჰარვარდის უნივერსიტეტმა კი შემდეგი პირობა წამოაყენა. საარქივო კომიტეტის ყველა წევრის თანხმობა არქივის დაბრუნებაზე და მეორე ნაწილის მიკროფილმების ჩუქება. მოლაპარაკებებს აწარმოებდა უცხოური არქივის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე გურამ შარაძე. ამ მოთხოვნათა შესრულების შემდეგ, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა გადასცა არქივი საქართველოს წარმომადგენლებს.

ბოსტონიდან ფრანკფურტში და შემდეგ თბილისში 77 წლის შემდეგ ჩამოვიდა რამდენიმე ათასი დოკუმენტით დატვირთული 682 კგ-იანი 42 ყუთი. არსებობს შენახული დოკუმენტების მხოლოდ მიახლოებითი გიორგი ნაკაშიძის მიერ შედგენილი ნუსხა. ასე რომ, გახსნისას ბევრი მოულოდნელობა გველის, იმედოვნებს გურამ შარაძე. მისი თაოსნობით უკვე შექმნილია არქივის შემსწავლელი სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობის დამთავრებას გაზაფხულისთვის აპირებს.

ჯერჯერობით არქივი პარლამენტის საცავებში ინახება, კითხვაზე რატომ – შარაძემ ასე უპასუხა: “იმიტომ, რომ ეს რომელიმე ორგანიზაციას კი არა, პირადად მე ჩამაბარეს. შესწავლის დამთავრების შემდეგ, მას საბოლოო პატრონს გადავცემ”. ჯერჯერობით პრეტენზია საარქივო დეპარტამენტსა და მეცნიერებათა აკადემიას აქვს. სხვათა შორის, ნოე რამიშვილის ანდერძით, სწორედ ეს უკანასკნელია მისი კანონიერი მემკვიდრე.

ახლა დაკარგვის საფრთხე ემუქრება ემიგრირებული მთავრობის კიდევ ერთ საკუთრებას: 1922 წელს სახელმწიფო ფულით შეძენილ ლევილის მამულს ციხე-სიმაგრიანად. ანდერძის მიხედვით, 1998 წელს უნდა მოხდეს მისი გადაფორმება ახალ სუბიექტზე. თავიდან იგი მთავრობის ხუთ წევრზე გაფორმდა. მათგან არც ერთი აღარაა ცოცხალი. მამულის საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის მომხრეა მხოლოდ ექვთიმე თაყაიშვილის, კოწია კანდელაკისა და სამსონ ფირცხალავას შთამომავლები, აკაკი რამიშვილი და ნოე ჟორდანიას შვილები კი პრეზიდენტზე გაბრაზებულები, სხვა პრეტენზიას აცხადებენ. “გვეყო მათი მოფერება, საქართველოს სიყვარულს მე თბილისიდან ვერ ვასწავლი. ეს მამული საქართველოს საკუთრებას წარმოადგენს და მე ამისთვის ბრძოლას ვიწყებ”, – განაცხადა გურამ შარაძემ.

იძებნება შალვა თაყაიშვილიც, რომელსაც შარაძემ კალისტრატე და ნინო სალიების მემკვიდრეობის მითვისება დააბრალა. “მათი მილიონები თაყაიშვილმა შვეიცარიის ბანკიდან გაიტაცა და ქალბატონ ნინოს ფერფლთან ერთად სოფელში იმალება. მას პარიზსა და მარსელში მდებარე სახლების გაყიდვაც მოუსწრია და ჰგონია, ვერავინ მიაგნებს. არსებობს ანდერძი, რომლითაც ეს ფული სალიებმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას დაუტოვეს. ჩვენ დაწყებული გვაქვს ძებნა”, – დაუმატა შარაძემ.

ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკიდან ჩამოსული სტუმრები გივი ზალდასტანიშვილის მეთაურობით, პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ მიიღო.

 

ეკა სარია
“რეზონანსი”, 10 ოქტომბერი, 1997

 

 

 

გურამ შარაძე ომს იწყებს საქართველოსთვის ლევილის დასაბრუნებლად

 

8 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღად ჩაიწერება. ამ დღეს სამშობლოს დაუბრუნდა 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური არქივი, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტში, კერძოდ, ჰოუტონის ბიბლიოთეკაში ინახებოდა. ამ მამულიშვილური საქმის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი, პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეები კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი გურამ შარაძე გახლდათ, რომელსაც თან ჩამოჰყვა ემიგრანტი ქართველი, ჰარვარდული პოლიტიკური არქივის თავმჯდომარე გივი ზალდასტანიშვილი მეუღლითურთ, ჰოუტონის ბიბლიოთეკის მთავარი მცველი ლესლი მორისი და სხვა პირები. ბატონმა გურამმა გაითვალისწინა რა ჟურნალისტების, საზოგადოების ფართო ინტერესი ამ მოვლენისადმი, მეორე დღესვე, 9 ოქტომბერს პრესკონფერენცია გამართა პარლამენტში. სიმბოლურია, რომ ღონისძიება სწორედ I რესპუბლიკის დარბაზში გაიმართა.

პრესკონფერენციის დასაწყისში ბატონმა გურამ შარაძემ მადლობა გადაუხადა აუდიტორიას და მას ამერიკიდან ჩამოსული სტუმრები წარუდგინა. შემდგომ საკმაოდ დაწვრილებით ისაუბრა საქართველოს მთავრობის 1921 წელს ემიგრაციაში წასვლაზე: “1921 წლის 25 თებერვლის ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ დატოვა თბილისი და იტალიური გემით საფრანგეთს გაემგზავრა ემიგრაციაში. მათ თან წაიღეს ეროვნული განძი და პოლიტიკური არქივი. ეროვნული განძი საქართველოს 1946 წელს დაუბრუნდა დე გოლისადმი სტალინის თხოვნის საფუძველზე. ამ საქმეში, როგორც ყველასათვის ცნობილია, დიდი წვლილი შეიტანა ექვთიმე თაყაიშვილმა.

რაც შეეხება არქივის დაბრუნებას, ეს საქმე იმ დროისთვის ვერ განხორციელდა, რადგან ნოე ჟორდანია ვერ ენდო ბოლშევიკებს, არქივის განადგურების შიშით. ჩვენი არქივი 1956 წლამდე პარიზის ეროვნულ არქივში ინახებოდა. შემდგომ მოხდა წყალდიდობა, რომელმაც დააზიანა არქივი. ფინანსურად შეჭირვებულ ემიგრანტებს მისი აღდგენა არ შეეძლოთ და ბუნებრივ პირობებში ლევილის მამულში მზეზე აშრობდნენ. დაზიანებული ნაწილი ჰარვარდის უნივერსიტეტში 1974 წელს გადაიტანა რიჩარდ პაიპსმა. მან ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება დაარწმუნა ამ არქივის მნიშვნელობაში და ამერიკის მთავრობის ფინანსური დახმარებით სათუთად გადააადგილა ჰოუტონის ბიბლიოთეკაში. ჰარვარდული არქივის თავმჯდომარედ გივი ზალდასტანიშვილი დაინიშნა, შეიქმნა კომისიაც, რომელშიაც ამერიკის მხრიდან წარმომადგენელი პაიპსი გახდა”.

ბატონმა გურამმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა თავისი კომიტეტის შექმნის თაობაზე, აღნიშნა, რომ ეს უპირველესად ფრაქცია “აღორძინების”, ასლან აბაშიძისა და ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა, რომელმაც ამ კომიტეტის შექმნას მხარი დაუჭირა. “სწორედ ამან განაპირობა აქტიური საქმიანობა ჰარვარდთან. ამერიკის ერთ-ერთ საპარლამენტო დელეგაციაში ზურაბ ჟვანიამ მეც ჩამრთო, აქედან დაიწყო რეალური ნაბიჯები არქივის დასაბრუნებლად. სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ჰარვარდული არქივის არსებობა 1981 წელს გახდა ცნობილი აკაკი რამიშვილის – ნოე რამიშვილის შვილისგან. ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს მაშინდელ ცკ-ს პირველ მდივანს ედუარდ შევარდნაძეს შევხვდი და ავუხსენი, რომ თუკი 2004 წლამდე ამ სიმდიდრეს ვერ დავიბრუნებდით, იგი სამუდამოდ დაიკარგებოდა. ბატონმა ედუარდმა მითხრა, რომ რამდენიმე წელში კომუნისტები აღარ იქნებიან და არქივს მენშევიკები ჩამოიტანენო. სიმართლე გითხრათ, მეგონა დისიდენტთან ვლაპარაკობდი”, – საკმაოდ საინტერესო, ასატაცებელი ფრაზა წამოსცდა ბატონ გურამს. მან ისაუბრა იმაზეც, თუ რა საზეიმოდ გადასცეს არქივი ჰარვარდის უნივერსიტეტში, მადლიერება გამოხატა უნივერსიტეტის პრეზიდენტისადმი. აღნიშნა ისიც, რომ ადგილობრივ პრესაში ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება ჰქონდა.

სად უნდა ინახებოდეს, ვინ უნდა აღწეროს და შეისწავლოს არქივი?

ბატონმა გურამმა საკმაოდ ნათლად დახატა სიტუაცია: “პროფილით ეს არქივი საარქივო დეპარტამენტში უნდა დაიცვან, მაგრამ თავად არქივის დამცველ ემიგრანტ ქართველთა ანდერძის ერთ-ერთ მუხლში მითითებულია, რომ იგი მეცნიერებათა აკადემიას უნდა გადაეცეს. ჯერჯერობით, პარლამენტში დარჩება. აქ კომისია აღწერს და შეისწავლის მას და საბოლოოდ გაზაფხულზე გადაწყდება ეს საკითხი.

გურამ შარაძემ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეც გვამცნო. ნოე ჟორდანიას პირად არქივში აღმოჩენილია კონსტანტინე გამსახურდიას დიპლომი, რომელიც მან ბერლინის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტის დამთავრებისას დაიცვა.

პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა გივი ზალდასტანიშვილი და ჰოუტონის ბიბლიოთეკის მთავარი მცველი ქალბატონი ლესლი მორისი. მათ ილაპარაკეს არქივის მნიშვნელობაზე, მის როლზე საქართველოს ისტორიაში.

საბოლოოდ გურამ შარაძემ შემტევი სტილი აირჩია და მოღალატე ქართველების წინააღმდეგ ომის გამოცხადება ამცნო აუდიტორიას. საუბარია შალვა თაყაიშვილზე, რომელმაც სალიების მილიონები, საქართველოს მეცნიერებისთვის დატოვებული, ბანკიდან გაიტაცა. გაყიდა მამული ლევილში, ვერსალში და რომელიღაც მიყრუებულ სოფელში ცხოვრობს. “ჩვენ იგი უნდა ვიპოვოთ და მისი უნამუსო საქციელი დავგმოთ. ნინო სალიას ფერფლი დღესაც დაუკრძალავია, არადა, ამ მხცოვანი ქალბატონის სურვილი დიდუბეში, კალისტრატე სალიასთან დამარხვა გახლდათ. ქრისტიანია შალვა თაყაიშვილი?” – აშკარად აღელვებულმა იკითხა გურამ შარაძემ და დაამატა, რომ დღეიდან იგი იწყებს ბრძოლას ლევილის საქართველოსთვის დასაბრუნებლად.

ლევილი-შატო საქართველოს კუთვნილებაა, ქართველმა ემიგრანტებმა იგი ქვეყნის სახსრებით შეიძინეს. მფლობელებად ჟორდანია, რამიშვილი, ჩხენკელი, გეგეჭკორი და სხვანი ითვლებოდნენ. საფრანგეთში, სამოქალაქო კანონმდებლობით, ყოველივეს 30 წლის შემდეგ კვლავ ახლად გაფორმება სჭირდება, ახლაც, ბოლო პერიოდში დრო იწურებოდა, ძლივს ვიპოვე მფლობელთა მემკვიდრეები და ნოტარიუსის წესით კვლავ გავაგრძელეთ ვადა”, – დასძინა ბატონმა გურამ შარაძემ.

გურამ შარაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა საშვილიშვილო საქმეში, აღნიშნა “აღორძინების კავშირის” დამსახურება. “ვმოქმედებ, ვეძებ გზებს ქართულ გენოფონდს, ისტორიას ლამის დაკარგული სიმდიდრე, ფურცლები შევმატო”, – იმედიანად განაცხადა გურამ შარაძემ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან მიღებაზე სტუმრებს წარუძღვა.

 

პაატა ბელთაძე
“დილის გაზეთი”, 10 ოქტომბერი, 1997

 

 

 “თუ ლევილს არ დავიბრუნებთ, დავკარგავთ მას”

 

გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა აშშ-დან ტრიუმფალური სვლითა და განწყობით ჩამოსულ გურამ შარაძეს, რომელმაც ამჯერად ჰარვარდის უნივერსიტეტის ქართული არქივის ნაწილი, მისი შემნახველები და აშშ-ში საარქივო კომისიის თავმჯდომარე გივი ზალდასტანიშვილი ჩამოიყვანა.

