“თბილისელები”. ინტერვიუ რუსუდან შარაძესთან. 16.02.2015


ვინ  გადაარჩინა  გურამ შარაძის ქალიშვილი  ჟენევაში  და რა ახალი გარემოებები აღმოაჩინა მან მამის მკვლელობის საქმეში

გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე,  თითქმის ათი წელია, ჟენევაში ცხოვრობს. იმის მიუხედავად, რომ მისი ცხოვრების გზა იოლი არ იყო და ძალიან ბევრი პირადი ტრაგედიის გადატანა მოუწია, რუსუდან შარაძე ძალიან გახსნილი და გულწრფელი ადამიანი აღმოჩნდა. საქართველოს მონატრებას უფრო და უფრო ხშირად ჩამოჰყავს სამშობლოში, აქ მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანების საფლავებია და, ამიტომაცაა, რომ, როგორც თავად ამბობს, თბილისი-ჟენევის მარშრუტს ვერ გასცდა.

10982045_808692219204251_3682262032869819380_n[1]

– რუსუდან, ცოტა ხნის წინ განაცხადეთ, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში ახალი გარემოებებია აღმოჩენილი და პროკურატურისგან ამ საქმის დაჩქარებული გამოძიება მოითხოვეთ. რა გარემოებებზე საუბრობთ?

– მამაჩემის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო 2014 წლის ივლისში. საქმეს იძიებს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფი მთავრი პროკურორის მოადგილის, ირაკლი შოთაძის მეთვალყურეობის ქვეშ.
ყველამ იცის, რომ გურამ შარაძის მკვლელობა გადაღებულია სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ვიდეოთვალის მიერ. პირველად, ეს ვიდეო ვნახე 2007 წლის ივლისში, პოლიციაში. მიუხედავად ჩემი თხოვნისა, მაშინ არცერთი კადრი არ მომცეს. დეკემბერში, მთავარი პროკურორის მოადგილეს – ირაკლი შოთაძეს ვთხოვე და გადმომცეს სრული მასალა. აგრეთვე, ვთხოვე დასწრება ფირის ექსპერტიზაზე. 28 იანვარს, დავესწარი კიდეც ფირის ერთ-ერთ ექსპერტიზას შინაგან საქმეთა სამინისტროში. პარალელურად, ექსპერტიზა ჩატარდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშიც. ყოველ დღე ველოდები, რომ ორივე უწყება შეჯერდება და დადებენ ერთ საერთო დასკვნას.
თავიდანვე, დიდ იმედს ვამყარებდი ამ ფირებზე, მიუხედავად იმისა, რომ ის საშინელი ხარისხისაა. ვფიქრობდი, რომ ამ კადრების მეშვეობით, სულ მცირე, შესაძლებელი იქნებოდა მკვლელის, რომელიც მამაჩემს უკან მისდევდა, ზუსტი სიმაღლის დადგენა. ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ცნობილი იქნებოდა, რომელი ტიპის აპარატურა ჰქონდა დაყენებული „ალდაგს“ 2007 წლის 20 მაისს. ანუ რა აპარატურამ გადაიღო ჩვენს ხელთარსებული ფირები. „ალდაგი“, საეჭვოდ, არ თუ ვერ იძლევა ამ ინფორმაციას. პროკურატურის კითხვაზე, თუ რა კამერა ეყენათ, პასუხობენ, რომ არ იციან. არც საქმის მასალებშია რამე ცნობა შემონახული. მაშინდელი გამომძიებელი ზაალ გურგენიძე ექსპერტ ყანდარელს ეკითხება, თუ რა ტიპის აპარატურამ გადაიღო ფირი, რაზეც ექსპერტი დუმს.
არცისე დიდი ხნის წინ, ფეისბუკის მეშვეობით, გავავრცელე კადრების ნაწილი. მკვლელი, რომელიც მამაჩემს უკან მიყვება, არაა გიორგი ბარათელი და ვინც მას იცნობს, ყველა დამეთანხმება, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება. ეს ისედაც დამტკიცდება, მამაჩემის მკვლელობის საქმე ისედაც გაიხსნება.
11 თებერვალს ღია წერილით მივმართე საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ვთხოვე, თანამდებობებიდან გაეთავისუფლებინა პოლიციაში დასაქმებული ის პირები, ვინც ეჭვმიტანილები არიან, რომ პირდაპირ ან ირიბად, მონაწილეობას იღებდნენ მამაჩემის მკვლელობაში. შსს მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ მიპასუხა, რომ ყველას ვერ მოხსნიან თანამდებობიდან, სანამ მათი ბრალეულობა არ დამტკიცდება. კარგად მესმის ბატონი არჩილის. ის იურისტია და კანონის შესაბამისად საუბრობს, მაგრამ საქართველოში რომ ყველაფერი კანონიერად ხდებოდეს, მოქმედი პოლიციელები არ აფეთქებდნენ მამას შვილის საფლავზე, უდანაშაულო ხალხის წამებაში და მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადამიანები არ იკავებდნენ თანამდებობებს და არ ატარებდნენ იარაღს კანონიერად, მეც სათქმელი არაფერი მექნებოდა. რამე რომ მოხდეს, თუნდაც, მოწმეებზე ზეწოლა, ან მკვლელობა, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ უწყებას, რომელსაც ბატონი არჩილ თალაკვაძე წარმოადგენს. ამასთან, მთელი პასუხისმგებლობა დაესკისრება საქართველოს მთავრობას და მის მეთაურს, რომელსაც თხოვნით მივმართე. ეს ნამდვილად არ მსურს. მე ჩემი ვთქვი, დანარჩენი მათ იციან, იმედია, ჩემზე კარგად.

