2006

ასი წერილი ქართველ ერს!

2006 წელი

  • წერილი მე-20: ,,გურამ შარაძე: დავიბრუნოთ ჯვრით გაბრწყინებული დედა-უნივერსიტეტი!’’, “ასავალ-დასავალი”, 20-26 თებერვალი, 2006
  • წერილი 21-ე: ,,გურამ შარაძე: უნივერსიტეტის რექტორად დანიშნეს კახა ლომაია, ოღონდ გია ხუბუას ფსევდონიმით!’’, “ასავალ-დასავალი”, 10-16 აპრილი, 2006
  • წერილი 22-ე: ,,გურამ შარაძე: უნივერსიტეტის რექტორის სამგვერდიან ჩვენებაში ორმოცზე მეტი უხეში შეცდომაა!’’, “ასავალ-დასავალი”, 1-7 მაისი, 2006
  • წერილი 23-ე: ,,გურამ შარაძე: მე გავაცოცხლებ ილიას უკანასკნელ მაჯისცემას!’’, “ასავალ-დასავალი”, 8-14 მაისი, 2006
  • წერილი 24-ე: ,,დღეს გურამ შარაძეს მისი დამტუსაღებლების – ლომაიასკაც ხუბუასა და კარისკაც წიკლაურის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეაქვს!!!’’, “ასავალ-დასავალი”, 29 მაისი – 4 ივნისი, 2006
  • წერილი 25-ე: “გურამ შარაძე: სტალინს მუდამ ახსოვდა ილია ჭავჭავაძე და დიდ პატივს მიაგებდა!”, “ასავალ-დასავალი”, 5-11 ივნისი, 2006
  • წერილი 26-ე: “გურამ შარაძე ტოვებს რუსთაველის ინსტიტუტს, რომელიც, მისი თქმით, კახა ლომაიას სანტექნიკურ აკადემიად გადაიქცა!” “ასავალ-დასავალი”, 3-9 ივლისი, 2006
  • წერილი 27-ე: “გურამ შარაძე: ნამწყემსარი ხუბუას მოგონებანი”, “ასავალ-დასავალი”, 17-23 ივლისი, 2006
  • წერილი 28-ე: “გურამ შარაძე: კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიები მთაწმინდაზე უნდა დაიკრძალონ!” “ასავალ-დასავალი”, 24-30 ივლისი, 2006
  • წერილი 29-ე: “ილიას წმინდა სისხლმა გადაარჩინა XX საუკუნის ბოლშევიკურ-ათეისტური საქართველო, ზვიადის წმინდა სისხლი გადაარჩენს XXI საუკუნის მასონურ საქართველოს!”, “ასავალ-დასავალი”, 11-17 სექტემბერი, 2006

***

გურამ შარაძე: დავიბრუნოთ ჯვრით გაბრწყინებული დედა-უნივერსიტეტი!

წერილი მეოცე

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაქცევრებს შორის შავი კატები აჭყავლდნენ… “გეპეის” კანალიზაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებული კახა ლომაია, რომლის რეფორმები სააკაშვილმა “ირმის”, ხოლო ნათელაშვილმა “ჯორის ნახტომს” შეადარა, უნივერსიტეტის ქალბატონი რექტორის – რუსუდან ლორთქიფანიძის დასამხობად ემზადება! საქართველოს უპირველეს ალმა-მატერში ატეხილი დავიდარაბისა და დიდი ილიასეული “წაჯექ-უკუჯექობის” ფონზე უნივერსიტეტის კედლები სულ უფრო და უფრო ომახიანად გამოსცემს იმ საპროტესტო შეძახილების ექოს, რომელსაც ვერცერთი სოროსელი და ძღვენიჭამია ვერ შეაჩერებს… დედა-უნივერსიტეტი – თაობათა სათაყვანებელი თეთრი ტაძარი, რომლის ზღურბლს დიდი ივანე ჯავახიშვილი ოდენ ქუდმოხდილი თუ გადააბიჯებდა, დღეს კანტორად და ჭინკების გამოქვაბულად გადაუქცევიათ, თუმცა დედოზარი გუგუნებს, – “ვერ მოსპობენო, ვერ ამოძირკვავენო, ვერ მოინელებენო”!.. დიდია უფალი, დიდია მადლი ჯვარისა, რომელიც დღეს თუ ხვალ უნივერსიტეტის გუმბათზე აღიმართება და ქართველი კაცის საარაკო ნიჭიერების ღვთიური შარავანდედით შემოსავს!.. ცნობილი პროფესორი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გურამ შარაძე “ასავალ-დასავალთან” ტრადიციულ საუბარს აგრძელებს და იმ პროცესებზე გვესაუბრება, რომელმაც უნივერსიტეტში შეუქცევადი სახე მიიღო…

გურამ შარაძე: 1879 წელს ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილისა და სხვა დიდ ქართველ მოღვაწეთა ინიციატივით თბილისში ქართველთა სათავადაზნაურო კერძო სკოლა დაარსდა. მოგეხსენებათ, რუსეთის იმპერიაში სწავლება ყველგან რუსულ ენაზე იყო, ქართული იდევნებოდა, ქართული ენა და ქართველი ახალგაზრდობა იღუპებოდა. 1874 წელს ილიამ ქართული ბანკი დააფუძნა და მოგვიანებით მან სწორედ აქ შემოსული თანხებით შექმნა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დრამატული საზოგადოება და ა.შ. ხუთი-ექვსი წლის შემდეგ ქართული სათავადაზნაურო კერძო სკოლა ქართულ პროგიმნაზიად გადაკეთდა; 1887 წელს, როცა ექვთიმე თაყაიშვილი პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნდა, ილია ჭავჭავაძემ მას ორი სიურპრიზი მოუწყო, – თავისი მეგობრის, ივანე პოლტორაცკის ქალიშვილი – ნინო – ცოლად შერთო და ქართული სათავადაზნაურო პროგიმნაზიის დირექტორად დანიშნა. ექვთიმე თაყაიშვილმა გადაწყვიტა, ეს პროგიმნაზია ნამდვილ გიმნაზიად ექცია, რასაც ახალი შენობა სჭირდებოდა. 1895 წლიდან ილიას, ნიკო ცხვედაძის, იაკობ გოგებაშვილისა და სხვათა დახმარებით ექვთიმე თაყაიშვილმა წამოიწყო დიდი მოძრაობა ქართული გიმნაზიისათვის შენობის ასაგებად. მშენებლობის საქმეს უშუალოდ ხელმძღვანელობდა ნიკო ცხვედაძე. XX საუკუნის დასაწყისში მშენებლობა დასრულდა და დღევანდელი ვაკის რაიონის დასაწყისში, რომელიც მაშინ თბილისის გარეუბანი იყო, შესანიშნავი შენობა ააგეს. პროექტის ავტორი გახლდათ გენიალური ქართველი არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი. პროექტში თავიდანვე ჩადებული იყო იდეა, რომ ქართველ გიმნაზიელებს სასწავლებელშივე ჰქონოდათ კარის ეკლესია. ბევრს ჰგონია, რომ უნივერსიტეტის გუმბათი საგანგებო არქიტექტურული დეტალია სილამაზისთვის მოფიქრებული. სინამდვილეში ეს გახლავთ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გუმბათი, რასაც ადასტურებს ცნობილი ფოტოგრაფი დიმიტრი ერმაკოვის მიერ მეოცე საუკუნის დასაწყისში გადაღებული ფოტოსურათი. ამ ფოტოს “ასავალ-დასავალს” ვანდობ გამოქვეყნების ექსკლუზიური უფლებით, რათა თქვენმა მრავალათასიანმა მკითხველმა და მთელმა საქართველომ იხილოს იგი; გაუფრთხილდეს და შეინახოს! შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ მსოფლიო განათლების ისტორიაში არ არსებობს მაგალითი იმისა, რომ საერო სკოლას – გიმნაზიას, ჯვარი ამშვენებდეს და იქ ეკლესია იყოს მოწყობილი. ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში, როგორც მოგეხსენებათ, 1918 წლის წლის 8 თებერვალს პირველი ქართული უნივერსიტეტი გაიხსნა. ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ თავიდან ეს არ იყო სახელმწიფო უნივერსიტეტი. სახელმწიფო მაშინ ჩვენ არ გვქონდა, 26 მაისი ჯერ არ დამდგარიყო; სექტემბრამდე აქ კერძო უნივერსიტეტი არსებობდა, მთელი შენობაც არ გახლდათ ათვისებული და სულ სამ აუდიტორიაში მიდიოდა სწავლა. როგორც კი საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ეროვნულმა ხელისუფლებამ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კერძო უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტად გადაქცევა გამოაცხადა. უნივერსიტეტს სახელმწიფო აფინანსებდა. შეადარეთ საქართველოს მაშინდელი და დღევანდელი ხელისუფლების პოზიციები და მიზნები ერთმანეთს, მგონი, ყოველგვარი კომენტარი აქ ზედმეტია. უნივერსიტეტის ის ფლიგელი, სადაც დღეს ფილოლოგიის ფაკულტეტია, მთლიანად სამუზეუმო ფონდებს ჰქონდა დათმობილი. აქ იყო საეკლესიო მუზეუმის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და ექვთიმე თაყაიშვილის მიერ დაარსებული საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების ფონდები. ჩემ მიერ ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტის ჩანაწერებში აღმოჩენილია ქართული განძის საზღვარგარეთ გატანისა და მის მცველად ექვთიმე თაყაიშვილის დანიშვნის სრულიად ახლებური ისტორია. როცა წითლები თბილისში შემოდიოდნენ, ივანე ჯავახიშვილმა ექვთიმე თაყაიშვილი თავისთან იხმო და უთხრა, – თქვენ, გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტის პროფესორი ხართ, ხელისუფლების წევრიც ბრძანდებით (ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი იყო), დაუკავშირდით ნოე ჟორდანიას, რათა სასწრაფოდ მოვახდინოთ განძის ევაკუაცია და შეფუთვა, თორემ ბოლშევიკები მოგვადგნენ და ყველაფერს გააპარტახებენო! ექვთიმე თაყაიშვილი სასწრაფოდ დაუკავშირდა ჟორდანიას და ჟორდანიამაც გასცა ბრძანება განძის ევაკუაციისა და მცველად ექვთიმეს დანიშვნის შესახებ. ექვთიმე თაყაიშვილი ჟორდანიას წინააღმდეგობას უწევდა, – საქართველოდან ვერსად წავალ, სამშობლოს ვერ მივატოვებ, ემიგრაციაში რა მინდაო, მაგრამ ჟორდანიას უთქვამს, – თქვენზე ნაკლებად არც ჩვენ გვიყვარს საქართველო, მაგრამ უნდა წავიდეთ, ევროპიდან უნდა ვებრძოლოთ ბოლშევიკებს და თქვენც ჩვენთან ერთად წამოხვალთ, როგორც განძის მცველიო!

– ბატონო გურამ, ჯვარი როდის ჩამოაგდეს უნივერსიტეტის ეკლესიის გუმბათიდან?

– თარიღი არ არის ცნობილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მაშინ მოხდებოდა, როცა კომუნისტებმა ქვეყანა ათეისტურ სახელმწიფოდ გამოაცხადეს და ურწმუნოება გაამეფეს!

– ვისი სახელობის იყო უნივერსიტეტის ეკლესია?

– ცნობილია, რომ ეკლესია თავის დროზე აკურთხა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღმდგენელმა კირიონმა (საძაგლიშვილმა). კირიონი მალე მოკლეს და საქართველოს ეკლესიამ იგი უკვე წმინდანად შერაცხა. ილიას მკვლელობის შემდეგ კირიონის მკვლელობა იყო მეორე უდიდესი პოლიტიკური დარტყმა, რომელიც საქართველოს მიაყენეს, დღემდე გაურკვეველია, ვინ მოკლა საქართველოს უგვირგვინო მეფე და საქართველოს სულიერი მამა! ჩვენს ალტერნატიულ საბჭოს გავაცანი ერმაკოვის ეს უნიკალური ფოტო, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია. საბჭოზე გვესტუმრა მამა ლევანი (ფირცხალაიშვილი), საპატრიარქოს კარის ეკლესიის წინამძღვარი, რომელიც ადრე საპატრიარქოს მდივანი გახლდათ. მამა ლევანმა ფოტოს გაცნობის შემდეგ გამოთქვა აზრი, რომ რადგან უნივერსიტეტის ეკლესია თავის დროზე კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა აკურთხა, ეკლესიას წმიდა მღვდელმოწამე კირიონის სახელი მივანიჭოთო!.. ცხადია, ამასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არაფერი მქონდა და მაქვს, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვი: ეს შენობა, ბატონებო, თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიისთვის აშენდა და ამ დროს გიმნაზიის დირექტორი იყო ექვთიმე თაყაიშვილი. ამ შენობის მშენებლობის ორგანიზატორი და პროგიმნაზიის გიმნაზიად გადაკეთების მეთაური გახლდათ ექვთიმე თაყაიშვილი. ამ შენობაში გაიხსნა უნივერსიტეტი და ექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. თბილისის უნივერსიტეტის დაარსების ორგანიზატორთა სხდომა ბატონი ექვთიმეს ბინაში გაიმართა ვერაზე, გამომცემლობა “სამშობლოს” შენობის გვერდით. ბატონი ექვთიმე შეძლებული კაცი იყო, მთელი ოქროყანა და ფუნიკულორის მიდამოები, რომელიც დღეს პატარკაციშვილმა შეისყიდა, მის ცოლს – ნინო პოლტორაცკაიას მოჰყვა მზითევში. ბატონი ექვთიმე იყო უნივერსიტეტში განთავსებული სამუზეუმო განძის მცველიც, დარაჯიც და პატრონიც. თქვენ იცით, რა მძიმე წლები გადაიტანა მან საფრანგეთში, ნახევრად მშიერი იყო, ერთი თხა ჰყავდა, იმით ირჩენდა თავს და ამ დროს ფლობდა უმდიდრეს განძს ქართველი ერისას, რომელსაც მისხალიც კი არაფერი დააკლო და საქართველოს უკლებლივ ყველაფეერი დაუბრუნა. ღვთის მადლით, ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანია – ექვთიმე ღვთისკაცი!.. ამდენად, ვფიქრობ, რომ როცა დედაუნივერსიტეტში ეკლესიის აღდგენის დრო დადგება, მას სწორედ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელი უნდა მიენიჭოს.

– ბატონო გურამ, უნივერსიტეტის გუმბათზე ჯვარი ისევ უნდა აღმართოთ?

– რა თქმა უნდა! ველოდები თქვენი გაზეთის გამოსვლას, რომ ეს იდეა და ხელშესახები ვიზუალური დოკუმენტი მთელი საქართველოსთვის ცნობილი გახდეს!

– ამათგან, ყველაფერია მოსალოდნელი, ქვეყანას შეყრიან, – უნივერსიტეტის თავზე ჯვარს რა უნდა, ადამიანის უფლებები ირღვევა, დემოკრატია საფრთხეშიაო!.. ამაზე რას ფიქრობთ?

– მე მინდა გავაფრთხილო ქართველი ერი: არავინ მიეტმასნოს ამ წმიდა იდეას! შეიძლება გამოხტეს პრეზიდენტი და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ძვლებით რომ ისპეკულანტა, ახლა ამ თემით ისპეკულანტოს და ატეხოს ერთი ამბავი. კატეგორიულად მოვითხოვ, ამ ეკლესიას, გარდა კათოლიკოს-პატრიარქისა და ქართველი ხალხისა, არავინ გაეკაროს! ამ ეკლესიას არ გაეკარონ უღმერთო პრეზიდენტი და უნივერსიტეტის უღმერთო რექტორი! ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მათ ამ იდეით ისპეკულანტონ. პრეზიდენტს უნდოდა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ძვლების შემდეგ ზვიად გამსახურდიას ძვლებით ესპეკულანტა, მაგრამ ქალბატონმა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ და მე, როგორც ბატონი ზვიადის ნდობით აღჭურვილმა პირმა, სააკაშვილს კატეგორიულად არ მივეცით ამის საშუალება და უფლება! ღმერთმა შეუნდოს ქართულ ემიგრაციას პარიზში, რომელმაც სააკაშვილს ჩვენი ეროვნული გმირის – ქაქუცა ჩოლოყაშვილის – ასე უცერემონიოდ გადასვენება-გადმოსვენების ნება დართო!..

– როგორია თქვენი გეგმა, რას აპირებთ?

– მის უწმინდესობას ქალბატონი ნესტან კირთაძის ხელით ერმაკოვის ეს უნიკალური ფოტო გავუგზავნე; პატრიარქს ფოტო ძალიან მოეწონა და ვიცი მისი უწმინდესობის აზრი, რომ უნივერსიტეტის ეკლესიის აღდგენა წნიდათაწმიდა და მამულიშვილური საქმეა. ახლა მინდა, მოგახსენოთ ყველაზე მთავარი! იცით, მაინც რატომ არ დავუთმობ ხელისუფლებას, რომ ამ საქმეში ხელი გაურიოს?

– რატომ?

– იმ ხელისუფლებას, რომელმაც ეროვნება წაგვართვა, იმ ხელისუფლებას, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული კონკორდატი ქართული სამოციქულო ეკლესიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საქართველოს ისტორიაში და მასონებისა და იეღოველების დაქირავებულ აგენტს – სოზარ სუბარს ამ შეთანხმების რევიზია გააბედვინა, იმ ხელისუფლებას, რომელმაც ე.წ. ვარდების რევოლუციიდან მეხუთე დღეს, 28 ნოემბერს, კოლინ პაუელის საიდუმლო ბრძანებით ჩემს მიერ უზენაეს სასამართლოში მოგებული პროცესი თავდაყირა დააყენა და იეღოველები ისევ რეგისტრაციაში გაატარა, იმ ხელისუფლებას, რომელმაც დაარბია გლდანის ეკლესია, შეურაცხყო და სისხლი ადინა მართლმადიდებელ მრევლს, ხოლო მამა ბასილი და მორჩილი პეტრე ივანიძე ციხეში ამოსალპობად გაიმეტა, არ მივცემთ ექვთიმე თაყაიშვილისა და უნივერსიტეტის წმიდა ეკლესიის სახელით სპეკულანტობის უფლებას.

– ბატონო გურამ, უნივერსიტეტში რა ხდება, რა ვითარებაა?

– როდესაც კათოლიკოს-პატრიარქმა შიმშილობის შეწყვეტა გვთხოვა, უფლება არ გვქონდა, ეკლესიის მწყემსმთავარსა და ერის სულიერ მამას არ დავმორჩილებოდით, მაგრამ ჩვენ იქვე განვაცხადეთ, რომ ვირჩევდით ბრძოლის სხვა ფორმას – მჯდომარე აქციას!.. მჯდომარე აქციებით არ დაქციეს ამათ საქართველო? ლანა ღოღობერიძე ჟვანიას გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე ეკა ხოფერიას პროგრამაში გამოტყდა, რომ საქართველოს კანონიერი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას დასამხობად ის, ელდარ შენგელაიასთან, ზურაბ ჟვანიას თხოვნით წამოწვა თურმე უნივერსიტეტის კიბეზე (სხვათა შორის, ქალბატონ ლანას წამოწოლა კარგად ეხერხება!).

თუკი ლანა ღოღობერიძისა და ელდარ შენგელაიასთვის შეიძლებოდა უნივერსიტეტის კიბეზე დაჯდომა ზვიად გამსახურდიას დასამხობად, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია მჯდომარე აქციით ამ ხელისუფლებისგან დავიცვათ უნივერსიტეტი?! დაცვამ და სპეცრაზმმა ჯერ საქართველოს ისტორიის კათედრიდან გამოგვყარა, მერე ეთნოლოგიის კათედრიდან… იძულებული გავხდით, ყველაზე ნეიტრალურ ტერიტორიაზე – საპროფესოროში შევსულიყავით. საპროფესოროში შესვლის უფლება მაინც ხომ უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტის პროფესორს? იქიდანაც გამოგვყარეს და საპროფესორო დალუქეს. აი, ეს ხდება უნივერსიტეტში! რაც შეეხება უნივერსიტეტის რექტორს, განათლებისა და მეცნიერების ე.წ. მინისტრი კახა ლომაია სისხლხორცეულად არის დაინტერესებული, უნივერსიტეტიდან გააძევოს პრეზიდენტის დედის მიერ დასმული რექტორი რუსუდან ლორთქიფანიძე და მის ადგილზე მოიყვანოს თავისი ძმა და მეგობარი, დედა-უნივერსიტეტის უფრო უარესი დამაქცევარი გიგი თევზაძე. კახა ლომაია ლორთქიფანიძეს აიძულებს, რომ რექტორმა მინისტრის სახელზე სასწრაფოდ დაწეროს “თხოვნა”, რომლის თანახმადაც მრავალათასიანი კოლექტივიდან უნივერსიტეტში მხოლოდ 600 პროფესორ-მასწავლებელი დარჩება, რაც უნივერსიტეტის დასასრული იქნება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ქალბატონ რექტორში ლორთქიფანიძეების გენებმა გაიღვიძა და იგი ამ “თხოვნას” არ წერს, თუმცა, უკვე ყველაფერი გვიანია, – “მავრმა გააკეთა თავისი საქმე, მავრი უნდა წავიდეს”! უნივერსიტეტში რომ 600 თანამშრომელს ტოვებენ, ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა ლევან გორდეზიანმა, რომელიც რუსუდან ლორთქიფანიძის იტალიაში ბიზნეს-ვიზიტის დროს რექტორის მოვალეობას ასრულებდა და განათლების სამინისტროდან დაბრუნებულმა თქვა: – სამინისტროში პირდაპირ მითხრეს: მოაწერთ ხელს? – კარგი იქნება, არ მოაწერთ? – გამწარდებით!

რუსუდან ლორთქიფანიძე ქართველია, მე მის წინაპრებზე გამიგია და ზოგიერთივით გვარი მაინც არა აქვს გადაკეთებული…

– ბატონო გურამ, თქვენზე ამბობენ, უნივერსიტეტის რექტორობა სურსო, მართალია?

