აჭარა

 
  • ,,საუბარი დოლიძესა და ხარაზს შორის შედგა, ჟვანია მასში არ მონაწილეობდა”, ,,ახალი თაობა’’, 28 ოქტომბერი, 1997
  •  ,,ავიცილოთ განსაცდელი!’’, “ალია”, 18-19 აპრილი, 1998 
  •  ,,უნდა აღინიშნოს აჭარის დედა-სამშობლოსთან შემოერთების 120 წლისთავი”, “თბილისის სიახლენი”, 20-21 მაისი, 1998
  • “ასლან აბაშიძემ ტყვიაც რომ მესროლოს, მე მაინც მის მეგობრად დავრჩები”, – აცხადებს პარლამენტარი გურამ შარაძე’’, “რეზონანსი”, 18 აგვისტო, 1998
  •  ,,გურამ შარაძე ,,აღორძინებას” ტოვებს”, “ახალი თაობა”, 24 სექტემბერი, 1998
  • “გურამ შარაძე “კმარას” ჩოლოქთან დახვდება”, “ტრიბუნა”, 8 მარტი, 2004

 

 ***

 ,,საუბარი დოლიძესა და ხარაზს შორის შედგა, ჟვანია მასში არ მონაწილეობდა”

 სრულიად დასაშვებად მიმაჩნია, რომ საუბარი როსტომ დოლიძესა და თამაზ ხარაზს შორის შემდგარიყო, – განუცხადა მოამბე-ექსპრეს-პრესის კორესპონდენტს მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გურამ შარაძემ.

– ამის თქმის უფლებას მაძლევს ის გარემოება, რომ საყოველთაოდაა ცნობილი როსტომ დოლიძის ნეგატიური დამოკიდებულება აჭარის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან და პირადად მის ლიდერთან – ასლან აბაშიძესთან. ამას თავად როსტომ დოლიძეც არ უარყოფს. ამ საკითხის ამჟამად წინ წამოწევა კი ამ გაცვეთილი თემის გაცოცხლების და მისთვის მეტი წონის და ჟღერადობის შესაძენად წამოწყებული კამპანია მგონია, რომელმაც ასლან აბაშიძის ჯანმრთელობის გაუარესებისა და მისი შვებულებაში გასვლის შემდეგ მძაფრი ხასიათი შეიძინა. ურეკის მოვლენები ამ კამპანიის კულმინაციას წარმოადგენს, – განაცხადა შარაძემ.

მისივე თქმით, ზურაბ ჟვანია არ არის იმ დონის პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, რომ მსგავსი ლაფსუსი მოსვლოდა. ,,მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ სურვილის შემთხვევაშიც იგი ბოლომდე არ გაეხსნებოდა უცხო ადამიანს. ამას თვით თამაზ ხარაზიც არ უარყოფს, იგი აცხადებს, რომ როცა საუბარი ამ დელიკატურ თემას შეეხო, ზურაბ ჟვანია, რომელიც არც მანამდე არ იღებდა მონაწილეობას მასში, პროტესტის ნიშნად წამოდგა და გავიდა ოთახიდან”, – დასძინა შარაძემ.

მისივე განმარტებით, ზურაბ ჟვანია თავის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა ურეკში. ეს ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც პარლამენტის ბიუროს გასვლითი სხდომები ტარდებოდა მალთაყვაში. რაც შეეხება აჭარის სახალხო კრების სხდომას, გურამ შარაძემ განაცხადა, რომ იგი მას უბრალოდ არ ესწრებოდა და არაფერი იცის მასზე მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე. 

მოამბე-ექსპრეს-პრესი
,,ახალი თაობა’’, 28 ოქტომბერი, 1997 

 

 

 ავიცილოთ განსაცდელი!

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “აღორძინების” წევრმა, გურამ შარაძემ შეშფოთება გამოთქვა აჭარისა და მისი ლიდერის მიმართ გაჩაღებული ახალი ისტერიის გამო, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწე და საინფორმაციო საშუალებათა ცალკეული წარმომადგენელი ეწევიან. “მოვუწოდებ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლოს ბედი, ქვეყანას თავიდან ააცილონ ახალი განსაცდელი, რომლის დამღუპველ შედეგებს დღეს ვერავინ გვიწინასწარმეტყველებს”, – განაცხადა შარაძემ.

,,პრაიმ-ნიუსი”
“ალია”, 18-19 აპრილი, 1998 

 

 უნდა აღინიშნოს აჭარის დედა-სამშობლოსთან შემოერთების 120 წლისთავი

საქართველომ უნდა აღნიშნოს დედა-სამშობლოსთან აჭარის შემოერთების 120 წლისთავი, – თქვა გუშინდელ პრესკონფერენციაზე გურამ შარაძემ.

1878 წლის 25 აგვისტოს აჭარა თურქეთის უღლისაგან გათავისუფლდა და საქართველოს შემოუერთდა.

