2005 – II

ასი წერილი ქართველ ერს!

2005  წელი

ნაწილი II

  • წერილი მე-10: ,,მოპარული დროშა, მოპარული გერბი, მოპარული ჰიმნი!…’’, “ასავალ-დასავალი”, 27 ივნისი – 3 ივლისი, 2005
  • წერილი მე-11: ,,გურამ შარაძე: “კოლხური კოშკი”, თურმე, კულტურის ძეგლი არ ყოფილა!’’, “ასავალ-დასავალი”, 25-31 ივლისი, 2005
  • წერილი მე-12: ,,გურამ შარაძე: მოვითხოვ სააკაშვილისაგან: სასწრაფოდ მოხსნას გოკა გაბაშვილი კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების ხსოვნის აბუჩად აგდებისთვის!’’, “ასავალ-დასავალი”, 1-7 აგვისტო, 2005
  • წერილი მე-13: ,,გურამ შარაძე: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დასანგრევად “ტასისმა” ჯერ კიდევ 10 წლის წინ 6 მილიონი დოლარი გამოყო!’’, “ასავალ-დასავალი”, 15-21 აგვისტო, 2005
  • წერილი მე-14: გურამ შარაძე: ვივა – პიონერთა სასახლეს, სირცხვილი – ,,ლომაიას აკადემიას’’! ,,ასავალ-დასავალი”, 12-18 სექტემბერი, 2005
  • წერილი მე-15: ,,გურამ შარაძე: რუსუდან ლორთქიფანიძემ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები დედაუნივერსიტეტში არ შეუშვა!’’, ,,ასავალ-დასავალი”, 3-9 ოქტომბერი, 2005
  • წერილი მე-16: ,,გურამ შარაძე: იცოდეთ, ვის მოსდის ნერწყვი პავლოვის ძაღლივით ქართული მეცნიერების დანგრევაზე!’’, “ასავალ-დასავალი”, 17-23 ოქტომბერი, 2005
  • წერილი მე-17: ,,გურამ შარაძე: “ცენტრ-პოინტისა” და უნივერსიტეტის რექტორატის ახალი პონტები სტუდენტების წინააღმდეგ, ანუ რა პონტია სტუდქალაქში?’’, “ასავალ-დასავალი”, 7-13 ნოემბერი, 2005
  • წერილი მე-18: ,,რის თქმას აპირებდა გურამ შარაძე პროგრამა “რე-აქციაში”?, “ასავალ-დასავალი”, 14-20 ნოემბერი, 2005
  • წერილი მე-19: ,,გურამ შარაძე: უნივერსიტეტის სინიდისს – პროფესორ ჯუმბერ ჭუმბურიძეს უნივერსიტეტიდან ითხოვენ!’’, “ასავალ-დასავალი”, 28 ნოემბერი – 4 დეკემბერი, 2005

 

***

მოპარული დროშა, მოპარული გერბი, მოპარული ჰიმნი!… 

გურამ შარაძე: საქართველოს გერბზე წმიდა გიორგი უკუღმა ხატია და ჩვენი საქმეც უკუღმა მიდის!

 წერილი მეათე

 რევოლუციური საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის (დროშა, ჰიმნი, გერბი) არაქართული წარმომავლობის გამო ქვეყნის სამეცნიერო ინტელიგენციასა და რიგით ადამიანებში დაპირისპირება კარგა ხნის წინ აგორდა. ერთხანს ამ საკითხის გარშემო პოლემიკა თითქოსდა მინავლდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ, როცა დღევანდელი სახელმწიფო გერბის ავტორი მამუკა გონგაძე დიდ ბრიტანეთში დაიბარეს და გერბში ცვლილებები შეატანინეს, პრობლემამ ახალი ძალით იჩინა თავი. მართლაცდა, რა იციან უცხოელებმა, როგორი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული გერბი?

დღევანდელ გერბთან დაკავშირებით პროფესორმა გურამ შარაძემ “ასავალ-დასავალს” იმდენად გამაოგნებელი რამ უთხრა, საჭიროდ ჩავთვალეთ, მისი ნაუბარი ყოველგვარი შესავლისა და შეკითხვების გარეშე გამოგვექვეყნებინა!

გურამ შარაძე: თუ საქართველო რესპუბლიკაა და რესპუბლიკური წყობის სახელმწიფოა, მაშინ მისი გერბი მონარქიული კი არა, რესპუბლიკური უნდა იყოს. 1918 წლის 26 მაისს, როცა საქართველო პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადდა თავისი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის არსებობის მანძილზე და სახელმწიფო სიმბოლიკის შემმუშავებელ კომისიაში ივანე ჯავახიშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი შედიოდნენ, განა არ შეეძლოთ, ივანეს და ექვთიმეს ბაგრატიონების გერბი გამოეცხადებინათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბად? მაგრამ მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ეს იქნებოდა უვიცობა! მონარქია ერთია, რესპუბლიკა – მეორე!.. სწორედ ამიტომ პეტერბურგიდან სტუმრად ჩამოსულმა მხატვარმა იოსებ შარლემანმა, ივანე ჯავახიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის რჩევით, საქართველოს რესპუბლიკის გერბი – “თეთრი გიორგი” დახატა. შარლემანი მერე სამუდამოდ დარჩა საქართველოში, ქართველი ქალი შეირთო და ჩვენი სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელია გიორგი ჩუბინაშვილთან, ევგენი ლანსერესთან და სხვებთან ერთად. “თეთრი გიორგის” ორიგინალი გიორგი შარაძემ აღმოაჩინა ციურიხში და დღეს იგი პარლამენტშია გამოფენილი.

ახლა უკვე ხელთ გვაქვს სენსაციური ისტორიული დოკუმენტი, რომელიც ცენტრალურ საისტორიო არქივში აღმოვაჩინე. 1918 წლის 24 ივლისის სახელმწიფო გერბის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის სხდომაზე, რომელსაც დიდი ექვთიმე თაყაიშვილიც ესწრებოდა, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი აცხადებდა: “საქართველოს ძველად ერქვა გეორგია; ამ სახელით იცნობენ მას ევროპასა და აზიაში. მის მფარველად ითვლებოდა თეთრი გიორგი და თვით საქართველოს დროშაზე იყო გამოსახული წმინდა გიორგი, რომელსაც არ ჰქონდა დართული არც ჯვარი და არც შარავანდედი. ასეთივე იყო გიორგი III-ის ბეჭედზე გამოსახული წმინდა გიორგი. ამიტომ სასურველია, რომ დღესაც საქართველოს ემბლემათ დარჩეს თეთრი გიორგი, რომელსაც დიდ პატივს ცემს ქართველი ხალხი, ქართველთა ყოველი ტომი და ითვლება ჩვენი ქვეყნის უდიდეს მფარველად” (სცსსა. ფონდი 1891, საქმე 14).

როგორც ხედავთ, აქ ყოველგვარი კომენტარიც კი ზედმეტია. ივანე ჯავახიშვილზე დიდი ისტორიკოსი საქართველოს არ ჰყოლია და რა იციან ელდარ შენგელაიამ და დავით მუსხელიშვილმა, როგორი იყო საქართველოს გერბი?

ელდარ შენგელაია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კოჯორთან და ტაბახმელასთან ქართველი იუნკრების სისხლში ამოვლებული ჩვენი “შვინდისფერი” დროშა მოესროლა და ქართველი ერისთვის იერუსალიმის დროშა შეეჩეჩებინა ხელში, ამით არ დაკმაყოფილდა, საქართველოს გერბსაც მისწვდა და მივიღეთ დომხალი. ეს გერბი არც ბაგრატიონების გერბია და არც რესპუბლიკური. ეს გერბი რომ მოპარულია, იქიდანაც ჩანს, რომ გვიჩივლეს, ბატონო, ინგლისელებმა და პარლამენტიც იძულებული გახდა, “გაეთვალისწინებინა” ინგლისელების ეს საჩივარი, რადგან გერბში დიდი ბრიტანეთის ატრიბუტიკაა გადმოტანილი. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი მილიონი დაუჯდება საქართველოს ისედაც გაძვალტყავებულ ბიუჯეტს გერბში დეტალების შეცვლა! ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ახლა გეტყვით. ბევრს ეცინებოდა, როდესაც ვამბობდი, მაგრამ ახლა, როგორც ხედავთ, სასაცილოდ არ გვაქვს საქმე. გერბში არის ჩადებული საქართველოს დაქცევისა და დაჩოქების მასონური იდეა. თქვენ იცით, რომ საქართველო, სახელიდან დაწყებული, რწმენით დამთავრებული, მთლიანად უკავშირდება წმიდა გიორგის. წმიდა გიორგი არის ჩვენი მფარველი და ქართველებს, მოგეხსენებათ, 365 წმიდა გიორგი გვყავს მფარველად და საქართველო სწორედ წმინდა გიორგიმ გადაარჩინა. უამრავი იმპერია ენებიან-კულტურიან-ხალხიანად დაემხო, გაცამტვერდა და საქართველო გადარჩა! მას შემდეგ, რაც ეს გაუკუღმართებულ-მოპარული თუ გადასხვაფერებული გერბი საქართველოში ელდარ შენგელაიამ და სააკაშვილის ჯიბის პარლამენტმა შემოიტანეს, საქართველო ინგრევა, იქცევა, სტიქიამ წალეკა ქვეყანა და კიდევ როდის რა მოელის ჩვენს სამშობლოს, კაცმა არ იცის! რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი მფარველი ღვთაება, ჩვენი წმიდა გიორგი ამ გერბზე უკუღმაა გამოსახული! დიახ, უკუღმაა გამოსახული, გველეშაპის მსახვრალი მახვილი წმიდა გიორგის უკუღმა უჭირავს და ამიტომაც უკუღმართად მიდის ჩვენი საქმე! ეს გააკეთეს შეგნებულად, მასონთა მამების მითითებით, რადგან იმის გაუკუღმართება უნდოდათ, ვინც გვიცავდა და ვინც გადაარჩინა საქართველო. ახლა, რაც შეეხება დროშას!.. სანამ საქართველოს ეს დროშა ექნება, საქართველოს არ ეშველება! ეს დროშა XI საუკუნიდან ფრიალებს იერუსალიმში, როცა იქ იერუსალიმის სამეფო შეიქმნა და ევროპელი ჯვაროსნების მიერ იერუსალიმში ევროპიდან ჩატანილი ეს დროშა გამოცხადდა იერუსალიმის სამეფოს დროშად. იერუსალიმის სამეფომ ამ დროშით ერთი საუკუნე იარსება და დაემხო. დამხობილი, წაქცეული და დანგრეული იერუსალიმის სამეფოს დროშა საქართველოსაც დაამხობს, წააქცევს და დაანგრევს. ეს არის ავანტიურისტი ევროპელი ჯვაროსნების დროშა, სატანისტური და უცოდველი ადამიანების სისხლში ამოვლებული დროშა, რომელიც 30-საუკუნოვანი საქართველოს დროშად აქციეს ერთი წლის წინ და ეს 30-საუკუნოვანი ქვეყანაც დაიქცა ამ ერთ წელიწადში. ეს დროშა შუა საუკუნეების ევროპელი მოგზაურების ატლასებიდან და პორტულანებიდან არის მოპარული, რომელიც ვითომ ელდარ შენგელაიამ და აკადემიკოსმა დავით მუსხელიშვილმა (არ აგერიოთ ერთმანეთში დიდ აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილთან) აღმოაჩინეს. იმ მოგზაურთა პორტულანებსა და ატლასებზე თბილისი და სოხუმი იმიტომ არის აღნიშნული ხუთჯვრიანი დროშებით, რომ მაშინ იქ დაარსებული იყო რომის კათოლიკური ეკლესიის მისიები. მიხეილ თამარაშვილი თუ ოდესმე წაუკითხავთ ამ რეჟისორსა და აკადემიკოსს, დამერწმუნებიან, რომ საქართველოში კათოლიკური მისიების არსებობა უკვე რუსუდან დედოფლის ხანიდან დადასტურებული ფაქტია და, ამდენად, XIV-XV საუკუნეების რუკებზე რომ აღენიშნათ ევროპელებს საქართველოში თავიანთი კათოლიკური მისიები იერუსალიმის დროშებით, გასაკვირი სულაც არ გახლავთ. პორტულანებსა და რუკებზე ასეთი დროშებით მარტო თბილისი და სოხუმი კი არ არის აღნიშნული, გაშალონ უფრო ფართოდ ეს რუკა, ნუ ატყუებენ ხალხს და ყველა ნახავს, რომ მთელი მცირე აზია და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნები გადაჭრელებულია იმავე ხუთჯვრიანი დროშებით!.. როგორ, ხმელთაშუა ზღვა და მცირე აზია XIV-XV საუკუნეებში საქართველოსი იყო? ვის ატყუებენ ესენი? კარგი, შენგელაია კინორეჟისორია, პროფესიაც ხელს უწყობს და ტყუილების მეფეა, მაგრამ შენ, აკადემიკოსო, ისტორიკოსი რომ გქვია, რუკა მთლიანად არ უნდა აჩვენო მკითხველს და ხალხს უნდა დაუმალო, რომ ხუთჯვრიანი იერუსალიმის დროშა სხვაგანაც ფრიალებს? ახლა რაც შეეხება ჰიმნს!.. როცა 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნზე კონკურსი გამოცხადდა, ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, ნიკო სულხანიშვილი, ანდრია ყარაშვილი და კოტე ფოცხვერაშვილი შემოქმედებით ზენიტში იყვნენ. ამ დროს უკვე დაწერილია “დაისი”, “ლატავრა”, “სამშობლო”, “აბესალომ და ეთერი”, ქუხს ფალიაშვილი, ქუხს დიმიტრი არაყიშვილი და ესენი იხევენ უკან და უპირატესობას ანიჭებენ კოტე ფოცხვერაშვილის “დიდებას”. ახლა მე გეკითხებით, სოსოია კეჭაყმაძე და მისი დაქალი მანანა ახმეტელი რომ დაიწუნებენ კოტე ფოცხვერაშვილს, რაზე უნდა გელაპარაკოთ? სხვათა შორის, მანანა ახმეტელი ბოლო დროს არ ჩანს, რატომ? რა სჭირდა ფალიაშვილის მუსიკას სოსოია კეჭაყმაძის გადასაკეთებელი? შეიძლება კეჭაყმაძე-ახმეტელის მაფიამ უკუაგდოს ის “დიდება”, რომელმაც საქართველო ბოლშევიკების უღმერთო, ტოტალიტარულ და დიქტატორულ სახელმწიფოში გამოატარა? აი, ასეთი მოპარული და უღმერთო დროშით, მოპარული ჰიმნით და მოპარულ-დამახინჯებული გერბით რომ იწონებს დღეს თავს დღევანდელი ხელისუფლება, იმიტომ მიდის ჩვენი ქვეყნის საქმე კარგად. დიდი ილიასი არ იყოს, ჩვენ უნდა ვშვათ ჩვენი მყოობადი, საქართველოს უნდა მივცეთ ეროვნული ჰიმნი, ეროვნული დროშა, ეროვნული გერბი, წმიდა გიორგის წაღმა დავაჭერინოთ შუბი, რათა  მარჯვედ განგმიროს გველეშაპი და გადავარჩინოთ საქართველო. ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამას ვერ გააკეთებს! საქართველოს უნდას მოვაშოროთ მოპარული დროშა, მოპარული ჰიმნი და მოპარული გერბი!

 დიტო ჩუბინიძე
“ასავალ-დასავალი”, 27 ივნისი – 3 ივლისი, 2005
 

 * * *

 

გურამ შარაძე: “კოლხური კოშკი”, თურმე, კულტურის ძეგლი არ ყოფილა!

წერილი მეთერთმეტე

“ასავალ-დასავალის” ფურცლებზე გამოქვეყნებულ რიგით მეთერთმეტე წერილში აკადემიკოსი გურამ შარაძე ორ მტკივნეულ ფაქტს უსვამს ხაზს: ამჯერად იგი კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობას მოუწოდებს, “კოლხური კოშკი” სასწრაფოდ შეიყვანოს კულტურის ძეგლთა ნუსხაში და მის აღდგენა-რესტავრაციაზე იზრუნოს; თავის უნივერსიტეტელ კოლეგებს კი კიდევ ერთხელ სთხოვს, გამოავლინონ მოქალაქეობრივი პოზიცია. როგორც თავად ბრძანა, ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, ამ ხელისუფლების კლანჭებიდან გამოჰგლიჯო გასაწირად გამზადებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი…

– უპირველეს ყოვლისა, “კოლხური კოშკთან” დაკავშირებით ატეხილ სკანდალს მინდა, შეეხოთ…

– ასეთი რამ შეიძლება მხოლოდ საქართველოში მომხდარიყო. ძნელი დასაჯერებელია, რომ 21-ე საუკუნეში მოგვიწევდა მტკიცება – არის თუ არა კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების “კოლხური კოშკი” კულტურის ძეგლი. მოგეხსენებათ, თავის დროზე როგორ ბარბაროსულად მოექცა “კოლხურ კოშკს” ამ ხელისუფლების მშობელი ხელისუფლება – გადაწვა, გაძარცვა და გაანადგურა. ნაცვლად იმისა, რომ დღეს უახლოეს წარსულში დაშვებული შეცდომები გამოესყიდათ, კულტურის უკულტურო მინისტრის მოადგილეს ეყო თავხედობა, ხელი მოეწერა განკარგულებაზე – “კოლხური კოშკი” არ არის კულტურის ძეგლი და მიმდებარე ტერიტორიაზე რაც გსურთ, ის ააშენეთო. ერთი სიტყვით, ქალაქის არქიტექტურის სამსახურს შეატყობინა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლის მშენებლობები ნებადართულია. ეს მაშინ ხდება, როცა რამდენიმე დღის წინ, ზუსტად 17 ივლისს, ქართული მწერლობის კლასიკოსის კონსტანტინე გამსახურდიას გარდაცვალებიდან 30 წელი შესრულდა. სხვათა შორის, ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინიციატივითა და მატერიალური ხელშეწყობით მოეწყო კონსტანტინე გამსახურდიას, მირანდა ფალავანდიშვილისა და თამარ გამსახურდიას საფლავები “კოლხური კოშკის” ეზოში.

როცა პარლამენტში ვიბრძოდი პასპორტში ეროვნების გრაფის აღსადგენად, მაშინ ჩემი ოპონენტები – ზურაბ ჟვანია, მიხეილ სააკაშვილი და ნინო ბურჯანაძე გაიძახოდნენ: რა საჭიროა ფარატინა ფურცელი, დავით აღმაშენებელს არც პასპორტი ჰქონდა, არსად ეწერა, ქართველი რომ იყოო. მათ ვეკითხები, თუ დავით აღმაშენებელს არ სჭირდება პასპორტი, რომ ის ნამდვილად ქართველი იყო, კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების “კოლხურ კოშკს” რატომ სჭირდება ფარატინა ქაღალდი იმის დასამტკიცებლად, რომ იგი კულტურის ძეგლია?! სირცხვილია, რომ საერთოდ დაისვა ეს შეკითხვა. როგორ, კულტურის ძეგლი არ არის ის სახლი, სადაც კონსტანტინე გამსახურდია შედევრებს ქმნიდა და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი გაზარდა?!

– ბატონო გურამ, ნება მომეცით, მეც გავიმეორო ის სიტყვები, რომლებიც კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა თქვენი მისამართით თქვეს: როცა პრეზიდენტთან არსებული 12-კაციანი კომისიის წევრი იყავით, მაშინ რატომ არ შესძინეთ კოლხურ კოშკს სტატუსი?

– როცა ამ კომისიის წევრი გახლდით, მაშინ დღის წესრიგში არც დამდგარა საკითხი, ფიქრადაც არავის გაუვლია თავში, რომ კოლხური კოშკი კულტურის ძეგლი არ არის. ხედავთ, სადამდე მიდის ცინიზმი?! გოკა გაბაშვილის და თათა ქვარიანის უწყებას კულტურის სამინისტრო უნდა ერქვას და “კოლხური ,კოშკი”, თურმე, კულტურის ძეგლი არ ყოფილა!

– ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რა დაშავდება იმით, თუ მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა სახლიც აშენდება?

– ახალ ურბანიზაციაში “კოლხური კოშკი” ჩაიყლაპება, დაკარგავს მემორიალურ და ისტორიულ იერსახეს. იასნაია პოლიანაში ლევ ტოლსტოის სახლ-მუზეუმიდან 20 ნაბიჯის მოშორებით ვიღაცამ მრავალსართულიანი სახლი რომ ააშენოს, თანაც ტოლსტოის სახლ-მუზეუმი ვანდალების მიერ გადამწვარი რომ იყოს, როგორ ფიქრობთ, რას მოიმოქმედებს რუსეთი?! რაღაც ხომ უნდა იყოს ამ ქვეყანაში წმინდა და ხელშეუხებელი?! კარგია, მთაწმინდის პანთეონის ცხვირწინ დანაშაულებრივად ახლად აშენებული სახლებიდან გადმოფენილი საცვლები რომ მოსჩანს?! ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ მიერ დაშვებული ასეთი შეცდომებით საქართველოს ვკარგავთ და მტრის წისქვილზე ვასხამთ წყალს. იმედს ვიტოვებ, რომ კულტურის სამინისტრო დროულად და ბოლომდე შეასრულებს თავის სიტყვას და “კოლხურ კოშკს” კულტურის ძეგლად ოფიციალურად აღიარებს (ჩვენ მიერ კულტურის სამინისტროს წინ საპროტესტო აქციის მოწყობის შემდეგ სამინისტროს ხელმძღვანელობამ ურცხვად და უტიფრად განაცხადა, რომ, თითქოს, “კოლხურ კოშკს” მინიჭებული ჰქონდა კულტურის ძეგლის სტატუსი, თუმცა, მკითხველი თავად დარწმუნდება ამ განცხადების სისწორეში თათა ქვარიანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტისა და არქიტექტურის სამმართველოში შედგენილი ახალმშენებლობის პროექტის გაცნობის შემდეგ).

რაკიღა ჩვენ ამ პირველ გამარჯვებას უკვე მივაღწიეთ, დღეიდან დავიწყებთ ბრძოლას “კოლხური კოშკის” აღსადგენად და მათთვის სათანადო სახსრების ხელიდან გამოსაგლეჯად.

– არცთუ დიდი ხნის წინათ “ასავალ-დასავალის” ფურცლებზე თქვენ საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთეთ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა და თქვენი კოლეგების მისამართით. ეს საკითხი დღესაც არანაკლებ აქტუალურია.

– დიახ, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში სწორედ “ასავალ-დასავალის” ფურცლებიდან ავტეხე განგაში, გამოვაქვეყნე დიდი საბჭოს წევრების გვარ-სახელები და მოვუწოდე, რომ რუსუდან ლორთქიფანიძის არჩევით ივანე ჯავახიშვილს მეორედ მოკლავთ, ხოლო უნივერსიტეტს დაანგრევთ-მეთქი. მაშინ მათ არ გაითვალისწინეს ჩემი თხოვნა, ტაშის გრიალით აირჩიეს ლორთქიფანიძე და ახლა ატეხეს გნიასი, როცა მათ ოფიციალურად განუცხადეს – გათავისუფლებულნი ხართო. მეტსაც ვიმსახურებთ! რისი იმედი შეიძლება გქონდეს, როცა უნივერსიტეტიდან გაძევებული 800 თანამშრომლიდან 80 კაცი არ მისულა საკონსტიტუციო სასამართლოში პროტესტის გამოსახატავად, საკონსტიტუციო სასამართლოს უზარმაზარი დარბაზი დიდი ეროვნული გაერთიანების წარმომადგენლებმა გაავსეს, რითაც იხსნეს უნივერსიტეტი ახალი სირცხვილისაგან! ახია თქვენზე, ძვირფასო კოლეგებო! უბრალოდ, ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის, აკაკი შანიძის, ნიკო კეცხოველის და სხვა ბუმბერაზი პიროვნებების ნაღვაწი მენანება.

გახსოვთ, ალბათ, შევარდნაძის მმართველობის დროს ბურჯანაძემ, ჟვანიამ და სააკაშვილმა ზარ-ზეიმით რომ მოიპოვეს საქართველოსთვის განვითარებადი ქვეყნის სტატუსი და დაამადლეს კიდეც ქართველ ხალხს, ამ სტატუსის აღიარებით საქართველოში უამრავი ჰუმანიტარული დახმარება შემოვაო. მაშინ ვამბობდი, მაგრამ არავინ დამიჯერა. დღეს უკვე საკუთარ თავზე ვიწვნიეთ და ყველამ დაინახა, რომ განვითარებადი ქვეყნის სტატუსი იმიტომ არ მოუნიჭებიათ ჩვენთვის, რომ ჰუმანიტარული დახმარება შემოეტანათ; ამ სტატუსს ანიჭებენ ჯუნგლებში ახლად აღმოცენებულ სახელმწიფოებს, რომელთაც არც ისტორია აქვთ, არც – მეცნიერება და კულტურა, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ წაგვერთვა 30-საუკუნოვანი საკაცობრიო ცივილიზაციის მქონე ქვეყნის სტატუსი და სხვებმა თავიდან უნდა აგვიშენონ იგივე უნივერსიტეტი, აკადემია და ა.შ. არ გახსოვთ, რა განაცხადა ნინო ანანიაშვილმა? ჯუნგლებში, აფრიკის განვითარებად სახელმწიფოებს არ აქვთ ბალეტი. საქართველოსთვის ეს ფუფუნებააო. ხედავთ, ამას ამბობენ ჭაბუკიანისა და ბალანჩინის სამშობლოზე! მეტი რაღა გინდათ?!.

– რეფორმები ყოველთვის მტკივნეულია. რატომ არ შეიძლება, დრომოჭმული სისტემა უფრო თანამედროვე და უკეთესი სისტემით შეიცვალოს. ხომ შეიძლება ეს რეფორმა სწორედ ამ პროცესს ემსახურებოდეს?!.

– ეს თქვენი ვარდისფერი სათვალით დანახული ლომაია-ლორთქიფანიძის უკეთური საქმეებია. გსურთ, რომ მათ ქმედებაში რაღაც სიკეთის მარცვალი დაინახოთ, მაგრამ ყველას კარგად მოეხსენება, რომ ლომაია და ლორთქიფანიძე, უბრალოდ ჭანჭიკები არიან ოკეანისგაღმა დაგეგმილი იმ გლობალური შეთქმულებისა, რომლის მიზანია, ადამიანები რობოტებს დაამსგავსონ, ვიწრო სპეციალობა მისცენ, რათა ნაკლებად განათლებულნი, არაეროვნულები და ადვილად სამართავები იყვნენ.

დიდი ვერაგობა და მზაკვრობაა ჩადებული იგივე ე.წ. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებაში, თანაც თვალის ასახვევად ამ ანტიეროვნულ პროექტს ილია ჭავჭავაძის სახელი დაარქვეს.

თუ როგორ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ატარებს ილია ჭავჭავაძის სახელს ამოფარებული ლომაია, ეს კარგად გამოჩნდა გამოცდების მსვლელობისას: თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ განათლების მინისტრმა გამოცდებზე არ შეუშვა ის აბიტურიენტები, რომელთაც გულზე ჯვარი ეკიდათ. მათ ყველას სათითაოდ ჩამოხსნეს ჯვრები. აი, თქვენი ეროვნული გამოცდები, რომელსაც ჩვენი მართლმადიდებელი მინისტრი ატარებს! ამ გამოცდების მიმდინარეობას ლამის მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს და ყველას დაანახვეს, თუ როგორ “მშვიდად და ბრწყინვალედ’’ ჩატარდა ისინი. არადა, ჯერ შედეგი არავინ იცის. 21 აგვისტოს შემდეგ კი ხალხის პროტესტს სიმწვავე მოაკლდება და სათითაოდ ისევე მოისყიდიან აბიტურიენტებს, როგორც უნივერსიტეტის თანამშრომლები მოისყიდეს. რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში თავმოყრილი აღშფოთებული პროფესორ-მასწავლებლების დიდი ნაწილი საღამოს კახა ლომაიამ, სამინისტროში დაიბარა და შეჰპირდა 60-80-ლარიანი სტიპენდიის დანიშვნას. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ დაჰყო და გაათითოკაცა ამ წინადადებამ პროფესორ-მასწავლებლები… დამიჯერეთ, ადრე თუ გვიან, ამ ერთიანი ანტიეროვნული გამოცდების მწარე შედეგებს ისევ იწვნევს საკუთარ თავზე მოსახლეობა, როგორც უახლოეს წარსულში გადადგმული ნაბიჯი ინანეს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა… ადამიანურად მეცოდებიან ჩემი კოლეგები, რადგან მათ უკან ოჯახებია და ბევრი მათგანი დგას ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე. თუმცა, მეორე მხრივ, მათ დუმილს არავითარი გამართლება არა აქვს. ასეთ დროს არჩევანი ერთია – გადავარჩინოთ დედაუნივერსიტეტი და საქართველო! ეს არ არის ლიტონი სიტყვები! პროფესორ-მასწავლებლებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, თავიანთი სიტყვა თქვან, რა თქმა უნდა, თუ არის უნივერსიტეტელების სურვილი უნივერსიტეტის გადარჩენა. ხოლო რუსუდან ლორთქიფანიძეს გულწრფელად ვურჩევდი, ნუ დაიმძიმებს კიდევ უფრო მეტად სულს ახალი ცოდვებით: უნივერსიტეტში მოღვაწეობის ყოველი დღე და წამი მას ცოდვის ახალ მორევში ითრევს და ვიდრე სულ მთლად არ წაუწყმედია სული, გაეცალოს დედაუნივერსიტეტს. ამას ამ ქალბატონის სიძულვილი კი არა, ჩემი ქვეყნის სიყვარული მალაპარაკებს.

დაბოლოს, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პუბლიკაციას გამოვეხმაურო…

– ბრძანეთ…

– “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებული წერილის – ,,მოპარული დროშა, მოპარული გერბი, მოპარული ჰიმნი”, გამოხმაურება მოჰყვა მომდენო ნომერში. მართლაც რომ გამაოცა ვაჟა აზარაშვილის ხელმოწერილმა თხოვნამ და აქტიურობამ იმის შესახებ, რომ ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის თანამშრომელთა წერილი გამოქვეყნებულიყო. როგორც ჩანს, მას გულზე მოხვდა ქურდობისა და მოპარვის ფაქტი. რეალურად, მას შემდეგ, რაც ჩვენმა უსაყვარლესმა და უნიჭიერესმა კომპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ კომპოზიტორთა კავშირში ვაჟა აზარაშვილის ქურდობის ფაქტები გამოამზეურა, არ უნდა გაჰკვირვებოდა სოსო კეჭაყმაძის საქციელი. ხოლო თუ სომხური გენეტიკის გამო ვიღაცას კუდი ეწვის, ეს ჩემი პრობლემა არ არის. დაუჯერებელია, რომ აღნიშნული წერილი ფალიაშვილის მუზეუმის კვალიფიციური თანამშრომლების მიერაა დაწერილი, რადგან მასში მითითებულია, რომ ზაქარია ფალიაშვილის გენიალური ოპერა “აბესალომ და ეთერი”, თურმე 1919  წელს შეიქმნა. არადა, ვინც ელემენტარული მუსიკალური ანბანი იცის, მას კარგად მოეხსენება, რომ ფალიაშვილმა ამ ნაწარმოებზე მუშაობა 1910 წელს დაიწყო და 1913 წელს იგი უკვე ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის… ასევე, დადებითად ვერ შევაფასებ ქალბატონ იუნონა აფაქიძის “დიპლომატიურ” წერილს. მას არაერთხელ უთქვამს, პირადად ჩემთვის, რომ სოსო კეჭაყმაძის ავტორობით შექმნილ ახალ ჰიმნში რუსული ელემენტებია… მოდით, ვიყოთ უფრო გულწრფელნი. ეს დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება!

 ნატო ფოცხიშვილი
“ასავალ-დასავალი”, 25-31 ივლისი, 2005

  

* * *

გურამ შარაძე: მოვითხოვ სააკაშვილისაგან: სასწრაფოდ მოხსნას გოკა გაბაშვილი კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების ხსოვნის აბუჩად აგდებისთვის!

 წერილი მეთორმეტე

 “ასავალ-დასავალში” გრძელდება ციკლი “ასი წერილი ქართველ ერს” და რიგით მეთორმეტე პუბლიკაციაში აკადემიკოსი გურამ შარაძე კულტურის მინისტრ გოკა გაბაშვილს და მის მოადგილეებს “კოლხური კოშკის” წინააღმდეგ შეთქმულებაში ამხელს, თუმცა, ყოფილი პარლამენტარი მამა-შვილ გაბაშვილებს არც ძველ ცოდვებს უვიწყებს და მკითხველს კიდევ ერთხელ შეახსენებს, როგორ იბრძოდნენ ისინი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ იარაღით ხელში და როგორ აგრძელებს შვილი გაბაშვილი ბრძოლას გამსახურდიების წინააღმდეგ…

– ბატონო გურამ, როგორც ვიცით, თქვენ ხელში ჩაგივარდათ კულტურის მინისტრის ბრძანება “კოლხური კოშკის” კულტურის ძეგლად გამოცხადების შესახებ…

– წინა წერილს, რომელიც “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნდა, ასეთი სათაური ჰქონდა: “კოლხური კოშკი”, თურმე კულტურის ძეგლი არ ყოფილა”. ახლა “აღმოჩნდა”, რომ მას კულტურის ძეგლის ნიშნები ჰქონია და ამის დამტკიცებას ექვსი თვე სჭირდება. ეს გახლავთ ახალი შეთქმულება “კოლხური კოშკის” წინააღმდეგ, რომელიც “ვარდისფერი რევოლუციონერების” აღმზრდელმა ხელისუფლებამ, “მოქალაქეთა კავშირს” და შევარდნაძეს ვგულისხმობ, გადაწვა და გააჩანაგა. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ერთი წუთით გაიაზრეთ, ვიღაც ბარბაროსმა ინგლისელმა სტატფორდში შექსპირის სახლი რომ გადაწვას და მერე რომელიმე ბიზნესმენმა იქვე გავერანებული სახლის გვერდით ექვსსართულიანი სასახლის მშენებლობა დაიწყოს, რა მოხდება დიდ ბრიტანეთში?! ან ეს რომ მომხდარიყო ვაიმარში და იასნაია პოლიანაში?! ჩვენი შექსპირი, გოეთე და ლევ ტოლსტოი კონსტანტინე გამსახურდიაა და ამის თქმის საფუძველს მისი შედევრები მაძლევს. მოგეხსენებათ, “კოლხური კოშკი” 1992 წლის 15 მარტს შეგნებულად დაწვეს და მას შემდეგ არც წინა და არც ამ ხელისუფლებას თითი თითზე არ დაუკარებია მის აღსადგენად. სამაგიეროდ, იქვე, ოცი ნაბიჯის მოშორებით, ექვსსართულიანი სასახლის მშენებლობა იგეგმება. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ “კოლხური კოშკის” მემორიალობა, სიწმინდე და იერსახე დაიკარგოს. ამ შეთქმულების შესახებ დაახლოებით ათი დღის წინ გავიგე და მაშინვე წავედი არქიტექტურის სამმართველოში, სადაც მითხრეს, რომ წერილი გააგზავნეს კულტურის სამინისტროში, საიდანაც თათა ქვარიანის ხელმოწერილი დოკუმენტი მიიღეს, რომ კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების “კოლხური კოშკი” არ არის კულტურის ძეგლი, შესაბამისად, მისი დამცავი ზოლიც არ არსებობს და რაც გინდათ, ის ააშენეთო… ამის შემდეგ იძულებული გავხდი, მივსულიყავი კულტურის სამინისტროში, რათა ამ შეთქმულების განროხციელებისათვის ხელი შემეშალა. თანაც მე გახლავართ ზვიად გამსახურდიას ნდობით აღჭურვილი პირი. მან 1992 წლის 26 მარტს “კოლხური კოშკის” აღდგენის ფონდის ხელმძღვანელობა დამავალა და, სამწუხაროდ, ეს მისი ანდერძი გამოდგა, რადგან რამდენიმე თვეში მოკლეს კიდეც იგი.

– რა პასუხი მიიღეთ კულტურის სამინისტროში? გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ “კულხურ კოშკს” კულტურის ძეგლის სტატუსი შევძინეთ და რა საჭიროა ამდენი ხმაურიო… ისიც ითქვა – 10 წლის წინ გურამ შარაძემ რაც არ გააკეთა, ჩვენ ორ წელიწადში გავაკეთეთო…

– ეს სრული სიცრუეა. ბრძანება, რომლითაც, თითქოს, “კოლხურ კოშკს” კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, 2005 წლის 20 ივლისით არის დათარიღებული და ეს 2 წლის წინ გაკეთებული საქმეა? მაგრამ ახლა რომ მაინც გაეკეთებინათ ეს ღირსეულად, ვინ ამოიღებდა ხმას. ეს გახლავთ ერთი უბედური, ბინძური ბრძანება, მაგრამ ვიდრე იმაზე ვისაუბრებ, რა წერია ამ დოკუმენტში, ნება მომეცით, ჩემი ოპონენტების “საყვედურს” გავცე პასუხი. როგორ ფიქრობთ, რომელიმე ჭკუათმყოფელს მოუვიდოდა აზრად იმის მტკიცება მოგვიწევდა, რომ “კოლხური კოშკი” კულტურის ძეგლია და იქ კონსტანტინე გამსახურდია შედევრებს წერდა-მეთქი, ხოლო ზვიად გამსახურდია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ გეგმებს აწყობდა?! როცა პრეზიდენტთან არსებული 12-კაციანი კომისიის წევრი გახლდით, მაშინ რომ ვინმეს დაესვა ეს კითხვა და იქ მშენებლობის სურვილი გამოეთქვა, თქვენთვის ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რას მოვიმოქმედებდი. რაკი გაბაშვილმა და ქვარიანმა უტიფრად განაცხადეს, შარაძემ არ მიანიჭა “კოლხურ კოშკს” კულტურის ძეგლის სტატუსი, მაგრამ ეს ჩვენ გავაკეთეთო, დავმშვიდდი, მაგრამ ქვარიანის ხელმოწერილი დოკუმენტი არ მასვენებდა და სამინისტროს წინ მოვაწყვეთ აქცია, რათა მოგვეპოვებინა ბრძანება, რომლითაც გაბაშვილმა ეს “ეროვნული” საქმე გააკეთა, მაგრამ ეგრეთ წოდებულ კულტურის სამინისტროში ჩვენს მოთხოვნაზე ყური არავინ შეიბერტყა და საღამოს სამინისტროში შესვლა გადავწყვიტე.

– სამინისტროს დაცვამ როგორ შეგიშვათ? ძნელი მისახვედრი არ არის, რომ თქვენ იქ არავინ გელოდებოდათ…

– დაცვას რომ მოვთხოვე, გამატარეთ-მეთქი, დაფაცურდნენ, გადარეკეს-გადმორეკეს და, ჰოი, საოცრებავ, არათუ საშვი მომცეს, თვით პირველი მოადგილე სულხანიშვილი ჩამოვიდა და თავისთან კაბინეტში ამიყვანა. ის-ის იყო, საუბარი უნდა დამეწყო, თვით მინისტრი გაბაშვილი არ შემოვარდა ოთახში? შემოჰყვნენ ქვარიანი და ვარძელაშვილი, რომელიც შევარდნაძის დროს “მოქალაქეთა კავშირის” ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო. ბატონი ედუარდის გამოზრდილი პრეზიდენტი რომ გვყავს, ამაზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ შევარდანძის ფრთებქვეშ იყვნენ შეყუჟული მამა-შვილი გაბაშვილები. კოტემ, რომელმაც თბილისი დაწვა და გამსახურდია ჩამოაგდო, ძღვნად ჯერ თბილისის მერობა, შემდეგ გერმანიის ელჩობა მიიღო…

– სანამ აღნიშნულ ბრძანებაზე გავაგრძელებთ საუბარს, აქვე გკითხავთ, რატომ უპირისპირდებოდა კოტე გაბაშვილი ზვიად გამსახურდიას, მათ შორის რამე პიროვნული წყენა არსებობდა?

