2007

ასი წერილი ქართველ ერს!

 

2007 წელი

 

*  *  *

არ ესროლოთ, ილიაა!

,,ასავალ-დასავალი’’ და გურამ შარაძე 2007 წელს ილია ჭავჭავაძის წლად აცხადებენ

წერილი 30-ე

1837 წლის 27 ოქტომბერს, ყვარელში, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში ილია ჭავჭავაძე დაიბადა. თუმცა, მაშინ საქათველომ არ იცოდა, რომ წინამძღოლი და ერის მამა მოევლინა. 1907 წლის 30 აგვისტოს, წიწამურთან, ფილიპე მახარაძისა და გიგოლა ბერბიჭაშვილის ბერდენკამ საქართველოს თავზე ცარგვალი ჩამოანგრია. თუმცა, საქართველომ ვერ გაიგო, რომ წინამძღოლი და სულიერი მამა მოუკლეს. ,,წიწამურთან რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი’’ – ასე გალაკტიონმა ამოიგმანა.

100 წელი გასულა ამ დიდი ეპოქის დასასრულიდან. დიახ! ,,გასულა’’ და არა ,,გავიდა’’, რადგან საქართველო არც ახლაა ბაიბურში, რომ წინამძღოლი და ერის მამა მოუკლეს.

საქართველოს არ ახსოვს, რომ დამდეგ 2007 წელს ილია ჭავჭავაძე 170 წლის გახდება. სწორედ! ,,გახდება’’ და არა ,,გახდებოდა’’, იმიტომ, რომ ილია ცოცხალია. ცოცხალია მისი იდეა.

 არც ის ახსოვს საქართველოს, რომ 2007 წელს 100 წლის გახდება ქართველი ერის მიუტევებელი ცოდვა და ჩამოურეცხავი სირცხვილი – წიწამურის ტრაგედია.

არ ახსოვს, რადგან არაფერს ცდილობს ამ სირცხვილის ჩამოსარეცხად.

ილიას სახელით ურცხვად მოსპეკულირე საქართველოს ხელისუფლებას არაფერი ეტყობა საიმისო, რომ დიდი ერისკაცის დაბადებიდან 170 და სიკვდილიდან 100 წლის იუბილეს სათანადოდ აღნიშვნას აპირებდეს.

სწორედ ამიტომ ,,ასავალ-დასავალი’’ და ბატონი გურამ შარაძე, უკვე დღეიდანვე, 2007 წელს ილია ჭავჭავაძის წლად აცხადებენ.

– ბატონო გურამ, საქართველოს იშვიათად რგებია პატივი, ერთდროულად ორი მრგვალი თარიღი აღენიშნა. 2007 წელს კი იმის საშუალება გვეძლევა, რომ წმინდა ილია მართლის დაბადებიდან 170 და გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილე აღვნიშნოთ, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი ეტყობა იმისა, რომ ღირსეულად შეხვდეს ამ თარიღს. რატომ არ ემზადებიან ამისთვის?

– სანამ კითხვაზე პასუხს გაგცემდეთ, მინდა, პირველად თქვენი გაზეთის საშუალებით ვთქვა: ილიას 150 წლის იუბილესთვის მზადება, რომელიც 1987 წელს აღინიშნა, საქართველოს 1982 წლიდან, ანუ 5 წლით ადრე გამოვაცხადებინე და ამიტომაც ჩატარდა ის გრანდიოზულად მსოფლიო მასშტაბით. ახლა ერთი წელიც არ არის დარჩენილი  ილიას დაბადებისა და სიკვდილის იუბილეებამდე და მზადების არანაირი კვალი არ ჩანს!

არ ვიცი, რა მოგვივიდა – ილია ჭავჭავაძემ ამ ქვეყანას შეაკლა თავი, სწორედ წიწამურში გასროლილმა ტყვიამ და იქ დაღვრილმა წმინდა სისხლმა მოუტანა საქართველოს ნანატრი დამოუკიდებლობა. ილიას სისხლით დღევანდელობამდე მოტანილ საქართველოში კი არ სურთ, რომ მისი ორი მრგვალი თარიღი აღნიშნონ!

სამაგიეროდ, ამ ხელისუფლების წარმომადგნელებს არ ავიწყდებათ ილიას პორტრეტის წინ კეკლუცობა.

შემზარავია, როცა ე.წ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კახა ლომაია თავის შავბნელ და შავრაზმულ განათლების რეფორმას ილიას სახელით ატარებს. გაგიგონიათ ამხელა ცინიზმი?

– ეს მართლაც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. როგორ ფიქრობთ, რატომ აკეთებენ ამას? იქნებ ილიას სახელისათვის ჩრდილის მიყენება სურთ?

– მარტო ჩრდილის მიყენება რომ იყოს, კიდევ არაფერი… ლევან ბერძენიშვილმა მიაყენა ჩრდილი ილას, მაგრამ თვითონ დაისხა თავზე ისეთი ლაფი, რომელსაც ვერასდროს ჩამოირეცხავს. მზეს ტალახს რომ ესვრიან, მზემდე ვერ აღწევს და ვინც ესვრის, იმასვე ესხმება თავზე.

ახლა უარესი რაღაც ხდება: ილიას სახელით სპეკულირება შავბნელი იდეების განსახორციელებლად, ქართველი ხალხის მოსატყუებლად, რომ ვითომ ლომაისეული რეფორმა არის ისეთი კეთილშობილი და პატრიოტული, როგორიც ილიას მოეწონებოდა, რომელიც ვითომ ამოზრდილია ილია ჭავჭავაძის ნააზრევზე და წიწამურში დაღვრილ სისხლზე. ეს გაუგონარი მკრეხელობაა.

– ბატონო გურამ, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ დღესაც ყოველ ნაბიჯზე არიან ჩასაფრებულები ბერდენკიანი ბერბიჭაშვილები და ილიას იდეებზე, მის კრედოზე ნადირობენ?

– დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის! უბედურება ის არის, რომ დღეს კიდევ უარესი რაღაც ხდება. მაშინ ილია ბერბიჭაშვილმა და მასთან ერთად სამმა თუ ოთხმა უბირმა, ბნელმა გლეხმა მოკლა. ახლა ვნახოთ, ვინ ჰყავს ჩასაფრებული ილია ჭავჭავაძეს? მსოფლიო თაღლითი სოროსი, მისი აღზრდილი ლომაია და მისი მილიონებით ინსპირირებული ,,ვარდების რევოლუცია’’. სოროსის  დავალებაა, რომ ამოძირკვოს ილია ჭავჭავაძის სახელი და წიწამურთან დაღვრილი წმინდა სისხლის განცდა და ტრაგიზმი, ილია ჭავჭავაძის მიერ ნაწინასწარმეტყველევი და შექმნილი განათლების სისტემა.

დღეს ბერბიჭაშვილის ბერდენკაზე უარესი ტყვია ესროლეს ილია ჭავჭავაძეს, როცა მიწასთან გაასწორეს უნივერსიტეტი, მეცნიერებათა აკადემია…

ახლა რასაც ვიტყვი, სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი და მინდა, რომ აუცილებლად დაბეჭდოთ:

ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი საუკეთესო მიმდევარი, ქართველი ერის, განათლებისა და კულტურის დიდი მოღვაწე თედო სახოკია დღეს საფლავში ბორგავს, რადგან მისმა შვილიშვილმა შუქია აფრიდონიძემ უნივერსიტეტის მომსპობი კონკურსი ჩაატარა და თავისი უნიჭო დაქალებითა და ძმაკაცებით აავსო უნივერსიტეტი.

ახლა მეორე მაგალითი: ჩვენი გამოჩენილი ისტორიკოსის, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას შვილიშვილი და დაუვიწყარი სულგანათლებული ლაშა ჯანაშიას შვილი – სიმონ ჯანაშია განათლების სამინისტროში ანგრევს ქართულ სკოლას და ეროვნულ განათლებას. ავადსახსენებელ შავრაზმელ იანოვსკის არ დაუქცევია ქართული სკოლა ისე, როგორც ლომაიას შვილობილმა – სიმონ ჯანაშიამ დააქცია!

აი, ცოცხალი მაგალითები იმისა, რანი ვიყავით, რანი გავხდით და საით მივდივართ!

შუქია აფრიდონიძე, სიმონ ჯანაშია და მათი მსგავსი ბერბიჭაშვილები ესვრიან დღეს ილია ჭავჭავაძეს, თედო სახოკიას, ივანე ჯავახიშვილს, სიმონ ჯანაშიას… ახლა ეს ხალხი საფლავებიდან რომ წამოდგეს, გული არ გაუსკდებათ?

– ბატონო გურამ, თქვენ გაქვთ საშუალება, ჩვენი გაზეთის ფურცლებზე 2007 წელი ილია ჭავჭავაძის წლად გამოაცხადოთ.

– ძალიან დიდი მადლობა ამ ბედნიერების მონიჭებისთვის. დაე, ვუთხრათ ქართველ ხალხს, კაცობრიობას, მთელ მსოფლიოს, რომ 2007 წელი გამოცხადდეს ილიას წლად არამარტო საქართველოში… გავაგებინოთ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო დღევანდელ დღემდე წიწამურთან დაღვრილმა სისხლმა მოიყვანა.

“არ მესროლოთ, ილია ვარ!’’ – ასე შესძახა საქართველოს სულიერმა მამამ იმ ჯალათებს, რომლებიც წიწამურის ტყიდან გამოუხტნენ მეუღლესთან ერთად საგურამოს მიმავალ ილიას.

მაინც ესროლეს. ესროლეს სწორედ იმიტომ, რომ ილია იყო.

მაგრამ ბერბიჭაშვილის ბერდენკის ტყვიამ ვერ მოკლა ის ზრახვები, მიზანი და იდეა, რომლისთვისაც ილია ჭავჭავაძე იყო გადაგებული მთელი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით.

დღეს ყოველ ბუჩქსა და კედელს ამოფარებული თანამედროვე ბერბიჭაშვილები ცდილობენ ილიას იდეების საბოლოოდ იავარყოფას.