გურამ შარაძემ გუშინდელ პრესკონფერენციაზე მიმართა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ასლან აბაშიძეს აჭარის განთავისუფლების თარიღის საზეიმო აღნიშვნის შესახებ.

26 მაისის შემდეგ 25 აგვისტო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიაში, – თქვა გურამ შარაძემ.

,,პრაიმ-ნიუსი”
“თბილისის სიახლენი”, 20-21 მაისი, 1998

 

 “ასლან აბაშიძემ ტყვიაც რომ მესროლოს, მე მაინც მის მეგობრად დავრჩები”, – აცხადებს პარლამენტარი გურამ შარაძე 

“აღორძინების” თავმჯდომარე ჯემალ გოგიტიძე პარლამენტარ გურამ შარაძეს ფრაქციიდან გარიცხვას უპირებს. “დასჯის” მიზეზი ის გახლავთ, რომ “აღორძინების” სხვა წევრებისგან განსხვავებით, შარაძე მონაწილეობას იღებდა პარლამენტის საგანგებო სხდომებში. გოგიტიძე მიიჩნევს, რომ კიდევ ერთი წევრის “მოტაცება” ზურაბ ჟვანიას “ოინებია”. თავად გურამ შარაძე აცხადებს, რომ როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ვალდებული იყო მონაწილეობა მიეღო მინისტრების დამტკიცების საქმეში. გოგიტიძეს კი “შეუთვალა”, რომ “ბინძურ თამაშში არ აჰყვება”. გარდა ამისა, შარაძე აცხადებს, რომ ასლან აბაშიძემ ტყვიაც რომ ესროლოს, იგი მის მეგობრად მაინც დარჩება.

“რეზონანსი”: ბატონო გურამ, ჯემალ გოგიტიძე ფრაქციიდან თქვენს “გაშვებას” ცდილობს, ხომ არ “დაასწრებთ” მას და თქვენი ნებით ხომ არ დატოვებთ “აღორძინებას”?

გურამ შარაძე: ფრაქცია “აღორძინებას” არ დავტოვებ, რადგან პოლიტიკაშიც და პარლამენტშიც ასლან აბაშიძემ მომიყვანა. ასლანმა ტყვიაც რომ მესროლოს, მე მაინც მის მეგობრად დავრჩები და ვიღაცეების ბინძურ თამაშსაც არ ავყვები.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომებში მონაწილეობას ვიღებდი, როგორც საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე. პარლამენტის რიგითი წევრი რომ ვყოფილიყავი, “აღორძინების” სხვა წევრების მსგავსად, სხდომას არ დავესწრებოდი. კომიტეტის ფუნქციაში შედის მთავრობის საქმიანობის კონტროლი, ამიტომ ვალდებული ვიყავი, ჯერ კომიტეტში მომესმინა მინისტრობის კანდიდატებისთვის და პლენარულ სხდომებზე მათ დამტკიცებაშიც მიმეღო მონაწილეობა.

ისე, არსად არ მითქვამს, რომ სხდომაზე “აღორძინებას” წარმოვადგენდი, ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ მონაწილეობას ვღებულობ, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე.

“რ”.: მიუხედავად ასეთი განცხადებისა, როგორც ჩანს, “აღორძინებაში” ამან გარკვეული პრობლემები შეგიქმნათ…

გ.შ.: პარლამენტის მუშაობაში ჩემი მონაწილეობა გარკვეული პრობლემების შესაქმნელად გამოიყენეს. ფრაქციის ხელმძღვანელი გოგიტიძე აცხადებს, რომ ჩემს ამ “საქციელს” “აღორძინების” სხდომაზე განიხილავს.

მაშინ სხდომაზე ის ბრალდებებიც განიხილოს, რასაც უკვე რამდენიმე თვეა გოგიტიძის შესახებ მისი მეზობლები – შვილმკვდარი ცოლ-ქმარი – აცხადებენ. რამდენჯერმე ვურჩიე გოგიტიძეს, რომ ამ ბრალდებისგან თავი დაეცვა, რადგან ამით, უპირველესად, ფრაქციის იმიჯი კნინდება. იგი მუდმივად მიცხადებდა, რომ პრესამ რაც უნდა წეროს და იკითხოს.

“რ”.: რამდენად შეეძლო ჯემალ გოგიტიძეს დამოუკიდებლად ასლან აბაშიძესთან შეუთანხმებლად თქვენს შესახებ ასეთი განცხადება გაეკეთებინა?

გ.შ.: პირადად გოგიტიძესთან არ მისაუბრია. იგი რატომღაც გაზეთით მესაუბრება. შესაძლოა, ეს ინფორმაცია სწორიც არ იყოს.

“რ”.: ასლან აბაშიძეს თუ დაუკავშირდით?

გ.შ.: ჩემი სულიერი მდგომარეობის გამო მიჭირს სატელეფონო საუბრები. შვილის დაღუპვის შემდეგ, რამდენიმე თვეა, არც ასლან აბაშიძესთან მისაუბრია და არც ბათუმში ვყოფილვარ.