 

ზურაბ ჟვანიამ სტუმრებთან შეხვედრისას დიდი მადლობა გამოუცხადა გურამ შარაძეს და კმაყოფილება გამოთქვა, რომ შეიქმნა კომიტეტი, რომელსაც შარაძე უდგას სათავეში. “არა მგონია, სხვა რომელიმე კომიტეტს ემუშაოს ასე ნაყოფიერად” – სრული გულწრფელობითა და კეთილგანწყობით აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

თავის მხრივ გურამ შარაძემ გამოიჩინა ტაქტის უმაღლესი ნიჭი და აღორძინების კავშირი მხოლოდ ერთხელ ახსენა, ისიც ჟურნალისტებთან შეხვედრისას. შარაძის თქმით, ჰარვარდის უნივერსიტეტიდან გამოტანილი არქივის ნაწილი პარლამენტში განთავსდება და ჰარვარდმაც ნდობა სწორედ პარლამენტს გამოუცხადა. “ჯერ ერთი, ამერიკაში მცხოვრები ქართული დიასპორა და ჰარვარდის უნივერსიტეტი ენდო საქართველოს პარალმენტს, მეორეც, პარლამენტში არქივი საუკეთესოდ იქნება დაცული და მესამეც, პარლამენტი არის ამ არქივის იურიდიული მემკვიდრე”, – თქვა შარაძემ.

ჟვანიასთან შეხვედრისას შარაძემ დასახა მომავალი ტრიუმფალური სვლების გეგმები. “თუ ჩვენ არ დავიბრუნეთ ლევილი, ჩვენ დავკარგავთ ლევილს, ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ ნინო და კალისტრატე სალიების იმ მილიონების მიღებაზე, რომლებიც დღეს შვეიცარიის ბანკში ინახება” – განაცხადა გურამ შარაძემ და მადლობა განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარეს და მის აპარატს დიდი ყურადღებისთვის.

 

გიორგი უძილაური
“ახალი თაობა”, 10 ოქტომბერი, 1997

 

 

არქივები გვიბრუნდება, არქივებს ვიბრუნებთ

 

ახლახან გურამ შარაძე ჟენევიდან ხელდამშვენებული დაბრუნდა. “ნადავლის” თაობაზე კი გუშინდელ პრესკონფერენციაზე გვიამბო. 26 მაისს – დამოუკიდებლობის აღდგენის 80 წლისთავს მან უძღვნა ხარიტონ შავიშვილის არქივი და საკუთარი წიგნი – “ერის ისტორიული მეხსეიერების დაბრუნება”. მათი პრეზენტაცია 26-ში საზეიმოდ გაიმართება საქართველოს პარლამენტში.

1908 წელს შვეიცარიაში ჩასული ჩვენი თანამემამულე 1918 წელს ამ ქვეყანაში საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი გახდა. შემდეგ სოციალ-დემოკრატთა აქტიური წევრი ჟენევაში ერთა ლიგის საქართველოს წარმომადგენელი იყო. გაეროს წინამორბედი ერთა ლიგა დღეს გაეროს ევროპის ჟენევის განყოფილებად იწოდება. სწორედ აქ ინახებოდა არქივი, რომელიც 50 ყუთს მოიცავს. ჰარვარდული და პარიზული არქივებისგან განსხვავებით. სირთულე იყო ის, რომ არ არსებობს ხარიტონ შავიშვილის ანდერძი არქივის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე. შვეიცარული მხარე მხოლოდ არქივის ქსეროასლების გადაღებას დაგვთანხმდა. ინვენტარიზაციისა და კატალოგიზაციის შემდეგ, არქივის ქსეროასლების ნაწილი საქართველოს დაუბრუნდა, ნაწილიც დაუბრუნდება. გურამ შარაძის თქმით, მას დიდი დახმარება გაუწია პრეზიდენტის მეგობარმა, გაეროს ჟენევის განყოფილების უფროსმა ვლადიმერ პეტროვსკიმ, საქართველოს საელჩომ და ელჩმა ამირან კავაძემ, შვეიცარიის პარლამენტის წევრმა ჟან ციგლერმა. არქივში დაცულია საქართველო-შვეიცარიის კონტაქტების, ერთა ლიგაში საქართველოს მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები. აგრეთვე, გრიგოლ რობაქიძის ცხოვრების დეტალები, ნოე ჟორდანიას, აკაკი ჩხენკელის, ევგენი გეგეჭკორის წერილები, ზურაბ ავალიშვილის უცნობი შრომები. თუმცა, გურამ შარაძეს უმნიშვნელოვანესად მიაჩნია 1919 წელს აჭარის ისტორიული მეჯლისის სტენოგრამა, რომელსაც მემედ აბაშიძე უძღვებოდა. შარაძე იმედოვნებს, რომ ეს მასალა მაინც მოაგონებს თბილისსა და აჭარას 25 აგვისტოს, აჭარის დედა-სამშობლოსთან დაბრუნების თარიღს.

 

მანანა ცხადაია
“დილის გაზეთი”, 20 მაისი, 1998

 

 

“ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე”…

 

პარიზთან ახლოს, დაბა ლევილის ქართველთა სასაფლაოზე განსვენებულ ნიკოლოზ (კოკი) დადიანის (1879-1939) ეპიტაფიის ეს სიტყვები, ალბათ, ყველაზე უფრო მჭერმეტყველურად გამოხატავს სამშობლოდან მოწყვეტილ და ბედის უკუღმართობით უცხოეთის ცის ქვეშ მოხვედრილი ქართული ემიგრაციის ტრაგიკულ სვეს!” სწორედ ამ სიტყვებით იწყება პროფესორ გურამ შარაძის წიგნის “უცხოეთის ცის ქვეშ” შესავალი ნაწილი.

“კვალი”: ამ ადამიანების ხმამ 80-იანი წლების მიწურულს მოაღწია ჩვენამდე. როდესაც “რკინის ფარდამ” დაიწყო მსხვრევა. სამშობლოდან გადახვეწილი თანამემამულეების შესახებ პირველი სერიოზული ინფორმაცია ქართულმა საზოგადოებამ სწორედ თქვენი ძალისხმევის შედეგად მიიღო. თქვენ ამ კუთხით მოღვაწეობა ჯერ კიდევ იმ ეპოქაში დაიწყეთ, როდესაც ასეთი საქმიანობისთვის მრავალი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობდა. რამ გადაგაწყვეტინათ საბჭოთა მოქალაქისათვის ასეთი “მიუღებელი” ნაბიჯი გადაგედგათ?

გურამ შარაძე: მეც, ისევე როგორც საბჭოთა საქართველოს მოქალაქეებს, წარმოდგენა არ მქონდა ემიგრანტებზე, მათ მოღვაწეობაზე, კულტურაზე, პუბლიცისტიკაზე. ამ საქმეში ილია ჭავჭავაძის წმინდა სულმა მიწინამძღვრა. ეს კი ასე იყო: 1978 წელს დავინიშნე რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ტექსტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად. დირექტორმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე ბარამიძემ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის მომზადება დამავალა. მანამდე ეს უდიდესი ქართველი მწერალი პავლე ინგოროყვასეული გამოცემის ათტომეულით იყო ცნობილი ქართული საზოგადოებისათვის. გადავწყვიტე, რომ ახალი გამოცემა მართლაც ახალი ყოფილიყო და არა წინამორბედების გამეორება. შევადგინე სამუშაო პროგრამა და ჯერ ლიტერატურის ინსტიტუტში აკადემიკოს ალ. ბარამიძესთან წარვადგინე, ხოლო შემდეგ მეცნიერებათა აკადემიაში, პრეზიდენტ, აკადემიკოს ევგენი ხარაძესთან. ჩემი მთავარი მიზანი იყო გამოგვევლინა ილიას უცნობი თხზულებები, პუბლიკაციები თუ წერილები.

ინგლისელი ქართველოლოგის დევიდ ბარეტის, რომელიც ოქსფორდის “ბოდლის” ბიბლიოთეკის ერთ-ერთი თანამშრომელი იყო, კატალოგის მეშვეობით შევიტყვე, რომ ოქსფორდში მარჯორი და ოლივერ უორდროპების ფონდში ილია ჭავჭავაძის და მისი მეუღლის ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძის პირადი წერილების გარდა, ჩვენი გამოცემისათვის საჭირო მდიდარი საარქივო მასალაც უნდა ყოფილიყო დაცული.

ამ პროგრამის საფუძველზე 1981 წლის ოქტომბერში მივლინებით გავემგზავრე ინგლისში, სადაც ძალზედ სერიოზულ უცნობ არქივს მივაგენი, თავდაპირველად ოქსფორდში, უკვე აღნიშნულ “ბოდლის” ბიბლიოთეკაში, ხოლო შემდეგ ლონდონის “ბრითიშ მუზეუმში”.

დევიდ ბარეტთან ჩემი შეხვედრა მეგობრობაში გადაიზარდა. მან ოქსფორდში ჩამოიყვანა და გამაცნო თავისი მეგობარი, მაშინ ლონდონში მცხოვრები დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის პირველი თავმჯდომარის, შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის უმცროსი ვაჟი აკაკი რამიშვილი, რომელმაც მთხოვა ლონდონში ჩასვლისას დავკავშირებოდი. მართლაც, მალევე შევხვდი მას. ბატონმა აკაკიმ თავისთან მიმიწვია. სწორედ აქ, მის ბიბლიოთეკაში აღმოვჩნდი ჩემთვის სრულიად უცნობ სამყაროში. აქ ვნახე: ნოე რამიშვილის პირადი არქივი, ქართული ემიგრაციული ჟურნალ-გაზეთები, ქართული წიგნები და გამოცემები. აქვე შევიტყვე, რომ 1921 წლის მარტში, ეროვნულ განძთან ერთად, მთავრობას სახელმწიფო არქივიც წაუღია, რომლის ერთი ნაწილი პარიზში ინახება, კერძოდ ლევილში, მეორე ნაწილი კი შეერთებულ შტატებში – “ჰარვარდის” უნივერსიტეტში.

ასე გავხდი ქართული ემიგრაციის მკვლევარი, ასე შემეყარა მისი კვლევის “სენი” და ამ მხრივ, ჩემი პირველი მეკვლე გახლდათ აკაკი რამიშვილი, რომელიც ამ რამდენიმე ხნის წინ პარიზში გარდაიცვალა და ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

“კვალი”: როგორც აღნიშნეთ, ეს იყო ხელის პირველი შეხება. ამის შემდეგ, როდის დაიწყეთ ქართული ეროვნული მთავრობის არქივის შესწავლა?

გურამ შარაძე: ჯერ ისევ ლონდონში ყოფნისას ბატონმა აკაკი რამიშვილმა მთხოვა, ილიას შემდეგ ხელი მომეკიდა ქართული ემიგრაციის არქივის შესწავლისათვის და მითხრა, რომ თუ 2004 წლამდე არ დავუბრუნებდით ამ არქივს კანონიერ მფლობელს – საქართველოს და ქართველ ხალხს, დავკარგავდით ამ საგანძურს, რადგან ხელშეკრულების საფუძველზე, იგი ამერიკას გადაეცა 2004 წლამდე შენახვის, მოვლისა და რესტავრირებისთვის, ამ ვადის გასვლის შემდეგ მის საკუთრებად გამოცხადების უფლებით.

ჩამოვედი საქართველოში, შევხვდი მაშინდელ ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, დღევანდელ პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს და ავუხსენი ვითარება. ბატონმა ედუარდმა დამამშვიდა, 2004 წლამდე საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების და კომუნისტური პარტიის ნასახი აღარ იქნება და ემიგრანტები თავიანთ სამშობლოში თვითონვე ჩამოიტანენ ამ არქივსო.

თავი დისიდენტთან მეგონა. მართლაც, როგორ განვითარდა მოვლენები, ყველამ ვიცით და ჩვენ უკვე შეგვეძლო ეროვნული მთავრობის ანდერძის შესრულება, – არქივი მხოლოდ კომუნისტური დიქტატურის დამხობის შემდეგ ჩამოსულიყო საქართველოში.

მე ამ არქივზე მუშაობა თბილისში გავაგრძელე, რაშიც ხელი შემიწყო თბილისში მცხოვრებმა, აწ განსვენებულმა, პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფმა და იქიდან ბერიასა და სტალინის მიერ მოტაცებულმა შალვა ბერიშვილმა, რომელმაც სარეკომენდაციო წერილი მისწერა თავის ძმას, ლევილში მცხოვრებ მამია ბერიშვილს. ბატონი მამია დღესაც ცოცხალია და აგრძელებს მამულიშვილურ საქმეს.

ბარათით, რომელშიც ეწერა, რომ მე ვიყავი ნამდვილად პატიოსანი და ყოველგვარ ორგანოებთან შეუკვრელი კაცი, 1987 წელს პირველად ვეწვიე ლევილს, რის შემდეგაც არაერთგზის ვიყავი საფრანგეთში, შეერთებულ შტატებში და საბოლოოდ 1996 წელს, როგორც პარლამენტის წევრმა და კომიტეტის თავმჯდომარემ დიდი ხნის ოცნება ავიხდინე – საქართველოში ჩამოვიტანე არქივის ლევილისეული ნაწილი, ხოლო მომდევნო წელს ჰარვარდში დაცული მასალებიც დაუბრუნდა სამშობლოს.

