დეპუტატის სიტყვა

 

•  ,,გურამ შარაძე: “კანონებს ადგენს და სწავლობს ის, ვისაც მისი დარღვევა სურს”, რუბრიკა: იცნობდეთ დეპუტატს!, “სამოქალაქო საზოგადოება”, #1, ივნისი, 1997
•   ,,გურამ შარაძე ზეპარტიულ მონარქისტულ მოძრაობას ქმნის და ტრადიციონალისტ აკაკი ასათიანს უპირისპირდება’’, “დილის გაზეთი”, 26 დეკემბერი, 1998
•   ,,გზა მიეცით, გურამ შარაძეს მეფე მოჰყავს!, “დრონი”, 26 დეკემბერი, 1998
•   “საქართველო, უპირველეს ყოვლისა”, “ალია”, 1 მარტი, 1999
•   ,,ვინ აჯობებს? ალბათ ის, ვინც ყველაზე ძლიერია!’’, “მეოთხე”, 6-13 აგვისტო, 1999
•   ,,ასლან აბაშიძეს არასოდეს ჰქონია საქართველოს პრეზიდენტობის პრეტენზია’’, “დილის გაზეთი”, 7 აგვისტო, 1999
•   ,,ბრძოლა ნაციონალისტობისთვის’’, ვინც ფაშისტს გვეძახდა, ის ნაციონალისტი გახდა, ,,ახალი თაობა’’, 6 ივნისი, 2002
•  ,,ნაციონალური მოძრაობა – ჩვენი საქართველო’’, ,,მართალი გაზეთი’’, 20 ივნისი, 2002
•  ,,მართლმადიდებელთა ყრილობა სპორტის სასახლეში’’, ,,ალია’’, 20-21 ივნისი, 2002
•  ,,მამა-შვილი ბურჯანაძეები შევარდნაძის პოლიტიკური შემოქმედების ნაყოფები არიან’’, “ახალი თაობა”, 2 მაისი, 2003
•   ,,გურამ შარაძე პროტესტს ვერ მალავს’’, “სოლიდარობა”, 21 ივნისი, 2003
•   ,,არ გამოუვათ ხატიძეს და შამანაურს, ამიმხედრონ მცხეთის წმინდა ქალბატონები!’’, “ახალი თაობა”, 4 ივლისი, 2003
•  ,,შარაძეს “ჯვაროსნულად” ეომებიან?!’’, “რეზონანსი”, 14 აგვისტო, 2003
•    ,,შარაძე “შამანაურ-ხატიძის ბანდის”, ,,ბურჯოკრატებისა” და “ავანტიურისტ სააკაშვილის” წინააღმდეგ’’, “ტრიბუნა”, 15 სექტემბერი, 2003
•  ,,გურამ შარაძე: “ბურჯაკრატების” და ე.წ. “ნაციონალების” ცინიზმმა გადამადგმევინა ეს ნაბიჯი’’, “ახალი ერა”, 30 სექტემბერი, 2003
•  ,,მე ზნეობრივი და მორალური კაპიტალის გარდა არაფერი გამაჩნია’’, “საქართველოს რესპუბლიკა”, 5 ნოემბერი, 2003

***

 

იცნობდეთ დეპუტატს! – ამ რუბრიკით “სამოქალაქო საზოგადოება” წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის წევრს გურამ შარაძეს.

 

გურამ შარაძე: “კანონებს ადგენს და სწავლობს ის, ვისაც მისი დარღვევა სურს”

სამოქალაქო საზოგადოება: საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტში მზადდება კანონპროექტი “საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ” კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. მოქმედი კანონით ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცსკ) კომპლექტდება პარტიული პრინციპით. თუ პარლამენტი კომიტეტის წარდგენილ ცვლილებებს მიიღებს, მაშინ ცსკ-ს 14 წევრიდან 7-ს პრეზიდენტი დანიშნავს, 7-ს პარლამენტი, ხოლო კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტი დაამტკიცებს პრეზიდენტის წარდგინებით. თქვენთვის რამდენად მისაღებია ამგვარი ცვლილება?

გურამ შარაძე: ღრმად ჩახედული არც იმ ძველ საარჩევნო კანონში ვიყავი და არც ამ კანონპროექტს მოუღწევია ჩემამდე. ჩემი პრინციპი ასეთია: მე კანონებს არ ვსწავლობ. მიმაჩნია, რომ კანონებს სწავლობენ იმისთვის, რომ დაარღვიონ. კანონებს ვინც ადგენს და ვინც კარგად სწავლობს, იმიტომ სწავლობს, რომ ნახოს დარღვევის გზები.

მოქმედი კანონი უფრო დემოკრატიულია.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს კოსმეტიკური ცვლილებების ელფერი დაჰკრავს..

საერთოდ, ბატონ როსტომს (საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რ. დოლიძე – ს.ს.) კანონშემოქმედებითი მოღვაწეობისაკენ, ახლის შემოთავაზების, ძველის დაწუნების, მასში კორექტივების შეტანისაკენ დიდი მისწრაფება აქვს. ეს სურვილი ხანდახან იმდენად აჭარბებს ზღვარს, რომ კანონში უფრო მეტი სიცხადის შეტანის ნაცვლად, პირიქით გამოდის.

ს.ს.: ისინი, ვინც საარჩევნო კანონში ცვლილებების მომხრეა, თვლიან, რომ ცსკ უნდა დაკომპლექტდეს პროფესიონალებით, ვინც არა დროებით, არამედ ამ საქმეზე მუდმივად იმუშავებს, ე.ი. იქნება მოხელე. თუ იგი რამეს დაარღვევს, ამ საკითხს სასამართლო განიხილავს. მაგრამ ვიდრე არ არსებობს ნორმალური, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, რამდენად მართებულია ეს არგუმენტი?

გ.შ.: კანონში ცვლილებების შეტანა კიდევ ერთი ახალი, მორჩილი სტრუქტურის შექმნის მცდელობაა. ის მოხელე, რომელიც იქნება არჩეული თუ დანიშნული ხელისუფლების მიერ, ამ ხელისუფლების მიმართ მორჩილი იქნება.

ს.ს.: ახლა შევეხოთ კანონპროექტს “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ”. კანონპროექტის მიხედვით, რაიონის გამგებლები, აგრეთვე, განსაკუთრებული სტატუსის მქონე ქალაქების (მათ შორის, თბილისის) მერები კვლავ ინიშნებიან საქართველოს პრეზიდენტის მიერ. რამდენად ეთანხმება ეს თვითმმართველობის პრინციპს?

გ.შ.: ეს კატეგორიულად ნეგატიური, დამღუპველი მოვლენაა. გრძელდება ძველი, კომუნისტური ტრადიციის სინდრომი. ეს წმინდა კომუნისტური მეთოდია, რაიკომის მდივნებს რომ ნიშნავდნენ.

თუ ასე გაგრძელდა, მაშინ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია არც იმ ეროვნულ მოძრაობას, არც იმ რევოლუციებს, არც იმ სამოქალაქო ომს. ვყოფილიყავით, როგორც ვიყავით, სოციალურად და სამხედრო თვალსაზრისით დაცულები მაინც ვიყავით. რას ვერჩოდით მაშინ იმ კომუნისტურ ხელისუფლებას.

ს.ს.: იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი “სინდისის თავისუფლების და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ”. კანონპროექტის მიხედვით, აღმსარებლობები დაყოფილია ტრადიციულ და არატრადიციულ კონფესიებად, რომელთაგან ტრადიციულ რელიგიებს სახელმწიფო უწევს დახმარებას და ზრუნავს მისი განვითარებისათვის. რამდენად ეთანხმება ეს ადამიანის ძირითად უფლებებს?

გ.შ.: კატეგორიულად გეტყვით: მე არ ვიცნობ ამ კანონპროექტს, მაგრამ იგი ისეთი არ იქნება, როგორიც მინდა. მე, კონსტიტუციაში როგორც წერია, ისიც არ მაკმაყოფილებს. კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ საქართველოს არის მართლმადიდებლური ქვეყანა.

ს.ს.: ე.ი. თქვენ მხარს უჭერთ, რომ მართლმადიდებლობა გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად?

გ.შ.: რა თქმა უნდა. რისთვის ვიკლავდით თავს ისტორიის განმავლობაში. მე მოვითხოვ კონსტიტუციის გადასინჯვასაც და კანონშიც გარკვევით უნდა ჩაიწეროს, რომ საქართველო ცხადდება მართლმადიდებლურ ქვეყნად, რომელიც არ უშლის ხელს ადამიანის სინდისის თავისუფლებას, რწმენის თავისუფლებას.

ვისაც უნდა, იმ ღმერთზე ილოცოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ერთნაირად იყოს საქართველოში.

საქართველო ინტერნაციონალიზმის პოლიგონად გადააქციეს. ვინ წაუყენა ბრალდება სომხეთს, რომ სომხეთში 99% სომეხი ცხოვრობს? ან ნაცისტობა, ან ნაციონალისტობა ვინ დასწამა? ჩვენ მოვითხოვთ, რომ ქართველი რუსეთში იმავე უფლებებით იყოს, როგორც რუსი? ვითხოვთ ამას საფრანგეთში? გინდაც მოვითხოვოთ, ვინმე ამას გვათხოვნინებს და დაგვიჯერებს? რატომ ვართ საფრანგეთზე, გერმანიაზე უფრო ცივილიზებული? ჩვენთან ადგნენ და პირადობის მოწმობაში ქართველსაც აღარ გვიწერენ. თუ ჰქვია საქართველო, პირველ ადგილზე უნდა იყოს ქართველი. ვისაც უნდა, კი ბატონო, მობრძანდეს და იცხოვროს საქართველოში და აღიაროს, რომ ეს არის საქართველო, ქართველების ქვეყანა, რომელიც არ უშლის ხელს არავის სხვას.

რა გახდა ეს საქართველო, იყოს მართლმადიდებლურიც, კათოლიკურიც, მაჰმადიანურიც, გრიგორიანულიც. ამიტომ არის, რომ გავედი ქუჩაში, შემომეხვივნენ იეღოველები და შემომაყარეს, უფრო სწორად, კი არ შემომაყარეს, აღმჭურვეს გერმანიაში დაბეჭდილი უძვირფასესი გამოცემებით, მარწმუნებდნენ, რომ მე უარვყო მართლმადიდებლობა და მივიღო იეღოველობა. შეიძლება ასე?

ს.ს.: რაში გამოიხატება, თქვენი აზრით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, საპატრიარქოს განსაკუთრებული როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში?

გ.შ.: მაგ კითხვით მიმართეთ რომის პაპს, მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიას და მაჰმადიანთა მუფტებს. თუ თურქები, არაბები, ირანელები იტყვიან, რომ მათ ქვეყნებში მაჰმადიანობაც ისევე იყოს, როგორც მართლმადიდებლობა, მე ბოდიშს მოვიხდი. რაღა საქართველოში შეიძლება ყველა ექსპერიმენტის ჩატარება? მოგიწოდებთ ყველას: ასეთ შეკითხვებს ნურც თავს დაუსვამთ და ნურც მე.

ს.ს.: შევეხოთ არჩევნების თემას. აჭარის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აჭარის უზენაესი საბჭოს 1996 წლის 22 სექტემბრის არჩევნებზე არ დაუშვა საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის, ჩვენი საზოგადოების წევრებიც. “სამართლიანმა არჩევნებმა” მაინც შეძლო დაკვირვების ჩატარება და დარღვევების დაფიქსირება სპეციალურ ანგარიშში. თუ იცნობთ ამ ანგარიშს, თუ გაგიჩნდათ პროტესტის გრძნობა, რომ მასში რაიმე არასწორად არის დაფიქსირებული და საერთოდ, რას გვეტყოდით ამ საკითხზე?

გ.შ.: ამ ბიულეტენს მე არ ვიცნობ. ვიცი გადმოცემით. ვიცი თქვენი ორგანიზაციის დამოკიდებულება აჭარის არჩევნების, წინასაარჩევნო კამპანიის მიმართ. თუ არ ჩამითვლით მიკერძოებად, მე თქვენი უტენდენციობა ვერც წინასაარჩევნო კამპანიაში დავინახე და ვერც არჩევნების შეფასებაში. მე მოვაწყვე და ავტეხე განგაში თავისუფალი დამკვირვებლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობის თაობაზე. მთელმა რისხვამ ჩემს კისერზე გადაიარა.

აქ რაც საერთაშორისო ორგანიზაციებია, ყველა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვოს, ამ მაღალი ხელფასებით რაც შეიძლება ბევრი რამ შეიძინოს აქ. გაზიდეს საქართველო.

ჩამოგვაქვს დაძველებული მედიკამენტები და სურსათი. მე პარლამენტის პირველივე სხდომაზე ავტეხე განგაში, რომ ინგლისიდან შემოდის ნახევარი საუკუნის წინათ დამზადებული ორცხობილა, “პეჩენია”, გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ. ორცხობილა ჰგონიათ ორად დაწყობილი რაღაც. ავტეხე განგაში, რომ ეს არის საწამლავი, არ გასცეთ-მეთი, დავადე ყადაღა.

მომიგზავნეს ხალხი და ჩაფარცხეს ეგ ამბავი. დიდი ბრიტანეთის იმპერიას როგორ უნდა ეპატიებინა ჩემთვის, რომ საქართველოში შემოვიდა მისი ქვეყნიდან ჰუმანიტარული დახმარების ეგიდით ნახევარი საუკუნის წინათ გამომცხვარი “პეჩენია”.

ს.ს.: ამ ყველაფერს, ვთქვათ, უცხოელები აკეთებენ. საზოგადოება “სამართლიანი არჩევნების” წევრები ხომ აქაურები ვართ. რას დავუშავებდით აჭარას? 

გ.შ.: იქ შემოვიდოდა ათასი ვიღაც და რას დაწერდა მერე, არკვიე შენ. პაპულია ორჯონიკიძე (სერგოს ძმა) დაარქმევდა ლამაზ კაცს მამათმავალს. ეცემოდნენ, რას ამბობ პაპულია, მთელი თბილისის ლამაზი ქალები მაგ კაცს დასდევსო. მე კი ვთქვი და ახლა მაგან დადგეს და ამტკიცოსო, გასცემდა პასუხს.

მე გავაცხადე საჯაროდ, რას აკეთებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები კრწანისში და რა გადაწყვეტილებებს იღებდნენ. საიდუმლო ჩანაწერები ხომ გახსოვთ.

ის კაცი, რომელიც აქ მოვარდა პარლამენტში, რა გვარი იყო ის, ბოდენი თუ რაღაც ეშმაკი, ეს როგორ მაკადრა გურამ შარაძემო, მეორე კვირაში გაიწვიეს საქართველოდან. ახლა არ დამიწყოთ, რომ უთავდებოდა ვადა და ა.შ. ისე გაუგრძელებდნენ, როგორც არაფერი, მაგრამ მსოფლიო შეაზანზარა იმ ფაქტმა, რომ კრწანისში იგეგმებოდაა ანტიაჭარული კამპანია.

ს.ს.: კი მაგრამ, უცხოელები რატომ უნდა ყოფილიყვნენ დაინტერესებულნი აჭარაში დესტაბილიზაციით?

გ.შ.: უცხოელებს აქვთ საკუთარი პროგრამა, რითაც აქ მოდიან. ადგილობრივ ანტიქართულ ორგანიზაციებსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემძვრალ თუ მოკალათებულ პირებს სურთ, ისეთივე პროცესები მართონ აჭარაში, როგორც იყო საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში. ამის შედეგია დაკარგული აფხაზეთიც, დაკარგული სამაჩაბლოც, დამწვარი და დანგრეული თბილისი, შეურაცხყოფილი და გაუპატიურებული სამეგრელო, გაძარცვული გურია, გაძარცვული კახეთი და ქართლი. ეს ვერ გააკეთეს აჭარაში. ეს სინდრომი დღემდე მოქმედებს.

ს.ს.: თქვენ ბრძანებთ, რომ ტენდენციურები ვიყავით. რა დაინტერესება უნდა ჰქონოდა საერთაშორისო საზოგადოება “სამართლიან არჩევნებს”, რომელიც მანამდე ცნობილი იყო იმით, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დააფიქსირა უამრავი დარღვევა, სადაც ხელი მიუწვდა, და გამოსცა ამის შესახებ ანგარიში?

გ.შ.: თითო-ოროლა დარღვევა აჭარაშიც იყო, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, “თითო ქოთანი ლობიო ყველა ოჯახში დუღსო”. ასე გამადიდებელი შუშითაც დაინახავ. მე ახლაც არ ვარ დარწმუნებული, რომ იმ ერთ-ორი დარღვევის საფუძველზე, თუ ის დარღვევებიც ინსცენირებული, იმპროვიზებული ან ინსპირირებული არ იყო, ეს არჩევნები არაკანონიერად და არაკონსტიტუციურად გამოცხადდებოდა.

ს.ს.: ამაში ვერ დაგეთანხმებით. ჩვენმა ორგანიზაციამ დააფიქსირა სერიოზული დარღვევები საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ ამით არანაირი დესტაბილიზაცია არ მომხდარა. არც აჭარაში იყო ამის საფრთხე.

გ.შ.: პრინციპულად ვერ დაგეთანხმებით, რადგან საქართველო არის საქართველო, აჭარა არის მისი ერთ-ერთი რეგიონი. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მასზე ზემოთ არავინ დგას, რომ ვიღაცამ ვიღაცას ყური ააგლიჯოს. როდესაც რეგიონი ექვემდებარება ცენტრს და ცენტრიდან არაიშვიათად იმართება ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული,  ანტისახელმწოფოებრივი და ანტიპოლიტიკური საქმიანობა, იმ ცენტრიდან ეგეც დაიგეგმებოდა.

საქართველოში ჩატარებული არჩევნები რომ მოსკოვზე ყოფილიყო დამოკიდებული, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, და მოსკოვზე ყოფილიყო დამოკიდებული მისი ჩათვლა-არჩათვლა, აი, მაშინ გენახათ თქვენ.

ჩამთვალეთ, ბატონო, ანტიდემოკრატად, მაგრამ ამ პირობებში, როცა საქართველო დანგრევის პირასაა, ფართო დემოკრატობანას თამაში არ შეიძლება.

