ემიგრაციის მუზეუმისთვის მისი დამაარსებლის სახელის მინიჭებას ითხოვენ


2013-04-23

ემიგრაციის მუზეუმისთვის მისი დამაარსებლის სახელის მინიჭებას ითხოვენ

ნინო მიქიაშვილი

აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილი ემიგრაციის მუზეუმისთვის მისი დამაარსებლის, გურამ შარაძის სახელის მინიჭებას ითხოვს. ვის მიმართა ამ თხოვნით, რა რეაგირება მოჰყვა ამ მცდელობას და რატომ ემადლიერება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს სანდრო კვიტაშვილს, ამას რუსუდან შარაძესთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც for.ge-მ ინტერნეტის საშუალებით მოამზადა.

რა რეაგირება მოჰყვა საქართველოს მთავრობის წევრებისთვის თქვენს წერილობით მიმართვას, ემიგრაციის მუზეუმისთვის მამათქვენის სახელის მინიჭების შესახებ?

- 2013 წლის 20 მაისს გურამ შარაძის დახვრეტიდან 6 წელი სრულდება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, თუ ემიგრაციის მუზეუმს მიენიჭებოდა მისივე დამაარსებლის – გურამ შარაძის სახელი.

ვინაიდან, არაორდინალური მდგომარეობაა, ანუ ფონდი პირადია, შენობა უნივერსიტეტისაა, ხოლო ამ ყველაფერს მუზეუმი ჰქვია, გურამ შარაძის საზოგადოების სახელით, მიმდინარე წლის მარტში, წერილობით მივმართე განათლების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს და კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიას.

რატომ აუარეთ გვერდი თსუ- რექტორს სანდრო კვიტაშვილს?

- სანდრო კვიტაშვილს გვერდი შეგნებულად ავუარე და აი, რატომ – გასული წლის ოქტომბერში, როცა გურამ შარაძის ხსოვნის საღამოს გამართვას ვაპირებდი, რექტორთან მივედი, მაგრამ მან ჩემთან შეხვედრას თავი აშკარად აარიდა, თუმცა, ბრძანება გასცა და ყველაფერი გაგვიკეთეს. ვგულისხმობ დარბაზით უზრუნველყოფას, ტექნიკური დეტალების მოგვარებას და ასე შემდეგ.

რომ არ მიმიღო, არ მწყენია, ჩავთვალე, რომ შეიძლება, რაიმე უხერხულობას ვუქმნიდი. ამიტომ, ახლა აღარ მითხოვნია, მუზეუმისთვის მამაჩემის სახელის მინიჭებაზე პასუხისმგებლობა პირადად აეღო. თუ ჩემთან ერთად სამინისტროები, რომელთაც ეს საკითხი პირდაპირ თუ ირიბად ეხებათ, ინიციატივას აიღებენ, უნივერსიტეტმა რატომ უნდა თქვას უარი?!

აპირებენ სამინისტროები ინიციატივის აღებას?

- ამის შემდეგ, განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა სატელეფონო საუბრისას ამიხსნა, რომ იცის ჩემი განცხადების შესახებ, მაგრამ ეს საკითხი მის სამინისტროს არ ეხება. რაც შეეხება, კულტურის სამინისტროს – 25 მარტს იქიდან მოვიდა, რბილად რომ ვთქვა, უპასუხისმგებლო პასუხი, ანუ ასლი წერილისა, რომელსაც ხელს აწერს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, ადრესატი კი უნივერსიტეტის მუზეუმის დირექტორი, მაია გურაბანიძეა. მინისტრის მოადგილე სულ ორი წინადადებით შემოიფარგლა:

„გიგზავნით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შემოსულ ქ-ნ რუსუდან შარაძის განცხადებას. გთხოვთ განიხილოთ და პასუხი აცნობოთ განმცხადებელს“.

მაია გურაბანიძეს ძალიან კარგად ვიცნობ და კულტურის მინისტრისთვის მასთან შუამდგომლობა არ მითხოვია. მარინე მიზანდარის მხრიდან ამგვარი რეაქცია სრულიად უადგილოა, ხოლო ის, რომ ქალბატონ მინისტრის მოადგილეს საერთოდ არ აინტერესებს რა გადაწყვეტილებას მიიღებს უნივერსიტეტი, რომელმაც „განმცხადებელს“, ანუ მე უნდა მაცნობოს პასუხი, გასაგები იქნებოდა პირადად მარინე მიზანდარისთვის რომ მიმემართა. იქნებ „განმცხადებელთან“ ერთად, მინისტრსაც აინტერესებს ეს ამბავი, ქალბატონი მიზანდარი რატომ არ აცნობს მას საქმის ვითარებას? რატომ წყვეტს ერთპიროვნულად რა გვიპასუხოს ისე, რომ შედეგითაც არ დაინტერესდეს?

ამით რისი თქმა გინდათ?

- იმის, რომ მინისტრს ჩემი წერილი არ უნახავს. ეს მარინე მიზანდარის ხელმოწერილი წერილიდან ცხადი იყო, რაც კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ სატელეფონო საუბრისას დამიდასტურა. მან მითხრა, რომ ჩემს წერილზე წარმოდგენა არ ჰქონდა, მაგრამ დამპირდა, რომ მოიკითხავდა. მას შემდეგ თითქმის თვე გავიდა, მინისტრი აღარც ყურმილს იღებს და არც მისი უწყებიდან ისმის არაფერი. დუმს უნივერსიტეტიც.

წინ კიდევ ერთი თვეა. ვიმოდოვნებ, რომ ბატონი გურამ ოდიშარია ჩემს განცხადებას მოიკითხავს და ემიგრაციის მუზეუმს გურამ შარაძის სახელი უნივერსიტეტთან შეთანხმებით, უპრობლემოდ მიენიჭება.

როგორ და როდის შეიქმნა ემეგრაციის მუზეუმი?

- 1994 წელს საქართველოში გაიმართა ყოველთა ქართველთა პირველი ფორუმი, რომლის პრეზიდენტი რეზო ჩხეიძე, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი გურამ შარაძე გახლდნენ. ღონისძიების ფარგლებში, მამაჩემის ინიციატივით, აღნიშნული ფორუმისა და თსუ-ს მხარდაჭერით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვით შეიქმნა თსუ-სთან არსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმი. გურამ შარაძეს, რომელიც თავად იყო უნივერსიტეტელი, მიაჩნდა, რომ ეს, სწორედ, ის ადგილია, სადაც უნდა დაედო ბინა რელიკვიადქცეულ ექსპონატებს.

მუზეუმში არსებული უზარმაზარი წიგნადი, ხელნაწერი, ფოტო, აუდიო და მემორიალური ფონდები, რომლებიც რამდენიმე ათეული ათასი ექსპონატისგან შედგება, მთლიანად არის გურამ შარაძის კერძო კოლექცია. ანუ, ეს ის მასალები და არქივებია, რაც მას ჯერ კიდევ, კომუნისტების დროს, უცხოეთიდან, ქართველი ემიგრანტების ნდობითა და სურვილით საქართველოში ჩამოჰქონდა და შინ ინახავდა. მათი ერთი ნაწილი არის მისდამი მიძღვნითი წარწერებით, ნაწილი კი გადაცემულია ანდერძებითა და ნოტარიული მინდობილობებით.