– ეს ჩემს წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიაა… ამით უნდათ თქვან, რომ თითქოს მე უნივერსიტეტის გადასარჩენად კი არ ვიბრძვი, არამედ ჩემი კარიერისტული, ავანტიურისტული მიზნების განსახორციელებლად და რექტორის სკამის დასაუფლებლად ვიკლავ თავს!.. როცა ლორთქიფანიძე უნივერსიტეტის რექტორია, ხოლო თევზაძე რექტორობაზე ოცნებობს, მითხარით ერთი, რატომ არ უნდა მქონდეს თუნდაც მე, გურამ შარაძეს, რექტორობის პრეტენზია? ახლა მესამე კანდიდატიც გამოჩნდა, რექტორობის მაძიებელი, – ხუბუა, რომელმაც თინათინ წერეთლის სახელობის სამართლის ინსტიტუტი დაანგრია და მუსხელიშვილის მეცნიერებათა აკადემიიდან ლომაიას კანალიზაციის აკადემიაში ჩახტა. თინათინ წერეთელმა რა დააშავა, თორემ ხუბუა უარესის ღირსია და არა თუ კანალიზაციის აკადემიაში, საკანალიზაციო მილში უნდა გააძვრინო. უნივერსიტეტს ასეთ დღეში რომ ვხედავ, ივანე ჯავახიშვილის სავარძელში რუსუდან ლორთქიფანიძე რომ ზის, ხოლო გიგი თევზაძე ამ სავარძელზე ფიქრს ბედავს, უნივერსიტეტის ყველა გულშემატკივარი ვალდებულია, უნივერსიტეტს ეს უბედურება თავიდან მოაშოროს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რექტორის სავარძელში ჩაჯდეს. მე იმისათვის ვიბრძვი, რომ რექტორის სავარძელი გავასუფთაოთ, გავწმინდოთ ამდენი უწმინდურისაგან, თორემ ვინ ჩაჯდება ივანე ჯავახიშვილის სავარძელში, ეს ქართველმა ერმა, უნივერსიტეტის მრავალათასიანმა კოლექტივმა და უნივერსიტეტის უკვე ავტონომიააღდგენილმა, წესდებააღდგენილმა დიდმა სამეცნიერო საბჭომ უნდა გადაწყვიტოს. ივანე ჯავახიშვილმა დააარსა უნივერსიტეტი, დიდი ივანე არ ჩაჯდა რექტორის სავარძელში და მან პეტრე მელიქიშვილი მოიწვია ამ თანამდებობაზე და თურმე მე, გურამ შარაძე, ვყოფილვაერ გაგიჟებული და რექტორობის ამბიციით შეპყრობილი… ეს ყველაფერი არის შავი პიარი, შავი აზრები და ვინც ყოველივე ამას ავრცელებს, შავად წაუვა საქმე!..

დიტო ჩუბინიძე
“ასავალ-დასავალი”, 20-26 თებერვალი, 2006

* * *

გურამ შარაძე: უნივერსიტეტის რექტორად დანიშნეს კახა ლომაია, ოღონდ გია ხუბუას ფსევდონიმით!

წერილი 21-ე

ძალად რექტორის – რუსუდან ლორთქიფანიძის ეპოქა დასრულდა!.. ხარება დღეს, 7 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ახლა უკვე გია ხუბუას კურთხევა გვახარა. კაცმა რომ თქვას, უნივერსიტეტში წასახდენი და ასაოხრებელი არაფერი დარჩა და რაღა ესაქმება იქ, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ, რაც ქალბატონი რექტორისა და კახა ლომაიას მსახვრალ ხელს გადაურჩა, იმას უკვე ახალგაზრდა პროფესორი, ორმოცდაორი წლის ხუბუა მოუღებს ბოლოს!.. პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და ცნობილი საზოგადო მოღვაწე გურამ შარაძე სულთმობრძავი დედაუნივერსიტეტის მწარე ბედს ძველებური შემართებით ეხმაურება და ქართულ საზოგადოებას კვლავ აფრთხილებს, რომ საქართველოს განათლების “სანტექნიკი” მინისტრი ქვეყნის უპირველესი სასწავლებლის დასამიწებლად გენერალურ ბრძოლას იწყებს. ივანე ჯავახიშვილის სავარძელში ჩასვეს ავადსახსენებელი “თავისუფლების ინსტიტუტის”, გიგა ბოკერიასა და ლევან რამიშვილის კადრი, რომელიც ხელისუფლებისადმი მონური ერთგულებით რუსუდან ლორთქიფანიძესაც კი გააოცებს და საქართველოს ალმა-მატერის დანგრევის სატანურ გეგმას ბოლომდე აღასრულებს!..

გურამ შარაძე: 2004 წლის 13 დეკემბრამდე, ვიდრე რუსუდან ლორთქიფანიძეს უნივერსიტეტის რექტორად აირჩევდნენ, სწორედ თქვენი გაზეთის ფურცლებიდან მივმართე უნივერსიტეტის დიდ სამეცნიერო საბჭოს, რომ არ დაეშვათ გამოუსწორებელი შეცდომა და ივანე ჯავახიშვილის სავარძელში არ ჩაესვათ ქალი, რომელსაც ერთი დღე არ უსუნთქია უნივერსიტეტის ჰაერით, არ ყოფილა უნივერსიტეტის აღზრდილი და არაფერი ჰქონია საერთო საუნივერსიტეტო მეცნიერებასთან. ჩვენმა პატივცემულმა სამეცნიერო საბჭომ ჩემი მოწოდება, სამწუხაროდ, ყურად არ იღო და პრეზიდენტ სააკაშვილის და მინისტრ ლომაიას ბრძანებით, რუსუდან ლორთქიფანიძე უნივერსიტეტის რექტორად გრიალ-გრიალით აირჩია. თქვენი გაზეთის ფურცლებიდან მე ასევე განვაცხადე, რომ რუსუდან ლორთქიფანიძის რექტორობა ხანმოკლე და უდღეური იქნებოდა. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ჩემი სიტყვები ახდა და რუსუდან ლორთქიფანიძე დროზე ადრე გაუშვეს უნივერსიტეტიდან…

– ბატონო გურამ, რუსუდან ლორთქიფანიძე წაიყვანეს თუ თვითონ წავიდა უნივერსიტეტიდან?

– არც წაუყვანიათ და არც წასულა!.. ახლა ძალიან ბევრი ცდილობს რუსუდან ლორთქიფანიძისგან შექმნას ჟანა დ’არკი, გმირი, რომელმაც თითქოს არ შეასრულა ლომაიას ბრძანებები, არ დაემორჩილა განათლების მინისტრს და ამის გამო გაათავისუფლეს. სულ ტყუილია ეს!.. უნივერსიტეტში მოსვლის პირველი დღიდანვე რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ქალბატონმა, როგორც ყურმოჭრილმა მონამ, ისე აღასრულა ლომაიას თითოეული მითითება და დაანგრია უნივერსიტეტი. როგორც კი ივანე ჯავახიშვილის სავარძელში მოკალათდა, უნივერსიტეტის 800 თანამშრომელი რექტორმა მაშინვე ქუჩაში გაყარა! მას ხელი არ აკანკალებია, როცა მოტყუებით რამდენიმე ასეულ თანამშრომელს დააწერინა განცხადება უნივერსიტეტიდან წასვლისა და რამდენიმე წლით სტიპენდიით ვითომდა უზრუნველყოფის შესახებ; მას ხელი არ აკანკალებია, როცა გააუქმა უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭო; ხელი არ აკანკალებია, როცა 22 ფაკულტეტი 7 ფაკულტეტამდე დაიყვანა და შესაბამისად, ყველა საფაკულტეტო საბჭო გააუქმა; ხელი არ აკანკალებია, როცა შოთა რუსთაველის, აკაკის, ნიკო ნიკოლაძის, ივანე ჯავახიშვილის, გალაკტიონის, კონსტანტინე გამსახურდიას კაბინეტები დახურა; რუსუდან ლორთქიფანიძეს ხელი არ აკანკალებია, როცა შარშან “თავისუფლების ინსტიტუტის”, გია ნოდიას, ემზარ ჯგერენაიასა და დავით პაიჭაძის შემადგენლობით შექმნილი კომისიით დაშალა უნივერსიტეტის რამდენიმე ფაკულტეტი, მათ შორის, ჟურნალისტიკის, და ე.წ. კონკურსის წესით, სხვებს რომ თავი დავანებოთ, ქუჩაში აღმოჩნდნენ პროფესორები ნოდარ ტაბიძე და ნიკო ლეონიძე! ეს არის ჟანა დ’არკი და გმირი? ლორთქიფანიძის გარექტორებიდან მოკლე ხანში უნივერსიტეტში ამოქმედდა ალტერნატიული, აკადემიური წარმომადგენლობითი საბჭო, რომელსაც უნივერსიტეტის სინიდისი, მისი უხუცესი პროფესორი ჯუმბერ ჭუმბურიძე ჩაუდგა სათავეში. საბჭოში შევიდნენ ცნობილი ქართველი მეცნიერები, მათ შორის აკადემიკოსი ანდრია აფაქიძე, რომელსაც “სანტექნიკმა” კახა ლომაიამ გული გაუხეთქა, როცა ბატონ ანდრიას ქურდობა, ზუგდიდის მუზეუმის გაძარცვა დასწამა. სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ და მე ეს ოჯახის წევრებისგან ვიცი, რომ, როცა აკადემიკოსმა ანდრია აფაქიძემ ტელევიზიით მოისმინა ლომაიას მიერ გამოთქმული ეს უმძიმესი და უსინდისო ბრალდება, იმ დღესვე გათავდა 90 წელს გადაცილებული დიდი ქართველი მეცნიერი – ქართული არქეოლოგიის მამამთავარი! დიახ, ანდრია აფაქიძე კახა ლომაიამ მოკლა! ამ ხელისუფლებამ ბატონი ანდრიასადმი უპატივცემულობა იმითაც დაადასტურა, რომ მას ერთი გოჯი მიწაც კი არ გამოუყვეს დიდუბის პანთეონში. ჩამოვთვალო დიდუბის პანთეონში საქართველოს დამაქცევარი და ერის შემარცხვენელი რამდენია დასაფლავებული? კიდევ კარგი, რომ მათ გვერდით საქვეყნოდ ცნობილი აკადემიკოსისთვის ადგილი ვერ აღმოჩნდა და მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ბატონ ანდრიას საქართველოს უძველეს სატახტო ქალაქში, მცხეთაში, სამთავროს ეზოში მიუჩინეს საუკუნო განსასვენებელი. სააკაშვილმა და ლომაიამ ანდრია აფაქიძეს უნივერსიტეტის ალტერნატიული აკადემიური წარმომადგენლობითი საბჭოს დამფუძნებელი წევრობა არ აპატიეს. ბატონი ანდრია იყო ჩვენი მანათობელი შუქურა, რომელსაც სიცოცხლე მოუსწრაფეს და მზე დაუბნელეს, მაგრამ უნივერსიტეტის მზის დაბნელებას ესენი ვერ ეღირსებიან. ალტერნატიული აკადემიური წარმომადგენლობითი საბჭოს პრინციპულმა პოზიციამ, საბჭოს წევრი პროფესორების შიმშილობამ უნივერსიტეტში, მაშინ როცა უნივერსიტეტის დაცვა შენობაში ჟურნალისტებს არ უშვებდა, ჩვენმა მრავალათასიანმა საპროტესტო მიტინგებმა, დემონსტრაციამ და რექტორის გადადგომის მოთხოვნით ვარაზისხევის გადაკეტვამ რუსუდან ლორთქიფანიძე აიძულა, ხელი აეღო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა 600 კაცამდე შემცირების დამღუპველი გეგმის განხორციელებაზე. სწორედ ჩვენი აქტიურობის გამო ვერ გაბედა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, დათანხმებოდა კახა ლომაიას კატეგორიულ ბრძანებას.

– ბატონო გურამ, უნივერსიტეტიდან რუსუდან ლორთქიფანიძის წასვლის საკითხს მივუბრუნდეთ!

– რუსუდან ლორთქიფანიძე უნივერსიტეტიდან წავიდა, თორემ ამ ქვეყნიდან კი არ წასულა. თუ გნებავთ, ჰკითხეთ, ალტერნატიული სამეცნიერო საბჭოს რამდენიმე წევრი მისივე თხოვნით როგორ შევხვდით მას. ქალბატონი რუსუდანი მთელი თავისი ამალით დაგხვდა…

– ვინ იყო იმ ამალაში?

– ეს ამალა არის – ლევან გორდეზიანი, გია კორძაია, უგულავა (გიგი უგულავას მამა)… ერთადერთი ნათელი წერტილი იქ იყო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი მიხეილ ჯიბუტი, რომელმაც იმ დღეს რექტორი და რექტორატი გადაარჩინა, რადგან საუბარს შედარებით ნორმალური კალაპოტი მისცა. ამ ხროვის სხდომაზე ჩვენ რექტორს ვუთხარით, ქალბატონო რუსუდან, თქვენ განწირული ხართ, თქვენ შეგასრულებინებენ ბინძურ დავალებას, უნივერსიტეტის თანამშრომლებს 600 კაცამდე შეგამცირებინებენ, თქვენს სახელს, ოჯახს საწყევრად აქცევენ და მერე მოგისვრიან-თქო!.. კახა ლომაიას გეგმაც გავთქვით მაშინ და განვაცხადეთ, რომ განათლების “სანტექნიკი” მინისტრი უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე გიგი თევზაძეს ამზადებდა. ლომაია თავს იკლავდა, თევზაძე თავის დროზე უნივერსიტეტის რექტორად ვერ გაიყვანა, რადგან ლორთქიფანიძე მისი კი არა, გიული ალასანიასა და პრეზიდენტის კადრი იყო. ლომაიამ მოახერხა და გიგი თევზაძე ერთ უნივერსიტეტად გაერთიანებული სულხან-საბასა და ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტების რექტორად დანიშნა. განათლების მინისტრი ორ რამეს უმიზნებს: ან მას სურს ეს თანამდებობა გიგი თევზაძისათვის ტრამპლინი იყოს ივანე ჯავახიშვილის სავარძელში ჩასაბრძანებლად, ან სოროსისა და მთელი მასონების ფულს დააყრიან გიგი თევზაძეს, მთელ გრანტებს მიმართავენ მისი უნივერსიტეტის პირველ უმაღლეს სასწავლებლად გადასაქცევად და ჯავახიშვილის დედაუნივერსიტეტის დასამცირებლად!

– ამ კონტექსტში გია ხუბუა როგორ განიხილება? იცნობთ ხუბუას?

– სხვათა შორის, როცა რუსუდან ლორთქიფანიძე უნივერსიტეტის თანამშრომლებს განცხადებებს აწერინებდა ნებაყოფლობით წასვლის თაობაზე, მეც გამომიგზავნა ზურაბ გაიპარაშვილი, რომელმაც მითხრა, – ბატონო გურამ, რექტორის ბრძანებაა, განცხადება უნდა დაწეროთ და თქვენი ნებით წახვიდეთო!.. მათ ათასობით ლარი აქვთ ხელფასი, შეჭამეს, დაანგრიეს ყველაფერი, მე უნივერსიტეტში 41 ლარი მაქვს ხელფასი და ასე უტიფრად მომადგნენ დიდ გულზე. გაიპარაშვილს ვუთხარი, – ახლავე აქედან გაიპარეთ. მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე უნივერსიტეტიდან ჩემი ნებით არ წავიდე-მეთქი! გაიპარაშვილმა მოიწვია კომისია და შეადგინა აქტი – გურამ შარაძე თავისი ნებით უნივერსიტეტიდან არ მიდის! ეს აქტი ჩაბარდა უნივერსიტეტის თანამედროვე სამარცხვინო ისტორიას და იგი რუსუდან ლორთქიფანიძეს თან გაჰყვა. ახლა, რაც შეეხება გია ხუბუას: როგორ შეიძლება მე ვიცნობდე ხუბუას? იმას ვწუხდი, რუსუდან ლორთქიფანიძეს უნივერსიტეტის ჰაერი არ ჩაუსუნთქავს, უნივერსიტეტის რექტორად რა უნდა-მეთქი, მაგრამ ახლა სულ თავში საცემად გამიხდა საქმე!.. კოტე კემულარიასა და ლადო ჭანტურიას “შკოლაგამოვლილი” გია ხუბუა უნდა იყოს უნივერსიტეტის რექტორი? ძაღლის თავი აქ სულ სხვაგან მარხია და საქმე ის გახლავთ, რომ გია ხუბუა “თავისუფლების ინსტიტუტის”, ბოკერიასა და რამიშვილის აღზრდილია, რომელმაც უკვე წარმატებით შეასრულა ორი დავალება!..

– რომელ დავალებებზე საუბრობთ?

– გია ხუბუამ დაანგრია საქართველოს მეცნიერებათა აკადემია! როცა მეცნიერებათა აკადემიაში ბატონმა ლადო პაპავამ, აკადემიის წევრმა, პარლამენტიდან ამბავი გამოიტანა, – აკადემიას აუქმებენო და პრეზიდიუმში სხდომა ჩაატარა, მე და ბატონმა ელიზბარ ჯაველიძემ განვაცხადეთ, რომ გამოვსულიყავით ქუჩაში და გაგვეპროტესტებინა ნიკო მუსხელიშვილის, ილია ვეკუას, ევგენი ხარაძის აკადემიის გაუქმება. ამ დროს ერთი ტანმორჩილი, სიფრიფანა კაცი წამოდგა და ოთახიდან გაიპარა. როცა გაივიკითხეთ, გვითხრეს, – ეს კაცი თინათინ წერეთლის სახელობის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი გია ხუბუა არისო. ბოკერია-რამიშვილის დაკვეთით, ორი-სამი დღის შემდეგ ხუბუამ განაცხადა, რომ იგი თავისი ინსტიტუტით ტოვებდა მეცნიერებათა აკადემიას და უერთდებოდა კახა ლომაიას “სანტექნიკურ აკადემიას”. თინათინ წერეთელი, აკადემიკოს გიორგი წერეთლის და ჩვენი სახელოვანი მეცნიერი და ბრწყინვალე ქალბატონი, ალბათ, ვერ გაბედავდა, დიდი ივანე ჯავახიშვილის სავარძელში ჩაბრძანებაზე ფიქრს, იმდენად მართალი აზრის იყო ის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე და გია ხუბუა ვის დაკარგვია? ერთი სიტყვით, ხუბუამ დაუდო საფუძველი აკადემიის რღვევას. მან ბოკერია-რამიშვილის მეორე დავალებაც ბრწყინვალედ შეასრულა: გია ხუბუა საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სამეთვალყურეო საბჭოში შეიყვანეს და ასე აქციეს ჩვენი დედატელევიზია “კინწურვიზიად”, როგორც მას ასე მოსწრებულად უწოდა ბატონმა ელიზბარ ჯაველიძემ! რა ესმის ხუბუას ტელევიზიისა და რადიოსი? ახლა ხუბუას აქვს მესამე დავალება – მეცნიერებათა აკადემიის და ტელევიზიის დანგრევის შემდეგ საბოლოოდ დედა უტიროს დედაუნივერსიტეტს! ბევრს ეღიმებოდა, ბატონო დიტო, როცა ათი წლის წინ ვამბობდი, სოროსი დაღუპავს საქართველოს-მეთქი! ბევრს ეღიმებოდა, როცა ვამბობდი, ამერიკის ელჩი – რიჩარდ მაილსი აქ მართლმადიდებლური ეკლესიის დასაღუპად, სექტანტების გასამარჯვებლად და საქართველოში რევოლუციებისა და სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად არის ჩამოსული-მეთქი… მაშინ რომ ეღიმებოდათ, ახლა სიმწრის ოფლი ასხამთ… შევარდნაძემ პირადად მითხრა, – რას შვრები, გურამ, როგორ გადამკიდე მაილსი და სოროსი, რომელიც ჩვენი ინტელიგენციის გადამრჩენია, ამერიკის და სოროსის გადამტერება მინდა ახლა მეო!.. ახლა თვითონ შევარდნაძე აცხადებს, რაც უქნეს მას სოროსმა და მაილსმა.

– ბატონო გურამ, კაცმა რომ თქვას, შევარდნაძე არც დარდობს, გადატრიალება რომ მოუწყვეს.

– არა, დარდით როგორ არ დარდობს!.. ვინც იცნობს შევარდნაძის ძალაუფლებისმოყვარე ბუნებას, დამეთანხმება, რომ იგი პრეზიდენტობის დაკარგვას დარდობს. შევარდნაძე აიძულეს მონაწილეობა მიეღო “ვარდების რევოლუციაში” ტკბილი სიბერისა და ხელშეუხებლობის სანაცვლოდ. მისივე გაზრდილებმა საქართველოს დაქცევასა და გაყიდვაში რომ აჯობეს, ამაზე კი ნამდვილად ხარობს შევარდნაძე, ამას არ ნაღვლობს!.. ადრე, რაც რუსუდან ლორთქიფანიძეზე ვთქვი, ახდა; ახლა თქვენი გაზეთის საშუალებით ვაცხადებ საქვეყნოდ, რომ უნივერსიტეტის რექტორად სინამდვილეში დანიშნეს კახა ლომაია, ოღონდ – გია ხუბუას ფსევდონიმით. გია ხუბუა უფრო ყურმოჭრილი მონა იქნება ხელისუფლებისა, ვიდრე რუსუდან ლორთქიფანიძე და უფრო მეტი წარმატებით გაართმევს თავს უნივერსიტეტის დანგრევას!.. თუმცა, ვერც კახა ლომაია და ვერც გია ხუბუა ვერ ეღირსებიან დიდი ივანე ჯავახიშვილის საქმის დამარცხებას, დედაუნივერსიტეტის წაქცევას და ხუბუას რექტორობა უნივერსიტეტში ისეთივე უდღეური აღმოჩნდება, როგორიც რუსუდან ლორთქიფანიძისა და ის ისევე სამარცხვინოდ შევა უნივერსიტეტის რექტორთა ისტორიაში, როგორც თედო ღლონტი, კარლო ორაგველიძე, მამია ორახელაშვილი და სხვები, რომელთა გვარ-სახელები შთამომავლობის საწყევრად იქცა!

ისევე როგორც რუსუდან ლორთქიფანიძე უნივერსიტეტიდან გაძევების შემდეგ უცხოეთში, რომელიღაც საელჩოს შეაფარებს თავს და თავის ბიზნესსაც წარმატებით გააგრძელებს, გია ხუბუაც გერმანიაში, როგორც მითხრეს, ახლახან შეძენილ სახლ-კარში თავის ცოლ-შვილთან ერთად გაატარებს ცხოვრების იმ წლებს, რომელიც უნივერსიტეტიდან გაგდების შემდეგ დარჩება!

დარწმუნებული ვარ, ეს მალე მოხდება!..

დიტო ჩუბინიძე
“ასავალ-დასავალი”, 10-16 აპრილი, 2006

* * *

გურამ შარაძე: უნივერსიტეტის რექტორის სამგვერდიან ჩვენებაში ორმოცზე მეტი უხეში შეცდომაა!

წერილი 22-ე

ორკვირიანი პატიმრობის შემდეგ, 27 აპრილს, 22 საათზე ცნობილი აკადემიკოსი და საზოგადო მოღვაწე – გურამ შარაძე გაათავისუფლეს!.. “ვარდების რევოლუციამ” შარაძის დატუსაღება უკვე მეორეჯერაც მოასწრო; ცნობილი პროფესორის ჯანმრთელობა, ენერგია და გული, რომელიც სამშობლოს სიყვარულით ძგერს, ნელ-ნელა ეწირება უზენაეს იდეას – საქართველოს გადარჩენას, რადგან დედაუნივერსიტეტისა და ქართული ეკლესიის დაცვა, ე.წ. თურქი მესხების შემოსევის წინააღმდეგ მუხლჩაუხრელი ბრძოლა, ეროვნებისა და მამის სახელის დაცვა, მაწანწალა იეღოველებისა და ათასი ჯურის სექტების შემოსევის შეჩერება, დღეს სამშობლო ქვეყნის დაცვაა სწორედ!.. ვინც ამ საქმეში დამაშვრალა, მას დავით აღმაშენებლისა და თამარ დედოფლის მოლაშქრეებზე ნაკლები ჯაფა არ დასდგომია, რადგან დრო შეიცვალა, ადამიანის გონების სიბნელემ და სინათლემ უკიდურეს ზღვარს მიაღწია და დღეს სანტექნიკი კახა ლომაიასა და უნივერსიტეტის სამარცხვინო რექტორის – გია ხუბუას წინააღმდეგ ბრძოლა, ჯალალ-ედ-დინთან და შაჰ-აბასთან შერკინების ტოლფასია. საქართველოს მტრების გულის გასახეთქად პატიმრობაში მყოფი გურამ შარაძე ქალაქის პირველი (ე.წ. არამიანცის – დ.ჩ.) საავადმყოფოდან სპორტულ სამოსში გამოწყობილი მხნედ გამოვიდა. მხოლოდ ის იყო, რომ ღამის სიბნელეში ტელეკამერების ძლიერმა შუქმა მოსჭრა თვალი და აკადემიკოსმა შუბლზე ხელი მოიჩრდილა. ჩემდა უნებურად კინოფილმ “მამლუქის” ის ეპიზოდი გამახსენდა, როცა ჩვენი სათაყვანებელი ოთარ კობერიძის კინოგმირს ხანგრძლივი პატიმრობიდან გაათავისუფლებენ და ტუსაღის მზერას მზის სინათლე ერთბაშად დაბინდავს.