“სამოქალაქო საზოგადოება”, #1, ივნისი, 1997

 

 

გურამ შარაძე ზეპარტიულ მონარქისტულ მოძრაობას ქმნის და

ტრადიციონალისტ აკაკი ასათიანს უპირისპირდება

უკანასკნელ ხანს საქართველოში სხვადასხვა სახის მოძრაობების შექმნის ტენდენცია შეიმჩნევა. ელიტარულად მონათლული ბასილია-ბათიაშვილი-ჩიხრაძისეულ მოძრაობას ამჯერად კიდევ ერთი, ოღონდ ამჯერად ზეპარტიული მოძრაობა დაემატა, რომლის უკანაც პრეზიდენტი შევარდნაძე ნამდვილად არ მოიაზრება. ზეპარტიული მოძრაობის შექმნის იდეა “აღორძინებისგან” შერისხულ და მმართველი პარტიის გვერდში მოაზრებულ პარლამენტარ გურამ შარაძეს ეკუთვნის. ეს იქნება “ნაციონალისტური და არანაცისტური გაერთიანება, რომლის დევიზი და სახელწოდებაა “საქართველო, უპირველეს ყოვლისა”, – აცხადებს გურამ შარაძე და დასძენს: “ჩვენ არ ვუპირისპირდებით სხვა ერებს… ჩვენ ჩვენი ეროვნულობის შენარჩუნება გვსურს”. ეროვნულობის შენარჩუნების უმთავრეს ატრიბუტად შარაძეს მოქალაქეობის დამადასტურებელ მოწმობებში ეროვნების ჩაწერა მიაჩნია. “1998 წლის 26 ივნისს საპარლამენტი უმრავლესობის შემწეობით მიღებულ იქნა კანონი, რომლის საფუძველზეც ეროვნება გაუქმდა… ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ 1999 წლის საგაზაფხულო სესიისთვის ეროვნების რეკვიზიტი აღდგეს”, – აცხადებს გურამ შარაძე და მთელი სერიოზულობით ირწმუნება, რომ ეროვნულობის დაკარგვა დემოკრატიულობის დამადასტურებელი ნამდვილად არ არის. ეს იმპერიული გადმონაშთია”, – ამტკიცებს შარაძე. ზეპარტიული მოძრაობის წევრები, როგორც შარაძე აცხადებს, არ ურიგდებიან საქართველოს გაყიდვას, იმას, რომ აღარ არსებობს ინტელიგენცია, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა. ზეპარტიული ნაციონალისტური მოძრაობა ჯერჯერობით რეგისტრირებული არ არის, თუმცა, მათ მოძრაობის იურიდიული მხარის მოწესრიგება არც აწუხებთ. მუშაობის დაწყებას მოძრაობის წევრები ახალი წლიდან გეგმავენ. მიზანი – “დიდი და ნათელი” – კი ერთი აქვთ: მონარქიზმის იდეის აღორძინება, უფრო სწორად, კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრება. მაგრამ, როგორც შარაძე აცხადებს, კონსტიტუციურ მონარქიაზე ფიქრი უფრო შორეული პერსპექტივის საქმეა. მანამდე კი შარაძე საზოგადოებრიობას იმ პარტიათა სახელებს ამცნობს, რომლებიც ამ მოძრაობას სოლიდარობას უცხადებენ. ესენი არიან: ნაციონალისტური პარტია და ქართული სათავადაზნაურო გაერთიანება, არ არის გამორიცხული, შარაძის ზეპარტიული მოძრაობა ასათიანის ტრადიციონალისტურ პარტიას სერიოზულად დაუპირისპირდეს. ამ დაპირისპირების პირველი ნიშნები უკვე სახეზეა. შარაძის მტკიცებით, ასათიანმა მონარქიზმის იდეა პარტიული ინტერესებით გააუბრალოვა.

“ტრადიციონალისტები ბაგრატიონებს პირველად მე შევახვედრე, მათი გერბიც მადრიდიდან მე ჩამოვიტანე”, – აცხადებს შარაძე და ირწმუნება: “ასათიანმა მონარქიის იდეის გაუფასურება არ იკმარა, მან პარტიული ინტერესების გამო, მარჯვენა ხელი მოჰკვეთა პრეზიდენტს”.

ვისი ხილვა სურს შარაძეს მონარქად?

პარლამენტარს ჯერჯერობით არ სურს კონკრეტულ მონარქზე საუბარი. იდეალისტი შარაძე არც იმას მალავს, რომ მას და მის მეგობრებს დიდი ამბიციები და უფრო დიდი თავმოყვარეობა აქვთ, რაც  იმაში გამოიხატება, რომ თუ მათ არ ექნებათ გამარჯვების ასპროცენტიანი გარანტია, ზეპარტიული-ნაციონალისტური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. “ჩვენ არც ისეთი უთავმოყვაროები ვართ, რომ დამარცხებას შევეგუოთ”, – აცხადებს შარაძე და მომავალ ალიანსებზე საუბარს თავს არიდებს. თუმცა, თავის დაზღვევის მიზნით, წინასწარ აცხადებს, რომ ის და მისი მოძრაობა ნებისმიერ პარტიასთან სათანამშრომლოდ მზადაა.

და ბოლოს, ზეპარტიულ-ნაციონალისტური მოძრაობა ყველა ქართველის გადარჩენას ისახავს მიზნად, მათ შორის, რეგიონებში მცხოვრებისაც. რადგან, როგორც შარაძე აცხადებს, რეგიონებში ცუდი ტენდენციები შეიმჩნევა, თუმცა, კონკრეტული რეგიონების დასახელებას იგი თავს არიდებს.

ზეპარტიულ-ნაციონალისტურ მოძრაობას ქართველი ერის გადასარჩენად მთავარ საქმედ სახელმწიფო, ეროვნული იდეოლოგიის შექმნა მიაჩნია. მოძრაობის სულისჩამდგმელ პარლამენტარს პირდაპირ რცხვენია ქართული ინტელიგენციის სახელოვანი წარმომადგენლების განცხადებისა, რომ მათი იდეოლოგია 37 წელს ახსენებს.

მაია ჭუჭულაშვილი
“დილის გაზეთი”, 26 დეკემბერი, 1998

 

 გზა მიეცით, გურამ შარაძეს მეფე მოჰყავს! 

ადგილობრივმა არჩევნებმა სხვა ბევრ რამესთან ერთად ისიც დაგვანახა, რომ პოლიტიკურ სცენაზე მიმდინარე პროცესებს დღეს ჯიბე-გახვრეტილი მოსახლეობის კუჭის ძახილი მართავს. ამიტომ ამ არჩევნებს ლოგიკურად მოჰყვა მემარჯვენეების ლამის გამემარცხენება, მოჰყვა სოციალურ და ეკონომიკურ თემატიკაზე გამართული დებატები და თავად პრორუსული, ანუ არაპატრიოტული ძალების აღზევებაც. სწორედ ასეთი ყოფის არსებობა ჩათვალა, ეტყობა, დროულად ყველასათვის კარგად ცნობილმა პარლამენტარმა გურამ შარაძემ და პოლიტიკურ სცენაზე კარგად დავიწყებული კონსტიტუციური მონარქიზმის იდეა “შემოაგდო”.

– ეს არჩევნები მე შვილიშვილებთან ერთად ზოოპარკში გავატარე, სადაც ერთად ვადევნეთ თვალი მაიმუნების მაიმუნობას. ამ დროს, სამწუხაროდ, ლომებს ეძინათ, – განაცხადა არცთუ ერთაზროვნად ლომობაზე, ეტყობა, აშკარად გარკვეული პრეტენზიის მქონე ბატონმა გურამმა და თან იდეაც მეტ-ნაკლებად “გახსნა”:

გურამ შარაძემ გუშინ ახალი ზეპარტიული ნაციონალური მოძრაობის “საქართველო, უპირველეს ყოვლისა” შექმნის იდეა განაცხადა. მოძრაობის გულშემატკივარი პარტიების – “ნაციონალისტური პარტიისა” და “ქართველი სათავადაზნაურო საკრებულოს” სახელი დიდი ფიქრის შემდეგ განაცხადა, თუმცა, გულშემატკივარი პერსონების სახელი, ეტყობა, მათი შემდგომში გამრავლების იმედით დამალა.

საერთოდ, გუშინდელი გამოსვლა ძალზე ჰგავდა შეძახილს შესაძლო მომხრეთა გასაგონად, რომლებმაც წესით, დაძველებული იდეა უნდა ააღორძინონ. ვეჭვობთ, ამ მოძრაობის გულშემატკივრად აშკარად არ იქცევიან მონარქისტული და ტრადიციონალისტური პარტიები, რომელთაც ბატონი გურამი მონარქიზმის იდეის დისკრედიტაციას სდებს ბრალად და რომელთა ლიდერებსაც პრეზიდენტობის მწველ სურვილს სწამებს.

რაც შეეხება საარჩევნო ძალას, ანუ შესაძლო საარჩევნო აქტივობას:

– თუ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, მივიღებთ იმ 100%-იანი გარანტიით, რომლითაც არჩევნებში 5%-იან ბარიერსაც გადავლახავთ და უფრო მეტსაც – პროცენტების დასახელებას ნუ მომთხოვთ – აცხადებს ბატონი გურამი.

რაც შეეხება სავარაუდო მეფე-დედოფალს – მათ კანდიდატებად ისევ ძველი, კარგად ცნობილი და საზოგადოებაში აშკარად ავტორიტეტნაკლული კანდიდატები მოიაზრება. თუმცა…

– მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია. ანუ მომავალში ტახტის მემკვიდრეთა ურთიერთშეტაკების მოლოდინითა და შიშით თავად კონსტიტუციური მონარქიის იდეაზე რატომ უნდა ვთქვათ უარი… – ამბობს ახალი მოძრაობის დამფუძნებელი.

მოკლედ, იდეა იდეად და, განხორციელდება თუ არა იგი და ნახავს თუ არა რეალურ მხარდაჭერას, ეს სამომავლო საქმე გახლავთ. სხვა თუ არაფერი, ამ საახალწლოდ პესიმისტური და რეალისტური პროგნოზების გამოთქმას, ხომ არ დავიწყებთ. ბოლოსდაბოლოს, ახალი წელი იმედების დაბადების დროა.

თამარ ხორბალაძე
“დრონი”, 26 დეკემბერი, 1998

 

“საქართველო, უპირველეს ყოვლისა”

“ჩვენი მოძრაობის წევრობის უფლება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს”, – განაცხადა პარლამენტარმა გურამ შარაძემ სრულიად საქართველოს ზეპარტიული ნაციონალური მოძრაობის “საქართველო, უპირველეს ყოვლისა!” დამფუძნებელ ყრილობაზე.

მისი თქმით, ეს სახალხო მოძრაობა ეროვნული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში თავის მისიას შეასრულებს.

მოძრაობის უმაღლესი ორგანო ყრილობა იქნება. მისი აღმასრულებელი ორგანო კი ორრგოლიანი სისტემით ჩამოყალიბდება. ეს იქნება დიდი საბჭო (60 წევრის შემადგენლობით) და მთავარი კომიტეტი, რომელიც თავის რიგებში 15 ადამიანს გააერთიანებს. გათვალისწინებულია აგრეთვე პოლიტიკური და აღმასრულებელი მდივნების ინსტიტუტიც. ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანებისგან განსხვავებით, “საქართველო, უპირველეს ყოვლისა!” თავის წევრებს ნამდვილი და თავისუფალი წევრების სტატუსით აირჩევს.

,,კავკას-პრესი”
“ალია”, 1 მარტი, 1999

 

ვინ აჯობებს? ალბათ ის, ვინც ყველაზე ძლიერია!

წინასაარჩევნო ბატალიები ძალაში შედის. ვიღაცეების დიდი “მეცადინეობით” ორად გაყოფილი პოლიტიკური სპექტრი ეიფორიაში ჩავარდა. ვინ აჯობებს? პრეზიდენტის მფარველობის ქვეშ მყოფი მმართველი პარტია თუ ასლან აბაშიძის დემოკრატიული აღორძინების კავშირი და ე.წ. “ბათუმური ალიანსი”? როგორც ამბობენ, ბრძოლა უკომპრომისო იქნება, ისეთი, ერთი ქართული გამოთქმა რომ ვიხმაროთ, “დედა შვილს არ აიყვანს”.

ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი იმდენად დიდია, რომ “წვრილ-წვრილი” პარტიები უკვე მიკედლების პოლიტიკას დაადგნენ. რას იზამს საქართველოში ყველაზე ეროვნული – გურამ შარაძის მოძრაობა “საქართველო უპირველეს ყოვლისა”?

გურამ შარაძე: “კარს მოგვადგა არჩევნები და დღემდე ჩვენ არავისთან ბლოკში არ შევსულვართ, არავის სატელიტი არ გავმხდარვართ 7%-იანი ბარიერის შემოღების შემდეგაც კი. ასე ჰაი-ჰარად ჩვენ არავისთან ბლოკში არ ვერთიანდებით, რადგან ასე პარლამენტში მოსვლა არ გვინდა, ასე ჩვენ ეროვნული პრობლემების გადაწყვეტა არ გვინდა და არც გადაწყდება”.

მოძრაობა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე სკანდალებით მოვიდა. მივყვეთ ქრონოლოგიურად.

გვინდა თუ არა ეროვნული რეკვიზიტები?

ამ თემის შესახებ ბევრი დაიწერა და ითქვა. ვერაფერს ვიტყვით ახალს. ერთია, მისი წამოწევის გამო გურამ შარაძე ბევრმა პოპულისტად მონათლა, ბოლო ხანს კი ნაციონალისტურმა პარტიამ იდეის მითვისებაში დაადანაშაულა.

გურამ შარაძე: “ჩვენი ახლაგაზრდა კოლეგები ნაციონალისტური პარტიიდან გვედავებიან იმაში, რომ ჩვენ მივითვისეთ ეროვნული რეკვიზიტის ჩაწერის ინიციატივა, რომ ჩვენ თითქოს უგულებელვყოფთ ნაციონალისტურ პარტიას. როგორ გეკადრებათ. ჩვენ თურმე არ ვყოფილვართ პოლიტიკოსები. არავინ არ გვიცნობდა საქართველოში და მას შემდეგ, რაც ეს თემა “შემოაგდეს” პარლამენტში და მე დავდექი მათ გვერდით, მერე გავხდი თურმე ცნობილი”.

ნაციონალისტური პარტიის ამგვარ “ბრალდებებს” შარაძე დუმილით პასუხობდა, რადგან თვლის, რომ “ჩვენი მოძრაობაც თუ დაპირისპირების წყარო გახდება, მაშინ რაღა ეროვნული მოძრაობაა. ჩემი საქციელის გამო დამიწერეს კიდევაც, დუმილი თანხმობის ნიშანიაო. ასეა, თუ ტაქტის გამო ხანდახან არ ჩათვლი საჭიროდ პასუხის გაცემას, ამას დანაშაულად ჩაგითვლიან და შევარდნაძის მედლის მეორე მხარედ გამოგაცხადებენ”.

აი, მივედით იმ ცნობილ დაპირისპირებამდე, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენებდით. ნაციონალისტები შარაძის პარტიას შევარდნაძის მოქკავშირის სატელიტად თვლიან, შარაძე კი პირიქით, “დემოკრატიული აღორძინების კავშირთან” მეგობრულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს ახალგაზრდა ნაციონალისტებს. ჩვენ სხვა პლატფორმაზე არ გადავსულვართ. ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით ეროვნული რეკვიზიტის აღდგენაზე. რატომ შევარდნაძეს არ ლანძღავ და არ აგინებო, შენ პრეზიდენტის ეროვნული იმიჯის შექმნაზე ზრუნავო, – მემდურებიან ახლაგაზრდა ნაციონალისტები. მე მივმართავ ჩემს კოლეგებს, მაინცდამაინც ლანძღვა-გინებით გინდათ მიაღწიოთ რამეს, თუ ის არის უფრო მეტი, რომ პრეზიდენტს უკან წააღებინებ თავის მიერ მიღებულ კანონს და აღიარებინებ, რომ ეს შეცდომა იყო”, – აცხადებს შარაძე.

ნაციონალისტური პარტიის ამგვარი პრეტენზიის გამო კი პარტია რამდენიმე ადამიანმა დატოვა.

საბოლოოდ გადაწყდა ეროვნული საგანძურის პრობლემა

პრეზიდენტმა ეროვნული საგანძურის გატანის საკითხს ვეტო დაადო და ამით საბოლოოდ გადაწყვიტა ეს პრობლემა. მავანნი იმასაც ლაპარაკობენ, ამით შევარდნაძემ ბევრი მოიმდურა უცხოეთში, მაგრამ, სამაგიეროდ, წინასაარჩევნოდ საკმაო ქულები დააგროვა საქართველოშიო.

სხვები რას ფიქრობენ, არ ვიცი, მაგრამ შარაძეს და მის პარტიას რომ დიდი წვლილი მიუძღვის ამ საქმეში, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. “ეროვნული საგანძურის და საეკლესიო სიწმინდეების გატანის პრობლემა რომ ჩვენ დავიწყეთ, ამას თუ ვიტყვი, ალბათ, არ გადავაჭარბებ, – აცხადებს შარაძე, – აგერ არის პარლამენტი, პრესა, მაგრამ იმაზე არ არის საკითხი, პირველად ვინ დაიწყო. მთავარი არის ის, რომ მას აჰყვა ერი და ბერი, საპატრიარქოდან დაწყებული, ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილით დამთავრებული”.

მასალები მოსალოდნელი გამოფენების შესახებ აქ რომ ვერ მოიძია შარაძემ, ვაშინგტონიდან ჩამოიტანა. ამით შეიარაღდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, რომელმაც სასამართლო პროცესის გარკვეული ნაწილი მოიგო. ამის შესახებ საზოგადოება ინფორმირებულია.

მართლა გადაიბირეს შარაძე სექტანტებმა?