– კოტე გაბაშვილი გამსახურდიას დაუძინებელი მტერი იყო. მან სხვებთან ერთად ერთ-ერთმა პირველმა აიღო ავტომატი ხელში, პირველმა ესროლა თბილისს და ამ დამსახურებისთვის მიიღო დამწვარი თბილისის მერობა იოსელიან-კიტოვან-სიგუა-შევარდნაძისაგან. ისევე, როგორც ნოდარ ლომოურმა აიღო ავტომატი ხელში. მოგეხსენებათ, მაშინ ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი გახლდით და კიტოვანის ბანდები რომ არ შემოვუშვი მუზეუმში, ლომოური ავტომატით დამადგა თავზე. ამ დამსახურებისთვის მან ხელოვნების მუზეუმის დირექტორობა მიიღო. პიროვნული წყენა ცოტაა, მათ დაუძინებელი მტრობა და სიძულვილი ამოძრავებდათ საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი პირველი პრეზიდენტისადმი. იარაღით დაამხეს გამსახურდია, მერე მოკლეს და ამ დამსახურებისთვის ბევრმა იშოვა თბილი ადგილი, მათ შორის, კოტე გაბაშვილმა ჯილდოდ მიიღო გერმანიის ელჩობა და შვილი მასთან ერთად გრიალებდა გერმანიაში, მაშინ, როდესაც საქართველო ინგრეოდა. სხვათა შორის, “ბატონი” გოკა თბილისის უნივერსიტეტის იმ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი იყო, რომელიც გამსახურდიას მჯდომარე აქციებს უწყობდა. ასე რომ, შვილი გაბაშვილი წლების წინ მამამისის დაწყებულ საქმეს აგრძელებს და დღესაც ებრძვის გამსახურდიებს.

– რატომ?

– ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელიც საქართველოს მტრებმა შეიმუშავეს და რასაც ქართული კულტურისა და ქართველი ერის მიწასთან გასწორების გეგმა ჰქვია. გოკა გაბაშვილმა სოროსისგან მიიღო დავალება, დაანგრიოს ქართული კულტურა, თეატრი, მწერლობა, მუზეუმები და ამას “შესანიშნავად” ართმევს თავს.

– მოდით, ისევ “კოლხურ კოშკს” და კულტურის სამინისტროში თქვენს მისვლას დავუბრუნდეთ…

– გოკა რომ შემოვიდა მისი მოადგილის კაბინეტში, მიკიბულ-მოკიბული საუბრის დროს ისიც მითხრა: შევარდნაძის გუნდის წევრი იყავიო… მაშინ ვუპასუხე: მე არც “მოქალაქეთა კავშირის” წევრი და არც პარლამენტში შევარდნაძის ფრაქციის წევრი არ ვყოფილვარ. მამაშენმა კი შევარდნაძე გამოიყენა და როგორ გადაუხადა სამაგიერო, ყველამ დაინახა-მეთქი… შენ კი ჟვანიამ კაცად გაქცია, მის საფლავზე ერთხელაც არ მისულხარ და ერთი ყვავილი არ მიგიტანია-მეთქი. გიჟივით წამოხტა და გარეთ გავარდა. მივაძახე: ჩემს აქ მოსვლას მარტო იმიტომ ექნება გამართლება, შენს მოადგილეებთან რომ გამხილე-მეთქი. ამის შემდეგ მომცეს ეს ბრძანება, რომელიც, როგორც გითხარით, 20 ივლისით არის დათარიღებული. მაგრამ ეს არაფერია, მთავარი ისაა, რა წერია ამ ბრძანებაში. თურმე, “კოლხური კოშკი” კულტურის ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი ყოფილა.

– ეს რას ნიშნავს?

– არ ვიცი და ამის გარკვევას თქვენთან ერთად შევეცდები. ბრძანებაში წერია, რომ ექვსი თვის ვადაში ამ ობიექტის კულტურული ფასეულობის დადგენის მიზნით ჩატარდეს ექსპერტიზა და შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის გადაეცეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომისიას. თურმე, კულტურის ეგრეთ წოდებულ მინისტრს გოკას ექვსი თვე სჭირდება იმის გასარკვევად, “კოლხურ კოშკში” კონსტანტინე გამსახურდია შედევრებს წერდა თუ ვიღაც გრაფომანი რაღაც სისულელეებს ჯღაბნიდა… ასეთი შეურაცხყოფა გამსახურდიების საცხოვრისისთვის მაშინაც არ მიუყენებიათ, როცა გადაწვეს. თუ გოკას დღემდე ვერ გაურკვევია კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებების სიდიადე, ვერც ამის მერე გაიგებს ვერაფერს, მაგრამ საქმე რომ გავუადვილოთ, თქვენი გაზეთის საშუალებით ვთავაზობ გრაფიკს, როგორ უნდა ჩატარდეს კულტურის მინისტრის განათლება და აზრზე მოყვანა ექვს თვეში. გოკამ კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებების კითხვა “დიონისოს ღიმილით” უნდა დაიწყოს, რაც შეიძლება მალე. შემდეგ ,,მთვარის მოტაცებაზე” გადავიდეს. იმედია, მათ წაკითხვას მოასწრებს აგვისტოში. სექტემბერში “დიდოსტატის მარჯვენის” კითხვას შეუდგეს. ოქტომბერში “დავით აღმაშენებელს” წაიკითხავს, ამასობაში “ვაზის ყვავილობა” შემოგვეშველება. კონსტანტინეს 8-ტომეულში მისი ესეები, რეცენზიები და გამოკვლევები წაიკითხოს, მაგრამ, ვაითუ, ექვსი თვე არ ეყოს? წაიკითხოს ზვიად გამსახურდიას წიგნები: “ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება”, “კაცობრიობა დილემის წინაშე”, “წერილი ლევ ტოლსტოიზე”, რომელიც რუსეთის ინტელიგენციამ საუკეთესო ესსედ აღიარა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ “კოლხურ კოშკში” დაიგეგმა საქართველოს გათავისუფლება კომუნისტური იმპერიის ბრჭყალებისგან. ერთი მხრივ, კმაყოფილი ვარ იმით, რომ გაბაშვილი განათლების ექვსთვიან კურსებს გაივლის და ცოტა აზრზე მოვა, თანაც იმასაც გაიგებს, რა დაწერეს კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიებმა, თორემ ვეჭვობ, მას ეს ნუსხა სრულად სცოდნოდა. თუ ჩემთვის საპატივცმულო ქალბატონი და შესანიშნავი ლიტერატორი მანანა ხელაია (გოკა გაბაშვილის დედა. – რედ.) და ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (მართალია, ვერ გასცდა კანდიდატობას, მაგრამ… გ.შ.) კოტე გაბაშვილიც დაეხმარებიან, ვიმედოვნებ, გოკა ექვს თვეში ნამდვილად გაარკვევს, “კოლხური კოშკი” კულტურის ძეგლია თუ კულტურის “რაღაც ნიშნების” მქონე სახლი.

– ბატონო გურამ, იმედი გაქვთ, რომ ექვსთვიანი კურსების გავლის შემდეგ “განათლებული” გაბაშვილი “კოლხურ კოშკს” კულტურის ძეგლად გამოაცხადებს?

– მეგონა, უფრო მეტი ეჭვი გაგიჩნდებოდათ და მკითხავდით: ბატონო გურამ, თქვენ ასე ოპტიმისტურად ხართ განწყობილი და ფიქრობთ, რომ გოკა ექვსი თვის შემდეგ კიდევ მინისტრი იქნება? (იცინის) ახლა ამ ბრძანებას სააკაშვილი რომ წაიკითხავს, იმ დღესვე თუ არ გაუყენებს გაბაშვილს ჭიაბერაშვილისა და ჯგერენაიას გზას, ალბათ, მოგვიწევს იმაზე საუბარი, მას რა წარმოდგენა აქვს კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაზე და როგორ აფასებს ზვიად გამსახურდიას, რომელსაც ხშირად ადარებს თავს, შარშანდელი წელი ზვიადის წელიწადად გამოაცხადა, მაგრამ თითი თითზე არ დაუკარებია მის უკვდავსაყოფად და “კოლხური კოშკის” რესტავრაციისთვის. ერთადერთი კაცი, ვინც გაბედა, რაღაც გაეკეთებინა საქართველოს პრეზიდენტის ხსოვნის პატივსაცემად, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური უნივერსიტეტის რექტორი, აწ უკვე მოხსნილი ავთანდილ ნიკოლეიშვილი იყო. მან როგორც კი გახსნა ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორია, მაშინვე მოხსნეს. ასეთი მემკვიდრე გახლავთ სააკაშვილი გამსახურდიასი. იმედია, არ დამხვდებიან და მილიონერ დეპუტატ გელაშვილივით არ მცემენ, მაგრამ მაინც ვიტყვი: პრეზიდენტმა სააკაშვილმა 10 მილიონის ნაცვლად, რომლის დახარჯვის უფლება მას კანონით აქვს, უკვე გაფლანგა 34 მილიონი ჰაერში. ვთავაზობ პრეზიდენტ სააკაშვილს, დღესვე მოხსნას გოკა გაბაშვილი ამ ბრძანების დაწერისთვის, ისე, როგორც ჭიაბერაშვილი მოხსნა ქალაქის მერობიდან “ქართვლის დედის” ძაგებისთვის და ისე, როგორც ქართული სუფრის ძაგებისთვის გამოაპანღურა ეროვნული ბიბლიოთეკიდან ჯგერენაია. სააკაშვილისგან მოვითხოვ, კულტურის უკულტურო მინისტრი გოკა გაბაშვილი სასწრაფოდ მოხსნას კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების ხსოვნის აბუჩად აგდებისთვის. გარდა ამისა, მე ხელთ მაქვს ზვიად გამსახურდიას ანდერძი და იურიდიულად თუ მორალურად ვალდებული ვარ, აღვადგინო “კოლხური კოშკი”, ამიტომაც მოვითხოვ: სააკაშვილმა, რომელმაც 34 მილიონი გაფლანგა ჰაერში და აქეთ-იქით სიარულში, სასწრაფოდ გამოყოს თანხა ეროვნული ბიუჯეტიდან საქართველოსთვის თავდადებული კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების “კოლხური კოშკის” აღსადგენად!

 მაია მარგველანი
“ასავალ-დასავალი”, 1-7 აგვისტო, 2005

  

* * *

გურამ შარაძე: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დასანგრევად “ტასისმა” ჯერ კიდევ 10 წლის წინ 6 მილიონი დოლარი გამოყო!

წერილი მეცამეტე

 (იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით)

 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი გურამ შარაძე ეროვნულ საკითხში, როგორც ყოველთვის, ახლაც პრინციპულია და შეურიგებელი. ბატონი შარაძე ხელისუფლებას სიურპრიზებს არასოდეს აკლებს.

– ბატონო გურამ, ავად აუხდა საქართველოს თქვენი წინასწარმეტყველება – მეცნიერებათა აკადემია უკანასკნელ დღეებს ითვლის!

– საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულება არახალია. პირველად საზღვარგარეთ დაგეგმილი აკადემიის გაუქმების ვერაგული გეგმა ამ ათიოდე წლის წინ ვამხილე, როცა ვაჟა ლორთქიფანიძე იყო სახელმწიფო მინისტრი. ეს არსად მითქვამს და მხოლოდ “ასავალ-დასავალს” ვეუბნები ექსკლუზიური უფლებით! მაშინ ხელთ ჩამივარდა საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც ეკუთვნოდა ორგანიზაცია “ტასისს”. “ტასისის” საიდუმლო მასალებიდან ირკვეოდა, რომ ამ ორგანიზაციას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გასაუქმებლად 4 საერთაშორისო ექსპერტი ჰყავდა დაქირავებული, რომელთაგან ერთი დანიელი იყო, ერთი – გერმანელი და ორი – ქართველი.

– ვინ იყვნენ ეს ქართველები?

– მე კიდევ არ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, ეს ქართველები დავასახელო. ჯერჯერობით მათ ვინაობას არ გავთქვამ!..

– რა ევალებოდათ, რა უნდა გაეკეთებინათ ამ ექსპერტებს?

– მათ უნდა შეედგინათ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, როგორც საქართველოს ბიუჯეტისთვის ზედმეტი ბარგის ჩამოცილებისა და გაუქმების პროექტი. არ იკითხავთ ამ 4 ექსპერტს რამდენს აძლევდნენ პროექტის შედგენაში?

– რა თანხებზეა ლაპარაკი?

– მათ ამ გეგმის შესადგენად უხდიდნენ 6 მილიონ დოლარს!..

– ეს ფული უკვე შეჭმულია?

– დიახ, რა თქმა უნდა, გრანტი უკვე დაინაწილეს და შეჭამეს! ე.ი. ამ 10 წლის წინ, ვაჟა ლორთქიფანიძის სახელმწიფო მინისტრობის დროს, “ტასისმა” 6 მილიონი დოლარი გაიღო მეცნიერებათა აკადემიის გასაუქმებლად. როცა ეს ამბავი პარლამენტის ტრიბუნიდან გავახმიანე, ბატონი ვაჟა დამემოწმება, ატყდა ერთი ამბავი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გამოქანდა ვაჟა ლორთქიფანიძე მეცნიერებათა აკადემიაში, მოიწვია პრეზიდიუმის საგანგებო სხდომა, დააშოშმინა მეცნიერები და მიაჩუმათა ეს სკანდალი. მეორედ ავთანდილ ჯორბენაძის სახელმწიფო მინისტრობის დროს გამოვედი პარლამენტში, როცა ჯორბენაძე იმყოფებოდა სხდომათა დარბაზში და მის თვალწინ განვაცხადე: ჯორბენაძის კაბინეტში, მის მაგიდაზე დევს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გაუქმების გეგმა-მეთქი! წამოხტა ავთო ჯორბენაძე მთავრობის ლოჟაში და რეპლიკა მესროლა, – ბატონო გურამ, როგორ გეკადრებათ, ჩვენს გასაცოდავებულ, მოხუცებულ აკადემიკოსებს ზედმეტად ნერვების მოშლა სჭირდებათ? რას ამბობთ, რას კადრულობთო!.. მაშინ მე ვუპასუხე: ბატონო ავთო, მე მაქვს ინფორმაცი, რომ თქვენი კაბინეტიდან თქვენმა თანამშრომელმა უკვე მოიპარა ეს დოკუმენტი, შექმნა მისი ასლი, დოკუმენტი ჩემთან მოაქვს და შესვენების შემდეგ საბუთი ხელთ მექნება-მეთქი! ატყდა ჩოჩქოლი და პარლამენტში შესვენება გამოცხადდა… შესვენების დროს ჯორბენაძემ ხელკავი გამომდო და შემეხვეწა, – ბატონო გურამ, გაფიცებ ყველაფერს, მითხარი, ის ჩემი თანამშრომელი ვინ არისო! ცხადია, მე თანამშრომლის ვინაობა ჯორბენაძეს არ გავუმხილე, თორემ მოსპობდნენ, სამსახურიდან გააგდებდნენ, ულუკმაპუროდ დატოვებდნენ საწყალს. დღეს აღარც ჯორბენაძეა სახელმწიფო მინისტრი, აღარც ის ადამიანი მუშაობს კანცელარიაში…

– ბატონო გურამ, გმირობა ჩაუდენია იმ კაცს, ვინ არის?

– არა მგონია, ჩემმა ერთმა ინტერვიუმ იხსნას დასანგრევად განწირული მეცნიერებათა აკადემია, ჩვენ ამ თემაზე კიდევ ვისაუბრებთ და მოდით, იმ კაცის თუ ქალის ვინაობაც საიდუმლოდ დარჩეს. ისე კი, თქვენ წინასწარმეტყველება ახსენეთ და, სამწუხაროდ, ჩემი წინასწარმეტყველება მართლაც ახდა!.. როცა მეცნიერებათა აკადემია განათლების სამინისტროს დაუქვემდებარეს, მაშინ ჟვანიასთვის არ დამიმალავს და ვუთხარი, – ბატონო ზურაბ, ლომაიას ხელში ახლა კი ნამდვილად დაიღუპება მეცნიერებათა აკადემია-მეთქი! სხვათა შორის, ასევე დავაფიქსირე ჩემი უარყოფითი პოზიცია მინისტრთა კაბინეტის ერთიანად დამტკიცების შესახებ, რადგან პერსონალურად ვერ ვახერხებდი ლომაიას გაშავებას და მისი კანდიდატურის ჩაგდებას. თქვენს პატივცემულ გაზეთში უნივერსიტეტის დიდი საბჭოს 213 წევრის სია გამოვაქვეყნე, მეორედ ნუ მოკლავთ ივანე ჯავახიშვილს-მეთქი, – მივმართე პროფესურას და ისიც ვუთხარი, რომ თქვენზეა დამოკიდებული, 2004 წლის 13 დეკემბერს, ფარული კენჭისყრის დროს არ მისცეთ ხმა რუსუდან ლორთქიფანიძეს და გადარჩება უნივერსიტეტი-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერეს მაშინ და სულ სიცილ-ხარხარსა და ტაშ-ფანდურში ჩაიარა ამ სამარცხვინო არჩევნებმა! აკადემიაშიც ზუსტად იგივე პროცესები აგორდა უნივერსიტეტის პარალელურად. რამდენჯერაც არ გამოვედი აკადემიაში შეკრებებზე, მეძახდნენ, – ოჰ, ეს პროვოკაციაა, ეს ისეა, ეს ასეა და ა.შ. მაგალითად, როცა გამოვედი ფიზიოლოგიის ინსტიტუტში და ვთქვი, რომ ასე ნელ-თბილი ლაპარაკი არაფერს მოიტანს, ეს ხელისუფლება ღუპავს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას-მეთქი. წამომიხტა ფიზიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი, პროფესორი ქომეთიანი, პრეზიდენტის დედის – გიული ალასანიას მეორე ქმარი და უხეში რეპლიკებით ცდილობდა ჩემს გაჩუმებას, გესმით, კაცო? მეცნიერებათა აკადემიის ბერიტაშვილის ინსტიტუტის თანამშრომელი, გიული ალასანიას მეორე ქმარი, პრეზიდენტის მამინაცვალი – ქომეთიანი, აკადემიაშივე ხელს მიშლიდა, დამეცვა აკადემია! მაშინ ავდექი და ვთქვი, – ბატონებო, დაღუპულია აკადემიის საქმე, საოჯახო შეთქმულებას აქვს ადგილი, პრეზიდენტი, პრეზიდენტის მამინაცვალი და პრეზიდენტის დედა აკადემიის გაუქმებას ესწრაფვიან-მეთქი! ამის შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება გაიმართა, სადაც აკადემიის ახლად არჩეული წევრი, მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც მობრძანდა. ერთადერთი გამოვედი მე, გურამ შარაძე, მის უწმინდესობას წინასწარ ბოდიში მოვუხადე, რომ ემოციურდად ვაპირებდი ლაპარაკს და “გავბედე” და ვთქვი: კატეგორიული წინააღმდეგი ვარ პროექტისა-მეთქი!

– რა პროექტზე იყო ლაპარაკი?