“კვალი”: ეს არქივი სრული სახითაა წარმოდგენილი თუ ჯერ კიდევ დარჩენილია რაიმე ნაწილი საზღვარგარეთ?

გურამ შარაძე: დიახ, რაღაც ნაწილი დარჩენილია, მაგრამ ძალზედ მცირე. ესაა სახელმწიფო არქივიდან მამია ბერიშვილის მიერ ამოღებული პოლიტიკურად საიდუმლო მასალები, რომელიც კერძო ნოტარიუსთან არის მიბარებული და მისი ჩამოტანა მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როდესაც ამას ან თავად ბატონი მამია ჩათვლის საჭიროდ, ან ის პიროვნება, ვისაც იგი თავის ანდერძში მოიხსენიებს.

კვალი”: რა მდგომარეობაშია საქართველოში დაბრუნებული არქივი? როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მრავალი საარქივო მასალა სავალალო მდგომარეობაშია და ამდენად პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო არქივსაც ხომ არ ემუქრება რაიმე საფრთხე?

გურამ შარაძე: 2000 წლის 9 თებერვლიდან სამშობლოში დაბრუნებული ეს უნიკალური მასალა საარქივო დეპარტამენტში ინახება. ამ დეპარტამენტს საქართველოს კვალობაზე საუკეთესო პირობები აქვს და ქართველ მკვლევარებს, ისტორიკოსებს, სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს დღეს შეუძლიათ ქართული პოლიტიკური ემიგრაციის არქივს გაეცნონ, რაც ხელს შეუწყობს ამ პერიოდის საქართველოს ისტორიის, კულტურის შესწავლას.

კვალი”: სახელმწიფოს გარდა, ვთქვათ, იმავე ქართულმა ემიგრაციამ თუ გაიღო რაიმე დახმარება?

გურამ შარაძე: არა, მაგრამ მათი დახმარება იყო ის, რომ ეს არქივი უფასოდ გადმოგვეცა და არც ერთი ლარი, არც ერთი დოლარი, მივლინებისა და გზის ფულის გარდა, სახელმწიფოსაც არ გაუღია.

კვალი”: საქართველოდან ემიგრირება გარკვეული ინტერვალებით მიმდინარეობდა. ამის მიხედვით დამკვიდრდა გამოთქმები – პირველი თაობის, მეორე თაობის ემიგრანტები. რა განსხვავებაა ამ ნაკადებს შორის და თუ იგრძნობა ეს მათ პირად ცხოვრებაში?

გურამ შარაძე: ქართველური სული ყველაზე კარგად პირველი თაობის პოლიტიკურ ემიგრაციას აქვს შენარჩუნებული. ესენი იყვნენ ჟორდანიას მთავრობის წარმომადგენლები და კულტურული ინტელიგენცია – მწერლები, მეცნიერები, მაგალითად, იგივე ექვთიმე თაყაიშვილი, ზურაბ ავალიშვილი, ვიკტორ ნოზაძე, შალვა ამირეჯიბი, ცოლ-ქმარი თამარ და აკაკი პაპავები და კიდევ უამრავი სასიქადულო მამულიშვილი. ესაა ემიგრაციის პირველი ტალღა.

მეორე თაობის ემიგრანტები II მსოფლიო ომს გადარჩენილი ადამიანები არიან, რომლებიც სტალინის გამარჯვების შემდეგ საქართველოში და მთლიანად საბჭოთა კავშირში არსებული სიტუაციის გამო ვეღარ დაბრუნდნენ სამშობლოში. ეს ხალხიც დიდი პატრიოტიზმით გამოირჩევა.

მესამე ტალღა კი, ასე ვთქვათ, პირველი პრეზიდენტის და ეროვნული მთავრობის დამხობის, 1991-1992 წლების ცნობილი მოვლენების შემდეგ გასული ემიგრაციაა.

ყველაზე ცუდი ჩვენი ქვეყნისათვის ეს 90-იან წლებში, ეკონომიური და ფინანსური სიდუხჭირის გამო სარჩო-საბადებლის საშოვნელად წასული ემიგრაცია, რომლის მოქმედება ბევრჯერ და ბევრგან, რბილად რომ ვთქვა, გულისმომკვლელია.

კვალი”: დღეს უამრავი ქართველი მიდის საზღვარგარეთ, გართულებული რომ არ იყოს განვითარებული ქვეყნების ვიზის მიღება, ალბათ, კიდევ უფრო მეტი წავიდოდა. სამწუხაროდ, ბევრ მათგანს უკან დაბრუნების სურვილი არ აქვს. თქვენი მონაცემებით, რა რაოდენობის ემიგრანტი ჰყავს საქართველოს და ძირითადად რომელ ქვეყნებში?

გურამ შარაძე: სახელმწიფო მოხელეები ხშირად მსაყვედურობენ, რომ მე ამ ციფრს ვაჭარბებ. მათ მიერ ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოდან დღეისათვის დაახლოებით 300 ათასი კაცია წასული. ვითომ ეს ცოტაა? ამ რაოდენობის ხალხი ხომ სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილის სახით გვყავს. ამ 300 ათას ადამიანს დავუმატოთ ლუკმა-პურის საძებრად აყრილი საქართველო… და, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მათი რიცხვი მილიონს აღწევს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ერთ მილიონში საქართველოს არაქართველი წარმოშობის მოსახლეობაც იგულისხმება. ჩვენთვის, ეროვნებისდა მიუხედავად, საქართველოში დაბადებული არც ერთი ადამიანი დასაკარგი არ არის.

კვალი”: ქართველი ქალის მშვენიერებამ ძველთაგანვე შორს გაითქვა სახელი, მაგრამ მისი სიტურფე-სილამაზის უპირველესი შემფასებელი თავად ქართველი იყო ყოველთვის. დღეს კი, საზღვარგარეთ გასულ ქართველ ქალთა დიდი ნაწილი მეძავად, სტრიპტიზის მოცეკვავედ და კიდევ ათასი საშინელების ჩამდენად იქცა. მომიტევონ ჩვენმა დედებმა, რომლებიც ჯერ ისევ ერის სადარაჯოზე დგანან და მათაც, ვინც სამშობლოდან გაჭირვების გამო გადაიხვეწა, მაგრამ თავისი სახე არ დაუკარგავს. თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით?

გურამ შარაძე: მართლაც, ვეღარ იცავს ქართველი ერი თავის ქალს. თუ აქამდე თურქები ქართველ ქალთან ქორწინებაზე ოცნებობდნენ – სისხლის, გენეტიკის გასაკეთილშობილებლად და ამას 100 მცდელობიდან მხოლოდ ერთხელ ახერხებდნენ, დღეს ეს პრობლემა აღარა აქვთ. არათუ მეუღლეობაზე, არამედ მეძავად, ხარჭად დასმაზეა დღეს საუბარი. იქ ამ დონემდე დავეცით! ესაა ერის ტრაგედია და ამას ბოლო უნდა მოვუღოთ.

კვალი”: როგორ?

გურამ შარაძე: საქართველოს აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ უნდა შექმნან ცხოვრების ისეთი პირობები, რომ შეჩერდეს როგორც ფიზიკური, ასევე ინტელექტუალური სიმდიდრის გადინება ჩვენი ქვეყნიდან. მივცეთ მათ მშობლიურ მიწაზე არსებობისა და დამკვიდრების საშუალება. ავაღორძინოთ საქართველო ისე, რომ ყოველგვარი აგიტაცია-პროპაგანდის გარეშე დავუბრუნოთ საქართველოს მისი მოსახლეობის ერთი მილიონი.

კვალი”: დამეთანხმებით, საქართველოს სულიერადაც არანაკლებ უჭირს, რასაც მოწმობს ასე მომრავლებული სექტები, რომლებსაც თქვენ ეწინააღმდეგებით.

გურამ შარაძე: როდესაც შენს გვერდით, რაღაც ფანატიზმის გამო იღუპებიან ადამიანები, როდესაც ზედაზნის მონასტრის გვერდით კერპთასაყუდელს გიშენებენ და “ჯვარს” არქმევენ, როდესაც ეროვნულ ჯარში სამსახურზე უარს აცხადებენ იმ მოტივით, რომ იეღოვა ამას კრძალავს, ღებულობენ ფინანსურ დახმარებას ჩვენი ჩვიდმეტსაუკუნოვანი რწმენის მოსასპობად და ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ ჯერ კიდევ არა გვაქვს შესაბამისი კანონმდებლობა, ყოველი ადამიანის, საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენლის ვალია, ხმა აღიმაღლოს უსჯულოთა წინააღმდეგ და მხარში დაუდგეს იმ ადამიანებს, ვინც ამის აღსაკვეთად იბრძვის. სამწუხაროდ, ასეთები ცოტანი არიან.

კვალი”: “ლევილის” საქართველოსათვის გადმოცემის ფაქტი დიდ მნიშვნელობას იძენს. ვინ გახდება მისი იურიდიული მემკვიდრე და, საერთოდ, როგორ წარმოგიდგენიათ ფრანგულ მიწაზე ამ პატარა ქართული “კუნძულის” მომავალი ცხოვრება?

გურამ შარაძე: ლევილის ქართული მამულის საქართველოსათვის გადმოცემა ჯერ კიდევ იმ ადამიანების სურვილი იყო, ვინაც იგი 1922 წელს შეიძინა, მაგრამ ამის დრო ჯერ არ იყო დამდგარი. დღეს კი, ნოე ჟორდანიას შვილიშვილმა, წარსულში საქვეყნოდ ცნობილმა ბალერინამ, ლევილის მამულის გემგეობის დღევანდელმა თავმჯდომარემ ეთერ ფაღავამ და ქართული ემიგრაციის სხვა წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ დადგა დრო, ლევილის შატო გადაეცეს მის მემკვიდრეს, საქართველოს და ქართველ ხალხს.

ამ მხრივ მუშაობა კულტურის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს. ჯერ-ჯერობით იურიდიული მხარეა მოსაწესრიგებელი. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ ვინ გახდება მისი მფლობელი. ეს, ალბათ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იქნება.

თვითონ ლევილის სახლი კი წარმოდგენილი მაქვს, როგორც მეცნიერების, ხელოვნების მოღვაწეების, პარიზში სასწავლებლად მყოფი სტუდენტების თუ უბრალოდ საფრანგეთში სტუმრად ჩასული ქართველების თავშესაყარ ადგილად, სადაც იტრიალებს ქართული სული და გაგრძელდება ის მამულიშვილური საქმეები, რომლებსაც მისი პირველი ბინადარნი აკეთებდნენ.

კვალი”: როდესაც ქართველი ემიგრანტების ნაშრომებს, პუბლიკაციებსა თუ ურთიერთმიწერილ წერილებს ვეცნობით, ჩვენ ვხედავთ თუ როგორ განიცდიან ისინი იმ ფაქტს, რომ ქართული ემიგრაცია შეკრული, ერთიანი არ არის, რომ ყველას ცალ-ცალკე სურს საქართველო სწორედ მის საკუთარ სახელთან კავშირში გათავისუფლდეს. ამის დასტურად ისიც კმარა, რომ სამ-ოთხ კაციანი ჯგუფების მეშვეობით უამრავი ჟურნალ-გაზეთი გამოდიოდა და უთანხმოების გამო უმალ წყვეტდა არსებობას.

გურამ შარაძე: გეთანხმებით. ქართველი ყველგან ქართველია თავისი ავითა და კარგით. რაც შეეხება მათ გათიშულობას, თავკერძობას, ერთმანეთის შუღლს, ეს ქართველის ისტორიულად ცნობილი, მისი ხასიათის მომაკვდინებელი ნაწილია. ამასთან ერთად ის უამრავი პარტია, რომელიც არსებობდა და ახლაც არსებობს, კიდევ უფრო ამძაფრებდა და ამძაფრებს დაპირისპირებას. თითო კაცი ხომ თითო პარტიას წარმოადგენდა. შედარებით ძლიერი პარტიების შიგნითაც, – როგორებიც იყვნენ სოციალ-დემოკრატები, სოციალ-ფედერალისტები, ეროვნულ-დემოკრატები, – რამდენიმე მიმართულება იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ ახალგაზრდულ მიმდინარეობებზე.

სწორედ ამ ერთმანეთის გაუტანლობამ დაგვღუპა ჩვენ, მაგრამ სიფხიზლეც შეგვძინა. მუდმივი თვალდახუჭულობისა და თვითგადარჩენის ინსტიქტი გამოგვიმუშავა.

კვალი”: ბატონო გურამ, როგორ შეაფასებდით დღევანდელ ქართულ ემიგრაციას, მათ როლს საქართველოს შემდგომი განვითარებისათვის?

