მამაჩემი, აკადემიკოსი გურამ შარაძე სააკაშვილის ხელისუფლებამ დახვრიტა!

 

2008 წლის 14 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოიტანა. სასამართლოს თავმჯდომარე მაია ოშხარელმა, მოსამართლეებმა: დავით სულაქველიძემ და იური ტყეშელაშვილმა დაადგინეს, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე “არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის”. ამ მოტივით ადვოკატების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა…

მკითხველს შევახსენებთ, რომ აკადემიკოსი გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, ვიდეოკამერების წინ უმოწყალოდ დახვრიტეს. მკვლელობა დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე მოხდა. მოკლული აკადემიკოსი პროზექტურაში გადასვენებამდე მელიქიშვილის გამზირზე რამდენიმე საათი ცურავდა საკუთარ სისხლში…

მკვლელობის პირველივე წუთებში ეს ფაქტი პოლიტიკურ მკვლელობად შეფასდა მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს ეჭვმიტანილი გიორგი ბართელი და ბანალური მოტივიც მაშინვე გახმოვანდა… თურმე, დაახლოებით 8 წლის წინ ბარათელს აკადემიკოსის ვაჟმა,  გიორგი შარაძემ აწყენინა და მან შური გურამ შარაძეზე იძია… “დამაჯერებელი მოტივია”, მაგრამ საზოგადოებაც და აკადემიკოსის ოჯახიც მიიჩნევს რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა იყო…

“საქართველო და მსოფლიო” ამ გახმაურებული მკვლელობის შესახებ ქუჩაში დახვრეტილი აკადემიკოსის შვილს, რუსუდან შარაძეს ესაუბრა.

 

_ რატომ აცხადებთ, რომ მამათქვენის მკვლელობა პოლიტიკური იყო? ბოლო დროს ხომ იგი თითქმის წავიდა პოლიტიკიდან?

_ ცოტა შორიდან დავიწყებ, 1998 წლის 15 ივნისს ჩემი ძმა, ლაშა შარაძე მძინარე მოკლეს ლოგინში. მამამ იმ წუთშივე მიიჩნია, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა იყო. შეგახსენებთ, ეს ის პერიოდია, როდესაც გურამ შარაძე ღიად იბრძოდა თურქი-მესხების, ეროვნული რეკვიზიტის და ზოგადად ეროვნული ფასეულობების დასაცავად. მაშინ მისი მკვლელობა ვერ გაბედეს და გასაჩუმებლად, ლაშა მოუკლეს… ნათელი არც ლაშას მკვლელობას მოეფინა… ჩემი ძმა პროზექტურაში არ იყო გადასვენებული, როდესაც მაშინდელმა ძალოვანებმა _ კახა თარგამაძემ, სოსო ალავიძემ, ნუგზარ გაბრიჩიძემ, ჯემალ გახოკიძემ საქვეყნოდ განაცხადეს, როგორც ვანო მერაბიშვილმა ჟვანიას გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში, და ჩვენი ტრაგედია თვითმკვლელობად შერაცხეს. როგორ მდგომარეობაში ვიპოვეთ ლაშა, იცით? ზაფხული იყო, ჩემი ძმა მარტო იყო სახლში, ქვედა საცვალი ეცვა და ზემოდან გადასაფარებელი ეფარა, ერთი ხელი თავქვეშ ჰქონდა ამოდებული, მეორე კი იდაყვზე ედო. ერთი ტყვით იყო მოკლული და იარაღი ლოგინზე იდო. ადამიანი, რომელიც თავის მოკვლას აპირებს, ტანზე იხდის, ლოგინში წვება, თავში ტყვიას იხლის, ერთ ხელს თავქვეშ ამოიდებს, მეორეს _ იდაყვზე დაიდებს და იარაღს გვერდზე გადადებს?! არაფერი თვითმკვლელობაზე არ მეტყველებდა, მაგრამ ეს საქმე დღემდე თვითმკვლელობად მიიჩნევა. მამაჩემმა ბევრი იბრძოლა, მაგრამ ვერაფერს ვერ გახდა. ცოცხალია ყველა ჩემს მიერ დასახელებული პიროვნება და ოდესმე ხომ უნდა თქვან სიმართლე, რატომ მოიწვიეს პრესკონფერენცია ასე ნაჩქარევად?! დაეცადათ და გაეგოთ, მართლა თვითმკვლელობასთან გვქონდა საქმე, თუ მკვლელობასთან?!