მუზეუმის წინააღმდეგ ომი მამაჩემის სიცოცხლეში დაიწყო და მისი მკვლელობის შემდეგ გაგრძელდა. ჯერ კიდევ, რუსუდან ლორთქიფანიძის რექტორობის დროს, ზურაბ გაიპარაშვილის ხელმძღვანელობით სამუზეუმო გაერთიანება შეიქმნა, ხოლო გია ხუბუას რექტორობისას, ეს გაერთიანება ერთ მუზეუმად გადაკეთდა.

მოგეხსენებათ, გურამ შარაძე ამ პროცესის სასტიკი წინააღმდეგი იყო და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა იმას, რაც მოხდა. მის სიცოცხლეში ამდენს ვერც ბედავდნენ და მათ „სულზე მიუსწრო“ მამაჩემის მკვლელობამ. ამის შემდეგ მუზეუმების ყოფილი დირექტორები „უფროს სპეციალისტებად“ აქციეს და თავად მუზეუმები ფონდებად გადააკეთეს.

დღევანდელი სურათი ასეთია: არის ერთი სტრუქტურა – უნივერსიტეტის მუზეუმი, სადაც შედის: 1.არქეოლოგიის ფონდი, 2. გეოგრაფიის ფონდი, 3. ზოოლოგიური ფონდი, 4. მინერალოგიის ფონდი, 5. პალეონტოლოგიის ფონდი, 6. უნივერსიტეტის ისტორიის ფონდი, 7. ქართული ემიგრაციის მუზეუმი.

როგორც ხედავთ, ყველა ფონდია, გარდა ჩვენი მუზეუმისა. აღარ მოვყვები, ამ სახელის შესანარჩუნებლად რამდენი იბრძოლა „უფროსმა სპეციალისტმა“ რუსუდან კობახიძემ, რომელიც ემიგრაციის მუზეუმს კბილებით იცავს.

რატომ არის თსუ- მუზეუმის დირექტორი მაია გურაბანიძე, მუზეუმები ფონდებად თუ გადააკეთეს?

- მეც ზუსტად იგივე კითხვა მაქვს. მაია გურაბანიძე არის ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ბატონი ნოდარ გურაბანიძის ქალიშვილი, ის არის, აგრეთვე, თანამედროვე ქართველი მწერლის მამუკა ხერხეულიძის მეუღლე.

რას გულისხმობთ მამათქვენის მკვლელობის შემდეგ მუზეუმის წინააღმდეგ გაგრძელებულ ომში, გარდა ზემოთქმულისა?

- როდესაც მამაჩემი მოკლეს, ზურაბ გაიპარაშვილი აწრიალდა და ორმოციც კი არ იყო გასული, რომ კატეგორიულ მოთხოვნებს გვითვლიდა მიგვეღო მონაწილეობა მათ გეგმებში. როგორც მემკვიდრემ, ჩემი მოთხოვნები დავაყენე, მათ შორის, მაშინდელ რექტორთან, გია ხუბუასთან პირისპირ შეხვედრა. ერთ დღეს, გაიპარაშვილი მუზეუმში მობრძანდა და ცდილობდა, უპირობოდ დავეთანხმებინე. შეხვედრის დეტალებს არ მოვყვები, რა პასუხი მიიღო და როგორ გაიპარა იქიდან, ამის მოწმე მისივე თამანშრომელი ქალბატონია. უცნობია, ამით მუნდირ-ღირსებაშელახულმა გაიპარაშვილმა თუ სხვა ვინმემ ადმინისტრაციიდან, ღამე, ქურდულად, დაცვას ლუქი დაადებინა ემიგრაციის მუზეუმზე და რომ არა გია ხუბუა, არ ვიცი რას აპირებდნენ. გია ხუბუა შესაძლოა, გვიან მიხვდა ამ მუზეუმის მნიშვნელობას, ან იმას გაუწია ანგარიში, რომ მუზეუმის გაუქმებას ხმაური მოჰყვებოდა.

შემგომში კი, პირადად, სანდრო კვიტაშვილის დამსახურებაა, რომ დღეს ემიგრაციის მუზეუმი ისევ იქაა, სადაც გურამ შარაძემ დააარსა. ვერ გავიგე, რატომ არიან გაიპარაშვილები ჩასაფრებულები, რატომ ვერ მოუნელებიათ და რა ჯინი აქვთ ჩვენი მუზეუმის, ვის რა წავართვით? გურამ შარაძეს ხომ შეეძლო უნიკალური ფონდი თავისთან ჰქონოდა, ისევე როგორც მუზეუმის დაარსებამდე, 20 წლის მანძილზე შინ ინახავდა? პირიქით, მან ის ხელმისაწვდომი გახადა ყველასთვის და დღეს უამრავი მკვლევარი, სტუდენტი თუ მეცნიერი მუშაობს და კიდევ ამოუწურავია იქ არსებული მასალა.

.. თსუ- დღევანდელ რექტორს ემადლიერებით.

- სანდრო კვიტაშვილზე აქამდე ღიად ლაპარაკს ვერიდებოდი, რადგან დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ყოფილ ხელისუფლებასთან პრობლემას არ შევუქმნიდი, იმ კეთილშობილური საქციელის გამჟღავნებით, რაც მან გურამ შარაძის მემკვიდრეობის მიმართ გამოიჩინა. ამაში, არც ახლა გახლავართ დარწმუნებული, მაგრამ იძულებული ვარ ვთქვა – სანდრო კვიტაშვილთან ბავშვობა და ჩემი ძმა, გიორგი შარაძე მაკავშირებს. ისინი მეგობრობდნენ და გადაცემაც ერთად მიჰყავდათ, მაშინ როდესაც პირველ ქართულ დამოუკიდებელ და ნოვატორულ ტელევიზიას – „იბერვიზიას“ ქმნიდნენ, რამდენიმე ადამიანთან ერთად. იმის შემდეგ აღარ მინახავს.

2010 წლის ოქტომბერში, სანამ შვეიცარიას პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვდი, თბილისში ჩამოვედი და მასთან მივედი. ემიგრაციის მუზეუმში ვაპირებდი მამაჩემის 70 წლის იუბილეს გადახდას და ვფიქრობდი, რომ მისთვის საქმის ვითარება აუცილებლად უნდა გამეცნო. მოკლედ ვიტყვი – ამის შემდეგ, როდესაც სხვა პრობლემებთან ერთად, მუზეუმის ყოფნა-არყოფნის საკითხიც დგდებოდა, ის ყოველთვის კაცურად იქცეოდა.

http://guramsharadze.wordpress.com/gamosatxovari/2012-2/emigraciis-muzeumi/

Posted in რუსუდან შარაძე, შარაძე, Guram Sharadze, Sharadze | Leave a comment

დემონსტრაციულად დახვრეტილი პროფესორის ქვრივი ხელს ადებს


დემონსტრაციულად დახვრეტილი პროფესორის ქვრივი ხელს ადებს03 04 2013

ღია წერილი ბატონ ზვიად ძიძიგურს და სხვებს!