გურამ შარაძე: არანაირად არ მეუფლება განცდა იმისა, – “იქნებ, ეს არ მომხდარიყო!”, “იქნებ, თავი ამერიდებინა!..” ჩემთვის უნივერსიტეტის გადარჩენისათვის ბრძოლა, საქართველოსათვის ბრძოლაა და ამ ორი უმაღლესი იდეის დასაცავად თხუთმეტდღიანი პატიმრობა კი არა, თხუთმეტი წლით ციხეში ყოფნა და სიკვდილიც ღირს! უნივერსიტეტის გარეშე თავისუფალი, დამოუკიდებელი, ეროვნული საქართველოს არსებობა წარმოუდგენელია და ასევე შეუძლებელია საქართველოს ჭეშმარიტი თავისუფლება უნივერსიტეტის გარეშე. ვიმეორებ: სრულიადაც არ ვნანობ ჩემს ნაბიჯს და იმ თხუთმეტდღიან პატიმრობას, რომელიც უსამართლო სასამართლომ მომისაჯა; თუმცა, არ ვმალავ, რომ ჩემი ახლობლები, მეგობრები, თანამებრძოლები შიშობენ: მესამეჯერ არ განმეორდეს მსგავსი შემთხვევა, თორემ ესენი ყველაფერს იკადრებენ და ყველაფერზე წავლენო!..

– რა იყო თქვენთვის ეს თხუთმეტი დღე?

– შარშანწინ, როცა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანტიადამიანური, ანტიმართლმადიდებლური და სატანისტური პლაკატები ჩამოვხიე, თხუთმეტი დღით მაშინაც დამაპატიმრეს. იმ დროს ჩემმა პროტესტმა დიდი შედეგი გამოიღო, – ეს იყო გაფრთხილება ხელისუფლებისათვის, რომ მსგავსი რამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ განმეორებულიყო. აგერ უკვე ორი წელი გადის და ბიბლიოთეკაში სატანისტური პლაკატები არ გამოუფენიათ. რაც მთავარია, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორობიდან გავაძევეთ თქვენი კალმის წვერზე სამარცხვინოდ წამოგებული ემზარ ჯგერენაია. ერთი სიტყვით, “მოგეიფე ჯგერენაია” წავიდა და მის ადგილზე მოვიდა ნამდვილად ეროვნული კაცი, დიდებული ოჯახიშვილი, განათლებული და მოქეიფე ზაზა აბაშიძე – ჩვენი უსაყვარლესი დოდო აბაშიძის ღირსეული შთამომავალი.

ახლა უკანასკნელ თხუთმეტდღიან პატიმრობაზე მოგახსენებთ: უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის ახლად დანიშნულ შემსრულებელს – გია ხუბუას ნიღაბი უკვე ჩამოხსნილი აქვს. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ მისი პირველი შეხვედრა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან გია ხუბუას სამარცხვინო გაქცევით დასრულდა. უფრო სწორად, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი საიდუმლო კარიდან გააპარეს. წარმოგიდგენიათ?.. უნივერსიტეტის რექტორმა ქურდულად დატოვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები იმის შიშით, რომ იგი საჯაროდ არ გვემხილებინა. ამით ხუბუას შინაგანი ბუნებაც გამომჟღავნდა და “ვაჟკაცობაც”. ჩემზე, მხოლოდ გურამ შარაძეზე, არ არის საუბარი, თვითონ ფაქტია სამარცხვინო – ივანე ჯავახიშვილის სავარძელში ჩაბრძანებულმა ხუბუამ თავისი პირველი სამუშაო დღე უნივერსიტეტში პროფესორისა და აკადემიკოსის დაპატიმრებით დაიწყო. სასწაული რომ მოხდეს, აწი მართლაც ჩავიდინო რაიმე დანაშაული და თხუთმეტდღიანი კი არა, თხუთმეტწლიანი პატიმრობა ან დახვრეტაც რომ მომისაჯონ, ამ სამარცხვინო ლაქას გია ხუბუა ვეღარ ჩამოიწმენდს! მის მიერ პოლიციისათვის წარდგენილი ორი თუ სამგვერდიანი ჩვენება, გარდა დაბეზღება-დასმენისა თუ ჩაშვებისა, უწიგნურობისა და უვიცობის ნიმუშიც გახლავთ!..

– რას გულისხმობთ, ბატონო გურამ?

– სამგვერდიან ჩვენებაში, რომლითაც გია ხუბუამ ჩემი დაპატიმრება მოითხოვა, ორმოცზე მეტი ორთოგრაფიული, სტილისტური და აზრობრივ-სემანტიკური შეცდომაა!..

– რას ამბობთ…

– აგერ, ინებეთ, ნახეთ ხუბუას ჩვენება!.. ყველაზე მეტად სამარცხვინო და სკანდალური კი ის გახლავთ, რომ იურისტი, პროფესორი, რექტორი და ივანე ჯავახიშვილის სავარძლის მფლობელი ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს ცივილურსა და ცივილიზებულს!… ეს არის სკანდალი და სამარცხვინო ფაქტი უნივერსიტეტის ისტორიაში. ჩემმა დაპატიმრებამ ნიღაბი ჩამოხსნა ყველას და გამოჩნდა, თუ ვინ იცავს უნივერსიტეტს, ვინ არის უნივერსიტეტის დაცვის უფროსი – დამბეზღებელი, დამსმენი!.. ეს კაცი გახლავთ თამაზ წილკაური, რომელიც ძმობას, მეგობრობას მეფიცებოდა იმ დღემდე… მისთვის მე ვიყავი სათაყვანებელი და სანიმუშო პროფესორი, მასწავლებელი. ის მიმტკიცებდა, რომ ჩემს წიგნებზე გაიზარდა… სხვათა შორის, თქვენს წიგნებზე გავიზარდეო, ეს ერთ-ერთმა პოლიციელმა – დავით აბრამიძემაც ბრძანა, რომელმაც დამაპატიმრა. ჩემი წიგნების მკითხველთა სიიდან თამაზ წიკლაურსა და დავით აბრამიძეს კატეგორიულად გამოვრიცხავ. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ისინი ჩემს წიგნებზე იყვნენ აღზრდილები – სამარცხვინო მოქალაქეები და სამარცხვინო პოლიციელები!.. მოგვიანებით გამახსენდა და სხვებმაც გამახსენეს, რომ დავით აბრამიძე ბოლო კურსზე პარლამენტში ჩემს კომიტეტში გადიოდა პრაქტიკას და ჩემი დასკვნით მიიღოO დიპლომი!.. აი, ასეთი მადლიერების გრძნობა აღმოაჩნდა ამ ახალგაზრდას!..

– ბატონო გურამ, როგორც მე ვიცი, პოლიციელი დავით აბრამიძე ცრუმოწმედ მოიყვანეს თქვენს პროცესზე…

– დიახ, სწორედ ეს გახლავთ უბედურება. აბრამიძე პროცესზე გამოვიდა, როგორც მოწმე, მაგრამ სინამდვილეში ის იმ დღეს არათუ საბჭოს სხდომაზე, არამედ უნივერსიტეტშიც არ ყოფილა. ხედავთ, როგორი წრე იკვრება? რექტორია და, დამბეზღებელიც არის, დამსმენიც, უწიგნურიც და უვიციც. დაცვის უფროსი როგორი კაცია, მოგახსენეთ, ხოლო პოლიციელი როგორი ახალგაზრდაა, გითხარით… ახლა მივადგეთ მოსამართლეს…

– მოსამართლე, მგონი, ზურაბ რუხაძე იყო, არა?

– დიახ!.. ეს გახლავთ სკანდალური მოსამართლე, რომელსაც თავისი კოლეგა ამ ერთი წლის წინ შეუვარდა კაბინეტში და ტყვია დაახალა. მეგობარი და კოლეგა რომ ტყვიას დაგახლის კაბინეტში, მაშინ როგორი მოქალაქე და მოსამართლე ხარ? უნდა გაიგოს მთელმა საქართველომ, რომ ჩემი გამსამართლებელი ე.წ. მოსამართლე ზურაბ რუხაძე ტყვიანაკრავია თავისი მეგობრისა და კოლეგისაგან. ასევე, პროცესზე დადასტურდა ერთი სამარცხვინო ფაქტი, რომელიც შემდეგ ოქმიდან ამოიღეს. კერძოდ, ე.წ. მოსამართლემ ზურაბ რუხაძემ, რომელსაც უნივერსიტეტის დიპლომი უდევს ჯიბეში, სასამართლოზე, ერთ-ერთ ბრალდებად ის წამომიყენა, რომ მე, თურმე, შეურაცხყოფა მივაყენე გია ხუბუას. – რაში გამოიხატებოდა ეს შეურაცხყოფა-მეთქი? – ვკითხე ზურაბ რუხაძეს. – თქვენ ხუბუას უთხარით, როგორ ბედავთ ივანე ჯავახიშვილის სავარძელში ჩაჯდომასო!.. – მიპასუხა ზურაბ რუხაძემ. გაოცებისაგან სახტად დავრჩი და მოსამართლეს შევეკითხე, – კი, მაგრამ, რა არის აქ შეურაცხმყოფელი-მეთქი? – რა და, როდის იყო ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტის რექტორიო!

– ბატონო გურამ, ხუმრობთ?

– როგორ გეკადრებათ!.. ისევ ვკითხე მოსამართლეს, – ბატონო ზურაბ, ხუმრობთ თუ რას მეუბნებით-მეთქი? – დიახ, თქვენ შეურაცხყავით გია ხუბუა, რადგან ივანე ჯავახიშვილს უნივერსიტეტის რექტორობა დააბრალეთ და ბატონ ხუბუას არარსებული რექტორის სავარძელში ჩაჯდომა დასწამეთო!.. ისტერიკა ისტერიკად დარჩეს, სიცილი – სიცილად, მაგრამ წარმოგიდგენიათ, რა ხდება? მე, გურამ შარაძეს, მოსამართლე ბრალს იმაში მდებს, რომ ივანე ჯავახიშვილს უნივერსიტეტის რექტორობა დავაბრალე!.. ამას სჩადის იურისტი, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის აღზრდილი… ცრურექტორი, ცრუპოლიციელი, ცრუმოსამართლე, ცრუდაცვის უფროსი… – ნახეთ რა ხალხია, როგორი წრეა. ჩემს ციხეში ყოფნის დროს, პირდაპირ ეთერში, “თავისუფალ თემაში”, გამოსულა კოტე ყუბანეიშვილი და, თურმე, უშვერი სიტყვებით აგინა მთელ საზოგადოებას, ჩვენს კლასიკოსებს – ილიას, აკაკის, გალაკტიონს და ამ კაცისთვის პასუხი არავის მოუთხოვია! პარლამენტის ფაქტობრივმა თავმჯდომარემ და ქვეყნის ფაქტობრივმა მმართველმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დედა აგინა ძმებს ბერძენიშვილებს და მას დათო ბერძენიშვილის მუშტის მოხვედრის გარდა, სხვა პრობლემა არ შექმნია!.. “ოპოზიციონერმა” პარლამენტარმა კობა დავითაშვილმა რა სიტყვაც აკადრა პრეზიდენტ სააკაშვილს მრავალმილიონიანი ტელემაყურებლის წინაშე, ეს ქვეყანამ იცის, მაგრამ დედის რძესავით შეერგო! სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ პირდაპირ სატელევიზიო ეთერში რაც გაუბედა პარლამენტარ ლევან გაჩეჩილაძეს და რა უხამსი და უცენზურო სიტყვებით მიმართა მას, აქ ვერ გავიმეორებ, მაგრამ ყველამ ვნახეთ და არანაკლებ გინებებს ყოველდღე ვუყურებთ და ვისმენთ მისგან, მაგრამ რა? ვინმემ ყურებზე ხახვი დააჭრა? დაბოლოს, თვით პრეზიდენტმა სააკაშვილმა როგორ აგინა ჟურნალისტებს, განა “ჯორჯიან ტაიმსიდან” არ გავიგეთ? რა ვუთხარი მე ამის მსგავსი, რით შეურაცხვყავი ხუბუა? რექტორს ვუთხარი სიმართლე: ქურდულად შემოიპარე უნივერსიტეტში, დაანგრიე მეცნიერებათა აკადემია, თინა წერეთლის სახელობის სამართლის ინსტიტუტი, ტელევიზიის პირველი არხი და ახლა უნივერსიტეტის დასანგრევად მოგიყვანეს, რა გინდა ივანე ჯავახიშვილის სავარძელში, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრის ნაცვლად, უნივერსიტეტიდან ქურდივით მიიპარები-მეთქი! ახლა მეორე ამბავი, რომელიც ჩემი პატიმრობის დროს მოხდა – “ტელეიმედის” ბიჭებს პროგრამა “ლიმონში” მიუწვევიათ ბატონი ხუბუა და ბიჭებს რექტორისთვის უთქვამთ: თქვენს გვარს რომ “ხუ” ჩამოვაშოროთ, დაგვრჩება “ბუ” და რა განსხვავებაა “ხუსა” და “ბუს” შორისო!.. ისე არ გამიგოს ვინმემ, თითქოს, მე იმ ახალგაზრდებს “ვუშვებდე” და უნივერსიტეტის დაცვის უფროსივით – თამაზ წიკლაურივით ვიქცეოდე; “იმედს” მთელი მსოფლიო უყურებს და ეს გადაცემა მილიონობით ადამიანმა ნახა, არსებობს მისი ვიდეოჩანაწერი… ეს არ მიუღია იქვე მყოფ ხუბუას დედისა და გვარის გინებად და შეურაცხყოფად და მე რა ვუთხარი მას ამის მსგავსი? ახლა დავესესხები “ტელეიმედის” ბიჭებს და ბატონ ხუბუას ვეტყვი: თუ მის გვარს “ხუ”-ს ჩამოაშორებენ, დარჩება “ბუა”. აი, სწორედ “ბუად”, უნივერსიტეტის დამაქცევრად, დასაშინებლად და გასანადგურებლად მოავლინეს ახალი რექტორი. ხუბუა ნამდვილად არის “ბუა”!

– ბატონო გურამ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენი დაპატიმრება კახა ლომაიას უშუალო დაკვეთით მოხდა. ამბობენ, ლომაიამ ცეცხლი შეუნთო ხუბუას – შარაძე დაიჭირეო!..

– წყაროებისა და დოკუმენტების ძიებას არ დავიწყებ, მაგრამ კახა ლომაიას მე დავამატებდი გიგა ბოკერიას გვარ-სახელსაც. დიახ, მე გიგა ბოკერიასა და კახა ლომაიას კატეგორიული მოთხოვნით დამაპატიმრეს!.. ჯერ “კაპეზეს” ციხეში, შემდეგ საავადმყოფოში ვიყავი, ჩემო დიტო, იქიდან მაინც ხომ ვერ შევძლებდი პროცესების აგორებას, მაგრამ ხომ ნახეთ, რა ამბავი ატყდა “ტელეიმედსა” და პრესაში, როგორი მითქმა-მოთქმაა ატეხილი უნივერსიტეტის კორპუსების შესაძლო გაყიდვასთან, იქ გაეროს ოფისის გადმოტანასთან და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ქუჩაში გაყრასთან დაკავშირებით. მოვუწოდებ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს: ნუ მიეცემით საღათას ძილს, აიმაღლეთ ხმა, უნივერსიტეტში გია ხუბუას სახით შემოაგზავნეს “ბუა”, რათა საბოლოოდ განადგურდეს და დაეცეს ჩვენი ეროვნული განათლების კერა და ბურჯი!

დიტო ჩუბინიძე
“ასავალ-დასავალი”, 1-7 მაისი, 2006

* * *

გურამ შარაძე: მე გავაცოცხლებ ილიას უკანასკნელ მაჯისცემას!

წერილი 23-ე

2006 წელი საქართველოს რევოლუციურმა ხელისუფლებამ აღმშენებლობის წლად გამოაცხადა, მაგრამ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვისა და ცნობილი ყაჩაღების გარდა ამ ქვეყანაში აშენებული კაცი არ მინახავს!.. თუ შენი ქვეყანა გიყვარს, თუ ეროვნული მთავრობა ხარ და შენს სისხლსა და ხორცზე გული შეგტკივა, სახელმწიფოს აღმშენებლობას წლების გამოცხადება რად უნდა? განა ღირსეული და ჭკვიანი მამაკაცი ტელევიზიით გამოვა, ტრანსპარანტებს გაშლის და მთელ დუნიას მოსდებს, დღეიდან ჩემს ოჯახში ჩემი ცოლის დაორსულების კვირეული იწყებაო? ეს ხომ მამაკაცისთვის ისეთივე მოვალეობაა, როგორც ნორმალური ხელისუფლებისთვის სახელმწიფოს შენება! რაც ნამდვილად გამოსაცხადებელია, რაც აუცილებლად სათქმელია და აღსანიშნავი, იმაზე დღევანდელი რეჟიმი ჯერჯერობით გატრუნულია და ხმას არ იღებს… 2007 წელს ორი მრგვალი თარიღი ემთხვევა ერთმანეთს და ორივე უკავშირდება ერთსა და იმავე პიროვნებას, ყველა ჭეშმარიტი ქართველისათვის სათაყვანებელსა და საფიცარს – ილია ჭავჭავაძეს. 2007 წელს ილიას დაბადებიდან 170 წელი, ხოლო წიწამურთან მისი ტრაგიკული აღსასრულიდან 100 წელი სრულდება, მაგრამ ამის სათქმელად და გასახმიანებლად ხელისუფალთაგან დღემდე ვერავინ მოიცალა.

პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და სააკაშვილის რეჟიმის მიერ უკვე ორგზის დაპატიმრებული გურამ შარაძე, რომელიც დიდი ილიას შესახებ საქვეყნოდ ცნობილი მონოგრაფიებისა და გამოკვლევების ავტორია, “ასავალ-დასავალის” საშუალებით მთელ საქართველოს მოუწოდებს, რომ 2007 წელი ილია ჭავჭავაძის წლად გამოცხადდეს და შინაურ თუ გარეშე მტერთა მიერ აოხრებულმა დედასამშობლომ ღირსეული პატივი მიაგოს თავის სინდის-ნამუსს, წმინდანად შერაცხილ ერის უგვირგვინო მეფეს!..

გურამ შარაძე და “ასავალ-დასავალი” დღეიდან იწყებენ ფართო კამპანიას დიდი ილიას შემოქმედების, მისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის პოპულარიზაციის მიზნით!..

ვფიქრობთ, დღეს, როცა მტერი და მოყვარე ერთმანეთისგან ვერ გაგვირჩევია, როცა საქართველოსა და ილია ჭავჭავაძეს ილია ჭავჭავაძისავე სახელით ებრძვიან, ეს განსაკუთრებით დროული და საშური საქმეა.

გურამ შარაძე: – დიდი მადლობელი ვარ თქვენი გაზეთისა, რომ ჩემი დიდი ხნის წუხილი გულთან ასე ახლოს მიიტანეთ და დღეიდან 2007 წლის ილიას წლად გამოცხადების კამპანიას ვიწყებთ. მიხარია და მემაყება, რომ ამ ინიციატივით სწორედ თქვენი გაზეთის საშუალებით გამოვდივარ და “ასავალ-დასავალთან” ერთად დიდ ეროვნულ მოვლენას ვუყრით საფუძველს. თქვენ ახალგაზრდა ბრძანდებით და ილიას დაბადებიდან 180, 190-სა და 220 წლის იუბილეებს მოგასწრებთ ღმერთი, მაგრამ, მე მგონი, ვერც თქვენი და, მით უმეტეს, ვერც ჩემი თაობა ვერ მოესწრება 200 წლისთავს წიწამურის ტრაგედიიდან. გამოგიტყდებით, 2007 წელი უპირველესად წიწამურის ავადსახსენებელ ტრაგედიას უფრო მახსენებს, ვიდრე მორიგ მრგვალ თარიღს ილიას დაბადებიდან. წიწამურთან დაღვრილი სისხლის გამო განგაშის ზარების დარისხება საქართველოს ისე არასოდეს დასჭირვებია, როგორც დღეს. პოსტსაბჭოთა საქართველოში პირველი ეროვნული – სახელმწიფო პრემია მე მომანიჭეს იმ ორტომეულისთვის, რომელიც ილია ჭავჭავაძეს მივუძღვენი. მე დიდხანს ვსწავლობდი დიდი ილიას ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მაგრამ ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვაცხადებ, რომ ბოლომდე მეც კი არ ვიცი ილია ჭავჭავაძე. ილიას გაგება, გაცნობიერება და სრული სისავსით წარმოჩინება შეუძლებელია, შეიძლება ითქვას, რომ ილია დღემდე ჯერ კიდევ შეუსწავლელია.