ამიტომაც დავარქვი წერილს ეს სათაური. მოვუწოდებთ და ქართველი ხალხის სახელით ვუკრძალავთ ამ ხელისუფლებას, მის ლომაიეთსა და საბერბიჭაშვილოს:

არ ესროლოთ, ილიაა!

პოეტობაზე პრეტენზია არასოდეს მქონია, მაგრამ ჩემი ერთი ლექსიდან სტროფის მოყვანა ჩავთვალე საჭიროდ:

…და წიწამურთან

იმიტომ ვგოდებ,  

რომ ვგრძნობ სამშობლოს

როგორ ვშორდები,

მკვლელი არა ვარ,

მაგრამ ილიას

მაინც ამ გზაზე

დაველოდები.

 

ჯაბა ხუბუა
,,ასავალ-დასვალი’’, 25 დეკემბერი, 2006 – 7 იანვარი, 2007

 

*  *  *

 გურამ შარაძე: ჩემი აზრით კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიები მთაწმინდზე უნდა დაიკრძალონ

წერილი 31-ე

თხუთმეტი წლის უკან ჩაიფერფლა დიდოსტატის სავანე… თხუთმეტი წლის უკან, თხუთმეტ მარტს წარსულად იქცა კონსტანტინეს კალმით მოხატული დავით მეფე, გიორგი მეფე, შორენა, პიპა… ლანდებთან ლაციცი დაიწყო ერმა… ნაძირალებმა ცეცხლი გაუხსნეს პირველი პრეზიდენტის საცხოვრისს და იავარქმნეს ისტორიული მნიშვნელობის ლიტერატურული მუზეუმი საქართველოს უპირველესი კლასიკოსისა… დევნილობაში მყოფმა ზვიად გამსახურდიამ ერთადერთს – გურამ შარაძეს მიანდო კოლხური კოშკის ბედი და ნდობა იჩქერიის რესპუბლიკის ნოტარიუსითაც დაუმოწმა. შემდეგ იყო ჯიხაშკარი და ხიბულა… და იდგა 1993 წლის 30 დეკემბერი. ტყვიადახლილი ერი მორიგ, სისხლიან ახალ წელს ხვდებოდა და ამ დროს, თურმე – ერის რჩეული პრეზიდენტი სისხლისგან იცლებოდა…  და მაშინ, არავინ იცოდა, რას უმზადებდა განგება ნაწამები და მარტვილი პრეტზიდენტის ძვლებს… სწორედ მაშინ უბოძა ხალხმა ნდობის მანდატი გურამ შარაძეს! კოლხური კოშკის ეზოში და გალის ქუჩის აღმართზე შეკრებილი ათასობით ნაწამები და დარბეული ადამიანი მისგან ელოდა ახალს… მას შემდეგ ბევრმა წელმა განვლო. ერის მკვლელთაგან ბევრი მიწამ მიიბარა. ბევრის სიკვდილი არც გაუგია ხალხს… ბევრი დაიმალა და დაავიწყდათ, რომ ისტორიას ვერსად დაემალებიან! ზვიად გამსახურდია კი მალე საქართველოში დაბრუნდება! დიდოსტატის კოლხურ კოშკსაც აღადგენს საქართველო! თუმცა, ბოლო დროს ატეხილ აჟიოტაჟში ბატონი გურამ შარაძე არ გარეულა. ცოტა გულნატკენიც მეჩვენა საუბრისას…

– ბატონო გურამ, დიდი ხანია არ გამოჩენილხართ მკითხველის წინაშე… არადა, დღეს ყველამ ზვიად გამსახურდიაზე დაიწყო საუბარი. ხალხს თქვენი აზრი აინტერესებს პრეზიდენტის დაკრძალვის ადგილთან დაკავშირებით…

– ამის თაობაზე სწორედ თქვენი გაზეთის საშუალებით გამოვთქვი ჩემი მოკრძალებული პოზიცია ცოტა ხნის უკან. მთავარი ის არის, რომ ბატონი ზვიადი არ უნდა დაშორდეს კონსტანტინე გამსახურდიას. ხოლო კოლხური კოშკის ეზო სასაფლაო არ არის! მე კატეგორიულად გამოვრიცხავ კოლხურ კოშკს. არამც და არამც! კონსტანტინე გამსახურდიას კოლხური კოშკის ეზოში დაკრძალვა მისი ნება და სურვილი არ იყო და ეს ბევრმა არ იცის! პროტესტის ნიშნად, იძულებით, მას გაცხადებული აქვს, რომ სანამ მთაწმინდაზე ილიას მკვლელი ფილიპე მახარაძე ასვენია, მე იმ მთაწმინდაზე არ დავიკრძალებიო. საბედნიეროდ, ეს დამაბრკოლებელი მიზეზი აღარ არსებობს. ხმამაღლა ვამბობ: პირველ რიგში, უნდა დაკმაყოფილდეს ქართველი ხალხის სურვილი, რომ უპირველესი მწერალი-კლასიკოსი ილიას, აკაკის, ვაჟას, დიმიტრი ყიფიანის გვერდით იყოს დაკრძალული. ბატონი კონსტანტინე მთაწმინდაზე უნდა იყოს დაკრძალული. და იმავდროულად, მისი შვილი ღირსეულ ადგილს დაიკავებს უკვდავთა სავანეში. ზვიად გამსახურდია ღირსეული მამისა და სულიერი ძმის მერაბ კოსტავას გვერდით, მთაწმინდაზე უნდა დაიკრძალოს.

– ბატონო გურამ, ამით თქვენ, ფაქტობრივად, ქალბატონი მანანას სურვილს ეწინააღმდეგებით… მას სამების ტაძრის ეზოში სურს პრეზიდენტის დაკრძალვა.

– რატომ წავალ სამების ტაძარში ზვიად გამსახურდიას დაკრძალვის წინააღმდეგი? მაგრამ, ეს უპირველესად, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისა და უწმინდესი სინოდის გადასაწყვეტია. მე ვერ შევიჭრები მათ ფუნქციებში. ძალიან მინდა ვისურვო, რომ ზვიადის უკანასკნელი განსასვენებელი იყოს მშობლიურ მიწაში და ეს არ მოდიოდეს ოჯახთან წინააღმდეგობაში.

– ვერ დავიჯერებ, რომ თქვენც მომხრე ხართ ედუარდ შევარდნაძისა და ზვიად გამსასურდიას ერთად დაკრძალვისა…

– მადლობელი ვარ ამ შეკითხვისთვის. სხვათა შორის, პირველად რამდენიმე თვის უკან ბატონმა გიორგი ანდრიაძემ განაცხადა ზვიად გამსახურდიას სამების ეზოში დაკრძალვის შესახებ. ეს განცხადება მან გააკეთა საპატრიარქოს სახელით, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მას ეს პატრიარქთან შეუთანხმებლად განუცხადებია.

– თითქოს შეკითხვას გაურბიხართ…

– არა. მე თქვენს შეკითხვას არ გაურბივარ! ღმერთმა ყველა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ დღეს არ მაინტერესებს, მერე სად დაიკრძალება ედუარდ შევარდნაძე.

თუ საპატრიარქო და სინოდი სამების ტაძრის ტერიტორიაზე ზვიადის  დაკრძალვის მომხრე არ არის, ხაზგასმით ვამბობ, თუ არ არის მომხრე – ჩემი კატეგორიული მოთხოვნა იყო, არის და რჩება – დაიკრძალოს ზვიად გამსახურდია მთაწმინდის პანთეონში! და აუცილებლად კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად!

ხოლო ახალი, სახელმწიფო მოღვაწეთა პანთეონის შექმნა სერიოზული განსჯის საგანია და ამჟამად ვერ გიპასუხებთ.

– ბოლო დროს ქალბატონი მანანა არჩვაძე და ბატონი კოკო გამსახურდია ღიად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ნუთუ არ გიცდიათ ჩარევა და მედიატორის როლის აღება საკუთარ თავზე? ან რით ვუწამლოთ ამ სირცხვილს?

– ჩემი პასუხი არის აბსოლუტურად მოკლე. ამ პრობლემას უნდა უწამლოს ზვიად გამსახურდიას სულმა და მისი ხსოვნისადმი ღრმა პატივისცემამ!

– ქალბატონ მანანაზე საუბარს თავს არიდებთ თითქოს…

– არა, რატომ?.. აქ ჩვენ ვსაუბრობთ ზვიად გამსახურდიაზე!

– ბატონო გურამ, 15 მარტს სრულდება 15 წელი კოლხური კოშკის განადგურებიდან. დღეს მერიაში საუბრობენ მის აღდგენაზე, თუმცა, ბატონი ზვიადის ნოტარიულად გაფორმებული საბუთით ერთადერთს, თქვენ გაქვთ საფუძველი მოითხოვოთ თქვენი ჩართვა ამ საშვილიშვილო საქმეში…

– ჩემი რეაქცია იქნება დადებითი. ვინც გადაარჩენს კოლხურ კოშკს, ჩემს სისხლს რომ წოვდეს, მის გვერდში დავდგები. თუმცა ჩემს იგნორირებას ვერავინ შეძლებს! მე ვალდებული ვარ ზვიადის სულისა და ანდერძის წინაშე. მე ზვიად გამსახურდიამ დამნიშნა კოლხური კოშკის აღდგენის ფონდის თავმჯდომარედ! მე არც ფულს ვითხოვ და არც არაფერს… ამ რამდენიმე დღის წინ გამიკვირდა კიდეც ,,იმედის’’ ჟურნალისტები რომ მოვიდნენ ჩემთან. ამ ხელისუფლებას აკრძალული აქვს ყველა არხზე ჩემი ხსენებაც კი… ამ რამდენიმე დღის წინ ,,რეაქციაში’’ ვინ არ საუბრობდა და ვინ არ ჭირისუფლობდა ზვიად გამსახურდიას. წამყვანს ორჯერ შეახსენეს კიდეც ღია ეთერში ჩემი გვარი და სახელი, მაგრამ მან ყურიც არ გაიბერტყა, იმიტომ, რომ დაუფარავად ახდენენ ჩემს იგნორირებას.