გურამ შარაძე: ჩვენი ემიგრაცია, სხვა ქვეყნების დიასპორებისგან განსხვავებით, ძლიერი სახით ვერ არის წარმოდგენილი, მაგრამ ჩვენს თვალწინ მოხდა ქართული ემიგრაციის მოღონიერება, როგორც ფინანსურად, ასევე პოლიტიკურად. მე ვისურვებდი, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ადამიანები მუდამ თავიანთი სამშობლოს სამსახურში ყოფილიყვნენ, მით უმეტეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა, ფორმალურად მაინც, არსებობს და ის რკინის ფარდა, რომელიც საბჭოთა ეპოქის დროს იყო ჩამოშვებული, საბედნიეროდ, დაირღვა.

კვალი”: დიდი მადლობა, ბატონო გურამ.

გურამ შარაძე: გმადლობთ.

 

გიორგი ჩერქეზიშვილი
დამოუკიდებელი ელექტრონული გამოცემა
kvali.com, 27 ოქტომბერი, 2000

 

 

საქართველო – სამანს იქით 

გურამ შარაძეს ესაუბრება რუსუდან ნიშნიანიძე

 

ჟენევაში გრიგოლ რობაქიძე ივანე ზურაბიშვილის მიერ ნაამბობ ერთ ამბავს გაიხსენებს და მოხიბლული მონათხრობს “გასაოცარს” დაარქმევს. 1888 წელია. ალექსანდრე III ჩამოდის საქართველოში. ქუთაისსაც ესტუმრება. ამალის თანხლებით შედის იმ ტაძარში, “სობოროს” რომ ეძახდნენ. “შესდეგ, რუსეთის ხელმწიფევ! გაისმა ხმა გაბრიელისა (იგულისხმება გაბრიელ ეპისკოპოსი – რ.ნ.). ირგვლივ გაოცება. ეს ქვეყანა უძვირფასესი მარგალიტია შენს გვირგვინში და როგორც ასეთი, სხვა ყურადღებისა და სხვა ზრუნვის ღირსია, სხვა მოპყრობას მოითხოვს, ვიდრე ის, რომელსაც ადგილი აქვს”.

“შესდეგ, რუსეთის ხელმწიფევ!” არა მგონია, იტყვის აღტაცებული ქართველი მწერალი, მსოფლიოს ისტორიაში მოვნახოთ ასეთი გაბედული მიმართვა თვითმპყრობელისადმი. ამ სამ სიტყვაში მოცემულია მთელი საქართველო”.

“მთელი საქართველო”, – ეს სიტყვები, რასაკვირველია, კონკრეტულ ფაქტსაც შეგვიძლია მივუსადაგოთ და ზოგადადაც გავავრცოთ. 1918-1921 წლების საქართველო ერთი ხანაა ქვეყნის ისტორიაში. დამოუკიდებლობის დაკარგვის დღიდან კი სრულიად ახალი ეპოქა იწყება: იმ ადამიანებისთვის, რომელნიც სამშობლოში აგრძელებენ ცხოვრებასა და იმათთვისაც, მშობლიურ კერასა და სამკვიდრებელს დაშორებულთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტული ქართველი ემიგრანტები რომ დაერქმევათ სახელად და როგორც ამგვარ შემთხვევაში ამბობენ, დეკორაცია იცვლება და ფრაგმენტები ძნელად ერთდებიან. თუმცა გარკვეული სულისკვეთების აღდგენა და დამოკიდებულებათა გამოკვეთა მაინც ხერხდება; და ერთი იმათგანი (მინდია ლაშაური) იტყვის: ჩვენ “…ყველაფერი დავკარგეთ: სამშობლო – ცა ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტი… მოდუდუნე მტკვრის ნაპირი… აღარ გვესმის ქართველი გულგადაღეღილი გლეხის ურმული აღზევანს მავალი, მაგრამ სული ხომ შეგვრჩა, ქართული სული”…

“უცხოეთის ცის ქვეშ” – ასე დაასათაურა ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა ბატონმა გურამ შარაძემ თავისი სამტომეული ამ რამდენიმე წლის წინათ. ძალიან ზუსტი სახელდება. ამ წიგნებს მოჰყვა მისივე რედაქტორობით “დაბრუნების” სერიით დასტამბული ტომეულები: ექვთიმე თაყაიშვილის უცნობი ნაწერები, რევაზ გაბაშვილის მოგონებები, ვიკტორ ნოზაძის რუსთველოლოგიური კვლევანი და ა.შ.

გამოიცა და საზოგადოებას ხელთ აქვს ბ-ნ გურამ შარაძის ახალი წიგნები: “ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია” I-II ტომი. მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დასტამბული ტომეულები არაერთი ასპექტითაა მნიშვნელოვანი და საყურადღებო. დავიწყებული წარსული – ამბობენ არცთუ იშვიათად, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, უფრო ზუსტი იქნებოდა – უცნობი წარსული. არა მხოლოდ რევოლუციამდელი, არამედ კიდევ უფრო საინტერესო, გასაბჭოების შემდეგდროინდელი ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკა. საზოგადოდ, ემიგრანტობა გარკვეულ ემოციურ პლანში განიხილება, მაგრამ აქ საგულისხმოა ის ინტელექტუალური პოტენციალი (პოლიტიკური, სამეცნიერო, ლიტერატურული), რომელმაც ქვეყნის ფარგლები დატოვა. დაშლილი, დარღვეული ოჯახები, ორად გათიშული ქვეყანა და ისტორია… ისტორია, რომელიც ყოველდღიურად იწერება. პრესა, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების გამომხატველია, მისი ყოველდღიური ჭირ-ვარამის გამჩხრეკი, შემფასებელი. ქართველი ემიგრანტები ძირითადად ქართველი მკითხველისათვის წერენ. მათ მიერ მშობლიურ ენაზე გამოცემული გაზეთები და ჟურნალები ამის დასტურია (რასაკვირველია, უცხო ენაზეც, მაგრამ ძირითადად მაინც ქართულზე). და ამ წიგნების მეშვეობით ჩვენს ხელთაა (ქრონოლოგიური პრინციპით დალაგებული) პოლემიკით, განსჯით, დაპირისპირებით, ერთიანი სულისკვეთებით გაჯერებული სხვადასხვა გამოცემა. ჩვენს თვალწინ უცნობი, სამანს იქით დარჩენილი “მთელი საქართველოა”.

თუმცა, მინდა მაინც ყველაფერი თავიდან დავიწყოთ…

 

- ბატონო გურამ, როდის, პირველად რა ვითარებაში მოხდა ამ მასალის ნახვა, გაცნობა?

- მე წარმოდგენა არ მქონდა არც ქართულ ემიგრანტულ ჟურნალისტიკაზე, არც ემიგრანტულ ქართულ მწერლობაზე და არც ქართულ ემიგრანტულ პოლიტიკაზე. ვგულისხმობ პროფესიულ წარმოდგენას, რადგანაც პროფესიონალი ვარ – ფილოლოგი და ისტორიკოსი; ამ თვალსაზრისით, თორემ განაგონი, რუსები რომ იტყვიან “Слышал звон, не зная откуда он”, ამ პრინციპით არასოდეს მიცხოვრია, მით უფრო, ჩემს პროფესიაში.

1981 წელს პირველად გახლდით ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეს სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, რათა მემუშავა ცნობილი ინგლისელი ქართველოლოგების მარჯორი და ოლივერ უორდროპების პირად არქივში, რომელიც მათი გარდაცვალების შემდეგ ბოდლეს ბიბლიოთეკას გადაეცა – იქ დაცული ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერებისა თუ თვითონ ილია ჭავჭავაძის შესახებ უცნობი მასალების მოსაძიებლად. მე მაშინ რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ტექსტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი გახლდით, რომელსაც ილია ჭავჭავაძის ახალი აკადემიური გამოცემის მომზადება დაევალა. მოგეხსენებათ, დღემდე სწორუპოვარ გამოცემად ითვლება პავლე ინგოროყვას რედაქტორობით განხორციელებული ილიას თხზულებათა ათტომეული. ეს 50-იან წლებში განხორციელდა. მას შემდეგ ილიას უცნობი ბევრი ხელმოუწერელი თხზულება გამოვლინდა. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდია თამარ მაჭავარიანისა და სხვათა ღვაწლი. ამდენად, ლიტერატურის ინსტიტუტმა გადაწყვიტა ილიას თხზულებათა ახალი გამოცემის განხორციელება. აკადემიკოსმა ალექსანდრე ბარამიძემ, ჩემმა მასწავლებელმა, რუსთველოლოგიის განყოფილებიდან გადამიყვანა და დამნიშნა ამ განყოფილების ხელმძღვანელად. ჩემი გაანგარიშებით და ჩემს მიერ შედგენილი საგამომცემლო პროსპექტით, ილიას ახალი გამოცემა 20 ტომი მაინც უნდა ყოფილიყო. 10 ტომი განსხვავებული…

ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ილია ჩვენთვის გოეთეც არის, შექსპირიც, ტოლსტოიც და ამ ადამიანების 10 ტომი კი არა, 10 ფურცელიც რომ აღმოჩნდეს, რა მოხდება თუ ინგლისში, თუ გერმანიაში, ან რუსეთში… როცა ამ პროსპექტზე ვმუშაობდი, ამ მასალების ძიების დროს მივაგენი კვალს, რომ ილიას შესახებ მასალები უნდა ყოფილიყო ოქსფორდში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ბ-ნ ევგენი ხარაძის და ინსტიტუტის დირექტორის ბ-ნ ალექსანდრე ბარამიძის შუამდგომლობით მიმავლინეს ოქსფორდსა და ლონდონში. ლონდონში – ბრიტანეთის მუზეუმში, ოქსფორდში – ბოდლეს ბიბლიოთეკაში. ჩემი ოქსფორდში ჩასვლა და იქ მუშაობა დაემთხვა ცნობილი ინგლისელი ქართველოლოგის, დევიდ ბარეტის 65 წლის შესრულებას. შეიძლება ჩვენმა მკითხველმა არ იცოდეს, რომ დიდ ბრიტანეთში კაცი 65 წლისა რომ გახდები, თუ გინდა ნიუტონი, თუ გინდა აინშტაინი იყო, იმ დღესვე, იმავე საათში უნდა დატოვო სამსახური. ეს, ერთი მხრივ კარგია, რომ ახალგაზრდებს უთავისუფლდებათ ადგილი, ასევე, კარგია მეორე მხრივ ამ ე.წ. პენსიონერებისთვისაც, იმიტომ, რომ მათთვის პენსია ჩვენსავით კი არ არის სიდუხჭირისა და დაკარგული სიბერის წლები, არამედ ეს არის წლები, როდესაც უდგებათ თავისი ჭირნახულის მომკის დრო. უზარმაზარი პენსია, რომელიც მოქმედ ხელფასზე მეტია, თორემ ნაკლები არა; და ზიხარ თუ მწერალი ხარ, თუ მეცნიერი ხარ, თუ… წერ და მუშაობ, აკეთებ საქმეს…

დევიდ ბარეტს ვიცნობდი ჯერ კიდევ თბილისიდან, როდესაც ის აქ ბრძანდებოდა… ერთ დღეს ოქსფორდის სასტუმროში დამხვდა მოსაწვევი ბარათი უნივერსიტეტის რექტორისაგან. ჰაროლდ მაკმილანი – ეს იყო ცნობილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ერთ დროს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ახლა ოქსფორდის უნივერსიტეტის რექტორი. და ის მეპატიჟებოდა უნივერსიტეტში დევიდ ბარეტის საიუბილეო, გასაცილებელ საღამოზე. მივედი. მოვიკითხეთ ერთმანეთი, მოვიგონეთ თბილისში ყოფნის დღეები… საქართველოს სახელით სიტყვითაც გამოვედი. მადლობა გადავუხადე ქართული კულტურისათვის, მეცნიერებისა და საერთოდ, ქართველოლოგიაში გაწეული ღვაწლისათვის. დავამთავრე სიტყვა და უცებ შეკრებილი საზოგადოებიდან გამოეყო საკმაოდ ენერგიული ჭარმაგი მოხუცი. მოვიდა და ქართულად მეუბნება: ბატონო გურამ, მე ვარ ნოე რამიშვილის უმცროსი ვაჟი აკაკი რამიშვილიო. ასევე, გამაცნო ახალგაზრდა ქალი, ჩემი მეუღლეაო – მაია კვალიაშვილი. ნოე რამიშვილი, რა თქმა უნდა, ვიცოდი. მოვიკითხეთ ერთმანეთი და ბატონი აკაკი მეუბნება: – ბატონო გურამ, ჩვენ, ქართველებმა, ინგლისელებს ხომ არ უნდა მივბაძოთ. ჩვენთვის თავდადებული კაციო, ბარეტზე თქვა, ასე ფეხზე მდგომი ხომ არ უნდა გავაცილოთო (იმას გულისხმობდა, რომ საღამოს შემდეგ ალაფურშეტზე მიგვიწვიეს). ინგლისელები რომ მორჩებიან ამას, წავიდეთ რესტორანში, ქართულთან მიმსგავსებული სამზარეულოთი, იქ დავსხდეთ და ჭიქები მივუჭახუნოთ ერთმანეთსო. კარგი-მეთქი – ვუთხარი. დამთავრდა ეს ცერემონიალი და გამოვედით გარეთ. ვარჩიეთ: იტალიური თუ ბერძნული, ბერძნული თუ იტალიური… ბოლოს, შევედით ბერძნულში. იქ დავლოცეთ ბ-ნი ბარეტი, მადლობა ვუთხარით, მოვეფერეთ… ბარეტმა თქვა, მომავალი კვირიდან უკვე პენსიონერი ვარ, სამსახური აღარ მაწუხებს, შევიკრიბოთ ჩემს სახლში და ქართულად მასპინძლობას ახლა მე გაგიწევთო. იქ, ოქსფორდთან ახლოს არის უინსტონ ჩერჩილის საგვარეულო მამული და იმასაც დაგათვალიერებინებთ, იქვე ვცხოვრობო.