_ მოდით, ისევ მამთქვენის მკვლელობას დავუბრუნდეთ…

_ რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, რომ გურამ შარაძე პოლიტიკურად აღარ აქტიურობდა, ეს სიცრუეა. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მამაჩემი აიკრძალა ყველა ტელევიზიაში, მათ შორის ტელეკომპანია “კავკასიაში”, რომელიც დღესაც და მაშინაც თავს ოპოზიციონერეობაზე დებდა. მოიწვევდა პრესკონფერენციებს და მარტო იჯდა. ან, მოვიდოდა ერთი-ორი ტელევიზია, რათა გადაეღოთ და უფროსებისთვის ეჩვენებინათ, თუ რა ჰქონდა სათქმელი გურამ შარაძეს. ალბათ, ბოლოს ეს ინფორმაციები სააკაშვილთან მიდიოდა. ყველაფერი კი იმისთვის ხდებოდა, რომ მომხდარიყო გურამ შარაძის დისკრედიტაცია. ხალხში უნდა დაემკვიდრებინათ აზრი, რომ მამა პოლიტიკიდან წავიდა, რათა შემდეგ მოეკლათ და ხელისუფლებაზე არავის აეღო ეჭვი.

_ ამ განცხადებებით, მკვლელობაში ხელს საქართველოს ხელისუფლებას ადებთ…

_ დიახ, ასეა! მამაჩემი, აკადემიკოსი გურამ შარაძე სააკაშვილის ხელისუფლებამ დახვირიტა! ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის და მოვა დრო, როდესაც ეს აუცილებლად დადასტურდება! შესაძლოა, კვლავ ჩამეძიოთ და მკითხოთ, რატომ უნდა მოეკლათ გურამ შარაძეო? ამიტომ აქვე გეტყვით, თანაც ყოველგვარი თავდაბლობის გარეშე, გურამ შარაძე მოკლეს იმისთვის, რისთვისაც ერთი საუკუნის წინ _ ილია ჭავჭავაძე, რისთვის მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია მოკლეს, იმიტომ რომ ეროვნულ ფასეულობებს იცავდნენ, გავლენა და სიყვარული ჰქონდათ ხალხში.

_ როგორც ვიცით, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომელსაც ამჟამად მამათქვენის მკვლელობაში სდებთ ბრალს, გურამ შარაძეს “რაღაც” თანამდებობაც კი შესთავაზა…

_ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნამდე, მამას დაუკავშირდა ერთი პიროვნება და მას გაჩუმების სანაცვლოდ ნებისმიერი თანამდებობა შესთავაზა. მათ შორის, ხაზგასმული იყო უნივერსიტეტის რექტორობა. სურდათ, გურამ შარაძე ხელისუფლების სამსახურში ჩამდგარიყო. ამ შეთავაზებაზე მამა გულიანად იცინოდა. სხვათაშორის ფულიც შესთავაზეს, თანამდებობაც, მაგრამ ყველაფერზე უარი თქვა.

_ უშუალოდ სააკაშვილისგან მოდიოდა ეს შეთავაზება?

_ გუნდი ერთი იყო… ალბათ… ვინც მამას ხელისუფლების ეს შეთავაზება გადასცა ეს რიგითი ნაციონალი, რიგითი პოლიტიკოსი არ იყო… სამწუხაროდ, დღეს არც ეს ადამიანია ცოცხალი.

_ ვისზე საუბრობთ, ზურაბ ჟვანიაზე თუ ბადრი პატარკაციშვილზე?

_ (ხანმოკლე პაუზის შემდეგ) ბადრი პატარკაციშვილის პირით შემოუთვალეს… ბადრი ძალიან დიდ პატივს სცემდა მამას და სხვათაშორის, რევოლუციამდე მათ გარკვეული ურთიერთობაც ჰქონდათ.

_ რატომ გაგიჩნდათ პირველად ეჭვი, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა იყო და არა რიგითი კრიმინალი?