– პროექტით მეცნიერებათა აკადემიის 55 ინსტიტუტიდან 44 გააუქმეს, დატოვეს თერთმეტი და ამას დაუკრეს აკადემიაში ტაში! აკადემიას რომ ეს დამღუპველი პროექტი დაეწუნებინა, მაშინ ასე არ წავიდოდა საქმე, მაგრამ დაინახა მთავრობამ, აი, ჩვენი აკადემიკოსები მხდალები არიან, დარჩენილი თერთმეტი ინსტიტუტის გაუქმებაზეც თავს არ მოიკლავენო და აი, ბატონო, შედეგი! მაშინ ვუწინასწარმეტყველე მათ – მთავრობა გაგაუქმებთ-მეთქი!.. ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი, როგორც ჩემი სიტყვები ახდა! ჟვანიამ, რომელიც ნიჭიერი კაცი იყო, თავისი მოქნილი, არ მინდა “გაქნილი” ვახსენო, პოლიტიკის წყალობით, ათასგვარი ხვანჯებით, ისეთ ბურუსში გაახვია თავიდანვე აკადემია, რომელსაც თავი ვერავინ დააღწია. მან შექმნა ჯერ კიდევ დიდი კომისია, მერე პატარა კომისია, მერე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ფიზიკოსი გია ჯაფარიძე აურჩევლად, ვიცე-პრეზიდენტად დაანიშნინა აკადემიას, რათა გია ჯაფარიძის ხელით მოქნილად, არა ლომაიასავით და უმტკივნეულოდ გაეუქმებინა აკადემია. ისიც ზურაბ ჟვანიას ინიციატივა იყო, რომ აკადემიის ყოფილი პრეზიდენტის – ალბერტ თავხელიძის გადადგომის შესახებ პრეზიდენტის პოსტზე თამაზ გამყრელიძის კანდიდატურა წამოაყენეს. აკადემიკოს გამყრელიძეს როცა ირჩევდნენ, გამოვედი და ვთქვი: მე ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს აკადემიის პრეზიდენტის პოსტზე დღეს ალტერნატივა არ ჰყავს, მაგრამ მეშინია, როგორც ბატონი თამაზის კოლეგას, მისი ნიჭის პატივისმცემელს, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გაუქმების ვერაგული გეგმა, რომელიც მთავრობამ ჩაიფიქრა, მისი პრეზიდენტობის დროს არ აღესრულოს და მასზე არ გადატყდეს ჯოხი-მეთქი!.. ატყდა ერთი ამბავი… – მე ჩემი მითქვამს-მეთქი! – ვთქვი და წამოვედი, თუმცა, “რუსთავი-2”-მა ჩემი ეს სიტყვები ეთერში გადასცა. ახლა მივადექი მთავარ სათქმელს! დღეს ჩვენ ვიბრძვით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და მისი პრეზიდენტის გადასარჩენად. ბატონი თამაზი ბრწყინვალე მეცნიერი, განათლებული, თავშეკავებული კაცია. მან კრემლის ყრილობათა სასახლეში ქართველთათვის უდიდესი კატასტროფის ჟამს მსოფლიოს ამცნო 1989 წლის 9 აპრილის საშინელი ტრაგედიისა და რუსი ჯარისკაცების ბარბაროსობის შესახებ. და აი, ახლაც, ამ რამდენიმე დღის წინ, მან ნიდერლანდების ხელოვნებისა და მეცნიერების სამეფო აკადემიასა და “სრულიად ევროპის მეცნიერებათა აკადემიების ასოციაციაში” გაგზავნა წერილი და მსოფლიოს შეატყობინა იმ ამაზრზენი ფაქტის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას აუქმებს. ეს არის დიდი ვაჟკაცობა და მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის მეორე 9 აპრილი, მეორე დიდი აფეთქება აკადემიკოს თამაზ გამყრელიძისა. 1989 წლის 9 აპრილი 2005 წლის აგვისტოში მეორდება! არა უცხო ხელისუფლება, არა უცხო ჯარისკაცები, არამედ ჩვენივე პრეზიდენტი, ჩვენივე მთავრობა და ჩვენივე ე.წ. განათლების მინისტრი ნიჩბით კი არა სცემს, არამედ ხვრეტს, ხელის ერთი მოსმით აუქმებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას!!! ღმერთმა აცხონოს, 9 აპრილს 20 ახალგაზრდა დაიღუპა და ისინი დაიღუპნენ, როგორც გმირები საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, მაგრამ აკადემიის გაუქმებით იღუპება ათასობით ქართველი, იღუპება ქართული ნიჭიერება და იღუპება ჩვენი მომავალი ჩვენივე ხელით!.. კახა ლომაიამ შეგნებული ჩირქი მოსცხო მეცნიერებათა აკადემიას, როცა ვიღაც სამნეო ნაწილის გამგე – ვინმე ბოჭორიშვილი აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად თუ თავმჯდომარის მოადგილედ გამოაცხადა!.. ლომაია აკადემიკოსებზე იმასაც ამბობს, აკადემიაში “ვიღაც ტიპები” სხედან და იქაურობას მალე უნდა მოსცილდნენო! ე.ი. აკადემიკოსები, თურმე, “ვიღაც ტიპები” ყოფილან. აკადემიკოსი ანგია ბოჭორიშვილი, აკადემიკოსი ვახტანგ ბოჭორიშვილი გამიგია, ისინი ქართული მეცნიერების და ქართველი ერის მართლაც სინდისი იყვნენ, მაგრამ აკადემიკოს გოგი ბოჭორიშვილს მე არ ვიცნობ და ლომაია მეცნიერებათა აკადემიის გარშემო ამ საშინელ ფონს შეგნებულად, მზაკვრულად ქმნის!

სირცხვილი საქართველოს, რომ ქართულ მეცნიერებას საქართველოს პარლამენტში ნოდარ გრიგალაშვილი უდგას სათავეში და, თურმე, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე ნოდარ გრიგალაშვილს უნდა დაეკითხოს, სად გაგზავნოს წერილი და სად არა! ხომ წარმოგიდგენიათ, აკადემიკოსი გამყრელიძე რომ გრიგალაშვილს რაიმეს ჰკითხავს, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ და რატომ გიკვირთ მეცნიერებათა აკადემიის გაუქმება?

 დიტო ჩუბინიძე
“ასავალ-დასავალი”, 15-21 აგვისტო, 2005

 

* * *

გურამ შარაძე: ვივა – პიონერთა სასახლეს, სირცხვილი – ,,ლომაიას აკადემიას’’!

წერილი მე-14

მაშინ, როდესაც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის თანამშრომლები და მცირეწლოვანი ბავშვები ღირსეულად იცავენ წარსულის მონაპოვარს, ცალკეული მეცნიერები ცდილობენ, რაც შეიძლება უხმაუროდ მოიყვანონ სისრულეში კახა ლომაიას მზაკვრული ჩანაფიქრი, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის განადგურებას ისახავს მიზნად… ,,ასავალ-დასავალის’’ ფურცლებზე არაერთხელ განაცხადა აკადემიკოსმა გურამ შარაძემ მეცნიერებათა აკადემიაში მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ, რომელიც ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილისთვის იქნება სავალალო.

გურამ შარაძე: მეცნიერებათა აკადემიის გასანადგურებლად საიდუმლო სერობები არ წყდება. ე.წ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გადაწყვიტა, მეცნიერებათა აკადემია თავად აკადემიკოსების ხელით გააუქმოს. ლომაიას ,,კარის კაცების’’ ნაწილმა უკვე გაშიფრა საკუთარი თავი, როცა უცერემონიოდ, აკადემიის წევრთა თანხმობის გარეშე, გამოსტაცეს ჯანაშიას სახელობის მუზეუმი აკადემიას. ეს ,,გმირობა’’ სააკაშვილი-ჟვანიას გუნდის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ ჩაიდინა და ფეშქაშად გენერალური დირექტორის პოსტი დაიმსახურა.

– ბატონო გურამ, თქვენ საიდუმლო სერობები ახსენეთ…

– დავიწყოთ იმით, რომ ქართული მეცნიერების მშვენება – აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი სულ მალე მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში აღარ იქნება, ანუ მას ლომაია-წიფურია დაეპატრონება. ლომაიას შეკვეთით, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ დაადგინა, აღარ გვსურს იმ აკადემიის შემადგენლობაში ყოფნა, სადაც მოღვაწეობდნენ მუსხელიშვილი, ჩუბინაშვილი, კეკელიძე, შანიძე, ბერიტაშვილი, ვეკუა, ხარაძე… და გვინდა, ლომაიას დაქვემდებარებაში გადავიდეთო. სირცხვილი ინსტიტუტის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც ლომაიას ვერაგულ გეგმებს მწვანე შუქი აუნთეს. მათ უკვე მეორედ შეირცხვინეს თავი – არც მაშინ ამოიღეს ხმა, როდესაც სამარცხვინო სამოქალაქო ომის დროს კიტოვანისა და გამსახურდიას რეზიდენციებს შორის მოქცეულ ჩუბინაშვილის სახელობის ინსტიტუტს ბომბებს და ტყვიებს ესროდნენ და ინსტიტუტის უნიკალური საგანძური განადგურდა. ყოველივე ამის შემდეგ არ გადაბრუნდება ჩუბინაშვილი საფლავში?!

– თქვენ ბრძანეთ, ლომაიას მზაკვრული გეგმის თანახმად, მეცნიერებათა აკადემიას მეცნიერების ხელითვე ანადგურებენო. ვინ არიან ეს მეცნიერები?

– თუ აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის ინსტიტუტზე მეკითხებით, იქ ამ გეგმის თანამონაწილეები არიან სამეცნიერო საბჭოს წევრები, რომლის ხელმძღვანელიცაა ცოლ-ქმარი ლეილა ხუსკივაძე და თეიმურაზ საყვარლიძე. სხვათა შორის, ინსტიტუტის დირექტორი თეიმურაზ საყვარელიძე არ გახლავთ ცუდი ადამიანი, მაგრამ საქმე ის არის, რომ დღეს ამ ინსტიტუტში გადაწყვეტილებებს, ფაქტობრივად, მისი მეუღლე იღებს. მიკვირს, სად არიან გიორგი ჩუბინაშვილის სახელოვანი მოწაფეები და ამ ინსტიტუტის ღირსეული თანამშრომლები: კიტი მაჩაბელი, ნათელა ალადაშვილი, რუსუდან ყენია, ვოლსკაია, თუმანიშვილი და სხვები. რატომ არ იღებენ ისინი ხმას ამ უმსგავსოების წინააღმდეგ?! ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა, მოვითხოვო: გამოქვეყნდეს სამეცნიერო საბჭოს წევრთა სია, რომლებმაც ხელი ასწიეს გიორგი ჩუბინაშვილის აკადემიიდან გამოსვლაზე და ,,ლომაის აკადემიაში’’ შესვლაზე. წესით, მათ არ უნდა შერცხვეთ თავიანთი გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნების, თუმცა, ჩემი და არა მარტო ჩემი აზრით, ასეთი ადამიანები სამართლიან გულისწყრომას იმსახურებენ.

,,ლომაიას აკადემიის’’ დაქვემდებარებაში მოისურვეს შესვლა დიდი ქართველი მეცნიერის, თინათინ წერეთლის სახელობის სამართლის ინსტიტუტის თანამშრომლებმაც. ამ ინსტიტუტის დირექტორი გახლავთ ,,ვარდების რევოლუციონერების’’ ყურმოჭრილი მონა და რადიო-ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გია ხუბუა, რომელმაც ამხელა ინსტიტუტი ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის სანაცვლოდ, პრაქტიკულად, საჩუქრად მიართვა ხელისუფლებას.

მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში აღარ არის ზუგდიდის დადიანების სასახლე და მუზეუმიც. მუზეუმის დირექტორი სანამ უწევდა წინააღმდეგობას მათ ვერაგულ გეგმას, მისი წართმევა ვერ შეძლეს, თუმცა, აგერ ახლა მას ქურდობა და ათასი სისაძაგლე დააბრალეს და ახალი დირექტორის ხელით მაინც მოახერხეს დადიანების სასახლის ლომაია-გაბაშვილისთვის გადაცემა.

გასულ კვირაში ფიზიოლოგიის ინსტიტუტში მოეწყო საიდუმლო სერობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებათა აკადემიის რამდენიმე ,,გადამრჩენელმა’’: გია ჯაფარიძემ, რომელიც ზურაბ ჟვანიამ რევოლუციის შედეგ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად დაგვინიშნა და დიდი ხანია, ასრულებს ლომაიას დავალებებს, რათა მეცნიერებათა აკადემია სოროსის ჭკუაზე მოიყვანონ. მას გვერდს უმშვენებდა ჯუმბერ ლომინაძე – საქართველოში სოროსის ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხათუნა გოგორიშვილის მარჯვენა ხელი არჩევნების გაყალბებაში. ასევე გიორგი ჩაგელიშვილი – ჯუმბერ ლომინაძის იდეური მიმდევარი. აგრეთვე თენგიზ ზაალიშვილი – აკადემიის ერთ-ერთი ინსტიტუტის დირექტორი და რაღა თქმა უნდა, თავად ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი თემურ ნანეიშვილი, რომელიც იმდენად თამამი კომკავშირელი გახლდათ, რომ ინსტიტუტის დამსახურებულ დირექტორს – სერგი ნარიკაშვილს ეცილებოდა ლაურეატობაში. გეკითხებით, თუ ეს ადამიანები მართლა აკადემიის გადარჩენაზე ფიქრობენ, რატომ იკრიბებიან საიდუმლოდ?! რატომ არ ეძახიან ეროვნული მეცნიერებების წარმომადგენლებს, კერძოდ, აკადემიის წევრს ბატონ ელიზბარ ჯაველიძეს?! საქმე ის არის, რომ ეს ის ხალხია, ვინც ჟვანიას დავალებითა და გია ჯაფარიძის ხელმძღვანელობით შეიმუშავა გეგმა აკადემიის ორმოცდათექვსმეტი ინსტიტუტიდან ორმოცდაოთხის გაუქმების თაობაზე და აკადემიის საერთო კრებაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი ამ მოღალატურ რეფორმას (სხვათა შორის, ერთადერთი მე გამოვედი აღნიშნულ სხდომაზე ამ რეფორმის წინააღმდეგ და საჯაროდ ვამხილე მოღალატეები). რომ არა ესენი, ლომაია-წიფურია ვერ შეძლებდა მზაკვრული გეგმის სისრულეში მოყვანას… ჩვენდა სამწუხაროდ, კიდევ დგას რიგში ხუთი ინსტიტუტი, რომლებიც დღე-დღეზე აპირებენ ლომაიას დაქვემდებარებაში გადასვლას.

– რომელ ინსტიტუტებზეა საუბარი?

– გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტი, ბაქტერიოფაგისა და მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი, რჩეულიშვილის სახელობის მეცხოველეობის ლაბორატორია და სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი… იქნებ, ესენი მაინც დაფიქრდნენ, ვიდრე გვიანი არ არის! მოვა დრო და როდესაც მეცნიერების განადგურების გამო პასუხს აგებინებენ ლომაის, იგი იტყვის – მე რა შუაში ვარ, მეცნიერებმა თავად მიიღეს გადაწყვეტილებაო… დიახ, ჩვენდა სამარცხვინოდ, მეცნიერთა ერთმა ნაწილმა თვითნებურად, თავად გადადგა ეს ნაბიჯი თვითლიკვიდაციისკენ და რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ეს ყველაფერი ჩვენს დროებაში ხდება!

მე აღტაცებული ვარ პიონერთა სასახლის მოსწავლეთა გმირობით: თითისტოლა ბავშვებმა აჯობეს ჩვენს ზოგიერთ დაბრძენებულ აკადემიკოსს საკუთარი ღირსების დაცვის საქმეში.

ვივა – პიონერთა სასახლეს, სირცხვილი – ,,ლომაიას აკადემიას’’!

P.შ. ,,ასავალ-დასავალის’’ ფურცლებზე უკვე მეორედ მიხდება ძვირის თქმა ბატონ გია ჯაფარიძეზე. პირველად, როცა ამ რამდენიმე კვირის წინ ის გავაკრიტიკე, შემხვდა უნივერსტეტში და მთხოვა, მეტი აღარ შევხებოდი მას. მეც დავეთანხმე, ოღონდ იმ პირობით, თუ ის მომავალში მაინც გადადგამდა აკადემიის სასიკეთო ნაბიჯებს, მაგრამ როცა ახლა შევიტყე ფიზიოლოგიის ინსტიტუტში გამართულ საიდუმლო სერობასა და მასში ბატონი გია ჯაფარიძის მონაწილეობაზე და ვიცი, იქ აკადემიისთვის რა სასიკეთო ნაბიჯებიც გადაიდგმებოდა, იძულებული გავხდი, კიდევ ერთხელ ამემაღლებინა ხმა ამგვარი საიდუმლო სერობებისა და შეხვედრების წინააღმდეგ. აკადემიის ბედი ფიზიოლოგიის ინსტიტუტში გასაიდუმლოებულად არ უნდა წყდებოდეს. მეცნიერებათა აკადემია სრულიად საქართველოს ეკუთვნის და მისი ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

ნატო ფოცხიშვილი
,,ასავალ-დასავალი”, 12-18 სექტემბერი, 2005

 

*  *  *

გურამ შარაძე: რუსუდან ლორთქიფანიძემ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები დედაუნივერსიტეტში არ შეუშვა!

წერილი მე-15

გასულ კვირას აკადემიკოსმა გურამ შარაძემ მხარდამჭერების თანხლებით გენერალურ პროკურატურას მიაკითხა და ,,კავკასიის ინსტიტუტის’’ პრეზიდენტის – გია ნოდიასა და მისი მეუღლის დაპატიმრება მოითხოვა.. უნივერსიტეტის დიდი საბჭოს წევრებმა მორიგი შეკრება გამართეს, თუმცა, რექტორატმა პროფესორ-მასწავლებლებს უნივერსიტეტის კარი ,,კაგებეს’’ თანამშრომლებით ჩაურაზა… ამ საკითხებზე აკადემიკოს გურამ შარაძეს ვესაუბრეთ:

 – თქვენ გენერალური პროკურატურის წინ გამართეთ აქცია მოთხოვნით: დააპატიმრონ გია ნოდია…

– დაახლოებით ოცი დღის წინ პროკურატურაში შევიტანე სარჩელი გია ნოდიასა და მისი მეუღლის წინააღმდეგ, რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. შესაძლოა, მკითხველმა კარგად არ იცის, ვინ არის გია ნოდია, ამიტომ შევახსენებ. ის გახლავთ ე.წ. არასამთავრობო, სინამდვილეში კი ზესამთავრობო ორგანიზაცია ,,კავკასიის ინსტიტუტის’’ დირექტორი. უკვე ათეულობით წელია, ამ სტატუსით ითვისებს იგი ათიათასობით ამერიკულ დოლარს და სხვა ჰუმანიტარულ დახმარებას, რაც გაჭირვებული ქვეყნის ხალხისთვის არის გამოყოფილი. ქართველმა სამართალდამცველებმა ჯერ კიდევ ,,ვარდების რევოლუციამდე’’ გამოამჟღავნეს ნოდიას გაუგონარი თაღლითობისა და არაკაცობის ფაქტი. იგი, როგორც მამაკაცი, თავის ბინძურ საქმეში რომელიმე თანამოაზრეს კი არ გაურიგდა, არამედ თავისი ცოლი გარია მზაკვრობაში. საქმე ეხება ფინანსურ მაქინაციებს. კერძოდ, მან რამდენიმე ათასდოლარიანი გრანტი გამოწერა ყალბად ცოლის სახელზე და ოჯახში ასე ,,უპროცენტოდ’’, ყოველგვარ ,,წილში ჩაჯდომის’’ გარეშე შეიტანა ქართველი ხალხისთვის გამოყოფილი დახმარება. ეს ფაქტი სამართალდამცავებს აძლევდა საფუძველს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ, მაგრამ ,,ვარდების რევოლუციამ’’ უშველა და ეს გრანტიჭამია, ცოლის ბინძურ საქმეში გამყვანი ,,ღირსეული თაღლითი მეუღლე’’ ახალი საქართველოს იდეოლოგად, წმინდანად და ჩვენი ქვეყნის ორი ყველაზე ეროვნული დაწესებულების – საქართველოს ტელევიზიის პირველი არხისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის დედაუნივერსიტეტის დამფერთხავად მოგვევლინა. მან, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, თავის თანამბრძოლებთან ერთად ჯერ ეროვნული ტელევიზია, ჩვენი დედაარხი დაფერთხა ეროვნულად მოაზროვნე ჟურნალისტებისგან და დირექტორობა კანონის დარღვევით ,,თავისუფლების ინსტიტუტის’’ გაზრდილ თამარ კინწურაშვილს ჩააბარა. ათასობით ეროვნულად მოაზროვნე ჟურნალისტი დატოვეს ქუჩაში და ახლა მას მეორე ავაზაკური გეგმა დაევალა – დაფერთხოს დედაუნივერსიტეტი…

– რა, ეს ყველაფერი ერთმა გია ნოდიამ გადაწყვიტა?

– არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ის არის წამყვანი ინსტრუმენტი ამ კომისიაში, აბა, რას გადაწყვეტდა ამ საბჭოს წევრი, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა ჟურნალისტიკაში?! ან მოცეკვავე, ბალერინა ნინო ანანიაშვილი?! ნოდია არის იქ მთავარი ბუდე სოროსისა და ,,თავისუფლების ინსტიტუტის’’ დაკვეთების გატარებისა, თორემ, თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ აკადემიკოსი თოდუა კინწურაშვილს დაუჭერდა მხარს და აკაკი ბაქრაძის შვილის კანდიდატურას წაშლიდა?! ეს გახლავთ ფორმალური საბჭო, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხებოდა და ,,სტოსი’’ მიჰყავდა გია ნოდიას. როგორც კი დედატელევიზია სოროსელ კინწურაშვილს ჩააბარა და ეს საქმე ,,ღირსეულად’’ შეასრულა ნოდიამ, გადავიდა მეორე სოროსული დაკვეთის შესრულებაზე – დაფერთხოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტი ღირსეული ეროვნული მოღვაწეებისგან. მან კომისიაში შეიყვანა ეროვნული ბიბლიოთეკიდან პანღურით გამოგდებული ,,მოგეიფე’’ ჯგერენაია, რადიო ,,თავისუფლების’’ კორესპონდენტი პაიჭაძე, რომელმაც ჯვაროსნული ომი გამომიცხადა, როცა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ეროვნების ამოშლის წინააღმდეგ გავილაშქრე… საზოგადოებითვის კარგად არის ცნობილი, ვინ არიან ეს ადამიანები და მათ დაევალათ, დაფერთხონ უნივერსიტეტი იანვრამდე, რათა შექმნან ხელოვნური ვაკანსიები და თავისუფალ ადგილებზე კმარელები და სოროსელები შემოყარონ. იცით, რა გააკეთა ამ კომისიამ? ნოდარ ტაბიძე გაიყვანეს გამოცდაზე, მერე გამოვიდა ,,პაჭანიკი’’ პაიჭაძე და განაცხადა – უნდა გაგვეშვა, ჟურნალისტიკას და პუბლიცისტიკას ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებდაო… ხომ ხედავთ, რამხელა ცინიზმია! უნივერსიტეტიდან გააგდეს გალაქტიონის ძმისშვილი, ჟურნალისტთა არაერთი თაობის აღმზრდელი ასეთი სამარცხვინო იარლიყით. ,,უცოდინარობისთვის’’ დაითხოვეს ქართული ჟურნალისტიკის ფუძემდებელი ნიკო ლეონიძე, გიორგი ლეონიძის ძმისშვილი… ამ ხალხს – ჯგერენაიებს, ნოდიებს და პაჭანიკებს, გალაქტიონ ტაბიძისა და გოგლა ლეონიძის სისხლი და ხორცი კი არ სჭირდებათ, არამედ კინწურაშვილები, თუთბერიძეები, ბოკერიები და რამიშვილები… ამათ უცოდინარობა მოსდეს ბრალად, სხვებს კი აშანტაჟებენ – მექრთამეები ხართო… თავად მექრთამე ნოდია, რომელმაც ცოლი ჩაითრია ბინძურ თაღლითურ კორუფციაში, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს კორუმპირებულებს უწოდებს და თუ ასეთი ტემპით გაგრძელდება გამოცდებზე პროფესორების ,,ჩაჭრა’’, რამდენიმე კვირაში უნივერსიტეტისგან არაფერი დარჩება.

– რა არის ამ ყველაფრის მიზანი?

– ჩვენი ეროვნული იდეოლოგიის ცენტრი, ეროვნული სულიერების ტაძარი – დედაუნივერიტეტი სოროსის, ,,თავისულფების ინსტიტუტისა’’ და ,,კავკასიის ინსტიტუტის’’ თანამშრომელთა კერად რომ გადააქციონ. მოვითხოვ: გენერალურმა პროკურატურამ სასწრაფოდ ჩამოიღოს მტვრიანი თაროდან გია ნოდიასა და მისი მეუღლის საქმე, რომელიც ,,ვარდების რევოლუციამ’’ შეიძლება სულაც ნაგავში გადააგდო და განახლდეს ძიება.

– უნივერსიტეტში ეს კომისია პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა? გია ნოდია და მისი კომისიის წევრები ხომ კონკრეტული პიროვნებების დაკვეთას ასრულებენ?

– სრული ჰარმონიაა პრეზიდენტსა და ამ ადამიანებს შორის! ნოდიები მოქმედებენ დასავლეთის მასონური და სოროსული ძალების დაფინანსებით და პრეზიდენტის უშუალო მითითებით. ამავე ძალებისა და პრეზიდენტის უშუალო მითითებით ხდება მეცნიერებათა აკადემიის გაუქმება! საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა თამაზ გამყრელიძემ სააკაშვილს მისწერეს წერილი და პასუხიც კი არ აღირსა მათ. პრეზიდენტი, განათლებისა და მეცნიერების ვაი-მინისტრი და მათი ყურმოჭრილი მონა, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი რუსუდან ლორთქიფანიძე სოროსის გეგმას აქტიურად ახორციელებენ…

– თუმცა, ამბობენ, რომ რუსუდან ლორთქიფანიძე უნივერსიტეტში, პრაქტიკულად, ვერაფერს წყვეტს…

– გეთანხმებით და აქედან გამომდინარე, მისი ბრალეულობა ნოდიას ,,გაპირველკაცებაში’’ ნაკლებია, მაგრამ ანტისახელმწიფოებრივი დავალების მონურად შესრულება უმძიმესი დანაშაულია! მოვუწოდებ უნვერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს: ვინც გაიარა ე.წ. გამოცდები ნოდია-ჯგერენაიას კომისიაში და უნივერსიტეტიდან გამოაგდეს, არ დაემორჩილონ ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვონ მისი ანულირება და სამსახურში აღდგენა. ხოლო გამოცდებზე გასაყვანად და უნივერსიტეტიდან გამოსაყრელად გამზადებული პროფესორები არ შევიდნენ ნოდი-ჯგერენაიასთან გამოცდებზე! ამით გადაარჩენენ დედაუნივერიტეტს! ამ ყველაფრის წარმატებით დასრულების შემდეგ შესაძლოა, ნოდიას მეცნიერებათა აკადემიის გაუქმებაც დაევალოს და ბოლოს, ალბათ, ამ საგმირო საქმეებისთვის მას სააკაშვილი დავით აღმაშენებლის ორდენით დააჯილდოვებს!

– ფიქრობთ, რომ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებმაც რუსუდან ლორთქიფანიძეს მისცეს ხმა, ეყოფათ გამბედაობა და გამოცდებზე არ გავლენ?

– ახლა მაინც განაცხადონ უარი და არ გავიდნენ გამოცდებზე, მანამდე მაინც, ვიდრე გენერალური პროკურატურა არ გამოარკვევს ჩემი ბრალდების საფუძვლიანობას! შეწყდეს ნოდია-ჯგერენაიას კომისიის საქმიანობა დედაუნივერსიტეტში! თუ პროკურატურა ,,შეკერავს’’ ახალ საქმეს და დაადგენს, რომ ნოდია უდანაშაულოა, მერე განაგრძოს ამ კომისიამ მუშაობა. ელემენტარული იურიდიული ფორმაა, სანამ პიროვნების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მანამდე მას არა აქვს უფლება განახორციელოს საქმიანობა.

– როცა პროკურატურაში მიბრძანდით, რა პასუხი მიიღეთ?

– გენერალურ პროკურატურაში, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე ისე მივედი, მაგრამ მერე რომ არ ეთქვათ წერილი დიკარგაო, არ ვენდე კანცელარიას და ადეიშვილის თანაშემწემ შემახვედრა გენერალური პროკურორის მოადგილეს ნონა წოწორიას. პირადად მას ხელში გადავეცი ჩემი წერილი და დამპირდა, რომ თვალყურს მიადევნებდა ამ საქმეს. ჩვენ ვამხელთ გია ნოდიას. თუ ის დამნაშავეა, გამოაგდონ უნივერსიტეტიდან, და საერთოდ, ჩასვან ციხეში. ბექაურს რომ დასცინიან – ქრთამი მიუტანა რამიშვილსო, რა შედარებაა ეს არაკაცობა იმასთან, რაც გია ნოდიამ ჩაიდინა; აიღო ათასობით დოლარი ყალბი გრანტი და თან ცოლი ,,გაიყვანა საქმეში’’! ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად გენპროკურატურის წინ მოწყობილი საპროტესტო აქციის შემდეგ ახლა მომივიდა პასუხი

 მაია მარგველანი
,,ასავალ-დასავალი”, 3-9 ოქტომბერი, 2005

 

 *  *  *

გურამ შარაძე: იცოდეთ, ვის მოსდის ნერწყვი პავლოვის ძაღლივით ქართული მეცნიერების დანგრევაზე!

წერილი მე-16

ქართველმა მეცნიერებმა პრეზიდენტ სააკაშვილს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კახა ლომაიას გადაყენების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა, ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის თემურ ნანეიშვილის ორგანიზატორობით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მეცნიერთა შეკრებას და ლომაიას გადაყენების მოთხოვნას აკადემიკოსი გურამ შარაძე ფარსს უწოდებს. მისი განმარტებით ეს იყო პრეზიდენტის კარზე შეთანხმებული აქცია. რიგით მეთექვსმეტე პუბლიკაციაში, რუბრიკით “ასი წერილი ქართველ ერს” ბატონი გურამ შარაძე “ნაცად კომკავშირელ” თემურ ნანეიშვილს მორიგი “კომკავშირის კრების” ჩატარებაში ადანაშაულებს.

გურამ შარაძე: თქვენი პატივცემული გაზეთის ფურცლებზე ამ რამდენიმე კვირის წინ ვამხილე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეგრეთ წოდებული რეფორმატორთა გუნდი, რომელსაც თითქოს მეცნიერება და განათლება ამ ხელისუფლებისგან უნდა დაეცვა და გადაერჩინა. პირველ რიგში, განხილვამ ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ძველი ნაცადი კომკავშირელი და ცნობილი ინტრიგანი, საკუთარი მასწავლებლის, მისივე წინამორბედის, პროფესორ სერგი ნარიკაშვილის წინააღმდეგ მებრძოლი თემურ ნანეიშვილი. ჩამოვგლიჯე ნიღაბი მის ფსევდოპატრიოტულ, ფსევდორეფორმატორულ პორტრეტს, რაც საკმაოდ ძვირად დაგვიჯდა მეცნიერთა სხდომაზე. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ნამდვილი კონცერტი გაიმართა, პირდაპირი მნიშვნელობით, სპექტაკლი-კონცერტი, რომლის დირიჟორიც გახლდათ თემურ ნანეიშვილი. მან თავი მოუყარა თავის მონა თანამებრძოლებს და თანამოაზრეებს, რომელთა 90 პროცენტი არ არის აკადემიის წევრი, გაახმოვანებინა მათ თავისი ფრაზები და აკადემიის წევრებს – ელიზბარ ჯაველიძესა და გურამ შარაძეს სიტყვა არ გვათქმევინა. ბატონ ელიზბარს პირდაპირ უთხრა ნანეიშვილმა: თქვენ სიტყვას არ მოგცემთ და პოლიტიკურ მიტინგს არ მოგაწყობინებთო. გამაგებინეთ, რომელი ივანე ბერიტაშვილია ნანეიშვილი?! რატომ აირჩიეს გურამ შარაძე და ელიზბარ ჯაველიძე მეცნიერებათა აკადემიაში – პოლიტიკური მოღვაწეობის გამო თუ სამეცნიერო დამსახურებებისათვის?! და რატომ ვერ გახდა ნანეიშვილი მეცნიერებათა აკადემიის წევრი?! იქნებ, გვიპასუხოს! ის ხომ პოლიტიკურ მიტინგებს არ აწყობს და ბერიტაშვილივით დღედაღამ ძაღლების ლაბორატორიაშია. თემურ ნანეიშვილს პავლოვის ძაღლებივით მოსდის ნერწყვი, ისე ენატრება აკადემიკოსობა, მაგრამ “დიდმა მეცნიერმა” ეს ოცნება ვერ აისრულა.

– როგორც ცნობილია, თავადაც ჰქონდათ პოლიტიკური მოთხოვნები… მათ ხომ კახა ლომაიას გადადგომა მოითხოვეს…

– დიახ, მაგრამ ეს ყველაფერი ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული! მიღებულ იქნა მიმართვა პრეზიდენტ სააკაშვილისადმი, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა ასეთი იყო: ბატონო პრეზიდენტო, მოწყალეო ხელმწიფევ, გადააყენეთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კახა ლომაია!.. ამ სიტყვებზე ტაშით დაინგრა დარბაზი. პატიოსანი და კეთილშობილური მიზნით დარბაზში შემოსული საზოგადოება ნანეიშვილმა და მისმა ხროვამ მწარედ მოატყუა.

– გინდათ თქვათ, რომ ეს ჯგუფი სააკაშვილის დაკვეთას ასრულებს?

– თემურ ნანეიშვილი გახლავთ სააკაშვილის მამინაცვალის, პროფესორ ქომეთიანის დირექტორი, რომელიც ფიზიოლოგიის ინსტიტუტში მუშაობს. როცა ამგვარ შეკრებაზე ერთი წლის წინ ფიზიოლოგიის ინსტიტუტში მივედი, ქომეთიანმა და ნანეიშვილმა ობსტრუქცია მომიწყვეს. არც იქ უნდოდათ ჩემთვის სიტყვის მოცემა. ნანეიშვილი ასრულებდა პრეზიდენტის მამინაცვლის დავალებას – თუ გინდა ინსტიტუტის დირექტორობა, გურამ შარაძე გააშავე და სიტყვა არ მისცეო. მან ეს ნაწილობრივ მოახერხა კიდეც. ვიმეორებ: ნანეიშვილი ასრულებს პრეზიდენტისა და მისი მამინაცვლის დავალებას, რომ შეკრებაზე აკადემიკოსებს არ მისცეს სიტყვა, ერთი-ორის გამოკლებით. სამაგიეროდ, წინასწარ შეთანხმებული ტექსტებით გამოდიან თავისი ხელზე მოსამსახურე პროფესორები, რომლებიც აკადემიაში არასდროს  მინახავს და რომლებიც ახლა “აღმოაჩინა” ნანეიშვილმა. ის, რომ ეს ყველაფერი ფარსი იყო, იმითაც დასტურდება, რომ მე და ელიზბარ ჯაველიძეს არ მოგვცეს სიტყვა, რათა არ ჩამოგვეხსნა მათთვის  ნიღაბი და არ გამოჩენილიყო მათი ნამდვილი ანტიეროვნული და ანტიქართული სახე. ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: სააკაშვილს ყელზე დაადგა ლომაია! სოროსმა გააპრეზიდენტა სააკაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პორტფელი ლომაიას ჩააბარა და თუ ახლა ისინი არ შეასრულებენ მის დავალებებს, სოროსი ორივეს გამოაცლის სავარძელს.

– თუ ორივეს ემუქრება სავარძლის დაკარგვის საფრთხე, რატომ ეჩხირება ლომაია სააკაშვილს ყელში ძვალივით?

– სოროსს მობეზრდა სააკაშვილი. მას შემდეგ, რაც მიშამ ბუშის მხარე დაიჭირა, იმდენად დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა, რომ თბილისში ჩამოსულ მამა-მარჩენალს სააკაშვილმა კი არ უმასპინძლა, არამედ საპრეზიდენტოდ გამზადებულმა ცოლ-ქმარმა – თინა ხიდაშელმა და დავით უსუფაშვილმა. იმას აპატიებს სოროსი სააკაშვილს, რომ შავნაბადაზე, რომელიღაც “პადვალში” მოეწყო მისთვის შეხვედრა?! დღეს-ხვალ სოროსი საქართველოდან წამსვლელია და მის ჰორიზონტში ყოფნა პრეზიდენტის იმიჯისათვის ძალიან წამგებიანია. ეს ესმის სააკაშვილს, თუმცა, მისი იდეების რეალურ განმავითარებლად მთავრობაში მინისტრი, ოღონდ არა პრემიერ-მინისტრი, ლომაია რჩება. როდესაც ჟვანია მოკლეს ამათ…

– ვინ ამათ?

– ხელისუფლებამ, მისმა ძმაკაცებმა და მისმა გარემოცვამ!.. დადგა ახლა პრემიერ-მინისტრის დანიშვნის საკითხი. სოროსმა უბრძანა სააკაშვილს, ჟვანიას ადგილზე ლომაია დაესვა, მაგრამ პრეზიდენტს ეშინია სოროსთან მასზე ავტორიტეტული ლომაიას პოლიტიკური დაწინაურების. ამიტომ გადასვა ყოვლად უსახო და უზრდელი ნოღაიდელი ჟვანიას სავარძელში, რომ ახალ სახელისუფლებო საფეხურზე არ აეყვანა სოროსს ლომაია. სააკაშვილი ჩასაფრებული იყო, რომ ლომაიას ეგრეთ წოდებული ეროვნული გამოცდები ჩაფლავებულიყო და ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა მის წინააღმდეგ. სააკაშვილი მიიღებდა უწყინარ სახეს და სოროსს ეტყოდა, – რა ვქნა, ძია ჯორჯ, ლომაიამ მთელი ქართველი ხალხი და საზოგადოება ამიმხედრა და ამიტომ გადავაყენეო. ეს უბედური ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გააცურა ლომაიამ. გამოცდები ისე “შეფუთა”, ხალხი აზრზე ვერ მოვიდა, პროტესტი გამოეთქვა. რადგან ფრთაშესხმული ლომაია ვერ მოხსნა სააკაშვილმა, ახლა ფილარმონიაში შეკრებილმა “აკადემიკოსებმა მოითხოვეს” მისი გადაყენება. ხვალ სააკაშვილი “აკადემიკოსების” მოთხოვნით ჩამოიცილებს გზიდან მის დაუძინებელ მტერსა და კონკურენტ ლომაიას, მერე მის ხელისუფლებაში მომყვან სოროსთან თავს იმართლებს, – რა ვქნა, არ მინდოდა მისი გაგდება, მაგრამ ამიჯანყდა მთელი განათლების სისტემა და აკადემიკოსებიო. ასე რომ, ის ერთადერთი აბზაცი, რომლის გამოც გაბითურებული აკადემიკოსების ტაშით დაინგრა ფილარმონიის დარბაზი, შეთანხმებული იყო პრეზიდენტთან ამ ავაზაკი ნანეიშვილის მიერ, რომელმაც ქულები დაიწერა როგორც მეცნიერების გადარჩენისათვის მებრძოლი აკადემიკოსების, ისე პრეზიდენტის თვალში.