შევთანხმდით.

ერთი კვირის შემდეგ ბ-ნი აკაკი და მისი მეუღლე, სხვათა შორის, ის ცნობილი სამხედრო პირის მიხეილ კვალიაშვილის ქალიშვილი გახლდათ, ჩამოვიდნენ ლონდონიდან ოქსფორდში და ერთად წავედით ბ-ნ დევიდ ბარეტთან. შევედით და… დევიდ ბარეტს აქვს ქართული ხალხური სიმღერების მთელი კოლექცია: პაჭკორია, კავსაძე, ავქსენტი მეგრელიძე… დიდი ძველებური ინგლისური გრამოფონია ჩართული და ისმის ქართული ხალხური მელოდია. არაჩვეულებრივი განწყობილება შეიქმნა, აღარც ვიცოდი, ჩერჩილის მამულში ვიყავი თუ გურიის ან კახეთის რომელიღაც სოფელში. როგორც გითხარით, იღვრებოდა ქართული მომღერალი გუნდების სიმღერები. შემდეგ დავმეგობრდით. ამის თქმა მინდა. ჩემი სამეცნიერო მივლინება ორთვიანი იყო: ერთი თვე ოქსფორდში უნდა გამეტარებინა, მეორე – ლონდონში. ბატონი აკაკი, როგორც გითხარით, ლონდონში ცხოვრობდა, და მითხრა, როგორც კი მორჩებით ოქსფორდში მუშაობას და ლონდონში ჩამობრძანდებით, უეჭველად მესტუმრეთო. მომცა თავისი ტელეფონის ნომერი… – კი ბატონო, სიამოვნებით-მეთქი. დავასრულე ოქსფორდში მუშაობა და ლონდონში გავემგზავრე. რასაკვირველია, დავუკავშირდი ბ-ნ აკაკის. მან მაშინვე მიმიწვია სახლში. ჩელსის უბანში ცხოვრობდა. ეს ყველაზე არისტოკრატული უბანია ლონდონში. იქ ცხოვრების უფლება ყველას არა აქვს. შეიძლება იყო მილიონერი, მაგრამ თუ არ ხარ განსაკუთრებული, ელიტარული საზოგადოების წევრი, ისე იქ ვერ იცხოვრებ!

- ამ შემთხვევაში რა იყო მისი დამსახურება?

- ის, რომ იგი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის შვილი. თქვენ მოგეხსენებათ, 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის შემდეგ შეიქმნა კოალიციური ეროვნული მთავრობა, რომლის თავმჯდომარეც ნოე რამიშვილი გახლდათ.

- რამდენადაც ვიცი, ნოე რამიშვილს ლონდონში თვითონ არ უცხოვრია, მაგრამ ამ პრივილეგიით შეეძლო მის ოჯახს ესარგებლა?

- დიახ, ნოე პარიზში ცხოვრობდა, პარიზშივე მოკლეს 1930 წელს. აქ არასოდეს უცხოვრია… ვესტუმრე ბატონ აკაკის, შევედი სახლში და ჰოი, საკვირველებავ… სასტუმრო ოთახში როგორც კი შეხვიდოდით, თვალში მოგხვდებოდათ სურებიდან წამოღებული, ფაქტიურად დაძენძილი საგვარეულო ხალიჩა ახალ ქსოვილზე დაკერებული. საოჯახო რელიქვია. შემდეგ ბიბლიოთეკაში შემიყვანა და აი, იქ ვნახე პირველად ქართული ემიგრანტული ჟურნალ-გაზეთები, ჯერ კიდევ ნოე რამიშვილის დროს შეგროვებული, მისი პირადი ბიბლიოთეკიდან და მერე შევსებული ბ-ნი აკაკის მიერ.

ჩემს წინაშე გადაიშალა სრულიად უცნობი ახალი სამყარო…

მე, ჩასული ილია ჭავჭავაძის საარქივო მასალების საძებნად, ისე, აქვე ვიტყვი, რომ ოქსფორდში ბევრი საინტერესო მასალა აღმოჩნდა: ილიას წერილები, თხზულება წმ. ნინოს შესახებ, ილიასა და უორდროპების, ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძესთან ურთიერთობის ამსახველი. აქვე იყო ივანე მაჩაბლისა და მისი მეუღლის, ტასო ბაგრატიონ-მაჩაბლისა და სხვათა არქივები. სწორედ იქიდან ჩამოტანილი მასალებით გამოვეცი ორი ტომი: “ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე” და “საქართველოს მზე და სიყვარული ალბიონის კუნძულზე. მინდა ვთქვა, რომ ილია ჭავჭავაძის წმინდა სულმა დამაყენა ქართული ემიგრაციის შესწავლის გზაზე, თორემ შეიძლებოდა მთელი ცხოვრება ისე გამეტარებინა, არ გამჩენოდა არავითარი სურვილი და მიზანი. აი, უკვე ჩემს წინაა ქართული ემიგრანტული კულტურა, პოლიტიკა, მეცნიერება, ჟურნალისტიკა. მოგეხსენებათ, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკა ანტიბოლშევიკური, ანტისაბჭოთა იყო. შესაბამისად – მისი შემოტანა საბჭოთა კავშირში აკრძალული, რა თქმა უნდა, საბჭოთა საქართველოშიც. ასე რომ, მთელი ეს XX საუკუნის თავისუფალი, დემოკრატიული, ანტიკომუნისტური პრესა სრულიად უცნობი იყო ქართველი მკვლევარებისათვის, ჟურნალისტიკის ისტორიკოსებისათვის.

- როგორ ხდებოდა მათი წამოღება, ტრანსპორტირება. როგორ ხერხდებოდა ეს მაშინ, იმ პერიოდში და იმ შესაძლებლობათა პირობებში?

- ბრიტანეთის მუზეუმში მუშაობას რომ მოვრჩებოდი, ბ-ნი აკაკის ბინაში მივდიოდი, ხანდახან ვრჩებოდი კიდეც და ღამეებს ვათენებდი ამ ჟურნალ-გაზეთების კითხვაში. ეს იყო ნაწილი მაინც. იმიტომ, რომ ნოე რამიშვილი და მისი ოჯახი ცხოვრობდა პარიზში. მისი სიკვდილის შემდეგ (1930 წელს) აკაკი უმატებდა როგორც შეეძლო და ავსებდა. შემდეგ ოჯახი გაიყო. აკაკის ჰყავდა და-ძმაც. უფროსი ბენიამინი და ნუცა. ქ-ნი ნუცა დღესაც ცოცხალია, ბენია გარდაცვლილია. ასე რომ, ეს იყო მაინც არქივის ნაწილი, რომელიც ბატონმა აკაკიმ ლონდონში წამოიღო.

მერე, დაახლოებით 10 წლის შემდეგ თვითონაც დატოვა ლონდონი, დაბრუნდა პარიზში და იქვე გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილში ქართველთა სასაფლაოზე… მოკლედ, დადგა წამოსვლის დრო. ვფიქრობ, როგორ დავტოვო ეს ლონდონში. არადა, როგორ გინდა გადმოლახო სსრკ-ს საზღვარი. მაშინ ფრენა მოსკოვიდან სრულდებოდა უცხოეთში, თბილისიდან არ იყო. ლონდონში მუშაობდა ორი ჩვენი თანამემამულე: ერთი საბჭოთა კავშირის ტელევიზიის კორესპონდენტი, მეორე – რადიოსი. ერთი თბილისელი ბიჭი იყო, კოლმეურნეობის მოედანზე ცხოვრობდნენ მისი მშობლები და მას ვუთხარი: სამი შვილი მყავს, რაღაცეები ვიყიდე ეკონომიით, აქეთ-იქით და ბარგი დამიგროვდა 20 კილოზე მეტი და შესაბამისად, ფული უნდა გადავიხადო და სად მაქვს, ეგებ დამეხმარო-მეთქი. კიო, – დამეთანხმა, თვითონვე მიმიყვანა ჰიტროუს აეროპორტამდე, გააფორმა როგორც “Dჰტვზ”-ს ტვირთი და უკვე აღარც მოსკოვში, შერემეტიევოზე აღარ იყო პრობლემა. წამოვიღე, რა თქმა უნდა, შერჩევით “ბრძოლა”, “ქართლოსი”, “ივერია”, “სამშობლო”, ე.ი. სხვადასხვა და ყველა. დიახ, ასე იყო. რამდენიმე ნომერი გარკვეული წარმოდგენის შესაქმნელად. ვთქვათ, სოციალ-დემოკრატების იყო “ბრძოლა”, ეროვნულ-დემოკრატების – “სამშობლო”, ქართველი ნაციონალისტების – “ქართლოსი”, ფედერალისტების – “სახალხო საქმე” და ა.შ. ასე გამეხსნა გზა ქართული ემიგრანტული კულტურისადმი. მე ამას ჩვენი პირველი ეროვნული კოალიციური მთავრობის თავმჯდომარის ნოე რამიშვილის უმცროს ვაჟს აკაკი რამიშვილს ვუმადლი.

- ეს ყველაფერი თქვენს სახლში ინახებოდა და წლების განმავლობაში ივსებოდა…

- დიახ. ჩემი თბილისში დაბრუნების შემდეგ, იცით, ამის თაობაზე ჯერ არსად მისაუბრია, ერთ მშვენიერ დღეს ფოსტით მივიღე წერილი. გავხსენი, შალვა ბერიშვილი მწერს თავის აღსარებას: წარსულს, ბიოგრაფიულ ეპიზოდებს. ეს რაღაც დაუჯერებელი ამბავი იყო. სიზმარშიც რომ ვერ წარმოიდგენდა კაცი.

თურმე შენს გვერდით, თბილისში ცხოვრობს კაცი, რომელიც 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი გმირი, ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილის მარჯვენა ხელი პარიზში, 30-იან წლებში გადადიოდ-გადმოდიოდა თურქეთ-საბჭოთა კავშირის საზღვარზე, ჩამოდიოდა თავის მშობლიურ სურებში და ჩოხატაურში. მერე მოიტაცა ბერიამ, ჩამოიყვანა, გადაასახლა ციმბირში, 70 წლისა დაბრუნდა თბილისში, შეირთო ცოლი და ჰყავს ახალგაზრდა ანგელოზივით ქალიშვილი.

როგორ მოგწონთ? და რაც ყველაზე მთავარია, ის მატყობინებდა, რომ დიდი ხანია მადევნებდა თვალყურს, აკვირდებოდა ჩემს მოღვაწეობას და საზოგადოებრივი აზრის თუ შინაურების და გარეშეთა გამოკითხვით მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოეცხადებინა ჩემთვის ნდობა, გაენდო დიდი საიდუმლო და მოენდო მნიშვნელოვანი საქმე. ამისათვის მიბარებდა სახლში. თქვენ მიმაჩნიხართ ჩემი მიზნის განმახორციელებლადო. თან მწერდა, რომ ლოგინად იყო ჩაწოლილი და კარებზე როგორ უნდა დამერეკა, რომ იმ ზარის მიხედვით მიხვდებოდა… რაღა გამაჩერებდა?! დავიმახსოვრე, როგორც უნდა მოვქცეულიყავი და მივედი. გულის ფანქცალით ვრეკავ. მესმის, რომ დიდი ვაი-ვაგლახით, ხვნეშით უახლოვდება ვიღაც კარს, გააღო და საოცრება: 90 წელს მიღწეული, ყოველგვარი მეტაფორისა და გაპრანჭული ფილოლოგიური ფრაზების გარეშე, სპილოსძვლისფერი, მაღალი, გამხდარი, ფრესკიდან გადმოსული ულამაზესი მამაკაცი. გავიცანით ერთმანეთი. შემიპატიჟა. დავსხედით და დავიწყეთ მუსაიფი. კიდევ ვიმეორებ, რომ მან უამრავი რამ მიამბო თავისი ბიოგრაფიიდან, მაგრამ, რაც მთავარია, გამანდო მიზანი ჩემი მიწვევისა. მისი უმცროსი ძმა, მამია ბერიშვილი, რომელიც ცხოვრობს პარიზთან ახლოს ლევილში, არის ლევილის მამულისა და მთავრობის არქივის გამგე.

ისე, უცნაურია ძმების თავგადასავალი. შალვა რომ ემიგრაციაში იყო, 14 წლის მამია დაიჭირეს და აწამეს ჩეკა-ს ციხეებში. დაიწყო II მსოფლიო ომი, მამია იყო ექიმი, ჩავარდა ტყვედ. ლავრენტი ბერია და მისი აგენტურა შალვა ბერიშვილს რომ იჭერდა და აქეთ, საბჭოთა კავშირში მოჰყავდა, ამ დროს მისი უმცროსი ძმა ტყვედჩავარდნილი ნოე ჟორდანიამ დაიხსნა ფაშისტთა ტყვეობიდან და ჩამოიყვანა პარიზში. სხვათა შორის, ძმები ნოე რამიშვილის დისშვილები გახლავთ. ასე ასცდნენ ამდენი ხნის უნახავი ძმები ერთმანეთს.