_ როდესაც გავიგე, რომ თითქოს მამა ბართელმა მოკლა, მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა იყო! გიორგი შარაძეს და გიორგი ბართელს 8 წელიწადია ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონიათ. ეს დანამდვილებით ვიცოდი და ამიტომაც დავეჭვდი. სააკაშვილი და მისი მკვლელების ბანდა არ მიეკუთვნებიან ადამიანთა იმ რიცხვს, რომელთაც მოწინააღმდეგეებთან ვაჟკაცურად ბრძოლა შეუძლიათ. გეხსომებათ, სააკაშვილთან, ბოკერიასთან, რამიშვილთან, დათო ზურაბიშვილთან, დღეს რომ ეროვნულობაზე დებს თავს, რამდენად დაუნდობლი ბრძოლა ჰქონდა გურამ შარაძეს და ნიღაბი ჩამოხსნა ამ ადამიანებს. ერთი კაცი ებრძოდა ამ ხალხს, თავისი სიმართლით და ღრმა ცოდნით. ეროვნების რეკვიზიტის და მამის სახელის პასპორტიდან წაშლაზე გურამ შარაძე იბრძოდა. ასევე, ქართული ენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით. ამბობდნენ, რომ კანონი არსებობსო, მაგრამ ერთ-ერთი და უმთავრესი მუხლი არ არის ამოქმედებული, რომელიც ითვალისწინებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს და ფლობდეს ქართულ ენას. ე.წ. თურქი-მესხების ჩამოსახლების საკითხი იყო უმძიმესი და დაუნდობელი ბრძოლა გურამ მამულიასა და გურამ შარაძეს შორის. სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადება. რომელი ერთი საკითხი ჩამოვთვალო, რაშიც მამაჩემის და ამ ხროვის ინტერესები გადაიკვეთა. გახსოვთ, 2002 წელს მამამ ლევან რამიშვილისა და დავით ზურაბიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა (აგენტი რომ უწოდეს პატივის და ღირსების შელახვისთვის) მაგრამ უზენაესი სასამარლოს მოსამართლემ, ვინმე მაია ოშხარელმა სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. ამავე პიროვნებამ, მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, უზენაეს სასამართლოში, არ მიიღო ჩვენი სარჩელი. რამიშვილ-ბოკერიას მონები დღესაც იგივეს აგრძელებენ. ქუჩაში უმოწყალოდ დახვრეტილ კაცს დღემდე ებრძვიან და მეკითხებით, რატომ შეიძლება მოეკლა ამ ხელისუფლებას გურამ შარაძე?!

_ სტრასბურგში აპირებთ გასაჩივრებას?

_ აუცილებლად! მზადდება სარჩელი სტრასბურგში გასაგზავნად და საქმეში ერთვება ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც მოამზადებს ამ სარჩელს. დიდი ილუზია არ მაქვს, რომ სტრასბურგი ხვალვე განიხილავს ამ საქმეს, ეს შეიძლება ხუთი წელიწადიც გაგრძელდეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მანამდე სააკაშვილი და მისი დაქირავებული მკვლელები, საქართველოში, ქართველი ხალხის მიერ გასამართლდებიან!

_ რა დარღვევებია გურამ შარაძის საქმეში ისეთი, რაც იმის თქმის საფუძველს გაძლევთ, რომ გამოძიება ტენდენციური იყო?

_ “ალდაგის” გარე ვიდეოკამერის ფირზე დაფიქსირებულია მკვლელი, რომელიც უკან მოჰყვება გურამ შარაძეს. მისი სიმაღლეა მინიმუმ 180 სმ, მოქნილი, სპორტული აღნაგობის, აცვია რაღაც ფართხუნა, გრძელსახელოებიანი, ქურთუკი თუ პიჯაკი, რაშიც იარაღს მალავს. ფირზე აშკარად ჩანს, რომ ეს პიროვნება კლავს მამას. სხვათაშორის, ფირი 48 დღის შემდეგ გვაჩვენეს. ამასობაში დაამონტაჟეს, გადააკეთეს, თუმცა რაც დარჩა ისიც საკმარისია სიმართლის დასადგენად. ექსპერტიზას თავი რომ დავანებოთ, საჭირო იყო, ჩატარებულიყო საგამოძიებო ექსპერიმენტი და ბარათელს გაევლო ზუსტად იგივე გზა, რაც მამამ და მკვლელმა გაიარეს, გადაეღო იგივე კამერას, ინსცენირება მომხდარიყო და შეედარებინათ ძველი და ახალი ფირები, მაგრამ ეს არ გაკეთდა, რადგან ამით დადასტურდებოდა, რომ ოფიციალური ვერსია ყალბია. გამოძიებამ დადო დასკვნა, რომ ფირი ექსპერტიზისთვის უვარგისია. ეს ტყულია! მიუხედავად იმისა, რომ ფირი დამონტაჟებულია, მაინც საკმარისია იმისთვის, რომ საქმეს ნათელი მოეფინოს.

_ თუ ფირი ექსპერტიზისთვის უვარგისია, თქვენ როგორ შეძელით გარჩევა იმის, თუ რა აცვია მკვლელს, რომელიც გურამ შარაძეს უკან მოყვებოდა?