– ბატონო გურამ, კოლხური კოშკის გაძარცვისა თუ განადგურების გამო პასუხი არავის უგია. თითქოს ბურუსითაც არის რაღაც დეტალები მოცული… იქნებ გაიხსენოთ, რაც არასდროს გითქვამთ! ერმა ბოლოს და ბოლოს, სიმართლე უნდა იცოდეს…

– 1992 წლის 6 იანვარს, გამთენიისას მირეკავს ჩემი მეგობარი მანანა ასათიანი (მამია ასათიანის ქალიშვილი) და საკმაო გაღიზიანებით მსაყვედურობს: ,,დღეს დილით ზვიადმა დატოვა საქართველო და კოლხურ კოშკს ეს ნაძირალები შეესიენ და ძარცვავენ, ნუთუ შენთვის არაფერს ნიშნავს კონსტანტინე გამსახურდიას არქივი?’’ მაშინვე გავიქეცი. გალის ქუჩის მისადგომებთან ქუჩები უკვე გადაკეტილი იყო და არ გამატარეს. მე ამ დროს ვარ ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი და ჩემს ვალდებულებად ჩავთვალე, რომ კოშკისთვის უნდა მომევლო და მეპატრონა, რადგან ჩემთვის იგი მუზეუმზე მეტია. მომადეს მხედრიონელებმა ავტომატი და კიტოვანისა და იოსელიანის ხელმოწერილი საშვი მოითხოვეს. ჯაბა მაშინ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის კაბინეტში იჯდა. ამასაც პირველად ვამბობ. საქმე იმაშია, რომ მე გახლდით მონაწილე ჯაბა იოსელიანის დისერტაციის დაცვისა და დოქტორის ხარისხის მინიჭებისა ლიტერატურის ინსტიტუტში. ეს ახსოვდა ეტყობა მას. თან ისე ვიყავი გაცეცხლებული – ჯაბას კი არა ბაყბაყდევს დავახრჩობდი. როგორ, იმისთვის დაგაცვევინეთ სადოქტორო დისერტაცია, რომ კონსტანტინეს სახლ-მუზეუმი გაძარცვოთ-მეთქი? გაწითლდა, მაგრამ არ შეიმჩნია. ვერაფერი მაკადრა. შემდეგ მოვუყევი სიტუაციის შესახებ. მაშინვე თავის მდივან გოგონას ააკენკინა საბეჭდ მანქანაზე ნებართვის ტექსტი და გაგზავნეს კიტოვანთან შიკრიკი ჯაბასთან ერთად მისი ხელმოწერისათვის. მომცეს ბეჭედდარტყმული და ხელმოწერილი საშვი და ამ ,,იარაღით’’ გავქანდი კოშკში. მაგრამ ჩემი აქეთ-იქეთ სირბილის პერიოდში კოლხური კოშკი დაულუქავს ვინმე ვაჟა შენგელიას. მაშინდელი გენერალური პროკურორის, ვახტანგ რაზმაძის თანამშრომელს. მე ვადებ ხელს ვაჟა შენგელიას და გამომეხმაუროს თქვენი გაზეთის საშუალებით! პროკურატურიდან სასწრაფოდ მოვიყვანე ეს შენგელია, მაგრამ ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირის ნებართვის გარეშე არ ახსნა ლუქი კოლხურ კოშკს. საუბედუროდ, ვერცერთმა ოჯახთან დააახლოებულმა პირმა და ნათესავმა ვერ იკისრა პასუხისმგებლობის აღება. ამიტომ, იძულებული გავხდი შემექმნა კომისია ჩემი თანამშომლებისაგან (მათ შორის იყო აწ განსვენებული ქალბატონი ციცი ბუქურაული) და ყოველდღე ვდარაჯობდით კოშკს, სანამ მთაწმინდის რაიონის მილიციის მაშინდელი უფროსის ელგუჯა ჯამბურიას მიერ გამოყოფილმა რაზმმა არ ჩაგვანაცვლა. ასე გაგრძელდა 15 მარტამდე. 15 მარტის ღამის სამ საათზე მირეკავს ქალბატონი თინა სხირტლაძე, რომელიც კოშკის ზევით ცხოვრობს და მეთვალყურეობას უწევდა კოლხურ კოშკს. მირეკავს და მაგებინებს ამ ვანდალურ ფაქტს…

– 7 მარტს შევარდნაძე ჩამოვიდა, ბატონო გურამ…

– ჰო. შევარდნაძე ახალი ჩამოსულია, ცხოვრობს ჩემს მეზობლად, მრგვალ ბაღთან და თან გამოცხადებულია კომენდანტის საათი. გამოყოფდი გარეთ თავს და გაუფრთხილებლად დაგხვრეტდნენ. როგორღაც გამოვძვერი უკანა ქუჩიდან და 15 წუთში კოშკში ვიყავი. უპირველესად მეხანძრეებს შევაწყვეტინე კოშკის წყლით დასველება. ამას დაადასტურებს მათი უფროსი, გენერლის ჩინით, ბატონი სულავა. იმ დღესვე, დილითვე შევქმენი ახალი კომისია და აღვწერე ეს ყველაფერი. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კონსტანტინეს ბიბლიოთეკის შენახვაზე უარი მითხრა. მაგის გამო ეხლა ბიბლიოთეკას გაუჩენენ ხანძარსო.

– ვინ იყო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი მაშინ?

– გარდაცვლილია და არ დავასახელებ.

ბატონო გურამ, თქვენ ვალდებული ხართ ერის წინაშე და თქვით…

– აკაკი ძიძიგური იყო.

?!

– შემდეგ ხელოვნების მუზეუმს მივადექი, სადაც ზვიადის წინააღმდეეგ იარაღით ბრძოლის დამსახურებისათვის კიტოვანს ლომოური დაესვა. ნოდარ ლომოურმა დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის ორიგინალები და სხვადასხვა ღირებულების ნივთები არ მიიღო! ბოლოს საარქივო დეპარტამენტის დირექტორმა, ახლახან გარდაცვლილმა ბატონმა ზურაბ მახარაძემ აღმოგვიჩინა დახმარება. შემდეგ ქალბატონი თამარ სახოკიას ხელმძღვანელობით მომუშავე ჯგუფმა დაიწყო ბატონი კონსტანტინეს არქივის რესტავრაცია.

,,სტენვეის’’ როიალი ქალბატონ მედეა ფანიაშვილთან, ხელოვნების მუშაკთა სახლში გადავმალეთ. ხოლო ავეჯი, მათ შორის ბატონი კონსტანტინეს სამუშაო მაგიდა, ძველი სასადილო მაგიდა და სხვა ანტიკვარული ნივთები – ერთ უსათნოეს ქალბატონთან იზაბელა ერგემლიძესთან შევინახეთ, რომელიც თავად თავის ავადმყოფ დასთან გადავიდა საცხოვრებლად და თავისი ბინა მთელი სამი წლით უსასყიდლოდ დაგვითმო ბატონი კონსტანტინეს ავეჯის შესანახად.

ამ წამებაში ვარ და შეიარაღებული ნაძირალებისგან შემდგარი რაზმით მომადგა გელა ლანჩავა, მაგრამ კოშკის ეზოში არ შევუშვი. ერთი საათის შემდეგ უკვე სავსე ავტობუსით მობრუნდა. ამას დამიდასტურებს მაშინ რაზმაძის მოადგილე, დღეს კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ გვარამია. მე მაინც არ ვუშვებდი და ხეს ამოფარებული ვახტანგ გვარამია შორიდან ადევნებდა თვალს ჩემს საუბარს ამ ნაძირალებთან. წამიყვანეს ავტობუსში და რაციით მასაუბრეს თენგიზ სიგუასთან. შენ მანდ რეებს ბედავო, დაგხვრეტ ადგილზეო – მეუბნება სიგუა. შენ რანაირი პრემიერ-მინისტრი ხარ, გურამ შარაძეს საათნახევარი ელაპარაკები, ან დამხვრიტე ბოლოს და ბოლოს და თავი დამანებე-მეთქი – ვუთხარი. ამასობაში ჩვენი საუბარი რადიოხულიგნებს ჩაუწერიათ და გაუგზავნიათ ბატონი ზვიადისთვის გროზნოში… და ამას პირველად ვამბობ თქვენთან… მირეკავს ბატონი ზვიადი და მეუბნება: ,,ჩემო გურამ, მე სათანადოდ ვერ დაგაფასე და თუ მეღირსა როდესმე საქართველოში დაბრუნება, ამ დიდ ამაგს ოდესმე გადაგიხდიო’’. ამას დამიდასტურებს ქალბატონი მანანა. სიტყვასიტყვით გეუბნებით ჩემს ლაშიკოს სულს ვფიცავარ.

ამ პერიოდში საქართველოში დაბრუნდა ქალბატონი მანანა და მან კატეგორიულად მომთხოვა, რომ გადამეცა მისთვის კოშკიდან შესანახად წამოღებული არქივი და ნივთები, რაც, ბუნებრივია, სიამოვნებით შევასრულე.

– ცეცხლი საიდან გაჩნდა კოშკში, ბატონო გურამ?

– გეტყვით, ის ცეცხლი გააჩინეს ზემოდან, ათსართულიანი სახლის სახურავიდან ცეცხლგამჩენი ტყვიით. ესროლეს კოლხური კოშკის ნაწილს, დღეს კრამიტით რომ არის გადახურული. ვინც ამას ისროდა, იცოდა კოშკის შიდა ნაგებობები, რომ კოშკის ქვეშ სარდაფამდე სულ ხის მასალით იყო გაკეთებული კიბე…

– ანუ…

– ანუ ის, რომ ცეცხლი გააჩინა ადამიანმა, რომელმაც კარგად იცოდა კოლხური კოშკის შიდა აგებულება.

– სერიოზულ განცხადებას აკეთებთ, ბატონო გურამ…

– ძალიან სერიოზულ განცხადებას ვაკეთებ, დიახ! და ამ ცეცხლის ენების შედეგად ხანძარი გაუჩნდა სამუზეუმო ოთახს, რის შედეგადაც დაიწვა ქალბატონი მირანდას გენიალური პორტრეტი – გრაბარის შესრულებით და ბატონი კონსტანტინეს ქეთევან მაღალაშვილისეული პორტრეტები.