სექტანტების და კერძოდ, იეღოველების წინააღმდეგ წამოწყებული სასამართლო პროცესი შარაძემ დიდი აჟიოტაჟით დაიწყო. კიდევაც გაიმართა ერთი სასამართლო სხდომა – მერე კი… ყველაფერი ისე სწრაფად მიჩუმდა, როგორც დაიწყო. ბოროტი ხმები ამბობენ, შარაძე იეღოველებმა “გადაიბირესო”. ამის მცდელობა რომ ნამდვილად იყო, თვითონ განაცხადა პოლიტიკოსმა. არ ვიცი, ეს რამდენად შეეფერება სინამდვილეს, მაგრამ სასამართლო პროცესის გადადება შეიძლება ისევ და ისევ არჩევნებს დავუკავშიროთ. გამოცდილი პოლიტიკოსი ერიდება საქართველოში მყარად ფეხმოკიდებული (იგულისხმება როგორც ფინანსური, ასევე რაოდენობრივი მხარე) ამ სექტანტური ორგანიზაციის გაღიზიანებას. ამის დრო, ალბათ, არჩევნების მერეც საკმარისი იქნება, რადგან შარაძის მიზანს წარმოადგენს “ოცსაუკუნოვანი ქართული სახელმწიფო მართლმადიდებლური ეკლესიის დაცვა სექტანტებისაგან და, მათ შორის, იეღოველებისაგან. “ჩვენ ვებრძვით სექტანტებს, – აცხადებს შარაძე, – რომელიც ანგრევს ქართულ ეროვნულ ცნობიერებას, ქართულ ეროვნულ მენტალიტეტს, ოცსაუკუნოვან ქართულ სამოციქულო მართლმადიდებლურ აღმსარებლობას, რომელსაც შეეწირა ქართველი ერის ენერგია, საუკეთესო შვილები, უმრავლესობა წმინდანებად შერაცხა ერმა და ეკლესიამ, მაგრამ ჩვენ არ ვებრძვით ტრადიციულ სარწმუნოებებს, რომლებიც საქართველოში არის. ესენია: სომხური გრიგორიანული სარწმუნოება, კათოლიკური ეკლესია, მუსლიმანობა და იუდაიზმი, რადგან მათი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს”.

შეგახსენებთ, რომ რელიგიური სექტების მუშაობა ძირითადად დამყარებულია პროზელიტიზმზე, რაც გულისხმობს მოქალაქეთა ტრადიციული სარწმუნოების იძულებით დაკარგვას და სექტანტურ სარწმუნოებაზე ძალით გადაყვანას. პროზელიტიზმს ებრძვის მთელი ცივილიზებული სამყარო და თითქმის ყველა ქვეყანაში ისჯება კანონმდებლობით.

მოვიდა ანგარიშის ჩაბარების დრო

ნაციონალისტები შარაძის კომიტეტის მუშაობაშიც ერევიან და უმოქმედობას სწამებენ, ამიტომ ის იძულებულია ანგარიში ჩააბაროს არა ოპონენტებს, არამედ მომავალ ამომრჩეველს. თუმცა, მისი აზრით, ეს არ არის თავის მართლება, ან თუნდაც, თავის მოწონება.

“ამ მოწვევის პარლამენტს ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი კომიტეტის დაარსების დღიდან ვებრძვით, რომ საქართველო კიდევ არ გახდეს ახალი კონფლიქტის, უცხო ძალების მიერ ინსპირირებული დიდი დესტაბილიზაციის კერა. ამას ჰქვია 300 ათასი თურქი მესხის საქართველოში დასახლება. მაშინ, როდესაც ხუთი-ექვსი წლის წინ სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან აყრილი ქართული მოსახლეობა ვერ დაგვიბრუნებია, ჩვენ ვარჩენთ, არიან თუ არა ის მესხები წმინდა სისხლის ქართველები და რომ დაბრუნდებიან საქართველოში გაქართველდებიან თუ არა. ივლიან თუ არა ქართულ სკოლაში და ქართულ ეკლესიაში, თუ მოითხოვენ თურქულ სკოლებსა და მეჩეთებს”. და კიდევ, კანონი დევნილების შესახებ შარაძის კომიტეტის მიერ არის მომზადებული და პარლამენტში დამტკიცებული. “დღეს საქართველო ოდნავ მაინც იმართება და ოდნავ თუ მაინც საკანონმდებლო ბაზაზე არის დაფუძნებული პრობლემა ლტოლვილებისა თუ დევნილებისა, ეს ჩვენი ძალისხმევით მოხდა” – აცხადებს შარაძე.

და კიდევ, “მე მიხდება პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვების გამეორება. ამ მოწვევის პარლამენტს, სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა, 80 წლის მანძილზე დაკარგული ეროვნული განძის, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივის ჩამოტანა პარიზიდან, ლევილიდან და ჰარვარდიდან, თავის მოსაწონებლად ესეც ეყოფოდა”.

ვინ არის იზა ცნობილაძე – გურამ შარაძის

თუ საქართველოს გვერდში მდგომი?

ნაციონალისტების მიერ აგორებულმა ახალმა ტალღამ არა მარტო გურამ შარაძე, როგორც პიროვნება და როგორც პოლიტიკოსი “დააზიანა”, არამედ მის გვერდში მდგომი არაერთი ადამიანი. მათ შორის, ქალბატონი იზა ცნობილაძე. მის შესახებ არაერთი “კომპრომატი” დაიბეჭდა პრესაში. იგი სასამართლოში ჩივილს აპირებს, მორალური ზარალის გადახდევინებას, რამდენსაც მთელი ცხოვრება ვერ დააგროვებენ. იგი თავს არა გურამ შარაძის, არამედ საქართველოს გვერდში მდგომად თვლის. ყველაზე რეალურ ძალად კი ეროვნულ მოძრაობაში გურამ შარაძე და მისი პარტია მიაჩნია.

* * *

…არჩევნები კარზეა მომდგარი. ქვეყნის ისედაც დაბნეულ მოსახლეობას არჩევანის გაკეთება გაუჭირდება, რადგან პოლიტიკური ძალები ამ დროისათვის შემონახულ შორს გამიზნულ კომპრომატებს რიგრიგობით აჩენენ, მაგრამ ყველაფერი არ შეიძლება იკადრო ამ სიტუაციაში, რადგან საკანონმდებლო ხელისუფლებაში ყოფნაზე დიდი რამ ადამიანისათვის ეთიკის ნორმებია. მე კი ამ წერილს ისევ ბატონ გურამ შარაძის სიტყვებით დავასრულებ: “ამ წინასაარჩევნო კამპანიას მართლა ნუ გადავაქცევთ ისეთად, მტერს რომ გაახარებს და ნუ დავერევით ერთმანეთს: ცენტრი – რეგიონს, რეგიონი – ცენტრს, ერთი პარტია – მეორე პარტიას, ერთი მოძრაობა – მეორე მოძრაობას. სირცხვილია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვრცხვენია, მით უმეტეს, არ გვსურს ეროვნული მოძრაობა, რომელსაც აქვს სახელწოდება “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, ჩაერთოს ამ მღვრიე ტალღებში და ჭაობში ჩაიძიროს”.

ნათია ვერძეული
“მეოთხე”, 6-13 აგვისტო, 1999

 

ასლან აბაშიძეს არასოდეს ჰქონია

საქართველოს პრეზიდენტობის პრეტენზია

ინტერვიუ მოძრაობის – “საქართველო უპირველეს ყოვლისა”

თავმჯდომარესთან, პარლამენტარ გურამ შარაძესთან

  – საპარლამენტო არჩევნების წინ ყველა პარტია თავის ადგილს ეძებს და, მათ შორის, არც თუ მცირე ნაწილი სხვათა ფონზე იკარგება. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვან პოზიციას დაიკავებს არჩევნებში თქვენი ორგანიზაცია?

– მე არ ვეკუთვნი პარტიების ზედმეტად თვითდარწმუნებულ ლიდერთა კატეგორიას, რომლებიც წარბშეუხრელად აცხადებენ, რომ 7-პროცენტიან ბარიერს თავისუფლად გადალახავენ. “საქართველო, უპირველეს ყოვლისა” ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც სულ რამდენიმე თვეა, რაც ჩამოყალიბდა. ჩვენი ორგანიზაციის სიმდიდრე და კაპიტალი არის სიღარიბე. ჩვენ ვერ შევპირდებით ამომრჩეველს შაქარს, ფქვილს, ფულს და სხვა რაღაც-რაღაცეებს.

– ანუ, თქვენ ვერ იყიდით ამომრჩეველს?

– დიახ, ჩვენ ამომრჩეველს წინასწარ ვერ ვიყიდით. მაგრამ ამავე დროს, ჩვენი სიღარიბე, შეიძლება ყველაზე დიდი სიმდიდრე აღმოჩნდეს მომავალი არჩევნების დროს. საქართველოში ამომრჩეველი უკვე იმდენად პოლიტიზებულია, რომ ჩვენმა სიღარიბემ შეიძლება სხვების სიმდიდრესაც აჯობოს.

– ბევრი ფიქრობს, რომ თქვენ კარგი ურთიერთობა გქონდათ ასლან აბაშიძესთან და რამდენადაც ვიცით, მის წინააღმდეგ არც არასდროს გამოსულხართ, ამავე დროს კი დემოკრატიული აღორძინების კავშირის მიმართ არც თუ დიდი სიმპათიით გამოირჩევით. რამდენად ეთანხმებით ასეთ შეფასებას?

– ერთმანეთისგან არ ვანსხვავებ ურთიერთობას ასლან აბაშიძესთან და დემოკრატიული აღორძინების კავშირთან. როგორც კი წამოვედი “აღორძინების” საპარლამენტო ფრაქციიდან, იმ დღესვე დავუსვი წერტილი ასლან აბაშიძეთან ურთიერთობას.

მე თავის დროზე აბაშიძესთან ერთად ვიყავი პოლიტიკაში და ქვეყნის ინტერესებს ერთად ვიცავდით. როდესაც ჩვენი გზები გაიყო, ურთიერთობაც დამთავრდა. ზოგიერთი ავრცელებს ხმას, თითქოს ფარულ ალიანსში ვარ ასლან აბაშიძესთან. ხმამაღლა და ღიად ვაცხადებ, რომ ვერ ადგება ვერც ერთი კაცი, ვერც ასლან აბაშიძის ბანაკიდან და ვერც ჩემი სხვა ოპონენტის მხრიდან, რომელიც იტყვის, რომ ბატონ ასლანთან თუნდაც ერთი შეხვედრა, სატელეფონო საუბარი მქონდა მას შემდეგ, რაც განცხადება დავწერე და წამოვედი “აღორძინების” ფრაქციიდან.

– წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური ბლოკი “დემოკრატიული აღორძინება – XXI საუკუნე” ერთმანეთისგან განსხვავებული პარტიების გაერთიანების შედეგად შეიქმნა. ეს უკვე რეალობაა, რომელიც არჩევნებამდე მაინც არ შეიცვლება. რამ გააერთიანა ბათუმურ ალიანსში შესული პოლიტიკური ორგანიზაციები და რა შეიძლება მოხდეს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამ ბლოკში?

– ამ პოლიტიკურ ალიანსს არც თუ დადებითად ვუყურებ. ჩემი შეხედულება ასლან აბაშიძეზე, როგორც პოლიტიკოსზე, შეიცვალა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ იგი ერთდროულად ამდენი განსხვავებული პარტიის შეკედლებას შესძლებდა. ბათუმურ ალიანსში გაერთიანებული პარტიების ლიდერთა შორის ვერ ვხედავ ასლან აბაშიძის მეგობარს. მე აქ ვხედავ ანგარიშით მეგობრობას.

– ბევრს მიაჩნია, რომ ასლან აბაშიძემ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც განცხადება გააკეთა ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

– აბსოლუტურად გულახდილად ვაცხადებ, ასლან აბაშიძის გვერდით რომ ვყოფილიყავი, როგორც ეს ადრე იყო, ასეთ რჩევას მას არ მივცემდი და თავიდან ავიცილებდი დიდ პოლიტიკურ სკანდალს.

– მისი განცხადება მართლაც მრჩეველის ბრალია, თუ აჭარის ლიდერმა ეს შეცდომა ერთპიროვნულად დაუშვა?

– რამდენადაც ვიცი, ასლან აბაშიძის ხასიათი – იგი ამ ნაბიჯს ერთპიროვნულად არ გადადგამდა. ამავე დროს, წარმოდგენაც არა მაქვს, როგორი მრჩევლები ჰყავს ამჟამად მას და რამდენად უწევს იგი მათ რჩევას ანგარიშს. იქ მუშაობს ერთი ასეთი ტრადიცია – “შენ ხარ ჩემი ფალავანი”. ასლან ანაშიძის გარემოცვა ამ დევიზით მუშაობს. დარწმუნებული ვარ, ვიდრე ყველაფერი ძველებურად იქნება, მომავალშიც გაკეთდება ყარსის ხელშეკრულების ამოქმედების მსგავსი სკანდალური განცხადებები.

– ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარას შორის დაპირისპირება ძალიან მწვავე ხასიათს იღებს. თქვენი აზრით, რომელმა უნდა დათმოს?

– “შენ ხარ ჩემი ფალავანის” პრინციპი ცენტრსაც ღუპავს და ბათუმსაც. ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული დაპირისპირება ედუარდ შევარდნაძისა და აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ასლან აბაშიძის გარემოცვის ინსპირირებულია.

თბილისში შევარდნაძეს ეუბნებიან – შენ ხარ ჩემი ფალავანი, ვინ არის აბაშიძეო. აბაშიძესაც იგივეს ეუბნებიან, ვინ არის შევარდნაძეო.

– და მაინც, რომელმა უნდა დათმოს?

– უნდა დათმოს იმან, ვისაც დასათმობი აქვს.

– მაინც ვინ?

– მე ამ დაპირისპირების დეტალებში ჩახედული არა ვარ და ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ.

– როგორც ასლან აბაშიძე აცხადებს, ბათუმში გამართულ დემოკრატიული აღორძინების ახალგაზრდული კავშირის ყრილობაზე მისი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება მოულოდნელი იყო. თქვენ რას ფიქრობთ აბაშიძის პრეზიდენტობის კანდიდატობის შესახებ?

– ასლან აბაშიძე წინა არჩევნებზეც დასახელდა პრეზიდენტობის კანდიდატად, მაგრამ მან თავისი კანდიდატურა მოხსნა. ახლაც შეიძლება იგივე გაიმეოროს. მას ხშირად უთქვამს, დამანებეთ თავი, პოლიტიკოსი კი არა, სამეურნეო მუშაკი ვარ და მაცალეთ ამ დანგრეული ქვეყნის შენებაო.

ასლან აბაშიძეს არასოდეს ჰქონია პრეტენზია საქართველოს პრეზიდენტობაზე.

ჯილდა მაჭავარიანი
“დილის გაზეთი”, 7 აგვისტო, 1999

 

ბრძოლა ნაციონალისტობისთვის

ვინც ფაშისტს გვეძახდა, ის ნაციონალისტი გახდა

(ქვეყნდება შემოკლებით)

ნაციონალური მოძრაობის ლიდერ მიხეილ სააკაშვილს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა, გურამ შარაძის სახით, რომელმაც ოპერის თეატრში მრავალრიცხოვან აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ქართველი საზოგადოებისა და პოლიტელიტის მთავარი საზრუნავი ეროვნული ცნობიერების ამაღლებაა, საჭიროა ქართული ტრადიციების მოფრთხილება  და ქართული მენტალიტეტით მოქმედება. ,,გურამ შარაძის მხარდამჭერ ეროვნულ-ნაციონალურ მოძრაობას’’ მხარს უჭერენ ყველასთვის კარგად ცნობილი პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწენი და მოაზროვნენი. არის თუ არა გურამ შარაძის მოძრაობა სააკაშვილის ალტერნატიული მოძრაობა? ამის თაობაზე გურამ შარაძემ ,,ახალ თაობას’’ განუცხადა:

– მე არ მაინტერესებს, რომელი მოძრაობა თუ პოლიტიკური ძალა ვისი ალტერნატივაა. ჩვენს მოძრაობას – ,,საქართველო უპირველეს ყოვლისა’’ საფუძველი 1999 წელს  ჩაეყარა. ვინმეს თუ ეჭვი შეეპარება ამაში, შეუძლია იუსტიციის სამინისტროში გადაამოწმოს. ჩვენ ზეპარტიულ ნაციონალურ მოძრაობას წარმოვადგენთ და თუ ვინმეს ამის შემდეგ გაუჩნდა სურვილი, ჩვენი ძალის მსგავსი მოძრაობა დაეარსებინა, ამას ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ვინც ჩვენ ნაცისტებს და ფაშისტებს გვიწოდებდა, დღეს ის გახდა ნაციონალისტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა იდეამ გაიმარჯვა.

– ბატონო გურამ, ამ მოძრაობას, ალბათ, წმინდა პოლიტიკური დატვირთვა ექნება.

– რადგან ჩვენს მოძრაობას ნაციონალური ჰქვია, მას მხოლოდ ეროვნული დატვირთვა ექნება. ამ მოძრაობის შექმნას მთელი ჩვენი ცხოვრება მოვახმარეთ.

თქვენ ბრძანებთ, რომ ისინი, ვინც თქვენ ფაშისტსა და ნაცისტს გიწოდებდნენ, დღეს გახდნენ ნაციონალისტები. თქვენ ამით იმის თქმა ხომ არ გსურთ, რომ ამ პოლიტიკოსებმა ნაციონალური ნიშნით შეიცვალეს იმიჯი?

– აბსოლუტურად გეთანხმებით. დღეს ბევრი სავლე გახდა პავლე, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ პავლეები იქცნენ სავლეებად. ბევრი უდღეური და სიცოცხლისუუნარო ბაქიობს ბრჭყვიალა ლოზუნგებით, დროშების ფრიალით, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ დღის ბოლოს იგი მკვდარია. მე ვისურვებდი, რომ ამნაირების ბედი არ გაგვეზიარებინოს. ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს’’ განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ამ ბლოკით შევედით პარლამენტში, ბატონ გოგი თოფაძის დახმარებით და უმადურები არასდროს ვიქნებით. ამ პოლიტიკურ ძალასთან ერთად შევეცდები განვახორციელო ივანე ჯავახიშვილის ანდერძი, რომ ეროვნული სახელმწიფო ეროვნული იდეოლოგიის გარეშე ვერ იარსებებს.