– ახალი ხელისუფლების პირობებში წლების წინ ჩადენილი, გახმაურებული მკვლელობების საქმეების გახსნა დაიწყო. ამ ფონზე რა მოლოდინი აქვს გურამ შარაძის ქალიშვილს, წლების შემდეგ ეს ბურუსით მოცული მკვლელობა გაიხსნება?

– მოლოდინი ნამდვილად მაქვს, როგორც გითხარით, პროკურატურა მუშაობს, მიმდინარეობს გამოძიება. ვიმედოვნებ, რომ მალე ყველა გავიგებთ, თუ ვინ შეუკვეთა და მერე ვინ შეასრულა გურამ შარაძის მკვლელობა.

– როგორ განსაზღვრა მამამ თქვენი ცხოვრების გზა?

– მიჭირს კიდეც გადმოცემა, თუ რამხელა ადგილი უკავია მამაჩემს ჩემს ცხოვრებაში. ის იყო არაჩვეულებრივი მეუღლე, მამა და ბაბუა. ჰქონდა მკაცრი ადამიანის იმიჯი, მაგრამ ვინც პირადად იცნობდა, დამეთანხმება, რომ ცხოვრებაში იყო დამთმობი, თბილი და მოსიყვარულე. შვილები ვაღმერთებდით და მისი რიდი გვქონდა. დედაჩემი უფრო მკაცრად გვზრდიდა, მამა ყოველთვის ლოიალური იყო. ჩვენთვის მშობლები წესიერების, ერთგულების, პასუხისმგებლობისა და სიყვარულის სიმბოლო გახლდნენ.
მამაჩემთან მეგობრული დამოკიდებულება მქონდა, ბავშვურ საიდუმლოებებსაც ვანდობდი. ბოლო წლებში კი, თითქოს, ასაკით დავეწიე, ტოლებივით ვიყავით. 1998 წელს, როცა ოჯახის შექმნა გადავწყვიტე, შინ პირველს მას ვუთხარი. მაშინაც ჟენევაში ვიყავი და ვრცელი წერილი მივწერე, ახლაც მეღიმება იმ წერილზე. თუმცა, ურთიერთობაში ზღვარს არასდროს გადავსულვარ. არ ვიცი, რომელი გრძნობა უფრო ჭარბობდა ჩემში, მისდამი სიყვარულის თუ პატივისცემის. ზოგჯერ, მგონია, რომ ყველაზე მეტად როცა ვჭირდებოდით ერთმანეთს და ყველაზე მეტად როცა ვხარობდით ერთმანეთით, მაშინ წამართვეს მამა.