– ბატონო გურამ, სად უნდა ვეძებოთ ნამდვილი ილია ჭავჭავაძე, როცა ილიას საბოლოოდ რეაბილიტაციისა და მისი მკვლელების გასამართლების შემდეგ საქართველოს უკლებლივ ყველა ხელისუფლება ილიას სახელით სპეკულირებს – კახა ლომაიასეულ განათლების დამანგრეველ რეფორმასაც “ილია ჭავჭავაძე” უწოდეს…

– ამ დიდი სადღესასწაულო კამპანიის დაწყებას უგვანთა გვარ-სახელების ხსენებით არ ვაპირებდი, მაგრამ რადგან მკითხეთ, ე.ი. ეს საკითხი აწუხებს საზოგადოებას. ილიას მკვლელობის შემდეგ პოლიტიკურმა პარტიებმა ზოგმა როგორ გამოიყენა ილიას სახელი და ზოგმა – როგორ… 1937 წლამდე, ვიდრე საქართველოში ილიას დაუძინებელი მტერი ფილიპე მახარაძე ბობოქრობდა და პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენდა, ილიას სახელის გარშემო ომი იყო ატეხილი. ცრუპატრიოტებმა, რომლებმაც ფარად აიფარეს ილიას სახელი, არანაკლებ შეურაცხყვეს საქართველოს უგვირგვინო მეფის ხსოვნა, ვიდრე ბერბიჭაშვილებმა და მახარაძეებმა. ტრაგედია ჩვენს თვალწინ თამაშდება. ვკითხულობ სატელევიზზიო “ესემეს”-ებს და ძალიან მეშინია საქართველოს მომავლის, გული მისკდება, როცა წერენ: ლევან ბერძენიშვილზე უფრო განათლებულ კაცს საქართველოში მე არ ვიცნობო!.. ნუთუ იმისთვის შეუშვირა ილია ჭავჭავაძემ შუბლი ტყვიას, რომ ქართველი კაცი სკლეროტიკად ქცეულიყო? განა “ყველაზე განათლებული” ლევან ბერძენიშვილი სოროსის და “თავისუფლების ინსტიტუტის” მედროშე არ იყო, რომელმაც ილია ჭავჭავაძე გაწირა და მასზე თქვა, – მე ასეთ პოეტსა და მოაზროვნეს არ ვიცნობო და ეროვნული ბიბლიოთეკის კედლებიდან ილიას სურათები ჩამოხია? ამის გამკეთებელი კაცი ქართველმა ხალხმა პარლამენტში დასვა და ყოველდღე გუნდრუკსა და ქება-დიდებას უკმევს. ახლა მეორე ტრაგედიაზე მოგახსენებთ: საქართველოს, ქართული განათლების დამსამარებელი და ეროვნულობის დაუძინებელი მტერი, სოროსის ფონდის პირველი პრეზიდენტი საქართველოში – კახა ლომაია ბედავს ილია ჭავჭავაძის სახელი უწოდოს საქართველოს განათლების დამაქცევარ რეფორმას. საქართველოს ასამარებენ ილია ჭავჭავაძის სახელით და ილიას ებრძვიან ილია ჭავჭავაძის სახელით! ხედავთ, რა ხდება?

– როგორ წარმოგიდგენიათ ილიას დაბადებიდან 170 წლისთავისა და წიწამურის ტრაგედიიდან 100 წლისთავის აღნიშვნა და, საერთოდ, საიუბილეო კამპანიის წარმართვა?

– დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ილია ჭავჭავაძის იუბილე სასპეკულაციო წარმოდგენად შეიძლება იქცეს! მაქვს შიში, რომ ხელისუფლება ამ იუბილეს როგორც ილიას ეკადრება, ისე ვერ ჩაატარებს, და თუ ჩაატარებს, ჩაატარებს სათავისოდ. ისე, როგორც წელს, 26 მაისს უნდათ ჩააფურთხონ მთელ საქართველოს სულში და თბილისში იმ დღეს ჩამოიყვანონ ვიღაც ამერიკელი მსახიობი, რომელიც ცნობილია თავისი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხული მოძრაობებითა და რეპუტაციით, ასევე დაუპირებენ წაბილწვას ილიას იუბილესაც!..

– თქვენ, ალბათ, ჯენიფერ ლოპესის თბილისში ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხს გულისხმობთ!..

– დიახ! არც სახელი ვიცი მაგისი და არც გვარი… თუმცა ლეიბორისტებმა რომ ამაზე გიორგი არველაძის მიერ გაცემული საიდუმლო განკარგულება აუფრიალეს ხელისუფლებას, ეტყობა, მთავრობაში დაფრთხნენ და ახლა უკრაინელი რუსლანა შეიძლება ჩამოიყვანონ!.. ხედავთ, როგორ რყვნიან და ბილწავენ ყოველ წმიდა თარიღს? ამას წინათ ივანე მაჩაბელს 150 წელი შეუსრულდა და ერთი სხდომა არ მოუწვევიათ, არ აღუნიშნავთ, სამაგიეროდ, რუსლანას და, რა ჰქვია იმ ეშმაკის მოციქულს?..

– ჯენიფერ ლოპესი!..

– ჰო, სამაგიეროდ, რუსლანასთან და ჯენიფერ ლოპესთან საცეკვაოდ იცლიან…

– ისე, მაგარი ქალია, ბატონო გურამ!..

– მასეთი “მაგარი ქალების” გადამკიდე აღარ დარჩა საქართველოს ბიუჯეტი!.. აი, ეს შიში მაქვს ამ ხელისუფლების პირობებში, მაგრამ იქნებ ილიას იუბილემდე ვერ მიაღწიოს ამ ხელისუფლებამ და საქართველოს ეღირსოს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ილიას იუბილეს ისე ჩაატარებს, როგორც საჭიროა. შეიძლება, ვინმემ იკითხოს, – რა ამბავია იუბილემდე ერთი წლით ადრე ასეთი ხმაურიო? ამას პირველად ვამბობ და თუ ვინმე გაბედავს, რომ შემომედავოს, მე დავამტკიცებ სიმართლეს!..

– რას გულისხმობთ?

– 1987 წელს მე გახლდით ინიციატორი ილიას 150 წლის იუბილის მოწყობისა და ამ თარიღის ღირსეულად აღსანიშნავად ხუთი წლით ადრე, 1985 წელს დავიწყე მზადება. ნაადრევი კი არა, ყველაფერი ისედაც დაგვიანებულია და რომ არა თქვენი გაზეთი, ჩვენს ხელისუფლებას 2007 წლის ოქტომბრამდე შეიძლება არაფერი გახსენებოდა.

– ბატონო გურამ, კონკრეტულად როგორ წარმოგიდგენიათ იუბილისთვის მზადება?

– ვფიქრობ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში თქვენს გაზეთში უნდა გაიშალოს რამდენიმე ახალი რუბრიკა… მაგალითად, “რა ვიცით ილიას შესახებ?” “რა არ ვიცით ილიას შესახებ?” “რა უნდა ვიცოდეთ ილიას შესახებ?” ჩემი წარმოდგენით, თქვენმა გაზეთმა საფუძველი უნდა დაუდოს ფოტომატიანეს – “ყვარლიდან მთაწმინდამდე” ანუ როგორ იზრდებოდა, როგორ დავაჟკაცდა, როგორ აღესრულა და როგორ დაასაფლავეს ილია ჭავჭავაძე მთაწმინდაზე და ეს ყველაფერი როგორ აისახა ფოტოსურათებზე. საბედნიეროდ, ილიას დაბადების წელი – 1837 წელი, მსოფლიოში ფოტოგრაფიის გამოგონების წელს ემთხვევა, რომელიც ფრანგი ფიზიკოსის დაგერის სახელს უკავშირდება. საქართველოში ადამიანების 80 პროცენტს შეიძლება ნანახიც არ ჰქონდეს ილიას პირველი ფოტოსურათი, როცა იგი ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, გიმნაზიაში სწავლობდა. მე გავაცოცხლებ ილიას უკანასკნელ მაჯისცემას. წიწამურში, ეტლთან დაღვრილი სისხლის პირველი წვეთიდან ბოლომდე კინოკადრივით მაქვს ყველაფერი აღდგენილი, არც იქ მოხდა. ამოვარჩევთ და თქვენი გაზეთის საშუალებით დავბეჭდავთ ილიას იმ თხზულებებს, მიმართვებს, გამოხმაურებებს, პუბლიცისტურ წერილებს, რომლებიც თავის მნიშვნელობას არასოდეს დაკარგავენ და დაანახებენ საზოგადოებას, თუ რა დღეში იყო მაშინ საქართველო, რომ საქართველოს მდგომარეობა ამ 100 წლის განმავლობაში კიდევ უფრო დამძიმდა, რომ საქართველო დამარცხდა!.. თქვენი გაზეთისთვის საგანგებოდ მოვამზადებ ილიასადმი მიძღვნილ ჩემს ორტომეულს, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რა მორალური უფლება მაქვს მე ილია ჭავჭავაძეზე ამდენი ლაპარაკისა. ალბათ, სიმბოლურია, რომ ამ დღეებში აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი ჩემი ხუთტომეული მონოგრაფიის დაბეჭდვის საკითხი დადებითად გადაწყდა. საჩხერეში რამდენჯერაც ჩავიდოდი და იქ, სოფელ სხვიტორში აკაკის ნაფეხურებს ვკოცნიდი, მუზეუმის თანამშრომლები ხუმრობით მსაყვედურობდნენ, – ბატონო გურამ, ილია კი, გასაგებია, მაგრამ სად არის თქვენი აკაკი? ღვთის შეწევნით, ჩემი აკაკიც მალე დაიბეჭდება და ილია და აკაკი გაუნათებს გზას მომავლის საქართველოს!

დიტო ჩუბინიძე
“ასავალ-დასავალი”, 8-14 მაისი, 2006

* * *

დღეს გურამ შარაძეს მისი დამტუსაღებლების – ლომაიასკაც ხუბუასა და კარისკაც წიკლაურის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეაქვს!!!

წერილი 24-ე

აკადემიკოსი გურამ შარაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს გია ხუბუასა და ამავე უნივერსიტეტის დაცვის უფროსს – თამაზ წიკლაურს ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურატურაში უჩივის.

დღეს, ორშაბათს, 29 მაისს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურორის მამუკა გერსამიასადმი დაწერილ განცხადებაში გურამ შარაძე მოითხოვს, რომ გია ხუბუა და თამაზ წიკლაური ყალბი ჩვენებისა და ცრუმოწმეობის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცენ და მათი დანაშაული დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით, რაც ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მხოლოდ “ასავალ-დასავალის” მკითხველმა კი არა, ლამის მთელმა მსოფლიომ იცის, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ აკადემიკოსი გურამ შარაძე ორჯერ დააპატიმრა. პირველად იგი ამ წელიწადნახევრის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენილი ვინმე რაფაელ ოლბინსკის პორნო-სატანისტური პლაკატების ჩამოხევის გამო შეიპყრეს და თხუთმეტი დღით ციხეში გამოამწყვდიეს, მეორედ კი მისი დატუსაღება უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ხუბუამ მაშინ ითავა, როცა 2006 წლის 11 აპრილს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში გურამ შარაძის დანახვაზე თავქუდმოგლეჯით გაქცეულს აკადემიკოსმა მიაძახა: “მეცნიერებათა აკადემიის დამანგრეველო”, “დედატელევიზიის დამანგრეველო”, “ახლა უნივერსიტეტის დამანგრეველო”, “ქურდულად შემოიპარე და ქურდულად მიიპარები”…

გურამ შარაძე ამ ინციდენტის შემდეგ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ზურაბ რუხაძის 2006 წლის 12 აპრილის დადგენილებით, ისევ თხუთმეტი დღით გაამწესეს საპატიმროში და ეს მაშინ, როცა პროფესორის მეუღლე რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში სიკვდილს ებრძოდა…

ღვთის შეწევნით, ქალბატონმა ნათელამ სიკვდილს სძლია და ჯანმრთელობა გაუუმჯობესდა!..

ვნახოთ, რას იზამს აკადემიკოსი გურამ შარაძე და ძლევს თუ არა იგი სასამართლოში ხუბუა-წიკლაურის ტანდემს, რომელსაც სიკვდილზე უფრო საშინელი ძალა – კახა ლომაია უმაგრებს ზურგს.

– ბატონო გურამ, განცხადება და საჩივარი ერთია, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში, როცა სასამართლო ფაქტობრივად არ არსებობს, თქვენ მართლა გგონიათ, რომ თქვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება?

– ვინ ვინ და, გურამ შარაძემ მშვენივრად იცის, თუ როგორი სასამართლოა საქართველოში, მაგრამ წარმოიდგინეთ, მაქვს ოპტიმისტური ზეშთაგონება და მგონია, რომ ამ საქმეს მოვიგებ! თანაც, მე ბრძოლას ვიწყებ ძალიან ნაკლები ამბიციით, ჩემთვის მთავარია პროცესი და სახალხო საჯარო სასამართლოს აგორება. ჩემთვის უფრო მთავარია ამათი მხილება, ვიდრე მოლოდინი სასწაულისა, რომ მე ამათ პროცესს მოვუგებ!.. ვიმეორებ, ივანე ჯავახიშვილის სავარძელში მოკალათებულ გია ხუბუას და უნივერსიტეტის ვითომდა დამცველ თამაზ წიკლაურს საჯარო სასამართლო უნდა მოვუწყო. “დაბეზღება” ქართული სიტყვაა, მაგრამ როცა ხუბუაზე ვლაპარაკობ, უფრო მართებული იქნება თუ საუბარში გამოვიყენებ “დანოსს”, ამ შემთხვევაში ეს სიტყვა გაცილებით უკეთ ჟღერს!.. დიახ, გია ხუბუამ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შესრულება “დანოსის” წერით დაიწყო და მან ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს თავისმომჭრელი ჩვენება მისცა. ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: გია ხუბუამ თავის “დანოსში” ფარდა ახადა თავის უწიგნურობასა და უვიცობას. კერძოდ, მის ორგვერდიან ნაჯღაბნში დაშვებულია ორმოცზე მეტი ორთოგრაფიული და სტილისტური შეცდომა!.. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ე.წ. პროფესორი, იურისტი ხუბუა, რაც ყველაზე უფრო საინტერესოა, ერთმანეთისაგან ვერ ასხვავებს “ცივილურსა” და “ცივილიზებულს”… შესაძლოა, თქვენი გაზეთის მკითხველისათვის ეს აღარც იყოს სიახლე, რადგან ხსენებული “რეკორდი” უკვე მოხსნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე იურისტმა ნინო ბურჯანაძემ. ასე რომ, სასამართლო გია ხუბუას დააჯარიმებს თუ ხუთ წელიწადს ციხეში აყურყუტებს, ამას ჩემთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს იმ მორალურ მსჯავრთან შედარებით, როცა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე ვამხელ გია ხუბუას, როგორც ცრუპენტელას, უვიცსა და უწიგნურს!.. მე დავუმტკიცებ საზოგადოებას, რომ სააკაშვილიც, ლომაიაც და ხუბუაც უვიცები და უწიგნურები არიან!

– სააკაშვილის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება გაუქმებულია, ფაქტობრივად, გაუქმებულია და მთლიანად პარალიზებულია უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭო. საბჭოს აღდგენის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი ყოფილა შეტანილი და ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, დიდი სამეცნიერო საბჭოს მუშაობის შეჩერების უფლება კანონით არავის აქვს; თუმცა, ჩემთვის ისიც ცნობილია, რომ საბჭოს წევრი ზოგიერთი მეცნიერი საბჭოში მოღვაწეობაზე უარს ამბობს. რა ხდება, პროფესორები ლომაია-ხუბუას უნივერსიტეტის დანგრევაში ეხმარებიან?

– ეს ძალიან საინტერესო და მტკივნეული შეკითხვა გახლავთ, ჩემო დიტო!.. ჩემი ბედნიერება თუ უბედურება ის გახლავთ, რომ ყოველთვის გულახდილი, გულწრფელი ვარ და ამან კიდეც დამღუპა და კიდეც ამაშენა. პირდაპირ გეტყვით – მე მივესალმე და მივესალმები უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს აღდგენას, როგორც იდეას, როგორც ფენომენს, მაგრამ მეორე მხრივ, ხალხო, რომელი დიდი სამეცნიერო საბჭოს აღდგენისთვის ვიბრძვით ჩვენ, რომელმაც თავისი უპრინციპობით უნივერსიტეტი დაასამარა? ეს ხომ ის სამეცნიერო საბჭოა, რომელსაც თქვენი გაზეთის საშუალებით ვეხვეწებოდი და ვემუდარებოდი, რომ 2004 წლის 13 დეკემბერს რუსუდან ლორთქიფანიძეს არჩევნებში ხმა არ მისცეთ და სააკაშვილს რექტორად არ დაანიშნინოთ-თქო! ეს ხომ ის სამეცნიერო საბჭოა, რომელიც სააკაშვილის ფეხის დაბაკუნებაზე – თუ რუსუდან ლორთქიფანიძეს რექტორად არ აირჩევთ, თქვენს პირად საქმეებს ამოგიქექავთ – კორუმპირებულობისა და სუკის აგენტობის შესახებო!.. – შედრკა? თითო-ოროლა გამონაკლისი ყველგან არის, მაგრამ სააკაშვილის მიერ შეშინებულმა დიდმა სამეცნიერო საბჭომ იხუვლა და ასე გაიყვანა რექტორად რუსუდან ლორთქიფანიძე. ამ საბჭოს ვთხოვთ, ჩემო კარგო, უნივერსიტეტის აღორძინებას? ძალიან რომ არ გაჯეჯილდნენ და დიდი სამეცნიერო საბჭოს შეშინებულმა და შემდრკალმა წევრებმა თავპატიჟი რომ არ გამოიდონ, ყველას გასაგონად ვიტყვი: უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს ძვირფასო წევრებო, თუ თქვენ გიყვართ საქართველო და მართლმადიდებლები ხართ, თუ ღმერთი არ გწამთ, გენეტიკური კოდით მაინც ხართ მართლმადიდებლები და დღეს გეძლევათ ისტორიული შანსი, მონანიებით გამოისყიდოთ ის დიდი ცოდვა, რაც თქვენ უნივერსიტეტისა და ქართული უმაღლესი განათლების წინაშე ჩაიდინეთ! მე კარგად ვიცი, ვინ არის უნივერსიტეტში კორუმპირებული, რომელიც კონკურსში მონაწილეობის მიღებისა და გამარჯვების კი არა, ცხრაკლიტულში გაგზავნის ღირსია!.. ასეთი ხალხი დიდი სამეცნიერო საბჭოდანაც უნდა გავდევნოთ და უნივერსიტეტიდანაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან დიდმა საბჭომ თავი შეირცხვინა, საერთოდ საბჭოს გარეშე დავრჩეთ!.. მსოფლიოში არ არსებობს უნივერსიტეტი, რომელსაც არ აქვს ავტონომია და სამეცნიერო საბჭო!..

– ისევ პირველ შეკითხვას მივუბრუნდები, ბატონო გურამ, გაქვთ იმედი, რომ ხუბუა-წიკლაურის სასამართლო გაიმართება? გამეორება მიწევს, მაგრამ მაინც გეკითხებით!..

– თქვენ მე ჩემს რწმენასა და რწმენის ურყეობას მიმოწმებთ და ეს ძალიან კარგია, რადგან ამით ძალას მმატებთ!.. კიდევ ერთხელ გეუბნებით: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს სასამართლო თავის შედეგს გამოიღებს და უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ გია ხუბუასა და დაცვის უფროსს – თამაზ წიკლაურს საჯარო, სახალხო პროცესით უფრო მძიმე სასჯელი დაეკისრებათ, ვიდრე ამას სისხლის სამართლის კოდექსი იცნობს.

– ე.ი. თქვენ ზნეობის, მორალური სასამართლოს იმედი უფრო გაქვთ, ვიდრე სააკაშვილის სასამართლოსი?

– რა თქმა უნდა!.. მაგრამ, ვინ იცის, ვნახოთ, ამ სასამართლო პროცესის მსვლელობის დროს შესაძლოა საქართველოში ბევრი ცვლილება მოხდეს. მთავარია, პროცესი დავიწყოთ და მთავარია, მომავალმა თაობებმა არ გვისაყვედურონ – სად იყავით მაშინ, როცა ხუბუა და წიკლაური უნივერსიტეტს აწიოკებდნენ და პროფესორებს იჭერდნენო!.. “არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს!” ასევე, არ არის დანაშაული, რომელსაც სათანადო სასჯელი არ შეეფარდოს!..

P.S. ერთი სიტყვით, ვაკე-საბურთალოს პროკურატურაში დღეს გურამ შარაძეს საჩივარი შეაქვს!..

რას იზამს და რას მოიმოქმედებს პროკურორი მამუკა გვარამია, არავინ იცის…

ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, თუ აკადემიკოსმა შარაძემ უნივერსიტეტისა და ქართული განათლების დამსამარებელ ხელისუფლებას ზნეობის სასამართლო მოუწყო, დიდი აკაკის ჰაჯი-უსუბივით თავს არავინ მოიკლავს – “კაცად ვერ გამიზრდიხართო”!..

შევარდნაძე ტყვიას არ დაიხლის, შევარდნაძე სიბერის ჟამს თავისი გაზრდილების სისულელით უნდა დატკბეს!

დიტო ჩუბინიძე
“ასავალ-დასავალი”, 29 მაისი – 4 ივნისი, 2006

გურამ შარაძე: სტალინს მუდამ ახსოვდა ილია ჭავჭავაძე და დიდ პატივს მიაგებდა!

წერილი 25-ე

აკადემიკოსი გურამ შარაძე “ასავალ-დასავალთან” ერთად ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 170 და მკვლელობიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად აქციას აგრძელებს… სხვა უამრავ საინტერესო ისტორიასთან ერთად ამჯერად ჩვენ გავიხსენებთ დიდი ილიასა და მსოფლიო პროლეტარიატის აღიარებული ბელადის, გენერალსიმუს სტალინის ურთიერთობის დეტალებს. გურამ შარაძე ახსნის, როგორ იქცა თხემით ტერფამდე ქართველი, ილიას ფრთებქვეშ შეფარებული სოსო ჯუღაშვილი სოციალ-დემოკრატიის ბოლშევიკური ფრთის მრისხანე ბელადად და დედამიწის იმპერატორ სტალინად. მკითხველი შეიტყობს, რომ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოებისა და მოგვიანებით ანექსია-ოკუპაციის ძირითადი მიზეზები ჭიათურაში მომხდარ ერთ ინციდენტშიც უნდა ვეძებოთ; ჩვენ დავრწმუნდებით, რომ უკიდეგანო ტოლერანტობასა და კაცთმოყვარეობასთან ერთად, უნიჭიერესი ქართველი კაცი ბუნებით საშინელი შურისმაძიებელია და დროს მოიხელთებს თუ არა, მისი შეჩერება შეუძლებელია. სტალინს ილია უყვარდა, მაგრამ ქართველი მენშევიკებისადმი ბოღმა ბელადს გულს უჯიჯგნიდა… როგორც გრიგოლ ორბელიანმა და მთელმა ქართველმა თავადაზნაურობამ ავადსახსენებელ “ლეკიანობაზე” შამილის შეპყრობით იძია შური, ნოე რამიშვილისა და ნოე ჟორდანიას სიძულვილით სტალინმა წითელი არმია შემოუსია საქართველოს… ეს ქართული ხასიათია, ხასიათი, რომელიც ანგრევს და მომავალშიც არაერთხელ დაადენს სისხლის ცრემლებს ჩემს სამშობლოს!…

– ბატონო გურამ, ვიდრე ჩვენს მთავარ თემაზე ვილაპარაკებთ, ჩემთან კერძო საუბარში ბრძანეთ, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში ილია მძიმე სენით იყო შეპყრობილი. რა სჭირდა ილია ჭავჭავაძეს?

– ზოგიერთმა პროვოკატორმა ჩემს ნათქვამს შეიძლება სულელურად გამოაბას კუდი, მაგრამ მე მოგახსენებთ იმას, რაც დოკუმენტებითა და ფაქტებით დადასტურებულია. ილიას გულის სიმსუქნე აწუხებდა და ცხრაასიანი წლების დასაწყისში მას ბერლინში პროფესორ ლეიდენის კლინიკაში ურჩიეს მკურნალობა. შემორჩენილია მისი მიმოწერა ნიკო ცხვედაძესთან. ნიკო წერს ილიას: – როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით, როგორ მოგიხდათ მკურნალობაო!.. ილია პასუხობს: ძმაო ნიკო, რა მინდოდა გერმანიაში, ლეიდენმა დღეში ორჯერ, დილა-საღამოს კლინიკის კიბეზე პირველიდან მეოთხე სართულზე ფეხით სიარული “გამომიწერა”, ამას არ ჯობდა, ჩემს საგურამოში მევლო სართულებზე ფეხით, იქ ჰაერიც უკეთესია და არც ამდენი ხარჯი მექნებოდა.