ზაზა ბაკაშვილი
,,ახალი თაობა’’, 6 ივნისი, 2002
 

,,ნაციონალური მოძრაობა – ჩვენი საქართველო’’

(ქვეყნდება შემოკლებით)

5 ივნისს, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, გურამ შარაძის მხარდამჭერი საზოგადოების ,,ნაციონალური მოძრაობა – ჩვენი საქართველო’’ პრეზენტაცია შედგა. შეკრებას უამრავი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები…

ვახტანგ ბოჭორიშვილი: ხალხნო, ვის უნახავს ლხინი უცინარი და ჭირი უტირალი. მე მახსოვს, 9 აპრილის საშინელი ტრაგედიის დროს, როდესაც შეიქმნა შესანიშნავი სიმღერა ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები’’, ქართველობა ერთად იდგა. დღეს, ამ ძნელბედობის ჟამს, როდესაც ასე უჭირს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი, ქართველების ერთ მუშტად შეკვრა თუ გადაგვარჩენს. მე რომ ადრე გამეგო ამ მოძრაობის შექმნის შესახებ, ჩემს საყვარელ ადამიანს, ჩვენს დიდ ქართველს, ბატონ გურამ შარაძეს ვურჩევდი, რომ ამ მოძრაობისთვის პირდაპირ ,,,ეროვნული მოძრაობა’’ დაერქმია, იმიტომ, რომ ეროვნული, ეს მარტო ქართული სიტყვაა, ერი და არსად სხვა ენაში არ გვხვდება. მადლობა ღმერთს, ჩვენმა წინაპრებმა, სხვა ბევრ სიმდიდრესთან ერთად, გადმოგვცეს დიდებული სიტყვა, ერი – ე.ი. ეროვნება. შემდეგ მოდის სიტყვა – ,,ჩვენი საქართველო, ე.ი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საქართველოზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. ბატონი გურამი – ეს ის ადამიანია, რომლის ცხოვრებაც ყველა ადამიანმა, მით უმეტეს ახალგაზრდამ, თავის წესად, მაგალითად უნდა დაისახოს, მიჰყვეს მას და დარწმუნებული უნდა იყოს, რომ იგი, როგორც იტყვიან, მივა დასახულ მიზნამდე.

ქართული ენა არის და უნდა იყოს სახელმწიფო ენა არა მარტო ქაღალდზე, არამედ, ცხოვრებაშიც და მაშასადამე, იგი უნდა იყოს უზრუნველყოფილი მთელი რიგი უფლებებით…

ბატონი გურამი ჯერჯერობით ერთადერთი ადამიანია, რომელმაც სასამართლო პროცესი მოიგო სექტანტების წინააღმედეგ, რომლებიც ძირს უთხრიან მართლმადიდებლობას.

ბატონებო, ყველა ხიფათიდან, დღეს რაც გვჭირს, ყველაზე მძიმე ხიფათი არის ჩვენი ერის და ენის დაკნინება და სანამ ჩვენ ერთად არ დავდგებით, მანამ არაფერი გვეშველება.

კარლო ინასარიძე (ქართველი პოლიტიკური მოღვაწე საფრანგეთსა და გერმანიაში): 80-იან წლებში, ჩვენ, ვინც ნახევარ საუკუნეზე მეტი უცხოეთში ვცხოვრობთ, პარიზში მოგვევლინა პროფესორი გურამ შარაძე. ბატონი გურამი ეძებდა იმ დიდ წარსულს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და რომლის დოკუმენტაცია ყველა დიდ მუზეუმში თუ კერძო პირების ხელშია. იგი ობიექტურად აღწერდა უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ცხოვრებას და მოღვაწეობას. ამან ჩვენ ძალიან განგვაცვიფრა, ვინაიდან, ჩვენ მიჩვეულები ვიყავით საბჭოთა წყობილების მიერ დაკანონებულ ცნებას, რომ თუ ვინმე უცხოეთში ცხოვრობს, ის ნამდვილი ქართველი არ არის, საქართველო არ უყვარს და ა.შ. ჩვენ შევხვდით ბატონ გურამს და უნდა გითხრათ, რომ მან ჩვენი იმედები გადაჭარბებით შეასრულა, ვინაიდან მან პირველმა ჩვენი, არა მარტო პოლიტიკური ემიგრაციის ცხოვრება და მოღვაწეობა, არამედ უცხოეთში მცხოვრებ ყველა ქართველთა ცხოვრება და მოღვაწეობა ობიექტურად აღწერა; ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა უფრო გაღრმავდა და ის ფაქტიც, რომ დღეს აქ ვარ, ამის შედეგი და ბატონი გურამის დამსახურებაა…

ამ შემთხვევაში ჩვენ და პირადად მე, მაინტერესებს ყველაზე უფრო ის, რაც საერთო ქართულია. ჩვენმა მამა-პაპებმა 1918 წლის 26 მაისს შექმნეს სანიმუშო სახელმწიფო – თავისი კონსტიტუციით, კანონმდებლობით და დამფუძნებელი კრებით. მე პირადად, ამ თაობას ოქროს თაობას ვუწოდებ, ხოლო 1918-21 წლებს ოქროს ხანას. ვინაიდან, საქართველომ ამ მოკლე ხანში შეძლო საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა…

ჩვენ ერთმანეთის აზრის პატივისცემით, ერთმანეთის ეროვნული გაგებით უნდა შევებრძოლოთ იმ პირებს, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან და შევახსენოთ ჩვენი ეროვნული მიზნები და ის, რომ ჩვენ დასაკარგი ქართველი არა გვყავს…

გოგი თოფაძე: ძალიან სასიამოვნოა, რომ მთელ ქვეყანაში იწყება ასეთი სერიოზული მოძრაობა. ძალიან გასახარია, რომ ამდენი თბილისელი – ინტელიგენციის წარმომადგენელი მოვიდა და გვერდში დაგვიდგა… საუბედუროდ, ბოლო წლებში, კოსმოპოლიტურ ძალებს, სხვადასხვა ვარიაციებით უნდათ შემოგვაპარონ, რომ საქართველოში სახელმწიფო ენად არ იქნას გამოცხადებული ქართული ენა. რომ არა ბატონი გურამის აქტიურობა, მას რომ არ დაენახა რა არის ამ პარაგრაფების და ამ მუხლების უკან, ჩვენ შეიძლება 17 მაისს ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი კანონი მიგვეღო და არა მარტო ეს… მინდა გითხრათ, რომ მე და ბატონმა გურამმა სოფელ-სოფელ შემოვიარეთ თითქმის მთელი საქართველო და ეს სამი სიმბოლო – ,,ენა, მამული, სარწმუნოება’’ იმდენად გამწვავებულია, რომ… თითქმის მუხლებზე დაჩოქილები გვეხვეწებოდა ჩვენი რეგიონების მოსახლება, შიმშილსაც, უხელფასობასაც ავიტანთ, ოღონდ ეს გადაგვირჩინეთო…

ჩვენი ნებისყოფადაკარგული ხელისუფლება კიდევ ბევრ დათმობაზე წავიდოდა. მე მიმაჩნია, რომ ამის გარშემო ყველა უნდა გავერთიანდეთ. ,,ენა, მამული, სარწმუნოება’’ – ეს არის ის სამი სიმბოლო, რომელიც თუ დავკარგეთ, მერე ალბათ, არავითარ სხვა ბრძოლას აზრი აღარ ექნება… და თუ ჩვენ, ყველანი ერთად ვიბრძოლებთ ამისთვის, მერწმუნეთ, რომ ხვალ და ზეგ ჩვენ ძალიან კარგი საქართველო გველოდება.

მამა ბასილი: როცა საქართველო მძიმე მდგომარეობაში იყო, ღმერთი მაინც არ სწირავდა და მოუვლენდა პიროვნებას, რომელიც იღვწოდა მისი გადარჩენისთვის. დღეს ასეთი პიროვნებაა ბატონი გურამ შარაძე, რომელიც ყველაფერს აკეთებს საქართველოში მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვისთვის.

ბატონო გურამ, თქვენ უფალმა მძიმე მისია დაგაკისრათ. თქვენ უნდა იბრძოლოთ ჩვენი ერის გამარჯვებისთვის, აღორძინებისთვის. ქართველობა და მართლმადიდებლობა ერთმანეთისგან განუყოფელია. მტერი ვერ ერეოდა ჩვენს ქვეყანას, ახლა კი ქართველების ხელით კეთდება მტრის საქმე. ჩვენ ერთი მტერი გვყავს, მტერი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული. ერთად აღვუდგეთ წინ ურჯულოებას, ქართველი ერის მტრებს. დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველას, ვინც იბრძვით მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვისთვის.

ია ბაგრატიონ-მუხრანელი: მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ბატონო გურამ. ამ დიდებულ დარბაზში ვხედავ დიდებულ ხალხს, ქართველი ერის საუკეთესო წარმომადგენლებს. ბატონმა გურამმა კიდევ ერთხელ შეგვაერთა ამ დარბაზში, მე გესალმებით ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლების, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს სახელით. ჩვენი წინამძღოლია ბატონი კოტე ჩოლოყაშვილი, რომლის მამა კონსტანტინე ჩოლოყაშვილი დახვრიტეს 1921 წელს. მაშინ თითქმის მთელი თავად-აზნაურობა განადგურებული იყო. ეს იყო იმ თანამიმდევრული გენოციდის მიზეზი, რომელიც 1801 წელს დაიწყო. ეს გენოციდი ახლაც გრძელდება. ჩვენი საკრებულო ვთვლით, რომ ამ ჩვენს ბედკრულ, გაყიდულ საქართველოს უშველის კონსტიტუციური მონარქია… ქართველი კაცის ცხოვრების მთავარ ღერძს მართლმადიდებლობა წარმოადგენს. სამეფო კარი, სამღვდელოება, მხედრობა, ყველა ერთი მიზნით იყო გაერთიანებული, ეს იყო ქვეყნის ინტერესების დაცვა. 

მე მინდა გავიხსენო ერთი ეპიზოდი, რომელიც ბატონ გურამ შარაძეს ეხება. ლეგიტიმური არჩევნები იყო ,,წითელ ჯვარში’’… მაშინ ბატონი გურამი ჭეშმარიტების მხარეზე იყო, იცავდა სიმართლეს და ამისთვის დიდ მადლობას მოვახსენებ. ბატონი გურამი იყო პირველთაგანი, რომელმაც ხელოვნების მუზეუმის საგანძური გადაარჩინა. ამ საგანძურის გატანის საფრთხე დღესაც არსებობს… ჩვენ, თავად-აზნაურთა შთამომავლობა, საკრებულო თქვენთან ერთად იყო, არის და იქნება. მე მოგიწოდებთ ჭეშმარიტ ეროვნულ მოძრაობასთან ერთად, ვიფიქროთ კონსტიტუციურ მონარქიაზე.

ირაკლი კაკაბაძე: ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ისეთი ჟამი, როდესაც ადამიანს ღვთის განგებით განსაკუთრებული განსაცდელი ელის. უმეტეს წილად ეს ეხება იმ დროს, როდესაც შენს ერს, სამშობლოს ძლიერ უჭირს და ამ დროს ვინც თავს გამოიჩენს არა სიმუხთლით და ტყუილით, არამედ ვაჟკაცობითა და ნამდვილი, ჭეშმარიტი მამულიშვილობით, ის ნეტარია, რამეთუ მას ისტორიაში ნათელი კვალი, ნათელი ფურცელი ელის. ასეთი პიროვნებები ზეციურ საქართველოში ხარობენ, რადგან დღეს კიდევ ერთი ნათელი ადამიანის დიდი დღესასწაულია ამ დარბაზში. ბატონო გურამ, ის განსაცდელი, რაც მოგევლინათ ერის გასაჭირის დროს, ვაჟკაცურად გადაიტანეთ და დღესაც ასე დადიხართ… დიდ მადლობას მოგახსენებთ, რადგან თქვენ, როცა ჩვენ დიდი დილემის წინაშე დავდექით, რა გაგვეკეთებინა ეროვნული საგანძურის დაცვისთვის, გვიჩვენეთ ნათელი მაგალითი, თუ სად უნდა დავმდგარიყავით და როგორი წესით უნდა გვეცხოვრა. დიდი მადლობა, რომ არსებობთ. წინ ერთად ილიასკენ, დავითისკენ, წინ ერთად ერთიანობისკენ.

გურამ შარაძე: დღეს იმდენად ემოციური დღეა, ძალიან მიჭირს საუბარი, რადგან ვარ დარბაზში, რომლის ყოველ სანტიმეტრს წარსულის, ჩვენი დიდი წინაპრების კვალი ატყვია. ეს არის ის დარბაზი, სადაც 1917 წლის 19-23 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. აქ ჩაეყარა საფუძველი საქართველოს დამოუკიდებლობას.

მინდა დიდი მღელვარებით აღვნიშნო, რომ ეს დარბაზი შეიძლება საქართველოს გაერთიანების იმპულსად, სტიმულად იქცეს. აქ წარმოდგენილია სრულიად საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, ინტელიგენცია და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის უკანასკნელი მოჰიკანი კარლო ინასარიძე და მისი მეუღლე თინათინ პატარიძე… და რომელი ერთი ჩამოვთვალო. აქ ბრძანდებიან ჩვენი სულიერი მამები. კათოლიკოს-პატრიარქმა აქ მობრძანებული საპატრიარქოს წარმომადგენლის პირით შემოგვითვალა, რომ ამ წუთებში საპატრიარქოში ყალიბდება ახალი საკათედრო ტაძრის – სამების მგალობელთა გუნდი. ალბათ, ესეც სიმბოლურია, რომ დღეს ეყრება საფუძველი ამ გუნდს, რომელიც იგალობებს ახალ სვეტიცხოველში.

მინდა უღრმესი მადლობა გამოვუცხადო ბატონ სილოვან ნარიმანიძეს და ოთარ კობერიძეს. აქვე მინდა მოვიგონო მისი ბრწყინვალე მეუღლე, ქალბატონი ლია ელიავა, ზვიად გამსახურდიას იდეებისთვის, თავისუფლებისთვის განწირული ქალი.

აქ ბრძანდებიან საქართველოს პარლამენტის წევრები. აქ იყვნენ 14 ფრაქციის წევრი, რაც იმის ნიშანია, რომ დღევანდელმა დღემ გააერთიანა საქართველოს შიდაპოლიტიკური ძალები, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს გადასარჩენად. მარტო ის ფაქტი რად ღირდა, რომ ჩვენი საღამო გახსნა ვახტანგ ბოჭორიშვილმა, რომელიც არის სიმბოლო ქართული საზოგადოების ყველა ასაკისა და ფენის გაერთიანებისა. აი, რა შეძლებია საქართველოს ჭეშმარიტ სიყვარულს. რაც შეეხება საზოგადოების შექმნას, ეს საზოგადოება ერთი წლის წინ შეიძლება ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ამ საზოგადოების შექმნისა, რადგან ქვეყანაში, სადაც შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, ივანე მაჩაბლის, მერაბ კოსტავას, კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოებაა, ძალიან უხერხულია შექმნა საზოგადოება, რომელიც ასეთ ამბიციურ სახელს ატარებს. ჩემი ერთადერთი იმედი იყო სასამართლო. მეგონა იგი რეგისტრაციაში არ გაატარებდა. ამით ვალს მოვიხდიდი ჩემი საინიციატივო ჯგუფის წინაშე, მაგრამ სასამართლოში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ თურმე მოსამართლეები რეგისტრაციაში გატარებისთვის, ამიტომ მათ ჩემგან მხოლოდ მადლობა ეკუთვნით.

დღეს საქართველოს განსაკუთრებულად მძიმე პერიოდი უდგას. მე-19 საუკუნეში დაწყებული ეროვნული მოძრაობა წიწამურში განგმირეს, ხოლო მე-20 საუკუნეში ზვიად გამსახურდიას მიერ დაწყებული ეროვნული აღმავლობა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში დაასამარეს. ასეთი მძიმე მემკვიდრეობა გვერგო ჩვენ. გასულმა სისხლიანმა საუკუნემ გვიანდერძა, რომ ფუჭად არ უნდა დაიღვაროს ილია ჭავჭავაძისა და ზვიად გამსახურდიას სისხლი, კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ საძაგლიშვილის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, 37 წელს დახვრეტილი ქართველი ინტელიგენციის სისხლი. საქართველოში ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. ამ არჩევნებმა დაგვანახა, როგორ სტკივა საქართველოს. ასე დაძგერებული ქართველობა თითოეული ხმის ათასჯერ დასათვლელად ჯერ არავის უნახავს. პარლამენტი არ ყოფნით, საკრებულო არ ყოფნით, აღმასრულებელი ხელისუფლება არ ყოფნით, პრეზიდენტის სავარძელი არ ყოფნით, არაფერი არ ყოფნით, გარდა საქართველოსი. ვის უნახავს ასეთი მშიერი, დაჩოქებული საქართველო? ეს თავმოყვარე, ულამაზესი ქართველი ერი? როცა ვორონცოვმა ნიკოლოზ I ჩაის პლანტაციების გაშენების გეგმა შეუტანა, იმპერატორმა ასეთი რეზოლუცია დაადო: მე მშვენიერი ქართველი ერი მონური შრომისთვის არ მემეტებაო. და ჩვენ დღეს საქართველო მონების ქვეყნად ვაქციეთ და მილიონზე მეტი ქართველი გავაქციეთ საქართველოდან, რომ დარჩენილი ქართველები შიმშილით არ დაიხოცონ. რა უჭირს ასეთი საქართველოს?

არ არსებობს ეროვნული სახელმწიფო ეროვნული მეურნეობის გარეშე. ეს დიდი ივანე ჯავახიშვილის სიტყვებია და არ არსებობს ეროვნული სახელმწიფო ეროვნული იდეოლოგიის გარეშე – ეს ჩვენი ეროვნული მოძრაობის თავკაცის, ბატონ ზვიად გამსახურდიას სიტყვებია. ჩვენ დავივიწყეთ ილია ჭავჭავაძე, ივანე ჯავახიშვილი, ზვიად გამსახურდია და ამან მიგვიყვანა უკიდურეს გაჭირვებამდე. სახელმწიფოში არ არსებობს ეროვნული იდეალი. ვინც იყო, ყველანი ჩავხოცეთ. ბევრს საქართველოს მიწაც არ ეღირსა. რა ვუთხრა იმ საქართველოს, რომელმაც თავისი პირველი პრეზიდენტი ჯერ ვერ დაიცვა, შემდეგ კი მშობლიურ მიწას ვერ მიაბარა.