_ ექსპერტიზა, რომ ჩაეტარებინათ, ხომ დაინგრეოდა მათ მიერ შეკერილი საქმე?! ერთ მომენტში მკვლელი პროფილითაც კი ჩნდება და პროფესიონალებს რომ გაერჩიათ ეს ფირი, სახის აღდგენასაც შეძლებდნენ, თუმცა არც ექსპერტიზაა ამისთვის აუცილებელი, ისედაც ნათლად ჩანს, რომ მკვლელი, რომელიც მამას მოჰყვებოდა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ბარათელი. გამოძიებასთან თანამშრომლობაზე თავიდან უარი იმიტომ ვთქვით, რომ ზუსტად ვიცოდი, ამ საქმეს არავინ გამოიძიებდა და დაემორჩილებოდნენ ხელისუფლების ბრძანებას. არავის მივცემდი უფლებას, რომ დახვრეტილი მამაჩემის სახელი ლაფში ამოესვარა.

_ თუმცა ისიც ითქვა, რომ მამთქვენმა ბარათელს თირკმელი გაუყიდა…

_ ვიცი, მამაჩემის მკვლელობის პირველივე წუთიდან უბინძურესი ჭორები გავრცელდა. ნახევარზე მეტი არ ვიცი და ყველა გაფრთხილებული მყავს, რომ არც მითხრან… მოკლედ, მკვლელობიდან 48 დღის შემდეგ, გამომძიებელმა ზაალ გურგენიძემ ჩვენს ადვოკატს, ნუგზარ ბირკაიას უთხრა, არ გინდა გაჩვენო ფირი, სადაც ბარათელი გურამ შარაძეს კლავსო?! ნუგზარ ბირკაიამ იმ დღესვე მითხრა ეს ამბავი და დიდი ორჭოფობის შემდეგ გადავწყვიტე, ფირი მენახა. წავედით მე, ნუგზარ ბირკაია და ნინო ნიშნიანიძე. ვფიქრობ, არ ელოდნენ, რომ მამაჩემის მკვლელობის ამსახველი ფირის ნახვას გავბედავდი, არათუ საათობით გავარჩევდი. მითხრა კიდეც ზაალ გურგენიძემ: რამ მოგიყვანა, შენ ამის ნახვას ვერ შეძლებო… სხვათა შორის, იგივე ზაალ გურგენიძემ ფირის ნახვის მომენტში არაერთხელ აღნიშნა, არა, ეს პიროვნება ბარათელი აშკარად არ არისო. ხუთი საათი იქვე ვარჩევდი ფირს. რამდენიმე დღეში უკვე მარტო მივედი ფირის სანახავად, რა თქმა უნდა, უარი ვერ მითხრეს და კიდევ ერთხელ გავარჩიე დეტალურად… გარდა იმისა, რომ ფირზე ბარათელი არსად ჩანს და მკვლელი სულ სხვა ადამიანია, არსებობენ მოწმეები, თვითმხილველები, რომლებმაც მამას მკვლელი ნახეს. მათი გვარების დასახელებას ნუ მომთხოვთ, რადგან მათ პრობლემებს ვერ შევუქმნი. ბევრი ადამიანია მოწმე. როცა ამის დრო დადგება და გურამ შარაძის საქმეზე დაიწყება ხელახალი გამოძიება, ეს ხალხი აუცილებლად გამოჩნდება,!

_ რას ყვებიან მოწმეები?

_ მე ჩამოვართვი ჩვენებები ამ ადამიანებს და შემიძლია გაგაცნოთ ეს ჩვენებებიც.

(რუსუდან შარაძე გვაცნობს იმ მოწმეების ჩვენებებს, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს დახვრეტილი აკადემიკოსის მკვლელი და რომლებიც სასამართლოში დღემდე არ დაკითხულან. გთავაზობთ ამონარიდებს ამ მოწმეების ჩვენებებიდან და მათ გვარ-სახელებს გასაგებ მიზეზთა გამო ვასაიდუმლოებთ).