– ისე, ლომაიას მოხსნა ძალიან არ უნდა გწყინდეთ…

– ლომაიას მოხსნა “მწყინს” იმ შემთხვევაში, თუ მას მოხსნის მასზე უარესი ნაძირალა ნანეიშვილი, რომელიც შეიძლება ამ დამსახურებისათვის აკადემიას “მოაჯდეს” თავზე, ან სულაც, განათლებისა და მეცნიერების მინისტრად მოგვევლინოს, რადგან ჩვენ არ ვიცით, მისი თანამშრომელი, გიული ალასანიას მეორე მეუღლე, პრეზიდენტის მამინაცვალი, ვის დანიშვნას ურჩევს სააკაშვილს მოხსნილი ლომაიას ადგილზე. დღეს მიშას ნომერ პირველი ამოცანაა, რომ ლომაიას მიერ “მოგებული ეროვნული გამოცდების” შემდეგ სხვა კვანტით მოსტეხოს კისერი “რეფორმატორ-განმანათლებელს”. და ეს დაავალა ნანეიშვილს, რაც მან ბრწყინვალედ შეასრულა, მხოლოდ ბოლომდე ვერ გაუმართლა. იმ გადაჭედილ დარბაზში პირში მივახალე ნანეიშვილს სიმართლე, რომ მის მიერ მოწვეული მეცნიერების გადარჩენის კრება სინამდვილეში მეცნიერების დასაფლავებისა და პრეზიდენტისათვის ლომაიას სავარძლის გამოთავისუფლების მცდელობა იყო. შევეცადე, თვალი ამეხილა იქ მყოფი საზოგადოებისთვის და ნანეიშვილს… სიხარული არ შევარგე, რაც მან ამდენი ხალხის გაბითურებით განიცადა…

– ამდენი ხანია, ლომაიას წინააღმდეგ იბრძვით და ახლა, როდესაც მისი გადადგომა მეცნიერებმა, თუნდაც, ხელისუფლების დაკვეთით მოითხოვეს, მათ გვერდით რატომ არ დადექით?

– არ მინდა, პრეზიდენტის გულის წადილის ასრულება და ნარების გლეჯა ჩემი ხელით მოხდეს. ლომაია ჩამოსაგდებია და, საერთოდაც, გასაძევებელია საქართველოდან, რაც მალე მოხდება კიდეც, მაგრამ არა – ჩვენი გაბითურების ხარჯზე. კიდევ ვამბობ, ნანეიშვილმა პრეზიდენტის მამინაცვლის, პროფესორ ქომეთიანის დავალებით სიტყვაში გამოსვლის საშუალება არ მოგვცა მე და ელიზბარ ჯაველიძეს – აკადემიის წევრებს! მინდა, ლომაია ქართველმა ხალხმა მოხსნას ღირსეულად და არა ნანეიშვილებისა და ქომეთიანების ხროვამ!

 მაია მარგველანი
“ასავალ-დასავალი”, 17-23 ოქტომბერი, 2005

 

 *  *  *

გურამ შარაძე: “ცენტრ-პოინტისა” და უნივერსიტეტის რექტორატის ახალი პონტები სტუდენტების წინააღმდეგ, ანუ რა პონტია სტუდქალაქში? 

წერილი მე-17 

აკადემიკოსი გურამ შარაძე “ასავალ-დასავალთან” საუბარში აცხადებს, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატი ვახტანგ რჩეულიშვილის “ცენტრ-პოინტს” ფარულად შეუთანხმდა და სტუდქალაქი სამშენებლო კომპანიას მიჰყიდა.

გურამ შარაძე: სტუდქალაქში “ცენტრ-პოინტმა” ახალი პონტი ჩამოაგდო: ვახტანგ და მაია რჩეულიშვილები თბილისის ულამაზეს უბანში – ბაგებში გაშენებული სტუდქალაქის ხელში ჩაგდებას აპირებენ. როდესაც ეს ამბავი სტუდენტებმა შემატყობინეს და მთხოვეს, – ბატონო გურამ, მიგვყევით უნივერსიტეტის პრორექტორ კახა კორძაიასთან, რათა სტუდქალაქის გასხვისების ამბავი დაგვიდასტუროსო, სიმართლე გითხრათ, დავიბენი, რადგან ბავშვები იმასაც მეუბნებოდნენ, უნივერსიტეტის რექტორმა რუსუდან ლორთქიფანიძემ სტუდქალაქში “ცენტრ-პოინტის” შემოსვლის ფაქტი დაგვიდასტურაო. გამოდიოდა, რომ მე ლორთქიფანიძის ხელქვეითთან უნდა გადამემოწმებინა ეს ინფორმაცია. სტუდენტებს ვკითხე, – თქვენ რატომ არ შედიხართ კორძაიასთან-მეთქი? – ერთი თვეა, ბატონო გურამ, მაგ კაცს დავდევთ, მაგრამ ახლოს არ გვიკარებსო!.. – მიპასუხეს.

მაინტერესებს, რატომ არის უნივერსიტეტის პრორექტორი კორძაია, თუ სტუდენტებს არ შეხვდება და სტუდენტების გასაჭირს გულთან ახლოს არ მიიტანს?.. წავყევი ბავშვებს… მივედით 12 საათზე, კორძაია თათბირზე იყო რექტორთან…

– როდის მიხვედით?

– ხუთშაბათს… გამოდის კორძაია რექტორის კაბინეტიდან. მივესალმე… შევიდა კორძაია კაბინეტში, თან შეიყოლა უნივერსიტეტის საერთაშორისო განყოფილების გამგე ერეკლე ასტახიშვილი, ჩაიკეტნენ და გარეთ გამოსვლას აღარ აპირებდნენ. არ ვიცი, რაზე საუბრობდნენ ან რას აკეთებდნენ ამდენ ხანს ეს უზრდელები!.. საინტერესოა, უნივერსიტეტმა როგორი საერთაშორისო ურთიერთობა უნდა დაამყაროს ასტახიშვილის ხელში, როცა მას ელემენტარული ზრდილობა არ გააჩნია და რა ხმებიც დადის მასზე, საყოველთაოდ ცნობილია!.. ვეღარ მოვითმინე, პირდაპირ შევანგრიე კორძაიას კაბინეტის კარი, შევიყვანე სტუდენტები და ამ ე.წ. პრორექტორს მაგარი საყვედურიც ვუთხარი, – მამათქვენი, პროფესორი და პოეტი ჯანსუღ კორძაია ზრდილობიანი კაცია და თქვენ ვის დაემსგავსეთ ასეთი უზრდელი-მეთქი! კორძაიას ვკითხე, – მართლა გადაეცით თუ არა “ცენტრ-პოინტს” სტუდქალაქის კორპუსები-მეთქი?.. კორძაიამ მითხრა, – ბატონო გურამ, იქ ისეთი საშინელი მდგომარეობაა, რემონტი აუცილებელიაო!.. მე ვკითხე, – გასაგებია, რომ რემონტი საჭიროა, მაგრამ როცა ჩვენს სახლებს ვარემონტებთ და ვალამაზებთ, ამას განა იმისთვის ჩავდივართ, რომ მერე ბინა მეზობელმა წაგვართვას? ან ვინ გაიგონა სტუდენტების ქუჩაში გამოყრა? რემონტს ოჯახებში აკეთებენ, მაგრამ არსად გარბიან, ადამიანები სახლში ცხოვრობენ-მეთქი.

ერთი სიტყვით, კორძაიამ დამიდასტურა, რომ უნივერისტეტის ადმინისტრაციამ სტუდქალაქის კორპუსები “ცენტრ-პოინტს” სარემონტოდ გადასცა, მაგრამ იმავე საღამოს იგივე კორძაია ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის 9-საათიან კურიერში გამობრძანდა და საქვეყნოდ განაცხადა, – არანაირი “ცენტრ-პოინტი” სტუდქალაქში არ შესულა, ყველაფერი ტყუილია და მოგონილი ამბავიაო!.. რა უნდა ელაპარაკო ასეთ კაცს ან რა უნდა ასეთ კაცს პრორექტორად უნივერსიტეტში, რომელიც დილას ერთს ამბობს და საღამოს – მეორეს?.. როცა სტუდენტებს რუსუდან ლორთქიფანიძისთვის უკითხავთ, – სტუდქალაქში თვეში 30 ლარს ვიხდით ბინის ქირას და სად წავიდეთ, ამა ფულით ბინას სად ვიშოვითო? ლორთქიფანიძეს საშინელი ცინიზმით უპასუხია, – 30 ლარად თბილისში ბინას როგორ ვერ დაიქირავებთ, არაფერი გიჭირთო!.. წარმოგიდგენიათ, ამას რომ რექტორი სტუდენტებს ეტყვის? 30 ლარად დღეს თბილისში სად ნახავთ ბინას? სტუდენტებს კურატორი ქალისთვის შეუჩივლიათ, – შუქს არ გვაძლევენო!.. ახალგაზრდა ქალბატონს ბავშვები “დაუკვალიანებია”, – დღისით, მზის შუქზე იკითხეთ წიგნი და ღამით ოთახებში იმუშავეთო!..

– რაო-რაო, ბატონო გურამ?

– დიახ, ამ ქალბატონის სიტყვა მე ძალიან მაგონებს პრეზიდენტის “რჩევას” “პატრიოტებისადმი”, – ბუჩქებში ინავარდეთო, რომ თქვა… მალე, ალბათ, მზის სხივებიც აღარ ექნებათ სტუდენტებს და, თუ რატომ, ამას ქვემოთ მოგახსენებთ. “ცენტრ-პოინტის” ხელმძღვანელებმა – ცოლ-ქმარმა რჩეულიშვილებმა თავიანთ რძალს, ქალბატონ ნუცა კუხიანიძეს ამერიკის შეერთებული შტატების სათანადო ფირმის საშუალებით ამასწინათ გალაქტიკაში ვარსკვლავი უყიდეს, რომელსაც სახელად “ნუცა” დაარქვეს, რჩეულიშვილებმა მიწაზე ხომ ყველაფერი შეიძინეს, ახლა ვარსკვლავებს და გალაქტიკებს ეპოტინებიან და რა გასაკვირია, რომ მალე მზეც იყიდონ? გველეშაპისა და წყლის ამბავისა არ იყოს, საწყალ სტუდენტებს მზის სხივები, შესაძლოა, მალე მართლაც მოენატროთ! ქალბატონმა მაია რჩეულიშვილმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ პოპულარულ ჟურნალს ინტერვიუ მისცა… კორესპონდენტი ეკითხება რესპონდენტს, – ქალბატონო მაია, თქვენ ბრილიანტები გაქვთ? – მაქვს! – შესაშური გულწრფელობით უპასუხა ქალბატონმა რჩეულიშვილმა. – ატარებთ ბრილიანტებს? – ქაჯი ხომ არ ვარ, ბრილიანტები ვატარო, – ვატარებ ბიჟუტერიას, რომელიც ბრილიანტებზე არანაკლებ ძვირფასია… ბრილიანტები შენახული მაქვს! ამ უკანასკნელმა პასუხმა განსაკუთრებით დამაინტერესა, და თუ რატომ, აუცილებლად მოგახსენებთ, მაგრამ მანამდე მინდა აღვნიშნო, რომ, თურმე, რჩეულიშვილების რძალი, ქალბატონი ნუცა კუხიანიძე ძალიან ნიჭიერი ყოფილა და ჰოლივუდის ერთ-ერთ ფილმში წარმატებული როლი უთამაშია. მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ მნათობებისა და გალაქტიკების ყიდვის შემდეგ რჩეულიშვილები სტუდქალაქის კორპუსების შესყიდვას აპირებენ, სადაც მათი რძალი ქართულ ჰოლივუდს მოაწყობს, ხოლო საწყალ სტუდენტებს ბინებიდან გამოაძევებენ და ქუჩაში გაყრიან, მე თქვენ გეტყვით და, ჰაერი არ ვარგა ბაგებში, ხევი არ არის, ბუნებაა ცუდი თუ რა?.. უსინდისოდ იცრუა ჯერ რუსუდან ლორთქიფანიძემ და მერე – პრორექტორმა კორძაიამ, როცა განაცხადეს, – სტუდქალაქიდან სტუდენტების დათხოვნის საფუძველს სანიტარიული ინსპექციის შესაბამისი დასკვნა წარმოადგენს, რომელიც სტუდქალაქში არსებულ ანტისანიტარიას ადასტურებსო. ჩვენ სტუდქალაქის უფროსს, ბატონ გია ხორავას ვთხოვეთ, წარმოედგინა სანიტარიული ინსპექციის შესაბამისი დასკვნა, მაგრამ ბატონმა გიამ კატეგორიულად განაცხადა, – სანინსპექციიდან ჩვენთან არავინ ყოფილა და მსგავსი დოკუმენტი ბუნებაში არ არსებობსო!

– ბატონო გურამ, თქვენ წეღან ქაჯებისა და ბრილიანტების თემას შეეხეთ!..

– ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ამათ ყველას – მთავრობას, პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, – ქაჯები უწოდა. ძალიან მენიშნა ქალბატონ მაია რჩეულიშვილის განცხადებაც, – ქაჯების გარდა დღეს ბრილიანტებს არავინ იკეთებსო და, მიკვირს, ამ ორი მშვენიერი ქალბატონის რჩევა რატომ არ იღო ყურად არანაკლებ მშვენიერმა ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ, “ბებია-ბაბუის მიერ დატოვებული” ბრილიანტებით დახუნძლულ-დამძიმებული ძლივს რომ დადის! როდესაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ უნივერსიტეტი მომგებიანი ორგანიზაციაა და მონაგები თანხა 400 ათასი ლარი შეაქვთ ბიუჯეტში, ქალბატონმა რექტორმა კეთილი ინებოს და სტუდქალაქში შეხიზნული სტუდენტები იმ 30-ლარიანი ქირიდანაც გაათავისუფლოს, ბინებიც გაარემონტოს და სტუდენტებსაც მიხედოს.

– ბატონო გურამ, რას აპირებთ, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე?

– შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლად შექმნილმა აკადემიურმა წარმომადგენლობითმა საბჭომ, რომლის თავმჯდომარეც უნივერსიტეტის სინიდისი, პროფესორი ჯუმბერ ჭუმბურიძე გახლავთ, მიიღო კატეგორიული გადაწყვეტილება, სასწრაფოდ შეგვესწავლა სტუდქალაქში შექმნილი მდგომარეობა. საბჭოს წევრები, აკადემიკოსები – თენგიზ სანაძე, ელიზბარ ჯაველიძე, პროფესორები – ნესტან კირთაძე, მერაბ ჯიბლაძე, დემურ ბახტაძე, ანზორ აბრალავა, ცნობილი პოეტი დილარ ივარდავა, მწერალი და კრიტიკოსი თეიმურაზ ქორიძე და თქვენი მონა-მორჩილი, ვეწვიეთ სტუდქალაქს. სტუდენტებთან ჩვენს შეხვედრას ქართული პრესა და ტელეარხები აშუქებდნენ… სტუდენტებმა შექმნეს “სტუდენტთა სოციალური დაცვის ლიგა” და ისაუბრეს თავიანთ პრობლემებზე; მოვიდნენ კორპუსებში შესახლებული აფხაზეთიდან დევნილებიც… ამდენი ფული აქვთ, მიწაზე შეუსყიდავი არაფერი დარჩათ, ახლა გალაქტიკებს მიადგნენ და დაეხმარონ ამ დევნილებსა და სტუდენტებს!… თუ “ცენტრ-პოინტსა” და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შორის დანაშაულებრივი ფარული შეთანხმება არ არსებობს, თუ რუსუდან ლორთქიფანიძისა და კორძაიას ნათქვამი – “ცენტრ-პოინტმა” სტუდქალაქი იყიდაო, ტყუილია, მაშინ გამოვიდნენ ვახტანგ რჩეულიშვილი და მაია რჩეულიშვილი და განაცხადონ, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ცრუობს, რომ მათ კომპანიას მსგავსი არაფერი შეუძენია!.. მოიქცნენ ასე, გაფანტონ ჩვენი ეჭვები და, კი, ბატონო, დაწყნარდებიან ეს აჯანყებული ბავშვები!.. მაგრამ სტუდქალაქის ბედი რომ გადაწყვეტილია და მის გასასხვისებლად და გასაყიდად უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მზადება დიდი ხნის წინათ დაიწყო, პირველად ეს გამოჩნდა სექტემბერში, როცა მხოლოდ ასი ახალი სტუდენტი დააკმაყოფილეს ბინით და უამრავ სტუდენტს სტუდქალაქში ცხოვრებაზე უარი უთხრეს, მათ შორის, უცხოელებსაც! ცხადია, ამის მიზეზი ერთადერთი იყო – ას ბავშვს უფრო ადვილად მოერევიან და გაუმკლავდებიან, ვიდრე ათასს! ხოლო უცხოელ სტუდენტებთან საერთაშორისო სკანდალს მოერიდნენ!

– ხომ არ ელით სტუდენტებს რეპრესიები ან სხვა საფრთხე?

– როცა აკადემიური საბჭოს წევრები სტუდქალაქში მივედით, ეზოში მხოლოდ ორი ბავშვი დაგვხვდა… სტუდენტებს ვუთხარი, – შვილებო, თუ თქვენ გარდა აქ არავინ იქნებოდა, რატომ ჩამაყენეთ უხერხულ მდგომარეობაში, ეს პატივცემული ხალხი რატომ შემაწუხებინეთ, ჟურნალისტები რად მომაყვანინეთ, მე ხომ არაფერი მითხოვია თქვენთვის, თქვენ მთხოვეთ, მოვსულიყავით-მეთქი (თქვენის ნებართვით, აქვე მინდა, ჩავურთო, რომ უნივერსიტეტის სტუდენტების 80 პროცენტი “ნაცმოძრაობამ” იყიდა)!.. ერთ-ერთმა სტუდენტმა – ალეკო ნიქაბაძემ, ჩემი საყვედური რომ მოისმინა, მითხრა, – ბატონო გურამ, ყველანი აქ არიან, მაგრამ შიშით ტელეკამერების წინ ვერ ჩნდებიან და ოთახებში არიან შეყუჟულებიო!.. მე ვუპასუხე, – თუ მთელმა ხალხმა, მთელმა საქართველომ არ გაიგო ამათი ბინძური გარიგებისა და ზრახვების შესახებ, მაშინ ოთხ კედელში ჩვენს შეხვედრას რა აზრი აქვს-მეთქი! დანამუსდნენ ბავშვები, აცვივდნენ შენობაში და სხვებმაც რომ გაიგეს, ჩვენ ვიყავით მისულები, ხუთ წუთში იქაურობა სტუდენტებით გადაიჭედა… საქართველოს მოძალადე და უსინდისო ხელისუფლებამ ამ ზამთარს სპეცრაზმელებსა და პატრულს დაარბევინა სტუდენტები, რომლებმაც გაბედეს და აგარაკებისკენ მიმავალ მაღალჩინოსნებს გზა გადაუკეტეს… აი, ასე იცავს დღევანდელი რეჟიმი ადამიანის უფლებებს, ასე უქმნიან ახალგაზრდებს სწავლისა და ცხოვრების პირობებს თბილისის უნივერსიტეტის ე.წ. რექტორი და მისი ხროვა!

 დიტო ჩუბინიძე
“ასავალ-დასავალი”, 7-13 ნოემბერი, 2005

 

 *  *  *

რის თქმას აპირებდა გურამ შარაძე პროგრამა “რე-აქციაში”?

გურამ შარაძე: შევარდნაძემ იშვილა სააკაშვილი, სააკაშვილმა – ხიდეშელი, ხოლო ხიდეშელმა “სილქ როუდ ჯგუფის” შვილობილი”

წერილი მე-18

1999 წლის 21 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის რეზიდენცია ეროვნული კულტურის ძეგლად გამოაცხადა. აკადემიკოს გურამ შარაძის განცხადებით, სასამართლომ, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება, ჭავჭავაძეების მამულის გაყიდვა, გასხვისება და იჯარით გაცემა კატეგორიულად აკრძალა, მაგრამ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, კანონები ფეხებზე დაიკიდა და ჭავჭავაძეთა მთელი ავლადიდება კომპანია “სილქ როუდ ჯგუფს” გადაულოცა.