– თქვენ ევროპა, კერძოდ, გერმანია ახსენეთ და ერთი შეკითხვა დამებადა: რუსულისა და ფრანგულის გარდა, კიდევ რომელ უცხო ენას ფლობდა ილია? ცნობილია, რომ ბუვიეს “იზა” ილიამ ფრანგულიდან თარგმნა. იცოდა თუ არა მან ინგლისური და გერმანული?

– ეს ძალიან დელიკატური თემაა და საქართველოს დღევანდელობას ეხმაურება. ძნელია, ერთდროულად იფიქრო ილია ჭავჭავაძის უცხო ენების ცოდნასა და რომელიღაც პოლიტიკანის პოლიგლოტობაზე… ჩვენ ჯერჯერობით არა გვაქვს დაბეჯითებით იმის მტკიცების საფუძველი, რომ ილია ევროპულ ენებს ზედმიწევნით ფლობდა, თუმცა, ამ ენებს იყენებდა. როცა ილია ყვარლიდან თბილისში ჩამოიყვანეს, ვიდრე პირველ კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარებდნენ, მანამდე მან დაჰყო გერმანელ ჰაკეს პანსიონში, შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის კლასიკურ გიმნაზიასა და პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც იგი, როგორც სავალდებულო საგნებს, ეუფლებოდა ლათინურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებს. ამიტომ იყო, რომ ილია უცხო ენებიდან (ჰაინე, შილერი, ბუვიე…) აქტიურად იყენებდა ფრანგულსა და გერმანულს და თარგმნიდა კიდეც ამ ენებიდან, ხოლო რუსული მან ბრწყინვალედ იცოდა. რაც შეეხება ინგლისურს, რუსეთის იმპერიაში მაშინ იგი “მოდაში” არ იყო, როგორც დღეს. რუსეთის საიმპერატორო კარი და განათლების სამინისტრო ინგლისურზე წინ ფრანგულ და გერმანულ ენებს აყენებდნენ და ინგლისურს არ სწყალობდნენ.

– რამდენ ხანს მკურნალობდა ილია ბერლინში?

– რამდენიმე თვეს 1900 წლის ზაფხულში – ჯერ ბერლინში, შემდეგ კარლსბადში, სამოგზაუროდ და მუზეუმების დასათვალიერებლად კი ჩავიდა დრეზდენსა და პარიზში. როცა სოციალ-დემოკრატმა ბოლშევიკებმა წიწამურთან ილიას შუბლი და გული გაუხვრიტეს, ექიმმა იაშვილმა გასინჯა გარდაცვლილი და დაასკვნა, რომ ილიას, თურმე, გული ისეთ მდგომარეობაში ჰქონდა, რომ ისედაც დიდი დღე არ ეწერა. მეშინია, ექიმის ეს დასკვნა ვინმემ იმისთვის არ გამოიყენოს, – ილია რომ არ მოეკლათ, მაინც მოკვდებოდაო!… კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა, ხომ გაგიგიათ, ნათქვამია, – მწიფეს ესროდნენ და მკვახე ცვიოდაო!..

– ბატონო გურამ, ახლა ყმაწვილი სოსელოს, იმავე სტალინისა და ილიას ურთიერთობის შესახებ ვილაპარაკოთ!

– ჯერ არსად მითქვამს და თქვენს გაზეთს ვუცხადებ ექსკლუზიური უფლებით: ამ თემას უშუალოდ უკავშირდება ილია და კლასთა ბრძოლის ავადსახსენებელი რევოლუციური თეორია, ილია და საზოგადოების კლასებად დაყოფის საკითხი. მთელ რუსეთის იმპერიაში პირველი სოციალ-დემოკრატიული პარტია სწორედ საქართველოში შეიქმნა. ეს პარტია შექმნეს ბავშვობიდან უახლოესმა მეგობრებმა და მოგვიანებით ერთმანეთის დაუძინებელმა მტრებმა – ფილიპე მახარაძემ და ნოე ჟორდანიამ. ფილიპე მახარაძე ოზურგეთელი იყო, ხოლო ნოე ჟორდანია – ლანჩხუთელი. მთელ გურიაში ერთადერთი ოთხკლასიანი სასწავლებელი მაშინ ოზურგეთში იყო. ნოემ და ფილიპემ ეს სასწავლებელი დაამთავრეს, მერე თბილისში სასულიერო სემინარია დაასრულეს ფრიადებზე… მაშინდელი წესით, ფრიადოსნის ატესტატის მქონეს უფლება ჰქონდა უგამოცდოდ შესულიყო ვარშავის ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში, რომელიც მაშინ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. ადგნენ ეს ლანჩხუთელი და ოზურგეთელი გურულები, ჩავიდნენ პოლონეთში და სწავლა დაიწყეს ვარშავის ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში. როგორც თქვენ არ გივლიათ იმ ინსტიტუტში, ისე ნოე ჟორდანიასა და ფილიპე მახარაძეს არ უვლიათ იქ. სამაგიეროდ, მოიარეს მთელი ევროპა, ეზიარნენ სოციალისტურ იდეებს და მარქსიზმის იდეებით მოწამლულები დაბრუნდნენ საქართველოში. 1892 წელს მათ საქართველოში დაიწყეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მშენებლობა, ქადაგებდნენ კლასთა ბრძოლის თეორიას, რევოლუციას, სისხლისღვრას… ილია ჭავჭავაძემ ეს რომ გაიგო, მაშინვე თავისთან დაიბარა ნოე ჟორდანია და უთხრა, – ოღონდ ქართველების კლასებად გახლეჩასა და დაპირისპირებას დაანებე თავი და “ივერიის” რედაქტორობას ჩაგაბარებ, რათა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გააგრძელო და საქართველო არ დაღუპოო! მაგრამ ნოე ჟორდანიამ უარყო ილიას წინადადება, სამაგიეროდ მივიდა თავისი პარტიელი თანამოაზრის, საქვეყნოდ განთქმული ორატორის – კაკი წერეთლის მამასთან – გიორგი წერეთელთან, სთხოვა “კვალის” რედაქტორობა მისთვის დაეთმო და ილიას “ივერიას” დაპირისპირებოდა. სამწუხაროდ, გიორგი წერეთელმა ნოე ჟორდანიას ეს თხოვნა შეუსრულა, “კვალი” ჩააბარა და ასე ჩაეყარა საფუძველი “ივერიისა” და “კვალის” მტრობას, ანუ სამოციანელთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რღვევა-გახლეჩას – ძველი მეგობრების, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი წერეთლის დაპირისპირებას.

1894 წელს, როცა ეგნატე ნინოშვილი გარდაიცვალა, ლანჩხუთში მისი დაკრძალვის დღე საქართველოში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ოფიციალურად დაფუძნების დღედ იქცა. ილია მარქსიზმს და მის იდეებს – მრავალპარტიულობას, რევოლუციებს, სისხლისღვრას, კლასთა ბრძოლის თეორიას კატეგორიულად უარყოფდა. ნოე ჟორდანიასა და ფილიპე მახარაძეს იგი ყოველთვის შეაგონებდა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, იგი არ არის რუსეთი და არც დასავლეთ ევროპა და ერთმანეთზე გადამტერებული პარტიები დაღუპავდნენ ჩვენს სამშობლოს… სამწუხაროდ, დიდი გენიოსის წინასწარმეტყველება გაცხადდა და პარტიებმა, პარტიების ვიწრო პოლიტიკურმა ამბიციებმა, დაქსაქსეს ქართული საზოგადოება და მართლაც დაღუპეს ქვეყანა… ასე რომ, 1895 წლამდე საქართველომ პარტია არ იცოდა… საქართველოს ისტორიას არც კლასობრივი ბრძოლა ახსოვს… ქართველი კაცი ყოველთვის ერთგული იყო მონარქისა: მეფემ, თავადმა, აზნაურმა, გლეხმა – ყველამ თავისი ადგილი იცოდა! ლენინმა ორი წლის შემდეგ, 1897 წლის მინსკის ყრილობაზე შექმნა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია და კაცობრიობის უბედურებაც მაშინ დაიწყო.

– ბატონო გურამ, სად არის ამ დროს სოსელო – იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, ანუ სტალინი?

– სტალინი ამ დროს ჯერ ისევ იოსებ ჯუღაშვილია და თბილსის სასულიერო სემინარიაში სწავლობს, “პირველი დასის”, ანუ ილია ჭავჭავაძის იდეებზე იზრდება და “სოსელოს” ფსევდონიმით წერს და ბეჭდავს ერთიმეორეზე უკეთეს ლექსებს გაზეთ “ივერიაში”. გაიხსენეთ მისი “დილა”, რომელიც პირველად ილია ჭავჭავაძემ დაბეჭდა “ივერიაში”. ამ ლექსის სტრიქონები: “… და შენც, ქართველო, სწავლითა, სამშობლო გაახარეო!…” ილია ხომ პირველ ეტაპზე საქართველოს კულტურული ავტონომიისათვის იბრძოდა, ილია ხომ ქართველი კაცის გასანათლებლად მუხლჩაუხრელად იღვწოდა, ილია ხომ ქართველთა განათლებით აპირებდა რუსის ხიშტებისა და უზარმაზარი არმიების დამარცხებას და ამ გზით რუსეთის იმპერიის კლანჭებიდან თავდახსნას! აი, სწორედ ამ იდეებს ეტრფის ყმაწვილი სოსელო თავის ლექსში!.. გაგახსენებთ მეორე ფაქტს: მე-19 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ქართულმა ინტელიგენციამ მოინდომა ეროვნული პოეტის, მწერლის, საზოგადო მოღვაწის იუბილეს გამართვა. მივიდნენ ილიასთან და მოწიწებით უთხრეს, – საქართველოში თქვენზე უფრო ეროვნული, ერის სამსახურში დამაშვრალი კაცი არ გვეგულება და იუბილე უნდა გადაგიხადოთო! ილიამ მოწინავე ქართველ ინტელიგენტებს უსმინა, უსმინა და უთხრა: – როგორ ბედავთ ჩემს იუბილეზე ლაპარაკს, როდესაც “სამშობლო ხევსურისას” ავტორი, ჩვენი მხცოვანი და უსაყვარლესი პოეტი რაფიელ ერისთავი ცოცხალია? სწორედ რაფიელის იუბილე უნდა გაიმართოს და არა ჩემიო! – მაშინ თქვენ ჩაუდექით საიუბილეო კომისიას სათავეშიო! – სთხოვეს ილიას. – ჩავუდგები, ოღონდ, აკაკი წერეთელთან ერთადო, – უბრძანებია ილიას. ასე გახდნენ ილია და აკაკი საქართველოში პირველად ჩატარებული ეროვნული პოეტის იუბილეს საიუბილეო კომისიის ხელმძღვანელები. იუბილე გაიმართა თბილისის ოპერის თეატრში, რომელიც ახალი აშენებული იყო. საკამათო გახდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ, ვინ მიესალმებოდა რაფიელ ერისთავს ქართველი ახალგაზრდების სახელით. ილიამ ინტელიგენციის წარმომადგენლებს სიამაყით განუცხადა, რომ მას ეგულებოდა უნიჭიერესი ახალგაზრდა, რომელიც რაფიელ ერისთავს მიესალმებოდა, და ეს იყო სოსელო – იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი. ილიამ დაიბარა ჭაბუკი იოსებ ჯუღაშვილი და უთხრა, – რაფიელის იუბილეზე ქართველი ახალგაზრდების სახელით უნდა გამოხვიდეო! სოსელომ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, მისასალმებელი სიტყვა ლექსად აქცია და ასე მიესალმა რაფიელს. ოპერის დარბაზი ტაშით დაინგრა… ლექსი ასე მთავრდებოდა: – “ვაშა, რაფიელ, უმრავლოს ქართველ ერს შენებრ შვილები”!.. ასე რომ, ამ დროს ჯუღაშვილი ჯერ კიდევ არ ქცეულა სტალინად, მას ილია ზრდის, მისი იდეალი კი ილია ჭავჭავაძე და რაფიელ ერისთავია და არა მარქსი და ლენინი… გესმით, ვინ ეზრდება საქართველოს? ხომ ფაქტია, რომ კაცობრიობის ისტორიამ სტალინზე უფრო გენიალური არც მხედართმთავარი იცის და არც იმპერატორი! ვინ არიან სტალინთან შედარებით ალექსანდრე მაკედონელი, ცეზარი, ნაპოლეონი ან პეტრე დიდი? აი, ასეთი გენია ეზრდებოდა საქართველოს. ჟორდანიასა და მახარაძის მიერ ევროპიდან ჩამოტანილ ჭირს რომ არ დაეღუპა სოსელო! სოციალ-დემოკრატიის შხამმა გონება მოუწამლა ახალგაზრდა ჯუღაშვილს – გორელი მეჩექმის შვილს, უღატაკეს ჭაბუკ კაცს და სტალინად ქცევის სინდრომი გაუჩნდა! ჯუღაშვილმა მიიხედ-მოიხედა და დაინახა, რომ ილიაც, აკაკიც, რაფიელიც – ყველანი თავადები არიან, თვითონ კი უღატაკესი და ლოთი მეჩექმის შვილია! მაგრამ სოციალ-დემოკრატიული პარტია მას კაცის კვლით, სისხლით, რევოლუციით, მეფის დამხობით გზას უხსნის უმაღლესი ხელისუფლებისაკენ. ლონდონის კონფერენციამდე, ვიდრე სოციალ-დემოკრატები ბოლშევიკებად და მენშევიკებად გაიხლიჩებოდნენ, სტალინი ჯერ კიდევ ქართველი ჯუღაშვილია, ქართველებთან არის, ქართველი სოციალ-დემოკრატია, მაგრამ მდგომარეობა განსაკუთრებით გაართულა და სტალინის რუსეთში გადახვეწა დააჩქარა ერთმა ინციდენტმა, რომელიც მოხდა. თურმე, ჭიათურაში ცხრაასიანი წლების დასაწყისში მიტინგი ჩატარდა, სადაც ნოე რამიშვილს, სოციალ-დემოკრატთა აღიარებულ ლიდერს, ჯუღაშვილმა აჯობა სიტყვით გამოსვლისას. როგორც გადმოგვცემენ, გაგულისებულმა რამიშვილმა ჭიტლაყი ამოსცხო ახალგაზრდა ჯუღაშვილს და ისე გააძევა მიტინგიდან. სწორედ ეს იქცა უბედურების სათავედ საქართველოსთვის!.. აი, იმ დღიდან აიკრა გუდა-ნაბადი საქართველოდან იოსებ ჯუღაშვილმა, რუსულ სოციალ-დემოკრატიაში გადაბარგდა და სულ მალე ულიანოვ-ლენინის მარჯვენა ხელი – იოსებ სტალინი გახდა!..

– ბატონო გურამ, ილიამ თუ მისცა რაიმე საბაბი სტალინს, რომ სამშობლოზე გაგულისებულიყო? თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, ერთხელ ილიამ, თურმე, ეტლში არ ჩასვა ახალგაზრდა სტალინი!..

– არა, არა! პირიქით, სტალინს ყოველთვის ახსოვდა ილიას მადლი და საოცრად დიდ პატივს მიაგებდა ილიას! აბა, გაიხსენეთ 1937 წელს ვის გადაუხადა სტალინმა იუბილე? ფილიპე მახარაძე რომ ბობოქრობდა, ბოლშევიკურ საქართველოში ილიას ხსენებაზე ხალხს ხვრეტდნენ. იოსებ სტალინის ბრძანებით საქართველომ ორი უზარმაზარი იუბილე გადაიხადა – შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” დაწერის 750 წელი და ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 100 წლისთავი!.. აქ გამოჩნდა იმ ჭორების სრული უსაფუძვლობა, თითქოს სტალინმა ესროლა ილიას. ილიას თუ ვინმემ ესროლა, ნაძირალებმა – ფილიპე მახარაძემ და სერგო ორჯონიკიძემ, რომლებსაც ქართველი ერის ისტორიამ შესაფერისი ადგილი უკვე მიუჩინა, როგორც სამშობლოს მოღალატეებსა და მკვლელებს: როცა სტალინის მითითებით დაიჭირეს და სასამართლო პროცესი გაუმართეს ილიას მკვლელს – გიგლა ბერბიჭაშვილს, ხოლო მან სასამართლო სხდომაზე ილიას მკვლელობის შემკვეთად ფილიპე მახარაძე დაასახელა. ამ ამბის მიტანისთანავე ფილიპე მახარაძეს უმალ გული გაუსკდა!

სტალინი ვერ ურიგდებოდა საქართველოდან გაძევება-გაგდებას და როდესაც ქართველმა მენშევიკებმა 1918 წლის 26 მაისს ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, 1921 წლის 25 თებერვალს მან მე-11 წითელი არმია დაუპირისპირა იმ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებმაც ჭიათურაში ჭიტლაყი ამოჰკრეს. სტალინმა ქართველ მენშევიკებს სამშობლოდან გაძევება არ აკმარა, პირადად ნოე რამიშვილზე კი სასტიკად იძია შური – პარიზში ქართველმა სოციალ-დემოკრატმა ჭანუყვაძემ მოკლა იგი. ასე დაუნდობლად გაუსწორდა ილია ჭავჭავაძის ფრთებქვეშ შეფარებული, მაგრამ შემდეგ ნოე ჟორდანიასა და ფილიპე მახარაძის მიერ ევროპიდან ჩამოტანილი სოციალ-დემოკრატიული შხამით მოწამლული სოსელო, ანუ იგივე სტალინი თავის მოწინააღმდეგეებს!

ვინ იცის, იოსებ ჯუღაშვილი ბოლომდე ილია ჭავჭავაძის ფრთებქვეშ რომ დარჩენილიყო და სტალინი არ გამხდარიყო, ხოლო ილიას თუ დიდი დღის სიცოცხლე არ ეწერა, ვინ იქნებოდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი და დღეს საქართველოს როგორი აწმყო და მომავალი ექნებოდა!

დიტო ჩუბინიძე
“ასავალ-დასავალი”, 5-11 ივნისი, 2006

გურამ შარაძე ტოვებს რუსთაველის ინსტიტუტს, რომელიც, მისი თქმით, კახა ლომაიას სანტექნიკურ აკადემიად გადაიქცა!

წერილი 26-ე

რამდენიმე დღის წინ აკადემიკოსმა გურამ შარაძემ რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორად კახა ლომაიასა და მისი მოადგილის, ბელა წიფურიას პროტეჟეს – ირმა რატიანის დანიშვნა გააპროტესტა და აღნიშნული სამეცნიერო დაწესებულება დატოვა. იმავე გურამ შარაძემ უარი განაცხადა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობაზე. ისევ და ისევ საქართველოს სიყვარულის გამო… მაგრამ ამას, ალბათ, ვერასოდეს გაიგებს კახა ლომაია! ვერ გაიგებს იმიტომ, რომ წლობით ნაშენების დასანგრევად მოვიდა მხოლოდ. ასეა! კახა ლომაიას ხსენებაზე პროფესორთა უმეტესობას სრულიად საქართველო ეცოდება, გია ხუბუას დანახვაზე კი – უნივერსიტეტი. თუმცა, ქართული ხალხური ზღაპრისა არ იყოს, ერთი დრო არავის შერჩება!…

– რამდენიმე დღის წინ შევხვდი შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ახლად “მოვლინებულ” დირექტორს, ქალბატონ ირმა რატიანს, რომელიც კახა ლომაისა და მისი მოადგილის, ბელა წიფურიას ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელია. მათი ნება კი იმაში მდგომარეობს, რომ რუსთაველის ინსტიტუტი უნდა შემცირდეს, შემდეგ კი, ფაქტობრივად, განადგურდეს!

– კი მაგრამ, ინსტიტუტს ხომ თითქმის 70-წლოვანი ისტორია აქვს…

– დავაზუსტებ: აღნიშნული ინსტიტუტი 1941 წელს შეიქმნა, როდესაც მე-2 მსოფლიო ომის ქარცეცხლიან დღეებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემია დაარსდა. სწორედ იმ დღიდან ინსტიტუტი ყოველთვის აკადემიის სისტემაში შედიოდა, ხოლო მისი პირველი დირექტორი ქართული ფილოლოგიის პატრიარქი, აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე იყო.

– თქვენ როდის და როგორ მოხვდით ამ ინსტიტუტში?

– 1963 წელს რუსთაველის ინსტიტუტის ასპირანტურაში გამოცხადებული იყო კონკურსი ძველ მწერლობასა და რუსთველოლოგიაში. მე აკადემიკოს ალექსანდრე ბარამიძის სტუდენტი გახლდით და მისი ასპირანტი უნდა ვყოფილიყავი. იმხანად ბატონი ალექსანდრე რუსთველოლოგიის განყოფილების გამგე იყო. თავისთან ჩაბარება შემომთავაზა. ინსტიტუტის დირექტორი ამ დროს პოეტი-აკადემიკოსი გიორგი ლეონიძე ბრძანდებოდა, რომელიც ჩემს გამოცდაზე კომისიის თავმჯდომარე იყო. მას ჩემი პასუხები მოეწონა და ასპირანტად თავისთან ჩამრიცხა. სამი თვე სამეცადინოდ არ დავუბარებივარ. სამი თვის შემდეგ კი მასთან შეხვედრა ვითხოვე და პირდაპირ ვუთხარი: ბატონო გიორგი, თქვენ დიდი პოეტი და მეცნიერი ბრძანდებით, ამასთან, დიდი საზოგადო მოღვაწე და ჩემთვის დრო აღარ გრჩებათ, მე კი ასპირანტურაში სასწავლებლად ჩავაბარე და გთხოვთ, ალექსანდრე ბარამიძის ასპირანტად გადამიყვანოთ-მეთქი. გოგლას გაუკვირდა, თუმცა, შემდეგ ჩემი დიდი პაპა, ილია ჭავჭავაძის მოურავი და მარჯვენა ხელი, მაქსიმე შარაძე გაახსენდა. მაქსიმე გაზეთ “ივერიის” დამსტამბველი და გამომცემელი იყო და ძალიან უყვარდა ილიას. გიორგი ლეონიძემ მაქსიმე შარაძის ხათრით გადამწერა ალექსანდრე ბარამიძესთან, თუმცა, გაკვირვებული დარჩა, ამ 23 წლის ბიჭმა რა გამიბედაო.

– ვერ მიგიხვდით, რისი თქმა გინდათ ამით?

– იმის, რომ 23 წლის ბიჭი გიორგი ლეონიძეს არ შევეპუე და პირდაპირ ვუთხარი სათქმელი და ირმა რატიანი ვინ არის, რომ მისთვის ვერ მეთქვა ის, რისი თქმაც მინდოდა.

– ე.ი. თქვენ შეხვდით ირმა რატიანს. რაზე ისაუბრეთ?