მთავარს გეტყვით: თუ ვაჟა შენგელიას მიერ კოლხური კოშკის დალუქვამდე მოიპარეს ეს ტილოები ან ღამე თუ მოდიოდა ვაჟა შენგელია და ხსნიდა ლუქს და მიჰქონდა ეს ნივთები, არ ვიცი… თუ არ არის დამწვარი, ამას ქართველი ხალხი აუცილებლად იპოვის.

– ხელნაწერები, ბატონო გურამ?

– გეტყვით. ცეცხლმა ჩააღწია ქვემოთ ე.წ. სარდაფში და მთლიანად განადგურდა და ნაცარტუტად იქცა ზვიადის ოთახი და მისი არქივი. დაზარალდა ბატონი კონსტანტინეს ბიბლიოთეკა და ის სამუშაო ოთახი, რომელიც პირველ სართულზე ჰქონდა.

– ბატონო გურამ, დღეს რატომღაც გაურბიხართ პრეზიდენტის ოჯახზე საუბარს… არადა, თქვენ ერთადერთი ადამიანი იყავით, ვინც ითავა ამ საშვილიშვილო საქმის კეთება…

– ვფიქრობ, რომ გულის სიღრმეში ყველა ხედავს ამას და ღმერთის წინაშე მე ვერავის დავადებ ხელს… მე ვერ დავიჯერებ ამას, თუმცა ზვიადის ანდერძის საფუძველზე მე დღესაც ვითვლები კოლხური კოშკის აღდგენა-რესტავრაციის ფონდის ხელმძღვანელად.

– მახსოვს, შევარდნაძის ხელისუფლებამ თანხა გამოყო კოლხური კოშკის აღსადგენად.

– იმ თანხებთან მე არაფერი კავშირი არ მქონია. ერთი თეთრი არ დამჯდარა ანგარიშზე. არცერთ ბიზნესმენს არც ერთი თეთრი არ გადმოურიცხავს კოლხური კოშკის აღსადგენად, თუმცა, თქვენი გაზეთის დამატების სახით ,,პრეზიდენტი’’ გამოდიოდა მაშინ და იქ ყველამ დაიტრაბახა…

მე მაინც უნდა ვაღიარო, რომ გარეთა ღობე, ჭიშკარი და ასეთი სახის სამუშაოები მერიის გამოყოფილი თანხებით გაკეთდა. მე, როგორც ამ ფონდის პრეზიდენტს, ერთი თეთრი არ მიმიღია, თვითონ გააკეთეს (ეს იციან ვანო ზოდელავამ და დავით ღვინიაშვილმა). რამდენი იყო და როგორ იყო, არ ვიცი. ვერ იტყვის ვერავინ გურამ შარაძესთან ამდენი გადავრიცხეო… სხვათა შორის, არც ქალბატონ მანანას მიუღია ის თანხა და ვერც გამოიტანდა ჩემი ხელმოწერის გარეშე.

სხვათა შორის,  ზვიადი თავიდანვე წინააღმდეგი იყო კოლხური კოშკის აღდგენის. მას სურდა, რომ იგი დარჩენილიყო შევარდნაძის ხელისუფლების ვანდალიზმის ცოცხალ ძეგლად. შემდეგ დავურეკე გროზნოში და გადავაფიქრებინე. დამიჯერა, მოლბა, სხვათა შორის, ამას დაადასტურებს ქალბატონი მანანა. შემდეგ რაც მოვახერხეთ, გადავხურეთ კოშკი და დღემდე კოლხური კოშკი რომ დგას, არ ჩამოიქცა, არ ჩამოინგრა და აგურ-აგურ არ იქნა გატანილი – ეს მე გავაკეთე! ამაში ძალიან დიდი დახმარება გამიწია ბატონმა ირაკლი ანდრიაძემ, რომელმაც ბორჯომიდან ჩამომიტანა არაჩვეულებრივი ხის მასალა. შემდეგ, გაზაფხულზე, ბოტანიკოსებიც კი მოვიყვანე და აღვწერე ბაღი და ზოგიერთი რამ აღვადგინე კიდეც.

– ბატონო გურამ, ზვიად გამსახურდიას ნეშტის პოვნაზე და ექსპერტიზაზე რას ეტყვით მკითხველს? ან 13 წლის გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, მოიკლავდა თავს ზვიად გამსახურდია?

– ვინ მოიპოვა ზვიად გამსახურდიას ნეშტი? თავის დროზე სად იყო მისი ცხედარი? გაიხსენეთ, როგორი დრო იყო… თქვენ როგორ გგონიათ, გულნატკენი არ ვარ, როცა პრეზიდენტის გადმოსვენებაზეა საუბარი და გურამ შარაძეს არაფერში რევენ?… თავად ხარ შემსწრე გროზნოში, მე რომ არ მეთავა ეს საქმე და მე რომ არ შევხვედროდი ქალბატონ მანანას და ბატონ ჯოხარ დუდაევს და არ ამეღო ჩემს თავზე იჩქერიის ხელისუფლებას, ზვიად გამსახურდიას ოჯახისა და შევარდნაძის ხელისუფლებას შორის შუამავლის ფუნქცია, ვინ იპოვიდა ზვიადის ნეშტს? მე ჩამოვიყვანე იჩქერიის თვითმფრინავი საქართველოში, მე მოვიპოვე ნეშტი ჯიხაშკარში და მე გადავასვენე ზვიად გამსახურდია ჩეჩნეთში…

გიორგი გამსახურდიას მინდა შევახსენო, ჩემს ძვირფას გიორგის… ეხლაც ყურში ჩამესმის მისი ცრემლიანი ხმა ,,ძია გურამ, მამა დამიბრუნეო’’… მაშინ ძია გურამი ვიყავი… მე მართლა შევუსრულე მას თხოვნა და მამა დავუბრუნე და ჩავუტანე ნამდვილი ზვიად გამსახურდიას ნეშტი და ძვლები, ეხლა ძია გურამი ბატონ გიორგი გამსახურდიას რატომ არ აგონდება? როცა პრეზიდენტის ნეშტი საქართველოში გადმოსვენებაზეა ლაპარაკი?!

– ძალიან გულნატკენი ხართ, ბატონო გურამ… ამდენი ხანი რატომ დუმხართ?

– მე ახლაც ვიკავებ თავს… ვიცი, გურამ შარაძის ხსენება სააკაშვილის ხელისუფლებაში ქალბატონ მანანასაც და გიორგისაც დისკომფორტს შეუქმნის… ისევ ქრისტიანული მორალიდან გამოვდივარ და… იქნებ ძალიან უნდათ ჩემი ამ კომისიაში შეყვანა, მაგრამ მე არ შევალ ნოღაიდელის კომისიაში. მე ელენე თევდორაძის გვერდით დავჯდები? მე კოტე გაბაშვილის გვერდით დავჯდები, რომელმაც ავტომატით დაცხრილა თბილისი და ჩამოაგდო პრეზიდენტი და სანაცვლოდ ჯერ თბილისის მერობა მიიღო და მერე ელჩობა გერმანიაში? მე გიგა ბოკერიას გვერდით დავჯდები, რომელიც მაშინ ავტომატით დარბოდა თბილისის ქუჩებში და მერე დედამისმა გადამალა იტალიაში?.. მე ეკა ხერხეულიძის გვერდით დავდგები? ეკა ხერხეულიძე რატომ არ იყო ჩემთან ერთად კოლხურ კოშკში და რატომ არ გამოჰქონდა დამწვარი წიგნები? ან გრიგოლიას გადაცემაში არ უნდა ეკითხა, რატომ არ არის მოწვეული დღეს აქ ბატონი გურამიო?

– ბატონო გურამ, ეკამ არაერთი გმირული ნაბიჯი გადადგა, თუნდაც ის რად ღირს, რომ ხუნტის მიერ დახვრეტილი მიტინგების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო და ყველა დევნიდა იმ ავადსახსენებელ წლებში…

– კაცო, მე არ მაინტერესებს, ვინ იყო ეკა ხერხეულიძე… მაგრამ დღეს რა პოზიცია აქვს? ყველაფერს ნუ მათქმევინებთ, რა… თუ ესეთი კარგი გოგოა, ეკას არ უნდა დაესვა საკითხი ჩემს შესახებ იმ კომისიის წევრებთან?

გული მტკივა, რომ ჩემი ხელით ნაპოვნი ნეშტი მე რატომ არ უნდა დავაბრუნო საქართველოში? ზარიც არ ყოფილა მათგან, არც გიორგისგან, არც ცოტნესგან, არც ქალბატონი მანანასგან, რომ ამ პროცესებთან დაკავშირებით ერთხელ მაინც ეკითხათ რამე…

– თქვენ დაგერეკათ, ბატონო გურამ…

– არცერთ შემთხვევაში! გროზნოში რომ ჩავაკითხე და გვაპოვნინე, გვაპოვნინეო – მეხვეწებოდნენ, ახლა აღარ უნდა გავახსენდე?

მაშინ მე ხალხმა მომცა მანდატი და ხელმოწერები შემიგროვეს, რომ მეთავა ზვიადის ნეშტის პოვნისა და გადასვენების საკითხი. ათასობით ხელმოწერა შეგროვდა… თქვენც ძალიან კარგად იცით ეს…

თუმცა მე მზად ვარ, ჩემი გამოცდილება და ურთიერთობა მოვახმარო მათ, თუკი მათი თხოვნა იქნება.

– ცხედარი, რომელიც ჩეჩნეთში გადაასვენეს, ნამდვილად პრეზიდენტს ეკუთვნოდა? ექსპერტიზა თუ ჩაუტარდა გროზნოში?

– მე უნდა ვთქვა ხმამაღლა, რომ შეშფოთებული ვარ ბატონი ავთო მარგიანისა და ქალბატონი იუნონა აფაქიძის განცხადებებით, რომელიც ჩვენს პრესაში გამოქვეყნდა. ერთიც და მეორეც მიანიშნებენ, რომ ზვიად გამსახურდია თითქოს ცოცხალია.