ყოფილი ემიგრანტი საბჭოთა საქართველოში დააბრუნეს და ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქე გახდა ემიგრანტი. შალვა ბერიშვილს ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციაში. ამაში არაერთგზის დავრწმუნდი. მისი სიტყვა მამიასთვის კანონი იყო. სხვათა შორის, აკაკი რამიშვილი და ძმები ბერიშვილები ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. ბ-ნმა აკაკიმ გამიხსნა გზა ემიგრანტული სამყაროსკენ სრულიად შემთხვევით, აი, ახლა უკვე შალვა ბერიშვილი მიხსნიდა გზას პარიზ-ლევილისაკენ, მაგრამ როგორ გინდა იქ მოხვდე?

- იმ ლოგიკით, რომ შემთხვევით არაფერი ხდება, ალბათ, გამოსავალი მაინც მოიძებნა.

- დიახ, ასე იყო. შალვამ დაწერა წერილი და ამ სარეკომენდაციო ბარათით გავემგზავრე საფრანგეთში. ბ-ნმა მამიამ ლევილში ჯერ არ მიმიღო. როცა პარიზიდან დავურეკე და წერილის და ჩამოსვლის შესახებ ვუთხარი, მე თვითონ გნახავთო. ჩამოვიდა პარიზში. შევხვდით რომელიღაც ბერძნულ რესტორანში (ამ შემთხვევაშიც რატომღაც ბერძნულში, როგორც მაშინ, ოქსფორდში). წარმოიდგინეთ, ასობით ადამიანში ღამის რესტორანში უცებ ვიცანით ქართველმა ქართველი. ვისაუბრეთ. როგორც ჩანს, მოვეწონე ბატონ მამიას და თავისი მანქანით იმავე ღამეს წამიყვანა ლევილში. გამაცნო ფრანგი მეუღლე, ვაჟი – ტიერი, ერთადერთი ვაჟიშვილი. დავმეგობრდით და დავთქვით, რომ დავიწყებდით ერთობლივ ბრძოლას იმ არქივის წამოსაღებად, რომელიც თავის დროზე ექვთიმე თაყაიშვილს არ გამოატანა ნოე ჟორდანიამ და მისმა მთავრობამ იმ მოტივით, კომუნისტები ყველაფერს გაანადგურებენო. შალვა და მამია ბერიშვილს გადაეწყვიტათ, რომ თავის სიცოცხლეში მოესწროთ ამ დიდი ეროვნული საქმის ბოლომდე მიყვანა და ის მომანდეს მე.

ასე გამეხსნა გზა უკვე პარიზის ქართული ემიგრაციისაკენ და ლევილის არქივისაკენ. შემდეგ ყოველ წასვლა-წამოსვლაზე არაერთი მასალა მომქონდა და ვუმატებდი ჩემს არქივს. მქონდა ყველა ჟურნალ-გაზეთის რეესტრი. ვთქვათ, “ბედი ქართლისა”, ან “ქართლოსი”… პარიზში ეს ნომერი ვიპოვე, მიუნხენში ის…

მიუნხენის მაგალითი: მიუნხენშიც ილია ჭავჭავაძის მეოხებით მოვხვდი. შემიყვანეს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დამდგენ სახელმწიფო კომისიაში. იყო ასეთი ქართველი ემიგრანტი – იოსებ ირემაშვილი, რომელსაც გერმანიაში გამოცემული ჰქონდა წიგნაკი ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით. ის ყოფილი სოციალ-დემოკრატი გახლდათ და ჰქონდა მოგონება. ამ და სხვა წყაროების მოსაძებნად მიმავლინეს მიუნხენში.

წასასვლელად ვემზადები და ამ დროს, ჩემი წიგნი იბეჭდება ბეჭდვითი სიტყვის კომბინატში. მუშებს, მბეჭდავებს, ამწყობებს ძალიან ვუყვარდი, კარგი ურთიერთობა გვქონდა და ვთქვი მათთან, ასეა-მეთქი. ერთი ახალგაზრდა ქალი მეუბნება:

- ბატონო გურამ, მიუნხენში ბიძა მყავს და თუ თქვენ იქ მიბრძანდებით, მისამართს და ტელეფონის ნომერს მოგცემთ და უეჭველად დაუკავშირდითო.

გავფრინდი მიუნხენში. ვმუშაობ ბიბლიოთეკებში, ვეძებ მასალებს… ერთ დღეს დავრეკე ამ ნომერზე. ვუთხარი ჩემი ვინაობა, ამასთანავე მისი ახლობლის შესახებაც. მკითხა, რომელ სასტუმროში ვიყავი და როგორც პარიზში, ანაზდად ვიცანით ერთმანეთი – ქართველმა ქართველი. ასე დავუმეგობრდი ბატონ კარლო ინასარიძეს, ცნობილ პოლიტიკურ ემიგრანტს, ჟურნალ “მებრძოლი საქართველოს” რედაქტორს, სამთავრობო საარქივო კომისიის წევრს, რომლის ნებართვასა და თანხმობაზე ბევრად იყო დამოკიდებული არქივის სამშობლოში წამოღება…

ახლა ამერიკა. მე აქ დავით საღირაშვილზე დავწერე წერილი. კარლო ინასარიძესთან ყოფნის დროს გავიცანი რადიო “თავისუფლების” თანამშრომელი როდამ ცომაია, რომელიც აღმოჩნდა დავით საღირაშვილის ვაჟის, შოთა საღირაშვილის გერი. როდამმა ოჯახს გაუგზავნა ამ წერილის ამონაბეჭდი გაზეთიდან. მათ ისე გაუხარდათ, ეს სახელი რომ გავაცოცხლე და საქართველოს დავუბრუნე, რომ ერთ მშვენიერ დღეს ვიღებ მიწვევას ვაშინგტონიდან; მიწვევდნენ ბ-ნი შოთა საღირაშვილი და ქ-ნი ნათელა ჩაჩიბაია.

ზაფხულში წავედი ვაშინგტონში. იქ გავიცანი ბ-ნი გივი კობახიძე “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის დირექტორი 20 თუ 30 წლის მანძილზე; მისი უმდიდრესი ბიბლიოთეკა და არქივი. იქ ჩავყურყუმალავდი გივი კობახიძისა და შოთა საღირაშვილის არქივებში. გითხარით, რეესტრი დამქონდა: რაც დამაკლდებოდა პარიზში. იმას ავიღებდი მიუნხენში, რაც დამაკლდებოდა მიუნხენში, იმას ავიღებდი ვაშინგტონში…

- ასე მიზანმიმართულად აგროვებდით?

- დიახ, დიახ. მერე ჩავედი ნიუ-იორკში, იქ სხვა ქართველმა ემიგრანტებმა მიმიწვიეს. ასე ფურცელ-ფურცელ, ნომერ-ნომერ ვაგროვებდი ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის კოლექციას და შემიძლია გადაუჭარბებლად ვთქვა, რომ არცერთი ნომერი არ მაკლია, რომელიც ევროპაში, აზიაში და ამერიკის კონტინენტზე გამოდიოდა.

ჰო, იერუსალიმი. არც ეს მიამბნია არასოდეს. საიდან მოვხვდი აქ? თბილისში ვმეგობრობდი, ერთ დროს ვსწავლობდით უნივერსიტეტში არონ წიწუაშვილთან. ის ფილოსოფიის ფაკულტეტზე იყო. ერთმანეთთან მიმოწერა გვქონდა. ერთობლივად მოვაწყვეთ I საერთაშორისო კონგრესი იერუსალიმში ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე. ჩავედი იერუსალიმში და წამოსვლისას ქართველი ებრაელების მიერ გამოცემული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ნიმუშები და კიდევ სხვა კოლექცია წამოვიღე.

ახლა თურქეთი. ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორმა ქ-ნმა შუშანა ფუტკარაძემ, რომელსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა სტამბოლის ქართული კათოლიკური მონასტრის მფლობელთან ბ-ნ სიმონ ზაზაძესთან, და მე მოვაწყვეთ ერთობლივი ექსპედიცია და რამდენიმე წელი ვმუშაობდით კათოლიკური მონასტრის უმდიდრეს არქივსა და ბიბლიოთეკაში. იქ ვნახე ზღვა მასალა და მათ შორის, ემიგრანტული ჟურნალისტიკის ნაკლული ნომრები.

ასე რომ, მე დღეს მაქვს ეს კერძო კოლექცია, რომელიც სხვა უმნიშვნელოვანეს მასალებთან ერთად, თქვენ ეს კარგად გახსოვთ, 1994 წელს ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესი რომ მოვაწყვეთ ბ-ნმა რეზო ჩხეიძემ და მე ჩვენს კოლეგებთან ერთად; აი, მაშინ, მთელი ამ კოლექციის საფუძველზე გაიხსნა უნივერსიტეტში ქართული ემიგრაციის მუზეუმი და დღეს იქ არის მთელი ჩემი ცხოვრების წვით, დაგვით, შრომით მოპოვებული თითოეული ექსპონატი; ვერც კი განვსაზღვრავ, რად მიღირდა ყოველი მათგანი.

- თავისთავად, მუზეუმის გახსნა უდიდესი საქმეა; წიგნი კიდევ სხვა ფასეულობაა. როდის გაჩნდა აზრი, ეს ყველაფერი ისტორიად დალაგებულიყო?

- გეტყვით გულახდილად. ჩვენ ხომ გულახდილ საუბარზე შევთანხმდით. როდესაც მთელი ეს ავლა-დიდება უნივერსიტეტს გადავეცი, გულუბრყვილოდ მეგონა, რომ მეორე დღესვე დაიძრებოდნენ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტობა და დაიწყებდნენ ამის შესწავლას. გავიდა 1995, 1996… თან ვეხვეწები: მობრძანდით, ნახეთ, გაიცანით, შეისწავლეთ… 1997, 1998, 1999 – კაციშვილი არა ჩანს. არადა, მეც ასაკი მემატება, წლები. ავდექი და “გაბრაზებულზე” გადავწყვიტე, რაღა სხვას ვეხვეწო, მე თვითონ დავწერ-მეთქი და ასე ძალით დამაწყებინეს წერა ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორიის მრავალტომეულისა. მართალი გითხრათ, თავიდან 6 ტომად მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ, როგორც ვატყობ, შეიძლება 8 ტომშიც ვერ ჩავეტიო.

- ყოველ სიტყვას, რასაკვირველია, თავისი დატვირთვა აქვს. არის მასალა უცნობი, ან საინტერესო, ან კიდევ – ანგარიშგასაწევი. სკანდალურს საგანგებოდ რომელიმე ტომისთვის ხომ არ ინახავთ?

- მოდით, პირობითად ამ წიგნებს ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორიის მრავალტომეული დავარქვათ, რომლის ორი ტომი მკითხველს უკვე ხელთ აქვს. ქრონოლოგიურად მე 1873 წლიდან დავიწყე, როდესაც პარიზში პირველი ქართული ემიგრანტული ჟურნალი “დროშა” გამოიცა. მისი რედაქტორი ნიკო ნიკოლაძე გახლდათ. შემდეგ დაიწყო ჟურნალ-გაზეთების გამოცემა პარიზში, ჟენევაში, ბერლინში. ეს ყველაფერი იქმნებოდა რევოლუციამდე, ანუ მეფის რუსეთის ცენზურის გამო ქართული ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლები თავისუფალ, დამოუკიდებელ აზრს ვერ გამოთქვამდნენ და იძულებულნი იყვნენ საზღვარგარეთ გამოცემული ჟურნალებით ებრძოლათ ცარისტული რეჟიმის წინააღმდეგ.

ეს ერთი პერიოდი.

ისტორიულად მეორე პერიოდი გახლავთ 1918-21 წლები, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ მაშინ სწორედ ამის გამო, ოპოზიციური, ემიგრანტული პრესა აღარ იყო. ეს არის, თუკი შეიძლება ასე ითქვას, ცარიელი ადგილი… ბედნიერი ცარიელი ადგილი ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორიაში.

1921 წლის დაწყევლილი 25 თებერვლიდან მოხდა საბჭოთა ოკუპაცია და ქართული პოლიტიკური თუ კულტურული ელიტა იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. 1873-1917 წლების ქართული ჟურნალისტიკა ებრძოდა მეფის რუსეთს და იმპერიიდან საქართველოს დასახსნელად იღვწოდა, ხოლო 1921 წლიდან 1990 წლამდე, ე.ი. სანამ ზვიად გამსახურდია უსისხლო რევოლუციას მოახდენდა, ეს ანტისაბჭოთა ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორიაა.

შიდა პერიოდიკით ასე იყოფა: 1921 წლიდან II მსოფლიო ომის დაწყებამდე, მეორეა II მსოფლიო ომის პერიოდი, შემდეგ – II მსოფლიო ომის შემდეგდროინდელი დღემდე.