– როდესაც გავიგე, რომ რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი ირმა რატიანი გახდა, რა თქმა უნდა, დავინტერესდი, რა მიზნები და გეგმები ჰქონდა. მინდა, მკითხველმა ისიც იცოდეს, რომ ირმა რატიანი რუსუდან ლორთქიფანიძის მარჯვენა ხელის, უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამანგრევლის, კახა კორძაიას მეუღლეა. ხედავთ რა საინტერესო ოჯახური დუეტია?! ქმარი უნივერსიტეტს ანგრევს, ცოლი – ინსტიტუტს! ახალმა დირექტორმა მითხრა, 13 განყოფილება 3-მდე უნდა დავიყვანო, 200 თანამშრომელი 80-მდე უნდა შევამცირო, ჩვენი ინსტიტუტის შენობა უკვე ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა გასაყიდადო!

– მაინც რომელი განყოფილებების დატოვებას აპირებს ქალბატონი ირმა?

– უქმდება კორნელი კეკელიძის მიერ დაარსებული ძველი მწერლობის განყოფილება, ალექსანდრე ბარამიძის მიერ დაარსებული რუსთველოლოგიის განყოფილება, ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურის, ასევე ჟურნალისტიკისა და ქართული ემიგრანტული მწერლობის შემსწავლელი განყოფილებები. რჩება მხოლოდ ფოლკლორისტიკისა და ლიტერატურის თეორიის განყოფილებები, ხოლო დანარჩენი ათი განყოფილება ერთ განყოფილებაში ერთიანდება ქართული ლიტერატურის სახით. სხვათა შორის, ახალმა დირექტორმა ისიც მითხრა, ეს ყველაფერი კახა ლომაიამ და ბელა წიფურიამ გადაწყვიტესო.

– რა რეაქცია გქონდათ ყოველივე ამის მოსმენის შემდეგ?

– ირმას ვკითხე, არ გეუხერხულება, კორნელი კეკელიძის, გიორგი ლეონიძისა და ალექსანდრე ბარამიძის სავარძელში რომ ზიხარ-მეთქი?!

– ბატონო გურამ, სახელმწიფო უნივერსიტეტისა და რუსთაველის ინსტიტუტში მიმდინარე პროცესები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. არ მეთანხმებით?

– გეთანხმებით. უნივერსიტეტში 23 ფაკულტეტიდან დარჩა 6, რუსთაველის ინსტიტუტში – 13-დან მხოლოდ 3. თანაფარდობა ერთნაირია, ეს ერთი და იგივე ხელწერაა. ხომ გითხარით! კახა კორძაიამ რუსუდან ლორთქიფანიძესთან ერთად უნივერსიტეტი დაანგრია, მისი მეუღლე, ირმა რატიანი კი რუსთაველის ინსტიტუტს ანგრევს. ორივე შემთხვევაში დამკვეთი ერთია, ე.წ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კახა ლომაია.

– ამ საუბრის შემდეგ გადაწყვიტეთ ინსტიტუტიდან წამოსვლა?

– ქალბატონმა ირმამ მხარდაჭერა მთხოვა. თქვენ უნდა დამეხმაროთ ამ პროგრამების განხორციელებაშიო. მაგრამ, მე რომ ამ წინადადებას დავთანხმებოდი, ინსტიტუტის ნგრევის თანამონაწილე უნდა გავმხდარიყავი. მე თანხმობა უნდა განმეცხადებინა 120 ადამიანის ქუჩაში დატოვებაზე, იმის დანგრევაზე, რაც წლების განმავლობაში ჩემთვის საფიცარმა ადამიანებმა ააშენეს. ამიტომ ქალბატონ ირმას პირდაპირ ვუთხარი, რომ ინსტიტუტს ვტოვებდი.

– ბატონო გურამ, თქვენ არც სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსში იღებთ მონაწილეობას…

– მართალი ბრძანდებით. კონკურსში მონაწილეობას არ მივიღებ. პირადად ჩემთვის ძალიან დამამცირებელია, ნოდარ ლადარიას კომისიაში საბუთებისა და მონაცემების შეტანა და იმის მტკიცება, რომ მე პროფესორობის ღირსი ვარ.

– ბატონო გურამ, ხომ არ ნიშნავს ეს ყველაფერი იმას, რომ გზას, რომელიც 1963 წლიდან დღემდე რუსთაველის ინსტიტუტსა და უნივერსიტეტში განვლეთ, ასე უეცრად აქციეთ ზურგი?

– მე არც ინსტიტუტს და არც უნივერსიტეტს სამუდამოდ არ ვტოვებ. მივდივარ ისეთი რუსთაველის ინსტიტუტიდან, რომელიც კახა ლომაიას სანტექნიკურ აკადემიად გადაიქცა, მაგრამ დავბრუნდები კორნელი კეკელიძის, ალექსანდრე ბარამიძის, გოგლა ლეონიძის ინსტიტუტში. მე დავბრუნდები არა ლორთქიფანიძე-ხუბუას, არამედ – ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში!

– თქვენ ამის იმედი გაქვთ?

– რა თქმა უნდა! 2004 წლის 13 დეკემბერს უნივერსიტეტის დიდი საბჭოს წევრებმა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თითის ქნევითა და ფეხის ბაკუნით შეშინებულებმა, რუსუდან ლორთქიფანიძის არჩევით, ხმა მისცეს უნივერსიტეტის დანგრევას. მიუხედავად იმისა, რომ გიული ალასანიას მეგობარი და პრეზიდენტის პროტეჟე იყო, რუსუდან ლორთქიფანიძე უნივერსიტეტიდან გავაძევეთ. გია ხუბუასაც იგივე მოელის, მაგრამ გაცილებით მოკლე დროში! სხვათა შორის, არც ირმა რატიანს მოუწევს დიდ ხანს კორნელი კეკელიძის სავარძელში ჯდომა!

ნინო ღამბაშიძე
“ასავალ-დასავალი”, 3-9 ივლისი, 2006

გურამ შარაძე: ნამწყემსარი ხუბუას მოგონებანი

წერილი 27-

სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესზე წარმოდგენილმა “შოუმ” და უნივერსიტეტთან დაკავშირებულმა საპროტესტო მიტინგებმა ოპოზიციური პარტიების შეკავშირება გამოიწვია. აღშფოთებული ხალხი კიდევ ერთხელ გამოვიდა ქუჩაში, რამაც საბოლოოდ დაამსხვრია მითი ხელისუფლების ძლიერების თაობაზე. ამის მიუხედავად, პრეზიდენტი თავის გამოსვლაში კვლავ ბედნიერ მომავალზე ესაუბრება მოსახლეობას. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი ვთხოვეთ ცნობილ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს, აკადემიკოს გურამ შარაძეს.

– ბატონო გურამ, როგორ შეაფასებთ საქართველოს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლას ამერიკიდან დაბრუნების შემდგომ?

– ე.წ. ოპოზიციისაგან განსხვავებით, მე არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილის გამოსვლა ვითარების არაადეკვატური იყო. იგი ყველაფრის საქმის კურსშია. სააკაშვილი ასეთი დარდიანი ჯერ არ მინახავს, ხელოვნური გრიმასებით შემკული და შეშინებული. ის ღრმად დაფიქრებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, სწორედ ამიტომაც განერიდა აბობოქრებულ მოსახლეობას და სპეციალურად ხორვატიაში რამდენიმედღიანი სტუმრობის შემდეგ დაგვიბრუნდა. ერთადერთი ინფორმაცია, რაც მოვისმინე, ის არის, რომ, თურმე, ჯორჯ ბუშს დღემდე ახსოვს თბილისიდან გამოყოლილი ხინკლის გემო და ცეკვა “კინტაური”. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის ინტერესს საქართველოსადმი, როგორც სამხედრო პოლიგონისადმი ირანის წინააღმდეგ საბრძოლველად და მეტი არაფერი. საქართველოს ნატოში გაწევრიანება ამერიკას რუსეთის გულის გასახეთქად რომ უნდა, ყველამ ვიცით, მაგრამ თავად ნატო როდის მიიღებს საქართველოს, ეს ძალზე შორეული პერსპექტივაა. რისთვის გვჭირდება ამერიკის ან ევროპის შუამავლობა, თუ რუსეთის პირისპირ შეგვატოვებენ და საერთო ენის გამონახვას გვირჩევენ, განა რუსეთს მათ გარეშე ვერ დაველაპარაკებით?

– რას გვეტყვით პოლიციის მიერ დმანისის ეპარქიაზე თავდასხმის შესახებ?

– ეს გამიზნული დარბევა გახლდათ. სამწუხაროდ, ბრძოლა მართლმადიდებლობისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ ისევ გრძელდება. ამ თავდასხმით ხელისუფლებამ პატრიარქს უნივერსიტეტის მხარდაჭერა არ აპატია. მახსენდება, პარლამენტში მოქკავშირელმა დეპუტატმა ვანო მერაბიშვილმა, როდესაც პარლამენტის წევრები ვიყავით, დერეფანში გამაჩერა და ამაყად მითხრა – ბატონო გურამ, მე კათოლიკე ვარ და აბა, გაბედეთ, დამიპირისპირდითო! მე განვუცხადე, კათოლიკობა თქვენი პრობლემაა და ამაზე მეტი რაღა უნდა დაგემართოთ-მეთქი? რა თქმა უნდა, ბატონმა ვანომ ვერ აიტანა ჩემი ბრძოლა იეღოველთა და სხვა სექტების წინააღმდეგ, რომელსაც აქტიურად ვაწარმოებდი. ამის შემდეგ მათგან ეკლესიების დარბევა და შეურაცხყოფა როგორ უნდა გაგიკვირდეს? მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ ასე ჰაი-ჰარად შერჩათ გლდანის მართლმადიდებელი ეკლესიის დარბევა და მამა ბასილის ციხეში გამომწყვდევა!!!

მართლმადიდებლურმა მრევლმა ყველაფერი უნდა ვიღონოთ და პატრიარქის გარშემო გავერთიანდეთ, რათა დავიცვათ ჩვენი დედა-ეკლესია. ვიცი, ხელისუფლებას კათოლიკოსის ტახტზე საკუთარი კანდიდატის ხილვა სურს, მაგრამ ვერ მოესწრებიან, არაფერი გამოუვათ.

– რა ელის ქართულ უნივერსიტეტს, გადარჩება იგი თუ არა?

– ხუბუა ერთი პატარა პაიკია, რომელიც ფინიის ერთგულებით ასრულებს ქართული უნივერსიტეტის დანგრევის ბრძანებას და პროფესორ-მასწავლებელთა რიცხვს 600 კაცამდე ამცირებს. ხელთ მაქვს მის მიერ გამოცემული წიგნები “სამართლის თეორია” და “ფედერალიზმი”, როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი”. აი, როგორ ქადაგებს საქართველოს კუთხეებად დაშლის თეორიას ბატონი ხუბუა. თუმცა, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ორივე წიგნის გამოცემა თაღლითი და ანტიქართველი ჯორჯ სოროსის ფონდის თანხებით არის დაფინანსებული და უსაფოდ არიგებენ, ოღონდ შეაღწიოს მკითხველ საზოგადოებაში და მოწამლოს მისი ცნობიერება. გია ხუბუას განსწავლულობა და სამუშაო სტაჟი თქვენივე გაზეთის ფურცლებზე კარგად გაგვაცნო მისმა მშობელმა დედამ, როცა თავისი შვილი თხების, ძროხებისა და ღორების ერთგულ მწყემსად დაახასიათა. ეტყობა, ბატონი ხუბუა თხების მწყემსობის დროინდელი მოგონებებიდან ვერ გამოსულა და თავის სპეციალურ ტესტებში მემკვიდრეობითი სამართლის შესახებ ისევ თხების მოშენებით ძმებს შორის დაგროვებული ქონების განაწილების შემთხვევა გამოიყენა. მთელი მისი შემოქმედება და ფანტაზია თხებს ვერა და ვერ გასცდა! ეს ადგილიც ხუბუას ამ უბადრუკი წიგნიდანაა:

“იყო სამი ძმა ა, ბ, და გ; ა და ბ ხელოსნები იყვნენ. ნაბოლარა გ-ს ხელობა არ უსწავლია. ძმებმა გადაწყვიტეს მას დახმარებოდნენ თხების მოშენებაში. ა-მ თავისი 30 თხიდან გ-ს მისცა 5, ხოლო ბ-მ თავისი 3 თხიდან – ერთი.

8 წლის განმავლობაში გ-მ წარმატებით მოაშენა თხები და ჰყავდა უკვე 132 თხა, როდესაც მოულოდნელად გარდაიცვალა ისე, რომ ანდერძი არ დაუტოვებია. ა-სა და ბ-ს ასეთი წარმატება თხების მოშენებაში არ ჰქონიათ. როდესაც გ გარდაიცვალა, ა-ს ჰყავდა 50, ხოლო ბ-ს – 10 თხა. გ-ს ძმების გარდა არ ჰყოლია სხვა ნათესავი. ა და ბ შეიკრიბნენ და ბჭობენ, თუ როგორ გაიყონ 132 თხა. კანონით მოწესრიგებული სამემკვიდრეო და სამოქალაქო სამართალი მაშინ არ იყო. რაც უფრო დიდხანს თათბირობდნენ ძმები, მით უფრო ვერ წყვეტდნენ ამ საქმეს. გაყოფის რამდენიმე ვარიანტი ძმებმა თვითონ მოიფიქრეს, ზოგიერთი კი ჭკვიანმა მეგობრებმა ურჩიეს.

I კითხვა: მოიფიქრეთ განაწილების შესაძლო ვარიანტები.

II კითხვა: (ქვემოთ) მითითებული განაწილების შესაძლო ვარიანტებიდან რომელი მიგაჩნიათ სამართლიანად და რატომ?

განაწილების შესაძლო ვარიანტები:

ვარიანტი I

თითოეული ძმა მიიღებს -ს მიერ დატოვებული 132 თხის ნახევარს. მაშასადამე, თითოეული მიიღებს 66 თხას.

ვარიანტი II

თითოეული ჯერ მიიღებს იმდენ თხას, რამდენიც მათ თავის დროზე მისცეს -ს, მაშასადამე, – 5 თხას, ხოლო – 1-ს. დანარჩენი (132-6=126) შუაზე გაიყოფა. მაშასადამე, მიიღებს 5-63=68 თხას, ხოლო მიიღებას 1+63=64 თხას.

ვარიანტი III

-ს აზრით, აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ რა ნაწილი დაუთმეს მათ თავიანთ ძმას, როდესაც გადაწყვიტეს თხის მოშენებაში დახმარება. -მ თავისი კუთვნილი თხებიდან -ს მისცა 1/3, ხოლო-მ მხოლოდ 1/6. ანუ -ს “დახმარების კვოტა” ორჯერ აღემატება -სას. შესაბამისად, განაწილება უნდა მოხდეს 1/3:1/6=2:1. ამ შემთხვევაში მიიღებს 88, ხოლო – 44 თხას.

ვარიანტი IV

III ვარიანტს უსამართლოდ მიიჩნევს. როდესაც ძმები ვერ შეთანხმდნენ, მათმა მეგობარმა წამოაყენა შემდეგი წინადადება: რადგანაც-მ -ს თავისი თხების 1/3 დაუთმო, ახლა მან უნდა მიიღოს -ს თხების 1/3, მაშასადამე, 132:3=44 თხა. -მ -ს თავისი თხების 1/6 დაუთმო. შესაბამისად, მან უნდა მიიღოს 132:6=22 თხა. დარჩენილი 66 თხა ძმურად უნდა იქნეს გაყოფილი შუაზე. მაშასადამე, მიიღებს 22+33=55 თხას, ხოლო მიიღებს 44+33=77 თხას.

ვარიანტი V

-მ წამოაყენა წინადადება, რომ გაყოფის საფუძველი უნდა იყოს -სთვის მიცემული თხების თანაფარდობა, 5(ა):1(ბ). შესაბამისად, გათვალისწინებული იქნებოდა “საწყისი კაპიტალი”, რომელიც ძმებმა გაიღეს თხების მოშენებაში. სქემით 5:1, მიიღებს 110 თხას, ხოლო – 22 თხას.

ვარიანტი VI

-მ წამოაყენა განსხვავებული წინადადება. მისი აზრით, უფრო სამართლიანია, თხების ნახევარი გაიყოს სამკვიდრო თვალსაზრისით, ხოლო ნახევარი წმინდა საქმიანი კუთხით, ჩადებული კაპიტალის გათვალისწინებით (5:1) ან გაღებული კვოტით (1/6:1/3=1/2), შესაბამისად, ძმები მიიღებენ:

ა) სამემკვიდრეო ნახევარი (132:2=66): =33; =33.

ბ) სამეწარმეო ნახევარი -სთვის 66:6X5=55; -სთვის 66:61=11.

გ) კვოტის გათვალისწინებით: – 66:3=22; – 66X2:3=44.

ვარიანტი VII

ნაცნობი მოსამართლე რჩევას იძლევა, რომ და მოიქცნენ ისე, თითქოს მათ -სთვის თხა საერთოდ არ მიუციათ. ამ შემთხვევაში, 25 თხიდან მოაშენებდა 50-ს, ანუ გააორმაგებდა თავის ფარას, 30 თხის შემთხვევაში მას შეეძლო 60 მოეშენებინა, ანუ მიიღებს ჯერ 10-ს. -მ შეძლო თავისი ფარის ხუთჯერ გაზრდა. სამი თხის შემთხვევაში მას შეეძლო…” – და ასე გრძელდება ეს სამარცხვინო კაზუს-მოგონებანი ივანე ჯავახიშვილის სავარძელში ჩაბრძანებული თხების ნამწყემსარი რექტორისა. ვაი, სირცხვილო. ლუარსაბ ანდრონიკაშვილისა და თინათინ წერეთლის ქართველ იურისტთა სახელოვანი სკოლიდან როგორ გამოვიდა ასეთი სოროსოიდი.

– რატომ ვერ ელევა სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს, ნუთუ ასეთი განძია იგი დღევანდელი ხელისუფლებისთვის?

– მე, როგორც შვილმოკლულ მამას, ალბათ, სხვებზე უფრო მეტად მესმის ქალბატონ ირინე ენუქიძის და ყველა იმ მშობლის, რომელთა შვილებიც მერაბიშვილის “სიკვდილის ბრიგადების” თარეშს შეეწირნენ, მაგრამ მაინც მგონია, პრეზიდენტს შს მინისტრი გაწირული ჰყავს, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის გადასარჩენად იგი ამას გააკეთებს მთავრობის მთლიანი გუნდის გადაყენებით, რათა კარგად შეფუთოს ოპოზიციის წინაშე თავისი იძულებითი კომპრომისი.

საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების სკამები სერიოზულად შეირყა. მიზეზი ისაა, რომ უსწავლელი, თავხედი და გამოუცდელი ახალგაზრდები მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. დავით კირკიტაძე, რომელმაც პარლამენტის დაცვის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ციხეში წასვლის მაგიერ სიტუაციიდან ბოდიშის მოხდით გამოვიდა და ამის გამო პრეზიდენტმა ის გმირად შერაცხა (?!). რა სიკეთე უნდა ელოდეს ქართველ ერს ასეთი ხალხისგან? უზნეო და უვიც ადამიანებზე საშიში ქვეყნად არაფერია. მიხეილ სააკაშვილს თავისი გუნდის წევრებზე უარესი მტერი საქართველოში არ ჰყავს!

– როგორ ფიქრობთ, რამდენად გამართლებულია ასეთ რთულ ვითარებაში პრეზიდენტის ორი კვირით რეზერვისტთა ბანაკში წასვლა?

– მისგან ეს არასერიოზული განცხადება არ გამკვირვებია. უარესიც მოვისმინე, როცა პატრიოტთა ბანაკის 16-17 წლის ახალგაზრდებსაც და უფრო უმცროსებსაც პრეზიდენტმა ბუჩქებში კოტრიალისკენ მოუწოდა. რეზერვისტთა ბანაკებს სააკაშვილის ხელისუფლების დაცვის სერიოზული ფუნქცია აკისრიათ. მხოლოდ ოქრუაშვილს ან მერაბიშვილს პრეზიდენტი ბოლომდე არ ენდობა. ამათი მთავარი პრობლემა ის არის, რომ მამა-მარჩენალი სოროსიც გადაუდგათ, რომელიც დღეს უკვე რესპუბლიკელებს, კონსერვატორებსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აფინანსებს სააკაშვილის ჩამოსაგდებად. ეს ვითომ ოპოზიციონერები ახლა ძია ჯორჯის ფავორიტთა შორის იმყოფებიან. რასაც მე 2003 წლის ნოემბრიდან ვამბობდი, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, იგივე გაიმეორა ამჟამად სოროსმა სტამბოლში თავისი გამოსვლისას.

– რას იტყვით სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე ანტიქართულ პროცესებზე და რით ახსნით იმ ფაქტს, რომ არცერთი დამნაშავე სეპარატისტი ჯერ დასჯილი არ არის, იმის მიუხედავად, რომ ვიდეოკადრებზე მათი არაერთი დანაშაულია დაფიქსირებული?

– სანამ ყველაზე დიდი დაშნაკი და ქართველთმოძულე ვან ბაიბურთი საქართველოს პარლამენტში იჯდება და ნაცმოძრაობის წევრობით თავს მოიწონებს, მანამ არაფერი გვეშველება. მან ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში კორესპონდენტის კითხვაზე – სომხურია თუ არა სიმღერები “ჩაკრულო” და “მრავალჟამიერი” – დადებითად უპასუხა, ხოლო შემდეგ, როცა ჟურნალისტი ჩაეკითხა, წამომცდაო თავი იმართლა (?!).

სწორედ აქ გამოჩნდა ყველაზე კარგად მისი შენიღბული ანტიქართული ბუნება.

– როგორ განვითარდება მოვლენები?

– სააკაშვილი ხშირად საუბრობს მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევის თაობაზე და გეგმებსაც გვაცნობს, თუ რას გააკეთებს მომავალში. საზოგადოებისათვის ამის ხშირი შეხსენება იმის მანიშნებელია, რომ ძალიანაც აშინებს თავისი რეიტინგის მკვეთრი ვარდნა და წუხს, ვაითუ ხელმეორედ აღარ ამირჩიონო. როგორც წესი, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ადამიანს, ბოლოს ის დაემართება. სააკაშვილსაც ასე მოუვა!

გიორგი კილაძე
“ასავალ-დასავალი”, 17-23 ივლისი, 2006

გურამ შარაძე: კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიები მთაწმინდაზე უნდა დაიკრძალონ!