ვეკითხები მათ: როგორ, ზვიადი რომ ცოცხალი იყოს და საქართველო ასე ინგრეოდეს, საკუთარი ტყვავის გადასარჩენად დაიმალებოდა ჯუნგლებში? ამით შეურაცხყოფას რომ აყენებენ საქართველოს პრეზიდენტს, დაფიქრებულან? გავგიჟდი, გავოცდი, რომ წავიკითხე მათი აზრები.

ან კიდევ, ვიღაც მხატვარი რომ გამოვიდა… სამარცხვინო! ის როგორ ბედავს… თავი არ გამოეყოფა საზოგადოებაში… ვითომ ჩუჩელა დავასაფლავეთ ჩვენ… ფიტული… ეს რა უბედურებაა!

ვაცხადებ ღმერთის წინაშე, საქართველოს და ქართველი ერის წინაშე:

მე 1994 წლის 17 თებერვალს, სამეგრელოში, ჯიხაშკარში, ვალიკო ზარანდიას თავლაში ჩალის ზვინების ქვეშ მოვიპოვე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ნამდვილი ნეშტი, ნამდვილი მისი ძვლები და ის ჩავაბარე მის ოჯახს, ქალბატონ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას და შვილებს, ცოტნეს და გიორგის და ის პრეზიდენტის ღირსებით დავკრძალეთ 24 თებერვალს, გროზნოში, ჩეხოვის ქ. #15-ში, მისი რეზიდენციის ეზოში, რომელიც სასწაულად ჰგავს კოლხურ კოშკს!

1994 წლის 24 თებერვლის შემდეგ რა მოხდა გროზნოში, სად გადაასვენეს, რა იპოვეს და რა არ იპოვეს, მე ამაზე პასუხისმგებელი არ ვარ.

მე პასუხს ვაგებ ზვიად გამსახურდიას ნამდვილ ნეშტზე და ნამდვილ ძვლებზე 1994 წლის 24 თებერვლამდე!

 გიორგი მამაცაშვილი
,,ასავალ-დასვალი’’, 12-18 მარტი, 2007
 

 

*  *  *

გურამ შარაძე: მოვუწოდებ იმათ, ვისაც ზვიადი ცოცხალი ჰგონია – გონს მოდით, კიდევ ერთხელ ნუ კლავთ ზვიად გამსახურდიას!

წერილი 32-ე

საქართველოში დაბრუნებულ ზვიად გამსახურდიას ნეშტს რა პატივისცემაც ხელისუფლებამ დააკლო, ხალხმა ასმაგად აუნაზღაურა და ნატანჯ-ნაწამები პრეზიდენტი მთაწმინდის მიწას დიდებით მიაბარა. გრანდიოზულ სახალხო მანიფესტაციად ქცეულმა პირველი პრეზიდენტის დაკრძალვამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქართველ ერში თავისუფლებისა და ეროვნული ღირსების განცდა კვლავ კოცონივით გიზგიზებს, რაც ,,ვარდების ხელისუფლებისთვის’’ იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ პირკატაცემულებმა და დამუნჯებულებმა ზვიად გამსახურდიას ცხედართან გამოსათხოვარი სიტყვაც ვერ თქვეს. ამ და სხვა თემებზე ,,ასავალ-დასავალი’’ ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთ თანამოაზრესა და თანამებრძოლს, საქართველოში დაღუპული პრეზიდენტის ნეშტის მომპოვებელს და გროზნოში საპრეზიდენტო ღირსებით დაკრძალვის ერთ-ერთ მოთავეს, პროფესორ გურამ შარაძეს ესაუბრა.

– ბატონო გურამ, ალბათ, აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის შემდეგ, ქართველ ხალხს არცერთი პოლიტიკური თუ საზოგადო მოღვაწე არ დაუსაფლავებია ისეთი პატივით, როგორც ზვიად გამსახურდია დაასაფლავა 1 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე…

– ილიასა და აკაკის დავუმატებდი გალაკტიონს, იმის შემდეგ საქართველოს მართლაც არ ახსოვს ასეთი გრანდიოზული მანიფესტაცია თბილისის ქუჩებში. ძალიან სიმბოლური იყო ზვიად გამსახურდიას დაკრძალვა ბზობა დღეს. როგორც მაცხოვარი ტრიუმფით შევიდა ამ დღეს იერუსალიმში, ასევე ტრიუმფით დაუბრუნდა საქართველოს მისი პირველი, დევნილი და წამებული პრეზიდენტი, რასაც ეს ხელისუფლება არ ელოდა ან ელოდა და ბევრს ეცადა, რომ ყველაფერი ასე არ ყოფილიყო, მაგრამ, არაფერი გამოუვიდა.

ვერ დავიჯერებ, რომ პრეზიდენტის ცხედარი რუსეთ-საქართველოს საზღვარს მაინც და მაინც შუა ღამეს მოადგა. ეს იყო შეგნებულად გაკეთებული, რომ ხალხი არ შეხვედროდა ზვიადს. ვთქვათ, რუსეთმა ჩაიდინა ავაზაკობა და შეგნებულად მოაყენა პირველი პრეზიდენტის ნეშტი შუა ღამეს ყაზბეგის საზღვარს. მაგრამ ყაზბეგში ხომ იყო ეკლესია. ერი და ბერი იხვეწებოდა, რომ ხუთი წუთით მაინც დავასვენოთ ეკლესიაშიო. მაგრამ რა გააკეთეს – შუაღამეს მოასვენეს და სასწრაფოდ თბილისისკენ ქნეს პირი. ან ვინ დახვდა სახელმწიფოს წარმომადგენელთაგან? მხოლოდ კეთილმოწყობის თუ დასუფთავების სამსახურის უფროსი. ნუთუ ვერ მოიძებნა საქართველოს სახელმწიფოს უფრო მაღალი რანგის წარმომადგენელი, რომ ზვიად გამსახურდიას რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დახვედროდა?

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სააკაშვილს უახლოეს გარემოცვაშიც კი მტრები ჰყავს. საკუთარი გარემოცვიდან არავინ არ ურჩია მას, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშტს დახვედროდა. თავს რომ დებს ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ და სამართლებრივ მემკვიდრეობაზე, რაში გამოიხატა ეს? სააკაშვილი ზვიად გამსახურდიას არ დახვდა საზღვარზე, კოლხურ კოშკში ერთხელაც არ მისულა და დასაფლავების დღესაც, მარტოდმარტო, პარლამენტისა და მთავრობის წევრების გარეშე მივიდა ზვიადის კუბოსთან. გამოსათხოვარი სიტყვაც კი არ ათქმევინეს არავის. საქართველოს პირველი პრეზიდენტი მუნჯურად დაასაფლავეს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ზვიად გამსახურდიას ჩამოსვენების, გასვენებისა და დაკრძალვის დღეები ბრწყინვალე დემონსტრაცია იყო იმისა, როგორ დუღს ქართველ ხალხში ის მიძინებული, მინავლებული ეროვნული სული და ცნობიერება. როგორი დათრგუნულია ხალხი ბოკერიების და რამიშვილების იდეოლოგიით, მაგრამ ქართველები მაინც ილიას, აკაკის, კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიას მემკვიდრეები არიან.

ზვიად გამსახურდიას დაკრძალვაზე თუ მანამდე, სამძიმარზე ისეთი ხალხიც გამოჩნდა, რომელთაც წვლილი მიუძღვით ეროვნული ხელისუფლების დამხობაში და მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე დაპირისპირებული იყვნენ ზვიად გამსახურდიასთან. რას იტყვით, რას ნიშნავდა მათი იქ მისვლა? მონანიებას ხომ არა?

– ჯერ ერთი, გაუგონარი ცინიზმი იყო ის, რომ ზვიად გამსახურდიას გადმოსვენებისა და დასაფლავების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე იყო პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი, რომელიც გახლავთ მოქალაქეთა კავშირის პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი წევრი, ერთ-ერთი ლიდერი იმ გუნდისა, რომელმაც დაამხო ზვიად გამსახურდია, რომელიც მთელი ამ 14-15 წლის განმავლობაში დევნიდა ზვიადის მომხრეებს. თუმცა, ცინიზმი ამით არ ამოწურულა. იმ კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ზვიად გამსახურდიას ცხედრისთვის უნდა ეპატრონა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის დაკრძალვაზე წავიდა ერევანში და იქ აღვარღვარებდა ცრემლებს. არც მისულა პანაშვიდებზე კოლხურ კოშკში, დასაფლავების დღეს კი საერთოდ არ გამოჩენილა. ისინი, ვინც ზვიად გამსახურდია დაამხო, ნამდვილი ქრისტიანები რომ ყოფილიყვნენ, იქ მივიდოდნენ და მოინანიებდნენ ყველაფერს, მაგრამ მათ არც ამაში ეყოთ ვაჟკაცობა და ქრისტიანობა.

– ამბობენ, თითქოს, სვეტიცხოველში მისულმა ჯუმბერ პატიაშვილმა ზვიადის კუბოსთან მოინანია. ჩვენ ვცადეთ ამის გარკვევა თვითონ პატიაშვილთან, მაგრამ მასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.

– არ ვიცი, ეს არ დამინახავს და არც მომისმენია. იყო ისეთი ხალხი, ვინც იქ მიდიოდა არა საკუთარი ცოდვების გამოსასყიდად, არა მონანიებისთვის, არამედ მეც ნახირ-ნახირიო და სცადეს თავის გაპატიოსნება და ნამუსის მოწმენდა, ვითომ ჩვენც ზვიად გამსახურდიასთან ვართო.

– ბატონო გურამ, ენდობით თუ არა ზვიად გამსახურდიას ცხედრისთვის რუსეთის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას?