I-II ტომით დავძლიე მეფის რუსეთისდროინდელი ჟურნალისტიკა (I ტ.), II ტომით დავიწყე ანტისაბჭოთა ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია და მოვედი თითქმის II მსოფლიო ომის დაწყებამდე, მაგრამ ვერ ამოვწურე. ეს მასალა, შინაარსობრივი თვალსაზრისის გარდა, მდიდარია წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით. ქართველი სადაც უნდა იყოს, ქართველია. აქ იყო სოციალ-დემოკრატიული, ეროვნულ-დემოკრატიული, სოციალ-ფედერალისტური პარტიები, იყვნენ ესერები და ცალკე – ბოლშევიკები. საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ემიგრაციაში წავიდა მთელი ქართული პოლიტიკური ელიტა და სპექტრი; თან გაიყოლეს თავისი იდეები, პოზიცია-ოპოზიცია და იქ დაერივნენ ერთმანეთს. ამ მრავალფეროვნებამ დიდი მასალა შექმნა.

განსაკუთრებით ფაქიზი და გამორჩეულად საინტერესო პერიოდია II მსოფლიო ომის წლები. მოგეხსენებათ, გაჩნდა ფაშიზმი, ჰიტლერ-მუსოლინის უზარმაზარი სამხედრო-პოლიტიკური ძალა, რომელიც ასეთივე მასშტაბების საბჭოეთს და მის ლიდერს, სტალინს დაუპირისპირდა. საქართველო დაპყრობილია რუსეთის მიერ საბჭოთა პოლიტიკურ სივრცეში და ქართველმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს ფაშისტური ძალა საბჭოთა კავშირის დასამარცხებლად გამოეყენებინათ. გასაგები ლოგიკაა, თუ დამარცხდებოდა საბჭოთა კავშირი, განთავისუფლდებოდა საქართველო. ამიტომ ამ პერიოდის ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკა, განსაკუთრებით გერმანიაში გამომავალი, იყო პროფაშისტური.

ეს რთული პერიოდი იყო. კვლავ გიორგი სააკაძის სინდრომი: უცხოური ძალის გამოყენება საკუთარი მოძმეების, მაგრამ მოღალატე მოძმეების დასამარცხებლად და სამშობლოს გასათავისუფლებლად. აქ ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ. ერთი მხრივ, არ გამოგვივიდეს ფაშიზმის აპოლოგეტობა. აქვე ვიტყოდი, რომ ფაშისტურ არმიაში გაერთიანებული ქართველი ლეგიონერების პრობლემა ასევე, ფაქიზი თემაა. ისინი იყვნენ პატრიოტები, ისინი ტყვიას ესროდნენ არა ქართველ თანამოძმეებს, არამედ საბჭოთა ჯარისკაცებს, რომლებიც იარაღით იცავდნენ საბჭოთა კავშირს და მის უღელში ტოვებდნენ საბჭოთა საქართველოს.

გარდა ამ წმინდა წყლის პოლიტიკურ ბეწვის ხიდზე სიარულისა, რა ვუყოთ იმ პირველხარისხოვან ლიტერატურულ ძეგლებს, რომლებიც აქაა გამოქვეყნებული. მარტო გრიგოლ რობაქიძეს რა ვუყოთ. მოგეხსენებათ, როცა გრიგოლ რობაქიძე გერმანიაში მოღვაწეობდა, ის ითვლებოდა გერმანულენოვან მწერლად და ლიტერატურული კრიტიკა ახალი გერმანული სალიტერატურო ენის შემქმნელად მოიხსენიებდა გოეთესა და რილკეს შემდეგ. ჩვენთვის დღემდე ცნობილი მისი გერმანულენოვანი თხზულებები იყო: “კავკასიური ნოველები”, “მეგი”, “ჩაკლული სული” და ა.შ. მას არ გააჩნდა საშუალება, მშობლიურ ენაზე დაებეჭდა. და, აი, ეს შესაძლებლობა გაჩნდა – ქართული ფაშისტური პრესა, რომელიც ემსახურებოდა ჰიტლერის მიერ საბჭოთა კავშირზე გამარჯვების იდეას და თან ათასობით და ათიათასობით მკითხველი ჰყავდა, ქართველი სამხედრო ტყვეები…

ამ ჟურნალ-გაზეთებს რედაქტორობდნენ პირველხარისხოვანი ლიტერატორები: ვიკტორ ნოზაძე, გაიოზ მაღლაკელიძე, მინდია ლაშაური და ა.შ. რობაქიძემ დაიწყო ისევ ქართულად წერა, რახან ნახა მკითხველი და საბეჭდი ორგანო. აქ იბეჭდებიან მიხაკო წერეთელი, ვიკტორ ნოზაძე, თამარ და აკაკი პაპავები… ამიტომ წმინდა ლიტერატურული თვალსაზრისითაც ამ ჟურნალ-გაზეთებს გვერდს ვერ ავუვლით.

- თქვენი წიგნები სავსეა უნიკალური ფოტოებით. მკითხველი ამ ადამიანების ბიოგრაფიას არ ეცნობა მხოლოდ, არამედ ვიზუალურადაც “ხედავს”. რამდენადაც ვიცი, თქვენს კოლექციაში ინახება აი, ამ ფაშისტურ ფორმაში გამოწყობილი ადამიანების უცნობი სურათები. სკანდალური-მეთქი რომ ვთქვი, ესეც ვიგულისხმე. საზოგადოებაზე როგორი ეფექტი ექნება ამ ფოტოებს. მათ ხომ აქამდე სრულიად სხვა დამოკიდებულება ჰქონდათ ამ გვარ-სახელებთან…

- სავსებით მართალი ბრძანდებით. ისევ ილიას ორტომეულს ვახსენებდი, რომელშიც ათასობით ფოტოდოკუმენტია წარმოდგენილი. მათ შორის, ბევრი უცნობი. ეს გარკვეულწილად ფოტომატიანეც არის, სხვა ღირსებებთან ერთად. პაატა ნაცვლიშვილმა დაწერა კიდეც ჩემს ამ წიგნზე: “წიგნი მუზეუმი”.

იმის თქმა მინდა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდები ვიზუალურ მასალას, მით უმეტეს, ამ აკრძალულს. ადვილია სათქმელად და წარმოიდგინეთ ახლა ამდენი აკრძალული, დევნილი, დახვრეტილი, “ხალხის მტრად” გამოცხადებული უცნობი ადამიანი იპოვო, გამოიცნო…

ზოგჯერ თითო ფოტოს პოვნა თითო წიგნის დაწერას უდრიდა.

მინდოდა, რომ მათი პორტრეტული სახებაც გამეცოცხლებინა ქართველი ხალხისთვის, გამეცოცხლებინა თავიანთი არისტოკრატულობით, თავიანთი შესანიშნავი გარეგნობით: თვალი, ცხვირი, შუბლი… ჯიში ქართული. მე უზარმაზარი არქივი მაქვს – ქართული ემიგრანტული ფოტომატიანე, თუ შეიძლება ასე ითქვას. და ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დავდოთ ნამდვილი ისტორია!

რა ვქნათ, როცა ვიკტორ ნოზაძე იყო ფაშიტურ არქმიაში, ეცვა ფაშისტის ფარაჯა, სცემდა შესანიშნავ ჟურნალს “ქართველი ერი”. იქ ბეჭდავდა ბრწყინვალე ნაწარმოებებს, მეცნიერულ გამოკვლევებს და ა.შ. და ეს კაცი ხალხს კი არ ხვრეტდა, ტყვიას კი არ ისროდა, ფიქრობდა, რომ ჰიტლერის ძალით დაამხობდა სტალინს, საბჭოთა კავშირს და საქართველოს გაათავისუფლებდა, საქართველოში დაბრუნდებოდა. ის კი არა, ქართველების დიდი მეგობარი, შულენბურგი, I ელჩი დამოუკიდებელ საქართველოში ჟორდანიას მთავრობის დროს, მოგვიანებით გახდა ჰიტლერის ელჩი სტალინთან. ომი რომ გამოცხადდა, შულენბურგი გაიწვიეს, როგორც ომის გამომცხადებელი ქვეყნის ელჩი ბერლინში და 1944 წელს ეს შულენბურგი ჩაუდგა სათავეში ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულებას. გაუგეს და სიკვდილით დასაჯეს. კაცი, რომელიც ჰიტლერის ძალის გამოყენების მეშვეობით ცდილობდა თავისი კეთილშობილური იდეების მიღწევას. ასე რომ, ნამდვილი, შეულამაზებელი ისტორია უნდა დაიწეროს.

- არცთუ იშვიათად, ამ ე.წ. “ჭრელი” ბიოგრაფიებიდან, ვგულისხმობ იმ ადამიანებს, დროშის ფერს რომ იცვლიდნენ ხშირად… ანუ უფრო კონკრეტული რომ იყოს ჩემი შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუძლიათ არათავისუფალ ადამიანებს თავისუფალი პრესის შექმნა. უცხოეთში არაა ოფიციალური ცენზურა, მაგრამ შინაგანი ხმა ხომაა? არის წარსულით დამძიმებული მხრები,  პარტიული ვალდებულებები… როგორ ხდებოდა ძველ თემებთან ახლებური დაბრუნება. წლების განმავლობაში ეს ადამიანები აქვეყნებდნენ, ბეჭდავდნენ. თქვენ გქონდათ შესაძლებლობა არა მხოლოდ ქრონოლოგიურად მიგედევნებინათ თვალი.

- მართალი ბრძანდებით. ჟურნალისტიკა ინტელექტუალური ცხოვრების და შემოქმედების ისეთი დარგია, რომ სტაბილურობა იშვიათად იყო. ჟურნალისტიკა ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობს. ცნობილი გამოთქმაა: გაზეთი დილიდან საღამომდე კვდება. მაგრამ მე უდღეურ პრესაზე არ ვლაპარაკობ. ვგულისხმობ ყოველდღიურ მაჯისცემას და რამდენადაც მართლად აღბეჭდავს ის ამ ყოველდღიურობას, იმდენად ხდება ნაღდი მატიანე. ამიტომაა ჟურნალისტებს რომ ვეუბნები, ნუ წერთ ტყუილებს, თორემ თქვენი სიცრუე შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს მომავალი მკვლევარებისთვის-მეთქი.

წარმოიდგინეთ, “ივერიაში” ილიას ტყუილი რომ დაეწერა… გამორიცხულია ეს. ასევე, მოვუწოდებ ყველას, რომ მარტო “ოთარაანთ ქვრივი” და “განდეგილი” კი არ ისწავლონ, არამედ ისწავლონ ილიას ჟურნალისტური ეთიკა და ეტიკეტი. “ივერიის” თითოეული სტრიქონი, თითოეული ქრონიკა, თითოეული აბზაცი ახალი “ქართლის ცხოვრებაა”.

გახსოვთ ილიას ცნობილი ფრაზა, “ქართლის ცხოვრება” ქართველი ხალხის ცხოვრება არაა, მეფეთა ისტორიაა, მეფეთა ცხოვრებააო. და “ივერიაში” ყოველდღიურობა ჩანს, ქართველი კაცის გაჭირვება, იქ ვინ მოკლეს, აქ ვინ ჩამოახრჩვეს, ვინ რა გაყიდა, ვინ რა იყიდა, იქით რა პარტიაა, აქეთ რა პოლიტიკაა. არსად ტყუილი არ არის.

ეს ერთი.

მეორე მაგალითი. როგორ მოხდა ქართულ ემიგრანტულ პრესაშიც კი შეღწევა ანტიპატრიოტული და გადმობირების მცდელობისა. ტრაგიკული ფიგურაა გრიგოლ ვეშაპელი ამ მხრივ. გრიგოლ ვეშაპელი – ცნობილი ეროვნულ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი, დიდი ტრიბუნი, დიდი პატრიოტი… ისიც, რა თქმა უნდა, მოხვდა ემიგრაციაში, მაგრამ გადაიბირეს ბოლშევიკებმა, როგორც ჩანს, კიდეც დააფინანსეს მისი გაზეთი “თავისუფალი საქართველო”, რომელშიც დაიწყო საბჭოთა საქართველოში დაბრუნების პროპაგანდა. რა გვინდა უცხოეთში, შევურიგდეთ საბჭოთა კომუნისტურ ხელისუფლებასო. ეს იყო პირდაპირ დავალების შესრულება – ქართული პოლიტიკური ემიგრაცია ჩამოეყვანათ საქართველოში. ზოგს დახვრეტდნენ, ვისაც არა, ამუშავდებოდა იდეოლოგიური მანქანა, რომ კომუნისტურმა იდეოლოგიამ დაამარცხა თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს იდეოლოგია..