საქარველო გაბრწყინდება, როცა მას თავისი დიადი შვილების ძვლები დაუბრუნდება, რომელთა სისხლმა შეკრა და გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა.

რა ვუთხრა იმ ერს, რომელმაც დღემდე სახელმწიფო ენად ვერ დააკანონა თავისი ენა. რა ვუთხრა იმ პარლამენტს, რომელმაც ქართველს ქართველობა წაართვა, ეროვნება წაართვა. ის, რაც ვერ წაართვა მურვან ყრუმ, თემურ ლენგმა, ჯალალ-ედინმა, რუსმა იმპერატორებმა და თვით კომუნისტებმა, ის წაგვართვა ჩვენმა პარლამენტმა.

ეს ის ქვეყანაა, სადაც ხალხი სისხლის ფასად ინარჩუნებდა მართლმადიდებლურ რელიგიას და დღეს საქართველოში ქრისტიანობა არათუ სახელმწიფო რელიგიად, უბრალო რელიგიად ვერ დავაკანონეთ და ათასი ჯურის სექტანტი გვეპაექრება და ხელს გვიშლის ამისთვის. არ იქნება საქართველო მანამ, სანამ საქართველოში არ აღდგება ეროვნული რეკვიზიტი, სახელმწიფო ენა და სახელმწიფო რელიგია. საქართველოს ჯერ კიდევ კომუნისტების დროს წაართვეს ტერიტორიები და თითქოს საკმარისი არ ყოფილიყო, აგერ ჩვენს თვალწინ დავკარგეთ სამაჩაბლო და აფხაზეთი.

ახლა კიდევ 400 ათასი ,,თურქი-მესხის’’ საქართველოში დაბრუნებას გვიქადიან, თითქოს ქართველებმა თურქეთს წავართვით ეს ტერიტორია და ახალციხის საფაშო. ამას აკეთებს ევროსაბჭო და ევროპარლამენტი და იქ წარგზავნილი ,,ქარველების მიერ არჩეული’’ დეპუტატები. და მოაქვთ ევროსაბჭოს რეკომენდაციები, როგორ შემოვიყვანოთ თურქები. მაშინ როცა ჩვენ ვერ მოგვივლია ჩვენი დევნილებისთვის. საბჭოთა კავშირმა ატომური ბომბი, კომუნისტების მილიონები, შავი ზღვის ფლოტი დაუტოვა რუსეთს და საქარველოს მზითევში მხოლოდ ,,თურქი-მესხები’’ ერგო.

ჩვენი საზოგადოება არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორც ბატონმა გია მამალაძემ ბრძანა, ღმერთმა ქნას, რომ ეს საზოგადოება  საქართველოს გამაერთიანებელი ყოფილიყოს. მისი კარი ღიაა ყველა მოქალაქისთვის, ვინც სამშობლოსთვის სიცოცხლეს, ნიჭსა და ენერგიას არ დაიშურებს. ქართველებს საქართველოს გარდა, სხვა სამშობლო არ გააჩნიათ.

ქართველ ერს ნურავინ დასწამებს რელიგიურ და ეროვნულ შეუწყნარებლობას, რადგან საქართველოში ისე არავინ იჩაგრება, როგორც ქართველი და ჩვენ არ მივცემთ არავის ამის უფლებას. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ რთული პერიოდი გვარგუნა ღმერთმა. წინ გველის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ბედმა ისე ითამაშა, რომ 21-ე საუკუნე დაიწყო სამი არჩევნებით – ფუნდამენტიდან მწვერვალამდე. მე ვაღიარებ, რომ ეს არჩევნები ჩატარდა გაყალბებით, მაგრამ ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ გამარჯვებულები დამარცხებულებივით ტირიან და დამარცხებულები გამარჯვებას იბრალებენ.

გაუმარჯოს იმ 21-ე საუკუნეს, რომელიც აირჩევს ეროვნულ პარლამენტს, ეროვნულ პრეზიდენტს და საქართველოს გაათავისუფლებს მონური ბორკილებიდან. ვიაროთ ილიას გზით, ზვიადის გზით, 21-ე საუკუნის საქართველოს გზით. ჩვენ გპირდებით, რომ სისხლი უკვე გავიღეთ ერთხელ და კიდევ გავიღებთ, ოღონდ გადარჩეს საქართველო.

,,მართალი გაზეთი’’, 20 ივნისი, 2002

 

მართლმადიდებელთა ყრილობა სპორტის სასახლეში 

სპორტის სასახლეში გამართულ მართლმადიდებელთა ყრილობას რამდენიმე ათასი ადამიანი დაესწრო, თუმცა, როგორც ვარაუდობდნენ, სპორტის სასახლის ათიათასიანი დარბაზი, სამწუხაროდ, გადაჭედილი არ ყოფილა, რის მიზეზადაც, ბატონმა გურამ შარაძემ წვიმიანი ამინდი და სიცივე დაასახელა. ყრილობა გურამ შარაძის მხარდამჭერი საზოგადოების, ნაციონალური მოძრაობა ,,ჩვენი საქართველოს’’  ინიციატივით გაიმართა, სახელწოდებით – ,,ჩვენ ვიცავთ მართლმადიდებლობას’’ და როგორც შარაძემ განაცხადა, ,,ყრილობის მიზანია საქართველოს 20-საუკუნოვანი, მართლმადიდებლური, სამოციქულო ეკლესიისა და მრევლის დაცვა, იმ შემოსეული ურიცხვი სექტისა და სექტანტისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს რწმენას. შედეგი კი უნდა იყოს ის, რომ მთავრობას, ხელისუფლებას, პარლამენტს, დააჩქარებინებს რელიგიის კანონის მიღებას, რომლისთვისაც 7 წელია, ვიბრძვი’’.

თუმცა, შარაძემ იქვე განმარტა, რომ იგი კატეგორიულად არ ეთანხმება რელიგიის კანონის არსებულ პროექტს, როგორც ერისთვის დამღუპველს და მადლობა გამოუცხადა იუსტიციის მინისტრს როლანდ გილიგაშვილს, რომელმაც გაითვალსიწინა მისი რჩევა და უკან გაიწვია კანონპროექტი. ის რამდენიმე ეგზემპლარი კი, რომელიც საზოგადოებაში გავრცელდა, ანულირებულია და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ყრილობაზე მრავალ ცნობილ ადამიანს (პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები) შენიშნავდით. თითქმის ყველა მათგანის გამოსვლა იწყებოდა და მთავრდებოდა ერთი პათოსით, ყოველგვარი სექტა არსებობს ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოების დასასუსტებლად და გასანადგურებლად. ამიტომ, მართლმადიდებლობის დაცვაც სექტების აღკვეთით უნდა დაიწყოს და ამას კანონიერი სახე მიეცეს.

,,ალია’’, 20-21 ივნისი, 2002

 

მამა-შვილი ბურჯანაძეები შევარდნაძის პოლიტიკური

შემოქმედების ნაყოფები არიან

 – ბატონო გურამ, მოსალოდნელ დიქტატურაზე რას იტყვით? რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარე აქტიურად ალაპარაკდა ქვეყანაში მოსალოდნელი დიქტატურის დამყარებაზე…

– სინდისის წინაშე სრული სიმშვიდით შემიძლია განვაცხადო, რომ ნინო ბურჯანაძის განცხადება ქვეყანაში მოსალოდნელი დიქტატურის შესახებ, არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი და მხოლოდ და მხოლოდ იმ შარავანდედის შესაქმნელად, რომელსაც ჰქვია ვითომც წამებული. ისიც მინდა დავამატო, რომ ქ-ნ ბურჯანაძის ე.წ. სარეიტინგო განცხადებები და ქმედებები, რომლითაც ის გამორიცხავს და გარეთ აყენებს თავს დღევანდელი ხელისუფლებისგან, ასევე ძალიან არაღირსეული მეთოდია. ყველამ კარგად იცის, ნინო ბურჯანაძე დღეს რომ უპირისპირდება არსებულ ხელისუფლებას, სწორედ ამ ხელისუფლებამ მოიყვანა ქვეყნის სათავეში და ხელისუფლების შექმნილია იგიც და მამამისიც. მაგრამ მართლმადიდებლობისთვის, რაზეც განცხადების ავტორს დიდი პრეტენზია აქვს და ყოველ მოხერხებულ შემთხვევაში მას ვხედავთ კათოლიკოს-პატრიარქის გვერდით და მართლმადიდებელ ეკლესიაში, მინდა შევახსენო, რომ უმადურობის გრძნობა არ არის მართლმადიდებლური. შევარდნაძემ ცკ-ს პირველი მდივნობის დროს შექმნა ანზორ ბურჯანაძე, ხოლო პრეზიდენტობის დროს ნინო ბურჯანაძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. ანუ ორივე მამა-შვილი, აღარ ვლაპარაკობ მეუღლეზე, შევარდნაძის პოლიტიკური შემოქმედების ნაყოფები არიან და მისით ისარგებლეს. ახლა იმის გამო, რომ შევარდნაძეს წელიწადნახევარში აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის და საკონსტიტუციო ვადა უმთავრდება, ბურჯანაძის მხრიდან პოლიტიკურ ავანსცენაზე სამომავლო სიკეთისთვის მომზადება, არამართლმადიდებლური და უმადურობაა. ყოველ შემთხვევაში, ვის ვის და ნინო ბურჯანაძეს ასეთი განცხადებების გაკეთების არც მორალური, არც პოლიტიკური უფლება არ აქვს. ეს ადამიანური მხარეა. რაც შეეხება ფაქტობრივ მხარეს, მე ვიტყოდი, არათუ დიქტატურა მოდიოდეს, ამ დიქტატურის ოდნავი ჩანასახიც რომ იყოს საქართველოში, ბურჯანაძე ასეთ განცხადებას ვერ გაბედავდა და ვერც გააკეთებდა. ასე რომ, ეს განცხადება თითიდან გამოწოვილია პოსტშევარდნაძისტულ ეპოქაში თავის დასამკვიდრებლად, უფრო სწორად, დამკვიდრებული თავის გასაგრძელებლად. ასე რომ, ბურჯანაძის ეს განცხადება აბსოლუტურად უნიადაგო და დემაგოგიურიც კი არ არის.

– ჟვანიამ ოპოზიციის გაერთიანების სურვილი დააფიქსირა და გარკვეული ნაბიჯიც გადადგა. რამდენად შესაძლებელია დღეს ოპოზიციის გაერთიანება?

– მთელი ჩემი “უბედურება” ის გახლავთ, რომ ჩემი აზრით, საქართველოში არ არსებობს ოპოზიცია. თუ ზოგიერთ ოპოზიციონერს ჰგონია, რომ შევარდნაძემ კაცად აქცია და დღეს კი ლანძღავენ, ეს მე ოპოზიციად კი არა, არაკაცობად მიმაჩნია. თუ ვინმეს შეეძლო შევარდნაძის გამოყენება, ყველაზე მეტად მე შემეძლო. არც პატიაშვილის დროინდელ თაობაში ვყოფილვარ შევარდნაძის გამომყენებელი, არც ჟვანია-სააკაშვილის და ბურჯანაძის დროს. სანთლით ვეძებ ჭეშმარიტ ოპოზიციას, რომ მასთან გავერთიანდე, მაგრამ ასეთი ოპოზიცია ჩვენთან არ არსებობს. ახლა ვინც თავს ოპოზიციონერად აცხადებს, მართლა რომ ოპოზიცია იყოს, მათთან დავდგებოდი და დავუპირისპირდებოდი არსებულ ხელისუფლებას. ამიტომ, ამ დროისთვის მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი მაჟორიტარობა, მაგრამ აქაც თავსატეხი გამიჩნდა. თავიდან დავაფიქსირე, რომ სამაჩაბლოში ვაპირებდი კენჭის ყრას, მაგრამ მცხეთის რაიონის ასობით მოსახლეობა აწერს ხელს განცხადებას და მთხოვენ მცხეთაში ვიყარო კენჭი.

– ე.ი. არ არის  გამორიცხული, მცხეთის რაიონის დეპუტატადაც მოგვევლინოთ.

– თქვენ წარმოიდგინეთ, კი. ამას პირველად თქვენ გეუბნებით ექსკლუზიური უფლებით.

– ბატონო გურამ, ამ ცოტა ხნის წინ საკმაოდ დიდი ხმაური ატყდა მცხეთის სტატუსთან დაკავშირებით. ამ მხრივ დღეისათვის რა მდგომარეობაა, რა შედეგი მოჰყვა ამ ხმაურს?

– მცხეთის სტატუსის შესახებ საპატრიარქოს ინიციატივით შემოსულია კანონპროექტი, რომელიც რამდენიმე კვირაა დევს გიგი წერეთლის მაგიდაზე. დღეს 2 საათზე დაიწყება კანონპროექტის ინტერფრაქციულ ჯგუფში განხილვა. კანონის მიღება აუცილებელია, რათა საკანონმდებლო ბაზა გაჩნდეს მცხეთის დასაცავად. რაც შეეხება ჩემს ხმაურს, საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა. შემიძლია გაჩვენოთ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შედგენილი რუკა, რომელზეც ცალსახად ჩანს, მცხეთაში, ჯვრის ირგვლივ გოჯი მიწა არ არის დარჩენილი გასხვისებული რომ არ იყოს. ჯერ ამ მიწის პატრონები გამოჩენას, მიწის ათვისებას ვერ ბედავენ. ჯვრის გადაღმა ტერიტორიები, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ნაწილებს ეკავათ, ახლა პარლამენტის მარადმწვანე დეპუტატს, პარლამენტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე გია შაიშმელაშვილს ეკუთვნის. შაიშმელაშვილს შარაძისგან უნდა ესწავლებოდეს, რომ მცხეთის ჯვართან არანაირი უცხო სხეული არ უნდა ჩაიდგას? გადმოღმა მხარეს კი არის უცხოელი ტურისტებისთვის ცხენებით საჯირითო ადგილი. იგივე მდგომარეობაა ჯვრის მოპირდაპირე მხარესაც, სადაც რესტორნებია ჩალაგებული და არა მარტო რესტორნები, არამედ ცნობილ მკურნალ ასკურავას ტერიტორიაც გამოიკვეთა. როგორ ბედავს ასკურავა, მისი მალამოს სახელით მიითვისოს მცხეთის ჯვრის ვიზუალურ ზონაში ტერიტორია სარეაბილიტაციო ცენტრისთვის. რაში სჭირდება მას მალამოს წასასმელად მცხეთის ჯვრის მიმდებარე ტერიტორია? რა, სად წაუსვამს მალამოს, ამას მნიშვნელობა აქვს? ვის ატყუებს ის ან ისინი, ვინც მის სახელს არიან ამოფარებული და აცხადებენ: მიწა სახალხო მკურნალს მივეცითო. ამაში უზარმაზარი ფულია გადახდილი, თუ არა, თქვენი გაზეთის საშუალებით გამომეხმაუროს. ასევე იცით, რომ ვამხილე სვეტიცხოველთან ახლოს მდებარე ნაგავსაყრელი, რომელიც მალე გაასუფთავეს. დიდი სკანდალი მომიწყვეს, თითქოს მე მეთქვას: მცხეთის კოტეჯებში საროსკიპოა და იქ მცხეთელი ქალები დადიანო. მე ვთქვი, რომ იქ ქალები ჩაყავთ-მეთქი. ერთს გეტყვით, დამიკავშირდა ყოფილი დეპუტატი თორნიკე ფიფია და მითხრა, რომ არის ცოდვილი და მას არაერთხელ ჩაუყვანია ამ კოტეჯებში (საროსკიპოში) ქალები. ასე რომ, არ გამოგივათ მცხეთის “ხელისუფალნო” თავის მართლება. სანაგვე ხომ ავაღებინე, ასევე რამდენიმე ხნით ეს საეჭვო ყოფაქცევის ქალბატონებიც დავასვენე.

– დაბოლოს, ბატონო გურამ, რუსეთისა და საქართველოს ფეხბურთის გუნდების შეხვედრაზე ხუთჯვრიანი დროშების გამოჩენას როგორ აფასებთ?

– ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ. გამარჯვებას ვულოცავ და დიდ მადლობას ვუხდი ივო შუშაკს. მან მართლა ეროვნული ნაკრები შეკრა, მაგრამ ცუდი და საწყენია, რომ მართლა ეროვნული გამარჯვება დაჩრდილოს ზოგიერთი ე.წ. პოლიტიკოსის მიერ ამ ენერგიის თავის სასარგებლოდ გამოყენებამ. მაგალითად, რად ღირდა ამ ე.წ. ხუთჯვრიანი დროშის ფრიალი. მაშინ, როდესაც გვაქვს სახელმწიფო ეროვნული დროშა. სააკაშვილმა იერუსალიმური, კათოლიკური დროშა, რომელიც უკვე მის პარტიულ დროშად იქცა, ეროვნული ენერგიის საკუთარი პოლიტიკური ამბიციებისთვის გამოიყენა. მიუხედავად იმისა, მან კარგად იცის, რომ კრწანისი-მთაწმინდის სასამართლომ (სააკაშვილმა პროცესი წააგო) კატეგორიულად მოსთხოვა ამ უკანონობის დაკანონების წინააღმდეგ წასვლა და მერიის სახურავიდან ხუთჯვრიანი დროშის ჩამოხსნა, სააკაშვილს უნდა ამ დროშის ფრიალით მოსახლეობის სიბნელით ისარგებლოს.

შორენა კოწოწაშვილი
“ახალი თაობა”, 2 მაისი, 2003

 

გურამ შარაძე პროტესტს ვერ მალავს

მდინარე არაგვის წმინდა ტალღებში არის ე.წ. სანათლავი, სადაც მასობრივად ხდება ხალხის მონათვლა, გაქრისტიანება. მდინარის ის ნაწილი ამღვრეულია იქვე მიჯრით მიწყობილი რესტორნებიდან გამოსული ფეკალური და სხვა სიბინძურისაგან. შიგ სანათლავში კი წყალზე მოძრავი ბორან-რესტორანი დგას.