– როგორ ცხოვრობთ დღეს ჟენევაში, რას საქმიანობთ, ვიცი, რომ რთული გზა გაიარეთ მანდ, ამ გადასახედიდან როგორი იყო ეს გზა და რით არიან დაკავებული თქვენი მეუღლე და ქალიშვილი, რომელიც თითქმის მანდ გაიზარდა?

– პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი მერიდება ხოლმე, მგონია, რომ უფრო საინტერესო რაღაცეებიც ხდება ქვეყანაში. განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია… მართლა რთული გზა გავიარე. ჟენევაში, სასწავლებლად 2006 წლის ოქტომბერში წავედი. რამდენიმე თვეში, მოულოდნელად, მომიკლეს მამა და ცხოვრება თავზე დამექცა. გარდა იმისა, რომ მორალურად და ფიზიკურად თავი უნდა გადამერჩინა, პასუხისმგებლობამ კინაღამ მომკლა. იქამდე, არასდროს არაფერი მეხებოდა საკუთარი თავის გარდა და ზოგჯერ, საკუთარი თავიც არ მეხებოდა. მთელი ცხოვრება, მიჩვეული მშობლების და ძმების ფრთებქვეშ ყოფნას, მოულოდნელად, თითქმის, მარტო დავრჩი სახელმწიფო მანქანასთან. ჟენევაში, თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი. არ მითაკილია არაფერი, რაც ფიზიკურად შემეძლო და პატიოსანი შრომით, თავს გამატანინებდა. უნივერსიტეტში დავხურავდი რაღაც ეტაპს, გამოვიქცეოდი თბილისში, მერე დავბრუნდებოდი და ასე გაგრძელდა 2011 წლამდე.
სხვა ქვეყანაში, სულ მარტო, თითქმის უსახსრო, ზოგჯერ ვფიქრობდი, ღირს კი „ერთი ყველას წინააღმდეგ“ ყოფნა? და საერთოდ, ღირს კი ამ უსამართლო ქვეყანაზე სიარული? ალბათ, როგორ სასაცილოდ არ ვყოფნიდი ძალაუფლებით გაყეყეჩებულ სააკაშვილს და მისი მკვლელების ბანდას, მაგრამ რაღაც ძალა მაძლებინებდა. ან რა უნდა მექნა? უკან დასახევი გზა არ იყო, მამაჩემს ვერ ვუღალატებდი. ვერც იმას წარმოვიდგენდი ვერასდროს, რომ შვეიცარიაში სასწავლებლად წასული, საბოლოოდ, იქ პოლიტიკურ დევნილად დავრჩებოდი.
პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვე 2010 წლის დეკემბერში, მაშინ, როდესაც არავითარი იმედი აღარ მქონდა, რომ სააკაშვილი ხელისფულებას როდესმე დათმობდა. მან შეცვალა კონსტიტუცია და უკვე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე აპირებდა საქართველოს სათავეში ყოფნას, მისი მომრევი აღარავინ იყო. ნამდვილი ოპოზიცია გაანადგურა, ზოგი მიჩქმალა, სახელი გაუტეხა, დანარჩენი მოისყიდა. სწორედ, მაშინ მოვითხოვე პოლიტიკური თავშესაფარი. შვეიცარიაში, დაინახეს, რომ ამდენ ხანს, არ „მისარგებლია“ ჩემი ტრაგედიით, ვიარე ყველაზე რთული გზით, ვცადე ყველაფერი, რომ ჩემს ქვეყანაში, სიმართლე დამემტკიცებინა. ერთ თვეში, სახლში, ფოსტით მომივიდა დადებითი პასუხი. ეს იყო ჩემთვის გამარჯვება და დასტური იმისა, რომ ქვეყანაზე, სადღაც, სამართალი მართლა არსებობს. უაღრესად მადლობელი ვარ შვეიცარიის, ეს ქვეყანა და ხალხი მიყვარს, მათ გადამარჩინეს და ოჯახიანად შემიფარეს.