გრიგოლ ვეშაპელი ერთ დღეს თუ ღამეს, პარიზის ერთ-ერთ კაფეში მოკლა ავთანდილ მერაბიშვილმა. ის, რასაკვირველია, დაიჭირეს. პარიზში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. მკვლელს ჩამოხრჩობის მუხლი აქვს მიყენებული. ამ დროს სასამართლოს წინაშე ცხადდება კაცი, რომელიც ამბობს, რომ არის პოეტი, რუსი პოეტი კონსტანტინე ბალმონტი, რომელიც სასამართლო პროცესზე გამოდის შემდეგი სიტყვით: მე არ ვიცნობდი არც მოკლულს, არც მკვლელს, მე ვიცნობ მათ მშობელ ქართველ ხალხს. ვიცნობ მათ ეროვნულ ეპოსს “ვეფხისტყაოსანს”, რომელიც ყველაზე მაღალი და დიდებული ჰიმნია მეგობრობის, სიყვარულის, იდეის ერთგულების და დაგმობილია ღალატი. აი, ამ მოკლულმა უღალატა თავისი ხალხის დიდი ეპოსის კულტურულ და ეროვნულ ტრადიციებს. მან უღალატა იდეას და სამშობლოს გმირებს, ამიტომაც მეორე ქართველმა მოკლა ის. არ აპატია თავისი ხალხის ტრადიციების, ეროვნული სულის შეურაცხყოფა. მე მოვითხოვ, გაამართლოთ მკვლელიო. მართლაც, მოვლენები ისე განვითარდა, რომ ავთანდილ მერაბიშვილი გაამართლეს.

- ეს ის ცნობილი მერაბიშვილია, არა?

- დიახ. იგი გაამართლეს და მიუსაჯეს საფრანგეთიდან გადასახლება. გაემგზავრა გერმანიაში, მერე დიდი შრომით, დიდი გაჭირვებით წავიდა სამხრეთ ამერიკაში, ჩილეში. იქ გახდა მილიონერი და ბედის ირონია… II მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ ყოფილი ფაშისტი ვიკტორ ნოზაძე გარბის ევროპიდან, ჩადის ჩილეში და ეს მილიონერი ავთანდილ მერაბიშვილი აფინანსებს მის გენიალურ თხზულებებს, “ვეფხისტყაოსნის” ცნობილ გამოკვლევებს: ფერთამეტყველება, მზისმეტყველება, ღმრთისმეტყველება და ა.შ. აი, რა ჰქნა ჟურნალისტიკაში მომხდარმა “ერთმა” ფაქტმა. რამდენი რამე აეწყო და როგორ!

- ამ ჟურნალ-გაზეთებში, როგორც თქვენ ბრძანეთ, გარკვეული ადგილი აქვს დათმობილი სამეცნიერო გამოკვლევებს, საინტერესოა რუსთველოლოგიური პრობლემატიკით დაინტერესებაც; მწერლობაც მეტ-ნაკლებად წარმოდგენილია საყურადღებო თემებით, ასპექტებით. ვგულისხმობ ლექსებს, მოთხრობებს, პუბლიცისტურ წერილებს, კრიტიკულ ესსეებსა და ნარკვევებს. ჩვენი კოლეგების გარკვეული კატეგორია სკეპტიკურად უყურებს ამ ლიტერატურული პროდუქციის მხატვრული ღირებულების საკითხს. ეს, ერთი მხრივ, იოლი ასახსნელია, მაგრამ ამჯერად სხვა მაინტერესებს – ქართული ემიგრანტული მწერლობა – თქვენ როგორ ფიქრობთ ამ ფენომენზე?

- ახლა საქმე რაშია, იცით? ამ აზიზ დამოკიდებულებას და ზემოდან ყურებას ხელი შეუწყო იმ ფაქტორმაც, რომ აქ, ამ პერიოდის საბჭოთა საქართველოში მწერლობის რენესანსი იყო. ეს საოცრებაა. ამხელა ტრაგედია: 1921 წელი, 1924 წლის აჯანყება, 1937 წლის რეპრესიები და კომუნისტურ ცენზურა, II მსოფლიო ომის ტრაგედიები… ამდენი გაჭირვება, ამდენი შიმშილი… ამ დროს შემოქმედებით ზენიტში არიან გალაკტიონ ტაბიძე, კონსტანტინე გამსახურდია, მიხეილ ჯავახიშვილი, გიორგი ლეონიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, იოსებ გრიშაშვილი… რომელი ერთი დავასახელო, ლეო ქიაჩელი, დემნა შენგელაია… ამ დროს ძალიან გაფაქიზებულია ქართველი მკითხველის ინტელექტუალური და მხატვრული გემოვნება და ამიტომ ძალიან მკაცრი და მომთხოვნია.

თქვენ კარგად გაუსვით ხაზი – თემატიკა, რომელიც ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანიც. ჩვენ ხომ გვაინტერესებს ევროპული ცხოვრების კულტურა, დანახული და გადატეხილი ქართველი მწერლის, ქართველი მხატვრის თვალით.

ახლა მხატვრული ღირებულების თვალსაზრისით.

ვინ შეაფასა ჯერ გრიგოლ რობაქიძის ემიგრანტული პერიოდის სამწერლო მოღვაწეობა, მისი ქართული ან გერმანულენოვანი ნაწარმოებები, როგორც მხატვრული, ისე პუბლიცისტური, ესეები თუ მოგონებები. ვინ შეაფასა გიორგი გამყრელიძის, გიორგი ყიფიანის პოეზია, თამარ და აკაკი პაპავების, სტეფანე კასრაძის უბრწყინვალესი პროზა, რაც კია გადარჩენილი. სიმონ ბერეჟიანის “ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე” – მარტო ეს ერთი სტრიქონი რამდენ ასოციაციას აღძრავს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მიკვირს, რომ ქართველი მკითხველი განებივრებულია გენიალურის ზღვარს გადაცდენილი პოეტური თუ პროზაული ნიმუშებით, მაგრამ ამას არ უნდა გადავაყოლოთ… ეროვნული მწერლობის სრული ისტორიის დასაწერად ემიგრანტული ლიტერატურა უმნიშვნელოვანესია თავისი ავტორებით, თემატიკის თვალსაზრისით, მხატვრული ენისა და სტილის თვალსაზრისით. ამგვარ შემთხვევებში უცოდინრობა მეტია, ვიდრე მაღალი მომთხოვნელობა.

კიდევ უფრო მეტადაც რომ განვაზოგადოთ საკითხი: დიდებული რედაქტორები და თვითონ ავტორები: სპირიდონ კედია და მისი “სამშობლოსათვის”, რევაზ გაბაშვილი (მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ვაჟი) და მისი “მამულიშვილი”, ალექსანდრე ასათიანი და მისი “სამშობლო”, ან კიდევ “სახალხო საქმე” და მისი რედაქტორი სამსონ ფირცხალავა, ეს მარჯვენა ხელი და მოჰიკანი ილია ჭავჭავაძისდროინდელი ჟურნალისტიკისა. “ბრძოლა” – უძახონ სოციალ-დემოკრატიული. აქ არის კარლო ჩხეიძე, ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, კაკი წერეთელი. მთელი კოჰორტა ქართული პოლიტიკური აზროვნებისა. ექვთიმე თაყაიშვილი რომ იქნება ავტორი! უდიდესი ისტორიკოსი ზურაბ ავალიშვილი – ავტორ-შემოქმედი და ერთ-ერთი გამწევი ძალა ამ ჟურნალ-გაზეთებისა. დიდი ივანე ჯავახიშვილისთვისაც კი ის იყო საოცნებო და მისაბაძი მეცნიერი. თვითონვე აცხადებდა ამას. ვინ გვყავს აღმოსავლეთმცოდნეობაში მიხეილ წერეთელზე დიდი, ვინ გვყავს რუსთველოლოგიაში ვიკტორ ნოზაძეზე დიდი, გრიგოლ რობაქიძე – ჯერ კიდევ რამდენი რამაა საკვლევი მისი მხატვრული აზროვნების და სიმბოლოთა ამოსაცნობად. ასე ჰაი-ჰარად არ შეიძლება. უცოდინრობა კია ყველაფრის თავი და ბოლო, მაგრამ ასეთი დასკვნებისაგან ამ ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ. იმის მაგივრად, რომ ჩვენს უცოდინრობას ვმალავდეთ, ჩვენ უცოდინრობით თავსაც ვაჩენთ და საქმესაც ვაზიანებთ.

- მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გკითხოთ ამ მწერალთა არქივებზე. ამ ბოლო ხანებში ჩამოიტანეთ გივი კობახიძის მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო არქივი, ასევე, საქართველოში ჩამოვიდა მინდია ლაშაურის – იგივე ილია კუჭუხიძის – დიდი არქივი. სხვათა არქივებსა და მათი ჩამოტანის პერსპექტივებზე რას იტყოდით?

- მართალი გითხრათ, ძალიან ვწუხვარ, რომ ნიუ-იორკში ვერ დავითანხმე ქ-ნი ნინო ვაჩნაძე, რომ წამომეღო პაპამისის, გრიგოლ დიასამიძის არქივი… ასევე, თავის დროზე ვერ მოვახერხე, რომ პროფესორ გიორგი ნაკაშიძის არქივი, რომელიც ჰქონდა ბ-ნ ბონდო კელელიას, საქართველოში ჩამომეტანა, არ ვიცი, რა ბედი ეწია მას. თვითონ ბ-ნი ბონდო ხანდაზმული იყო, საქართველოში რომ ჩამოიყვანეს მისმა ნათესავებმა. სამწუხაროდ, ისე გარდაიცვალა, ვერ ვინახულე.

ძალიან საგულისხმოა შვეიცარიაში გრიგოლ რობაქიძის არქივის დარჩენილი ნაწილის ბოლომდე მოძიებაც. თუკი შეიძლება ამგვარად თქმა, კატასტროფულად მწყდება გული, რომ ასე ჩაიკარგა ნინო და კალისტრატე სალიების არქივის ის ნაწილი, რომლის გამოგზავნა ვერ მოასწრეს ხელნაწერთა ინსტიტუტში. მე არ დავასახელებ იმ ქართველ ემიგრანტს, რომელიც ნინო სალიას მეურვეობდა. სამწუხაროდ, ახლა ისიც გარდაცვლილია. ასე რომ, მთელი ის კვალი დამეკარგა. ის კი არა და, არქივის გარდა არ მძინავს, სინდისი მაშფოთებს, რომ ნინო სალიამ კალისტრატე სალიას ფერფლი აქ გამოგზავნა და დიდუბის პანთეონშია დაკრძალული. ანდერძით, მისი დაფერფლილი ნეშტიც ჩვენ უნდა გადმოგვესენებინა დიდუბის პანთეონში. არადა, სად წაიღო, რა უყო მას მისმა მეურვემ, ვერაფერს მივაღწიეთ. ვერ მივაღწიეთ, რომ ნინო სალიას ფერფლი ჩვენთვის გადმოეცა და, სამწუხაროდ, დღემდე დაუსაფლავებულია ნინო სალია. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ტკივილი და ერთი ოცნებაც, რომ მივაგნო და შევასრულო დატოვებული ანდერძი.

- “ასი წლის რომ გავმხდარიყავ დედა და ასი წელი უცხოეთში დავრჩენილიყავ, შენ რომ შინ მეგულვებოდი, ფესვები მაქვს-მეთქი ჩემს მიწაში, ვიტყოდი”, – ასე მოიწერება თარაშ ემხვარი.

აკი საკუთარი მამულიდან მოდის თითოეულის ძირი, ფესვი. ფესვმოკიდებულიც ხომ დამკვიდრებულს ნიშნავს. “ჩემი მიწაც” სწორედ ამას გულისხმობს: მართალია, დროებით დაცილებულს, მაგრამ მაინც მასთან დაკავშირებულს, მის არეალში ნაგულისხმევს. ჩვენი საუბრის დასასრულს, 1923 წლის 1 ოქტომბერს ბერლინში გამომავალი ჟურნალის “საქართველოს მოამბეს” #1 სარედაქციო წერილის ერთს ნაკვეთს მინდა გაუკეთოთ კომენტარი.

უფროს სწორად, ხომ არ განმარტავდით აქ დაბეჭდილ აზრს: “როდესაც ერის მომავალი განსაცდელშია, როდესაც შემოჭრილი მტერი მას მოსპობას უქადის, მაშინ ყოველი წევრი ამ ერისა სიყვარულს თავის სამშობლოსადმი, მისი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისადმი მეტის სიღრმით, მეტის ინტენსივობით განიცდის. ამ დროს ვერც ხელოვანი, ვერც მეცნიერი, ვერც პუბლიცისტი პატრიოტულ გრძნობებს გზას ვერ აუხვევს. შემოჭრილი მტერი კი დამონავებულ ერის პატრიოტიზმს სდევნის, რადგან პატრიოტიზმი თავის თავად პოლიტიკა არის და პოლიტიკა თავდაცვისა”.

- უკეთესად ვერც იტყვი და ვერც ინატრებ!

- გმადლობთ.

 

,,ჩვენი მწერლობა”
(სალიტერატურო ჩანართი გაზეთისა “ახალი ეპოქა”),
8-14 ნოემბერი, 2002 

 

 

2 Responses to ქართული ემიგრაცია, არქივების დაბრუნება, ლევილი

  1. Tu Shrier says:

    Regards for this wondrous post, I am glad I observed this web site on yahoo.

  2. Kyle Elliott says:

    Once I came over to this article I can only look at part of it, is this my internet browser or the internet web site? Should I restart?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s