გურამ შარაძე: მოგეხსენებათ, ერთი თვეა, რაც ქართველი საზოგადოება აღშფოთებულია დიდი ქართველი პოეტი-რომანტიკოსის ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმის, ბაღის, მიმდებარე ტერიტორიებისა და უძველესი ღვინოების მარნის გაყიდვა-გასხვისებითა და იჯარით გაცემის გამო. ჩვენ გავახმაურეთ და მთელმა საქართველომ იცის, რომ ამ საქმეში აქტიურად იყო ჩარეული სოფელ სანიორეს მკვიდრი, ვინმე ნოდარ საქუაშვილი. უბედურებაა დღევანდელ საქართველოში ცხოვრება, რადგან საქუაშვილ-მეჯღანუაშვილები ჭავჭავაძეებად იქცნენ, ხოლო მთელი ქვეყანა საქულას დუქანს დაემსგავსა. რაც უფრო მსხვილ ჩურჩხელას ამოუვლებს ჩვენს პრეზიდენტს სტუმარი პრეზიდენტების დასანახად, მით უფრო მეტ უფლებებს ანიჭებს საქუაშვილს სააკაშვილი და რაღა გიკვირთ? საქართველოს პრეზიდენტი არ ინტერესდება, ამ სანიორელმა კაცმა როგორ იშოვა მილიონები!.. სანიორე იმიტომ ჰქვია იმ სოფელს, ნივრის მეტი იქ, ალბათ, არაფერი მოდის და დავიჯერო, საქუაშვილს ნივრის ამოღებით ნაშოვნი მილიონები დაუტოვეს წინაპრებმა? სააკაშვილი კეზერაშვილს სადაც მოეპრიანება, იქ გზავნის და ყველა ბიზნესმენს ატერორებს. ის კი არა, პრეზიდენტის ბრძანებით, მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორს, აკადემიკოს ივანე კიღურაძეს კაბინეტში შეუცვივდნენ ნიღბიანები, კაცს გული კინაღამ გაუხეთქეს და ამ “ნივრით გამდიდრებული” ხალხის ქონებას რატომ არ იკვლევენ? მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი გიგი წერეთელი ჩვენს სათაყვანებელ მოქანდაკეს მერაბ ბერძენიშვილს ჯიბეში უფათურებს ხელს და ჰონორარებს უთვლის… სიკვდილის პირას კინაღამ მიიყვანა ამასწინათ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ბატონი მერაბი მილიონერმა გიგი წერეთელმა და რატომ არ კითხულობს პრეზიდენტი, სად იშოვა მილიონები თუნდაც ამ კაცმა, რა გააკეთა და რა შექმნა ასეთი, გარდა იმისა, რომ დავით აღმაშენებელი გააძევებინა მთაწმინდის რაიონიდან?

– ბატონო გურამ, ტელესიუჟეტებს წინანდლის რეზიდენციაზე აქტიურად ვადევნებდი თვალს, მაგრამ ნოდარ საქუაშვილის გვარი თითქმის ყველგან საგულდაგულოდ იყო მიჩქმალული, რატომ?

– სწორედ ამ თემაზე ვაპირებდი საუბარს პარასკევს პროგრამა “რე-აქციაში”, მაგრამ, სამწუხაროდ, იმ დღეს არავინ დამპატიჟა. საქუაშვილი იმიტომ ვამხილეთ და მთელ საქართველოს იმიტომ დავანახეთ თათარაში ჩურჩხელასავით ამოვებული მილიონერის ნამდვილი სახე, რომ ხელისუფლების “კაიკაცობის” შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას ვფლობდით.

– რა ინფორმაციაზეა ლაპარაკი?

– გაირკვა, რომ საქუაშვილი ასევე მილიონერ პარლამენტარს ჰყოლია წინ აფარებული!

– კონკრეტულად, ვის?

– ახლავე გეტყვით! როცა საქუაშვილმა გაიგო, რომ ძალიან დიდ სკანდალში გაება, მივიდა იმ პარლამენტართან და უთხრა, – ძმაო, რას მიშვრები, რა შარში მხვევ? ამის შემდეგ საქუაშვილი ტელევიზიით გამოვიდა და კატეგორიულად განაცხადა, რომ ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის შეძენას თუ იჯარით აღებას არ აპირებდა. არადა, ის პარლამენტარი დატრიალდა, იმ ფირმაში მივიდა, სახელი რომ ინგლისური ჰქვია და უკან ქართველები უდგანან, პარლამენტარმა ამ ფირმის შვილობილი კომპანია იშვილა და ე.წ. ეკონომიკის მინისტრს – ირაკლი ჩოგოვაძესა და კულტურის უკულტურო მინისტრს – გოკა გაბაშვილს სასწრაფო წესით ჩაატარებინა ტენდერი.

– ბატონო გურამ, თქვენ, ალბათ, “სილქ როუდ ჯგუფს” გულისხმობთ, რომელსაც ქართველები უმაგრებენ ზურგს!

– დიახ, დიახ!.. ამათი ყიდვა-გაყიდვისა მე არაფერი გამეგება, მაგრამ ფილოლოგი ვარ და ვიცი, რომ ტენდერის ჩატარება, უპირველესად, კონკურსის გამართვას გულისხმობს და რომელი კონკურენტიც მეტ თანხას გადაიხდის, ვინც საუკეთესო პირობებს შესთავაზებს საზოგადოებას, სწორედ მას უნდა მიენიჭოს ქონების ყიდვის თუ იჯარით სარგებლობის უფლება. ამათ არანაირი ტენდერი არ ჩაუტარებიათ, აიღეს და პირდაპირ მიჰყიდეს იმ დეპუტატს ალექსანდრე ჭავჭავაძის მთელი ქონება!

– ბოლოს და ბოლოს, დაასახელეთ ეს დეპუტატი!

– ეს გახლავთ თელავის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ხიდეშელი, რომელმაც შევარდნაძის დროსაც ძალიან ბევრი ჭამა, მაგრამ კახეთი მთლად ვერ გადაყლაპა და წამებული იმიჯით “ნაცმოძრაობაში” შეიყვანა სააკაშვილმა. რამდენიმე დღის წინ მე ხელში ჩამივარდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1999 წლის 21 დეკემბრის #2/85/1 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც თამაზ ხიდეშელს, შოთა ხიდეშელსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვინმე შენგელი მჭედლიძეს წინანდლის შესყიდვაზე უარი უთხრეს. საქმე ის გახლავთ, რომ 1995 წელს თამაზ ხიდეშელს, შოთა ხიდეშელსა და შენგელი მჭედლიძეს, თურმე, წინანდლის აქციების 51 პროცენტი შეუძენიათ, მაგრამ ცუდ პრეზიდენტს – შევარდნაძესა და კახეთის ცუდ დედოფალს – მედიკო მეზვრიშვილს 1996 წლის 6 იანვრის #108 ბრძანებულებით ჩამოურთმევიათ მათთვის აქციები. ცუდი პრეზიდენტი შევარდნაძე არც ამით დაკმაყოფილებულა და 1999 წლის 18 ოქტომბერს გამოუცია #593 ბრძანებულება – ალექსანდრე ჭავჭავაძის მამული, ტყე-პარკი და უძველესი მარანი ეროვნული კულტურის ძეგლია და ვინმემ ხელი არაფერს ახლოთ, ყველაფერი სახელმწიფოს ეკუთვნისო!.. 1999 წელსვე თამაზ ხიდეშელმა შევარდნაძის ბრძანებულება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ ვერაფერს გახდა… როგორ გგონიათ, ხიდეშელი ის კაცია, რომ შევარდნაძის იმ ბრძანებულებას გულში წყენად არ ჩაიდებდა? თამაზ ხიდეშელი ხელსაყრელ დროს უცდიდა!..

როგორც ბებია დაატარებს საახალწლო კარნავალზე შვილიშვილს, ზუსტად ისე დაატარებდა მამობილი შევარდნაძე შვილობილ სააკაშვილს ხელჩაკიდებული, – ეს იქნება თქვენი დეპუტატი და მომავალი პრეზიდენტიო!.. მართლაც, როცა შვილობილმა სააკაშვილმა ჩამოაგდო მამობილი შევარდნაძე, სწორედ მაშინ აყვავდნენ წინანდლიდან გაგდებული ხიდეშლები და დატრიალდნენ!.. რა ქნას ახლა პარლამენტში მოხვედრილმა ხიდეშელმა, რომ ამოიღოს ძველი საბუთები და იძახოს, – საქართველოს დამაქცევარმა შევარდნაძემ 1995 წელს ნაყიდი წინანდდლის აქციები 1996 წელს გამიუქმა და საქართველოს ამყვავებელმა სააკაშვილმა ყველაფერი უკან დამიბრუნოსო!.. – ვერ გამოუვა კარგი ნათქვამი, ამიტომ ხიდეშელმა ჯერ საქუაშვილი აიფარა წინ, ხოლო როცა საქუაშვილს საზოგადოების რისხვა დაატყდა თავს, მაშინ თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გაუგებარი “სილქ როუდ ჯგუფის” შვილობილი ქართველები იშვილა და ამოიყენა გვერდში. გათამაშდა “რწყილი და ჭიანჭველას” ამბავი – პრეზიდენტმა შევარდნაძემ იშვილა მომავალი პრეზიდენტი სააკაშვილი, სააკაშვილმა იშვილა მილიონერი ხიდეშელი და შემოიყვანა პარლამენტში, ხიდეშელმა ჯერ იშვილა საქუაშვილი, მაგრამ საქუაშვილმა უარი რომ უთხრა შვილობილობაზე, მაშინ ხიდეშელმა “სილქ როუდ ჯგუფის” შვილობილი კომპანია იშვილა და ასე გაიჩარხა საქმე!..

ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულს დღეს ბევრი იცავს, მათ შორის ლევან ბერძენიშვილიც. მინდა, ქართველ ხალხს შევახსენო, რომ ახლად გაეროვნულებული და ალექსანდრე ჭავჭავაძისთვის თავდადებული ლევან ბერძენიშვილი სწორედ ის ლევან ბერძენიშვილია, “თავისუფლების ინსტიტუტი” რომ დააარსა და სოროსის მილიონებით გახდა “კაცი”. ეს ის ლევან ბერძენიშვილია, რომელმაც ილია ჭავჭავაძეს შეაფურთხა, – მაგისთანა არც პოეტი ვიცი და არც მოღვაწეო. რამ შეაყვარა ასე ალექსანდრე ჭავჭავაძე? ალექსანდრე ჭავჭავაძეს ჰყავს პირდაპირი შთამომავალი, სახელოვანი ქართველი რეჟისორი და სპეტაკი მოქალაქე – მერაბ კოკოჩაშვილი! სწორედ ის უნდა დადიოდეს დღეს სასამართლოებში, ის უნდა ამტკიცებდეს ალექსანდრე ჭავჭავაძის ქონებას და არა საქუაშვილ-ხიდეშელ-მეჯღანუაშვილები!.. ბედის ირონია ის არის, ილია ჭავჭავაძეს არ დარჩა შთამომავალი, რომ დიდი ილიას შეურაცხყოფისათვის ლევან ბერძენიშვილისთვის გაელაწუნებინა. ისე ვენაცვალე მარჯვენაში ლევან ბერძენიშვილის ძმას – დათო ბერძენიშვილს, რომელმაც დედის (ამ ქალბატონს მე ვიცნობდი, როგორც კარგ პედაგოგს ბათუმში) ღირსების შელახვის გამო ერთი კარგად გაულაწუნა გიგა ბოკერიას… კარგი იქნება, დათო ბერძენიშვილი მეორე ხელს თავის ძმას თუ გაულაწუნებს ილიას შეურაცხყოფის პასუხად!

– ბატონო გურამ, თუ ელოდით, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულს ასე უცერემონიოდ, კანონდარღვევით გაასხვისებდნენ?

– ე.წ. ეკონომიკის მისნიტრის – ირაკლი ჩოგოვაძისა და კულტურის უკულტურო მინისტრის – გოკა გაბაშვილისგან სხვას რას უნდა ელოდოს კაცი? ეს ის ხალხია, რომლებიც უცხოეთში გამოზარდეს შევარდნაძის “მამაელჩებმა”: კერძოდ, ირაკლი ჩოგოვაძის მამა გახლდათ წლების მანძილზე შევარდნაძის მარადმწვანე ელჩი საფრანგეთში – გოჩა ჩოგოვაძე, რომელიც სამარცხვინო, კერძო ბიზნესით აშენდა, ხოლო გოკას მამაც – კოტე გაბაშვილი – ასევე შევარდნაძის მარადმწვანე ელჩი იყო გერმანიაში.

1996 წელს, როცა საფრანგეთში ჩავედი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივის ჩამოსატანად, გავიგე, რომ ლანა ღოღობერიძე თავისი დაქალის, საფრანგეთში მცხოვრები ქართველის – ირენ გედევანიშვილისა და ელჩის – გოჩა ჩოგოვაძის თაოსნობით, არქივის წამოღებაში ხელს მიშლიდა. “მოქალაქეთა კავშირის” მაშინდელი ლიდერი ლანა ღოღობერიძე, იმის ნაცვლად, რომ ირენ გედევანიშვილი პარიზში მის ქალიშვილებს აცხოვრებდა და აგრიალებდა, ჩემი და ჩემი კომიტეტის გვერდის ავლით შევიდა შევარდნაძესთან და ირენ გედევანიშვილისთვის საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭებინა, რათა ამ ქალბატონს უფრო კარგად ეძარცვა საქართველო.

– რას ამბობთ, ბატონო გურამ!..

– ირენ გედევანიშვილი არის ქალი, რომელმაც გაძარცვა საქართველოს სამოქალაქო განძეულობა, მას კერძო სახლი აქვს ნაყიდი ავლაბარში, დარეჯან დედოფლის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ირენ გედევანიშვილი საქართველოში ჰუმანიტარული მისიის ნიღბით მოღვაწეობდა, მაგრამ სინამდვილეში სამოქალაქო ომის დროს გაჭირვებული და სხვა გაუბედურებული ქართველი ინტელიგენციისგან გროშის ფასად ყიდულობდა ანტიკვარულ და ძვირფას ნივთებს და სწორედ ამ ნივთების საწყობად იყო გადაქცეული მისი სახლი ავლაბარში. ირენ გედევანიშვილს საქართველოს საპატიო მოქალაქის პასპორტი სჭირდებოდა იმისთვის, რომ თბილისის აეროპორტში საბაჟო კონტროლი არ გაევლო… ასე გაზიდა ამ ქალმა საქართველოდან განძეულობა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ მუზეუმს დაამშვენებდა. ლანა ღოღობერიძის წაქეზებითა და გოჩა ჩოგოვაძის მონაწილეობით ირენ გედევანიშვილი პარიზის შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტში ობსტრუქციის მოწყობას მიპირებდა. აეროპორტში უნდა გამოსულიყვნენ ქართველი ემიგრანტები ტრანსპარანტებით და ეყვირათ, – “საფრანგეთის ქონებას უცხოეთში ეზიდებიან, არაფერი გაატანოთ გურამ შარაძეს!..” გედევანიშვილს უნდა დავებეზღებინე პოლიციაშიც… ყოველივე ამის შესახებ მე წინდაწინ შემატყობინა პარიზის ქართველთა სათვისტომოს მაშინდელმა თავმჯდომარემ ნოდარ ოდიშელიძემ. ასეთ გაწამაწიაში რომ ვიყავი, მხსნელად მომევლინა ტარიელ ონიანი, რა ვიცი, ამბობენ, კანონიერი ქურდიაო… მე მაგ კაცის ქურდობა არ მინახავს, მაგრამ ის კი მინახავს, ტარიელ ონიანი მეუღლესთან ერთად ყოველდღე თავისი მანქანით როგორ დამატარებდა პარიზიდან ლევილში და ჩემთან ერთად ცეცხლგამძლე ყუთებში როგორ ალაგებდა ჟორდანიას მთავრობის არქივს. სხვათა შორის, ჩემი ჯიბის ამბავი რომ იცოდა, ის ცეცხლგამძლე ყუთებიც ტარიელ ონიანმა იყიდა თავისი ფულით… როცა შეიტყო, რომ გედევანიშვილის ქალი, ღოღობერიძე და ჩოგოვაძე ხელს მიშლიდნენ, ტარიელ ონიანმა მითხრა, – ნუ გეშინია, ბატონო გურამ, თუ გაჭირდა, პარიზიდან მე თქვენ გადაგაფრენთ მადრიდში, მადრიდიდან – ქაიროში, ქაიროდან – თეირანში და იქიდან – თბილისშიო!.. გამეცინა და ვუთხარი, – ტარიელ, ზუსტად ექვთიმე თაყაიშვილის მარშრუტს გავიმეორებ, მადრიდში არ ჩაფრენილა, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა, თორემ 1945 წლის აპრილში ისიც ამ გზით დაბრუნდა საქართველოში-მეთქი!

ყოველივე ამის შემდეგ ვეკითხები საზოგადოებას, – ტარიელ ონიანია ე.წ. “კანონიერი ქურდი” და გოჩა ჩოგოვაძე და ლანა ღოღობერიძე იყვნენ კანონიერი ელჩები? ამიტომ ვაცხადებ: გოჩა ჩოგოვაძისა და კოტე გაბაშვილის მინისტრი შვილებისგან სხვას არაფერს ველოდი, თუ არა იმას, რომ ალექსანდრე, დავით, ნინო, ეკატერინე და სოფიო ჭავჭავაძეების სასახლეს ხიდეშელ-მეჯღანუაშვილებს გადასცემდნენ. სწორედ ამის თქმას ვაპირებდი ტელევიზიით პროგრამა “რე-აქციაში”, მაგრამ პრეზიდენტის ბრძანებით, ჩემთვის ყველა არხი და ყველა გადაცემა დახურულია!..

დიტო ჩუბინიძე
“ასავალ-დასავალი”, 14-20 ნოემბერი, 2005

 

 * * *

გურამ შარაძე: უნივერსიტეტის სინიდისს – პროფესორ ჯუმბერ ჭუმბურიძეს უნივერსიტეტიდან ითხოვენ!

 წერილი მეცხრამეტე

ცნობილი პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გურამ შარაძე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დამღუპველ პოლიტიკას აპროტესტებს და რუსუდან ლორთქიფანიძეს მკაცრად აფრთხილებს, რომ ქალბატონმა რექტორმა არ გაბედოს და უნივერსიტეტიდან არ დაითხოვოს ღვაწლმოსილი პროფესორი ჯუმბერ ჭუმბურიძე!..

გურამ შარაძე: – უნივერსიტეტის ქალბატონმა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა რუსუდან ლორთქიფანიძემ იტალიაში თავისი ელჩობით საქართველოს ის “სიკეთე მოუტანა”, რომ რომის პაპის ემისრებთან ერთად მოამზადა საქართველო-ვატიკანის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც საქართველოში უნდა განადგურებულიყო მართლმადიდებლობა და აღზევებულიყო კათოლიკობა. თუ როგორ ავაცილე ეს საფრთხე ჩვენს ქვეყანას, ამის შესახებ “ასავალ-დასავალის” მკითხველს უახლოეს მომავალში დეტალურად მოვუთხრობ! ჩვენმა მკითხველმა მინდა იცოდეს, რომ ასეთი “დიდი დიპლომატიური და პატრიოტული მოღვაწეობის” გვერდით ქალბატონი რუსუდანი შემჩნეულია ქალის იტალიური საცვლების ბიზნესში და ის ძალიან მდიდარი ქალბატონია. აი, ასეთი მენტალიტეტის, ასეთი “პატრიოტისა” და არაუნივერსიტეტელის დასმა ივანე ჯავახიშვილის სკამზე დამღუპველი რომ იყო, ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს… სწორედ ამიტომ გაილაშქრეს ბატონმა ჯუმბერ ჭუმბურიძემ და უნივერსიტეტის სხვა ცნობილმა პროფესორებმა რუსუდან ლორთქიფანიძის წინააღმდეგ, რაც მათ დღეს ძალიან ძვირი უჯდებათ.

– ბატონო გურამ, დარჩა კი დანგრეულ უნივერსიტეტში რამე დასანგრევი?