– დავიწყოთ იქიდან, რომ ამ საკითხზე თავის დროზე შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელშიც მთავრობის წარმომადგენლები შედიოდნენ და იყო ასეთი საექსპერტო კომისია, რომელსაც ორი ამოცანა ჰქონდა: პირველი, უნდა მოეხდინა იდენტიფიკაცია, ნეშტი ნამდვილად ეკუთვნოდა თუ არა ზვიად გამსახურდიას და მეორე, უნდა გაერკვიათ ტყვიის ტრაექტორია, ტყვია, რომელიც ზვიად გამსახურდიას მარჯვენა საფეთქელში ჰქონდა დახლილი, გასროლილი იყო ზემოდან ქვემოთ, თუ თვითმკვლელის ხელით ქვემოდან ზემოთ. ამ საექსპერტო კომისიაში შედიოდნენ აწ განსვენებული დიდი ქართველი მეცნიერი და მოქალაქე, აკადემიკოსი ვახტანგ ბოჭორიშვილი, აკადემიკოსი თამარ დეკანოსიძე, მაშინდელი ექსპერტები: მთავარი ექსპერტი ზაზა ოქრუაშვილი, მისი მოადგილე ლევან ჩიჩუა და პროფესორი კაპანაძე. შედგა ოქმი. ამ ოქმს რატომ არ გვაძლევს გენერალური პროკურატურა? მე ის თავის დროზე ხელში ჩამივარდა და 1994 წელს გამოცემულ ჩემს წიგნში ,,ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და დასაფლავება’’ დავბეჭდე. დედანი ინახება გენერალურ პროკურატურაში. ამ ოქმს ხელი მოაწერეს როგორც ჩეჩნეთის სამთავრობო დელეგაციამ, ისე საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ჩემს მიერ ჩამოთვლილმა ექსპერტებმა. ოქმში წერია, რომ ტყვია არის ზემოდან დახლილი მარჯვენა საფეთქელში. გამოსულია ყელში და მარცხენა ლოყაში.

– ანუ ტყვია გასროლილია არა ქვემოდან ზემოთ, როგორც ამას თვითმკვლელი იზამდა?

– რა თქმა უნდა! ტყვია დახლილია ზემოდან ქვემოთ, რაც ზვიად გამსხურდიას თვითმკვლელობას გამორიცხავს. და თუ შეიძლება, კიდევ ერთი რამ უნდა ვთქვა, აუცილებლად.

– ბრძანეთ!

– გამოჩნდნენ ზოგიერთები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ზვიად გამსახურდია ცოცხალია. ე.წ. ზვიადის თაყვანისმცემლები მადლობას მეუბნებიან, რომ თურმე მე გმირობა ჩამიდენია, ზვიად გამსახურდია საქართველოდან გამიპარებია და ჩეჩნეთში ჩუჩელა დამიკრძალავს. სასაცილოა ხომ? გითხრათ, ვინ ამბობს ამას? გვარები დაგისახელოთ?

– უკეთესი იქნება, ბატონო გურამ!..

– მაგალითად, ნონა დოჭვირი, რომელსაც მე საერთოდ არ ვიცნობდი, მაგრამ იმის გამო, რომ ბატონი ოთარ ეგაძის რძალი იყო, ჩავსვი იმ 24 კაციან თვითმფრინავში და წავიყვანე გროზნოში ზვიადის დაკრძალვაზე. რაც მან იქ ცრემლები აღვარღვარა. ერთი კვირის მერე კი თბილისში მხვდება და მადლობის გრძნობით მეუბნება, თქვენ გააპარეთ ზვიადი შევარდნაძის პირსისხლიან ხელისუფლებას, იქ, გროზნოში ფიტული დაასაფლავეთ, ზვიადი კი ცოცხალიაო. ვუთხარი, ქალბატონო ნონა, მე კიდევ ავიტან ამ შეურაცხყოფას, მაგრამ თქვენ თვითონ ზვიად გამსახურდიას შეურაცხყოფთ-მეთქი.

ეს კიდევ არაფერი. თვითონ შევარდნაძის ხელისუფლების მხრიდან ზვიად გამსახურდიას დამკრძალავი კომისიის ხელმძღვანელი ავთო მარგიანი, ამ დღეებში ,,ჯორჯიან თაიმსის’’ ფურცლებზე აცხადებს, მგონი, ზვიადი ცოცხალი უნდა იყოსო.

მესამე მაგალითსაც გეტყვით. ზვიადისა და მერაბის უახლოესი მეგობარი და ჩემი მეგობარიც იუნონა აფაქიძე ერთ-ერთ გაზეთში წერს, რომ რამდენიმე თვის წინ ზვიად გამსახურდია მამიდაშვილთან ვნახე სამეგრელოშიო. ყველაზე დიდი უბედურება კი ის იყო, რომ  სვეტიცხოველში გვერდზე გამიხმო რამდენიმე ქალბატონმა და მითხრა: – რა კარგია, ბატონო გურამ, რომ თქვენ ასე ახლოს არ გაეკარეთ ამ გაუგებრობასო, – და თვალი რაღაც ეშმაკურად ჩამიკრეს.

– ესენი, ალბათ, ქალბატონი მანანა არჩვაძის ქალები იქნებოდნენ, არა?

– არ ვიცი, რას ქვია მანანას ქალები და ჩემი ქალები (ეცინება). ერთის მხრივ, ის ფაქტი, რომ სურთ, ზვიად გამსახურდია ცოცხალი იყოს, კეთილშობილური და კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ, რამხელა ცოდვას სჩადიან, როცა გარდაცვლილ ადამიანზე ამბობენ, ცოცხალიაო და რის ხარჯზე? გამქცევისა და საქართველოს დაქცევის შორიდან მაყურებლის როლში გამოყავთ ზვიად გამსახურდია. ამიტომ, თქვენი პატივცემული გაზეთის ფურცლებით მოვუწოდებ ამ ხალხს – გონს მოეგეთ და კიდევ ერთხელ ნუ კლავთ ზვიად გამსახურდიას!

– ბატონო გურამ, თქვენ პირდაპირ მაინც არ მიპასუხეთ კითხვაზე, ენდობით თუ არა როსტოვში ჩატარებულ ექსპერტიზას?

– მე არ ვიცი, რა წერია როსტოვის ექსპერტიზის დასკვნაში, მაგრამ ვიცი, რომ მთლიანად ვენდობი ზვიად გამსახურდიას ღირსეულ ვაჟს ცოტნე გამსახურდიას. ის ტყუილს არ იტყვის. დარწმუნებული ვარ, რომ ის ღვთისა და მამის ხსოვნის წინაშე მართალია. ცოტნესგან სხვა რამ გამორიცხულია!

რაც შეეხება იმ ექსპერტიზის დასკვნას, მე ის არ მინახავს და ამიტომ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ნურავინ გადაიწურავს იმედს, რომ ადრე თუ გვიან ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი იქნება გამოძიებული და დადგენილი. ახლა მთავარი ის არის, რომ ზვიადის ჩამოსვენებით საქართველომ გამოიღვიძა, საქართველოში აღსდგა ეროვნული სული, ქართული, ეროვნული ცნობიერების ახალი ეტაპი იწყება და მოვუწოდებ ყველას, რომ ნუ ჩაახშობთ ამ დიდ ლამპარს, ამ ხანძარს ეროვნული სულის აღორძინებისა, რომელიც ზვიად გამსახურდიამ ჩამოიტანა საქართველოში.

– რატომ იყო თავიდანვე წინააღმდეგი მანანა არჩვაძე, რომ ზვიად გამსახურდიას ცხედარს ექპერტიზა ჩატარებოდა?

– ამ შეკითხვას ასე გიპასუხებთ: ოჯახის კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ზვიად გამსახურდიას ნეშტი არ გამხდარიყო მაშინდელი ხელისუფლების ხელში საჯიჯგნად. ქალბატონმა მანანა არჩვაძემ მომცა წერილობითი რწმუნება, რომ ის მნიშნავს მის წარმომადგენლად მხოლოდ ამ პირობით. ჩემთვის მთავარი იყო, რომ ზვიად გამსახურდიას ნეშტი არ დაკარგულიყო და ჩამებარებინა მისი ოჯახისა და ისტორიისათვის, რაც შევასრულე კიდეც.

– კოკო გამსახურდიას ინიციატივით გადაღებული დოკუმენტური ფილმი თუ ნახეთ?

– კი ვნახე, მაგრამ ის არ არის ფილმი. ნედლი მასალაა. სხვათა შორის, ვიცი, რომ იმ ფილმის ერთ-ერთი მონაწილე მეც უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ, რატომღაც, არავის მივუწვევივარ, ისევე, როგორც სხვა დროს არ გახსენებია არავის გურამ შარაძე, არადა, ყველა ჩემს მიერ გადაღებული ერთადერთი უნიკალური კადრებით სარგებლობს ჩემს დაუსახელებლად.

– რას იტყვით იმაზე, რომ ფილმში რამდენიმე ადამიანი საუბრობს, თითქოს მათ ზვიად გამსახურდიას სიკვდილის შესახებ გაიგეს 30 დეკემბერს და არა 31-ში, როგორც ეს ოფიციალურად არის ცნობილი…

– ჰო, ეგ, შეიძლება ითქვას, ახალი გარემოებაა, მაგრამ ამაში ვერ ვხედავ რამე ისეთ აღმოჩენას, რომელიც კარდინალურად შეცვლიდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გარემოებებს. აქ მთავარია, მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა.

სხვათა შორის, ყველაზე დიდი აღმოჩენა ამ ორომტრიალში არის თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული ცნობა ელიზბარ ჯაველიძის მიერ ზვიადისთვის ნაჩუქარი პისტოლეტის შესახებ. ზვიად გამსახურდიას თავის მოკვლა რომ სდომოდა, რაღა სანადირო თოფისხელა ,,სტეჩკინით’’ მოიკლავდა თავს, როცა ქამარში ელიზბარის ნაჩუქარი ძალიან პატარა, მოქნილი პისტოლეტი ჰქონდა გაჩრილი. ასევე ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი იყო ჯონსონ კვარაცხელიას ბოლო განცხადება ,,რუსთავი 2’’-ის ეთერით, რომელმაც გაიხსენა, რომ კაცი, რომელიც ტყეში, ხის ძირში შავ პარკს მარხავდა, იგინებოდაო. შემდეგ კვარაცხელიამ ამოთხარა ეს პარკი, რომელშიც აღმოაჩინა იარაღი ,,სტეჩკინი’’ და ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ბეჭედი. ვის აგინებდა ეს სტეჩკინისა და პრეზიდენტის ბეჭდის დამმარხავი? ქვეყანაზე იყო გაბრაზებული, ხელისუფლებაზე თუ ზვიად გამსახურდიაზე?