მოწმე მეორე, მამაკაცი: ,,მოვდიოდი ჩემთვის შანიძის ქუჩაზე. თითქმის ჩასული ვიყავი მელიქიშვილზე, რომ გავიგონე საშინელი გასროლის ხმა, მეხივით. ამის შემდეგ დავინახე მოპირდაპირე მხარეს, კუთხეში ძირს არის კაცი, მას თავს ადგება ვიღაც და ორ საკონტროლო გასროლას ახდენს. ამის შემდეგ ტრიალდება და არბის შანიძეზე. მე ცოლ-შვილი მეგულებოდა ახლო-მახლო და რა მექნა, შორი-ახლო ავედევნე. ვხედავ, მისდევს პატრული ფეხით. მკვლელი არის დაახლოებით 30 წლის, საშუალოზე მაღალი, მოსული. სახე აგრესიული, თან დაფეთებული ჰქონდა, თითქოს, დაღლილიც. ლომივით ტიპი იყო, ნავარჯიშევი. წვერ-გაპარსული იყო. თმა შეთხელებული ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა. არც ქერა იყო, არც შავგვრემანი (ბარათელი კი ამ დროს თავგადაპარსული და თან, წვერით იყო, რ.შ). ეცვა ჯინსები და მოკლემკლავიანი, მუქი, ჩატანებული ,,საროჩკა”. ჩემი თვალით არ დამინახავს პირველი ტყვია საიდან წამოვიდა, მე ისე აღვიქვი, რომ პირველიც მან ისროლა. დარწმუნებით ვერ გეტყვით. მგონი, ,,მაკაროვი” ეჭირა, მაგრამ გასროლის ხმა ,,მაკაროვისას” არ ჰგავდა, უფრო ძლიერი იყო. თუმცა იქ არკაც არის და შეიძლება აკუსტიკამაც იმოქმედა, ზუსტად არ ვიცი… ხორავაზე მკვლელი უხვევს მარცხნივ და შერბის ერთ-ერთ ეზოში. ამის შემდეგ, გამორბის უკან და მირბის მარჯვნივ, პეტრიაშვილის მიმართულებით. ის შევარდება პეტრიაშვილის ჩიხში, მჟავანაძის სახლის ეზო რომ გადის და კიბეებით კეკელიძეზე ჩადიხარ. და აი, ამ დროს მოდიან პატრულის მანქანები. მერე პეტრიაშვილის ჩიხიდან მესმის საშინელი სროლა. ბარათელი ვნახე ტელევიზიით, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა _ მკვლელი, რომელიც მე ვნახე, ის არ არის”.

მოწმე მესამე, ახალგაზრდა ქალი: ,,ვხედავ შანიძეზე ქვევიდან, შუა გზაზე ამორბის ვიღაც იარაღიანი და უკან, 50 მეტრის მოშორებით, ტროტუარზე მოსდევს ფორმიანი _ თეთრ პერანგსა და შავ შარვალში ჩაცმული ადამიანი. არ მახსოვს პატრულს რა აცვია ამ დროს, მე ის აღვიქვი დაცის თანამშრომელად, რადგან იარაღი არ ეჭირა, მხოლოდ რაციით გადასცემდა რაღაცას. იარაღიანმა რამოდენიმეჯერ ესროლა მას, მერე გადატენა და აღმოჩნდა, რომ ტყვია აღარ ჰქონდა. ის იყო დაახლოებით 35 წლის, საშუალოზე მაღალი, წაბლისფერი, შეთხელებული თმით. წვერგაპარსული. ეტყობოდა, ნავარჯიშევი იყო. ეცვა ჯინსის შარვალი და მოკლემკლავიანი, ჯინსის ჩატანებული ,,საროჩკა”, ფეხზე რაღაც ფეხსაცმელი, ბოტასები არ იყო. ისინი ზევით, ხორავასკენ გაიქცნენ, მერე ვეღარ ვხედავდი. 5-10 წუთში, დავინახე როგორ ამოუხვიეს პატრულის მანქანებმა. ამის შემდეგ გავიგონე სროლა პეტრიაშვილის მხრიდან. როდესაც ტელევიზორში ვნახე ბარათელი, იმ წუთას ვთქვი _ ეს ის არ არის! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წვერი ერთ ღამეში ხომ არ ამოუვიდოდა კაცს? ან თმას იქვე ხომ არ გადაიპარსავდა?”.

_ რუსუდან, ვარაუდობთ, რომ მკვლელობაში ორი ადამიანი მონაწილეობდა?