ბატონო ზვიად, თქვენ მე შვილად მეკუთვნით, მაგრამ მაინც მინდა მოგმართოთ «ბატონობით», ვინაიდან დღეს «დიდი კაცი» ბრძანდებით. მე უნდა გაგახსენოთ ერთი ეპიზოდი თქვენი ცხოვრებიდან, რომელიც შეიძლება აღარც კი გახსოვთ.

2007 წლის 20 მაისს მე და ჩემს ოჯახს ცარგვალი დაგვემხო თავზე, მე მომიკლეს მეუღლე _ გურამ შარაძე, ხოლო ჩემს შვილებს და შვილიშვილებს _ უსაზღვროდ მოსიყვარულე მამა და ბაბუა.

დატრიალდნენ ჟურნალისტები და ინტერვიუს ინტერვიუზე იღებდნენ. ზოგი გულწრფელად განიცდიდა ამ ამბავს, ხოლო ზოგი ნიანგის ცრემლებს ღვრიდა. ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი შემზარავი მკვლელობის მიზეზი, თქვენ მას განუცხადეთ, რომ ეს არ იყო პოლიტიკური მკვლელობა, არამედ რაღაც საყოფაცხოვრებო მოტივით განპირობებული რამ (გაზეთი შენახული მაქვს). ეს პოზიცია მაშინ ძალიან მომგებიანი იყო (კარგად იცით, – რატომაც) და თქვენც სარგებელს მეყსეულად სტაცეთ ხელი.

ახლა, როდესაც შეიცვალა ვითარება, აშკარად გამოიკვეთა, რომ ეს იყო მართლაც პოლიტიკური მკვლელობა, გამოწვეული იმ მიზნით, რომ გურამ შარაძე ამიერიდან წინ ვეღარ აღდგომოდა საქართველოს დამაქცევართ _ როგორც ქართველებს, ასევე ჩვენს ქვეყანას შემოსეულ ანგარებიან უცხო ტომელებს. მე თქვენ გეკითხებით: ოდნავ მაინც თუ შეგრცხვათ ან სინანული თუ დაგეუფლათ?

საპატიმროში მყოფმა ვინმე გიორგი ჩიხლაძემ, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლი ყოფილა, თავის ადვოკატ ედიშერ ქარჩავას უთხრა: «მე რომ დამიჭირეს, დათა ახალაია დამემუქრა: თუ ყველაფერს ისე არ იტყვი და ისე არ მოიქცევი, როგორც მე გიბრძანებ, ისე დავგეგმავ შენს სიკვდილს, როგორც გურამ შარაძის სიკვდილი დავგეგმე და შევასრულე კიდეცო» (ის უბედური და უბედურ დღეზე გაჩენილი ამით ტრაბახობდა კიდეც თურმე). გიორგი ჩიხლაძის ნაუბარი თავის ადვოკატთან, ედიშერ ქარჩავასთან, აჩვენეს ტელევიზიით.

შევიტყვე, რომ ოთხი შვილი გყოლიათ (უფალმა გაჩუქოთ). დედაშვილურად გირჩევთ: თუ გყავთ თქვენი პირადი მოძღვარი და თუ არ გყავთ, ამოირჩიეთ ვინმე წესიერი, ნამდვილი მორწმუნე ადამიანი (მოძღვარს ვგულისხმობ) და არა ანაფორიანი გაიძვერა, რომლებიც მრავლად არიან დღევანდელ საქართველოში, ჩააბარეთ აღსარება და მოინანიეთ თქვენი შეცდომა თუ ცოდვა. მარტო ჩოხა-ახალუხი და ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი ვერ გიშველით.

ასევე მინდა მივმართო ჟურნალისტს _ ვინმე დიმიტრი ტიკარაძეს: იმ უბედურების დღეებში, როდესაც ჩემი ოჯახი განადგურებული, მიწასთან გასწორებული, უპატრონო, უმწეო და მიუსაფარი იყო, მე პირადად ორი ყავარჯნით ძლივს ვახერხებდი გადაადგილებას, ვინაიდან ჩემს სახლთან დამეჯახა, თუ დამაჯახეს მანქანა (დღემდე არ გარკვეულა), თქვენ, ბატონო დიმიტრი, კატეგორიულად თხოულობდით გაზეთის საშუალებით, რომ ჩემი შვილები პროკურატურაში თუ არ გამოცხადდებოდნენ, დაეპატიმრებინათ (გაზეთი შენახული მაქვს). ჩემი საწყალი და უბედური შვილი, გიორგი შარაძე, წარმოუდგენელ მდგომარეობაში იყო. მას მამამისი, რომელიც გაგიჟებით უყვარდა, გარდაცვლილი არ უნახავს. ის ჩაიკეტა ოთახში და ორი წლის განმავლობაში არც არავის დანახვებია და არც არავის დალაპარაკებია. ორი წლის თავზე საშინელ დეპრესიაში, თვითგვემული, ნახევრად არანორმალურ მდგომარეობაში მყოფი დაიღუპა. სიკვდილამდე მხოლოდ ამას მეუბნებოდა: «დედა, გიორგი ბარათელი ამის გამკეთებელი არ არისო». დღემდე ამას იმეორებს ჩემი შვილი _ რუსუდან შარაძე. მათ თურმე სამივეს ერთად უმუშავიათ ტელევიზიაში და იქიდან იცნობდნენ ერთმანეთს.

მე არ ვიცი, ბატონო დიმიტრი, რას მერჩოდით მე, გაუბედურებულსა და გამწარებულ ადამიანს, ან ჩემს ოჯახს. ამას ვინმეს დავალებით ასრულებდით, თუ თქვენი პირადი ინიციატივა იყო, ეს თქვენ ჩემზე კარგად გეცოდინებათ.

ბატონო დიმიტრი, მე თქვენ იმავეს გირჩევთ, რაც ვუთხარი ზვიად ძიძიგურს: მოინანიეთ, რომ თქვენი ცოდვა არ დახვდეს თქვენს შვილებს. ცოდვაა ეს, აბა, რა არის? ოჯახი რომ ჯერ არ გამოთხოვებია მიცვალებულს და თქვენ გაზეთიდან შეაგონებდით ჩემს შვილებს, რომ გამოცხადებულიყვნენ პროკურატურაში. მამის დაკრძალვის შემდეგ რომ გამოცხადდნენ პროკურატურაში, პროკურატურამ რა გააკეთა, ეს თქვენ და თქვენნაირებმა ახლა მაინც გამოიძიეთ კარგად.