საზოგადოებაში და განსაკუთრებით მცხეთის მოსახლეობაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მცხეთის “მოვლა-პატრონობის” მიზნით შექმნილი “მცხეთის დარბაზის’’ მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა. თებერვალში მცხეთაში, “გამცხეთებულ” მეწარმე ელგუჯა ბუბუტეიშვილის ინიციატივით მოეწყო “მცხეთის დარბაზის” შეხვედრა ადგილობრივ მცხოვრებლებთან, რასაც პრესასა და ტელევიზიაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

მოგვიანებით მცხეთის მკვიდრთა თხოვნით იქ ჩავიდა პარლამენტარი გურამ შარაძე, რომელიც აცხადებს, რომ მოსახლეობასთან “მცხეთის დარბაზის” შეხვედრისას ის იქ არავის მიუწვევია და არც ჩარეულა ამ ამბავში.

მცხეთის გარშემო შექმნილ სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით “სოლიდარობა” შეხვდა და ესაუბრა გურამ შარაძეს, რომლის თქმით ის კამპანია ჯერ არასწორად იქნა წამოწყებული და შემდეგ “გაშუქებული”. “ბადრი პატარკაციშვილს თვითნებურად მოახვიეს თავზე ჯერ მერობის თუ მამასახლისობის სურვილი და შემდეგ თვითნებურად დააბრალეს, რომ მცხეთის ლას-ვეგასად და უბედურების ქალაქად გადაქცევა უნდოდა. ჰოდა, უბრალო ხალხს მეტი რა უნდოდა?! არც მათ აღელვებაში და არც დაშოშმინებაში არ ჩავრეულვარ”, – დასძინა პარლამენტარმა.

ერთ ჩვეულებრივ დღეს პარლამენტარი და საზოგადო მოღვაწე გურამ შარაძე სვეტიცხოველში სალოცავად ჩაბრძანდა. ტაძრიდან გამოსულს კარიბჭესთან აღელვებული მცხეთელების დიდმა ჯგუფმა დახმარება სთხოვა:

– ვიღუპებით, ბატონო გურამ, მცხეთიდან გვყრიან, შევიკრიბოთ და ვისაუბროთ.

პარლამენტარმა მოსახლეობას შეხვედრა მეორე დღის 3 საათზე დაუთქვა სვეტიცხოველთან, საიდანაც კულტურის სახლში უნდა წასულიყვნენ და ესაუბრათ მათთვის საჭირბოროტო თემებზე. შარაძემ მცხეთელებს სთხოვა, რომ დანიშნული შეხვედრის თაობაზე საქმის კურსში ჩაეყენებინათ მცხეთა-მთიანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებული არმაზ შამანაური, გამგებელი ანდრო კალანდაძე და ქალაქის მერი შალვა ხამხაძე.

მეორე დღეს თბილისიდან მცხეთისკენ მიმავალ გურამ შარაძეს შეკრების ადგილიდან ერთ-ერთმა აღელვებულმა ქალბატონმა დაურეკა და უთხრა: აქ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ ჯერ რწმუნებულს შეხვდებით, იქ დაგამუშავებენ და თუ ასე მოხდება, ჩვენ უნდობლობას გამოგიცხადებთ. თქვენ დახმარებისთვის იმიტომ მოგმართეთ, რომ თქვენ ხელისუფლებასთან ჩახუტებული არ ხართო.

შარაძის თქმით, ამგვარი ჭორის გავრცელება მოჰყვა იმას, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მას მართლაც სთხოვეს, რომ იქნებ ჯერ ჩვენ ვისაუბროთ და შემდეგ შეხვდეთ მოსახლეობასო.

გურამ შარაძე: “ხელისუფლებასთან არ მივსულვარ, პირდაპირ სვეტიცხოველთან ჩავედი და მცხეთელებს ვთხოვე, კულტურის სახლისკენ დავიძრათ-მეთქი. ამასობაში იქ მოვარდა გავეშებული ადგილობრივი ხელისუფლება: პრეზიდენტის რწმუნებული, გამგებელი და მერი. მათგან მხოლოდ რწმუნებულს ვიცნობდი, რადგან ორი-სამი წელი დეპუტატი იყო და მასთან კარგი სალმის გარდა შეხება არ მქონია. – ბატონო გურამ, ჯერ ჩვენ ცალკე ვისაუბროთო, – მითხრეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. – რა მაქვს ცალკე განსახილველი, ხალხი აგერაა, წავიდეთ კულტურის სახლში, იქ ჩვენც ვიქნებით და ხალხიც იქნება-მეთქი, მივუგე”.

კულტურის სახლში ახალი მისულები იყვნენ, როცა სინათლე გამოირთო და საზოგადოება ბნელ დარბაზში აღმოჩნდა. იმ დღეს მზიანი ამინდი იყო და შეკრებილებმა ღია ცის ქვეშ განაგრძეს საუბარი. ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ შეკრებილ საზოგადოებასთან მივარდა არმაზ შამანაური და გურამ შარაძეს უთხრა: “უწმინდესი და უნეტარესი მეგონე, ლამის პატრიარქს გადარებდი, შე უსინდისოო… “რატომ, რა დაგიშავე, ბატონო არმაზ?” – კითხვა შეაგება შარაძემ. “შენ რას ლაპარაკობ ჩემზე, აქ, მოსახლეობაში”, – არ ცხრებოდა შამანაური. და მოსახლეობა შამანაურს ხმამაღლა მიმართავდა – როგორ გეკადრებათ, შარაძეს თქვენზე არაფერი უთქვამსო.

გურამ შარაძე: “ამას უკვე აღარ ვაპატიებდი შამანაურს და მაშინ იყო რომ ვიფეთქე: – ჯერ აქ ვილაპარაკოთ, შემდეგ წავიდეთ და ვნახოთ, რა ხდება მცხეთაში. თქვენი ფანჯრიდან რომ საროსკიპოები ჩანს სვეტიცხოველთან, ჭალაში, ყოველდღე რომ იხედებით ფანჯრიდან და იმაზე თვალს ხუჭავთ, იქიდან დავიწყოთ-მეთქი. გადაირია, გათეთრდა, გაშავდა და – წამოდი აბა ჩემს კაბინეტში და იმ ფანჯრიდან თუ დაინახავ რამესო”.

გურამ შარაძეს გამგებლიდან დაწყებული ქალაქის მერით დამთავრებული ყველა გაჰყვა წმინდა ქალაქში უწმინდური ადგილების მოსანახულებლად. შარაძე აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციები იმ დღეს 100%-ით დადასტურდა. სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორია სპორტული სტადიონისთვისაა გაყიდული და იმ ადგილის მოხრეშვა მიმდინარეობს. შარაძე თანმხლები პირებითურთ შევიდა იმ ე.წ. საროსკიპოებში, მაგრამ შუადღე იყო, თან ორი დღის განმავლობაში პარალმენტარს რწმუნებულიდან დაწყებული რიგირთი მცხეთელით დამთავრებული ყველა ელოდა და როგორი მომზადებული დახვდებოდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ?! შემდეგ ავის მოსურნეებმა სიტუაციის დაძაბვის მიზნით პარლამენტარს მცხეთელი ქალბატონები აუმხედრეს – გურამ შარაძემ დაგაბრალათ ეს უზნეობაო.

გურამ შარაძე: “საქმე რომ გართულდა და ეს ყველაფერი ტელევიზით გადაიცა, ჩემთან მოვიდა ერთი ადამიანი, რომელიც ადრე პარლამენტარი იყო (და რომლის გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან მას ოჯახი აქვს) და მითხრა: ბატონო გურამ, მოწმედ გამოგყვებით გნებავთ, ტელევიზიაში, გნებავთ, სასამართლოში და ვიტყვი, რამდენი ქალი მყავს მე იქ წაყვანილიო. ეს ადამიანი პატიოსანი კაცია, რომლის სიტყვასაც ვენდობით”.

მდინარე არაგვის წმინდა ტალღებში არის ე.წ. სანათლავი, სადაც მასობრივად ხდება ხალხის მონათვლა, გაქრისტიანება. მდინარის ის ნაწილი ამღვრეულია იქვე მიჯრით მიწყობილი რესტორნებიდან გამოსული ფეკალური და სხვა სიბინძურისაგან. შიგ სანათლავში კი წყალზე მოძრავი ბორან-რესტორანი დგას.

შარაძემ და მისმა თანმხლებმა პირებმა სანათლავიდან დაახლოებით ასი მეტრი გაიარეს და ზედ სვეტიცხოველთან ნახეს უზარმაზარი ტერიტორია, მცხეთის სანაგვე, სადაც სხვა ნაგავთან ერთად ეყარა “ფანტასა” და კოკა-კოლას” ცარიელი ბოთლები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი ამ ადგილზე ასეთი კომენტარი გააკეთა: აქ ჭაობია და უნდა ამოვაშროთ. ამ ნაგავს დროთა მანძილზე მზე, წვიმა, ქარიშხალი ჩაძირავს და ამოშრებაო. აქვე გეტყვით, რომ ერთი კვირის შემდეგ შარაძე ისევ ესტუმრა მცხეთას და სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორია ნაგვისგან გაწმენდილი დახვდა.

სვეტიცხოველთან ახლოსაა მიხეილ მამულაშვილის ცნობილი ბაღი. ახალი ნერგების და ჯიშების გამოსაყვანად მას არ ყოფნიდა მიწის ეს ტერიტორია და 1966 წელს მცხეთის რაიონულმა აღმასკომმა იქვე ახლოს, ნარეკვავში გამოუყო დამატებითი ფართობი. იქ დგას მამულაშვილის დროს აშენებული პატარა სახლი. მცხეთის აღმასკომმა მამულაშვილს 1975 წელს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საკუთრებაში ეს მიწის ნაკვეთი. ბატონი მიხეილის გარდაცვალების შემდეგ მისმა ქალიშვილმა, პელაგიამ, რომელსაც შვილები არ ჰყოლია, ანდერძით და ნოტარიუსით ეს ყველაფერი დაუტოვა თავის ძმას – ალექსანდრეს და ალექსანდრეს შვილებს.

გურამ შარაძე: “ეს საწყალი და პატიოსანი ხალხი ისე დაჩაგრა მცხეთის მერმა, შალვა ხამხაძემ, რომ ნარეკვავი წაართვა ის ადგილი და მიჰყიდა “ვით-ჯორჯიას” პრეზიდენტს, ვინმე გურამ რუხაძეს. ამაზე ალექსანდრეს გული გაუსკდა და დარდს გადაჰყვა.

მამულაშვილებმა სასამართლო მოიგეს ჯერ მცხეთაში, შემდეგ საოლქოში. თუმცა, ხამხაძე მაინც არ აძლევს იმ ადგილს, რადგან უზარმაზარი ფული აქვს აღებული და ხომ უნდა დაუბრუნოს რუხაძეს?! ნარეკვავი ხომ გაუყიდეს და ახლა სვეტიცხოველთან რომ ბაღია, იმაზე ეუბნებიან, შენ მაინც ვერ უვლი და ჩვენ მოგვეციო. ჯერ ერთი, როგორ უნდა მოგიტრიალდეს ენა და როგორ უნდა თქვა, რომ მიხეილ მამულაშვილის საფლავიანი მიწა დათმე და გაასხვისეო”.

გურამ შარაძემ გვაჩვენა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შედგენილი საიდუმლო რუკა, სადაც მცხეთის ჯვრის მიმდებარე ტერიტორია დანომრილი მიწის ნაკვეთებითაა აჭრელებული. შარაძის თქმით, ჯვრის მიმდებარე ტერიტორია ილია ჭავჭავაძის ძეგლამდე სულ გაყიდულია.

პარლამენტარი მცხეთის მიწის კადასტრთან, გიორგი ხუციშვილთან მივიდა იმაში გასარკვევად, თუ ვინ შეიძინა ეს ადგილები, მაგრამ ვერაფერი გაარკვია და ამბობს, ამ ყველაფერს უკან, ეტყობა, ვიღაც მაფიოზია და მისი სახელის ხსენებას ერიდებიანო.

პარლამენტარის მტკიცებით, ჯვრის მონასტრის გადმოღმა მხარე, საიდანაც ჯვარზე ავდივართ, გაყიდული აქვს გია შაიშმელაშვილს (ე.წ. “მცხეთის აღორძინების და განვითარების ფონდის” პრეზიდენტს და პარლამენტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს) მდიდარი ტურისტებისთვის საცხენოსნო-სადოღე ტერიტორიად. იქვე მდებარე ერთადერთი ნაძვნარიც გასხვისებულია და, შარაძის ინფორმაციით, ეს ადგილი ცნობილ მკურნალ ასკურავას ეკუთვნის, რომელსაც იქ სარეაბილიტაციო ცენტრის აშენება უნდა.

გურამ შარაძის თქმით, საგურამოში ილია ჭავჭავაძის მამულის ნახევარი გაიყიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მამულის ნაწილი კომუნისტურმა ხელისუფლებამ საბჭოთა კავშირის გმირებს მიჰყიდა, მოგვიანებით კი მათ კიდევ უფრო “დიდ გმირებს” მიჰყიდეს იქაურობა. პარლამენტარის მტკიცებით, ასევე გაყიდულია დავით გურამიშვილის ნასახლარი. იმ ადგილას უამრავი სახლი აშენდა. ზოგ მათგანს აწერია “იყიდება”, ზოგს – “გაყიდულია”. ამ სახლებს შუა კი მოქცეულია გურამიშვილების საგვარეულო მარანი.

გურამ შარაძე: “როცა ამაზე განგაში ავტეხე, საგურამოს სახლ-მუზეუმის დირექტორმა ანზორ ბედუკაძემ გამოაცხადა, შარაძე ტყუის, აქ არავითარი ისტორიული მიწა არ არისო. მაშინ მე თქვენი კოლეგები, ჟურნალისტები ჩავიყვანე იქ. ბედუკაძე მუზეუმიდან ყურით გამოვიყვანე და ვეკითხები: მაჩვენეთ, სად არის გურამიშვილების მარანი-მეთქი. დაიმორცხვა. მომყევი-მეთქი, ვუთხარი, ჟურნალისტებიც წავიყვანე და ის ადგილი ვანახე. სვეტიცხოვლის მადლი და სიწმინდე შელანძღულია, ჯვრის მიმდებარე ტერიტორია გაყიდული, გურამიშვილების ნასახლარი, ჭავჭავაძის მამულის ნახევარი გაყიდული, გასხვისებულია და კიდევ უტიფრად იძახიან, შარაძე ტყუისო”.

გურამ შარაძეს მცხეთელების დიდმა ნაწილმა სთხოვა, რომ მომავალ არჩევნებში კენჭი მცხეთაში იყაროს. მას ასეთი თხოვნით მიმართეს ოზურგეთელებმა. გურამ შარაძე წარმოშობით ოზურგეთიდან გახლავთ და ეს თხოვნაც ამან განაპირობა. თბილისში, გლდანის მაცხოვრებლებიც სთხოვენ პარლამენტარს კენჭისყრას ამ რაიონიდან. მანამდე შარაძემ ოფიციალურად განაცხადა, რომ კენჭს სამაჩაბლოში იყრიდა. შეთავაზებული წინადადებების შემდეგ პარლამენტარმა გადაწყვეტილება მიიღო – გურამ შარაძე კენჭს მცხეთაში იყრის.

ნინო მიქიაშვილი
“სოლიდარობა”, 21 ივნისი, 2003

 

არ გამოუვათ ხატიძეს და შამანაურს,

ამიმხედრონ მცხეთის წმინდა ქალბატონები!

 – ბატონო გურამ, ასე მკვეთრად რატომ დაუპირისპირდით ბადრი ხატიძეს, ცოტა ხნის წინ ხომ მას სრული ნდობა გამოუცხადეთ საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარედ არჩევისას?

– საიდან მოიტანეთ, რომ მკვეთრად დავუპირისპირდი?

– ამის თაობაზე იყო განცხადებები, თქვენ აკრიტიკებდით ბადრი ხატიძეს.

– ასეთი რამ არ მახსენდება.

– განცხადებები მცხეთასთან დაკავშირებით იყო.

– ეს სხვა საკითხია, თორემ, რა საქმე მაქვს ბადრი ხატიძესთან, რატომ უნდა დავუპირისპირდე, მეტი საქმე არ მაქვს? რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარეობას, აქ არავითარი შეუსაბამობა არ არის. მე უნდა ვყოფილიყავი ცხინვალის რეგიონის კომისიის თავმჯდომარე, რადგან ორი კაცი არ მოიძებნება საქართველოში, რომელსაც ჩემდენი ექნება გაკეთებული სამაჩაბლოში, თანაც ახლა კი არა, ზოგს დეპუტატობა, გრიალი რომ უნდათ და ერგნეთის ბაზრობაზე წილში რომ სხედან, არამედ მაშინ, როცა ყველაფერი ინგრეოდა. მე კი ტყვიას ვუშვერდი შუბლს და მკერდს, მაშინ ვიბრძოდი; მაგრამ საქმე ისაა, რომ მე ვარ პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეებისა და საზღვარგარეთ არსებულ ეროვნულ ფასეულობათა დაბრუნების კომისიის თავმჯდომარე. მე არ ვარ ის კაცი, ათი კომისიის თავმჯდომარეობისთვის რომ იბრძვის. როცა ელდარ შენგელაია გადადგა, ბევრი ვიფიქრე და მივედი დასკვნამდე, რომ ბადრი ხატიძე შესაფერისი კანდიდატურა იყო, რადგან ის გორელი კაცია, იქ დაბადებული და გაზრდილი. გორი და ცხინვალი კი ერთი ხელის გაწვდენაზეა ერთმანეთისგან. აგრეთვე იგი წლების მანძილზე იყო პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში, რომელშიც, ბუნებრივია, შედიოდა სამაჩაბლოც და მისი ინტერესებიც. ასე რომ, ჩემს შემდეგ ყველაზე მეტად არის ჩახედული ცხინვალის რეგიონის პრობლემებში. თანაც ახალგაზრდა კაცს ასპარეზი მივეცი. ამ პიროვნებას ადრე ბევრი საქმე ჰქონდა. მთელი საქართველოს გამგებლებისა და გუბერნატორების დანიშვნა მის ხელში გადიოდა. ისიც კარგად გახსოვთ, ერთ ღამეს 14 გამგებელი რომ მოხსნა და 14 ახალი გამგებელი დანიშნა. წარმოიდგინეთ, რამხელა შესაძლებლობების კაცია და რამხელა ხეირი ნახა ამ საქმეში. ამიტომ ვიფიქრე, იქნებ ასეთი დიდი ხეირის მქონე კაცმა ამ გაჭირვებულ კუთხეს მიხედოს-მეთქი.