_ ასეა! ერთი, ადგილზე ელოდებოდა, მეორე კი უკან მოჰყვებოდა და ეს “ალდაგის” ფირზე კარგად ჩანს. ზუსტად იმ ადგილას გაჩერებულია მაქანა, რომლიდანაც გადმოსულია კაცი და იყურება დაკეტილ მაღაზიაში. როგორც კი მამა კადრში შემოდის, ჩანს, რომ მანაქანის კარებს ვიღაც შიგნიდან კეტავს. ერთ-ერთი მოწმის ჩვენების მიხედვით, მანქანაში სხედან ქალი და 2-3 წლის ბავშვი. რაღაც მომენტში მკვლელებმა ადგილები გაცვალეს. ვინც უკან მოსდევდა იმან განახორციელა პირველი გასროლა და წაიყვანა მანქანა, მეორემ, რომელიც დაკეტილი მაღაზიის ვიტრინაში იყურებოდა განახორციელა საკონტროლო გასროლა და გაიქცა.

_ გამორიცხავთ, რომ ამ ავტომობილით ვიღაც ფაქტს შეესწრო, შეშინდა და სასწრაფოდ გაეცალა შემთხვევის ადგილს?

_ გამოვრიცხავ, რადგან ყველა მოწმის ჩვენებით, საკონტროლო გასროლა მოკლემკლავებიან პერანგში ჩაცმულმა პირმა განახორციელა და ყველა მოწმის აღწერილობა ემთხვევა იმ პირის გარეგნობას, რომელიც მამას მანქანით ელოდა. 100%-იანი რწმუნებით გეუბნებით, რომ საკონტროლო გასროლა ვინც მოახდინა, ეცვა მოკლემკლავიანი პერანგი. ყველა მოწმე ამას ადასტურებს. ხოლო, მკვლელს, რომელიც ,,ალდაგის’’ ფირზეა აღბეჭდილი, აცვია გრძელსახელოებიანი პერანგი თუ პიჯაკი.

_ მოდით, მკვლელობის შემდგომი სურათი დეტალურად აღვადგინოთ…

_ როდესაც მამა დახვრიტეს, მკვლელი გაიქცა შანიძის მიმართულებით და მას მისდევდა ერთი პოლიციელი. შანიძის ქუჩას, ჯერ ხორავას და შემდეგ ბარნოვის ქუჩები კვეთენ. მკვლელმა ხორავას ქუჩამდე რომ მიაღწია “ბიგ-ბენის” მაღაზიასთან ჯერ მარცხნივ გაიქცა, შეირბინა ეზოში, მერე გამობრუნდა იქიდან და ხორავას ქუჩიდან გადავიდა პეტრიაშვილზე. მეექვსე გიმნაზიის უკან ჩიხია, საიდანაც კიბეებით ჩადიხარ კეკელიძეზე. “ბიგ-ბენის” მაღაზიის უკანა ეზოში მკვლელი თითქოს კვალის ასარევად რომ შევიდა, იქ არის ბარათელი მოყვანილი მკვლელობიდან დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, მაშინ როდესაც მკვლელები უკვე სამშვიდობოს იყვნენ გასულები.. ჩემი კარგი ნაცნობიც შეესწრო ამ ფაქტს, რომელიც ბარათელსაც იცნობს. მას ინტენსიური სროლის ხმა რომ მოესმა, თურმე ბარნოვიდან ჩამოდიოდა ხორავას ქუჩაზე, დაინახა გიორგი ბარათელი. ამ დროს უკვე პოლიცია მობილიზებული, ხოლო ქუჩები გადაკეტილი იყო და ყველა ,,მკვლელ’’ ბარათელს ეძებდა. მაშინ ამ ადამიანმა არ იცოდა, რომ მოკლული გურამ შარაძე იყო. “დავინახე ბარათელი, “საროჩკას” იხდიდა, მივესალმეთ ერთმანეთს და მან ჩვეულებრივად, ნელი ნაბიჯებით განაგრძო გზა პეტრიაშვილისკენ” _ მიყვება ეს პიროვნება. ბარათელის ნათესავის, ვინმე პირუმოვას ჩვენების შესახებაც მინდა ორიოდ სიტყვა გითხრათ, იგი ყვება: ჩემი ნათესავი, (ბარათელის გამზრდელ ბიძაზეა საუბარი რ.შ.) მოვიდა ჩემთან მაისის დასაწყისში და მითხრა, რომ გიორგის დეიდა ავად არის, ნემსებს ვუკეთებთ, რის გამოც გიორგის გული უწუხდებაო და იქნებ, ცოტა ხანი შენთან იყოსო. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს. დილით მიდიოდა და შუადღისით ბრუნდებოდა, ჭკვიანად იყო… 20 მაისს საღამოს 8 საათზე, (20 საათსა და 15 წუთზე მკვლელობა მოხდა რ.შ.) ვიღაცამ დაურეკა, იყვირა ხომ გითხარი აღარ დამირეკოო. სასწრაფოდ ჩაიცვა და მითხრა, რომ ძალიან მალე დაბრუნდებოდა… ამით იმის თქმა მინდა, რომ ბარათელი ზეწოლას განიცდიდა, რის გამოც სახლს გაარიდეს და იმ დღესაც სასწრაფოდ, იძულებით მიიყვანეს შემთხვევის ადგილის მიდამოებში. 