ასევე მინდა გამოვეხმაურო პედაგოგ ადელი ერგაიას წერილს (გაზეთი «ალია»), რომელიც ეხება თბილისის 24-საჯარო სკოლის დირექტორს _ გია მურღულიას.

ჩემი მეუღლის დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში ჩემთან სახლში სტუმრად მოვიდა შავებით მოსილი, ძალიან სიმპათიური ქალი, რომელიც გამეცნო, როგორც თამარ თუმანიშვილი (თბილისის 24-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი). სამძიმრისა და გულის ამაჩუყებელი საუბრის შემდეგ, მან მითხრა: «მე ცალი ფეხი სამარეში მიდგას და არ მინდა საფლავში წავიღო გია მურღულიას არაკაცობის ამბავი. ის ჩემი სკოლის დირექტორია. ჩვენ ძალიან დაპირისპირებულები ვართ. მე მას ვებრძვი იმიტომ, რომ მან სკოლა დააქცია და მიწასთან გაასწორა. ჯერ კიდევ ბატონი გურამი დაკრძალული არ იყო, რომ ჩვენ საშინლად ვიჩხუბეთ სკოლაში. ამის მოწმეები არიან. მე მას ვუთხარი: აფსუსი არაა, რომ შენ სული გედგას და ისეთი ქართველი, როგორიც გურამ შარაძეა, მიწაში მიდის-მეთქი. ამაზე მურღულიამ ცინიკურად მიპასუხა: «გურამ შარაძე ადრე უნდა მოგვეკლაო».

ქალბატონ ადელი ერგაიას თავის წერილში მოთხრობილი აქვს, აგრეთვე, იმის შესახებ, თუ როგორ გააბრიყვა გია მურღულიამ თბილისის 23-ე საშუალო სკოლის IX კლასელები და მათ შორის ჩემი შვილი _ გიორგი შარაძე, რომელიც ამ კლასში სწავლობდა. გია მურღულიამ საკონტროლო წერისთვის მოიტანა თავისუფალი თემა და ბავშვებს უთხრა, რომ დაეწერათ საკუთარ ოჯახზე, დედ-მამაზე, მასწავლებლებზე, დირექტორზე, პიონერებზე, კომკავშირზე, კომუნისტებზე და სხვ. მან ბავშვებს უთხრა: «ამ თქვენს ნაწერებს ჩემ გარდა არავინ წაიკითხავსო». გია მურღულიამ ბავშვები მოატყუა. ეს ნაწერები გამოქვეყნდა გაზეთ «ახალგაზრდა კომუნისტში», რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა იმის გამო, რომ ბავშვები შეეხნენ იმ დროისთვის მეტად აკრძალულ თემებს. აქვე უნდა გავიხსენო ის, რომ 23-საშუალო სკოლაში მასწავლებლად მოსულ გია მურღულიას ბავშვებმა შეარქვეს «სპირიდონა» (ეგნატე ნინოშვილის «ჩვენი ქვეყნის რაინდის» მთავარი მოქმედი პირის – სპირიდონ მცირიშვილის ანალოგიით). ერთხელ ჩემი შვილების ერთ-ერთმა მასწავლებელმა მითხრა: «ამ ბავშვებმა რომ იცოდნენ, სპირიდონ მცირიშვილი როგორი წესიერი და სპეტაკი ადამიანი იყო, მას გია მურღულიას არ დაარქმევდნენო» (ამ მასწავლებელს ვერ დავასახელებ, რადგან იგი გარდაცვლილია).

ბატონო გია, მე თქვენ იმავეს გირჩევთ, რასაც სხვებს _ მონანიების გარდა, არაფერი არ გიშველით. ახლა, როდესაც დაუყვებით ცხოვრების დაღმართს, ჰკითხეთ თქვენს თავს: «რა მიმაქვს ამ ქვეყნიდან?» სამწუხაროდ და საუბედუროდ, კარგს ვერაფერს გაიხსენებთ.

გურამ შარაძე ოჯახთან ერთად 

გავიგე, რომ თურმე ირაკლი ოქრუაშვილი «ჩამობრძანებულა» საქართველოში და ციხიდანაც «გამობრძანებულა». მე მინდა მას გავახსენო შემდეგი ფაქტი: ჩემი მეუღლე, გურამ შარაძე, ორჯერ დაიჭირეს, ხულიგნობის მუხლით გაასამართლეს და ორივეჯერ თხუთმეტ-თხუთმეტ დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ტელეჟურნალისტის შეკითხვაზე (პირველი დაპატიმრების დროს), თუ როგორ უყურებდით ამ შემთხვევას, თქვენ ამაყად, ამპარტავნულად, გაბღენძილმა (როგორც გჩვევიათ), უპასუხეთ: «გურამ შარაძემ მიიღო ის, რაც ეკუთვნოდაო». ამდენი წლის შემდეგ, ჯერ კიდევ თვალწინ მიდგას თქვენი თვითკმაყოფილი სახე. ახლა მე მინდა გკითხოთ, ბატონო ირაკლი, თქვენ თუ მიიღეთ ის, რაც გეკუთვნით, თუ ჯერ კიდევ ელოდებით უფლის განაჩენს, რადგან ბოლომდე არ მიგიღიათ ის, რაც დაიმსახურეთ. ჩემთვის და ჩემნაირებისთვის სრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ისეთ ეიფორიაში, რომ მას მთელი ქვეყნიერება, ცა და მიწა, ზღვა და ხმელი თავისი ეგონოს, რასაც მოისურვებს ოჯახთან ერთად, ხელეწიფებოდეს?! მაგრამ, უფლის ნებით, წამიერი ყოფილა ყოველივე ეს. ეცადეთ, თქვენს შვილებს უფრო სხვანაირი სვე-ბედი ჰქონოდეთ, მე გეუბნებით თქვენ, რომ ვერც საქართველოდან გაზიდული ქონება, ვერც პარიზის მილიონერ ქალთა კლუბის წევრობა თქვენი მეუღლისა (პრესის მიხედვით) ვერ გიშველით თქვენს მეუღლეს და თქვენ, თუ იქნებით ცოდვილები.

ბატონო ირაკლი, თქვენს სინდისზეა არა მარტო ჩემს მეუღლესთან დაკავშირებული ინციდენტი, არამედ სხვა ბევრი ცოდვა, რომელთაც მე ვერ ჩამოვთვლი, რადგან, რომ ჩამოვთვალო, ხომ უნდა ვიცოდე? სამწუხაროდ და საუბედუროდ, მე არ ვიცი ბევრი რამ; მაგრამ თქვენ ხომ კარგად იცით? მე გეკითხებით თქვენ, ბატონო ირაკლი, რა დააშავა ჩემმა საწყალმა მეუღლემ, რომელმაც საჯარო ბიბლიოთეკაში გამოფენილი პორნოგრაფიული პლაკატებიდან ჩამოხია ერთ-ერთი, კერძოდ ის, რომელზეც გამოსახული იყო იოანე ნათლისმცემელი შიშველი ქალის სარცხვინელში თავშეყოფილი?