“რ”.: როგორც ჩანს, ჯემალ გოგიტიძე სერიოზული ნაბიჯების გადადგმას აპირებს, შესაძლოა, თქვენ ფრაქციიდან გაგრიცხონ… მერე რას იზამთ?

გ.შ.: მე არა ვარ ის ადამიანი, ერთ კარს რომ დაუკეტავენ, მეორედან შევიდე. “აღორძინების” დატოვება თუ მომიწევს, სხვა რომელიმე ფრაქციაში არ გადავალ.

სხვათა შორის, ერთი წლის წინათ ასლან აბაშიძეს პარლამენტიდან წასვლის განცხადება დავუდე. მან მითხრა, რომ აღა-მაჰმად-ხანსაც კი არ შეეძლო ისეთი ზიანი მიეყენებინა, როგორც ჩემს განცხადებას.

“რ”.: რატომ აპირებდით პარლამენტის დატოვებას?

გ.შ.: თუ როდისმე დადგებოდა ასეთი აუცილებლობა, ამ ნაბიჯს გადავდგამდი. 

ლალი შალვაშვილი
“რეზონანსი”, 18 აგვისტო, 1998

 

გურამ შარაძე ,,აღორძინებას” ტოვებს 

საქართველოს პარლამენტის წევრმა გურამ შარაძემ გუშინ სააგენტო ,,პრაიმ-ნიუსს” განცხადების ტექსტი გადასცა. განცხადების ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:

“დღეს მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება, გავიდე საპარლამენტო ფრაქცია “აღორძინებიდან”, რადგან საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მის თავმჯდომარესთან ჯემალ გოგიტიძესთან მუშაობა შეუძლებელია.

ფრაქციიდან ჩემი გასვლა სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მე ვწყვეტ ურთიერთობას ბატონ ასლან აბაშიძესთან. მე ვერ ვიქნები უმადური და არასდროს დავივიწყებ ბატონ ასლანის ღვაწლს ჩემს ცხოვრებაში და მოღვაწეობაში. დაე, დრომ და ისტორიამ გამოარკვიოს, ვინ იყო და ვინ არის მისი ნამდვილი მეგობარი და თანამებრძოლი, რაც მთავარია, საქართველოს, და კერძოდ, აჭარის უკეთესი აწმყოსა და მომავლისათვის ვინ იყო და ვინ არის ილია ჭავჭავაძისა და მემედ აბაშიძის იდეების ერთგული და მათი ცხოვრებაში ჭეშმარიტი გამტარებელი.

მე არ შევალ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასა და ბლოკში და, როგორც დღემდე, კვლავ დავრჩები უპარტიო კაცად. მე ხომ არც “აღორძინების კავშირის” წევრი არ ვყოფილვარ და ფრაქციაში უპარტიო წევრად ვიყავი წარმოდგენილი. მე მუდამ მჯეროდა და ახლაც მჯერა ილია ჭავჭავაძისა და მემედ აბაშიძის ანდერძისა, რომ პარტიებად დაყოფა და დაქსაქსვა დაღუპავს საქართველოს. მაშ, გახსოვდეს, საქართველო, და არა პარტიები, უწინარეს ყოვლისა!

პარლამენტში მე დავრჩები როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი და რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ ჩემი სამშობლოს – სრულიად საქართველოს და მისი ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი კუთხის – აჭარის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად”.

,,პრაიმ-ნიუსი”
“ახალი თაობა”, 24 სექტემბერი, 1998

 

 

 გურამ შარაძე “კმარას” ჩოლოქთან დახვდება 

პარლამენტის წევრი გურამ შარაძე აჭარაში ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პოლიტიკას “სავარძლების ხელში ჩასაგდებად, აჭარისადმი გამოცხადებულ ღია ომს” უწოდებს. მისი თქმით, “კმარელების” შესაჩერებლად ჩოლოქზე პირადად დადგება.

აჭარაში მიმდინარე პროცესებისადმი საკუთარი პოზიციის მოგვიანებით დაფიქსირებას შარაძე იმით ხსნის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე თავისი აზრის გამოთქმის შემთხვევაში მას ხელისუფლება “აღორძინების” სიაში შესვლის სურვილს დააბრალებდა.

“ისტორიის მანძილზე თურქეთის სულთნებს არ გამოუჩენიათ ისეთი სისასტიკე აჭარისადმი, რასაც დღეს ხელისუფლება სჩადის”, – აცხადებს შარაძე და კატეგორიულად მოითხოვს ლუსტრაციის კანონის მიღებას.

შარაძე მიიჩნევს, რომ ამ კანონის მიღებით გამოჩნდება ყველა იმ უცხო ქვეყნის აგენტის ვინაობა, ვინც დღეს აჭარის მართვის სადავეების ხელში ჩასაგდებად იბრძვის.

,,მედია-ნიუსი’’
“ტრიბუნა”, 8 მარტი, 2004

 

 

დატოვე კომენტარი