– ისე, რა ხეირზეა საუბარი, ბატონო გურამ?

– ძალაუფლებაზე, გენაცვალე. როცა ამდენი მდიდარი გუბერნატორისა და გამგებლის სული შენს ხელშია, ხეირი და ძალაუფლება არ არის? ინტრიგანულად ნუ მეკითხებით. ხეირი თქვენ რომ გესმით, მე ისე არ მესმის. ასევე ძალიან გამიკვირდა, როცა ბადრი ხატიძე ხელისუფლებაში მოიძულეს და მშრალზე დატოვეს. როგორც ის ხსნიდა და ნიშნავდა გუბერნატორებსა და გამგებლებს, ისიც ისე გახდა მსხვერპლი თავისი ნამოქმედარისა. პრეზიდენტმა მშრალზე დატოვა, გამოუშვა გარეთ.

– მშრალზე არ დაუტოვებიათ. დეპუტატად გახდომაში ხომ შეუწყვეს ხელი?

– ამდენი არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ვიცი, რომ მაშინ უმუშევარი დატოვეს. აირჩევდნენ თუ არა, ან არმაზ შამანაური თუ ასეთი შესაძლებლობების კაცი იყო, ყველამ ხომ არ ვიცოდით. მშვენივრად გაცვალეს თანამდებობები. ხელი ხელს ბანსო. ა, ბატონო, ხეირის კლასიკური მაგალითი, რაც იხეირეს ამ ძმაკაცებმა.

– ბატონო გურამ, ბადრი ხატიძემ შევარდნაძესთან ერთად სამაჩაბლოდან დევნილთა ორგანიზაციაც შექმნაო.

– რატომ შევარდნაძესთან ერთად?

– სამაჩაბლოდან დევნილთა ამ ორგანიზაციის შეკრებაზე ოპერის თეატრში შევარდნაძეც იმყოფებოდა…

– ასე მეც კი ვიყავი ოპერის თეატრში.

– შევარდნაძე იქ წამყვანი ფიგურა იყო.

– შევარდნაძე პრეზიდენტი ბრძანდება და ყველგან წამყვანია. ის დაპატიჟებული გახლდათ და სტუმრის სტატუსით იყო, ძალიანაც კარგი იყო, რომ მიბრძანდა და სიტყვაც თქვა. ამიტომ ხატიძეს არ უნდა დავაბრალოთ, რომ მან შევარდნაძესთან ერთად შექმნა ეს ორგანიზაცია. ეს ტყუილია და ნუ შევუწყობთ ხელს ხატიძის კიდევ ახალ ამბიციასა და გადიდკაცებას. შევარდნაძე წინა დღეს “თბილისელის” შეკრებაზე იყო, მაგრამ თბილისელები კი არ შეუკრებია და ორგანიზაცია არ შეუქმნია. იყო აგრეთვე სვანების შეკრებაზე, მაგრამ შევარდნაძეს კი არ შეუქმნია.

– ისე, ყველა ეს შეკრება ერთ მიზანს უნდა ემსახურებოდეს და შევარდნაძის ბლოკ “ახალ საქართველოს” უნდა უკავშირდებოდეს.

– ბუნებრივია. მაშინ ძალიან გულუბრყვილო და ბრმა უნდა იყო, რომ ამას ვერ ხედავდე. დასაძრახს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ პრეზიდენტს ელექტორატის შემოკრება და თავისი საარჩევნო ბლოკის გამარჯვება სურს.

– ის მაინც არ თქვით, რატომ დაუპირისპირდით ბატონ ხატიძეს?

– არ დავპირისპირებივარ; თქვენი გაზეთის ბრალია ყველაფერი. თქვენს გაზეთში გამოქვეყნდა მცხეთელი მოსახლეობის ხელმოწერილი წერილი, რომლითაც ისინი კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ კენჭი მეყარა მაჟორიტარ დეპუტატად მცხეთაში. ბადრი რამდენიმე თვეა, რაც მაჟორიტარი დეპუტატია. 2 ნოემბერს მანდატი უთავდება. მცხეთის სამუდამო მაჟორიტარი დეპუტატობა ბადრი ხატიძეს, ამ გორელ კაცს, ვინ მისცა. ასე რომ, ხატიძეს კი არ დავუპირისპირდი, არამედ, როცა მოსახლეობის თხოვნით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ჩემი კანდიდატურა დადგა, არ ესიამოვნათ ხატიძეს და მის ამფსონებს და ისინი დამიპირისპირდნენ, როგორ ბედავ აქ კენჭისყრასო. რაც შეეხება ეკლესიას, ამასთან დაკავშირებით ბადრი ხატიძე და მისი ამფსონები ვამხილე, რომელთაც მცხეთის ძირძველი მოსახლეობის (ვგულისხმობ სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ძირძველ მცხეთელებს) ეკლესიასთან დაპირისპირება მოინდომეს. იმდენად უტიფარია, თითქოს ქართული ეკლესია, საქართველოს საპატრიარქო და სვეტიცხოვლის წინამძღვარი თურმე უფრო ნაკლებად ზრუნავს და უფრო მეტად საშიშია, ვიდრე ხატიძე და სხვა მსუნაგი ამფსონების მადა მცხეთის ხელში ჩასაგდებად. ერთი წამითაც არ უნდა წარმოიდგინო ეს, თუ არ ხარ ღვთის მგმობელი კაცი. ისარგებლა რა მათი გულუბრყვილობითა და მიმნდობლობით, ხატიძემ გაბედა და აამხედრა მცხეთის მოსახლეობის ერთი ნაწილი მამა ზენონის, ქართული ეკლესიისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ. ჯერ ერთი, ღმერთი ამას როგორ აპატიებს. მეორეც – მცხეთის მოსახლეობა ბრმა და ყრუ არ არის. ჩვენ თანდათანობით გავაგებინებთ მათ ყველაფერს. უბრალოდ არ გვინდოდა ხატიძისა და მისნაირების ვერაგობის მხილება, რადგან გვაიძულეს, ა, ბატონო. ახლა ჩვენ ვამხელთ მათ. რა შუაშია აქ დეპუტატობა, ფულის დაგროვება და კარგი ცხოვრების მოწყობაზე ფიქრი. აქ არის უდიდესი ღვთისმგმობელი საძრახისი საქციელი – ცდილობს აუმხედროს მრევლი ეკლესიას, სვეტიცხოველს და სვეტიცხოვლის ისეთ შესანიშნავ წინამძღვარს, როგორიც მამა ზენონია. მისი მსგავსი სვეტიცხოველს კარგა ხანია არ ჰყოლია. ქართული ეკლესია საერთოდ უნდა ოცნებობდეს, რომ ყველგან ასეთი მამები და მეუფეები ჰყავდეს და ბადრი ხატიძის ჭკუაზე დავდივართ ჩვენ და მოსახლეობა. ჩვენ უკვე დავიწყეთ მხილების პროცესი. ცოტა ხნის წინ იყო შეხვედრა მცხეთის მოსახლეობასთან მცხეთის გალავანში. თანდათანობით ყველაფერი ითქმება. “არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს”, – გვასწავლის სახარება.

– ბატონო გურამ, საბოლოოდ სად გადაწყვიტეთ კენჭისყრა? რამდენადაც ვიცი, თქვენ ლიახვის ხეობის მაჟორიტარ დეპუტატობას აპირებდით. იქაც ხომ არ შეგექმნათ პრობლემები ბადრი ხატიძესთან?

– არ მინდა თქმა, მაგრამ ყოველთვის მდინარის საპირისპირო მიმართულებით მიყვარს ხოლმე გაცურვა. დინებას და კარგ ცხოვრებას არასოდეს მივყვები. ამიტომ ლიახვის ხეობა ჩემთვის ძვირფასია. არ მეგულება საქართველოში კუთხე, რომელიც ნაკლებად მეძვირფასებოდეს, მაგრამ ლიახვის ხეობის დაკარგვის ტოლფასია და ლიახვის ხეობის ტრაგედია იქნება, მცხეთა რომ დავკარგოთ, დავკარგოთ მისი სიწმიდეები, წმიდა მიწები და ის აღმოჩნდეს ვიღაც მაფიოზების ხელში. ამის სიმპტომები უკვე არის. გადახედეთ, რა ხდება ჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაგვის წმიდა ნაპირის გასწვრივ, ე.წ. ზაჰესის დასახლებაში ან შიგ მცხეთაში, სვეტიცხოვლის მოპირდაპირე სანაპიროზე, სვეტიცხოვლის გარშემო, დაწყებული სანაგვეებით და დამთავრებული საროსკიპოებით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ერთი ძალიან საგულისხმო და გულსატკენი ამბავი გამცნოთ. როდესაც ვამხილე სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. კოტეჯებსა და საუნებში მიმდინარე ბნელი და ბინძური საქმეები, ხატიძემ და მისმა ამფსონებმა მოახერხეს, რომ მცხეთის მოსახლების ერთი ნაწილი, განსაკუთრებით ქალბატონები, აემხედრებინათ ჩემ წინააღმდეგ; თითქოს მე მითქვამს, რომ იმ საროსკიპოებში მცხეთელი ქალბატონები იყვნენ. არავითარ შემთხვევაში, არამც და არამც. ეს ვინც გააკეთა, მათ მაგივრად მე ვუხდი ბოდიშს მცხეთელ ქალბატონებს. სინამდვილეში რაც არის, კარგად ვიცით. მამა ზენონი იძულებული გახდა, დაედასტურებინა ჩემი ინფორმაცია, როცა ის კოკა ყანდიაშვილის პროგრამაში მონაწილეობდა. მან გუბერნატორი წაიყვანა და თავისი თვალით დაანახვა, რა ხდებოდა იმ საროსკიპოში. ასე რომ, არ გამოუვათ შამანაურებს და მის ძმაკაცებს, ამიმხედრონ მცხეთის მართლაც წმინდა და პატიოსანი ქალბატონები.

– მიუხედავად ყველაფრისა, შევარდნაძის ბლოკში ხომ არ შეიძლება გიხილოთ?

– იუსტიციის სამინისტრომ ცვლილებებით გაატარა რეგისტრაციაში ჩემი პოლიტიკური პარტია “საქართველო უპირველეს ყოვლისა – ენა, მამული, სარწმუნოება”. ასე რომ, ჩვენ ყველანაირი უფლება გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ მომავალ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლადაც და ბლოკში. რომელს ავირჩევთ, ჯერ არ ვიცი, მანამ კიდევ დიდი დროა. მე წინა არჩევნების დროს (1999 წლის ოქტომბერში), ბატონები გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე დამეთანხმებიან, ორი საათი იყო დარჩენილი ბოლო დღეს ცსკ-ში რეგისტრაციამდე, როცა შევედი მრეწველების ბლოკში ჩემი პარტიით. 2 ნოემბრამდე ორი საათი კი არა, რამდენიმე ასეული საათია დარჩენილი, ამიტომ ნუ ვიჩქარებთ!

გულიკო ბალაძე
“ახალი თაობა”, 4 ივლისი, 2003

 

შარაძეს “ჯვაროსნულად” ეომებიან?!

საქართველოს პარლამენტის წევრი, მცხეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ შარაძე მცხეთის ადგილობრივ ხელისუფლებას და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციას მის წინააღმდეგ “ჯვაროსნული ომის” დაწყებაში ადანაშაულებს. როგორც შარაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 11 აგვისტოს ღამით, მას შემდეგ, რაც მან მხარდამჭერებთან ერთად მცხეთაში ქალაქის უკანონო გაყიდვის წინააღმდეგ აქცია ჩაატარა, მისი საარჩევნო შტაბი დაარბიეს.

მისივე მტკიცებით, რაიონის ადმინისტრაციის დავალებით, მცხეთელმა ნოშრევან კაპანაძემ საარჩევნო შტაბში კარი და ფანჯრები დაამტვრია, სახურავზე აძვრა და საარჩევნო შტაბის აბრა ჩამოხსნა.

“მინდა მცხეთის ადგილობრივი და სამხარეო ადმინისტრაცია გავაფრთხილო, რომ ჩემი დაშინება და შანტაჟი არ გამოუვათ. ამგვარი ბარბაროსული და ამაზრზენი ქმედებებით ვერ შემაშინებენ ვერც მე და ვერც ადგილობრივ მოსახლეობას” – განაცხადა შარაძემ. გურამ შარაძის საარჩევნო შტაბი მცხეთაში, არსაკიძის #17-ში მდებარეობს. მანამდე შარაძეს საარჩევნო შტაბი მცხეთის რაიონის გამგეობის გვერდით მდებარე უნივერმაღის შენობაში ჰქონდა გახსნილი. დეპუტატის მონაცემებით, მცხეთის რაიონის ხელმძღვანელობამ უნივერმაღის დირექტორი დაიბარა და საარჩევნო შტაბის “გამოსახლება” დაავალა.

,,ინტერ-პრესი’’
“რეზონანსი”, 14 აგვისტო, 2003

 

შარაძე “შამანაურ-ხატიძის ბანდის”, ,,ბურჯოკრატებისა” და

“ავანტიურისტ სააკაშვილის” წინააღმდეგ

“ადამიანის თვალებში ვკითხულობ მის კომპრომატებს”, – აცხადებს შარაძე

გურამ შარაძე “ტრიბუნას” ესაუბრება იმ მიზეზებზე, რამაც გამოიწვია მისი გაწევრიანება სახელისუფლებო ბლოკში, აგრეთვე იმაზე, თუ რა მეთოდით “შიფრავს” აგენტებსა და ავანტიურისტებს.

– რამ განაპირობა თქვენი გაერთიანება სახელისუფლებო ბლოკში?

– მოგეხსენებათ, ვაპირებდი კენჭისყრას მცხეთაში მაჟორიტარ დეპუტატად, მე მთლიანად ვიყავი ორიენტირებული მცხეთაზე, ბოდიში მინდა მოვუხადო მცხეთელ ამომრჩეველს გადაწყვეტილების შეცვლაზე, მაგრამ ამასთან, მინდა მათ შევპირდე, რომ მომავალ პარლამენტში არჩევის შემთხვევაშიც, მუდამ მცხეთის ინტერესებს დავიცავ. მანამდე რამდენიმე აქცია მაქვს ჩაფიქრებული მცხეთის მცხოვრებლების ინტერესების დასაცავად, გამოჩნდება რამდენიმე დღეში, რომ მცხეთელების გვერდით ყოფნა არჩევნებში ხმის მისაცემად არ იყო განპირობებული.

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი კანდიდატურა ბადრი ხატიძის სასარგებლოდ მოხსენით. რა შეგიძლიათ ამაზე გვითხრათ?

– ეს აბსოლუტური სიცრუეა, მე ვიქნები თუ არა პარლამენტის დეპუტატი, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მცხეთელებს მოვაშორო შამანაურ-ხატიძის ბანდა. ამ განცხადების ავტორი ვერაფრით ჩაითვლება ალიანსში მყოფად და ხატიძე-შამანაურის  ინტერესების გამტარებლად. როდესაც გავიგე, რომ გლდანში ე.წ. “ნაციონალური” მოძრაობის წარმომადგენელი, კობა დავითაშვილი და ე.წ. “ბურჯოკრატების” წარმომადგენელი, ელენე თევდორაძე იყრიან კენჭს, სიბრაზისაგან და ცინიზმისაგან ძალიან ცუდად გავხდი, მაშინ მტკიცედ მივიღე გადაწყვეტილება, რომ კენჭი მეყარა გლდანში.

როგორ ბედავენ ან ქალბატონი ელენე, ან ბატონი კობა კენჭი იყარონ იმ რაიონში, რომლის მრევლს ისინი დასცინიან, აბეზღებენ ყოველდღე სტრასბურგში ევროსაბჭოსა და ევროსასამართლოში, საქართველოს თავი მოჭრეს მთელი მსოფლიოს წინაშე, როგორ ბედავენ გლდანის ამომრჩეველთან შეხვედრას და იქიდან ხმების წამოღებას. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ისინი არ იყვნენ არჩეულები გლდანში.

– სახელისუფლებო ბლოკის სიაში იქნებით თუ მაჟორიტარად იყრით კენჭს?

– მე ორჯერ დამიძახა პრეზიდენტმა გასული კვირის პარასკევსა და კვირას, მქონდა შემოთავაზება, რომ ჩემი პოლიტიკური მოძრაობით ვიყო წარმოდგენილი ამ ბლოკში. მომავალი პარლამენტი არ ინდა იყოს ავსებული “ბურჯოკრატებითა” და ე.წ. “ნაციონალებით”. მაჟორიტარადაც ვიჭრი კენჭს და სიაშიც ვიქნები.

– იყო ასეთი ინფორმაცია, რომ გლდანში ბასილ მკალავიშვილსაც უნდა ეყარა კენჭი, რამდენად მართალია ეს?

– ესეც მორიგი სიცრუეა, იმისათვის, რომ შეერყიათ ბასილი მკალავიშვილის იმიჯი, როგორც სასულიერო პირისა და მრავალათასიანი მრევლის მოძღვრისა, საქართველოს საარჩევნო კოდექსი კრძალავს სასულიერო პირების მონაწილეობას არჩევნებში, სტატუსის შენარჩუნებით, მეორეც, კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოუწოდა ეკლესიას, რომ თავი შეიკავოს პოლიტიკური ტენდენციების გამჟღავნებისაგან. ამიტომ გამორიცხულია ჩემს კონკურენტებს შორის მამა ბასილ მკალავიშვილიც.

– ხელისუფლებას ავტორიტეტი აქვს მოსახლეობაში შერყეული, თქვენ კი სწორედ მის ბლოკში შეხვედით, რატომ?