ჩემს მეუღლეს ისე უყვარდა საჯარო ბიბლიოთეკა, როგორც მორწმუნეს უყვარს ტაძარი. ოზურგეთიდან თბილისში სასწავლებლად ჩამოსული ჩვიდმეტი წლის თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე დაუღალავად მუშაობდა იქ. იმ საბედისწერო დღესაც, როდესაც მას ნაძირალა ქართველებმა შუბლი გაუხვრიტეს, სწორედ საჯაროდან მოდიოდა.

პლაკატის ჩამოხევა საჯაროს ერთმა «ფხიზელმა» თანამშრომელმა, ვინმე ნინო გედენიძემ აუწყა პატრულს და ჩააბარა «ხულიგანი» გურამ შარაძე. თან ამბობდა თურმე, ჩვენ ამ გამოფენებიდან ფული შემოგვდისო. ხოლო როდესაც საჯაროს დარბაზებში ნაირ-ნაირი ჯურის საეჭვო ადამიანები ორგიებს მართავდნენ, ამას გედენიძე ვერ «ამჩნევდა».

აქვე უნდა ვთქვა, რომ პატრულშიც ყოფილან, არიან და იქნებიან კვლავაც ნამდვილი ადამიანები (თურმე ბიძინასგან ჩაცმულ-დახურულები). 2006 წლის 10 მარტს ჩემს სახლთან მანქანა დამეჯახა თუ დამაჯახეს დღესაც არ ვიცი, პატრულს წავუყვანივარ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომლის ეზოშიც ერთი ყმაწვილი ბიჭი ტელეფონში ეხვეწებოდა (შემდეგში გაირკვა, თუ ვის), «ჯერ ვერ დავიჭერ, რადგან მომაკვდავი მეუღლე ახლა დააწვინა საავადმყოფოშიო». იმ დღეს დაუჭერიათ და თხუთმეტი დღე მიუსჯიათ გურამ შარაძისთვის, როგორც «წვრილმანი ხულიგნისთვის». ეს მომხდარა უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, გია ხუბუას, დიდი მონდომებით (გაზეთი «ასავალ-დასავალი» #9, გოგი გოგოლაშვილის წერილი).

აქვე მინდა დავასახელო ის ადამიანები, რომელთაც გარკვეული «ღვაწლი» აქვთ ჩემი ოჯახის წინაშე. მაგალითისთვის წარმოგიდგენთ ჯერ ერთ ლარად წყნეთში ნაჩუქარი აგარაკის (მილიონებად ღირებულის) მეპატრონეს, ხოლო შემდეგ იძულებით დამთმობს, ნინო ბურჯანაძეს, რომელიც «გადატრიალებული» თუ «გადმოტრიალებული» საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ზ. ჟვანიასთან და მ. სააკაშვილთან ერთად. მან ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოუხსნა ჩემს მეუღლეს დაცვა, რომელიც ჩემი შვილის, ლაშა შარაძის, ტრაგედიასთან დაკავშირებით დაუნიშნა ედუარდ შევარდნაძის მთავრობამ, ვინაიდან გურამ შარაძესაც ემუქრებოდნენ სიკვდილით.

მე ვეხვეწები ნინო ბურჯანაძეს: დაანთოს სანთელი, გადაიწეროს პირჯვარი (არა თეთრი ხელთათმანებით, როგორც ერთხელ აჩვენეს სამებიდან) და დალოცოს საქართველო იმიტომ, რომ მარტო მისი ოჯახის კარგად ყოფნით მთელი საქართველო კარგად ვერ იქნება. ამით ის სხვა ცოდვებსაც მოინანიებს, რაც მას გააჩნია ჩვენი უბედური ქვეყნის წინაშე.

მე მათ აღარ ჩამოვთვლი.

უნდა ვთქვა, რომ ეს უბედურება მაინც დატრიალდებოდა ჩემს თავზე, რადგან, როგორც ირკვევა, ეს ყველაფერი დაგეგმა და განახორციელა ისეთი სისხლიანი ოჯახის შვილმა, თვითონაც სისხლიანმა და სისხლაღრეულმა, როგორიცაა დათა ახალაია (დავალებით, რა თქმა უნდა). ახლახან გაზეთში დაიბეჭდა, რომ მისმა რომელიღაც წინაპარმა წაბილწა ახალაიების სისხლი და გენი თავისივე მოგვარეზე დაქორწინებით, რაც მიუტევებელი ცოდვაა ქრისტიანი ადამიანისთვის.

აქვე მინდა დავასახელო «თავისუფლების ინსტიტუტის» «სკოლაგამოვლილი» ვინმე ოთარ ქაროსანიძე, რომელიც 2007 წლის 20 მაისს, მელიქიშვილის გამზირზე უკვე გარდაცვლილსა და სისხლში მცურავ გურამ შარაძეს მობილური ტელეფონით უგზავნიდა მესიჯებს: «ხომ ჩაგაძაღლეს შე ფაშისტო», «აწი ვეღარ შეებრძოლები იეღოველებს», «ვეღარ დაიცავ მამულს, ენას, სარწმუნოებას» და სხვ. დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში დამირეკა ქაროსანიძის დედამ და მთხოვა: «შვილი არ დამიწყევლოო», მაგრამ გარწმუნებთ, რომ ის ისედაც დაწყევლილია. მე მას არ ვთხოვ, რომ მოინანიოს, რადგან აზრი არ აქვს. ადამიანი რომ ადამიანობიდან გამოვა, იმას ღმერთიც ვერ უშველის. ახლა ამისი დრო და საშუალება არ არის. სხვა დროს აუცილებლად დავწერ ქაროსანიძის დედის ნაამბობის შესახებ, რომელიც მაგ უბედურს და მის კიდევ უფრო უარესად უბედურ მამას გვირგვინს ნამდვილად ვერ დაადგამს.

1998 წელს გაიმართა კონკურსი საქართველოს ახალი ჰიმნის საუკეთესო ნიმუშის გამოსავლენად. ჟიურიში შედიოდნენ პროფესიონალი მუსიკოსები (საქართველოში სხვა უფრო უკეთესები რომ არ არსებობდნენ, ისეთები). ჟიურიმ  პირველი ადგილი მიაკუთვნა ნუგზარ თუშიშვილს (ტექსტის ავტორი იყო ნუგზარ კობერიძე). კონკურსში გამარჯვებულს აძლევდნენ ფინანსურ ჯილდოსაც. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა კონკურსში მონაწილე და მაშინ ჯერ კიდევ ვერგამარჯვებულ იოსებ კეჭაყმაძეს: «რომ გაგემარჯვათ, ფულს რაში დახარჯავდითო». ი. კეჭაყმაძემ სრულიად უსინდისოდ და ურცხვად უპასუხა: «გურამ შარაძის შვილს ორმოცს გადავუხდიდიო». ჩემი ლაშიკოს ორმოცი ჯერ არ იყო გასული და წარმოიდგინეთ იმ სულიერი არსების უსულგულობა და ბოლოს და ბოლოს არაკაცობა, რომელიც ასე გამოეხმაურა ამ ტრაგედიას. მე ვეკითხები ი. კეჭაყმაძეს: «რაც არ უნდა გამწარებული ყოფილიყავით (ფულისთვის), ეს უნდა გეკადრებინათ?»