– ხშირად მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რუსუდან ლორთქიფანიძემ პრეზიდენტის, კახა ლომაიასა და გიგა ბოკერიას დაკვეთით უნივერსიტეტის დასანგრევად უნივერსიტეტში უშუალოდ გია ნოდია მოიწვია! მიზანი ერთადერთი იყო – უნივერსიტეტი ქცეულიყო “თავისუფლების ინსტიტუტისა” და “სოროსის ფონდის” ფილიალად. მანამდე კი გია ნოდიას საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი დაანგრევინეს, ტელევიზიიდან გაყარეს ყველა ეროვნულად მოაზროვნე ტელეჟურნალისტი და იქ უფროსად დანიშნეს “თავისუფლების ინსტიტუტში” გამოზრდილი თამარ კინწურაშვილი, რომელმაც, თავისი მოადგილეებიდან დაწყებული, დარაჯებით დამთავრებული, ტელევიზია სულ “კმარელებით”, “თავისუფლების ინტიტუტელებითა” და “სოროსელებით” აავსო. გია ნოდიამ მთლიანად დაანგრია უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის, იურიდიული და სოციოლოგიის ფაკულტეტები იმ ელემენტარული “ბრალდებით”, რომ, თურმე, ისინი “მარქსიზმ-ლენინიზმნის იდეოლოგიის წარმომადგენლები”, “კომუნისტები” და “მექრთამეები” ყოფილან. ახლა, ჩემი პუბლიკაციების შემდეგ, უკვე ყველამ კარგად იცის, რომ ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი გია ნოდიამ “საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის 26-ე ყრილობის დირექტივებისა და სკკპ გენერალური მდივნის ლეონიდ ბრეჟნევის მითითებათა ცხოვრებაში გატარებაზე” დაიცვა და, აქედან გამომდინარე, სამარცხვინოა, როცა ნოდია ვინმეს კომუნისტობაზე ლაპარაკობს. სწორედ თვითონ არის გია ნოდია მამალი კომუნისტი და მამალი კომუნისტის შვილი. რაც შეეხება კორუფციას!.. კორუმპირებული გია ნოდია რომ არის, მაგისთანა მეორე არ მეგულება! ჩვენ დავუმტკიცეთ ნოდიას, რომ თავის მეუღლეს რამდენიმე ათასდოლარიანი ამერიკული გრანტი ჩაუდო ჯიბეში, ხოლო 199 ათას 697 ევრო, თითქმის 300 ათასი აშშ დოლარი, უცხო ენების უნივერსიტეტს წაართვა და შეჭამა. გია ნოდიას წინააღმდეგ ჩვენ გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შევიტანეთ… პრეზიდენტიც, ბოკერიაც, ლომაიაც, ლორთქიფანიძეც შეშინდნენ და გია ნოდია უნივერსიტეტის იმ ავადსახსენებელი კომისიიდან გააგდეს, რომელიც ახლა თავკომბალად ქცეულ ე.წ. ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე უნივერსიტეტის პროფესორებისა და მასწავლებლების ბედს წყვეტს. ნოდიას ემზარ ჯგერენაიაც მიაყოლეს და ასე შექმნეს ახალი კომისია… მაგრამ ნათქვამია, – “ვაის გავეყარე და უის შევეყარეო”. სწორედ ასეა ამ კომისიის საქმე!

– ვინ არის ამ კომისიაში?

– ზაზა ალექსიძე, ლევან გორდეზიანი, ირინე დარჩია, ამელი ვოლსკაია, ირაკლი მაჭავარიანი, ნინო ფირცხალავა, მურმან ქუთელია, ზაზა შათირიშვილი, ელდარ შენგელაია, გელა ჩარკვიანი, ნანა ხაზარაძე, ელგუჯა ხინთიბიძე და გოჩა ჯაფარიძე. ამათგან ზაზა ალექსიძეს, ნანა ხაზარაძეს, ელგუჯა ხინთიბიძესა და გოჩა ჯაფარიძეს ვიცნობ, როგორც გამოჩენილ მეცნიერებს…

– ელდარ შენგელაიასა და გელა ჩარკვიანს არ იცნობთ?

– ელდარ შენგელაიას ვიცნობ, როგორც “ცისფერი მთებისა” და “არაჩვეულებრივი გამოფენის” რეჟისორს, ხოლო გელა ჩარკვიანს ვიცნობ, როგორც გამოჩენილ რეპეტიტორსა და ინგლისური ენის კარგ მცოდნეს. ათასობით დოლარი ღირს გელა ჩარკვიანთან ინგლისურის შესასწავლად მოხვედრა. ჩარკვიანმა ასწავლა სააკაშვილს ინგლისური და ხომ ხედავთ, დაუფასდა შრომა.. ისე, შევარდნაძის მრჩეველიც იყო გელა ჩარკვიანი, მაგრამ შევარდნაძისთვის ინგლისური არ უსწავლებია… თუ ჩარკვიანის პროფესია ის არის, რომ პრეზიდენტებს ინგლისური ასწავლოს და მერე პრეზიდენტის მრჩევლად იმუშაოს, გასაგებია, მაგრამ გაუგებარია, რეპეტიტორმა რატომ უნდა დააკომპლექტოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი პროფესორ-მასწავლებლებით? შინ რომ ინგლისურს ასწავლის და ათასობით დოლარს იჯიბავს, უნივერსიტეტში მობრძანდეს გელა ჩარკვიანი და 10 ლარად ასწავლოს ბავშვებს ინგლისური! აი, მაშინ დავაფასებ მას! ასევეა ელდარ შენგელაიას საქმეც!.. ელდარ შენგელაია კარგი კინორეჟისორია, მაგრამ უნივერსიტეტში შენგელაიას წაკითხული ლექციები კინოხელოვნებაში არ მინახავს და ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ჯერჯერობით არც მოსკოვის “ვგიკ”-ია და არც – ჰოლივუდი და არც – თეატრალური ინსტიტუტი, რომელიც ბოლო ხანს კინოს, თეატრის, ტელევიზიისა და კიდევ რა ვიცი… რის უნივერსიტეტად აღარ გადააკეთეს!

– ნინო ფირცხალავას როგორ იცნობთ?

– მე და თქვენმა გაზეთმა იმას მივაღწიეთ, რომ გია ნოდია პანღურით გავაგდეთ უნივერსიტეტიდან, მაგრამ ვისურვებდი, ეს პანღური ისეთი ძლიერი აღმოჩნდეს, გენერალური პროკურატურის გამოძიების საფუძველზე ნოდიამ ვირის აბანოში ამოყოს თავი! სულ ახლახან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გენერალურ პროკურატურაში ნოდიას წინააღმდეგ შეტანილი ჩვენი სარჩელის მოკვლევა დავალებული აქვს გამომძიებელ ბესო თხელიძეს, რომელიც პირადად დამიკავშირდა და ამ დღეებში ვაპირებ ჩემს იურისტთან ერთად მასთან საუბარს და დიდ იმედს ვამყარებ მის ობიექტურობაზე. რადგან გენერალური პროკურატურა გია ნოდიას ბნელი და კორუმპირებული წარსულით დაინტერესდა, ეს უკვე ბევრს ნიშნავს! სხვათა შორის, ბოლო დროს ნოდია ტელეეკრანებიდან და პრესის ფურცლებიდან გაუჩინარდა და ეს შემთხვევითი სრულებითაც არ გახლავთ. გია ნოდია შინ იმალება, როგორც კურდღელი, მაგრამ კურდღლებსაც ვიჭერთ ჩვენ ყურებით!

– ბატონო გურამ, ნინო ფირცხალავაზე გკითხეთ!

– დიახ, გია ნოდიამ უკანასკნელად გაიბრძოლა და უნივერსიტეტის კომისიაში თავის ადგილზე ნინო ფირცხალავა დაანიშნინა. ნოდიამ ფირცხალავა თავიდან ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა უნივერსიტეტის რექტორად მიავლინა და იქაურობა დაანგრია; ახლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს უპირებს ნინო ფირცხალავა “აყვავებას”! გია ნოდია ამჟამად ნინო ფირცხალავას კაბაშია გადაცმული, ოღონდ, ჯერ ქალბატონ ნინოს წვერი არ ამოსვლია და, მოდით, ვნახოთ, თმისა და წვერის გადანერგვის რა ისეთ მეთოდს გამოიყენებს გია ნოდია, რომ ნინო ფირცხალავა უცხო ენათა უნივერსიტეტის დანგრევის შემდეგ ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დამანგრევლად მოგვევლინოს თავისი წვერებით. მოვუწოდებ უნივერსიტეტის პროფესორებს, არ დაემორჩილონ ამ სამარცხვინო კომისიას და ნინო ფირცხალავაც გია ნოდიასავით გავაგდოთ უნივერსიტეტიდან და მას ჩვენი საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი დარჩიები, ვოლსკაიები, ქუთელიები, შათირიშვილები… მივაყოლოთ! ნინო ფირცხალავა რომ დანიშნა გია ნოდიამ უცხო ენების უნივერსიტეტის რექტორად, სანაცვლოდ, ძღვენიჭამია ნოდიამ ფირცხალავასაგან მორიგი ძღვენი მიიღო!..

– რა ძღვენზეა საუბარი?

– უცხო ენათა უნივერსიტეტში სტუდენტებს აუდიტორიები არ ჰყოფნიდათ. ამ დროს გია ნოდიას ნინო ფირცხალავამ რამდენიმე აუდიტორია მიუძღვნა, მოასწორეს უცხო ენათა უნივერსიტეტის მთაგორიანი ეზო, ახალი სახლი ააშენეს, რომელიც ჯერ გადახურულიც არ არის, თუმცა, სახლის პირველ სართულზე უკვე ევრორემონტი გააკეთა გია ნოდიამ და იქ ყველაფერი მშვენივრად მოაწყო ან თავისთვის, ამ მომავალი ბორდელისთვის. ამიტომ მოვუწოდებ ბატონ კეზერაშვილს, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსების ბორდელში გამოჭერაშია დახელოვნებული, შევარდეს ახლა ნინო ფირცხალავას “ბორდელში” და გაიგოს, რა ხდება უცხო ენათა უნივერსიტეტის კორპუსებში განთავსებულ ე.წ. “კავკასიურ ინსტიტუტში”, რომლის დირექტორიც გია ნოდია გახლავთ.

– ბატონო გურამ, უნივერსიტეტის თემას მივუბრუნდეთ!

– რუსუდან ლორთქიფანიძის 234-ე ბრძანებით, როგორც მოგახსენეთ, ე.წ. ახალი კომისია შეიქმნა. კომისიამ ქართული ენისა და ლიტერატურის ფუძემდებლური დარგები პროფესორიან-დოცენტიან-მასწავლებლებიანად სულ 49 კაცით დააკომპლექტა, რაც კატასტროფის ტოლფასია. რამდენი კათედრა, რამდენი კაბინეტია და 49 კაცი გასწვდება ყველაფერს? რუსუდან ლორთქიფანიძემ 15 ნოემბერსვე გამოსცა ბრძანება #232 “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განსაკუთრებული სამეცნიერო-პედაგოგიური დამსახურებების მქონე თანამშრომელთა, ყოფილი რექტორების – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრების, პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე სამი წლის ვადით გადაყვანის შესახებ”. ამ სიაში ჰუმანიტარულ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტებიდან სულ შეყვანილია 28 პროფესორი. ამათ უკვე უკონკურსოდ მოიპოვეს პროფესორის აკადემიური თანამდებობა და დაენიშნათ ხელფასი 320 ლარი.

– ბატონო გურამ, ბატონი ჯუმბერ ჭუმბურიძე, სამწუხაროდ, არც ყოფილი რექტორია, არც აკადემიის წევრ-კორესპონდენტია და არც – აკადემიკოსი. ამიტომ ვერ მოხვდა, ალბათ, იმ 28-კაციან სიაში!..

– მართებული შეკითხვაა, მაგრამ გეკითხებით, – არის თუ არა რუსუდან ლორთქიფანიძე ამ ხელისუფლების კურსის გამტარებელი და სააკაშვილის რჩეული?

– დიახ, რა თქმა უნდა!

– მაშინ მიპასუხეთ, ეს ხელისუფლება არ არის, რომ იძახის, – საქართველოს მეცნიერებათა აკადემია კომუნისტური გადმონაშთია, ხოლო მისი აკადემიკოსები და წევრ-კორესპონდენტები კორუმპირებულები, ბორდელების, რესტორნების მფლობელები არიანო და ახლა გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსობა და წევრ-კორესპონდენტობა ღირსებისა და სამუდამო პენსიისა და წოდების უკონკურსოდ მინიჭების საფუძველი? მე განა იმ 28 კაცის წინააღმდეგი ვარ, არა!.. აკადემიის წევრ-კორესპონდენტი თავად გახლავართ და ჩემს კოლეგებს არ დავიცავ? მაგრამ კანონი და ბრძანება არ უნდა იყოს აპარტეიდული და თუ არ ხარ აკადემიკოსი და აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, არ უნდა გაძევებდნენ უნივერსიტეტიდან. ჯერ ერთი, საქართველოს სირცხვილია ის, რომ ბატონი ჯუმბერ ჭუმბურიძე აკადემიკოსი არ არის!.. კომუნისტების ეპოქაში ბატონი ჯუმბერი გააშავეს და არ აირჩიეს მეცნიერებათა აკადემიის წევრად; მას გაუხსენეს, რომ იგი ანტიკომუნისტისა და ძველი ემიგრანტის – ნიკოლოზ ჭუმბურიძის შვილი იყო. ჯუმბერ ჭუმბურიძეს უნივერსიტეტიდან იმიტომ ითხოვენ, რომ ის არც უნივერსიტეტის რექტორი ყოფილა, არც აკადემიკოსია და არც – აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. რუსუდან ლორთქიფანიძემ აპარტეიდული ბრძანება გამოსცა და ქალბატონი რექტორის “პროკრუსტეს სარეცელში” ვერაფრით მოთავსდა ბატონი ჯუმბერ ჭუმბურიძე. სხვათა შორის, შევარდნაძის დროს ბატონ ჯუმბერს კომპარტიაში შეცვლის სანაცვლოდ უნივერსიტეტის რექტორის პოსტი შესთავაზეს, რაზეც ბატონმა ჯუმბერმა კატეგორიული უარი განაცხადა. მოგეხსენებათ, კომუნისტებმა ბატონ ჯუმბერს მამა სამშობლოდან გადაუკარგეს, ხოლო უმამოდ დარჩენილი მისი უფროსი და ბავშვობაში ქუნთრუშით გარდაიცვალა და ამის გამო მას კომუნისტების ხსენებაც არ უნდოდა… რუსუდან ლორთქიფანიძეს შეურისძიება სწყურია!..

– რას გულისხმობთ?

– მოგეხსენებათ, უნივერსიტეტის დიდი საბჭოს წევრმა, პროფესორმა ჯუმბერ ჭუმბურიძემ 2004 წლის 13 დეკემბერს რექტორის არჩევნებში მხარი არ დაუჭირა რუსუდან ლორთქიფანიძეს; ამავე დროს, ბატონი ჯუმბერის თავმჯდომარეობით უნივერსიტეტში შეიქმნა ალტერნატიული წარმომადგენლობითი აკადემიური საბჭო, რომელიც ხმალამოღებული ებრძვის ლორთქიფანიძესა და მის ხროვას უნივერსიტეტის გადასარჩენად!.. ბატონი ჯუმბერი არის კლასიკური მაგალითი მე-20 და 21-ე საუკუნეთა საქართველოს, ქართველი ერისა და პიროვნების ტრაგედიისა. მე-20 საუკუნე ბატონი ჯუმბერისთვის ოჯახისა და სამშობლოს უბედურებით დაიწყო – ბოლშევიკებმა მამა უცხოეთში გადაუხვეწეს და ბატონი ნიკოლოზ ჭუმბურიძე დღეს ლევილშია დასაფლავებული; დაც დაეღუპა, ხოლო დედას მთელი ცხოვრება კომუნისტები სიცოცხლეს უმწარებდნენ. 1996 წელს, როცა მე პარიზიდან საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივი ჩამოვიტანე, იქ აღმოვაჩინე საოცარი ფოტოსურათები ბატონი ჯუმბერის ბავშვობისა. 7 თვისა იყო ბატონი ჯუმბერი, მამა რომ ემიგრაციაში წავიდა… ბავშვი იზრდებოდა და მამას უგზავნიდა თავის სურათებს, რომლებსაც უკანა მხარეს ბატონი ჯუმბერის ხელით აწერია – “მამა, მე 7 წლის ვარ”… “მამა, მე უკვე 9 წლის გავხდი”… როცა მამისადმი გაგზავნილი სურათები მე საქართველოში უკან დავაბრუნე და ბატონ ჯუმბერს ვაჩვენე, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა სულისშემძვრელი სცენის მომსწრე გავხდი, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ერთდროულად რამოდენა სიხარული და ტკივილი იკითხებოდა მაშინ ბატონი ჯუმბერის თვალებში.

 საქართველომ უნდა შემოჰკრას განგაშის ზარს, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისში არ განმეორდეს მე-20 საუკუნის დასაწყისის ტრაგედია, რომ არ განმეორდეს ახალი ლევილი და ახალი ტრაგედიები ქაქუცა ჩოლოყაშვილისა, ნიკოლოზ ჭუმბურიძისა და სხვა ღირსეული მამულიშვილებისა. სხვათა შორის, ბატონი ჯუმბერის მამა – ბატონი ნიკოლოზ ჭუმბურიძე ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი იყო და ქაქუცას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი პირველი ნეკროლოგი მაშინ სწორედ ნიკოლოზ ჭუმბურიძემ გამოაქვეყნა.

მივმართავ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალბატონ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს რუსუდან ლორთქიფანიძეს: ან სასწრაფოდ დახიოს თავისი ბრძანება, ან იმ 28 კაცის სიაში დღესვე შეიყვანოს უნივერსიტეტის სინიდისი, უნივერსიტეტის დამამშვენებელი, პროფესორი ჯუმბერ ჭუმბურიძე და არ ჩაუგდოს იგი ნინო ფირცხალავა-ნოდიას კომისიას ხელში საჯიჯგნად. ასაკის გამო ვერ მოსდებენ ბატონ ჯუმბერს შარს, რადგან, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოთ და, 85 წლისანი იმ სიაში სხვებიც არიან; განსაკუთრებულ მეცნიერულ დამსახურებასაც ნუ დაუკარგავენ ბატონ ჯუმბერს და ვერცერთი იმ 28 აკადემიკოსიდან ვერ იტყვის, რომ ბატონი ჯუმბერი რომელიმე მათგანზე ნაკლებია, ამის არც მორალური უფლება აქვთ და არც – ფაქტობრივი!..

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, 85 წლის ბატონი აკაკი შანიძე რომ დაეთხოვათ უნივერსიტეტიდან? მაშინვე ხომ გაუსკდებოდა ბატონ აკაკის გული და ჩვენი დიდ მეცნიერი გრიგოლ ხანძთელის ასაკამდე ხომ ვერ მიაღწევდა? ჩვენ თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ ბატონ ჯუმბერ ჭუმბურიძეს და ვუსურვოთ, რომ ბატონი აკაკი შანიძისა და გრიგოლ ხანძთელის ასაკისთვის გადაებიჯებინოს უნივერსიტეტის პროფესორისა და ვაჟა-ფშაველას კაბინეტის გამგის თანამდებობაზე ქართველი ერის და ქართული მეცნიერების სასახელოდ!

 დიტო ჩუბინიძე
“ასავალ-დასავალი”, 28 ნოემბერი – 4 დეკემბერი, 2005

 

Advertisements

5 Responses to 2005 – II

  1. Willene Tope ამბობს:

    Very Nice website.
    Cheers

  2. Online Bet Euro2012 ამბობს:

    hey i simply just want to say that this stuff never gets old, love it, carry on the great info, its better reading this than working for a living, cheers

  3. Alton Tarry ამბობს:

    This really is one great reveal! That is really nice.

  4. Tyson F. Gautreaux ამბობს:

    you have brought up a very superb details , thanks for the post.

  5. Bela ამბობს:

    მადლობთ, ძალიან საინტერესო წერილებია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s