წერილი 28-ე

მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ლევილის სასაფლაოდან საქართველოშო დაჩქარებული წესით დიდი ქართველი მამულიშვილის ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი ჩამოასვენა და ამომრჩევლების წინაშე გვარიანი ქულებიც ჩაიწერა, არც ისე დიდი დრო გავიდა. დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშტზე მიდის გამალებული ვაჭრობა! დიახ, შესაძლოა, ზვიად გამსახურდიას ნეშტი შევარდნაძის შვილობილმა ხელისუფლებამ თავისი ბინძური პიარ-აქციით შებღალოს! ადამიანებისგან, რომლებმაც საქართველოში ჩამოსვენების შემდეგ დიდი ეროვნული გმირის საფლავი დაივიწყეს, არაფერია გასაკვირი, თუმცა, ეს ცალკე განსჯის თემაა და მე ამის ექსპერტად ვერ გამოვდგები… “ასავალ-დასავალი” აკადემიკოს გურამ შარაძეს ესაუბრა, რომელიც ჯიხაშკარში ზვიად გამსახურდიას ნეშტის მომპოვებელი და გროზნოში დასაფლავების ორგანიზატორი გახლდათ…

– თავს ვალდებულად ვთვლი, ქართველ ხალხს, საზოგადოებასა და არსებულ ხელისუფლებას შევახსენო, რა კავშირი მაქვს დღევანდელი საქართველოს ერთ-ერთი საჭირბოროტო საკითხის მოგვარებასთან, კერძოდ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ნეშტის გროზნოდან საქართველოში გადმოსვენებასთან. ეს ტრაგიკული ისტორია მაშინ იღებს სათავეს, როცა 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ცნობილი მოვლენების შედეგად სიგუა-კიტოვანი-იოსელიანის ბანდამ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება დაამხო და 1992 წლის 6 იანვარს, პრეზიდენტი ოჯახის წევრებთან და რამდენიმე უახლოეს მხლებლებთან ერთად თბილისიდან წავიდა. აქედან იწყება პრეზიდენტ გამსახურდიას ჩეჩნეთში დევნილობის ისტორია, რომელიც 1993 წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს მაღალმთიან სოფელში ტრაგიკულად დასრულდა.

მაშინ კოლხურ კოშკში ფაქტობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს ვმართავდი. მრავალათასიანი მიტინგის მონაწილეებმა ოფიციალურად, მეტიც, კატეგორიულად მთხოვეს სახელმწიფოს მეთაურ ედუარდ შევარდნაძესთან მივსულიყავი და დამედგინა, რა მოხდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ნამდვილად აღესრულა თუ არა პირველი პრეზიდენტი. სახელმწიფო მეთაურის აპარატის უფროსს, ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძეს მართლაც გადავეცი მრავალათასიანი მიტინგის მონაწილეთა ხელმოწერა, სადაც უამრავი ადამიანი ითხოვდა, რომ მე ვყოფილიყავი მათი წარმომადგენელი. იმავე საღამოს გამოყვეს თვითმფრინავი, მეორე დღეს კი უკვე გროზნოში გავფრინდი, სადაც პირველად ქალბატონ მანანას შევხვდი. არასოდეს დამავიწყდება გიორგი გამსახურდიას თვალცრემლიანი სახე – ძია გურამ, მამა დამიბრუნეო… შეხვედრა შედგა ჯოხარ დუდაევთანაც. ჩემს პირად არქივში ინახება ჩეჩნეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ვიდეოჩანაწერი, რომელიც დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა.

– რაზე ესაუბრეთ ჯოხარ დუდაევს?

– ზვიად გამსახურდიას როლზე კავკასიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიაში. ზვიადი მარტო საქართველოს არ ეკუთვნოდა, იგი მთელი კავკასიის შვილი იყოო – აღნიშნა მან როდესაც საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობას შევეხეთ. მითხრა, კაცი, რომლის თვალწინ დატრიალდა ეს ტრაგედია, ახლა, ჩემთან არისო, მაგრამ ვინ იყო ის პიროვნება, ეს საიდუმლო ჩემთან არ გაუმჟღავნებია. სწორედ მაშინ, ქალბატონმა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ მე ოჯახის წარმომადგენლის სტატუსით აღმჭურვა, ხოლო ჯოხარ დუდაევის თხოვნით, მას და საქართველოს ფაქტობრივ ხელისუფლებას შორის, ზვიად გამსახურდიას დაკრძალვის საკითხების ერთობლივად გადაწყვეტის საქმეში შუამავალი გავხდი.

შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომელშიც მეც შევედი. ქალბატონ მანანას მოთხოვნით, მევალებოდა, უზრუნველმეყო ნეშტის მოპოვება და არ გამეკარებინა სასეიროდ და ფულის გასაკეთებლად თბილისში მობილიზებული მსოფლიოს პრესის წარმომადგენლები. მისი სურვილი იყო, ამეყვანა ერთი ტელეოპერატორი, რომელიც ისტორიისათვის ერთ ეგზემპლარად გადაიღებდა გადმოსვენების კადრებს და ის იქნებოდა ოჯახის საკუთრება.

– საქმე საქართველოს პრეზიდენტს ეხებოდა. არ სჯობდა, ყველა ოპერატორისთვის მიგეცათ უფლება, ეს ისტორიული კადრები ფირზე აღებეჭდათ? სად ერთი ოპერატორის და სად უამრავი ოპერატორის თვალით დანახული რეალობა…

– ჩვენ ხომ არ ვიცოდით, პრეზიდენტი რა მდგომარეობაში და როგორ იყო დაკრძალული?! ვალდებული ვიყავით, ეს ისტორიისათვის ფირზე დაგვეფიქსირებინა, მაგრამ ვიმეორებ – არ გვსურდა ვიღაცეებისთვის ფულის კეთების საშუალება მიგვეცა და გვესეირებინა.

ბატონი ზვიადი სამეგრელოს მაღალმთიან სოფელში, იქაური გლეხის ვალიკო ზარანდიას თავლაში იყო დასაფლავებული და ზედ დაყრილი ჩალისა და თივის ზვინებით გახლდათ შენიღბული… დადგინდა, რომ განსვენებული სწორედ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ნეშტი იყო. ეს ბატონმა ვახტანგ ბოჭორიშვილმა და ქალბატონმა თამარ დეკანოსიძემაც დაადასტურეს.

– თქვენ მიერ მოყვანილი ფაქტები საზოგადოებისთვის, ასე თუ ისე, ცნობილია…

– ამ ფაქტების გახსენებით იმის თქმა მსურს, რომ პასუხისმგებლობა, რომელიც ისტორიისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახის წინაშე ავიღე, შევასრულე – მოვიპოვე ზვიად გამსახურდიას ნეშტი, მოვახდინე მისი იდენტიფიკაცია და ნეშტი გროზნის მიწაში ჩავასვენეთ. ამის მერე უკვე აღარაფერი ვიცი.

– რისი თქმა გსურთ ამით, ბატონო გურამ?

– მოგეხსენებათ, ამ მოვლენების შემდეგ გროზნოში რა პროცესებიც განვითარდა. დაიწყო რუსეთის ომი ჩეჩნეთში და კვლავ დადგა პრეზიდენტ გამსახურდიას საფლავის დაკარგვის საფრთხე, რის გამოც ზვიად გამსახურდია სხვა ადგილას გადაასვენეს, რომლის საიდუმლოება მხოლოდ ორმა თუ სამმა ადამიანმა იცის. ამით იმის თქმა მინდა, რომ არის საფრთხე, ზვიად გამსახურდიას ნეშტის ნაცვლად საქართველოში სრულიად სხვა პიროვნების ძვლები შემოგვასაღონ.

– რატომ გეპარებათ ეჭვი?

– ერთი საიდუმლო უნდა გავუმხილო “ასავალ-დასავალს”. არ ვიცი, ხვალ რა მომივა და არ მინდა, ეს საიდუმლო მიწაში წავიღო. ჩემს მასწავლებელთან, აკადემიკოს ალექსანდრე ბარამიძესთან უკრაინიდან სტუმრად იყო ჩამოსული დავით გურამიშვილის ბიოგრაფიის, მისი შემოქმედების მკვლევარი დმიტრო კოსარიკი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა დავით გურამიშვილის საფლავის მოძიებასა და მირგოროდში მის გახსნას. მე ამ ორი დიდი პიროვნების საუბრის მოწმე გავხდი ლიტერატურის ინსტიტუტში, როცა მე სწავლული მდივანი ვიყავი. კოსარიკმა აღნიშნა, რომ ის საფლავი, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, რეალურად შეიძლება არც იყოს დავით გურამიშვილისო; ჩვენ გვინდოდაო – დასძინა მან, მეტიც, ხელისუფლების პოლიტიკური ნება იყო, რომ სიმბოლური საფლავი შექმნილიყო ორი ხალხის ძმობის ნიშნად, ანუ შეიძლება იმ საფლავში სულაც არ იყოს დავით გურამიშვილის ძვლები. საერთოდ, კიდევაც რომ იყოს, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ დავითის ძვლების გადმოსვენებისა. წინააღმდეგი ვიყავი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტის გადმოსვენებისაც, რის გამოც ოჯახის წევრებსაც ვაწყენინე. ვამბობდი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი ლევილიდან იმას აკეთებს, რასაც მთაწმინდიდან ილია ჭავჭავაძე-მეთქი. ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი. დღეს უპატრონოდ არის ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავი მიტოვებული!

– ძალიან საინტერესო ფაქტი გაამხილეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ ეჭვი შეიტანოთ ზვიად გამსახურდიას ნეშტის ნამდვილობაში…

– კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გროზნო არის მიწასთან გასწორებული, სავსე არის საფლავებითა და ძვლებით. ვშიშობ, გურამიშვილის საფლავის ისტორიიდან გამომდინარე, აქაც რაიმე გაუგებრობა არ მოხდეს.

– რას სთავაზობთ ხელისუფლებას, რომელიც გამსახურდიას ნეშტის საქართველოში გადმოსვენებას აპირებს?!

– ეს არ უნდა მოხდეს ერთი-ორი კაცის, თანაც ამ საქმისგან შორს მდგომი ხელისუფლების წარმომადგენლების ხელმძღვანელობით. რახან ისტორიამ მე მარგუნა წილად საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშტის მოპოვება და დასაფლავება. ვალდებული ვარ, მას ბოლომდე ვუპატრონო, მშვიდად ვიყო საკუთარ სინდისთან, თუმცა, წინასწარ დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება არ გამაკარებს ამ კომისიას… ეს ყველაფერი მაფიქრებინებს იმას, რომ პრეზიდენტ გამსახურდიას ნეშტის გადმოსვენება სახელისუფლებო პიარისა და ნულამდე დაყვანილი რეიტინგის ასაწევად ხდება. ხელისუფლებაში არ არის ზვიად გამსახურდიას ერთგული და მოყვარული ხალხი, მეტიც, დღეს ქვეყნის სათავეში ზვიადის ძვლებით მოვაჭრე ადამიანები არიან! მაგათ რომ რეალურად შესტკიოდეთ გული ზვიად გამსახურდიაზე, ჯერ მის მკვლელობას გამოიძიებდნენ! არ უნდა მოხდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნაჩქარევად გადმოსვენება, როგორც ეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის შემთხვევაში გაკეთდა. თუ მაინცდამაინც მიიღეს მისი გადმოსვენების გადაწყვეტილება, მანამდე ხელისუფლებას ვუყენებ რამდენიმე კატეგორიულ მოთხოვნას:

1. უნდა ამუშავდეს პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობის გამომძიებელი კომისია და დადგინდეს მისი მკვლელების ვინაობა;

2. უნდა აღდგეს კოლხური კოშკი;

3. უნდა შესრულდეს ვახტანგ ბოჭორიშვილის, ელიზბარ ჯაველიძისა და ჩემი დიდი ბრძოლის შედეგად საქართველოს პარლამენტის მიერ ამ 5 წლის წინ მიღებული დადგენილება პირველი პრეზიდენტის ოჯახის სათანადო ღირსებით დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის შესახებ;

4. გროზნოდან ლარსამდე მოყვანის შემდეგ, სტეფანწმინდა-ყაზბეგიდან თბილისამდე ქართველმა ხალხმა უნდა შექმნას ცოცხალი დერეფანი და პირველი პრეზიდენტის ნეშტი ხელით იქნას ჩამოსვენებული საქართველოს დედაქალაქში.

ეს ადამიანი ამას იმსახურებს! როგორც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლეში გაათავისუფლა საქართველო ბოლშევიკური რეჟიმისაგან, ახლა მისმა სულმა და ძვლებმა უნდა გააერთიანოს უფსკრულის პირას მისული, დაშლილი და გაპარტახებული მამული!

მოვითხოვ: ქალბატონი მანანა არჩვაძე-გამსახურდია და შვილები და მე, როგორც პრეზიდენტ გამსახურდიას ნდობით აღჭურვილი პირი (ამის დოკუმენტი არსებობს), აუცილებლად ვიყოთ იქ, საიდანაც ზვიად გამსახურდიას ნეშტის გადმოსვენება მოხდება. ასევე, აუცილებლად უნდა მიასვენონ ბატონი ზვიადის ნეშტი კოლხურ კოშკში. ბევრი ამბობს, კოლხური კოშკი ხომ დანგრეული და გაპარტახებულიაო?! სწორედ, მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რაც გააკეთა ამ ხელისუფლების მშობელმა წინა ხელისუფლებამ! როგორ განდევნეს საქართველოდან კანონიერი პრეზიდენტი ოჯახთან ერთან და მერე როგორ გაასწორეს მიწასთან კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების სახლ-მუზეუმი.

ამის შემდეგ მთაწმინდაზე უნდა დაიკრძალოს ბატონი ზვიადი, სადაც ილია, ვაჟა, აკაკი, გალაკტიონი, ექვთიმე, მერაბი და სხვა დიდი მამულიშვილები განისვენებენ. ამბობენ, მთაწმინდის მიწა ეროზიულია და ჩამონგრევის საფრთხის წინაშე დგასო! თუ ასეა, დროა, ამაზე შემოვკრათ განგაშის ზარები და ზვიად გამსახურდიას მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვასთან ერთად ხელისუფლებამ გამაგრებითი სამუშაოებიც დაიწყოს.

აქვე მინდა მოკრძალებით შემოგთავაზოთ ჩემი ასეთი წინადადებაც: მთაწმინდაზე ზვიადთან ერთად დაიკრძალოს დიდი ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია. შეიძლება ვინმემ იკითხოს, ამით ხომ ვარღვევთ ბატონი კონსტანტინეს ანდერძსო, მაგრამ ცნობილია, რომ ბატონმა კონსტანტინემ მთაწმინდაზე დაკრძალვაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ იქ სანამ ილიას მკვლელი ფილიპე მახარაძეა დასაფლავებული, ჩემი ადგილი იქ არ არისო.

მაგრამ ამის შემდეგ დიდი კონსტანტინეს ვაჟმა – საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მთაწმინდაც გაათავისუფლა ფილიპე მახარაძის საფლავისაგან და სრულიად საქართველოც – ბოლშევიკური რეჟიმისაგან!

ამიტომ, ვფიქრობ, დადგა დრო, აღსრულდეს ქართველი ხალხის ნება და მთაწმინდის უკვდავ ბინადართა გვერდით დაიკრძალონ უკვდავი მამა-შვილი – უპირველესი ქართველი მწერალი და უპირველესი საქართველოს პრეზიდენტი – კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიები!

ვიმეორებ, ეს არის ჩემი მოკრძალებული წინადადება და მას თავზე არავის ვახვევ!

ვსარგებლობ შემთხვევით და მსურს, ბოდიში მოვიხადო ქალბატონ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას წინაშე, რომ ამ ჩემს მოსაზრებას გაზეთის საშუალებით იგებს.

ნატო ფოცხიშვილი

ასავალდასავალი”, 24-30 ივლისი, 2006

გურამ შარაძე: “ილიას წმინდა სისხლმა გადაარჩინა XX საუკუნის ბოლშევიკურ-ათეისტური საქართველო, ზვიადის წმინდა სისხლი გადაარჩენს XXI საუკუნის მასონურ საქართველოს!”

წერილი 29-ე

ცნობილმა მეცნიერმა, საზოგადო მოღვაწემ და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა გურამ შარაძემ აკაკი წერეთლის ცხოვრებას, მოღვაწეობასა და შემოქმედებას ვრცელი მონოგრაფია უძღვნა. უნიკალური ფოტომასალითა და იშვიათი საარქივო დოკუმენტებით ილუსტრირებული წიგნი-მონოგრაფია, რომელიც ქართული პოლიგრაფიის შედევრად შეიძლება ჩაითვალოს, თითოეული ქართველის ოჯახში უნდა იდოს!.. ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ორტომიანი მონოგრაფიის გამოცემის შემდეგ გურამ შარაძის “აკაკი წერეთელი” აუწონავი და შეუფასებელი საჩუქარია შთამომავლობისთვის, რომელიც, ახლა, ამ სისხლიან და სამარცხვინო ეპოქაში განსაკუთრებით უნდა დააფიქროს საქართველოს უახლესი ისტორიის ავბედითმა ნიშანსვეტმა, – წიწამურის გასროლამ!.. საქართველომ უნდა იცოდეს, რომ აკაკი წერეთელს თბილისში სახლი არ ჰქონია!.. საქართველომ უნდა იცოდეს, რომ ილია თბილისში თავისი დის სახლში ცხოვრობდა!.. საქართველომ უნდა იცოდეს, რომ ილიას გარეშე აკაკის ჩანგური დადუმდებოდა, ხოლო რომ არა აკაკი, მარტოკაცი ილია წიწამურამდე დიდი ხნით ადრე შეეწირებოდა რუსეთის იმ რეაქციულ პოლიტიკას, რომლის აღმსრულებლებიც დღემდე არც მოსკოვში დაილია, არც სანკტ-პეტერბურგსა და არც თბილისში!.. ილია სიცოცხლეშივე იყო აკაკის უდიდესი დამფასებელიც და შემფასებელიც, ხოლო თუ რა სიტყვები აღმოხდა მოხუცი აკაკის ბაგეს, როცა ილიას ცხედარს მთაწმინდისკენ მიასვენებდნენ, სამთელქვეყნოდ ცნობილია!.. ილიას მკვლელობამდე ორმოცზე მეტი წლის წინ თქვა აკაკი წერეთელმა – “ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ!” – თვალცრემლიანი მოხუცი მგოსნის ეს საბედისწერო ამოძახილი მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში – 1921, 1924, 1937, 1991 წლებში – ისმოდა რუსთაველის პროსპექტზე, სადაც ქართველები ზარბაზნებს ესროდნენ ერთმანეთს, აფხაზეთში, ცხინვალის მისადგომებთან და ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში, ოცდათერთმეტი დეკემბრის გათენება რომ არ აღირსეს ზვიად გამსახურდიას!.. “ილია და აკაკი” – ეს ორი სახელი საქართველოს ისტორიას ბედისწერასავით აედევნა და ამ ორ სახელს ისევე ვერ დააშორებენ ერთმანეთს, როგორც უკუნითი უკუნისამდე არ მოიშლება ერთიანობა წმიდა სამებისა!.. ისინი გენიოსები იყვნენ, საქართველოსთვის შეფიცულები და შეწირულები!.. ისინი დიდი ადამიანები იყვნენ, თავიანთი ადამიანური სისუსტეებითა და სიძლიერით!..

გურამ შარაძე: – ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე მინდა განვაცხადო, რომ ილიასა და აკაკის ცხოვრების, შემოქმედებისა და მოღვაწეობის კვლევას აგერ უკვე ოცდაათი წელი შევალიე!.. ლიტერატურის ინსტიტუტში მე დავიწყე ილიას ოცტომეულის აკადემიური გამოცემის მომზადება, რომლის პირველი ოთხი ტომი უშუალოდ ჩემი რედაქტორობით გამოვიდა. ამით იმის თქმა მსურს, რომ ილიას შემოქმედების შესწავლა მონოგრაფიის გამოცემით არ დამიწყია!.. მოგეხსენებათ, საქართველოს ჰყავდა უდიდესი მკვლევარი, პატრიოტი, ისტორიკოსი და ფილოლოგი პავლე ინგოროყვა, რომელმაც ფილიპე მახარაძის საქართველოში შეუძლებელი შეძლო და ილია ჭავჭავაძის თხზულებები აკადემიურად პირველად მან გამოსცა. ეს იყო ილიას ათტომეული, რომელსაც წლების განმავლობაში ხვეწდა ბრწყინვალე გუნდი მკვლევარ-მეცნიერებისა. მათი ყოველი შენიშვნა, შესწორება სიმფონიაა აზროვნებისა. 70-იან წლებში, როცა ლიტერატურის ინსტიტუტის ტექსტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად დავინიშნე, ჩემი მასწავლებლის, აკადემიკოს ალექსანდრე ბარამიძის უშუალო დავალებით ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის მომზადება დავიწყე. ასე იქცა პავლე ინგოროყვას მიერ მომზადებული ათტომეული, ოცტომეულად! პავლე ინგოროყვას შემდეგ იმდენი იყო დაგროვილი ილიას უცნობი თხზულებები, რომ ოც ტომშიც კი ძლივს ჩავატიეთ მისი შემოქმედება! ფასდაუდებელი შრომა გასწია ქალბატონმა თამარ მაჭავარიანმა. არ შეიძლება არ გავიხსენო მაშინდელი გამსახკომის თავმჯდომარე ბატონი რეზო ღლონტი, რომლის გარეშეც ჩემი ილიას ორტომეული კომუნისტების დროს არ გამოიცემოდა! თუმცა ხელის შეშლაც ბევრი იყო. მაგალითად, 1987 წელს ილიას 150 წლის იუბილეზე, რომლის აღსანიშნავადაც აფრიკის რომელიღაც ქვეყნიდანაც კი ჩამოვიდა სტუმარი და ამ გრანდიოზული იუბილესთვის მზადება 1982 წლიდან, ხუთი წლით ადრე დავიწყე, ჯუმბერ პატიაშვილმა წესიერი მოსაწვევიც კი არ გამომიგზავნა, რომ ფილარმონიაში საიუბილეო საღამოზე შევსულიყავი. სტუმრებს დაუმალეს ილიას ცხოვრებაზე დაწერილი ჩემი მონოგრაფიის პირველი ტომი, სამაგიეროდ, ჩამოარიგეს ქართული ხურჯინები, რომელშიც ბოთლებად და ბუკლეტებად შეფუთული ჩაელაგებინათ ჩვენი კულტურა. ერთ-ერთ შეხვედრაზე, ე.წ. “გოდიქსში” მე მივედი და გამოვაცხადე, – აი, ამ წიგნს, ილია ჭავჭავაძეზე დაწერილს, თქვენ გიმალავენ-მეთქი! ყველას საჩუქრად ჩამოვურიგე მონოგრაფია ილიას შესახებ”. ამის შემდეგ ლიტერატურის ინსტიტუტში ერთმა კაცმა განყოფილების ხელმძღვანელობიდან მომხსნა და ჩემს მიერ მომზადებული ილიას ოცტომეულის რედაქტორობაც სხვას გადააბარა.

– ბატონო გურამ, ვინ იყო ეს კაცი?

– გარდაცვლილია და არ მინდა მისი სახელი ვახსენო! მინდა მოგახსენოთ, რომ პოსტსაბჭოთა საქართველოში პირველი ეროვნული, სახელმწიფო პრემია მე მომანიჭეს ილიაზე დაწერილი ორტომიანი მონოგრაფიისათვის. თავიდანვე იყო გამოცხადებული, რომ ვაპირებდი ექსვტომეულის გამოცემას ილიაზე, აკაკიზე, ვაჟასა და იაკობზე. ხალხმა მაშინ ეს წიგნები გამოიწერა და ფულიც გადაიხადა, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალებამ და განუკითხაობამ, რომელმაც დააქცია საქართველო, ის ფულიც დაუკარგა ხალხს და მეც მომისპო წიგნების გამოცემის საშუალება. მიუხედავად ამისა, შრომა არ შემიწყვეტია და ახლაც თავაუღებლივ ვმუშაობ. ღვთის შეწევნით, ალბათ, გამოვცემ აკაკისადმი მიძღვნილი მონოგრაფიის მეორე ტომს, ხოლო თითო-თითო ტომი დაეთმობა ვაჟასა და იაკობს!..