ბატონო იოსებ! ალბათ მალე დადგება დრო, როდესაც თქვენს უბადრუკ «ჰიმნს», რომელიც თქვენ შექმენით ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის მოტივებზე და რომელიც «ვარდოსანთა» ხელისუფლების სიმბოლო გახდა (ტექსტი დავით მაღრაძისა, რომელმაც დაამახინჯა და მოსპო აკაკი წერეთლის გენიალური ლექსი), თქვენი და დ. მაღრაძის ოჯახების გარდა არავინ მოისმენს.

გული ვერ მითმენს რომ არ დავასახელო ჩემი ლაშას საქმის გამომძიებლები: ვეფხია ლომიძე და ნოდარ შაყულაშვილი. ვეფხია ლომიძეს ორჯერ გადავაწერინე ჩემი დაკითხვის ოქმი, იმდენი შეცდომა ჰქონდა დაშვებული. სამაგიეროდ, ვ. ლომიძე იმით დააჯილდოვეს, რომ ამერიკაში გაუშვეს «სასწავლებლად». ნეტავი ვიცოდე, რა ისწავლა მან ამერიკაში, როდესაც მშობლიურ ენაზე წერა-კითხვა უჭირდა; ხოლო რაც შეეხება ნოდარ შაყულაშვილს, მას ლაშას საქმის «კარგად გამოძიებისთვის» გენერლის ჩინი მიანიჭეს.

ჩემი ლაშიკოს ექსპერტებს: ტომა მჟავანაძეს, ლევან ჩაჩუას და ვინმე ოქრუაშვილს (ბოდიშს ვიხდი _ მისი სახელი არ მახსოვს) წინ გრძელი გზა აქვთ გასავლელი; როგორც ცოდვილები (მათ გაყალბებული ექსპერტიზა წარმოადგინეს), რანაირად გაივლიან ამ გზას და უფალი რას უმზადებს მათ, მხოლოდ მაშინ მიხვდებიან, როდესაც წარსდგებიან ჩვენი ზეციური მამის სამსჯავროზე.

გურამ შარაძის საქმის გამომძიებლები იყვნენ: მალხაზ ბოხუა და ზაალ გურგენიძე.

 მათ ისეთი «კარგი გამომძიებლობა» გამოიჩინეს, რომ მათი «გამოძიებული» საქმის მიხედვით, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა, როგორც ახლა ირკვევა, სრულიად უდანაშაულო ადამიანი, გიორგი ბარათელი, 26 წლით გამოკეტა ციხეში.

მე მინდა მივმართო მალხაზ ბოხუას, ზაალ გურგენიძეს და ბადრი კოჭლამაზაშვილს:

რატომ აიღეთ საკუთარ თავზე ასეთი მძიმე მისია? უსამართლო სამართლის დამკვიდრება ხომ დროებითია? თქვენ და თქვენნაირებს ასე ჰგონიათ, რომ თქვენი გამოტანილი ვერდიქტი სამუდამოა, მაგრამ ღმერთის წყალობით, ეს ასე არ არის. ბატონო ბადრი და სხვა ბატონებო, მე თქვენ ძალიან მეცოდებით, ვინაიდან რა მიიღეთ იმით, რომ გურამ შარაძის წინააღმდეგ შეთითხნილ საქმეში მონაწილეობდით, გარდა წყევლისა და შეჩვენებისა? ჩემი მეუღლე ხშირად იტყოდა: «ადამიანი ერთხელ ჩნდება და ერთხელ კვდებაო». თქვენ ნამდვილ სიკვდილამდე ბევრი სიკვდილი გელოდებათ წინ. თურმე ბ. კოჭლამაზაშვილს გაუსამართლებია ცოტნე გამსახურდია, მელორ ვაჩნაძე, ლადო ბედუკაძე (პრესის მიხედვით). ყოველივე ეს თუ თავისმოსაწონებელი იყო, არ მეგონა, მაგრამ მოვტყუვდი. ბატონო ბადრი, თქვენთან და თქვენ გვერდით უნდა დავასახელო პროკურორი, ვინმე გიორგი ჩივიაშვილი, რომელსაც გურამ შარაძის საქმის პროკურორობისთვის კახეთში, რაღაც დიდი თანამდებობა უბოძეს. ვაი, მას და მის უბედურ ოჯახს, თუ ასეთი ბინძური გზებით შოულობს თანამდებობებს.

ჩემმა შვილმა, რუსუდან შარაძემ, მოინდომა, რომ ჩვენს სადარბაზოსთან ყოფილიყო განთავსებული მემორიალური დაფა. მან ნებართვისთვის მიმართა მერიას, საიდანაც მოგვივიდა პასუხი სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა ქაცარავას, ხელმოწერით. მერია ნებას გვრთავდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხარჯს ოჯახი გასწევდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, თბილისის «საწყალსა» და «გაღლეტილ» მერიას ხომ «არ დავაზარალებდით?» მოწყალესა და ღვთისმოსავ ადამიანებს რა გამოლევს ქვეყანაზე? ჩემს სიძეს, თემურ გოგიძეს, სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარმა დედა ქეთევანმა (კოპალიანი) აჩუქა ქვა, ხოლო წარწერა სრულიად უსასყიდლოდ ამოკვეთა ერთმა ახალგაზრდა კაცმა ანზორ მარღანიამ, რომელსაც ჩემი სიძისთვის უთქვამს: «ეს ჩემთვის დიდი პატივიაო».

ვერ ვითმენ, რომ არ დავასახელო ჟურნალისტი, ვინმე ნათია ბანძელაძე, რომლის მეუღლეც ჩემს გიორგისთან და რუსუდანთან მუშაობდა თურმე ტელევიზიაში. ჩემი მეუღლის დაკრძალვიდან მოსულ გამწარებულ და შეიძლება ითქვას, სრულ ჭკუაზე არმყოფ ადამიანებს კარი კინაღამ ჩამოგვიღო. უნდოდა თურმე სიუჟეტი გაეკეთებინა და ტელევიზიით ეჩვენებინა გურამ შარაძის განადგურებული და წაქცეული ოჯახი. ღამის თერთმეტ თუ თორმეტ საათზე ჩემმა მეზობელმა ძლივს «გაისტუმრა» ძალით; ხოლო შემდეგ, როდესაც თავის ქალიშვილთან ერთად «მაღალ ეშელონებში» გაინავარდა, ერთხელ არ შეგვხმიანებია (რაღაში ვჭირდებოდით კარგად, უხვად და მსუყედ დაფინანსებულს).