_ ბართელმა ხომ დანაშაული მაშინვე აღიარა?

_ ითქვა, რომ ბარათელმა მკვლელობა აღიარა, მაგრამ, სად არის ეს აღიარებითი ჩვენება?! არ არსებობს. საქმეში დევს, ვითომ ფარული აუდიო ჩანაწერის გაშიფრული ვარიანტი. რომ დაიჭირეს თითქოს, ორმა პიროვნებამ დაკითხასავით და ეს ფარულად ჩაიწერეს. საქმეში დევს, ამ ჩანაწერის სტენოგრამა, რომელზეც ბეჭდით დამოწმებული წარწერაა: “ჩანაწერი წაიშალოს 5 დღეში”. ასეთი რამ, სადმე გსმენიათ?! გურამ შარაძეს ყოველდღე კლავენ, თუ რაშია საქმე?! ეგრეთ წოდებულ აღიარებით ჩვენებაზე არსად არ არის ბარათელის ხელმოწერა და გამოძიება ამას იმით ხსნის, რომ ბარათელი დაჭრილია მარჯვენა მხარში. ნახეთ ფოტოები, სადაც კარგად ჩანს რომ ბარათელს სისხლი მარცხენა მხარეს აქვს. დავუშვათ, რომ მარცხენა მხარზე სისხლი მოეცხო, როგორ შეიძლება აიხსნას, რომ მარჯვენა მხარზე საერთოდ არ ემჩნევა სისხლის ნაკვალევი?! თუმცა, ოქრუაშვილს დააწერინეს აღიარებითი ჩვენება და ბარათელისგან რაღაც ჩვენება რომ მოეპოვებინათ, ალბათ, გასაკვირი არ უნდა იყოს. თუ ამას აღიარება ჰქვია, ეს სასამართლოზე, 2007 წლის ნოემბერის თვეში მოხდა. კითხვაზე სად მოხდა მკვლელობაო, ბარათელმა უპასუხა, რუსთაველზეო, მერე თქვა რუსთაველზე კი არა, მელიქიშვილზეო. თავიდან უთქვამს უკან მივყვებოდიო, მერე უთქვამს, მელიქიშვილის ქუჩაზე ქვემოდან ამოვდიოდი და რომ დავინახე გამახსენდა ყველაფერი და ვესროლეო… მერე ადვოკატებმა “ალდაგის” ფირის ჩვენება მოითხოვეს სასამართლოზე და ,,მკვლელმა’’ საკუთარი თავი ვერ ამოიცნო… ბარათელი სულელი არ არის, შესაძლოა ეს შეუსაბამო ჩვენებაც იმიტომ მისცა, რომ ახალი გარემოება გამოკვეთილიყო. იქნებ თავის გადარჩენაზე ფიქრობდა.

_ ბართელთან თქვენ პრეტენზია არ გაქვთ?

_ ჩემი ოცნებაა, გიორგი ბარათელი გამართლებული ვნახო, რადგან ის არაფერ შუაშია, მაგრამ ვშიშობ, სანამ სააკაშვილი ხელისუფლებიდან წავა, მანამდე მას მოიშორებენ. ის არის მთავარი მოწმე და მას ცოცხალს ვინ დატოვებს?! 27 წელი მიუსაჯეს, მაგრამ მარტო გურამ შარაძის მკვლელობისთვის კი არა, ვითომ 5 მაისს თავისი ექიმი, ვინმე ტირზიკიანი რომ დაჭრა, იმისთვისაც. ეს იმიტომ შეთითხნეს, რომ 20 მაისს გურამ შარაძეს რომ “მოკლავდა”, ეთქვათ, ბარათელი ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანიაო, რომელმაც 5 მაისს სრულიად უმიზეზოდ დაჭრა თავისი ექიმი, რომელსაც ექსპერტიზა იცით როდის ჩაუტარდა?! _ 21 მაისს. ამ ამბების მერე ტირზიკიანი გაქრა საქართველოდან. აიღო ფული და წავიდა… პირველ სასამართლო პროცესს დავესწარი, სპეციალურად ჩამოვედი ჟენევიდან, რათა მენახა ბარათელი, თვალებში ჩამეხედა და საბოლოოდ დავრწმუნებულვიყავი ჩემს მოსაზრებაში. ბადრაგმა რომ შემოიყვანა, დავუძახე: გიო, ჩვენ ვიცით, რომ შენ არაფერ შუაში ხარ და შენს გვერდით ვართ-მეთქი… ცრემლები ჰქონდა თვალებში და თავი დამიქნია… ყველაფერი ნათელია, მაგრამ მარტო ბრძოლა როგორია?! არავინ გვერდით არ მიდგას… ოპოზიცია ღონისძიებებზე მოდის, გამოხატავენ აღშფოთებას, მაგრამ საქმით გვერდით არავინ მიდგას და მარტო როგორ გინდა დაუპირისპირდე ამ მონსტრს?! ხალხმა იცის სიმართლე, მაგრამ ამას სამართლებრივად ხომ ვერ ვამტკიცებ.

_ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ პატრიარქის გზიდან ჩამოცილების “შეთქმულების თეორია” პირველად გურამ შარაძემ გაახმოვანა…

_ (სიტყვას მაწყვეტინებს) მაშინ ინტელიგენცია სიცილით კვდებოდა, მაგრამ ხომ ყველაფერი გამოჩნდა?! მამას მკვლელობის შემდეგ ძალიან აქტიურად წამოიწია ე.წ. თურქი-მესხების თემამ, ლევილის გაყიდვის ინფორმაციამაც გაჟონა და მაშინ ვფიქრობდი, რომ გარკვეულწილად ესეც შეიძლებოდა ყოფილიყო მამას მკვლელობის მიზეზი. სხვათაშორის, ე.წ. თურქი-მესხების ჩამოსახლებაზე საუბარი იმიტომ შეწყდა, რომ ამერიკაში სომხურმა ლობმა დაბლოკა ეს საკითხი, რადგან, მოგეხსენებათ, სწორედ სამცხე-ჯავახეთში და საქართველოს სამხრეთ ნაწილში უნდა მომხდარიყო მათი განსახლება. სხვათაშორის პიკში რომ იყო ე.წ. თურქი-მესხების თემა, მაშინ მოკლეს ლაშა… გურამ შარაძე ყოველთვის ამხელდა სააკაშვილს, ადეიშვილს, მერაბიშვილს, ბოკერიას და სხვებს საპატრიარქოს საქმეებში ჩარევაში და ეს რომ სიმართლე იყო, დღეს ნათლად ჩანს… რაც შეეხება სახალხო დამცველს, ერთი სიტყვა არ უთქვამს მამაჩემის მკვლელობაზე. რადგან არ მივმართე იმიტომ არ ძრავს ამ საქმეზე კრინტს?! მივმართე შარშან, მაგრამ რამე გააკეთა?! 500 გვერდიანი მოხსენებით წარსდგა პარლამენტში და გურამ შარაძისთვის ერთი აბზაცი ვერ გამოყო… ეს ერთი და იგივე კლანია. პირველმა მან მიულოცა არაღიარებულ სააკაშვილს გაპრეზიდენტება… ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა… მამაჩემი დახვრიტეს, 4 საათი სისხლში ცურავდა და ყველა ტელევიზია ატრიალებდა ამ კადრებს. ამით ხალხს უთხრეს, დავხვრიტეთ გურამ შარაძე, სისხლში დავახრჩვეთ და თქვენც იგივე გელითო, ეს ტერორის უპრეცედენტო მაგალითი იყო!…

 

მაია მარგველანი

,,საქართველო და მსოფლიო’’, ოქტომბერი, 2008

 

6 Responses to მამაჩემი, აკადემიკოსი გურამ შარაძე სააკაშვილის ხელისუფლებამ დახვრიტა!

  1. Terrilyn Thaker says:

    What i find difficult is to find a blog that can capture me for a minute but you definitely add value. Bravo.

  2. Craner says:

    დიდი მადლობა საინტერესო სტატიისთვის.

  3. Damian Chambers says:

    If you could e mail me with a few hints on how you made your website look this excellent, I would be thankful.

  4. Thanks for posting this.

  5. Hui Mells says:

    The excellent article assited me very much! Saved your site, very excellent topics just about everywhere that I see here! I really appreciate the info, thanks.

  6. Tayloa says:

    When I open your RSS feed it provides me with a lot of garbled text, is the issue on my end? Just thought I’d comment and say cool theme, did you make it yourself? Looks great!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s