– ვინმე როდესმე იტყვის იმას, რომ ჟვანიასავით, ბურჯანაძესა და სააკაშვილივით ჯერ ვაქებდი შევარდნაძეს და ახლა ვლანძღავ? ყოველთვის მქონდა კორექტული დამოკიდებულება პრეზიდენტისადმი, პრეზიდენტს, იქნებოდა ეს შევარდნაძე თუ გამსახურდია, ყოველთვის ვუყურებდი როგორც პრეზიდენტს. პრეზიდენტს უნდა დაეხმარო წაქცეული ქვეყანა ფეხზე დააყენოს და არა ის, რომ ლანძღო, წაართვა სკამი და შენ ჩასკუპდე. არასოდეს მიბრძოლია სკამში ჩასკუპებისთვის არც გამსახურდიას წინააღმდეგ და არც ახლანდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ვიბრძოლებ.

– თქვენი გამოსვლები სააკაშვილის გუნდის წინააღმდეგ ცნობილია საზოგადოებისათვის, მაგრამ რაიმე სხვა კონკრეტული დოკუმენტები და კომპრომატები არ გაქვთ მის წინააღმდეგ?

– კომპრომატებით ჩასაფრება არასოდეს მიკადრებია და თვალებში ჩახედვა საკმარისია, გაიგო რამე ადამიანზე. ყველაზე კარგი ლუსტრატორი ადამიანის თვალებია. ზოგს თუ აქვს პროკურორობისა და გამომძიებლობის ნიჭი, მე ამ ნიჭით დამაჯილდოვა ბუნებამ, რომ ადამიანის თვალებში ვკითხულობ მის კომპრომატებს თუ ღირსებებს. ვერ მივაღწიე ლუსტრაციის კანონის მიღებას, რომ ის მართლა “კაგებეშნიკები” და “ცერეუს” აგენტები გამოგვეაშკარავებინა. ამიტომ მივადექი პოლიტიკურ ლუსტრაციას.

– სააკაშვილზე რა აზრის ხართ? ჩაგიხედიათ მის თვალებში?

– წინა მოწვევის პარლამენტის არჩევნების შემდეგ პირველი შეკრებაა და მოდის ჩემთან ვიღაცა ახალგაზრდა შავგვრემანი კაცი, მეუბნება, ბატონო გურამ, ბედნიერი ვარ, რომ იმ პარლამენტში ვარ, რომლის წევრია ბატონი გურამ შარაძე. ის კაცი იყო მიხეილ სააკაშვილი. ახლა კი თვითონ არის ყველაზე დიდი ლუსტრატორი საკუთარი თავის. თვალებშიც ჩამიხედავს და ჩემს თვალწინ გაირბინა მისმა რვაწლიანმა პოლიტიკურმა მოღვაწეობამ. ის არის ავანტიურისტი და ქართველი ხალხის ნაციონალური ინტერესების ყველაზე დიდი შემლახველი.

თამარ ნინიძე
“ტრიბუნა”, 15 სექტემბერი, 2003

 

გურამ შარაძე: “ბურჯაკრატების” და ე.წ. “ნაციონალების”

ცინიზმმა გადამადგმევინა ეს ნაბიჯი

 

– ბატონო გურამ, ჩვენთვის ცნობილია, რომ რამდენიმე რაიონიდან გთხოვდნენ მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას, თქვენ კი გლდანის რაიონზე გააკეთეთ არჩევანი, რატომ?

– დიახ, სწორი ინფორმაცია გაქვთ. იყო შემოთავაზება მცხეთიდან, სამაჩაბლოდან, ჩემი მშობლიური რაიონიდან, მაგრამ გადავწყვიტე გლდანის რაიონის დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად მეყარა კენჭი. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ გლდანის რაიონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაიონია საქართველოს მასშტაბით – მარტო ამომრჩეველთა რაოდენობა ასი ათასს აჭარბებს. მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი ფაქტორი იყო ცინიზმი, რომ გლდანში კენჭისყრას აპირებდნენ “ბურჯაკრატების” წარმომადგენელი ელენე თევდორაძე და ე.წ. ნაციონალური მოძრაობის წევრი კობა დავითაშვილი. ეს ის თევდორაძე-დავითაშვილია, რომლებიც თავდაუზოგავად აბეზღებდნენ გლდანის მოსახლეობას და, კერძოდ, გლდანის ეპარქიის მრევლს მთელი მსოფლიოს წინაშე და აცხადებდნენ ბარბაროსებად, კანიბალებად, რითაც სახელს უტეხდნენ არა მარტო გლდანის მართლმადიდებელ მრევლს, არამედ მთელი საქართველოს მართლმადიდებელ მრევლს და დღეს ჩვენი ქვეყნის იმიჯი თუ შელახულია, ამ ორი დეპუტატობის კანდიდატის და მათ ზურგს უკან მდგომი პოლიტიკური პარტიის თუ ძალის “დამსახურებაა”. ამიტომ მე არ დავუშვებდი, რომ გლდანის მრავალრიცხოვანი ამომრჩევლის ხმა წასულიყო ამ ორი ანტიეროვნული ადამიანის და მათი ანტიეროვნული და ანტიმართლმადიდებლური პოლიტიკური ორგანიზაციების სასარგებლოდ.

– თქვენ მაჟორიტარ კანდიდატად სახელისუფლებო ბლოკმა წარგადგინათ. უნდა გითხრათ, რომ მოსახლეობა, ცოტა არ იყოს, დაიბნა: აქეთ ნულრეიტინგიანი ხელისუფლება, რომლის მოღვაწეობა ნგრევასთან, ქართველი ერის სულიერი და მატერიალური ფასეულობების ძარცვა-გაღატაკებასთან ასოცირდება, მეორე მხრივ, ეროვნული ფასეულობების დაცვისათვის მებრძოლი გურამ შარაძე… ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ეს თქვენს რეიტინგსა და მოსახლეობის თქვენდამი დამოკიდებულებაზე, აქედან გამომდინარე შედეგზე უარყოფითად იმოქმედებს?

– პირველი ჟურნალისტი არ ბრძანდებით, ვინც მე ამ შეკითხვას მისვამს და თქვენს კეთილგანწყობაში ეჭვი არ მეპარება. კითხვაზე, რომ ბლოკში გაერთიანებით ხომ არ დავკარგავ ხალხის სიყვარულს, ჩემს ავტორიტეტს, ბევრჯერ მომიწია პასუხის გაცემა და თქვენც მსურს გითხრათ, რომ მე სახელისუფლებო ბლოკში არ გავერთიანებულვარ, არ გავთქვეფილვარ ამ გაერთიანებაში, რადგან იქ შევედი ჩემი პოლიტიკური მოძრაობით “ენა, მამული, სარწმუნოება”, როგორც დამოუკიდებელი იურიდიული სუბიექტი.

ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ დღევანდელმა პოლიტიკურმა სპექტრმა სხვა არჩევანი არ დამიტოვა. სად წავსულიყავი? სად დავრჩენილიყავი? ოპოზიციაში? ოპოზიციაა შევარდნაძის ფრთებქვეშ გამოზრდილი “ბურჯაკრატები”? ოპოზიციაა შევარდნაძის ფრთებქვეშ გამოზრდილი ე.წ. “ნაციონალები”? ოპოზიციონერები არიან ბურჯანაძე, სააკაშვილი, ჟვანია, წერეთელი, დავითაშვილი, მერაბიშვილი და სხვები? ამას ყოველგვარი ცინიზმის გარეშე ვამბობ, რადგან სრული სიმართლეა.

– თქვენ “მრეწველების” ფრაქცია დატოვეთ…

– რაც შეეხება მრეწველებს, არ მინდა უმადურობად გამომივიდეს, მაგრამ მე მათგან წამოვედი არა პირადული (პირადად დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვიყავი მათ მიმართ განწყობილი) წყენის ან რაიმე პიროვნული ფაქტორის გამო. ჯერ ერთი, მე არ ვიყავი მრეწველი, არც არასოდეს ვყოფილვარ მრეწველთა პარტიის წევრი, იქაც ჩემი პოლიტიკური მოძრაობით “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, იურიდიული სუბიექტის სტატუსით გავერთიანდი. ჩვენ ერთად ვიბრძოდით და ერთად გავიმარჯვეთ საპარლამენტო არჩევნებში. საქმე ისაა, რომ მოხდა შეუთავსებლობა: მე ვერაფერი გავიგე მრეწველთა პოლიტიკის და მათი ბიზნესისა, მათ კიდევ – ჩემი ეროვნული იდეოლოგიისა; მე იმათში ვერ ჩავიხედე თუ არ ჩამახედეს, მე ისინი კი ჩავახედე, მაგრამ ვერ გაიგეს, ყოველ შემთხვევაში, აქ, ელემენტარულად, მოხდა პოლიტიკური შეუთავსებლობა.

მე იმის ფულიც არა მაქვს, რომ საწვავი ჩავასხა მანქანაში ან პლაკატები დავბეჭდო. ასე რომ, ცალკე ორგანიზაციულ საკითხებსაც ვერ მოვაბამდი თავს და ბევრს ნამდვილად არ მივანიჭებდი პარლამენტში ჩემი არყოფნის სიხარულს. ამის უფლებას არც ჩემი ამომრჩეველი და ჩემი ხალხი მომცემდა. პარლამენტს ნამდვილად ვერ დავუტოვებ “ბურჯაკრატებს”, ე.წ “ნაციონალებს” და ა.შ.

– რას სთავაზობთ თქვენს ამომრჩეველს, რის გაკეთებას აპირებთ პარლამენტში ხელახლა მოხვედრის შემთხევევაში?

– თუ გავიმარჯვე, ვიბრძოლბ იმისათვის, რომ შუა გზაზე არ მივატოვო ის, რაც დავიწყე წინა მოწვევის პარლამენტში და ბოლომდე ვერ მივიყვანე. ეს არის ენა, მამული, სარწმუნოება. სანამ ქართული ენა სახელმწიფო ენად არ გამოცხადდება და სავალდებულო არ გახდება საქართველოს ყოველი მოქალაქისათვის, სანამ არ აღვადგენთ ეროვნებას, მამის სახელს, სანამ არ მივიღებთ რელიგიის კანონს და მართლმადიდებლობას არ ვიხსნით სექტანტებისაგან, სანამ საქართველოს არ ავაცილებთ 400 ათასი “თურქი მესხის” საქართველოში შემოსევის საფრთხეს – სააკაშვილ-ღოღობერიძის მიერ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ხარჯზე თავსმოხვეულ კაბალურ ვალდებულებას, მე უფლება არა მაქვს, პარლამენტის გარეშე დავრჩე. ეს არ არის ჩემი პირადული კეთილდღეობის პრობლემა, საქართველომ აქამდე მოაღწია ენით, მამულით, სარწმუნოებით და XXI საუკუნეში საქართველოს დატოვება ქართული ენის გარეშე, ქართული ეროვნების გარეშე, ქართული მართლმადიდებლობის გარეშე, 400 ათასი თურქი მესხის შემოსევის საფრთხის წინაშე, ღალატია. ამის უფლებას კი არც ერი მოგვცემს და არც ისტორია გვაპატიებს.

ნელი ცქიტიშვილი
“ახალი ერა”, 30 სექტემბერი, 2003

 

მე ზნეობრივი და მორალური კაპიტალის გარდა არაფერი გამაჩნია

თქვენი გაზეთის საშუალებით ამ წერილით მინდა მივმართო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნანა დევდარიანს

ამა წლის 3 ნოემბერს საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ეთერში, კოკა ყანდიაშვილის პროგრამაში “რა ხდება”, ე.წ. “ნაციონალების” – კობა დავითაშვილის, დიტო ქიტოშვილისა და მათი ლიდერის მიხეილ სააკაშვილისაგან მიწოდებული ყალბი ინფორმაციის საფუძველზე, თქვენ გააკეთეთ ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს #10 გლდანის საარჩევნო ოლქში 2 ნოემბერს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭისყრის დროს დაფიქსირდა სიყალბე საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმში, ჩემთვის მოცემული ამომრჩეველთა ხმების ხელოვნურად გაზრდის სახით. ასეთი გადაუმოწმებელი და ნაჩქარევი დასკვნის გაკეთება თქვენის მხრივ წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას და უნდა შეფასდეს, როგორც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება. ეს გამოიხატა საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში უკანონო ჩარევასა და მასზე ზეწოლაში, რის შედეგად მას არ მიეცა კაკონით დადგენილ 4-დღიან ვადაში ოქმების გადამოწმებისა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენის საშუალება.

გამოვთქვამ რა პროტესტს თქვენს მიერ გავრცელებული ამ დეზინფორმაციის გამო, გაცნობებთ, რომ სინადმვილეში საქმე ასე გახლავთ: 2003 წლის 3 ნოემბერს, ღამით, დაახლოებით 3 საათზე, მაშინ, როდესაც საუბნო კომისიებიდან შემოსვლა იწყო დალუქულმა საარჩევნო დოკუმენტაციამ, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომათა ოთახში შეიჭრნენ საარჩევნო ბლოკი “სააკაშვილი – ნაციონალების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა დავითაშვილი, ამავე ბლოკის წარმომადგენელი ცესკოში დიტო ქიტოშვილი და მათი თანმხლები პირები. მათ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევით გაიტაცეს ახლადშემოსული დალუქული დოკუმენტები, კერძოდ, საუბნო კომისიის შემაჯამებელი ოქმები, რა დროსაც მძიმე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა მიაყენეს კომისიის თავმჯდომარეს, წევრებს, ხოლო კომისიის მდივანს რუიზან გელაშვილს ხელითაც კი შეეხნენ. ამის შემდეგ კი მათ განაცხადეს, რომ თითქოს შემაჯამებელი ოქმები გაყალბებულია და მათში არის შესწორებები ხმების გაზრდის მიზნით. არადა, ეს ოქმები თვით კომისიის წევრებს დადგენილი წესით არ უნახავთ და ამდენად, ვერავინ დაადასტურებს, ნამდვილად იყო თუ არა ოქმები გაყალბებული. ხოლო, თუ ისინი მართლაც არის გაყალბებული, მაშინ ეს თვით ამ პირების მიერ პროვოცირებულ ქმედებად უნდა ჩაითვალოს, რადგან გატაცების შემდეგ მხოლოდ მათ ჰქონდათ ამის ჩადენის საშუალება.

“ნაციონალების” ასეთი დანაშაულებრივი პროვოკაცია გამიზნული იყო საარჩევნო კომისიის მუშაობის ჩაშლისაკენ, რასაც მიაღწიეს კიდეც. ამის გამო, საარჩევნო კომისიას არ მიეცა საშუალება თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით მოეხდინა საუბნო კომისიებიდან შემოსული დოკუმენტაციების გადამოწმება და მათში შეტანილი მონაცემების სისწორის დადგენა.

ამ ფაქტთან და, ასევე, გლდანის საარჩევნო ოლქის მთელ რიგ საარჩევნო უბნებზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ განხორციელებული დარღვევების გამო, ჩვენის მხრივ კანონით გათვალისწინებული რეაგირების მიზნით, საოლქო კომისიასა და სამართალდამცავ ორგანოებში შეტანილია განცხადებები აღნიშნულ უბნებში არჩევნების ბათილად ცნობის და ამის საფუძველზე #10 გლდანის საარჩევნო ოლქში არჩევნების ჩაშლილად მისაჩნევად. ასეთ ვითარებაში კი ყოვლად დაუშვებელია თქვენს მიერ ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება მომხდართან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ამ საკითხზე ჯერ არ არის მიღებული სათანადო სამართლებრივი გადაწყვეტილება. სხვათა შორის, მეტად საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ ოქმების გამტაცებლები მოქმედებდნენ ცესკოს თავმჯდომარის სახელით, რისი საფუძვლიანობაც თქვენი განცხადების ფონზე საეჭვოდ დასტურდება. ხოლო, თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ მე იძულებული ვიქნები, თქვენ პირადად დაგადანაშაულოთ ამ არეულობის ორგანიზებაში და იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დღეიდან 24 საათის განმავლობაში თქვენივე განცხადებით არ უარყოფთ ჩემს მიმართ გამოთქმულ ბრალდებასა და დეზინფორმაციას, ვიტოვებ უფლებას მივმართო შესაბამის სასამართლოს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და უფლებამოსილების გადაცილების მოტივით თქვენი პასუხისმგებლობის შესახებ.

ქალბატონო ნანა! მე თქვენგან, როგორც ჩემთვის საპატივცემულო პიროვნებისა და, რაც მთავარია, ოფიციალური პირისაგან მეწყინა და მეტკინა, თორემ რას იტყვიან ან რას დაწერენ ე.წ. “ნაციონალები” ჩემზე, არც მაინტერესებს და არც მწყინს!

მე ზნეობრივი და მორალური კაპიტალის გარდა სხვა კაპიტალი არ გამაჩნია და მისი ხელყოფის უფლებას არავის მივცემ!

პატივისცემით,

გურამ შარაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი,
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
წევრ-კორესპონდენტი, ფილოლოგიის
მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
სახელმწიფო პრემიების ლაურეატი
4 ნოემბერი, 2003
“საქართველოს რესპუბლიკა”, 5 ნოემბერი, 2003
 

3 Responses to დეპუტატის სიტყვა

  1. ary ამბობს:

    Really appreciate this specific article. It’s challenging to organize the good from the negative at times, but I believe you’ve nailed it!

  2. Luigi Fulk ამბობს:

    I went over this site and I believe you have a lot of wonderful info , saved to favorites (:.

  3. ლომისა ამბობს:

    „იცნობდეთ დეპუტატს! – ამ რუბრიკით “სამოქალაქო საზოგადოება” წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის წევრს გურამ შარაძეს.“

    ეჰ, რომელი პარლამენტის წევრს? პუტჩისტური პარლამენტის? რა უნდოდა ბ-ნ გურამს ედუარდ შევარდნაძის ხუნტისტურ პარლამენტში? არ იცოდა ბნ-მა გურამმა რომ იმ დროს როდესაც იგი უკანონო პარლამენტის წევრი ხდებოდა, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება დევვნილობაში იმყოფებოდა?

    გული მწყდება, რომ ინტელიგენციის უდიდესმა ნაწილო იყო თავმოყრილი პუტჩისტური მოწვევის სამ პარლამენტში.

    ღმერთმა შეუნდოს და აცხოვნოს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s