შემთხვევით ხელში ჩამივარდა ერთი გაზეთი, რომელშიც ჩამოთვლილები იყვნენ საქართველოს მაღალჩინოსნები, მათი ხელფასები და პრემიები, ანუ დანამატები (ეს სიტყვა ძალიან მოდაშია). გაოგნებული დავრჩი _ თუ შეიძლებოდა ამხელა ხელფასები ჰქონოდათ გაღატაკებული ქვეყნის ჩინოსნებს, არ მეგონა. ჩემს მეუღლეს უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში ხელფასი ჰქონდა 48 ლარი (მართალია, ნახევარ განაკვეთზე, მაგრამ – მაინც). რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ ამით არ ვცხოვრობდით. ჰონორარები იყო ჩვენი ძირითადი საარსებო წყარო, რომელსაც ჩემი მეუღლე ჯოჯოხეთური შრომის შედეგად გამოცემული წიგნებით ღებულობდა. კიდევ ბევრი რამ მაქვს სათქმელი, მაგრამ, როგორც იტყვიან, «თევზივით პირი წყლით მაქვს სავსე». ერთ რამეს კი დაჩოქილი ვეხვეწები ყველას, ვინც საუბრობს საქართველოს ეროვნული დროშის, ჰიმნის, გერბის, აგრეთვე, მამის სახელის, ეროვნების რეკვიზიტისა და საქართველოს უმდიდრესი საგანძურის შესახებ (რომელზედაც დადის მოარული ხმები, რომ ის დღეს საქართველოში აღარ არის), გაიხსენონ გურამ შარაძე, რომელმაც სიცოცხლე ზვარაკად მიიტანა მათ დასაცავად. მის სულს, ალბათ, ძალიან გაახარებდა ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებმა (ისეთებმა, რომელთაც ეროვნული სული და შეგნება შენარჩუნებული აქვთ) მის კუბოს ეროვნული დროშა გადააფარეს და ასე მიაცილეს სამუდამო განსასვენებლამდე.

ამ ქვეყნიერებაზე უცოდველი ადამიანი არ არსებობს. მკითხველი თუ არ იტყვის, გულში მაინც გაივლებს ჩემზე, მას რატომ არ უშველა უფალმაო. მე ბევრ მოძღვარს (ნამდვილს, წესიერს, განათლებულს, ჭკვიანს, მართლა ღვთისმოსავს და ღვთისმოყვარეს) ვეკითხები ამის შესახებ. ამ კითხვაზე ასეთ პასუხს ვღებულობ: «უფალი ადამიანს განსაცდელს მოუვლენს იმიტომ, რომ ის უფრო დაიახლოვოს და რწმენაში გააძლიეროსო».

ქრისტიანი ადამიანი თავს ვერ მოიკლავს. მეც ვარ ცოცხალი გულგაპობილი და ხეიბარი. ველოდები, როდის ინებებს უფალი ჩემი სულის მიერთებას ჩემი საფიცარი ადამიანების სულებთან.

მე ბოდიშს ვუხდი მკითხველს, რადგან ძალიან გავაგრძელე; მაგრამ იმედი მაქვს, შემინდობს და მაპატიებს ჩემი საწყალი და გაუბედურებული, მაგრამ მაინც ამაყი და გაუტეხელი ქართველი ხალხი (და არა ქართული ან ქართველი საზოგადოება, როგორც ეს დამკვიდრდა, საუბედუროდ და სამწუხაროდ). საქართველო, რომელმაც საუკუნეთა სიღრმეში გამოატარა თავისი დიდი და უკვდავი ეროვნული სული, ახლა, მცირედი შეყოვნების მიუხედავად, უფლის ნებით და მარიამ ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით, კვლავ დაიკავებს მის კუთვნილ ადგილს და აღიდგენს მისთვის ჩვეულ ღირსებას.

სვეტლანა გახარია-შარაძე

28 მარტი, 2013

P.S. ბატონ ზვიად ძიძიგურს და სხვა უამრავ ზვიადს საქართველოში!

თქვენ ისეთი ადამიანის სახელი გქვიათ, რომ ეს ბევრ რამეს გავალდებულებთ, პირველ რიგში, სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულსა და ზნეობრივ სისპეტაკეს.

იმ ღმერთის რჩეულსა და ღვთივკურთხეულ ადამიანს ძალიან უყვარდა თურმე ეს გულიდან ამოხეთქილი სიტყვები:

«როგორც უფალი, სამშობლოც –

ერთია ქვეყანაზედა».

თქვენც, ზვიადებო და არა ზვიადებო, გულის ფიცარზე დაიწერეთ ეს სიტყვები, რომ ეგების ეშველოს ჩვენს ბედკრულ სამშობლოს! დაე, თქვენი თავდადებული და თავგანწირული სიყვარული იყოს ჩევნი სამშობლოსთვის ბედნიერების მომტანი.

დალოცვილები იყავით ყველანი, ვისაც გიყვართ სამშობლო და მისი ბედნიერებისთვის გიძგერთ გული.

http://www.geworld.ge/

Posted in გურამ შარაძე, Guram Sharadze, news | Leave a comment

ფილმი გურამ შარაძის ბურუსით მოცული მკვლელობის შესახებ


Posted in გურამ შარაძე, Guram Sharadze | Leave a comment

რუსუდან შარაძე გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე მოწმეების დაკითხვას ითხოვს


Posted in გურამ შარაძე, რუსუდან შარაძე | Leave a comment

გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე მოწმეები დაკითხვას ითხოვენ


sharadze_rusudani_7195_8620_9812[1]2013-01-13
ნინო მიქიაშვილი
აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე საქართველოს მთავარ პროკურატურას 14 იანვარს, 13 საათზე იმ მოწმეების გამოკითხვის ოქმებს წარუდგენს, რომელთაც ჩვენება არასდროს მიუციათ და ამ თემაზე, არც ხმამაღლა უსაუბრიათ. ეს ის ადამიანები არიან, ვინც 2007 წლის 20 მაისს თავიანთი თვალით ნახეს გურამ შარაძის ნამდვილი მკვლელი – მაღალი, თავზე თმით, სპორტული აღნაგობის; ანუ გიორგი ბარათელისგან რადიკალურად განსხვავებული შესახედაობის ადამიანი. ამ სიახლის შესახებ for.ge-ს რუსუდან შარაძემ განუცხადა.

“გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება რა კუთხით დაიწყება, ამაზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ“, – გვითხრა გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის უფლებების დამცველმა, ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ, რომელმაც ეს განცხადება იმ პროკურორზე დაყრდნობით გააკეთა, რომელმაც გიორგი ბარათელი 2012 წლის 17 დეკემბერს გამოკითხა.