– და ვინ მარხავდა იმ შავ პარკს. ვინ იგინებოდა დ ავის აგინებდა?

– არ ვიცი და ამიტომ ჰკითხეთ ჯონსონ კვარაცხელიას. თუ კვარაცხელია იტყვის, რომ ის ,,სტეჩკინის’’ დამმარხველი გამსახურდიას აგინებდა, მაშინ, მე მგონი, ყველაფერი ნათელია.

 – რა ხდება ნათელი?

– მაშინ ის, ვინც იგინებოდა, მონაწილეა მკვლელობის. მას ეზიზღება გამსახურდია. ეს არის ყველაზე დიდი ამბავი, ჩემო ჯაბა, რომელიც აუცილებლად უნდა გაირკვეს.

– ბატონო გურამ, მინდა, აუცილებლად ილაპარაკოთ პრეზიდენტის დაცვის შესახებ…

– დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. 1994-1995 წლები იყო. მაშინ ბათუმში ვმუშაობდი და ,,ინტურისტში’’ ვცხოვრობდი. ჩემთან მოვიდნენ რობინზონ მარგველანი და ზუსტად არ მახსოვს, კეკენაძე იყო თუ გვანცელაძე. ორივე ძალიან აღშფოთებულნი იყვნენ და მითხრეს: გვიშველეთ, მოგვწმინდეთ ეს ჩირქი ჩვენ და ჩვენს შთამომავლებს, რომ პრეზიდენტის მკვლელებად ვიწოდებითო. ვუთხარი მათ, რომ ვერაფერს შეგპირდებით, არაფერი შემიძლია-მეთქი, რადგან მე იქ არ ვყოფილვარ და ვერც ერთი მხარის მოწმედ ვერ გამოვდგები-მეთქი!

– თქვენ ხართ თუ არა დარწმუნებული მათ უდანაშაულობაში?

– ამ შემთხვევაში არის განმსჯელი მაღალი ღმერთი და საკუთარი სინდისი. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს.

 ჯაბა ხუბუა
,,ასავალ-დასვალი’’, 12-18 მარტი, 2007
 

 

* * *

,,მე პასუხს ვაძლევ მე-20 საუკუნის საქართველოს კიბოს, შაჰ-აბას თენგიზ სიგუას!’’

წერილი 33-ე

 გურამ შარაძის ბრალდების შემდეგ (იხ. ,,ასავალ-დასავალი’’, 2007 წლის მე-11 ნომერში), რომელიც მან თენგის სიგუას წაუყენა, თენგის სიგუას მწარე კომენტარი მოჰყვა, რომელიც უკვე იხილა მკითხველმა ,,ასავალ-დასავალის’’ მიმდინარე წლის მე-16 ნომერში. და აი, დღეს საგაზეთო ტრიბუნა კვლავ გურამ შარაძეს ეთმობა და კიდევ ერთხელ გვიწევს იმ ავბედითი პერიოდის გახსენება, 1991-1992 წლების სამოქალაქო დაპირისპირება რომ შეარქვა ერმა.

 – ბატონო გურამ, მოგეხსენებათ, არც ბატონი თენგიზ სიგუა დაგრჩათ ვალში, ჩემთან საუბარში მან პროვოკატორი გიწოდათ და ბევრი კითხვის ნიშანი დაუსვა თქვენს ნათქვამს…

– ვთქვათ პირდაპირ. მან მე დიდი პროვოკატორი მიწოდა. მე შემეძლო, მაშინვე გამეცა პასუხი, მაგრამ დიდხანს ვფიქრობდი, ღირდა კი თენგიზ სიგუასთან თავის გაყადრება და ასე ვთქვათ, მისი ამ მორიგი ცინიკური და უპასუხისმგებლო განცხადების კომენტირება. მაგრამ, ბოლოს მაინც გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი ისტორიას რჩება და შეიძლება მომავალმა თაობებმა იკითხონ, რატომ არ გასცა პასუხი გურამ შარაძემ, თუ მართალი არ იყო? ან რატომ დარჩა სიგუას ეს პასკვილი პასუხგაუცემელი? ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ:

მხოლოდ და მხოლოდ, ისტორიის წინაშე ჩემი პასუხისმგებლობის, თქვენი გაზეთისა და მისი მკითხველისადმი პატივისცემის გრძნობა მაიძულებს, რომ პასუხი გავცე ამ მეოცე საუკუნის საქართველოს კიბოს!

ეს კაცი არის მოურჩენელი სიმსივნე, რომელიც უკვე ამდენი წელია წამლავს თავისი ცინიკური და გარეგნულად წარმოსადეგი ფიგურით საქართველოს პოლიტიკურ და ეროვნულ სინამდვილეს.

ჩვენ ქვეყნის ბევრი მოღალატე, შადიმანი, ბერბიჭაშვილი, ორჯონიკიძე ვიცით, მაგრამ შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, ასეთი ნიღბის, ასეთი ყოვლად შეუწყნარებელი, ინტელიგენტური ჰაბიტუსით შენიღბული საქართველოს მტერი არც ბერბიჭაშვილი ყოფილა, არც – ორჯონიკიძე და არც – შადიმან ბარათაშვილი; რომელსაც ქართველი ხალხი და საქართველო ასეთი სულგრძელობით იტანს, ითმენს და იმის მაგივრად, რომ მან თავისი ფიზიკური არსებობა შეინარჩუნოს და ქართველმა ხალხმა ის არ ჩაქოლოს ლინჩის წესით – ამდენი წელია, ენას არ აჩერებს და ამდენს ბედავს საქართველოს შეურაცხყოფისთვის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელისა და მისი წმინდა აჩრდილის შეურაცხყოფისთვის!

ამიტომ, მე დღეს არ შემოვიფარგლები მხოლოდ იმ ეპიზოდით, რომელიც თქვენთან წინა საუბრისას ვახსენე…

მოგეხსენებათ, რომ საუბარი იყო იმაზე, რომ 15 მარტს, გამთენიისას, სამ საათზე, როდესაც სიგუამ და მისმა ბანდამ კოლხურ კოშკს ცეცხლი გაუჩინეს და მე ჩემი თანამშრომლებით მთელი ღამე გავათენე იქ, რათა, რისი გადარჩენაც შეიძლებოდა წყლისა და ცეცხლის სტიქიონისგან, გადაგვერჩინა, სწორედ დილაადრიან სიგუამ ჯერ გამოგზავნა აწ განსვენებული გელა ლანჩავა, რომელსაც, სამწუხაროდ, მე ცოცხალ მოწმედ ვეღარ მოვიყვან და ვეღარ ვალაპარაკებ.

– თუმცა, ნუ გამორიცხავთ, რომ ლანჩავასაც სიგუას მხარე დაეჭირა დღეს… ან, თუნდაც, ეცრუა ისტორიის წინაშე…

– ყოველ შემთხვევაში, მე შემიძლია ვთქვა: სიგუაზე მეტი გარეწარი და უტიფარი – ლანჩავა ნამდვილად არ იყო! ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ გარდაცვლილია… მე ორივეს ვიცნობდი და ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო – სიგუასავით სინდის-ნამუს გარეცხილი ლანჩავა ნამდვილად არ იყო!

– ბატონო გურამ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მკითხველს 15 მარტის მოვლენები…

– ასე რომ, დილაადრიან, როცა სიგუამ გელა ლანჩავა გამოგზავნა თავისი შეიარაღებული ბანდიტებით, რათა ხანძრისგან გადარჩენილი ბიბლიოთეკა-არქივი, მემორიალური ნივთები და ავეჯი წაეღოთ და, რომ იტყვიან, კინწისკვრით, უარით გავისტუმრე, მეორედ მოსვლისას ამ ბანდასთან, სიგუას ხალხთან ერთად ლანჩავა აღარ იყო. აქედანაც ჩანს სიგუასთან შედარებით გელა ლანჩავას ნაკლები უტიფრობა და უსინდისობა. ესე იგი, სინდისმა შეაწუხა და ვერ გაბედა ჩემთან მეორედ მოსვლა. აბა, ჩემთან მოსვლას რა გაბედვა უნდოდა, როცა თვითონ გენერალი იყო და შეიარაღებული ხროვა ჰყავდა…

უტიფარ სიგუასთან ერთად 15 მარტს მომხდარი ფაქტის მეორე, ცოცხალი მოწმეც მყავს. საკონსტიტუციო სასამართლოს ამჟამინდელ მოსამართლეს ბატონ ვახტანგ გვარამიას მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ გამოჩნდეს! გვარამია შესანიშნავად კითხულობს და შესანიშნავად წერს, როცა მას უნდა! მეორედ ვასახელებ ამ კაცს, რომ იგი არის ცოცხალი მოწმე და ახლაც თუ არ გამომეხმაურა, მესამე წერილს უკვე გვარამიას მივწერ თქვენი გაზეთის ფურცლებზე. მე არ ვიკადრებ, რომ ის კაბინეტში მოვძებნო. ესღა მაკლია! კეთილი ინებოს ბატონმა გვარამიამ და, თუ ის არის ღირსეული მოსამართლე და სამართლის დამცველი, ადგეს და ისტორიული სიმართლე ელაპარაკოს ქართველ ხალხს!

ის ხეც კი მახსოვს, არყის ხე რომ არის კოლხური კოშკის ძველი ჭიშკრის გალავნის გვერდით, სადაც იდგა გვარამია, შეიარაღებული ხალხით სავსე ავტობუსისკენ ჩემი წაყვანის დროს ჩქარი ნაბიჯებით გამოვარდა ბატონი ვახტანგი, შემოვარდა ავტობუსში, მან, ფაქტიურად, თავი გაწირა ჩემთვის და გვერდიდან არ მომშორებია. ამისთვის ძალიან დიდი მადლობელი ვარ მისი! იგი არის მოწმე ჩემი საათნახევრიანი რაციით საუბრისა თანგიზ სიგუასთან, რომელიც იქიდან ბღაოდა, ყვიროდა, მემუქრებოდა…

მაშინ ბატონი გვარამია გენერალური პროკურორის მოადგილედ ითვლებოდა და მან, ფაქტობრივად, დახვრეტას გადამარჩინა! თუ გვარამია არ იტყვის სათქმელს, მაშინ მე ჩავთვლი, რომ ის სიგუას გვერდით დგას და ის სიგუასნაირია! და მას არავითარი მორალური უფლება არ ექნება, რომ იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე! მაშინ ისიც ისევე უნდა იყოს ჩაკეტილი შინაპატიმრობაში, როგორც დღეს თენგიზ სიგუა არის!