თავიდან ვსწავლობდი ჟენევის უნივერსიტეტის ევროპის ინსტიტუტის მაგისტრატურაში. საბოლოოდ, დავამთავრე ამავე უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მაგისტრატურა. ჩემი სადიპლომო ნამუშევარი შეეხებოდა ანტიკომუნისტურ „საქართველოს დამხმარე საერთაშორისო კომიტეტს“, რომელიც ჟენევაში მოქმედებდა 1924-1939 წლებში და რომლის შემადგენლობაში შედიოდა ჟენევის პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა ელიტა.
სამწუხაროდ, ჩემი მთავარი ოცნებისთვის, რაც თავიდანვე მქონდა ჩაფიქრებული, ჯერ კიდევ ვერ მოვიცალე. შვეიცარიაში კარგი ქართული საქმეების გაკეთება შეიძლება. აქ ცხოვრობდნენ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, აქ არის სრულიად უცნობი, მოსაძიებელი არქივები. ეს საქმე მამაჩემის დაწყებული და ჩემი ძმის, გიორგი შარაძის გაგრძელებულია. თითქოს, სულ ვალად მაწევს მათ წინაშე ეს შეუსრულებელი საქმე და ძალიან ვწუხვარ. ვფიქრობდი, დამეცვა სადოქტორო დისერტაცია და დაწყებულიც მქონდა, ვაპირებდი ვრცელი ნარკვევი მომემზადებინა XX საუკუნის ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა საქმიანობაზე ჟენევაში. მამაჩემისგან განსხვავებით, ბევრ რამეს ერთნაირი ენთუზიაზმით ვერ ვეკიდები. მას შეეძლო ერთნაირი გულმოდგინებით, ერთდროულად ეწერა რამდენიმე წიგნი, მოეწყო საპროტესტო აქციები, მონაწილეობა მიეღო ქვეყნის საპარლამენტო, კულტურულ თუ მეცნიერულ ცხოვრებაში… ამ ეტაპზე, ვცხოვრობ ერთადერთი მიზნით, რომ ბოლომდე მივყვე მამაჩემის მკვლელობის საქმეს.
ყველა უბედურების დაძლევაში მეხმარება მეუღლე და ქალიშვილი, მაძლიერებს ძმიშვილების სიყვარული. ჯერ ლაშა მოკლეს, მერე მამაჩემი. მამაჩემის მერე ორი წელი გიორგიმ იცოცხლა, შვიდი წელი კი დედაჩემმა. ეს წლებიც, მიუხედავად განცდილი ტანჯვისა, თურმე, რა ბედნიერი ვყოფილვარ.
ჩემი მეუღლე ჩემი საუკეთესო მეგობარია. ეს არაა არც გადაჭარბებული, არც ხატოვანი ნათქვამი. ჩემმა მშობლებმა ის, როგორც შვილი, ისე მიიღეს. ძმასავით იყო გიოსთანაც, ლაშამ გაცნობა ვერ მოასწრო. თანაცხოვრებაში, თითქოს, ჩვენ ერთმანეთი გავზარდეთ. ვიცი, ჩემი ტრაგედიებიდან გამომდინარე, ჩემთან ცხოვრება იოლი არაა. მან ყველანაირი ამიტანა და ყველანაირს გამიძლო, მადლობელი ვარ ამისთვის. ჩვენს თავზე ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ სხვა ყველაფერი ვნახეთ – სიყვარული, განშორება, ზოგჯერ, იმედგაცრუებაც… ორივეს გვქონდა შეცდომები, მაგრამ უკვე 17 წელია ერთად ვართ და არც კი ვიცი, რამ უფრო შეგვაკავშირა, განცდილმა ბედნიერებამ თუ უბედურებამ. 2001-2002 წლებში, მასაც მამა და ძმა, ერთ წელიწადში გარდაეცვალა.
ვცდილობთ, ჩვენი ქალიშვილი, რომელიც მალე 13 წლის გახდება, ქართველად გავზარდოთ. თავის ცხოვრებას ქართველს თუ დაუკავშირებს, უბედნიერესი ვიქნები. თუმცა, ეს არავინ იცის, სიყვარულს წინ ვერავინ დაუდგება. მთავარია, ბედნიერი იყოს, არ დაკარგოს სამშობლო, იცხოვროს ბებია-ბაბუების მაგალითით, არ ეზარებოდეს და უყვარდეს პატიოსანი შრომა.

– ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, ჟენევა ჩემი სახლიაო, ემოციური ქართელისთვის, ჟენევა, კონსერვატიული და “ცივი” ქალაქი სახლად იოლად იქცა?

– მიუხედავად ჩემი ემოციური ხასიათისა, სიმშვიდე და ხშირად, მარტოობაც მიყვარს. კონსერვატულ საზოგადოებაში დისკომფორტს არ ვგრძნობ, პირიქით. არც ის მგონია, რომ აქაურები ცივი ხალხია. თუ მიგიღეს, ისე იციან გულში ჩახუტება, რომ ბევრ ქართველს შეშურდება. მივეჩვიე აქაურობას და შევიყვარე.

– ვინ არის თქვენი “ქართული წრე” თბილისიდან შორს, როგორ უმკლავდებით ერთად საქართველოს ნოსტალგიას?

– რაც მამაჩემის მკვლელები ხელისუფლებიდან წავიდნენ, დიდ ნოსტალგიას, როგორც ადრე, აღარ განვიცდი. საქართველოში ხშირად ვარ. ჟენეველი მეგობრები მეხუმრებიან, ჩვენ შემოვიარეთ მთელი მსოფლიო და შენ ჟენევას და თბილისს ვერ გაცდიო. ურთიერთობა მაქვს რამდენიმე ქართულ ოჯახთან, რომლებიც ძალიან მიყვარს.

– როგორ შეიცვალა თქვენი ემოციური დამოკიდებულება თბილისთან? აპირებთ დაბრუნებას თუ თქვენი სამომავლო გეგემები ჟენევასთან არის დაკავშირებულია?

– თბილისი ჩემთვის ერთადერთია, ისევე, როგორც მთლიანად, ჩემი სამშობლო. აქ მეგულებიან ჩემი უსაყვარლესი ადამიანები, ვისთვისაც სიცოცხლესაც არ დავიშურებდი, აქ მეგულება უძვირფასესი ოთხი საფლავი… ამ წუთას, არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ ბოლომდე უნდა მივყვე მამაჩემის მკვლელობის საქმეს, მერე უკვე ვიზრუნებ მისი მემკვიდრეობის სათანადოდ დაბინავებაზე. სამომავლოდ, ვაპირებ, ჩვენი სახლი, ჭავჭავაძის გამზირზე, დავუთმო გურამ შარაძის სახლ-მუზეუმს, სადაც გამოიფინება მისი არქივი, ნივთები და მკითხველის სარგებლობაში იქნება მისი უნიკალური ბიბლიოთეკა.
საქართველოში სამუდამოდ დაბრუნებას არ ვაპირებ. „ერთი სული“ მაქვს, სანამ საზოგადოებას თვალში აღარ მოვხვდები და ჩემთვის, მშვიდად და განმარტოებით ვიცხოვრებ. თითო აგურს თუ დავდებ მამაჩემის დაწყებულ საქმეში, რომელზედაც ზემოთ მოგახსენეთ, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება.

This entry was posted in 2015, გურამ შარაძე, ინტერვიუ, რუსუდან შარაძე, Sharadze and tagged . Bookmark the permalink.

One Response to “თბილისელები”. ინტერვიუ რუსუდან შარაძესთან. 16.02.2015

  1. datiko48 says:

    Rusudan,maxsovxar shvilo,de shenc gemaxsovrebi albat,me da bat.Gurami xshirad vxvdebodit ertmanets,gaxsovs Chavchavadzezem iq rom iyo mashin chemi firmis ofisi,ezoshi?q.Svetac maxsovs da is ubedureba rodesac mogikle dzma.Bat. Gurami sulit Qartveli romelic mokla satana Misham,ar vapatieb arasdros,da gtxov rom gaufrtxilde tavs,patarav.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s