გურამ შარაძის საქმეში კიდევ ერთი სიახლეა – შარაძეების უფლებებს გელა ნიკოლაიშვილთან ერთად ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძე დაიცავს. ამის შესახებაც რუსუდან შარაძემ განგვიცხადა. ის მოწმეები, რომლებმაც გურამ შარაძის მკვლელი თავიანთი თვალით ნახეს, პროკურატურას სთხოვენ ჩვენება ოფიციალურად ჩამოართვან. ამის შესახებ ისინი წერენ გამოკითხვის ოქმში, რომელიც ადვოკატმა ირაკლი გაბრიჭიძემ შეადგინა და რომელსაც რუსუდან შარაძე თავის განცხადებასთან ერთად მთავარ პროკურატურაში შეიტანს.

პლუს ამას, რუსუდან შარაძე მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის სახელზე შედგენილ განცხადებაში დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას და დაკითხვას ითხოვს.

რაც შეეხება გიორგი ბარათელს – ცნობილია რომ რუსუდან შარაძე მამის მკვლელობის დღიდან დღემდე ხმამაღლა აცხადებს, რომ ბარათელი მკვლელი არ არის; გიორგი ბარათელმა ხუთწელიწადნახევრიანი დუმილი გასული წლის ოქტომბერში დაარღვია – თქვა რომ იგი გურამ შარაძის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, პირველი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, შემდეგ თბილისის ზღვაზე აიყვანეს, სადაც აიძულებდნენ ეთქვა რომ გურამ შარაძე მან მოკლა. ბარათელი თბილისის ზღვაზე დაჭრეს, შემდეგ იქიდან ძველი თბილისის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მიიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 2012 წლის 23 ოქტომბრიდან მოყოლებული გიორგი ბარათელი წერილობით ითხოვს საქმის ხელახალ გამოძიებას და დაკითხვას.

პროკურატურას ბარათელი ჯერ არ დაუკითხავს, მაგრამ როგორც ზემოთაა აღნიშნული, 2012 წლის 17 დეკემბერს პროკურორმა შალვა ცერცვაძემ მსჯავრდებული ბარათელი გამოკითხა. იურისტების განმარტებით, დაკითხვამდე ტარდება გამოკითხვა და სწორედ გამოკითხვის შემდეგ იღებს პროკურატურა გადაწყვეტილებას ძიების მიმართულების განსაზღვრაზე.

აღსანიშნავია ის, რომ ბარათელს ჯერ კიდევ ემუქრება 6 წლით თავისუფლების აღკვეთა – უკანონო ნივთის შენახვისა და სხვისი სხეულის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე გასული წლის ნოემბრის ბოლოს აღიძრა. იმჟამად ბარათელი სასჯელს ორთაჭალის N1 საპყრობილეში იხდიდა. 29 ნოემბერს ბარათელთან შესახვედრად მისულ მამუკა ნოზაძეს საპყრობილის დირექტორის მოადგილემ ლევან სიხარულიძემ განუცხადა, რომ ბარათელმა კბილის ჯაგრისზე დამაგრებული ლურსმანი პატიმარს შეურჭო, რის გამოც სასჯელაღსრულების საგამოძიებო დეპარტამენტმა ძიება დაიწყო, ხოლო ბარათელი გლდანის N8 საპყრობილეში გადაიყვანეს.

30 ნოემბერს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა მეცხრე არხს განუცხადა, რომ ეს ლურსმანი კი არა, წათლილი კბილის ჯაგრისი იყო, რომელსაც ლურსმნის ფორმა ჰქონდა მიცემული და რომ ბარათელს სწორედ ამ წათლილი ჯაგრისით გამოუჩენია აგრესია – “გამოძიება დაწყებულია და გამოძიება რასაც დაადგენს, პასუხი იმის მიხედვით მოეთხოვება“.

ანუ ჯერ ის ვერ გაურკვევიათ ბარათელის საკანში ლურსმანი აღმოაჩინეს თუ წათლილი კბილის ჯაგრისი, ძიებას ფაქტიურად არაფერი გაუკეთებია და ამგვარ გაურკვევლობაში სასჯელაღასრულების მინისტრი პასუხის მოთხოვნაზე საჯაროდ საუბრობს, რაც ჩემი აზრით, მინიმუმ უპასუხისმგებლობაა.

2012 წლის 30 ნოემბერს, გლდანის N8 საპყრობილიდან ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ გიორგი ბარათელის ღია წერილი გამოიტანა, რომელშიც ბარათელი ლურსმნის ამბავს ამგვარად აღწერს:

“მას შემდგომ, როცა გავაჟღერე პირადად მე და ჩემმა ადვოკატმა, ჩემი უდანაშაულობის თაობაზე, გაძლიერდა ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ არ მეთქვა სიმართლე და ძველი ჩვენება არ გადამეთქვა. იმის გამო, რომ არ დავყევი ჩემდამი მოგზავნილ პატიმარს, ზურაბ ჭონიაშვილს, მომიწყვეს პროვოკაცია და ცდილობენ შეთითხნონ სისხლის სამართლის საქმე, თითქოსდა მე დავჭერი ლურსმნით აღნიშნული პიროვნება და მე გამაჩნდა ლურსმანი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან მე ვერ მექნებოდა ვერანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მუდმივად ხდებოდა საკნის შემოწმება ადმინისტრაციის მხრიდან და რაიმე ნივთი რომ მქონოდა, ბუნებრივია ამოღებულ იქნებოდა მათ მიერ.

მე მიმაჩნია, რომ ზურაბ ჭონიაშვილი ჩემთან მოგზავნილ იქნა იმ პირების მიერ, ვისაც არ აწყობს სიმართლის გარკვევა და გურამ შარაძის მკვლელობის გახსნა და მათ დაავალეს ჩემზე ზეწოლა და მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ყოფნა, რადგან თავად ადმინისტრაცია საქართველოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ გაბედავდა აშკარა ზეწოლას და ამიტომ გამოყენებული იქნა პატიმარი, რაც აპრობირებული მეთოდია მათთვის არასასურველი პატიმრებისადმი დევნის განსახორციელებლად. ხაზს ვუსვამ, რომ მე არანაირი ჭრილობა არ მიმიყენებია ჭონიაშვილისათვის და არც არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ მქონია“.

http://www.for.ge

Posted in ბარათელი, გურამ შარაძე, რუსუდან შარაძე, Sharadze | Leave a comment

“ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება”


გიორგი შარაძის დოკუმენტური ფილმი “ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება”. ნაწილი I

ნაწილი II

Posted in გურამ შარაძე, ემიგრაცია, ეროვნული არქივი, Guram Sharadze | Leave a comment

ყ ვ ე ლ ა ს, ყ ვ ე ლ ა ს, ყ ვ ე ლ ა ს!!!


პარასკევს, 9 ნოემბერს, 18.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმში გაიმართება გურამ შარაძის ხსოვნის საღამო.

ნაჩვენები იქნება გიორგი შარაძის დოკუმენტური ფილმი

”ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება”.

გთხოვთ, მობრძანდეთ.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 13, თსუ VIII კორპუსი, მე-4 სართული.

Posted in გურამ შარაძე | Leave a comment