როგორ ბედავს სიგუა, რომ მე პროვოკატორს მიწოდებს და გურამ შარაძეს სიცრუეში სდებს ბრალს?

მე ყევლაფერს ვიტყვი!

თორემ უკვე, ასეთი გაჩუმებით ყველას ყველაფრის უფლება მივეცით და მტყუან-მართალს ვეღარ ვარჩევთ… ამასობაში ამოსძვრა ხალხს სული…

– ბატონო გურამ, მეგონა, ახალს იტყოდით რამეს…

– ეს ერთი ფაქტია, რომელიც უკავშირდება თენგიზ სიგუას სამარცხვინო სახელს ისტორიაში, როგორც კოლხურ კოშკში ხანძრის გამჩენს და მიწასთან გამსწორებელს. მარტო ამიტომ უნდა აგოს პასუხი თენგიზ სიგუამ და მიცემული უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში!

დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას და პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახლის, არქივის, ბიბლიოთეკის განადგურებისთვის, დაწვისთვის და ხელყოფისთვის თენგიზ სიგუა უნდა დაისაჯოს!

ახლა მეორე ფაქტს გეტყვით. ამას პირველად ვამბობ! 1991 წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც გაჩაღდა სამოქალაქო ომი, მე გახლდით გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი.

ნოდარ ლომოურმა და თენგიზ სიგუამ კიტოვანის კაბინეტში რომ შემაგდეს დასახვრეტად და საწამებლად – იქ ვნახე, როგორ აწამებდნენ ედიშერ გიორგაძეს! იქ ვნახე, როგორ ამცირებდნენ და აწამებდნენ მოხუც კაცს, გვარად დიდებულიძეს, რომელიც ქვეყნის სიყვარულის გამო იმხანად სულ მეწამულ, ღვინისფერ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი დადიოდა მიტინგებზე!

თუმცა, იქ მოხდა სასწაული. კიტოვანმა მუზეუმში დარჩენა და ამით მუზეუმის გადარჩენა შემომთავაზა. კიტოვანი ხომ არის ცოცხალი? დაუკავშირდით მოსკოვში და ჰკითხეთ. მაშინ ჩემი მუზეუმის გარშემო ყველაფერი დაიწვა! დაიწვა პრეზიდენტის სასახლე! დაიწვა პირველი სკოლა! დაიწვა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ინსტიტუტი! დაიწვა სასტუმრო ,,თბილისი’’! განადგურდა მხატვრის სახლი და შედევრები! თვით ქაშუეთის ტაძარსაც კი ძლივს ამოუვსეს ნატყვიარები, ისე იყო დახვრეტილი!

განადგურდა პირველ სკოლაში განთავსებული იაკობ გოგებაშვილის სახელობის განათლების მუზეუმი! ეს არავინ არ იცის! მაგრამ ერთი ტყვია არა აქვს მოხვედრილი ლიტერატურის მუზეუმს, რომელსაც ვიცავდით მე და ჩემი თანამშრომლები! ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ხელმძღვანელმა, ცხონებულმა ლევან ჭილაშვილმა და მე გადავარჩინეთ ჩვენი მუზეუმები!

აი, ასეთი ცოდვა და უბედურება დაატრიალა თენგიზ სიგუამ საქართველოში! ჩამოაგდო პირველი პრეზიდენტი, დაამხო კანონიერი ეროვნული ხელისუფლება, გააჩაღა სისხლისმღვრელი, ძმათამკვლელი ომი, ჩაგვყარა ,,მოქალაქეთა კავშირის’’ ხელში.

– ბატონო გურამ, თენგიზ სიგუა ერთადერთი იყო, სხვათა შორის, იმ სამეულში, ვინც კატეგორიული წინააღმდეგი იყო შევარდნაძის აქ ჩამოყვანის…

– მე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სიგუამ ეს ნაბიჯი გადადგა ერთი რამის გამო. მას შევარდნაძის თავიდან ჩამოცილება და მისი სავარძლის ხელში ჩაგდება უნდოდა. მას პირველობა უნდოდა! მან პირველობისთვის ჩამოაგდო ზვიად გამსახურდია და ამ პირველობის ტახტის ძიებაში არ უნდოდა შევარდნაძის ჩამოსვლა საქართველოში!

ჩვენ სიგუას საქართველო ვნახეთ, რაც იყო. სისხლის ტბებში ცურავდა მის დროს საქართველო.

– რატომ მარტო სიგუასი, ბატონო გურამ? იოსელიანი, კიტოვანი, ლანჩავა, ყარყარაშვილი… მარტო სიგუა იყო ყველაფერში დამნაშავე? ასე ცალსახად ნუ შევაფასებთ მის როლს…

– თანაბრად არ იყო ყველასი. მე ამიტომ ვარ ასე გაცეცხლებული, რომ ამან, ამ გაიძვერა სიგუამ, კიტოვანთან და იოსელიანთან შედარებით მაინც გადაირჩინა თავი და დღეს შემძვრალია ჩირგვებში და ყველა უბედურება სხვებს ბრალდებათ. კიტოვანი და ჯაბა ანგელოზები კი არ იყვნენ. პირიქით, იმას ვამბობ, რომ  თენგიზ სიგუაც ისეთივე დამაქცევარია საქართველოსი, როგორც სხვები!

ან, რომ მაბრალებს, გურამ შარაძე არ მიიღეს აკადემიაშიო… ასეთი ტყუილი შეიძლება? მე ათი წლის წინ ამირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად და … მეტი რაღა უნდა ექნათ აკადემიკოსებს?!

აი, ასეთი ვერაგი და მატყუარა კაცია თენგიზ სიგუა!

– ბატონო გურამ, ამ სამს დაუქცევია ქვეყანა და ეგაა… აბა, სხვები რომ იბრალებენ, ჩვენც გვეჭირა იარაღიო, თან, წეღან ნოდარ ლომოურიც ახსენეთ…

– გეტყვით. მე ვნახე იქ ნოდარ ლომოური. ახლა მასაც შეუძლია პროვოკატორი მიწოდოს, მაგრამ მე მაშინ ვუპასუხებ: თქვენ, ბატონო ლომოურო! ისტორიკოსი რომ ბრძანდებით, როგორ გახდით შალვა ამირანაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების მუზეუმის დირექტორი? ერთი წერილი მაინც გაქვთ დაწერილი ქართულ ხელოვნებაზე ან მის ისტორიაზე? თქვენ როგორ გაბედეთ დიმიტრი შევარდნაძისა და შალვა ამირანაშვილის სავარძელში ჩაჯდომა? როგორ გაბედა ეს ამ ადამიანმა, რომელიც ტყვიით, სისხლით მოვიდა ხელისუფლებაში? ნოდარ ლომოური კამუფლიაჟში ჩაცმული, ავტომატით შეიარაღებული დარბოდა და აწამებდა ხალხს!

სიგუამ და კიტოვანმა ამ დამსახურებისთვის მისცეს ამ უვიცს თანამდებობა. ლომოური მათ პირველივე დღიდანვე გვერდში ედგა!.

თენგიზ სიგუა თავად არის პროვოკატორიც, ქვეყნის დამქცევიც და საქართველოს შაჰ-აბასიც. შაჰ-აბასი ბებიით იყო ქართველი და ეს კიდევ, ბებიით, ბაბუით, დედით, მამით ქართველი შაჰ-აბასია!

– სერიოზული ბრალდებაა, ბატონო გურამ…

– არ დამავიწყდეს. მე ბოდიში მინდა მოვუხადო თენგიზ სიგუას მეუღლეს, შესანიშნავ ექიმს! ბოდიში მინდა მოვუხადო სიგუას სიმამრს, ბატონ გრიგოლ ჟვანიას, ძალიან კარგ პროფესორს! კომუნისტი იყოო, მასზე ამბობენ. ნეტავ, გრიგოლ ჟვანიასნაირი კომუნისტები ბევრი იყოს საქართველოში! რაც მთავარია, მე გული მწყდება, რომ ვკარგავ ამ ხალხს. სირცხვილით როგორ შევხედო მათ… მე ხომ მათი ოჯახის წევრს, ქვეყნის დამაქცევარ თენგის სიგუას ნიღაბი ჩამოვხსენი!

ამაშიც უსინდისოა თენგიზ სიგუა, რომ მე შესანიშნავ პიროვნებას, გრიგოლ ჟვანიას მაკარგვინებს თავისი უტიფრობით, ჩემდამი ჩირქის მოცხებით!

– ბატონო გურამ, საუბრის ბოლოს სხვა ,,შადიმანთა’’ დასახელება მინდა გთხოვოთ…

– ჩემო გიორგი, მე რომ დღეს სხვებზე ვისაუბრო, ჩვენ ამით გავაუფერულებთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შადიმანის პორტრეტს. მე დღეს ყველაზე ვერაგ ადამიანს ჩამოვხსენი ნიღაბი! მე დღეს თენგიზ სიგუა ვამხილე. ხვალ და ზეგ პატარ-პატარა შადიმანების ჯერიც დადგება!

 გიორგი მამაცაშვილი
,,ასავალ-დასავალი’’, 7-13 მაისი, 2007

 

2 Responses to 2007

  1. Nicolette Wallington ამბობს:

    Most of the blogs online are pretty much the same but i think that your blog can be an exception. Bravo !

  2. John ამბობს:

    Hi there! This is my first comment here so I just wanted to give a quick shout out and tell you I really enjoyed reading this.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s