– ბატონო გურამ, როგორ მოახერხეთ ასეთი უნიკალრი მონოგრაფიის გამოცემა, თქვენი “აკაკი წერეთელი” მართლაც სამაგალითოა!..

– ისევე, როგორც ვერ დავასახელებ იმ კაცის გვარ-სახელს, ვინც ილიას ოცტომეულის გამოცემაში შემიშალა ხელი, ვერც იმ პიროვნების ვინაობას გავთქვამ, ვინც “აკაკი წერეთლის” დაბეჭდვა დააფინანსა. სპონსორმა სიტყვა ჩამომართვა, რომ მის სახელს არ გავამჟღავნებდი! სახარება გვასწავლის, – არ არის დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს! ალბათ, გაიგებთ იმ მადლიანი კაცის ვინაობას. აკაკისადმი მიძღვნილი მონოგრაფიის ორ ტომს კიდევ დაემატება სამი ტომი. ამათგან, ერთ-ერთ ტომში მინდა მთელ საქართველოს ვუჩვენო იმ ფანტასტიკური იუბილეს დეტალები, რომელიც ხუთი წელი გრძელდებოდა. დიახ, აკაკის იუბილეს აღნიშვნა 1908 წელს დაიწყო და 1913 წელს დასრულდა, რასაც პრეცედენტი არ გააჩნია მსოფლიო ისტორიაში. აკაკის გრანდიოზული იუბილე გადაუხადა მთელმა მსოფლიომ, როგორც მისი თანდასწრებით, ასევე დაუსწრებლად!

– რომელმა ქვეყნებმა და ქალაქებმა აღნიშნეს აკაკის იუბილე?

– აკაკის 1908 წლის 7 დეკემბერს თბილისში გადაუხადეს ბრწყინვალე იუბილე, 14 დეკემბერს ქუთაისში ჩავიდა აკაკი, ხოლო 21 დეკემბერს მას არნახული შეხვედრა გაუმართეს ბაქოში აზერბაიჯანელებმა. აკაკის იუბილე აღნიშნა პეტერბურგმა, მოსკოვმა, კიევმა, ხარკოვმა, ოდესამ, პარიზმა, ბრიუსელმა, რომმა, ჟენევამ, სტამბოლმა. მოსკოვსა და პეტერბურგში იუბილეზე აკაკი პირადად ჩავიდა. ის ჩავიდა აგრეთვე პარიზსა და სტამბოლში. მთელი რუსეთის წამყვანმა გაზეთებმა, ასევე ევროპულმა პრესამ ფართოდ გააშუქა აკაკის იუბილე. აკაკის უწოდებდნენ “საქართველოს უგვირგვინო მეფეს”, “ქართველების პუშკინს”, “ქართველების საადის”. პარიზის გაზეთები იმ დღეებში წერდნენ, – აკაკი წერეთელი არის ქართველების ჰიუგო. ჩვენ, ფრანგებმა ვერ გადავუხადეთ ჰიუგოს ისეთი გრანდიოზული იუბილე, როგორც ქართველებმა და საქართველომ დააფასეს აკაკიო!.. კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს ისეთი მასობრივი სახალხო ზეიმი, რაც 1912 წელს აკაკის მოგზაურობას მოჰყვა რაჭა-ლეჩხუმში. რაც ყველაზე უფრო საინტერესოა, ეს მოგზაურობა აღიბეჭდა კინოფირზე და ასე შეიქმნა ვასილ ამაშუკელის პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი. ბევრმა არ იცის და ჩემს მონოგრაფიაში ასევე საუბარი მექნება კოტე ქავთარაძეზე, პარიზში განათლებამიღებულ მხატვარზე, რომელიც თავისი ფოტოაპარატით იღებდა აკაკის მოგზაურობას. ქავთარაძემ უნიკალური ფოტოები დაგვიტოვა.

– “ილია და აკაკი” – ეს ცნება ერთ იპოსტასად დამკვიდრდა ქართველი კაცის ცნობიერებაში. შეიძლება ამ სახელების დაცალკევება?

– ილიასა და აკაკის შედარებითი დახასიათება პირველებს გრიგოლ რობაქიძესა და კიტა აბაშიძეს ეკუთვნით. ჩემი წიგნის წინასიტყვაობაში მესამედ მოკრძალებულად მე ვცადე ამ ორი გენიოსის შედარება, სადაც ვწერ: “ვინ გაბედავს და ვინ იტყვის, რომელი ამ გენიოსთა შორის უფრო რჩეულია აპოლონის მიერ, უფრო სათნოა მისთვის? ილია მოჰკვდა როგორც წინასწარმეტყველი თვით ჩაქოლილი, ეკლის გვირგვინით მორთული… ილიას ეკლის გვირგვინი საბედისწერო საფეხური იყო აკაკის დაფნის გვირგვინისა… ერთ უღელში გაბმული ეს ღვთაებრივი წყვილი მარად განუშორებლად ეყვარებათ საქართველოში და მარად განუყრელად ემსახურება თავის ერისა და სამშობლო-ქვეყნის აყვავება-აღორძინებას…”.

გერმანელმა ერმა სამშობლოში თავის უკვდავ შვილებს – შილლერსა და გოეთეს ძეგლი დაუდგა. ანალოგი გაკეთდა ქართულ სინამდვილეშიც, როცა პირველი სკოლის წინ, რუსთაველის პროსპექტზე, ქართველმა ერმა ილიასა და აკაკის ძეგლი დაუდგა.

– მე დღემდე არ ვიცოდი და, თურმე, ილიასა და აკაკის ძეგლები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეუქმნიათ მოქანდაკეებს და მერე გაუერთიანებიათ ისინი!..

– დიახ, ილია და აკაკი ცალ-ცლაკე გამოაქანდაკეს შოთა მიქატაძემ და ვალენტინ თოფურიძემ. მოქანდაკეებმა, ცხადია, თავიდანვე იცოდნენ, რომ ძეგლი ერთიანი უნდა ყოფილიყო და მუშაობის პროცესში ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ!..

– დამკვიდრდა თუ არა ქართველი კაცის ცნობიერებაში ცნება “ზვიადი და მერაბი” ისევე, როგორც “ილია და აკაკი”?

– XX საუკუნე დაიწყო წიწამურის ტრაგედიით და ილიას წმიდა სისხლის დაღვრით, რომელმაც XX საუკუნის ბოლომდე მოიყვანა საქართველო… ილიას წმიდა სისხლმა გადაარჩინა ბოლშევიკურ-ათეისტური საქართველო, ხოლო XX საუკუნის დასასრულს ზვიადისა და მერაბის წმიდა სისხლმა ჩაკირა გოლგოთისკენ ჩვენს მიერ გასავლელი გზა. 21-ე საუკუნეში ზვიადისა და მერაბის წმიდა სისხლი გადაარჩენს მასონური გადაგვარების საფრთხის წინაშე მდგარ საქართველოს!..

– შეიძლება თუ არა ილიას გააზრება აკაკის გარეშე ან პირიქით?

– რა თქმა უნდა, არა! ამას ილიაც გრძნობდა ყოველთვის… როცა ილიამ ჟურნალი “ივერია” ყოველდღიურ გაზეთად გადააკეთა, მომავალ თანამშრომლებს სტამბურად დაბეჭდილი ტრაფარეტული მოსაწვევები დაუგზავნა; აკაკიზე როცა მიდგა ჯერი, ილიამ სტერეოტიპული ტექსტი გვერდზე გადადო და თავისი ხელით დაწერილი ბარათი გაუგზავნა, – შენ ერთადერთი აკაკი ხარ ამქვეყნად და მე შენ ბეჭდური ტექსტის გამოგზავნას ვერ გაკადრებდიო!.. 1882 წელს, როცა აკაკიმ ქართლ-კახეთში იმოგზაურა, ილია წერდა, – სადაც კი მივიდა აკაკი, ყველგან თავისი ღვთაებრივი შუქი შეიტანა და მთელი საქართველო თავისი სტუმრობით მოხიბლაო!.. რაც შეეხება აკაკის, საქვეყნოდ ცნობილია მისი ლექსი, რომელიც 1907 წლის 7 სექტემბერს დაწერა – “ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას”… 9 სექტემბერს ილია მთაწმინდაზე დაკრძალეს. აკაკიმ ვერ შეძლო მთაწმინდაზე ასვლა და ვერც სიონში მისვლა… წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შენობის აივანზე ახალგაზრდები აკაკის მხრებში შეუდგნენ და ასე გამოიყვანეს სიტყვის სათქმელად. ეს შენობა იდგა დღევანდელი უნივერმაღ “თბილისის” ადგილას. სწორედ იქიდან მიმართა აკაკიმ ილიას თავისი უკვდავი სიტყვით და მე არ მეგულება მეორე ასეთი სიტყვა, რომელიც თანამებრძოლს ეთქვას თანამებრძოლისთვის.

– ბატონო გურამ, სექტემბერი საქართველოს ცუდად აქვს დაცდილი!..

– დიახ!.. 1801 წლის 12 სექტემბერს იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა გამოსცა მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი რუსეთის გუბერნიად გამოცხადების შესახებ. 1795 წლის 11-13 სექტემბერს კრწანისთან დავმარცხდით, 9 სექტემბერს ქართველის ტყვიით განგმირული ილია დავკრძალეთ…

– ისე, 11 სექტემბერს ამერიკაში ცათამბჯენები ააფეთქეს!..

– 11 სექტემბრის ამერიკული ტრაგედია არაფერია იმ საშინელებასთან შედარებით, რაც ჩვენ კრწანისის ომში ვიწვნიეთ!..

– გრძნობდნენ თუ არა ილია და აკაკი თავიანთ სიდიადეს?

– ჩაფიქრებული მაქვს ცალკე წიგნად გამოვცე “ილია ცხოვრებაში”, “აკაკი ცხოვრებაში”… კომუნისტურმა იდეოლოგიამ ადამიანების ნაწილი გააფეტიშა, ნაწილი კი მიწაში ჩადო… ჩვენ დაგვეკარგა ადამიანი ილია ჭავჭავაძე, ადამიანი აკაკი წერეთელი… ჩვენში გასაყიდად გამოტანილ წიგნებს მტვერი ადევს, რადგან ამ წიგნებში ხშირად გაყალბებულ ბიოგრაფიებს, გაყალბებულ ისტორიებს წაიკითხავთ. ყოვეთვის ვცდილობდი, რომ საზოგადოებისთვის მომეთხრო სიმართლე და ღვთის შეწევნით, განებივრებული ვარ მკითხველის სიყვარულით.

– როგორი ადამიანები იყვნენ ილია და აკაკი ჩვეულებრივ ცხოვრებაში?

– მე გავიხსენებ რამდენიმე ფაქტს, რომელიც, ვფიქრობ, მკითხველს დააინტერესებს. ილიას ტრაგედია ის იყო, რომ იგი უმემკვიდრეოდ გადაეგო, მაგრამ კიდევ უფრო მძიმდება ეს ტრაგედია, თუ გავიხსენებთ ილიას უსაყვარლესი დის – ელისაბედისა და ილიას მეუღლის – ოლღა გურამიშვილის ურთიერთობას. ელისაბედი ორჯერ გათხოვილი, მაგრამ უშვილო იყო. ვერ გავიგე, რას ერჩოდა თავის რძალს – უსათნოეს ოლღა გურამიშვილს, რომ სულ ჩხუბი და უსიამოვნება ჰქონდა მასთან, – შენ ჩემი ძმა – ილია გადააჯიშე და უშვილოდ დატოვეო!. ილია აღმერთებდა თავის დას, ძალიან უყვარდა… ელისაბედი გენერალ საგინაშვილზე იყო გათხოვილი. ეს საგინაშვილი უმდიდრესი კაცი იყო… როცა გენერალი საგინაშვილი გარდაიცვალა, ელისაბედმა ილიას სთხოვა, რომ მეუღლითურთ მასთან გადასულიყო საცხოვრებლად. დიახ, ილიას თბილისში ბინა არ ჰქონდა!.. ფილიპე მახარაძემ რომ მოუგონა ილიას, – უმდიდრესი კაცია და გლეხებს წურბელასავით აზის კისერზეო, წარმოგიდგენიათ ილიას ბინა არ ჰქონდა თბილისში, ისევე როგორც აკაკი წერეთელს. ილია სულ ნაქირავებ ბინებში ცხოვრობდა და დღეს მისი სახლ-მუზეუმი ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე სინამდვილეში მისი დის – ელისაბედის სახლი იყო და არა ილიასი. ამ სახლის პირველ სართულზე პაპაჩემს – მაქსიმე შარაძეს სტამბა ჰქონდა, სადაც “ივერიას” ბეჭდავდა, მეორე სართული რედაქციას დაუთმო ელისაბედმა, ხოლო მესამე სართულზე ილია, ოლღა და ელისაბედი ერთად ცხოვრობდნენ. ილია ძალიან მძიმედ განიცდიდა უძვირფასესი დის დაპირისპირებას თავის უსაყვარლეს მეუღლესთან, ძალიან ნერვიულობდა. ელისაბედი ზაფხულობით ჩრდილოეთ კავკასიაში დადიოდა ზაფხულობით მინერალურ წყლებზე სამკურნალოდ. ილიამ ისარგებლა დის თბილისში არყოფნით, მოჰკიდა ხელი თავის მეუღლეს, მიატოვა დის სასახლე და ქირით გადავიდა სადღაც ქოხში, დღევანდელ ჩუბინაშვილის ქუჩაზე, სადაც ახლა ილიას მეორე სახლ-მუზეუმია. ეს სახლი ეკუთვნოდა გიორგი ჩუბინაშვილის მომავალ სიმამრს – ღვინიაშვილს, აქ იყო მოსამსახურეთა ქოხმახები. ილიამ ეს სახლი მოგვიანებით გააკეთილშობილა და უნივერსიტეტის ამშენებლის – სიმონ კლდიაშვილის პროექტით წინა ორი ოთახი მიაშენა. ჩამოვიდა ელისაბედ ჭავჭავაძე თბილისში, სათაყვანებელი ძმა ქოხში გადასული დახვდა, ხოლო სასახლე დაცარიელებული. რა არ იღონა ელისაბედმა ძმისა და რძლის სასახლეში დასაბრუნებლად, მაგრამ ვერაფერს გახდა, – ილიამ თქვა, გადაწყვიტა და მორჩა! აი, ასეთი პრინციპული იყო ის. ცნობილი მსახიობი – ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ილიას მეგობრის – ნიკო ხიზანიშვილის მეუღლე იხსენებს: ილიას სიგიჟემდე უყვარდა ბავშვები, თავისი შვილი რომ არ ჰყავდა, მეგობრების შვილებს აღმერთებდა, მაგრამ სხვათა დასანახად ბავშვებთან აცეტება არ უყვარდა. ჩვენ ყველამ ვიცოდით ილიას ამბავი და ლხინის შემდეგ ყველანი ნელ-ნელა გავიკრიფებოდით ოთახიდან და ილიას დავტოვებდით ბავშვებთან და შემდეგ კარების ჭუჭრუტანებიდან ჩუმად ვუცქეროდით, როგორ ტკბებოდა, ხალისობდა ამოდენა ბუმბერაზი ბავშვებთან თამაშით, ბავშვებით იყო დახუნძლული ილია, – ზოგი მხარზე ეჯდა, ზოგი კისერზე, ჩვენ ნელ-ნელა შემოვიდოდით და როგორც კი ილია ჩვენს გამოჩენას შეიტყობდა, მაშინვე შეიცვლებოდა და ისევ ისეთივე მიუწვდომელ მყინვარად იქცეოდაო!..

– მართლა მოიგო ილიამ კაზინოში მილიონი?

– ჰო, ეს ცნობილი ამბავია!.. მილიონი არა, მაგრამ იმ დროისათვის ძალიან დიდი თანხა მოიგო სასტუმრო “ლონდონში”, მშრალ ხიდთან მოხდა ეს ამბავი. თავიდან მან კაზინოში მთელი თანხა წააგო, გამოვიდა, ეტლი გააჩერა და შინ წასვლა უბრძანა მეეტლეს. სულ ორას მეტრში ცხოვრობდა ამ კაზინოდან ილია და ეტლიდან რომ გადმოვიდა, ოქროს თუმნიანი მისცა მეეტლეს. ეს იყო მისი უკანასკნელი ფული, რაც გადარჩენოდა… მეეტლეს გაუხარდა, იფიქრა, ალბათ, დიდი თანხა მოიგო და ასე გულუხვად იმიტომ დამასაჩუქრაო, არადა, ილიას ჯიბე ბოლომდე დაცარიელებული ჰქონდა. ამის შემდეგ ისევ ითამაშა სასტუმრო “ლონდონში” და დიდძალი თანხა მოიგო. ამ ფულით მან ააგო საგურამოში ახალი სასახლე. 1893 წლამდე როინიშვილის მიერ გადაღებულ ფოტოებში საგურამოში გამართული ყოველი “ილიაობა” პატარა სახლის ფონზეა აღბეჭდილი. მე სულ მიკვირდა ეს ამბავი და როცა ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ილიამ კაზინოში მოიგო დიდძალი ფული, მაშინ მივხვდი ყველაფერს.

– საინტერესო თემაა – ილია და ქალები!..

– ეს ძალიან ფაქიზი თემაა. საერთოდ, ილია ძალიან თავშეკავებული იყო ქალებთან ურთიერთობაში, თუმცა არის ერთგვარი მინიშნება იმისა, რომ ილიას ცხოვრებაში ერთადერთი მეგობარი ქალი ჰყავდა…

– ვინ იყო ეს ქალი, ბატონო გურამ?

– ვერ ვიტყვი, ის ცნობილი ქალბატონია!.. ეს კარგად იგრძნობა ილიას მიერ ოლღა გურამიშვილისათვის გაგზავნილ წერილებში, სადაც სტრიქონებს შორის იკითხება ის ეჭვიანობა, რასაც ქალბატონი ოლღა მეუღლის მიმართ განიცდიდა. ეს ხდებოდა XIX საუკუნის 80-იან წლებში. როგორც ვთქვი, ილია ქალების საკითხში ძალიან თავშეკავებული პიროვნება გახლდათ, რასაც აკაკის მისამართით ვერ ვიტყვით (იცინის).

– ჰო, აკაკის ძალიან უყვარდა ქალები!..

– დიახ, ეს მთელი საქართველოსთვის ცნობილია!.. სხვათა შორის, ეს იმისი ბრალიც იყო, რომ აკაკის ოჯახი არ ჰყავდა. აკაკის რომ ისეთი მეუღლე ჰყოლოდა, როგორიც ილიას, ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა მისი პირადი ცხოვრება. აკაკის სადაც დაუღამდებოდა, იქ უთენდებოდა, თბილისში მას არათუ სახლი, ერთი ოთახიც კი არ ჰქონდა საკუთარი. სხვიტორის მამისეული სასახლის გარდა მას სხვა არაფერი ებადა და ის სასახლეც რამდენჯერ ჰქონდა ბანკში გირაოდ ჩადებული, არავინ იცის!.. მისი მეუღლე ნატალია ბაზილევსკაია, მოსკოველი მილიონერის ქალიშვილი, რომელიც გაკოტრდა, პარიზში, მოსკოვსა და პეტერბურგში ცხოვრობდა შვილთან – ალექსისთან ერთად. ის არ ჩამოდიოდა, არ კადრულობდა საქართველოში ცხოვრებას და აკაკი ცოლშვილისაგან მიტოვებული იყო… ეს იყო აკაკის პირადი ტრაგედია და მისი ცხოვრების წესი სწორედ ამ ტრაგედიამ განსაზღვრა. აკაკის უამრავი ქალი ეტრფოდა, ის გახლდათ ულამაზესი კაცი… პარიზელმა ჟურნალისტმა ქალმა, როცა აკაკის ინტერვიუ ჩამოართვა, გაოცებისაგან წამოიძახა, – ოჰ, ღმერთო ჩემო, როგორი ლამაზი მამაკაცია! აკაკი 68 წლის იყო ამ დროს და ხომ წარმოგიდგენიათ, ახალგაზრდობაში რა იქნებოდა… მერე აკაკი ამაზე ხუმრობით წერდა კიდეც, – ეჰ, რა დროს ჩამოვედი პარიზში, მოხუცი, დაჩაჩანაკებული, სად ვიყავი ახალგაზრდობაშიო!.. ილიასა და აკაკის პირად ცხოვრებაზე საუბარი ამით ვიკმაროთ…

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ახლოვდება ილიას დაბადებიდან 170 წელი და რაც ყველაზე უფრო მთავარია, წიწამურის ავბედითი გასროლიდან 100 წელი. ხუთი წელი ვემზადებოდი ილიას 150 წლის იუბილეს ღირსეულად გადახდისათვის, ეს ხელისუფლება ყურსაც კი არ იბერტყავს და ბაიბურში არ არის მაშინ, როცა ილიას იუბილე კარს მოგვადგა. 2010 წელს აკაკის დაბადებიდან 170 წელი სრულდება და მთელი საქართველო აქედანვე უნდა ემზადოს. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში ჩამიჩუმი არ ისმის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ განათლების დამანგრეველ რეფორმას “ილია ჭავჭავაძე” უწოდეს, ხოლო ყველაზე დიდ პატრიოტს, ყველაზე განათლებულ ოპოზიციონერსა და მოაზროვნეს – ლევან ბერძენიშვილს ილია ჭავჭავაძე, როგორც ასეთი, არც მწერალი გაუგია თურმე და არც მოაზროვნე!.. დღევანდელი პოლიტიკოსები იმასაც აცხადებენ, რომ აკაკი წერეთელი “ეო, მეოს” პოეტიაო!.. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველი ერი ღირსეულად მოემზადოს ღვთაებრივი წყვილის – ილიასა და აკაკის იუბილეების საკადრის დონეზე აღსანიშნავად!..

P.S. ილია და აკაკი საუკუნოდ შეუერთდნენ მარადისობას და სიცოცხლეშივე დაიდგეს უკვდავების გვირგვინი!..

ისინი გაღმა დარჩნენ, ჩვენ გამოღმა; მათ საუფლოში ოდესღაც დიდი და ბრწყინვალე საქართველო განისვენებს, “ეო, მეო” მოაზროვნენი, პოლიტიკოსები და კალმოსნები კი დღევანდელ გაუბედურებულ საქართველოში ნებივრობენ!..

იმ საქართველოში სული და ხორცი არ იხრწნება!..

ამ საქართველოში გახრწნილი გვამები დაბორიალობენ!..

დიტო ჩუბინიძე
“ასავალ-დასავალი”, 11-17 სექტემბერი, 2006

4 Responses to 2006

  1. Cecilia Odebralski ამბობს:

    Hi, i think that i saw you visited my blog so i came to “return the favour”.I am trying to find things to improve my website!Is it ok if i use some of the things i saw here?!

  2. Bela ამბობს:

    Thanks very much for posting all of the good content! Looking forward to checking out more posts!

  3. Alisia Ullman ამბობს:

    I liked the messages given above.

  4. Andrew A. Sailer ამბობს:

    I likewise think thence , perfectly composed post! .

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s